განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 17.10.2018
საქმის ნომერი
140210015767297
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
17.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 140210015767297

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/5788-16 17 ოქტომბერი, 2018 წელი

თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე (მომხსენებელი მოსამართლე) - ნატალია ნაზღაიძე

მოსამართლეები: გოგიტა თოთოსაშვილი

მაია სულხანიშვილი

 

სხდომის მდივანი - მაკა ბუიღლიშვილი

 

აპელანტი – შ-------------–---–-, დ----------–---–-, ნ-----------–---–-

წარმომადგენლები – ნ-----------------

 

მოწინააღმდეგე მხარე – ს------------------------

წარმომადგენელი – გ-------------------

 

დავის საგანი – დავალიანების დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 07 აპრილის გადაწყვეტილება

 

პელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. მოპასუხეებისათვის - შ-------------–---–-სა და დ----------–---–-სათვის მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად 97 895,05 აშშ დოლარის დაკისრება, საიდანაც ძირითადი თანხაა 56 675,09 აშშ დოლარი, პროცენტი ხელშეკრულების ვადის ბოლომდე - 40 372,68 აშშ დოლარი და ჯარიმა 90 დღეზე - 847,28 აშშ დოლარი.

 

1.2. აღნიშნული დავალიანების გადახდევინება იპოთეკით დატვირთული ქონების, კერძოდ - მოპასუხე დ----------–---–-ს (პ/ნ №5----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე, ქ-----------------–---–--------- ს/კ №6----------- და მოპასუხე ნ-----------–---–-ს (პ/ნ №5----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ქ---------–-----------------–--–-------- ს/კ №6------------------, რეალიზაციის გზით.

 

1.3. მოპასუხეებზე - შ-------------–---–-- და დ----------–---–--- სოლიდარულად დაკისრებული თანხის გადახდის მიმართვა სამივე მოპასუხის სხვა ქონებაზე, თუ იპოთეკით დატვირთული ქონება არ იქნება საკმარისი ვალდებულების დასაფარად (მოსარჩელის მიერ მოპასუხეთა წრე და სასარჩელო მოთხოვნები დაზუსტდა სასამართლო სხდომაზე - 30.03.2016წ.)

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილებით, სს „---------------------- სარჩელი მოპასუხეების შ-------------–---–-ს, დ----------–---–-სა და ნ-----------–---–-ს მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა სრულად.

 

2.1. მოპასუხეებს - შ---------------–---–-- და დ------------–---–- მოსარჩელის სს „---------------------- სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 97 895,05 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა 56 675,09 აშშ დოლარი, პროცენტი (სარგებელი) ვადის ბოლომდე - 40 372,68 და ჯარიმა 90 დღეზე - 847,28 აშშ დოლარი.

 

2.2. დადგინდა, რომ აღნიშნული დავალიანების გადახდევინება განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული შემდეგი ქონების ხარჯზე, კერძოდ, მოპასუხე დ----------–---–-ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ქ-----------------–---–--------- ს/კ №6----------- და მოპასუხე ნ-----------–---–-ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარე ქ---------–-----------------–--–-------- ს/კ №6------------------.

 

2.3. დადგინდა, რომ მოპასუხეებზე - შ-------------–---–-- და დ----------–---–--- სოლიდარულად დაკისრებული თანხის გადახდა განხორციელდეს სამივე მოპასუხის სხვა ქონებაზე, თუ იპოთეკით დატვირთული ქონება არ იქნება საკმარისი ვალდებულების დასაფარად.

 

სააპელაციო საჩივრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3. გადაწყვეტილება გაასაჩივრეს შორენა ჩიტიშვილმა, დავით ბზიშვილმა, ნ-----------–---–მა და სააპელაციო საჩივრით მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა მოპასუხეებისათვის მიუღებელი შემოსავლის (40 372.68 აშშ დოლარის) დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდება.

 

4. აპელანტების განმარტებით, სასამართლოს გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მოპასუხეებს მიუღებელი შემოსავალი დაეკისრათ 2014 წლის 28 მარტიდან 2022 წლის 29 აგვისტომდე პერიოდისათვის (ჯამში 40 372.68 აშშ დოლარი) არის უკანონო და დაუსაბუთებელი. სასამართლომ მოპასუხეებს მიუღებელი შემოსავალი დააკისრა წინსწრებით - მომავალი ოთხი წლისათვის, რასაც გამართლება ვერ ექნება ძირი თანხის დროულად დაფარვის შემთხვევაში.

 

5. აპელანტებმა სასამართლო სხდომაზე სარჩელი ცნეს მიუღებელი შემოსავლის სახით 5000 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში და დაზუსტებული სააპელაციო საჩივრით მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა იმ ნაწილში, რომლითაც მოპასუხეებს მიუღებელი შემოსავლის სახით 35 372.68 აშშ დოლარი დაეკისრათ (იხ: თბილისის სააპელაციო სასამართლოს 17.10.2018 წლის სხდომის ოქმი)

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება

 

6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

7. სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

 

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი. ამავე კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

 

9. განსახილველ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ არსებობს სააპელაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება

 

12. სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

12.1. 2012 წლის 16 აგვისტოს სს „---------------------- (გორის ფილიალი) და ი/მ შ-------------–---–- შორის დაიდო გენერალური ხელშეკრულება №F-------, რომლის საფუძველზეც ბანკი „მსესხებელზე“ გასცემდა სასყიდლიან საბანკო პროდუქტებს საკრედიტო ლიმიტის 150 000 (ასორმოცდაათი ათასი) აშშ დოლარის ფარგლებში, მოქმედების ვადა - 360 თვე, მაქსიმალური წლიური განაკვეთი არაუმეტეს 36%.

 

ხელშეკრულების 2.4. პუნქტის მიხედვით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ ხელშეკრულებით დადგენილი პირობები ვრცელდება მის ფარგლებში დადებულ ყველა შემადგენელ და უზრუნველყოფის ხელშეკრულებაზე. ხელშეკრულების 3.5. პუქნტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების პირობები ძალაშია ამ ხელშეკრულების და მის საფუძველზე გაფორმებული საბანკო პროდუქციით მომსახურების ყველა დამატებითი ხელშეკრულების მოქმედებისას. მსესხებელზე გაცემულ კრედიტებზე სრულად ვრცელდება წინამდებარე ხელშკრულებით დადგენილი პირობები და უზრუნველყოფა.

 

12.2. 2012 წლის 16 აგვისტოს ს/ს „---------------------- და შ-------------–---–- შორის დაიდო შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება №1-----1, რომელიც გაფორმდა №F------- გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე და შეადგენდა მის განუყოფელ ნაწილს. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად გაცემული კრედიტის მოცულობად განისაზღვრა 80 000 (ოთხმოცი ათასი) აშშ დოლარი, გადახდის ვადად - 121 თვე, წლიური სარგებელი - 14%. ხელშკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული თანხის 0,5%-2%. ხელშეკრულებას დაერთო კრედიტის დაფარვის გრაფიკი, რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.

 

12.3. კრედიტის დაფარვის გრაფიკის მიხედვით პირველი გადახდა უნდა განხორციელებულიყო 2012 წლის 28 სექტემბერს, ხოლო ბოლო კი - 2022 წლის 29 აგვისტოს.

 

12.4. 2012 წლის 16 აგვისტოს დ----------–---–---- გაფორმდა ხელშეკრულება სოლიდარული ვალდებულების შესახებ №3-----------1, რომლის საფუძველზეც ამ უკანსკნელმა, როგორც სოლიდარულმა მოვალემ, იკისრა ვალდებულება მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით. ამავე ხელშეკრულებით განისაზღვრა, რომ სოლიდარული ვალდებულება გაგრძელდებოდა გენერალური ხელშეკრულებითა და მის საფუძველზე მოქმედი შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ დროში და პირობებით.

 

12.5. 2012 წლის 14 აგვისტოს სს „---------------------- და ო------------------ და ი----------------ს შორის დაიდო იპოთეკის ხელშკრულება №670088157-021, რომლის საფუძველზე ი/მ შ-------------–---–-ს ვალდებულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება მდებარე ქ-----------------–---–-------- (ს/კ №6-----------).

 

12.6. 2013 წლის 02 ოქტომბერს სს „----------------------- და ნ-----------–---–ს შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება №6-------------, რომლის საფუძველზეც ი/მ შ-------------–---–-ს ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება მდებარე ქ---------–------------------------------–--–------------------- ს/კ №6------------------.

 

12.7. 2013 წლის 04 ოქტომბერს შ-------------–---–- სს „-------------------–-- არსებულ ანგარიშზე შეტანილი აქვს 20 000 (ოცი ათასი) აშშ დოლარი, ხოლო 2014 წლის 04 მარტს კი მ------------–---ს შ-------------–---–-ს ანგარიშზე შეტანილი აქვს 12 000 (თორმეტი ათასი) აშშ დოლარი.

 

12.8. 2014 წლის 04 მარტს შ-------------–---–-ს მიერ სს „-------------------–-- წარდგენილი იქნა საკრედიტო განაცხადი სესხის ვადამდე ნაწილობრივ დაფარვაზე, რომლის თანახმადაც შ-------------–---–- ითხოვდა შეემცირებინათ შენატანი ვადის ცვლილების გარეშე, ამისათვის კი ანგარიშზე არსებული თანხა - 5878 აშშ დოლარი მიემართად კაპიტალის დასაფარად.

 

12.9. უდავო გარემოებაა, რომ 2012 წლის 16 აგვისტოს გაცემული სესხი ვადაგადაცილებაშია 2014 წლის 28 მარტიდან.

 

13. სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია.

 

14. სამოქალაქო კოდექსის 404-ე მუხლით, კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.

 

15. სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

დასახელებული ნორმების შესაბამისად, ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, კრედიტორისათვის ანაზღაურებას ექვემდებარება როგორც ფაქტობრივად დამდგარი ზიანი, ასევე მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანი. ფულადი ვალდებულების შემთხვევაში, ასეთი ზიანის მოცულობას კანონი განსაზღვრავს მხარეთა მიერ შეთანხმებული პროცენტის ოდენობით, რომლის გადახდაც მოვალეს ეკისრება დავალიანების დაფარვამდე. ყველა შემთხვევაში, ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობის საფუძველია ის დანაკლისი, რაც კრედიტორმა შეიძლება რეალურად განიცადოს ხელშეკრულების პირობათა შეუსრულებლობით.

 

პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე და 411-ე მუხლების ერთობლივი ანალიზის შედეგად განმარტოს, რომ მიუღებელ შემოსავლად იმ სარგებლის მიჩნევა, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული და რაც საკრედიტო დაწესებულებას უნდა მიეღო, სრულიად ლოგიკურია, ვინაიდან საკრედიტო დაწესებულების ძირითადი ფუნქცია და დანიშნულება სწორედ ფულადი თანხის სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემაა. შესაბამისად, საკრედიტო დაწესებულებებთან მიმართებით, არსებობს პრეზუმფცია იმისა, რომ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საკრედიტო დაწესებულება ვერ იღებს იმ შემოსავალს, რომელიც მას აღნიშნული თანხით უნდა მიეღო. სწორედ ამიტომ, გამართლებულია საკრედიტო დაწესებულების შემთხვევაში მიუღებელ ზიანად იმ შემოსავლის მიჩნევა, რომელსაც საკრედიტო დაწესებულება მსესხებლის მიერ სესხით გათვალისწინებულ თანხაზე დარიცხული სარგებლის სახით მიიღებდა.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე საკრედიტო ხელშეკრულებებით კრედიტისათვის გათვალისწინებული სარგებლის (როგორც მიუღებელი შემოსავლის) მოვალისათვის დაკისრებას ხელშეკრულების სრული ვადისათვის ითხოვს. არსებული სამართლებრივი ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ამგვარი მოთხოვნა სამართლებრივად დასაბუთებულად უნდა ჩაითვალოს მხოლოდ კრედიტის ძირითადი თანხის დაფარვამდე პერიოდისათვის გადასახდელი სარგებლის მოვალისათვის დაკისრების ნაწილში. შესაბამის პერიოდში კრედიტის სახით გაცემული თანხის გამოყენების შეუძლებლობა საკრედიტო დაწესებულებისათვის მიიჩნევა, როგორც ამ თანხის ბრუნვის შედეგად მისაღები შემოსავლის დაკარგვის საფუძველი. რაც შეეხება, კრედიტის თანხის დაბრუნების შემდგომ პერიოდს, მისთვის სარგებლის გადახდის მოთხოვნა დაუსაბუთებელია შესაძლო ზიანზე არსებული ვარაუდის უსაფუძვლობის გამო. კრედიტის გამცემის განმარტების შესაბამისად, მისთვის მიუღებელ შემოსავალს წარმოადგენს თანხა, რასაც იგი მიიღებდა კონკრეტული ხელშეკრულების ჯეროვნად შესრულების - მისი ვადის ბოლომდე კრედიტისა და სარგებლის გადახდის შემთხვევაში. იმის გათვალისწინებით, რომ ფული განიხილება, როგორც ყველაზე ბრუნვაუნარიანი საშუალება და საკრედიტო დაწესებულების მიერ მისი ფლობა ქმნის ჩვეულებრივ საქმიანობის განხორციელებით სარგებლის მიღების უპირობო ვარაუდს, თანხის დაბრუნების მიუხედავად, შემოსავლის მიღების შეუძლებლობაზე მითითება გაუმართლებელია, როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი თვალსაზრისით. (საქმე №ას-841-805-2014, 23 მარტი, 2015 წელი).

 

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ საკრედიტო სამართალურთიერთობაში ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო ხელშეკრულებიდან გასვლის შემთხვევაში, მიუღებელ შემოსავალს წარმოადგენს კრედიტის სახით გაცემულ თანხაზე დარიცხული სარგებელი, თუმცა, აღნიშნული სარგებელი მოვალისათვის საკრედიტო დაწესებულების სასარგებლოდ დაკისრებულ უნდა იქნეს, კრედიტის სახით გაცემული თანხის ნებაყოფლობით თუ იძულებით, საკრედიტო დაწესებულებისათვის სრულად დაბრუნებამდე, რითაც მას აღნიშნული თანხის ბრუნვით კვლავ მიეცემა შემოსავლის მიღების შესაძლებლობა.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე უფლებამოსილია, მოითხოვოს საკრედიტო ხელშეკრულებათა დარღვევით განპირობებული ზიანის ანაზღაურება ხელშეკრულების შეწყვეტიდან კრედიტის ძირითადი თანხის დაფარვამდე, კრედიტისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლის გადახდის სახით.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიუღებელი შემოსავლის დაკისრების ნაწილში პალატა იზიარებს აპელანტის პრეტენზიას და მიაჩნია, რომ ამ ნაწილში სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მიუღებელი შემოსავლის სახით, ზიანის ანაზღაურება კრედიტის ძირითადი თანხის 56 675.09 აშშ დოლარის წლიური 14%-ის ოდენობით 2014 წლის 28 მარტიდან ძირითადი თანხის (56 675.09 აშშ დოლარის) გადახდამდე, მაგრამ არაუმეტეს 2022 წლის 29 აგვისტოსი (საკრედიტო ხელშეკრულების დასრულების დრო).

 

შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და სარგებლის დაკისრების ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ.

 

საპროცესო ხარჯები

 

17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 13 თებერვლის განჩინებით აპელანტებს გადაუვადდათ 3627.33 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა გადაწყვეტილების გამოტანამდე. დადგენილია, რომ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მითითებული ნორმის საფუძველზე, აპელანტებს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 1813.66 ლარის გადახდა, ხოლო სს ,,პროკრედტ ბანკს“ – 1813.66 ლარის გადახდა.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. შ-------------–---–-ს, დ----------–---–-სა და ნ-----------–---–-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. შეიცვალოს გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 07 აპრილის გადაწყვეტილება პროცენტის - 40372.68 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

 

3. სს „---------------------- სარჩელი პროცენტის დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

4. შ-------------–---–-- და დ----------–---–- სოლიდარულად დაეკისროთ სს „---------------------- სასარგებლოდ 56 675.09 აშშ დოლარის წლიური 14%-ის გადახდა 2014 წლის 28 მარტიდან ძირითადი თანხის (56 675.09 აშშ დოლარის) გადახდამდე, მაგრამ არაუმეტეს 2022 წლისა 29 აგვისტოსი.

 

5. სს „--------------------- სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 1813.66 ლარის ოდენობით;

 

6. შ-------------–---–-, დ----------–---–-ა და ნ-----------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 1813.66 ლარის ოდენობით;

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი), თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხა–დებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე: ნატალია ნაზღაიძე

 

მოსამართლეები: მაია სულხანიშვილი

 

გოგიტა თოთოსაშვილი