განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 16.10.2018
საქმის ნომერი
160210117001931997
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
16.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 160210117001931997

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/6634-17 16 ოქტომბერი, 2018 წელი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე თამარ ზამბახიძე

მოსამართლე ქეთევან მესხიშვილი

თამარ ალანია

 

სხდომის მდივანი – ოთარ ჯუგაშვილი

 

აპელანტი - ახმედ ოჯ-----------ი, ტამამ გუ-------–---ა, გარანფილ გუ-------–---ა, ტოფიგ გუ--------ი, საიდა გ------ა (მოპასუხე)

წარმომადგენელი - დიანა ლაზიშვილი

 

მოწინააღმდეგე მხარე - სს „კ------- ბანკი“ (მოსარჩელე)

წარმომადგენელი - თამაზ კიკიანი

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ბოლნისის რაიონული სასამართლოს 26.09.2017წ. გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება პირგასამტეხლოს სახით 1425 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში, ახალი გადაწყვეტილებით ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

სასარჩელო მოთხოვნა:

1. სს “კ------- ბანკმა“ სარჩელი აღძრა მოპასუხეების: ახმედ ოჯ-----------ის, ტამამ გუ-------–---ას, გარანფილ გუ-------–---ას, ტოფიგ გუ--------ის, საიდა გ------ას მიმართ და მოითხოვა მოპასუხეებს დაეკისროს: 16190,49 აშშ დოლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა 10000 აშშ დოლარი, პროცენტი - 3573,96 აშშ დოლარი, დაზღვევა - 296,03 აშშ დოლარი, საკომისიო - 45,50 აშშ დოლარი, ჯარიმა - 2275 აშშ დოლარი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

 

2. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 26.09. 2017წ. გადაწყვეტილებით:

1. სს ,,კ------- ბანკის“ სარჩელი დაკმაყოფილდა.

2. მოპასუხეებს, ახმედ ოჯ-----------ს, ტამამ გუ-------–---ას, გარანფილ გუ-------–---ას, ტოფიგ გუ--------სა და საიდა გ------ას მოსარჩელე სს ,,კ------- ბანკის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა 16190,49 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირითადი თანხა 10000 აშშ დოლარი, სარგებელი - 3573,96 აშშ დოლარი, სიცოცხლის დაზღვევა - 296,03 აშშ დოლარი, საკომისიო - 45,50 აშშ დოლარი, ხოლო ჯარიმა - 2275 აშშ დოლარი.

 

2.1. 2015 წლის 04 აგვისტოს, შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------სა" და ახმედ ოჯ-----------ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მან შპს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------საგან" ისესხა 10 000 აშშ დოლარი, თვეში 2.08%-იანი საპროცენტო სარგებლის დარიცხვით. სესხის მოქმედების ვადად განისაზღვრა 24 თვე, 2017 წლის 11 აგვისტოს ჩათვლით.

 

2.2. სესხის ხელშეკრულების მიხედვით, გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს დაერიცხება ჯარიმა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%, არანაკლებ 2 ლარისა, ხოლო დანარჩენ მომდევნო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი ძირი თანხის 0.27%- ის ოდენობით, მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში.

 

2.3. შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------სა” და ახმედ ოჯ-----------ს შორის დადებული სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად ტამამ გუ-------–---ასთან, გარანფილ გუ-------–---ასთან, ტოფიგ გუ--------თან და საიდა გ------ასთან დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები.

 

ტამამ გუ-------–---ასთან გაფორმებული თავდებობის ხელშეკრულების თანახმად, იგი გამსესხებლის წინაშე პასუხს აგებს: სესხის ძირითად თანხაზე 10000 აშშ დოლარზე, მასზე დარიცხული პროცენტზე 3600 აშშ დოლარზე, სიცოცხლის დაზღვევის გადასახდელზე 300 აშშ დოლარზე; მომსახურების ყოველწლიურ გადასახადზე 100 აშშ დოლარზე; რაც მთლიანობაში შეადგენს 14 000 აშშ დოლარს, ასევე შესაძლო ჯარიმებსა და პირგასამტეხლოზე.

 

გარანფილ გუ-------–---ასთან, ტოფიგ გუ--------თან და საიდა გ------ასთან გაფორმებული თავდებობის ხელშეკრულებების თანახმად, თითოეული თავდები გამსესხებლის წინაშე პასუხს აგებს: სესხის ძირითად თანხაზე 10 000 აშშ დოლარზე, მასზე დარიცხული პროცენტზე 3573,94 აშშ დოლარზე, სიცოცხლის დაზღვევის გადასახდელზე 300 აშშ დოლარზე; მომსახურების ყოველწლიურ გადასახადზე 45,50 აშშ დოლარზე; რაც მთლიანობაში შეადგენს 13919,44 აშშ დოლარს, ასევე შესაძლო ჯარიმებსა და პირგასამტეხლოზე.

 

2.4. მოვალე უწყვეტ ვადაგადაცილებაში იმყოფება 2016 წლის 11 მაისის შემდგომ. მოპასუხეებს გაეგზავნათ და ჩაბარდათ გაფრთხილების წერილები მიმდინარე დავალიანების დაფარვის მოთხოვნით.

 

2.5. 2016 წლის 09 სექტემბერს, შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------მ” შეიცვალა სამართლებრივი ფორმა და გარდაიქმნა სს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------დ”. ამჟამად კი მოსარჩე სს ,,კ------- ბანკია“.

 

2.6 . 2015 წლის 04 აგვისტოს სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მსესხებლისა და თავდებების სოლიდარული დავალიანება სს ,,კ------- ბანკის“ მიმართ შეადგენს 16190,49 აშშ დოლარს, საიდანაც ძირითადი თანხაა 10000 აშშ დოლარი, პროცენტი - 3573,96 აშშ დოლარი, დაზღვევა - 296,03 აშშ დოლარი, საკომისიო - 45,50 აშშ დოლარი, ჯარიმა - 2275 აშშ დოლარი. მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ დავალიანების ოდენობა.

 

2.7. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე , 625-ე, 361-ე, 316-ე, 416-ე, 417-ე, 418, 799-ე, 891-ე, 895-ე, 896-ე, ასევე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებზე და განმარტა, რომ მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს, რომ მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულია, მსესხებელსა და თავდებებს კი ნაკისრი ვალდებულება შესრულებული არ აქვთ, რაც მათთვის სესხის ძირითადი თანხის (დაზღვევის თანხასთან ერთად), სარგებლის, საკომისიოსა და ჯარიმის თანხის დაკისრების საფუძველია. მოპასუხეებს, ახმედ ოჯ-----------ს, ტამამ გუ-------–---ას, გარანფილ გუ-------–---ას, ტოფიგ გუ--------სა და საიდა გ------ას მოსარჩელე სს ,,კ------- ბანკის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა 16190,49 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირითადი თანხა 10000 აშშ დოლარი, სარგებელი - 3573,96 აშშ დოლარი, სიცოცხლის დაზღვევა - 296,03 აშშ დოლარი, საკომისიო - 45,50 აშშ დოლარი, ხოლო ჯარიმა - 2275 აშშ დოლარი.

 

აპელანტის მოთხოვნა და საფუძვლები:

 

3. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 26.09.2017წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ახმედ ოჯ-----------მა, ტამამ გუ-------–---ამ, გარანფილ გუ-------–---ამ, ტოფიგ გუ--------მა და საიდა გ------ამ , მოითხოვეს მისი გაუქმება პირგასამტეხლოს სახით 1425 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში, ახალი გადაწყვეტილებით ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ანუ ნაცვლად დაკისრებული 2275 აშშ დოლარისა, პირგასამტეხლოს დაკისრება 850 აშშ დოლარის ოდენობით.

 

აპელანტის განმარტებით, რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას არ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით. სასამართლომ არ გაითვალისწინა მოვალის მატერიალური მდგომაროება და მის მიერ ვალდებულების შესრულების მცდელობა. ძირითადი მოვალის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა თავიდანვე ცნობილი იყო საკრედიტო დაწესებულებისთვის. კრედიტის გაცემისას მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ინფორმირებული იყო, რომ ახმედ ოჯ-----------ი იტარებდა უწყვეტ სტაციონალურ მკურნალობას და მას არ ჰქონდა არანაირი სახის შემოსავალი. მიუხედავად მკურნალობის პროცესში გამოვლენილი გართულებებისა, ძირითადმა მოვალემ წარმომადგენლების მეშვეობით მიმართა კრედიტორს და ვალდებულების შესასრულებლად ითხოვა დამატებითი შეთანხმების გაფორმება.

 

აპელანტი არ ეთანხმება ბოლნისის რაიონული სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს სარჩელით მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე და მიიჩნევს, რომ სასამართლომ უსაფუძვლოდ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა და არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი. სასამართლოს შეეძლო საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეემცირებინა შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სასამართლოს მიერ უნდა შეფასებულიყო სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომაროება, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და სხვა. აპელანტი დარღვევის თანაზომიერ, გონივრულ და სამართლიან ოდენობად მიიჩნევს არა დასაკისრებელ პირგასამტეხლოს მოთხოვნილი 2275 აშშ დოლარის ოდენობით, არამედ 850 აშშ დოლარის ოდენობით, რაც სავსებით უზრუნველყოფს მინიმალური ზიანის ანგარიშში კრედიტორის ინტერესების დაკმაყოფილებას.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება

 

4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. 394-ე მუხლის “ე” პუნქტი ადგენს, რომ გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

5. საქმის მასალებით დასტურდება, გადაწყვეტილებით დადგენილია და სააპელაციო საჩივრით სადავოდ არ გამხდარა შემდეგი გარემოებები:

- 04.08.2015წ. შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------სა" (ამჟამად სს „კ------- ბანკი“) და ახმედ ოჯ-----------ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მან 2017 წლის 11 აგვისტოს ჩათვლით ისესხა 10 000 აშშ დოლარი თვეში 2.08% საპროცენტო სარგებელის დარიცხვით (ტ.1, ს.ფ. 19-20).

- სესხის ხელშეკრულების მიხედვით, გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს დაერიცხება ჯარიმა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%, არანაკლებ 2 ლარისა, ხოლო დანარჩენ მომდევნო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი ძირი თანხის 0.27%-ის ოდენობით, მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში (ტ.1, ს.ფ.19).

- სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად ტამამ გუ-------–---ასთან, გარანფილ გუ-------–---ასთან, ტოფიგ გუ--------თან და საიდა გ------ასთან დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები (ტ.1, ს.ფ. 36-43).

- ვალდებულება დაირღვა მოვალე 2016 წლის 11 მაისს. მოპასუხეებს გაეგზავნათ და ჩაბარდათ გაფრთხილების წერილები მიმდინარე დავალიანების დაფარვის მოთხოვნით.

- სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მსესხებლისა და თავდებების სოლიდარული დავალიანება სს ,,კ------- ბანკის“ მიმართ შეადგენს 16 190,49 აშშ დოლარს (ტ.1, ს.ფ.55), საიდანაც ძირითადი თანხაა 10000 აშშ დოლარი, პროცენტი - 3 573,96 აშშ დოლარი, დაზღვევა - 296,03 აშშ დოლარი, საკომისიო - 45,50 აშშ დოლარი, ჯარიმა - 2275 აშშ დოლარი (ტ.1, ს.ფ.159).

 

6. მოპასუხეების მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულია პირგასამტეხლოს სახით 1425 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში იმ საფუძვლით, რომ სასამართლოს მიერ დაკისრებული პირგასამტეხლო (ჯარიმა) 2275 აშშ დოლარის ოდენობით წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას და იგი უნდა შემცირდეს 850 აშშ დოლარამდე.

 

7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. 418-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო.

 

ამავე კოდექსის 420-ე მუხლით, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამდენად, სასამართლო უფლებამოსილია კონკრეტული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, შეამციროს არაგონივრული, შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლო მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებისას ითვალისწინებს როგორც კრედიტორის ინტერესს ვალდებულების შესრულების მიმართ, ასევე მოთხოვნილ პერიოდზე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობას ძირითად ვალთან მიმართებაში. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი განაკვეთი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა. პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა - 2275 აშშ დოლარი - შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს 850 აშშ დოლარამდე. სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ 850 ლარის ოდენობით პირგასამტეხლო ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული ოდენობაა.

 

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

წინამდებარე გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი კმაყოფილდება სრულად, აპელანტების მოწინააღმდეგე მხარეს უნდა დაეკისროს სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 150 ლარის ოდენობით.

 

გამომდინარე იქიდან, რომ წინამდებარე გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი კმაყოფილდება და მოპასუხეებს პირგასამტეხლოს სახით ნაცვლად 2275 აშშ დოლარისა, ეკისრებათ - 850 აშშ დოლარის გადახდა, სარჩელის წარდგენის დროს არსებული ვალუტის კურსის გათვალისწინებით (იხ.: ტ.1, ს.ფ.64; 2.4086) მოპასუხეებს ნაცვლად გადაწყვეტილებით დაკისრებული 1169,91 ლარისა, უნდა დაეკისროთ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 1066.95 ლარის ოდენობით (1425*2,4086 = 3432,255; 3432,255-ის 3%=. 102,96). ამდენად, ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის შეცვლით მოპასუხეებს სს „კ------- ბანკის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 1066.95 ლარის ოდენობით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. ახმედ ოჯ-----------ის, ტამამ გუ-------–---ას, გარანფილ გუ-------–---ას, ტოფიგ გუ--------ის, საიდა გ------ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება ჯარიმის სახით 2275 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

3. მოპასუხეებს ახმედ ოჯ-----------ს, ტამამ გუ-------–---ას, გარანფილ გუ-------–---ას, ტოფიგ გუ--------ს, საიდა გ------ას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროთ პირგასამტეხლოს სახით 850 აშშ დოლარის გადახდა.

4. სს „კ------- ბანკს“ დაეკისროს აპელანტების სასარგებლოდ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 150 ლარის ოდენობით.

5. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის შეცვლით მოპასუხეებს ახმედ ოჯ-----------ს, ტამამ გუ-------–---ას, გარანფილ გუ-------–---ას, ტოფიგ გუ--------ს, საიდა გ------ას სს „კ------- ბანკის“ სასარგებლოდ დაეკისროთ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 1066.95 ლარის ოდენობით.

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე თამარ ზამბახიძე

 

მოსამართლეები თამარ ალანია

 

ქეთევან მესხიშვილი