განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 15.11.2018
საქმის ნომერი
330310017002171120
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
15.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330310017002171120

საქმე N3ბ/2791-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

15 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - შოთა გეწაძე

 

სხდომის მდივანი - თინათინ ვაშაყმაძე

 

აპელანტი (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია;

წარმომადგენელი - ნ-------- ტ----–---–ი;

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ა------- გ-----–---–ი;

წარმომადგენელი - ფ------ მ-------ე;

 

დავის საგანი - ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება;

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 28 ივლისის N---- განკარგულება.

 

1.2. დაევალოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ა------- გ-----–---–ის საკუთრების უფლების აღიარება მიწის ნაკვეთზე (ქ. თბილისი, წ-----ის გზატკეცილი--- გას. მიმდებარე ტერიტორია).

 

2. მოპასუხეების პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გადაწყვეტილება მიღებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:

3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

ა------- გ-----–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 28 ივლისის N---- განკარგულება ა------- გ-----–---–ისთვის ქ. თბილისში, წ-----ის გზატკეცილის--- გასასვლელის მიმდებარე ტერიტორიის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ და მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:

 

4.1. სსრკ ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო უწყებებისა და გაანგარიშებების თანახმად, ა-–---------- ა-------ი, მცხოვრები ქ. თბილისი, ბ----ი, წ-----ის გზატკეცილის მ------ შესახვევი, რეგისტრირებულია გადასახადთა გადამხდელად აღნიშნულ მისამართზე. (ს.ფ. 21-25).

 

4.2. 2007 წლის 12 დეკემბრის N----- სამკვიდრო მოწმობით, ა-–---------- ა-------ის სამკვიდრო ქონებაზე მემკვიდრედ ცნობილია მისი შვილი ა------- გ-----–---–ი. (ს.ფ. 78-80).

 

4.3. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2008 წლის 04 ივნისის დასკვნის თანახმად, ქ. თბილისი, ბ----ი, წ-----ის გზატკეცილის მ--- შესახვევში არსებული ნარგავების ასაკია დაახლოებით 20-25 წელი. (ს.ფ. 28-30).

 

4.4. სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის თბილისის ცენტრალური არქივის 2010 წლის 21 ივლისის N--------------- საარქივო ცნობის თანახმად, წ-----ის სადაბო საბჭოს 1964-1967 წლების საკომლო წიგნში ირიცხება სოფ. წ-----ში მცხოვრები მოქ. ა-–---------- კ---–-ს ძე ა-------ი, რომელიც 1964 წელს ფლობდა 0.11 (მეასედ ჰექტრებში) მიწას, ხოლო 1965-1967 წლებში 0.14 (მეასედ ჰექტრებში) მიწას და იხდიდა გადასახადებს. (ს.ფ. 93).

 

4.5. 2016 წლის 02 აგვისტოს, ა------- გ-----–---–მა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა წ-----ის გზატკეცილი, მ--- გასასვლელის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. (ს.ფ. 89-90);

 

4.6. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2016 წლის 16 აგვისტოს N------ მიმართვით ქალაქ თბილისის მერიას „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში განსახილველად გადაუგზავნა ა------- გ-----–---–ის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია. (ს.ფ. 111).

 

4.7. სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 27 სექტემბრის N----------- მიმართვის თანახმად, წ-----ის გზატკეცილის--- გას. მიმდებარედ 787 კვ.მ მიწის ნაკვეთი, დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გეგმის მიხედვით, მოქცეულია საცხოვრებელ (სზ-1) ზონაში. (ს.ფ. 55)

 

4.8. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2017 წლის 16 მარტს ჩატარდა ადგილზე დათვალიერება, რომლის შედეგადაც დადგინდა, რომ წ-----ის გზატკეცილის მ--- გასასვლელის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ კაპიტალურად შემოღობილ მიწის ნაკვეთზე მდებარეობს ერთი ნახევრად კაპიტალური სახლი, სადაც შეყვანილია ელ. ენერგია და გაყვანილია წყალი. მიწის ნაკვეთი შემოღობილია კაპიტალურად. (ს.ფ. 161).

 

4.9. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 28 ივლისის N---- განკარგულებით, უარი ეთქვა ა------- გ-----–---–ს მიწის ნაკვეთზე (მის: ქ. თბილისი, წ-----ის გზატკეცილის---- გას. მიმდებარე ტერიტორია) საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე. (ს.ფ. 53-54)

 

4.10. შპს „შ----------–------ის“ 2018 წლის 23 იანვრის დასკვნის მიხედვით, ქალაქ თბილისში, წ-----ის მ--- გზატკეცილის გასასვლელის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე 787.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე განთავსებული 20.00 კვ.მ. შენობა - ნაგებობა 2018 წლის 23 იანვრის მდგომარეობით დახურული ტიპისაა. სამშენებლო მასალად გამოყენებულ წვრილ საკედლე ბლოკს და აგურს ვიზუალური დათვალიერებით აღენიშნება, რომ ისინი ხანდაზმულია, აღენიშნება ატმოსფერული ნალექების დენის, ეროზიის კვალი და მათი ხანდაზმულობის ასაკი, სავარაუდოდ შეადგენს 30 წელზე მეტს. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2005 წლის ორთოფოტოს მონაცემებზე დაყრდნობით, აღნიშნულ ტერიტორიაზე დგას შენობა, რომელსაც არ აქვს მკაფიო ხილვადობა მიწის ნაკვეთზე გაშენებული ფოთლოვანი ხეების გამო. (ს.ფ. 188-197).

 

5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა იმის დადასტურება, რომ მიწის ნაკვეთზე ა------- გ-----–---–ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას, საკუთრების უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა თუ არა ისეთ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს, რაც განსაზღვრულია „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ’’ პუნქტით, რისთვისაც აუცილებელი იყო იმ ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოების ანალიზი, ა------- გ-----–---–ი სარგებლობდა თუ არა თვითნებურად ქ. თბილისში, წ-----ის გზატკეცილის--- გასასვლელის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთით და დღეის მდგომარეობით არსებული კაპიტალური შენობა ნამდვილად აშენდა თუ არა ზემოაღნიშნული კანონის ამოქმედების შემდგომ.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ, მოპასუხის მითითება, რომ არ დასტურდება ა------- გ-----–---–ის მიერ მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე, კონკრეტულ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით ვერ მიიჩნია იმის დასტურად, რომ ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში სრულყოფილად იქნა გამოკვლეული საქმის გარემოებები.

 

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2017 წლის 16 მარტს ჩატარდა ადგილზე დათვალიერება, რომლის შედეგადაც დადგინდა, რომ წ-----ის გზატკეცილის მ--- გასასვლელის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ კაპიტალურად შემოღობილ მიწის ნაკვეთზე მდებარეობს ერთი ნახევრად კაპიტალური სახლი, სადაც შეყვანილია ელ.ენერგია და გაყვანილია წყალი. მიწის ნაკვეთი შემოღობილია კაპიტალურად.

 

სასამართლომ ასევე ყურადღება გაამახვილა მოსარჩელე მხარის მიერ წარდგენილ შპს „შ----------–------ის“ 2018 წლის 23 იანვრის დასკვნაზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2005 წლის ორთოფოტოზე და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2008 წლის 04 ივნისის დასკვნაზე, რომლის მიხედვით, ქ. თბილისი, ბ----ი, წ-----ის გზატკეცილის მ--- შესახვევში არსებული ნარგავების ასაკი დაახლოებით 20-25 წელია.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე საქმის განმხილველმა სასამართლომ, მიუხედავად იმისა, რომ საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ ჩაატარა ადგილზე დათვალიერება, აღნიშნული არ მიიჩნია საკმარის საფუძვლად იმისთვის, რომ უტყუარად დადგენილიყო სადავო მიწის ნაკვეთზე არსებული კაპიტალური შენობის 2007 წლის შემდეგ აშენების ფაქტი.

 

6. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო მოთხოვნა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

6.1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

სააპელაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 28 ივლისის #---- განკარგულებით ა------- გ-----–---–ს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე და განემარტა, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში განმცხადებლის მიერ წარდგენილი იქნა დოკუმენტაცია, რომელთა გამოკვლევისა და ადგილზე დათვალიერების შემდეგ არ დადასტურდა ა------- გ-----–---–ის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი ზემოაღნიშნული კანონის ამოქმედებამდე. კერძოდ, კომისიის წევრების მიერ მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერების შედეგად დადგინა, რომ მითითებულ მიწის ნაკვთზე ზემოაღნიშნული კანონის ამოქმედებამდე განთავსებული იყო დროებითი (ხის) შენობა და შესაბამისად, დღეის მდგომარეობით არსებული კაპიტალური შენობა აშენებულია ზემოაღნიშნული კანონის ამოქმედების შემდგომ, რაც აპელანტის განმარტებით წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძველს.

 

აპელანტი ყურადებას ამახვილებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის "გ" ქვეპუნქტზე და განმარტავს, რომ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე, რომელიც არ არის განთავსებული დაინეტერესბული პირის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ, საკუთრების უფლების აღიარებისათვის სავალდებულო პირობას წარმოადგენს მასზე განთავსებული იყოს საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული). ამასთან, სავალდებულოა დადასტურდეს კანონის ამოქმედებამდე დაინტერესებული პირის მიერ მიწის ნაკვეთის ფლობის ფაქტი უშუალოდ მის მიერ.

 

ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი განმარტავს, რომ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მოთხოვნის შესაბამისობა სივრცით - ტერიტორიული დაგეგმვის პირობებთან და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან, რომლის განსაზღვრის შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილების ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების ან საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ.

 

აპელანტი ყურადღებას ამახვილებს გადაწყვეტილებაში მითითებულ შპს "შ----------–------ის" დასკვნაზე, საწინააღმდეგოდ აპელირებს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 13 აპრილის N---------- წერილზე, რომლის თანახმად რაიმე სახით შენობა - ნაგებობის ხანდაზმულობის განსაზღვრა, მეცნიერულად დასაბუთებული შესაბამისი სახის მეთოდიკით არ არსებობის გამო, შეუძლებელია. წარმომადგენლისთვის გაუგებარია რა ფაქტებს დაეყრდნო ექსპერტი შენობის ხანდაზმულობის დადგენისას, რადგან რაიმე სახის შენობა - ნაგებობის ხანდაზმულობის განსაზღვრა შეუძლებელია.

 

7. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

7.1. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

7.2. პალატა ყურადღებას ამახვილებს ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწას წარმოადგენს - ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე, კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

პალატა ასევე მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-51 მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს: ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომელზედაც მითითებული უნდა იყოს მაგისტრალური მილსადენის ადგილმდებარეობა და მანძილი მაგისტრალურ მილსადენსა და მიწის ნაკვეთს შორის; გ) ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად; დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები.

 

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის’’ მე-2 მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად, მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტია – ცნობა - დახასიათება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დასახელებულ ნორმებზე დაყრდნობით მართებულად განმარტა, რომ ფიზიკურ პირზე საკუთრების უფლების აღიარება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი განცხადების წარდგენის მომენტისათვის ნამდვილად ფლობს, სარგებლობს ან თვითნებურად დაკავებული აქვს მიწის ნაკვეთი. დაინტერესებულმა პირმა საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელ მუდმივმოქმედ კომისიაში უნდა წარადგინოს ის უტყუარი მტკიცებულებები, რომელიც გამორიცხავს აღნიშნული მიწის ნაკვეთის სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირის მართლზომიერი ან თვითნებურად დაკავების ფაქტს. ამასთან, დაინტერესებული პირის მიერ კომისიაში კანონისა და პრეზიდენტის ბრძანებულებით დადგენილი დოკუმენტების წარდგენა ერთმნიშვნელოვნად არ გამორიცხავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღების ვალდებულებას, უფრო მეტიც, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილება ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს (განსახილველ შემთხვევაში მერიის შესაბამის კომისიას) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების გზით მოახდინოს კანონითა და ბრძანებულებით მინიჭებული უფლების რეალიზაცია. ამ მიზნით კომისია უფლებამოსილია სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან მოიპოვოს დამატებითი დოკუმენტები, დაათვალიეროს საკუთრებაში გადასაცემი ნაკვეთი, მოისმინოს განმცხადებლის, სხვა დაინტერესებული პირის განმარტებები და აღნიშნული მასალების ურთიეთშეჯერების საფუძველზე მიიღოს შესაბამისი დასაბუთებული გადაწყვეტილება.

 

განსახილველ შემთხვევაში პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ ა------- გ-----–---–ის მიერ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილ განცხადებას თან ერთვოდა შემდეგი დოკუმენტები: 1) სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის თბილისის ცენტრალური არქივის 2010 წლის 21 ივლისის N---------------- საარქივო ცნობა, რომლის თანახმად, წ-----ის სადაბო საბჭოს 1964-1967 წლების საკომლო წიგნში ირიცხება სოფ. წ-----ში მცხოვრები მოქ. ა-–---------- კ---–-ს ძე ა-------ი, რომელიც 1964 წელს ფლობდა 0.11 (მეასედ ჰექტრებში) მიწას, ხოლო 1965-1967 წლებში 0.14 (მეასედ ჰექტრებში) მიწას და იხდიდა გადასახადებს. 2) სამკვიდრო მოწმობა, რომლითაც ა------- გ-----–---–ი ცნობილ იქნა ა-–---------- ა-------ის მემკვიდრედ. კომისიაში ასევე წარდგენილი იყო სსრკ ფინანსთა სამინისტროს საგადასახდელო უწყებები და გაანგარიშებები, რომლებშიც აღრიცხულია მოქ. ა-–---------- ა-------ის გადასახდელები, მისამართზე ქ. თბილისი, ბ----ი, წ-----ის გზატკეცილის მ------ შესახვევი. 3) ორთოფოტო და საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი. 4) ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2008 წლის 04 ივნისის დასკვნა, რომლის მიხედვით, ქ. თბილისი, ბ----ი, წ-----ის გზატკეცილის მ--- შესახვევში არსებული ნარგავების ასაკი დაახლოებით 20-25 წელია.

 

7.3. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების აღიარების წესის მე-3 თავით მოწესრიგებულია კომისიის მიერ საკუთრების უფლების აღიარების წესი და პირობები. კერძოდ, მე-11 მუხლის თანახმად, კომისია თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებით, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის, საკადასტრო აღწერის შედეგების საჯარო გაცნობისათვის წარდგენის, მათი გადამოწმებისა და შესაბამისი ცვლილებების შეტანისა და მედიატორის შერჩევის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებითა და ამ წესით.

 

პალატა მიუთითებს, ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონზე, რომლის თანახმად, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწას წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა - ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელზედაც (მიწის ნაკვეთზე ან შენობა - ნაგებობაზე) ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნს მართლზომიერი მფლობელობის უფლება წარმოეშვა ამ კანონის ამოქმედებამდე, ასევე ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული, 1994 წლამდე თვითნებურად დაკავებული მიწა, ხოლო თვითნებურად დაკავებულ მიწას წარმოადგენს - ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე, კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად აღნიშნა, რომ კომისიის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა იმის დადასტურება, რომ მიწის ნაკვეთზე ა------- გ-----–---–ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას, საკუთრების უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა თუ არა ისეთ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს, რაც განსაზღვრულია „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ’’ პუნქტით, რისთვისაც აუცილებელი იყო იმ ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოების ანალიზი, ა------- გ-----–---–ი სარგებლობდა თუ არა თვითნებურად ქ. თბილისში, წ-----ის გზატკეცილის--- გასასვლელის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთით და დღეის მდგომარეობით არსებული კაპიტალური შენობა ნამდვილად აშენდა თუ არა ზემოაღნიშნული კანონის ამოქმედების შემდგომ. აღნიშნულ გარემოებებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების საკითხის გადაწყვეტისათვის.

 

პალატა ყურადღებას ამახვილებს გასაჩივრებულ განკარგულებაში მითითებულ იმ არგუმენტეზე, რომ არ დასტურდება ა------- გ-----–---–ის მიერ მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე. კერძოდ, კომისიის მიერ მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ მიწის ნაკვეთზე ზემოაღნიშნული კანონის ამოქმედებამდე განთავსებული იყო დროებითი (ხის) შენობა და შესაბამისად, დღეის მდგომარეობით არსებული კაპიტალური შენობა აშენებულ იქნა აღნიშნული კანონის ამოქმედების შემდგომ, რაზედაც პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ მხოლოდ აღნიშნულის მითითება ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით ვერ იქნა მიჩნეული იმის დასტურად, რომ ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში სრულყოფილად იქნა გამოკვლეული საქმის გარემოებები.

 

პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2017 წლის 16 მარტს ჩატარდა ადგილზე დათვალიერება, რომლის შედეგადაც დადგინდა, რომ წ-----ის გზატკეცილის მ--- გასასვლელის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ კაპიტალურად შემოღობილ მიწის ნაკვეთზე მდებარეობს ერთი ნახევრად კაპიტალური სახლი, სადაც შეყვანილია ელ-ენერგია და გაყვანილია წყალი. მიწის ნაკვეთი შემოღობილია კაპიტალურად.

 

პალატა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ მოსაზრებას, რომ არ მოიპოვება სხვა ისეთი სახის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ აღნიშნული სახლი აშენებულია „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების შემდგომ.

 

პალატა ასევე ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ ჩანაწერს, რომ მართალია საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ ჩაატარა ადგილზე დათვალიერება, თუმცა აღნიშნული არ არის საკმარისი საფუძველი იმისთვის, რომ უტყუარად დადგენილიყო სადავო მიწის ნაკვეთზე არსებული კაპიტალური შენობის 2007 წლის შემდეგ აშენების ფაქტი.

 

პალატა ვერ გაიზიარებს ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლის აპელირებას იმ გარემოებაზე, რომ ასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე არსებული ნაგებობა არ ექცევა შენობა ნაგებობის განმარტების ცნების ქვეშ. წარმომადგენელი ფოტოებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ შენობის შიდა პერიმეტრი დაფარულია ხის ელემენტებით, მიიჩნევს, რომ აღნიშნული იყო დროებითი ტიპის შენობა - ნაგებობა თავისი ხის ელემენტებით და არ წარმოადგენდა კაპიტალურ ნაგებობას. მისივე განმარტებით, ხის სახლი წარმოადგენს დროებითი ტიპის შენობა ნაგებობას და არ ექცევა შენობა ნაგებობის ცნების ფარგლებში.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა ყურადღებას ამახვილებს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონის მეორე მუხლის "ვ" ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, შენობა არის სამშენებლო მასალებისა და ნაკეთობებისგან შექმნილი კონსტრუქციული სისტემა, რომელიც გრუნტთან უძრავად არის დაკავშირებული, ქმნის გადახურულ სივრცეს და შემოსაზღვრულია კედლებით, კოლონებით ან/და სხვა შემომზღუდავი კონსტრუქციებით, გარდა დროებითი შენობისა.

 

პალატა აქვე მიუთითებს "მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების მე-3 მუხლის 47-ე პუნქტზე, სადაც ასევე მითითებულია ნაგებობის განმარტება, კერძოდ, ნაგებობა არის სამშენებლო მასალებისა და ნაკეთობებისაგან შექმნილი კონსტრუქციული სისტემა, რომელიც გრუნტთან უძრავადაა დაკავშირებული. პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნული რეგულაცია - შენობის ამდაგვარი განმარტება მოქმედებს 2009 წლიდან, ხოლო განსახილველ შემთხვევაში საკითხი ეხება სადავო მიწის ნაკვეთზე არსებული კაპიტალური შენობის 2007 წლამადე აშენების ფაქტს.

 

პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ 2005 წლით დათარიღებულ ორთოფოტოზე, რომელზედაც მიუხედავად იმისა, რომ ფოთლოვანი ნარგავებიდან გამომდინარე არ არის მკაფიო ხილვადობა, აშკარად იკვეთება ნაგებობის კონტურები. პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ დღეის მდგომარეობით ასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე არსებობს კაპიტალური შენობა - ნაგებობა. პალატა ასევე ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ შპს „შ----------–------ის“ 2018 წლის 23 იანვრის დასკვნაზე, რომლითაც დგინდება, რომ ქალაქ თბილისში, წ-----ის მ--- გზატკეცილის გასასვლელის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე 787.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე განთავსებული 20.00 კვ.მ. შენობა - ნაგებობა 2018 წლის 23 იანვრის მდგომარეობით დახურული ტიპისაა. სამშენებლო მასალად გამოყენებულ წვრილ საკედლე ბლოკს და აგურს ვიზუალური დათვალიერებით აღენიშნება, რომ ისინი ხანდაზმულია, აღენიშნება ატმოსფერული ნალექების დენის, ეროზიის კვალი და მათი ხანდაზმულობის ასაკი, სავარაუდოდ შეადგენს 30 წელზე მეტს.

 

პალატა ასევე მნიშვნელოვნად მიიჩნევს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2008 წლის 04 ივნისის დასკვნაში მითითებულ იმ გარემოებას, რომ ქ. თბილისი, ბ----ი, წ-----ის გზატკეცილის მ--- შესახვევში არსებული ნარგავების ასაკი დაახლოებით 20-25 წელია.

 

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე პალატას დადასტურებულად მიაჩნია ა------- გ-----–---–ის მიერ მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი, ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

 

დასახელებული ნორმის საფუძველზე სწორედ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის ეს მოთხოვნა ათავისუფლებს მოსარჩელეს მტკიცების ტვირთისგან, რომ სადავო აქტი ითვლება არამართლზომიერად იქამდე, ვიდრე მისი გამომცემი არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას.

 

პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგს და განმარტავს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ არ არის დასაბუთებული, თუ რატომ არ მიიჩნია უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის მიერ კომისიაში წარდგენილი განცხადება და მასზე თანდართული მტკიცებულებები ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად მიწის ნაკვეთის თვითნებური დაკავების საკმარის საფუძვლად.

 

პალატა აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს აქვს არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ - სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. განსახილველ შემთხვევაში კი, ვერც პირველი ინსტანციის სასამართლოში და ვერც საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის დროს მხარის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა.

 

პალატა განმარტავს, რომ ფაქტის დადგენა უნდა მოხდეს კანონით დადგენილი წესით, სათანადო მტკიცებულებების საფუძველზე. კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება - მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად.

 

პალატა მიუთითებს შემდეგს: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებულია შეჯიბრებითობის პრინციპი. კერძოდ, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მ------ მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 105-ე მუხლის მ--- ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

 

ამრიგად, ადმინისტრაციული თუ სასამართლო წარმოებისას მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევას, შესწავლასა და შეფასებას. ამდენად, მიუთითებს რა კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, მხარემ უნდა წარადგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მტკიცებულებას შეიძლება წარმოადგენდეს მხარეთა ახსნა - განმარტება, მოწმეთა ჩვენება, ფაქტების კონსტატაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით ცალსახადაა განსაზღვრული, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, აპელანტის მიერ არ ყოფილა მითითებული გარემოებებზე და წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3-ე მუხლის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, რისი გათვალისწინებითაც უცველელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება.

 

8. პროცესის ხარჯები:

 

8.1. ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ” ქვეპუნქტის საფუძველზე აპელანტი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-ე, 32-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

 

მოსამართლე:

 

შოთა გეწაძე -