განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 16.11.2018
საქმის ნომერი
330310018002524208
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
16.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330310018002524208

საქმე №3ბ/2330-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

16 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - შოთა გეწაძე

 

აპელანტი (მოსარჩელე) - კ------ ა-–-----------ი;

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;

 

დავის საგანი - სახელფასო დავალიანების ანაზღაურება;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 9 აგვისტოს გადაწყვეტილება;

 

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. დაევალოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელე კ------ ა-–-----------ის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების - 1168,78 ლარის ანაზღაურება;

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, დაეთანხმა შესაგებელში დაფიქსირებულ გარემოებებს და განმარტა, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:

3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

კ------ ა-–-----------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა;

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:

 

4.1. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის მიერ გაცემული ცნობის თანახმად, კ------ ა-–-----------ის მიმართ 1998-1999-2000 წლების ხელზე გასაცემი ხელფასი შეადგენს 328,1 ლარს, კვება - 636,6 ლარს, ჯილდო - 204 ლარს, სულ ხელზე მისღები თანხის ოდენობა შეადგენს 1168,78 ლარს. (ს.ფ.17);

 

4.2. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 1 ივნისის M---------------- წერილის თანახმად, კ------ ა-–-----------ს მისი 2018 წლის 14 მაისის N------ განცხადების პასუხად ეცნობა, რომ ვინაიდან წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დასაფარად საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესაბამისი ასიგნებები არ იყო გამოყოფილი, სამინისტრო მოკლებული იყო შესაძლებლობას დაეკმაყოფილებინა მისი მოთხოვნა სახელფასო დავალიანების ანაზღაურების შესახებ. (ს.ფ. 15);

 

5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:

 

სასამართლომ მიუთითა ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი და განმარტა, რომ აღნიშნული კანონით მოწესრიგებულია საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებული ურთიერთობები, მოსამსახურის სამართლებრივი მდგომარეობა და სწორედ ამ კანონის 57-ე მუხლით ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს ვალდებულება გასცეს შრომითი გასამრჯელო მოსამსახურეზე, რათა მან შესრულებული სამუშაოსათვის მიიღოს ანაზღაურება, ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად განისაზღვრა, რომ მოხელეთა შრომითი გასამრჯელოს ფონდის ფორმირების წყაროა შესაბამისი ბიუჯეტი. საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება იყოს მოხელის თანამდებობრივი სარგოს შემცირების საფუძველი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილ ნაწილზე და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლზე, მიუთითა რომ მხარის მოთხოვნას წარმოადგენს 1998-1999-2000 წლების სახელფასო დავალიანების ანაზღაურება და განმარტა, რომ მოსარჩელის მიმართ უნდა გავრცელდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი ხანდაზმულობის ათწლიანი ვადა (გარდა კვების კომპენსაციისა), აღნიშნული ვადა კი ათვლილი უნდა იქნეს სასამართლოში სარჩელის წარდგენის თარიღიდან უკუსვლით, მიუხედავად იმისა, თუ როდის იქნა დათხოვილი პირი სამსახურიდან. ხოლო მოთხოვნაზე - კვების კომპენსაციის ნაწილში სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული წარმოადგენს პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას. ამდენად, მოსარჩელის მიმართ უნდა გავრცელდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მეორე ნაწილით დადგენილი ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, აღნიშნული ვადა კი ასევე ათვლილი უნდა იქნეს სასამართლოში სარჩელის წარდგენის თარიღიდან უკუსვლით.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2018 წლის 1 ივნისის M---------------- წერილის შინაარსი არ განიმარტება ვალდებულების აღიარებად, რაც მოსარჩელის სასარგებლოდ იმოქმედებდა ხანდაზმულობის ვადებზე და აღნიშნული წერილი სასამართლომ მხოლოდამხოლოდ ინფორმაციული ხასიათის დოკუმენტად მიიჩნია.

 

6. კ------ ა-–-----------ის სააპელაციო მოთხოვნა:

 

6.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 9 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღების მიღებით სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება.

 

6.1. კ------ ა-–-----------ის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა ხანდაზმულობის ვადის გასვლის ფაქტი და არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მას. მიუთითებს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან დათხოვნილი იქნა 2011 წლის 13 ოქტომბერს და სამინისტრო პირდებოდა დავალიანების ანაზღაურებას.

 

7. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

7.1. სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე და მიაჩნია, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ -სამართლებრივ და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, როდესაც არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები (სსსკ-ის 394-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები), სააპელაციო სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოიტანოს გადაწყვეტილება, რა დროსაც სსსკ-ის 386-ე მუხლის მიხედვით გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო საჩივრის ძირითადი არსი უკავშირდება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საკითხის მარეგულირებელი კანონმდებლობის არასწორ გამოყენებას, ანუ არასწორ სამართლებრივ შეფასებას. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტებს, მიუთითებს მათზე, ხოლო სამართლებრივი დასაბუთების თვალსაზრისით აღნიშნავს შემდეგს:

 

პალატას დადგენილად მიაჩნია და სადავოდ არ გამხდარა ის გარემოება, რომ მოსარჩელე შრომით - სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა ადმინისტრაციულ ორგანოსთან, შესაბამისად ის წარმოადგენდა საჯარო მოხელეს და შრომით - სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებისას გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“.

 

სადავო პერიოდში მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის თანახმად, მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებს. ”სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურე სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე იმყოფება.

 

მითითებული სამართლებრივი ნორმების შესაბამისად, მუშაკის შრომითი გასამრჯელოს - ხელფასის გაცემის ვალდებულება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აკისრია კანონმდებლობის საფუძველზე, ანუ იგი ადმინისტრაციული ორგანოს კანონისმიერი ვალდებულებაა. პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული სამართლებრივი ნორმა მოსარჩელეს, როგორც მოთხოვნის უფლების მქონე პირს, ანიჭებს შესაძლებლობას მოითხოვოს სახელმწიფოსგან მიუღებელი შრომითი გასამრჯელო - ხელფასი.

 

პალატა განმარტავს, რომ სადავო პერიოდში ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით მოწესრიგებულია საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებული შრომითი ურთიერთობები. აღნიშნული კანონის 37-ე მუხლი წარმოადგენს იმ მავალდებულებელ სამართლებრივ საფუძველს, რომლის თანახმად ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაეკისროს გასცეს შრომითი გასამრჯელო მოსამსახურეზე, რათა მან შესრულებული სამუშაოსათვის მიიღოს ანაზღაურება, სწორედ ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად განისაზღვრა, რომ მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) ფონდის ფორმირების წყაროა შესაბამისი ბიუჯეტი და საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება წარმოადგენდეს მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს დაფინანსების შემცირების საფუძველს.

 

განსახილველ შემთხვევაში კ------ ა-–-----------ის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს 1998-1999-2000 წლების მიუღებელი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების დაკისრება, რაც შეადგენს 1168,78 ლარს.

 

საქმეში წარმოდგენილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 1 ივნისის M---------------- წერილით, კ------ ა-–-----------ს ეცნობა, რომ ვინაიდან წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დასაფარად საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესაბამისი ასიგნებები არ იყო გამოყოფილი, სამინისტრო მოკლებული იყო შესაძლებლობას დაეკმაყოფილებინა მისი მოთხოვნა სახელფასო დავალიანების ანაზღაურების შესახებ.

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის მიერ გაცემული ცნობით პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ 1998-1999-2000 წლების ხელზე გასაცემი ხელფასი შეადგენს 328,1 ლარს, კვება - 636,6 ლარს, ჯილდო - 204 ლარს, სულ ხელზე მისღები თანხის ოდენობა შეადგენს 1168,78 ლარს.

 

სადავო პერიოდში მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 1341-ე მუხლის (ანგარიშსწორების წესი სამსახურიდან გათავისუფლებისას) თანახმად, 2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეებზე დაწესებული კუთვნილი თანხის (გარდა ამ კანონით განსაზღვრული კომპენსაციისა) გაცემა უნდა განხორციელებულიყო დაცულ მუხლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად. შესაბამისად, აღნიშნული ნორმით კანონმდებელმა განსაზღვრა საჯარო მოსამსახურეებზე წინა წლებში წარმოქმნილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ვალდებულება. ამავე ნორმის დანაწესით, იგი არ შეიცავს საჯარო მოსამსახურისათვის განსაზღვრული კომპენსაციის ანაზღაურების ვალდებულებას.

 

პალატა ყურადღებას ამახვილებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველზე. კერძოდ, საქმის განმხილველმა სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველ ნაწილზე და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლზე, მიუთითა რომ მხარის მოთხოვნას წარმოადგენს 1998-1999-2000 წლების სახელფასო დავალიანების ანაზღაურება და განმარტა, რომ მოსარჩელის მიმართ უნდა გავრცელდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი ხანდაზმულობის ათწლიანი ვადა (გარდა კვების კომპენსაციისა), აღნიშნული ვადა კი ათვლილი უნდა იქნეს სასამართლოში სარჩელის წარდგენის თარიღიდან უკუსვლით, მიუხედავად იმისა, თუ როდის იქნა დათხოვილი პირი სამსახურიდან. ხოლო მოთხოვნაზე - კვების კომპენსაციის ნაწილში სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული წარმოადგენს პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას. ამდენად, მოსარჩელის მიმართ უნდა გავრცელდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მეორე ნაწილით დადგენილი ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, აღნიშნული ვადა კი ასევე ათვლილი უნდა იქნეს სასამართლოში სარჩელის წარდგენის თარიღიდან უკუსვლით.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2018 წლის 1 ივნისის M---------------- წერილის შინაარსი არ განიმარტება ვალდებულების აღიარებად, რაც მოსარჩელის სასარგებლოდ იმოქმედებდა ხანდაზმულობის ვადებზე და აღნიშნული წერილი სასამართლომ მხოლოდამხოლოდ ინფორმაციული ხასიათის დოკუმენტად მიიჩნია.

 

პალატა ვერ გაიზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და ყურადღებას ამახვილებს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესზე, რომლის შემოღებით კანონმდებელმა განსაზღვრა სამოქალაქო უფლების დაცვის გარკვეული ვადებით შეზღუდვის აუცილებლობა, რომელიც მყარ სამოქალაქო ბრუნვაზეა ორიენტირებული და მოთხოვნის ხანდაზმულობის ამა თუ იმ ვადის გასვლით, მხარე კარგავს იმ სამართლებრივ ბერკეტებს, რომელთა საშუალებითაც მას შესაძლებლობა ჰქონდა, მოეხდინა მისი მოთხოვნის იძულებით აღსრულება. ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა.

 

პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის მიერ გაცემულ 2018 წლის 24 მაისის N------------------ ცნობაზე, რომლის თანახმად, კ------ ა-–-----------ის მიმართ 1998-1999-2000 წლების ხელზე გასაცემი ხელფასი შეადგენს 328,1 ლარს, კვება -636,6 ლარს, ჯილდო - 204 ლარს, სულ ხელზე მისღები თანხის ოდენობა შეადგენს 1168,78 ლარს. აღნიშნული წერილი, თავისი შინაარსი, პალატის მოსაზრებით, ცალსახად წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხრიდან დავალიანების აღიარებს.

 

პალატა განმარტავს, რომ მართალია საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის მიერ გაცემულ 2018 წლის 24 მაისის N------------------ ცნობით დავალიანების აღიარება მოხდა ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, თუმცა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები ცალსახად ადგენენ, რომ თუ ვალდებულმა პირმა მოვალეობა შეასრულა ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, მას არა აქვს უფლება მოითხოვოს შესრულებულის დაბრუნება, თუნდაც მოვალეობის შესრულების მომენტში მას არ სცოდნოდა, რომ ხანდაზმულობის ვადა გასული იყო. იგივე წესი გამოიყენება ვალდებული პირის აღიარებისა და უზრუნველყოფის საშუალებათა მიმართაც.

 

პალატა განმარტავს, რომ ვალდებული პირის მიერ ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალის აღიარების შემთხვევაში, ხანდაზმულობის ვადის დენა თავიდან იწყება და მოვალეს უფლება არ აქვს უარი განაცხადოს ვალდებულების შესრულებაზე. განსახილველ შემთხვევაში, ვალი აღიარებულია 2017 წლის 24 მაისს, რა დროიდანაც ხანდაზმულობის ვადის დენა დაიწყო თავიდან, ხოლო სარჩელი აღძრულია 2018 წლის 5 ივლისს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა არ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით.

 

პალატა კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებული პირის მიერ ხანდაზმული მოთხოვნის შესრულების შემდეგ მას არა აქვს უფლება, მოითხოვოს შესრულების დაბრუნება, თუნდაც მოვალეობის შესრულების მომენტში მას არ სცოდნოდა, რომ ხანდაზმულობის ვადა გასული იყო. აღნიშნული დანაწესი სწორედ სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული პრინციპიდან გამომდინარეობს, რომლის თანახმადაც, ხანდაზმული მოთხოვნა, მართალია, განუხორციელებადია, მაგრამ ის კოდექსის 144-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ გარკვეულ გარემოებათა არსებობისას შესრულებადი რჩება. ხანდაზმულობის ვადის გასვლისას 144-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით დადგენილი შედეგები მაშინაც დგება, როდესაც ვალდებული პირი აღიარებს ვალს და კრედიტორი ვალდებულების უზრუნველსაყოფად განახორციელებს შესაბამის ქმედებას ან გამოიყენებს ვალდებულების უზრუნველყოფის საშუალებებს.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ აპელანტ კ------ ა-–-----------ის სააპელაციო მოთხოვნა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მის სასარგებლოდ წარმოშობილი სახელფასო დავალიანების - 1168,78 ლარის ლარის ანაზღაურების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.

 

8. პროცესის ხარჯები:

 

8.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის შესაბამისად მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 24-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. კ------ ა-–-----------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 9 აგვისტოს გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

 

3. კ------ ა-–-----------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

4. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალოს კ------ ა-–-----------ის სასარგებლოდ მისთვის 1998, 1999, 2000 წლების სახელფასო დავალიანების - 1168,78 ლარის ანაზღაურება.

 

5. მხარეები განთავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

 

მოსამართლე:

 

შოთა გეწაძე -