განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210015001106482
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/2258-18 24 სექტემბერი, 2018 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე, მომხსენებელი - ნათია გუჯაბიძე
მოსამართლეები - ვანო წიკლაური
გოდერძი გიორგიშვილი
სხდომის მდივანი – გვანცა კომბეგაშვილი
აპელანტი – შპს „დ------------–----“
წარმომადგენელი – ზ--------------ე
მოწინააღმდეგე მხარე – გ--------–---–---–ი
წარმომადგენელი – ზ-----------–---–ი
დავის საგანი – თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 თებერვალი გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
სასარჩელო მოთხოვნა
1. შპს „დ------------–----სათვის“ მოსარჩელის სასარგებლოდ ძირითადი თანხის - 28 000,00 ლარის გადახდის დაკისრება; დავალიანების ძირითადი თანხის 28 000,00 ლარის, 2012 წლის 25 აგვისტოდან 2015 წლის 25 აგვისტოს ჩათვლით, წლიური 6%-ის გადახდის დაკისრება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
2. გ--------–---–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა. შპს „დ------------–---ს“ მოსარჩელე გ--------–---–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა 28 000,00 ლარის გადახდა; შპს „დ------------–---ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ მიუღებელი შემოსავლის სახით დაეკისრა 5040,00 ლარის გადახდა.
3. სამართლებრივი მხარე სასამართლომ დაასაბუთა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400-ე, 411-ე, 629-ე მუხლების საფუძველზე.
4. გადაწყვეტილება გაასაჩივრა მოპასუხე გ--------–---–---–მა და სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდება.
სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
5. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლოს მითითება, რომ „არ დგინდება გ--------–---–---–ის მიერ 2012 წლის 30 ივლისს საპროექტო მომსახურებაზე ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების ფაქტი“ (3.2.1.) არ შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, ამაზე გაცემულია ორი კომპეტენტური დასკვნა იმის შესახებ, რომ პროექტი არის ხარვეზიანი და ვალდებულება არ არის შესრულებული გ--------–---–---–ის მიერ.
6. ასევე, არასწორია სასამართლოს მითითება, რომ, თითქოს, შპს „დ------------–----ს“ დირექტორს ბატონ ზ-------------–--ეს პრეტენზია არ ჰქონია 2012 წლის 10 აგვისტოს მხარეთა შორის გაფორმებულ მიღება-ჩაბარების აქტზე, რადგან საქმეში წარმოდგენილია არაერთ წერილობით მოთხოვნა გ--------–---–---–ის მიმართ, რომ მას შეესრულებინა 2012 წლის 30 ივლისის ხელშეკრულების დანართით გათვალისწინებული მოთხოვნები, რაც მან არ შეასრულა.
7. არასწორია სასამართლოს განმარტება, რომ გ--------–---–---–ს, საპროექტო მომსახურების ხელშეკრულების მიხედვით, მიწის ნაკვეთის გაერთიანებისა და საკუთრების უფლების რეგისტრაციის ვალდებულება არ ჰქონდა და რომ ამგვარი ქმედების განსახორციელებლად შემსრულებელს არათუ ვალდებულება, არამედ შესაბამისი უფლებამოსილებაც არ გააჩნდა. აღნიშნულის საპირისპიროდ, საქმეში წარმოდგენილია დანართი ხელშეკრულება, რომლის ერთ-ერთ პუნქტში გათვალისწინებულია მიწის გამოყენების პირობები, რაც სასამართლომ დაუსაბუთებლად არ მიიჩნია საკმარის მტკიცებულებად.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის საფუძველზე, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
10. განსახილველ შემთხვევაში, პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
ფაქტობრივ/სამართლებრივი დასაბუთება
11. სააპელაციო საჩივრით სადავოდ არ არის გამხდარი და შესაბამისად, სააპელაციო პალატა უდავოდ დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
11.1. 2012 წლის 30 ივლისს მხარეთა შორის გაფორმდა ხელშეკრულება საპროექტო მომსახურების შესახებ, რომლის მიხედვით ინდივიდუალურ მეწარმეს, გ--------–---–---–ს, უნდა დაემუშავებინა ქ. ქუთაისში, ბაგრატის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტუქტურის და მოედნის რეკონსტრუქციის სამშენებლო დოკუმენტაციის პროექტი.
11.2. ხელშეკრულების 2.1 პუნქტის მიხედვით, პროექტის სამუშაო დოკუმენტაცია უნდა დამუშავებულიყო ეტაპობრივად წინასწარ შემუშავებული საპროექტო წინადადების საფუძველზე, რომელიც წარედგინა და შეუთანხმდა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს 2012 წლის მაისი-ივნისის თვეში.
11.3. ხელშეკრულების 4.1 პუნქტის მიხედვით, სამშენებლო დოკუმენტაციის პროექტის ღირებულებამ შეადგინა 28 000,00 ლარი.
11.4. ამავე ხელშეკრულების 4.2 პუნქტის მიხედვით, მხარეებს უნდა გაეფორმებინათ საპროექტო დოკუმენტაციის მიღება-ჩაბარების აქტი.
11.5. ხელშეკრულების 4.3 პუნქტის მიხედვით, თანხის გადახდა უნდა განხორციელებულიყო სამუშაოს დამთავრების შემდეგ 10 საბანკო დღის განმავლობაში.
11.6. 2012 წლის 10 აგვისტოს გ--------–---–---–სა და შპს „დ------------–---ს“ შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, 2012 წლის 30 ივლისის საპროექტო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში შემსრულებელმა, გ--------–---–---–მა დაასრულა მომსახურეობა, ხოლო შპს „დ------------–----ს“ დირექტორი ზ-------------–--ემ მიიჩნია, რომ დასრულებული მომსახურება პასუხობს კონტრაქტის მოთხოვნებს.
11.7. 2012 წლის 10 დეკემბერს მოპასუხესა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის მიხედვით, მიმწოდებელმა შპს „დ------------–---მა“ შეასრულა ქ. ქუთაისში ბაგრატის ტაძრის რეაბილიტაციის მესამე და მეოთხე სტადიის მეორე ეტაპის ფარგლებში ვიზიტორთა ცენტრისა და პარკინგის მოწყობის სამუშაოები საერთო ღირებულებით 571 051,92 ლარი. ამავე მიღება-ჩაბარების აქტში მხარეებმა მიუთითეს, რომ ერთმანეთის მიმართ პრეტენზიები არ გააჩნიათ.
12. სააპელაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო პრეტენზიას და მიაჩნია, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება გ--------–---–---–ის მიერ 2012 წლის 30 ივლისის საპროექტო მომსახურების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების ფაქტი.
12.1. პალატა აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის დავა ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარეობს (სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლი). ვალდებულების წარმოშობის საფუძველია 2012 წლის 30 ივლისს მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება საპროექტო მომსახურებაზე, რომლის მიხედვით გ--------–---–---–ს უნდა დაემუშავებინა ქ. ქუთაისში, ბაგრატის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტუქტურის და მოედნის რეკონსტრუქციის სამშენებლო დოკუმენტაციის პროექტი, რომლის ღირებულება 28 000,00 ლარით განისაზღვრა. საქმეში წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტების თანახმად, მოსარჩელემ მოპასუხეს გადასცა ყველა ის დოკუმენტი, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული, თუმცა მოპასუხემ ხელშეკრულებით ნაკისრი საზღაურის - 28 000,00 ლარის გადახდის ვალდებულება არ შეუსრულებია.
12.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, მტკიცების ტვირთი ერთნაირად ეკისრება მხარეებს და ეს ტვირთი თანაბრად ნაწილდება მათ შორის. მოპასუხეს ეკისრება ისეთი ფაქტების დადასტურების ტვირთი, რომლებსაც შეუძლიათ გააქარწყლონ მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით კი მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სააპელაციო პალატა მხარეთა ყურადღებას ამახვილებს მტკიცების საპროცესო სამართლებრივ პრინციპებზე და განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. მოსარჩელე მოვალეა დაამტკიცოს ფაქტები, რომელთა საფუძველზე შეიძლება გაკეთდეს დასკვნა გადაწყვეტილებისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არსებობის ვარაუდის შესახებ, ხოლო იმ ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლებიც ასეთ ვარაუდს გააქარწყლებენ – დაკისრებული აქვს მოპასუხეს. ფაქტების დამტკიცებას იწყებს მოსარჩელე, რომელმაც უნდა დაადასტუროს მის მიერ მოპასუხისადმი წაყენებული მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი. მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსარჩელე დაამტკიცებს ამ ფაქტებს, მტკიცების ტვირთი გადადის მოპასუხეზე.
12.3. მოცემულ შემთხვევაში, უდავო გარემოებაა, რომ 2012 წლის 10 აგვისტოს მხარეთა შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, მხარეებმა ხელმოწერით დაადასტურეს შემსრულებლის მიერ 2012 წლის 30 ივლისის საპროექტო მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ფაქტი; ამასთან, შპს „დ------------–----ს“ დირექტორის ზ-------------–--ის მიერ დაფიქსირებული პოზიციის თანახმად, „დასრულებული მომსახურება პასუხობდა კონტრაქტის მოთხოვნებს“, რაც იმას ნიშნავს, რომ შემსრულებლის მიერ მომსახურების გაწევის ხარისხსა და ჯეროვან შესრულებაზე მოპასუხეს პრეტენზია არ გააჩნდა. ასევე, საგულისხმოა გარემოება, რომ გ--------–---–---–ის მიერ გაწეული მომსახურების შედეგად მომზადებული პროექტი ჩაიბარა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ, რომელსაც მიწოდებული მომსახურების (შესრულებული პროექტის) მიმართ პრეტენზია არ განუცხადებია. ასეთ ვითარებაში პალატას მიაჩნია, რომ მოპასუხის აპელირება იმ გარემოებაზე, რომ გ--------–---–---–მა 2012 წლის 30 ივლისის საპროექტო მომსახურების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არაჯეროვნად შეასრულა, მოკლებულია ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძველს.
12.4. სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ, გ--------–---–---–ს, საპროექტო მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების ფარგლებში, ასევე ევალებოდა მიწების გაერთიანება და სამართლებრივი რეგისტრაცია, რომლის შეუსრულებლობამაც სწორედ, მისი შესრულების არაჯეროვანება განაპირობა. მითითებული სააპელაციო პრეტენზია ემყარება ხელშეკრულების #1 დანართის მე-6 პუნქტს, რომელიც აპელანტის მოსაზრებით, ზემოაღნიშნულ ვალდებულებას გულისხმობდა. სადავო პუნქტის ასეთ განმარტებას არ ეთანხმება მოსარჩელე. შესაბამისად, სააპელაციო პალატა მხარეთა მიერ ხელშეკრულების #1 დანართის მე-6 პუნქტში გამოვლენილი საერთო ნების ნამდვილი შინაარის დადგენის აუცილებლობის წინაშე დგას.
12.5. პალატა აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების გამონათქვამების განმარტების დროს უნდა დადგინდეს მხარის შინაგანი ნების შესაბამისობა მის გამოხატულებასთან. ხელშეკრულების განმარტების მიზანი მისი შინაარსის დადგენაა. განმარტებას შეიძლება საჭიროებდეს, როგორც მთელი ხელშეკრულება, ასევე, მისი რომელიმე ნაწილი ან თუნდაც რომელიმე პუნქტი (პირობა). ხელშეკრულების პირობები იმგვარად უნდა იქნას განმარტებული, რომ ყველა მათგანს მიეცეს მნიშვნელობა და არა რომელიმე მათგანს წაერთვას ძალა. „ევროპული სახელშეკრულებო სამართლის ძირითადი პრინციპების (დებულებების) 5:101-5:107 მუხლების დანაწესების თანახმად, ხელშეკრულება უნდა განიმარტოს მხარეთა საერთო ნების შესაბამისად იმ შემთხვევაშიც კი, თუ იგი განსხვავდება სიტყვასიტყვითი მნიშვნელობისაგან. მხარეთა საერთო ნების დადგენის შეუძლებლობის შემთხვევაში, განმარტების კრიტერიუმად მიიჩნევა ხელშეკრულების მხარეთა მსგავსი გონივრული აზროვნების მქონე პირთა შეფასება მოცემულ გარემოებებში. ხელშეკრულების ცალკეული გამონათქვამი (პირობა) უნდა განიმარტოს იმ მთლიანი ხელშეკრულების ჭრილში, რომელშიც ისინი არის მოცემული“. (საქმე №ას-282-270-2015, 13 მაისი, 2015 წელი).
12.7. მოცემული დავის გადაწყვეტისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობა გააჩნია ხელშეკრულების #1 დანართის ე.წ. მე-6 პუნქტში გამოვლენილი ნამდვილი ნების დადგენას, რომელიც მხარეთა მიერ შემდეგი სახითაა ჩამოყალიბებული: „სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების პროექტი“.
12.8. სააპელაციო პალატას, სადავო ხელშეკრულებისა და მისი #1 დანართის შინაარსის კვლევის, ასევე საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასების საფუძველზე მიაჩნია, რომ მხარეთა იმგვარი ნება, რომ შემსრულებელს 2012 წლის 30 ივლისის საპროექტო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში ევალებოდა ასევე მიწების გაერთიანება და მათი სამართლებრივი რეგისტრაცია, არ გამომდინარეობს არც მითითებული ხელშეკრულების მთლიანი შინაარსიდან და არც ხელშეკრულების #1 დანართის ე.წ. მე-6 პუნქტის კონკრეტული შინაარსიდან, უფრო მეტიც, ამგვარ ვალდებულებას მოსარჩელე ვერ აიღებდა, გასაერთიანებელი მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთაგან წინასწარი შეთანხმებისა და ნებართვის გარეშე. ასეთი თანხმობა კი ხელშეკრულების დადების ან მოგვიანებით, შესრულების ეტაპზე, გათვალისწინებული ან ნაგულისხმევი არ ყოფილა, ვინაიდან ამ ფაქტის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ მიწის ნაკვეთების გამოყენების პირობების პროექტი მოიცავდა მიწის ნაკვეთებზე სამომავლო განაშენიანების პროექტს, ხოლო ამ პროექტის დამტკიცების შემდეგ მისი შესრულების მიზნით მიწის ნაკვეთების გაერთიანება მოსარჩელის, არქიტექტორისათვის შეკვეთილ სამუშაოში არ შედიოდა.
ამდენად, აპელანტის მითითება შემსრულებლის მხრიდან ასეთი ვალდებულების დარღვევაზე, მოკლებულია ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს და ვერ იქნება გაზიარებული.
მაშასადამე, საქალაქო სასამართლომ სწორად დააკისრა მოპასუხეს თანხა სკ 629-ე, 408 -ე, 411-ე მუხლების საფუძველზე.
შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა დარჩეს.
საპროცესო ხარჯები
13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შესაბამისად, აპელანტის მიერ წინასწარ გადახდილი ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „დ------------–----ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება;
3. აპელანტის მიერ წინასწარ გადახდილი ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
4. განჩინება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე ნათია გუჯაბიძე
მოსამართლეები ვანო წიკლაური
გოდერძი გიორგიშვილი