განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 16.11.2018
საქმის ნომერი
330310018002281253
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
16.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330310018002281253

საქმე N3ბ/2325-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

16 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - შოთა გეწაძე

 

აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;

წარმომადგენელი - ნ------------–---–--

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ე-–------ ზ-------–---–ი;

 

დავის საგანი - სახელფასო დავალიანების ანაზღაურება;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება;

 

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელე - ე-–------ ზ-------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელფასო დავალიანების - 1 897 ლარისა და 83 თეთრის ანაზღაურება.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ ცნო, წარმომადგენელმა განმარტა, რომ სასარჩელო მოთხოვნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის შესაბამისად ხანდაზმულია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:

3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

ე-–------ ზ-------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა ე-–------ ზ-------–---–ის სასარგებლოდ, 1998-2000 წლების ხელზე გასაცემი ხელფასის - 900 ლარის და 95 თეთრის ოდენობით ანაზღაურება.

 

3.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:

 

3.2.1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2018 წლის 9 იანვრის №------------------- წერილით ე-–------ ზ-------–---–ს, 2017 წლის 21 დეკემბრის №------- განცხადების პასუხად გაეგზავნა გენერალური შტაბის ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის 2017 წლის 27 დეკემბრის №------- წერილი. ასევე ეცნობა, რომ ვინაიდან, წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დასაფარად საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესაბამისი ასიგნებები არ არის გამოყოფილი, მოკლებულნი იყვნენ შესაძლებლობას დაეკმაყოფილებიათ განმცხადებლის თხოვნა. (ს.ფ. 14).

 

3.2.2. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის 2017 წლის 27 დეკემბრის №----------------- წერილით დგინდება, რომ ე-–------ ზ-------–---–ის მიმართ, 1998 წლის (სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი) 1999 წლის (ივნისი, ივლისი, აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი), 2000 წლის (აპრილი, მაისი, ივნისი, ოქტომბერი) დარიცხული სახელფასო დავალიანება (წოდ.,თან.,დან.კვებ.ჯილდ.) შეადგენს 1 897,83 ლარს. სულ ხელზე ასაღები თანხა კი შეადგენს - 1 566,64 ლარს, მათ შორის ხელზე ასაღები კვების კომპენსაცია შეადგენს - 665,69 ლარს. (ს.ფ. 13);

 

4.3. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:

 

4.3.1. სასამართლომ განმარტა, რომ სადავო პერიოდში მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით მოწესრიგებულია საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებული შრომითი ურთიერთობები. აღნიშნული კანონის 37-ე მუხლი წარმოადგენს იმ მავალდებულებელ სამართლებრივ საფუძველს, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაეკისროს გასცეს შრომითი გასამრჯელო მოსამსახურეზე, რათა მან შესრულებული სამუშაოსათვის მიიღოს ანაზღაურება, სწორედ ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად განისაზღვრა, რომ მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) ფონდის ფორმირების წყაროა შესაბამისი ბიუჯეტი და საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება წარმოადგენდეს მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს დაფინანსების შემცირების საფუძველს.

პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია სახელფასო დავალიანებაზე სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და განმარტა, რომ სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 1341-ე მუხლის თანახმად, საჯარო მოსამსახურეთა მიმართ 2005 წლამდე წარმოშობილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ვალდებულება აღიარებულია კანონით. სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნული საკანონმდებლო დანაწესით სახელმწიფომ ცალსახად განსაზღვრა საჯარო მოსამსახურეთა უფლება მიუღებელ ხელფასზე და ვინაიდან კანონმდებელმა შემოიტანა სპეციალური საკანონმდებლო რეგულაცია, ამ ტიპის მოთხოვნებზე ზოგადი სახის ნორმების გამოყენება სასამართლომ დაუშვებლად მიიჩნია. სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება, რომლის შესაბამისად, სამინისტროს არ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიმართ არსებული სახელფასო დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესაბამისი სახსრების გამოყოფამდე და მიუთითა, რომ საჯარო მოსამსახურეთა მიმართ 2005 წლამდე წარმოშობილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ვალდებულება აღიარებულია კანონით - საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 1341-ე მუხლით. შესაბამისად, მოპასუხის მიერ მითითებული არგუმენტი სასამართლომ არ მიიჩნია მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) გაცემაზე უარის თქმის საფუძვლად.

 

საქმის განმხილველმა სასამართლომ განმარტა, რომ სასარჩელო განცხადებაში მითითებული მოსარჩელე მხარის მოთხოვნა - კვების კომპენსაციის ნაწილში წარმოადგენს პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ასეთი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს დროს, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამასთან კვების კომპენსაცია ხელფასის თანხისგან განსხვავებით არ არის მოქცეული სადავო პერიოდში მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 1341-ე მუხლის მოქმედების ფარგლებში. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიმართ აღნიშნულ ნაწილში უნდა გავრცელდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, აღნიშნული ვადა კი ათვლილი უნდა იქნეს სასამართლოში სარჩელის წარდგენის თარიღიდან უკუსვლით, მიუხედავად იმისა, თუ როდის იქნა დათხოვილი პირი სამსახურიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნა მითითებული პერიოდის კვების კომპენსაციის ანაზღაურების ნაწილში მიიჩნია ხანდაზმულად.

 

5. სააპელაციო მოთხოვნა:

 

5.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა სრულად.

 

6. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

6.1. აპელანტი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და განმარტავს, რომ 2017 წლის 1 ივნისს ძალაში შევიდა "საჯარო სამსახურის შესახებ" ახალი კანონი და ამავდროულად ძალადაკარგულად გამოცხადდა ძველი. 2017 წლის 1 ივლისამდე მოქმედი "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 134.1 მუხლის თანახმად, საჯარო მოსამსახურეთა მიმართ 2005 წლამდე წარმოშობილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ვალდებულება აღიარებული იყო კანონით, შესაბამისად, აღნიშნული საკანონმდებლო დანაწესით სახელმწიფო განსაზღვრავდა საჯარო მოსამსახურეთა უფლებას მიუღებელ ხელფასზე და ვინაიდან, კანონდებელმა შემოიტანა სპეციალური საკანონმდებლო რეგულაცია, ამ ტიპის მოთხოვნებზე ზოგადი სახის ნორმების (მათ შორის ხანდაზმულობის) გამოყენება დაუშვებელი იყო, თუმცა ახალი კანონი აღარ ითვალისწინებს აღნიშნულ დანაწესს და შესაბამისად, ძველი რეგულაციაც აღარ არსებობს.

 

აპელანტის განმარტებით, დადგენილია, რომ ე-–------ ზ-------–---–მა 2017 წლის 21 დეკემბერს მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელფასო დავალიანებასთან დაკავშირებით, ხოლო სასარჩელო განცხადებით სასამართლოს მიმართა 2018 წლის 31 იანვარს. აპელანტის მოსაზრებით, უფლების რეალიზება მოახდინეს "საჯარო სამსახურის შესახებ" ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ, რომელიც აღარ ითვალისწინებს წინა წლებში წარმოშობილი დავალიანებების ანაზღაურების წესს, ამასთან წარმომადგენელმა მიუთითა, რომ მოსარჩელე მხარის მიერ სასამართლოში არ ყოფილა წარდგენილი იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ უფლების რეალიზება რაიმე სახით მოხდა "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის ამოქმედებამდე.

 

7. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

7.1. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს. ამდენად, სააპელაციო სასამართლო იურიდიული შედეგის თვალსაზრისით ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს, სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით კი აღნიშნავს შემდეგს:

 

უპირველესად პალატა აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გასაჩივრებულია ხელზე გასაცემი ხელფასის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში, ხოლო კვების კომპენსაციის ნაწილში თანხის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში გადაწყვეტილება მოსარჩელე ე-–------ ზ-------–---–ის მიერ არ გასაჩივრებულა და ამ ნაწილში გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. ამდენად პალატა მსჯელობს მხოლოდ გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილზე.

 

საქმის მასალებით დადგენილია და სადავოდ არ გამხდარა ის გარემოება, რომ მოსარჩელე შრომით - სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა ადმინისტრაციულ ორგანოსთან, შესაბამისად, სადავო პერიოდში მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის გათვალისწინებით, წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს.

 

სადავო პერიოდში მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის თანახმად, მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებს. ”სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურე სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე იმყოფება.

 

მითითებული სამართლებრივი ნორმების შესაბამისად, მუშაკის შრომითი გასამრჯელოს - ხელფასის გაცემის ვალდებულება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აკისრია კანონმდებლობის საფუძველზე, ანუ იგი ადმინისტრაციული ორგანოს კანონისმიერი ვალდებულებაა. პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული სამართლებრივი ნორმა მოსარჩელეს როგორც მოთხოვნის უფლების მქონე პირს, ანიჭებს შესაძლებლობას მოითხოვოს სახელმწიფოსგან მიუღებელი შრომითი გასამრჯელო - ხელფასი.

 

პალატა განმარტავს, რომ სადავო პერიოდში ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით მოწესრიგებულია საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებული შრომითი ურთიერთობები. აღნიშნული კანონის 37-ე მუხლი წარმოადგენს იმ მავალდებულებელ სამართლებრივ საფუძველს, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაეკისროს გასცეს შრომითი გასამრჯელო მოსამსახურეზე, რათა მან შესრულებული სამუშაოსათვის მიიღოს ანაზღაურება, სწორედ ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად განისაზღვრა, რომ მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) ფონდის ფორმირების წყაროა შესაბამისი ბიუჯეტი და საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება წარმოადგენდეს მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს დაფინანსების შემცირების საფუძველს.

 

საქმეში წარმოდგენილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის 2017 წლის 27 დეკემბრის №----------------- წერილით პალატას დადგენილა მიაჩნია, რომ ე-–------ ზ-------–---–ის მიმართ, 1998 წლის (სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი) 1999 წლის (ივნისი, ივლისი, აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი), 2000 წლის (აპრილი, მაისი, ივნისი, ოქტომბერი) დარიცხული სახელფასო დავალიანება (წოდ.,თან.,დან.კვებ.ჯილდ.) შეადგენს 1 897,83 ლარს. სულ ხელზე ასაღები თანხა კი შეადგენს - 1 566,64 ლარს, მათ შორის ხელზე ასაღები კვების კომპენსაცია შეადგენს - 665,69 ლარს.

 

სადავო პერიოდში მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 1341-ე მუხლის (ანგარიშსწორების წესი სამსახურიდან გათავისუფლებისას) თანახმად, 2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეებზე დაწესებული კუთვნილი თანხის (გარდა ამ კანონით განსაზღვრული კომპენსაციისა) გაცემა უნდა განხორციელებულიყო დაცულ მუხლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად. შესაბამისად, აღნიშნული ნორმით კანონმდებელმა განსაზღვრა საჯარო მოსამსახურეებზე წინა წლებში წარმოქმნილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ვალდებულება. ამავე ნორმის დანაწესით, იგი არ შეიცავს საჯარო მოსამსახურისათვის განსაზღვრული კომპენსაციის ანაზღაურების ვალდებულებას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია სახელფასო დავალიანებაზე სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით. პალატა ყურადღებას ამახვილებს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესზე, რომლის შემოღებით კანონმდებელმა განსაზღვრა სამოქალაქო უფლების დაცვის გარკვეული ვადებით შეზღუდვის აუცილებლობა, რომელიც მყარ სამოქალაქო ბრუნვაზეა ორიენტირებული და მოთხოვნის ხანდაზმულობის ამა თუ იმ ვადის გასვლით, მხარე კარგავს იმ სამართლებრივ ბერკეტებს, რომელთა საშუალებითაც მას შესაძლებლობა ჰქონდა, მოეხდინა მისი მოთხოვნის იძულებით აღსრულება. ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა.

 

პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის 2017 წლის 27 დეკემბრის №----------------- წერილზე, რომლითაც ე-–------ ზ-------–---–ს ეცნობა, რომ მისი 1998, 1999, 2000 წლების სახელფასო დავალიანება - ხელზე გასაცემი თანხა შეადგენს სულ - 1 566,64 ლარს. აღნიშნული წერილი, პალატის მოსაზრებით, ცალსახად წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხრიდან დავალიანების აღიარებს.

 

პალატა განმარტავს, რომ მართალია, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2018 წლის 9 იანვრის №------------------- წერილით დავალიანების აღიარება მოხდა ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, თუმცა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები ცალსახად ადგენენ, რომ თუ ვალდებულმა პირმა მოვალეობა შეასრულა ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, მას არა აქვს უფლება მოითხოვოს შესრულებულის დაბრუნება, თუნდაც მოვალეობის შესრულების მომენტში მას არ სცოდნოდა, რომ ხანდაზმულობის ვადა გასული იყო. იგივე წესი გამოიყენება ვალდებული პირის აღიარებისა და უზრუნველყოფის საშუალებათა მიმართაც.

 

პალატა განმარტავს, რომ ვალდებული პირის მიერ ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალის აღიარების შემთხვევაში, ხანდაზმულობის ვადის დენა თავიდან იწყება და მოვალეს უფლება არ აქვს უარი განაცხადოს ვალდებულების შესრულებაზე. განსახილველ შემთხვევაში, ვალი აღიარებულია 2018 წლის 9 იანვარს, რა დროიდანაც ხანდაზმულობის ვადის დენა დაიწყო თავიდან, ხოლო სარჩელი სასამართლოში აღძრულია 2018 წლის 31 იანვარს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა არ იზიარებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსაზრებას სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით.

 

პალატა კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებული პირის მიერ ხანდაზმული მოთხოვნის შესრულების შემდეგ მას არა აქვს უფლება მოითხოვოს შესრულების დაბრუნება, თუნდაც მოვალეობის შესრულების მომენტში მას არ სცოდნოდა, რომ ხანდაზმულობის ვადა გასული იყო. აღნიშნული დანაწესი სწორედ სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული პრინციპიდან გამომდინარეობს, რომლის თანახმადაც, ხანდაზმული მოთხოვნა, მართალია, განუხორციელებადია, მაგრამ ის კოდექსის 144-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ გარკვეულ გარემოებათა არსებობისას შესრულებადი რჩება. ხანდაზმულობის ვადის გასვლისას 144-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით დადგენილი შედეგები მაშინაც დგება, როდესაც ვალდებული პირი აღიარებს ვალს და კრედიტორი ვალდებულების უზრუნველსაყოფად განახორციელებს შესაბამის ქმედებას ან გამოიყენებს ვალდებულების უზრუნველყოფის საშუალებებს.

 

ზემოთმითითებული მოტივაციიდან გამომდინარე პალატა არ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას 1998-1999-2000 წლების კვების კომპენსაციის ანაზღაურების ნაწილში მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, თუმცა აქვე განმარტავს, რომ გადაწყვეტილება ზემოაღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მოსარჩელე მხარეს არ გაუსაჩივრებია. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ შეამოწმა პირველი ინსტანციის სასამართლოს 2018 წლის 12 მარტის გადაწყვეტილების კანონიერება სააპელაციო საჩივრების ფარგლებში.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ვერ იქნა გაბათილებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოებები და სამართლებრივი დასკვნები, რისი გათვალისწინებითაც, არ არსებობს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 მარტის გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.

 

8. პროცესის ხარჯები:

 

8.1 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 24-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტი განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

 

მოსამართლე:

 

შოთა გეწაძე -