განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 16.11.2018
საქმის ნომერი
330310017002210481
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
16.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330310017002210481

საქმე N3ბ/2679-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

16 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - შოთა გეწაძე

 

აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიცია;

წარმომადგენელი - ლ--–--------–-–---–--

 

აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;

წარმომადგენელი - ბ---------------

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - გ-------– ა----–--ე;

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების არარა აქტებად აღიარება, თანამდებობაზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება;

 

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 7 მარტის №5----- შვებულებების, მივლინებების შეწყვეტის, თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ ბრძანების არარა აქტად აღიარება.

 

1.2. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 11 ივლისის №1------ შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ ბრძანების არარა აქტად აღიარება.

 

1.3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციას დაევალოს გამოსცეს ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი, გ-------– ა----–--ის სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საორგანიზაციო უზრუნველყოფის სამმართველოს საპროტოკოლო ღონისძიებების უზრუნველყოფისა და ტექნიკური მომსახურების სამსახურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორის ან მის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ.

 

1.4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციას დაეკისროს იძულებითი გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელოს (განაცდური), გათავისუფლების დღიდან, მისი სამსახურში აღდგენის დღემდე, ანაზღაურება.

 

2. მოპასუხეების პოზიცია:

 

2.1. მოპასუხეების - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებმა სარჩელი არ ცნეს, მხარი დაუჭირეს საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტეს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მათი არარა აქტებად ცნობის, ახალი აქტის გამოცემის და განაცდური თანხის გაცემის სამართლებრივი საფუძველი.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:

3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

გ-------– ა----–--ის სარჩელი დაკმაყოფილდა. არარა აქტად იქნა ცნობილი თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 7 მარტის №5----- ბრძანება. არარა აქტად იქნა ცნობილი შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 11 ივლისის №1------ ბრძანება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციას დაევალა ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა, გ-------– ა----–--ის სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საორგანიზაციო უზრუნველყოფის სამმართველოს საპროტოკოლო ღონისძიებების უზრუნველყოფისა და ტექნიკური მომსახურების სამსახურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორის ან მის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ. შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციას დაეკისროს იძულებითი გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელოს (განაცდური) ანაზღაურება, მოსარჩელის გათავისუფლების დღიდან, მისი სამსახურში აღდგენის დღემდე პერიოდში.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:

 

4.1 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 26 ნოემბრის №2------ შვებულებების, მივლინებების შეწყვეტის, თანამდებობიდან გათავისუფლების და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ ბრძანების შესაბამისად, ,,პოლიციის შესახებ’’ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის I პუნქტის ,,ბ’’ (შტატების შემცირების ან რეორგანიზაციის დროს, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება) ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის, ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული წესის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ (შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რასაც თან სდევს შტატების შემცირება) საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა’’, ,,ე’’ და ,,ნ’’ ქვეპუნქტების და საქართველოს პრეზიდენტის 2016 წლის 18 ნოემბრის №-------- განკარგულების შესაბამისად, საქართველოს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ადმინისტრაციის (მთავარი სამმართველო) საპროტოკოლო ღონისძიებების უზრუნველყოფისა და ტექნიკური მომსახურების სამსახურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი, გ-------– ზ------ის ძე ა----–--ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილი იქნა შსს კადრების განკარგულებაში. საფუძველი - შს მინისტრის 2016 წლის 26 ნოემბრის №--- საშტატო - საორგანიზაციო ბრძანება (ს.ფ. 100).

 

4.2 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 26 ნოემბრის №------- მოვალეობის დროებით შესრულების დაკისრების შესახებ ბრძანების თანახმად, ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსხურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული წესის 30-ე მუხლის, ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა’’ და ,,ნ’’ ქვეპუნქტების და საქართველოს პრეზიდენტის 2016 წლის 18 ნოემბრის №-------- განკარგულების შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების განკარგულებაში მყოფ, საქართველოს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ყოფილი ადმინისტრაციის (მთავარი სამმართველო) საპროტოკოლო ღონისძიებების უზრუნველყოფისა და ტექნიკური მომსახურების სამსახურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორს - გ-------– ზ------ის ძე ა----–--ეს დაეკისრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საორგანიზაციო უზრუნველყოფის სამმართველოს საპროტოკოლო ღონისძიებების უზრუნველყოფისა და ტექნიკური მომსახურების სამსახურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორის მოვალეობის დროებით შესრულება. საფუძველი - შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობის განკარგულება. (ს.ფ. 99).

 

4.3. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 14 დეკემბრის №------- თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ბრძანებიდან ამონაწერის თანახმად, ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა’’, ,,ე’’ და ,,ნ’’ ქვეპუნქტების შესაბამისად, შსს კადრების განკარგულებაში მყოფ, შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საორგანიზაციო უზრუნველყოფის სამმართველოს საპროტოკოლო ღონისძიებების უზრუნველყოფისა და ტექნიკური მომსახურების სამსახურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორის მოვალეობის დროებით შემსრულებელს - გ-------– ზ------ის ძე ა----–--ეს შეუწყდა შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 26 ნოემბრის №------- ბრძანებით დაკისრებული მოვალეობის შესრულება და დაინიშნა შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საორგანიზაციო უზრუნველყოფის სამმართველოს საპროტოკოლო ღონისძიებების უზრუნველყოფისა და ტექნიკური მომსახურების სამსახურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორად. საფუძველი - შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის 2016 წლის 14 დეკემბრის პატაკი (ს.ფ. 98).

 

4.4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 7 მარტის №5----- შვებულებების მივლინებების, შეწყვეტის, თანამდებობიდან გათავისუფლების და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ ბრძანებიდან ამონაწერით დგინდება, რომ ,,პოლიციის შესახებ’’ საქართველოს კანონის 42-ე მუცლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ (შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება) ქვეპუნქტების, ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული წესის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის და ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა’’, ,,ე’’ და ,,ნ’’ ქვეპუნქტების შესაბამისად, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საორგანიზაციო უზრუნველყოფის სამმართველოს საპროტოკოლო ღონისძიებების უზრუნველყოფისა და ტექნიკური მომსახურების სამსახურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი - გ-------– ზ------ის ძე ა----–--ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილი იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების განკარგულებაში. საფუძველი - შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 7 მარტის №--- საშტატო - საორგანიზაციო ბრძანება. (ს.ფ. 29).

 

4.5. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 11 ივლისის №1------ შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ ბრძანებიდან ამონაწერის თანახმად - ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული წესის 35-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის (კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო) და ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა’’, ,,ე’’, ,,ზ’’ და ,,ნ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების განკარგულებაში მყოფი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საორგანიზაციო უზრუნველყოფის სამმართველოს საპროტოკოლო ღონისძიებების უზრუნველყოფისა და ტექნიკური მომსახურების სამსახურის ყოფილი განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი - გ-------– ზ------ის ძე ა----–--ე დათხოვნილი იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან (ს.ფ. 31).

 

5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:

 

5.1. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანების 71-ე მუხლში არის ჩამონათვალი სამინისტროს სისტემაში სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის, თანამდებობაზე დანიშვნის, თანამდებობიდან გათავისუფლების, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის, სამხედრო და სპეციალური წოდებების მინიჭებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირების შესახებ. ამავე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად - მინისტრის ბრძანებით თანამდებობაზე ინიშნებიან, თანამდებობიდან თავისუფლდებიან და შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნილ იქნებიან სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების და სსიპ-ების ხელმძღვანელები, აგრეთვე მათი მოადგილეები. აღსანიშნავია, რომ ამ მუხლის არც ერთი პუნქტი არ შეიცავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის თანამშრომლის თანამდებობაზე დანიშვნის ან თანამდებობიდან გათავისუფლების უფლებამოსილებას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანების მე-7 მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს სასაზღვრო პოლიციის უფროსის უფლებამოსილებებს, კერძოდ, ,,ლ’’ ქვეპუნქტის თანახმად - სასაზღვრო პოლიციის სამსახურში საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ნიშნავს, გადაადგილებს და ათავისუფლებს, შვებულებაში უშვებს და შვებულებიდან იძახებს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეებს.

 

სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის, შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, რომლის კომპეტენციაშიც აღნიშნული გადაწყვეტილებების მიღება არ შედიოდა. მართალია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიცია შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფია, თუმცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში დასაქმებულ პირთა დანიშვნა - გათავისუფლება დეტალურად არის გაწერილი კანონმდებლობით და აღნიშნული უფლებამოსილება მინიჭებული აქვს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 7 მარტის №5----- ბრძანება და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 11 ივლისის №1------ ბრძანება მიღებულია არაუფლებამოსილი პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ, რაც მოცემული სადავო აქტების არარა აქტებად აღიარების წინაპირობა გახდა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვინაიდან მოსარჩელის მიმართ გამოცემული აქტები ცნობილი იქნა არარად და იგი აღდგენილი იქნა სამსახურში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციას დაეკისრა იძულებითი გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელოს (განაცდურის) ანაზღაურება, გათავისუფლების დღიდან, მისი სამსახურში აღდგენის დღემდე პერიოდში.

 

6. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციას სააპელაციო მოთხოვნა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

6.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, საქართველოს სასაზღვრო პოლიცია არის არა ცალკე განყენებული სტრუქტურული ერთეული, არამედ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენელი ნაწილი. მთავრობა აღმასრულებელ ხელისუფლებას ახორციელებს სამინისტროების, მათი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების, მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების გასამხედროებული დაწესებულების, აგრეთვე სპეციალური დანიშნულების სხვა სახელმწიფო დაწესებულებების მეშვეობით. ამდენად, სამინისტრო წარმოადგენს ერთიან სისტემას და იგი თავის უფლებამოსილებას ახორციელებს სტრუქტურული ქვედანაყოფების საშუალებით.

 

აპელანტი ყურადღებას ამახვილებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის ბრძანებაზე და აღნიშნავს, რომ სასაზღვრო პოლიციის საშტატო განრიგს ამტკიცებს მინისტრი. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი აწესრიგებს სამინისტროს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს ქვედანაყოფების ხელმძღვანელებსა და სხვა თანამშრომლებს, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს ბრძანებებს.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლის განმარტებით, იმ პირობებში, როდესაც საქართველოს სასაზღვრო პოლიცია ფუნქციონირებს სამინისტროს სისტემაში, როგორც ერთიანი სისტემის შემადგენელი ნაწილი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი უფლებამოსილი იყო მიეღო გადაწყვეტილება მის დაქვემდებარებაში არსებული პირების დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე.

 

7. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო მოთხოვნა:

 

გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

7.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

სააპელაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის შესაბამისად, სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას მისი კომპეტენციისათვის მიკუთვნებულ საკითხებზე. აღნიშნული კანონის 25-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების დებულებას ამტკიცებს მინისტრი და შესაბამისად, განსაზღვრავს საშტატო განრიგს. აღნიშნული კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის "დ" ქვეპუნქტის შესაბამისად, მინისტრი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საშტატო ნუსხით განსაზღვრულ მოხელეებს, ტერიტორიულ ორგანოთა მოხელეებს, მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებს, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა ადმინისტრაციული ხელშეკრულებით ან შრომითი ხელშეკრულებით სამსახურში იღებს სხვა საჯარო მოსამსახურეებს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ მინისტრი როგორც საქვეუწყებო დაწესებულების დებულებისა და საშტატო ნუსხის განმსაზღვრელი პირი, ასევე აღნიშნული კანონის შესაბამისად უფლებამოსილია განახორციელოს საშტატო ნუსხით განსაზღვრული პირების დანიშვნა და გათავისუფლება.

 

წარმომადგენლის განმარტებით, "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პრქტიკაში ეფექტური რეალიზაციის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ მიღებული იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ 2016 წლის 21 ივნისის N786 ბრძანება, რომლითაც მინისტრის მიერ მოხელეების დანიშვნის უფლებამოსილება ასევე დელეგირებული იქნა სასაზღვრო პოლიციის უფროსზე, კერძოდ, ამავე ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის "ლ" ქვეპუნქტის შესაბამისად, სასაზღვრო პოლიციის უფროსი, სასაზღვრო პოლიციის სამსახურში საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობაზე ნიშნავს, გადაადგილებს და ათავისუფლებს, შვებულებაში უშვებს და შვებულებიდან იძახებს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეებს; აღნიშნული უფლებამოსილების კონკრეტიზაცია არის ასევე მოცემული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 13 დეკემბრის N1014 ბრძანებაში, რომლის 34-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სასაზღვრო პოლიციის უფროსი ან სხვა უფლებამოსილი პირი.

 

წარმომადგენლის განმარტებით, აღნიშნული მუხლის დეფინიცია მიზნად ისახავს სასაზღვრო პოლიციის უფროსისათვის უფლებამოსილების დელეგირებასა და ამავე დროს მინისტრისათვის დელეგირებული უფლებამოსილების შენარჩუნებას. მიაჩნია, რომ სწორედ ამიტომ მიიღო ნორმამ მსგავისი ნორმატიული შინაარსი, რომ სასაზღვრო პოლიციის უფროსის გარდა მოხელის თანამდებობიდან გათვისუფლების უფლებამოსილება ასევე გააჩნია "სხვა უფლებამოსილ პირს" - შს მინისტრს. წარმომადგენლის მოსაზრებით, რომ არა მსგავსი ჩანაწერი, აღნიშნული ბრძანებები როგორც კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, წინააღმდეგობაში მოვიდოდა "საქართველოს მთავრობის ტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის დანაწესთან, რომელიც მინისტრს საქვეუწყებო დაწესებულების საშტატო ნუსხით გათვალისწინებული მოხეების დანიშვნისა და გათავისუფლების უფლებამოსილებას ანიჭებს.

 

8. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

8.1. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

 

პალატა მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, საჯარო სამსახური (შემდგომ - სამსახური) არის საქმიანობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო თანამდებობა არის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც განსაზღვრავს მოქალაქის ადგილსა და სოციალურ-შრომით როლს საჯარო სამსახურის სისტემაში, მის უფლებებსა და მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, ხოლო მე-4 პუნქტით სახელმწიფო თანამდებობაზე საქმიანობად ითვლება შრომითი ურთიერთობა არჩევით ან დანიშვნით თანამდებობაზე იმ დაწესებულებაში, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებს საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებას, სახელმწიფო ზედამხედველობას და კონტროლს, აგრეთვე სახელმწიფო თავდაცვას.

 

პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ გ-------– ა----–--ეს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციიდან გათავისუფლებამდე ეკავა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საორგანიზაციო უზრუნველყოფის სამმართველოს საპროტოკოლო ღონისძიებების უზრუნველყოფისა და ტექნიკური მომსახურების სამსახურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორის თანამდებობა. შესაბამისად იგი წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს და მასზე ვრცელდებოდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი.

 

პალატა მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულებაზე, რომლის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სამინისტრო ეფუძნება ერთმმართველობის პრინციპს. სამინისტროს ერთიანი სისტემის შემადგენლობაშია: სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები, ტერიტორიული ორგანოები, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიცია და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები. ამავე დადგენილების მე-5 მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად - მინისტრი თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სამინისტროს ქვედანაყოფების ხელმძღვანელებსა და სხვა თანამშრომლებს, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს; დასანიშნად წარუდგენს პრემიერ-მინისტრს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელს.

 

პალატა მიუთითებს ასევე ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებაზე, რომელიც განსაზღვრავს სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელობას, სტრუქტურას და საქმიანობის ორგანიზებას, კერძოდ მე-6 მუხლის მე-2 ნაწილით სასაზღვრო პოლიციას მართავს და ხელმძღვანელობს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, რომელსაც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ- მინისტრი.

 

განსახილველ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ ზემოთხსენებული ნორმებიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა მინისტრს აქვს უფლებამოსილება თანამდებობაზე დანიშნოს და გაათავისუფლოს თანამშრომლები, თუმცა ეს არ შეიძლება გაგებული იქნეს იმგვარად, რომ ეს უფლებამოსილება ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ყველა თანამშრომელზე.

 

პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემრის №995 ბრძანების 71-ე მუხლში არის ჩამონათვალი სამინისტროს სისტემაში სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის, თანამდებობაზე დანიშვნის, თანამდებობიდან გათავისუფლების, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის, სამხედრო და სპეციალური წოდებების მინიჭებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირების შესახებ. ამავე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად - მინისტრის ბრძანებით თანამდებობაზე ინიშნებიან, თანამდებობიდან თავისუფლდებიან და შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნილ იქნებიან სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების და სსიპ-ების ხელმძღვანელები, აგრეთვე მათი მოადგილეები. აღსანიშნავია, რომ ამ მუხლის არც ერთი პუნქტი არ შეიცავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის თანამშრომლის თანამდებობაზე დანიშვნის ან თანამდებობიდან გათავისუფლების უფლებამოსილებას.

 

პალატა მიუთითებს რომ ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანების მე-7 მუხლი განსაზღვრავს სასაზღვრო პოლიციის უფროსის უფლებამოსილებებს, კერძოდ, ,,ლ’’ ქვეპუნქტის თანახმად - სასაზღვრო პოლიციის სამსახურში საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ნიშნავს, გადაადგილებს და ათავისუფლებს, შვებულებაში უშვებს და შვებულებიდან იძახებს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეებს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო მართებულად დაეთანხმა მოპასუხეთა იმ პოზიციას, რომ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება წარმოადგენს სამინისტროს მმართველობაში შემავალ ერთეულს. ასევე იმ განმარტებას, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი აწესრიგებს სამინისტროს გამგებლობაში შემავალ საკითხებს და თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სამინისტროს ქვედანაყოფების ხელმძღვანელებსა და სხვა თანამშრომლებს, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს, წაახალისებს და დისციპლინურ პასუხიმგებლობას აკისრებს სამინისტროს თანამშრომლებს და კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს ბრძანებებს, მაგრამ სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ საკითხზე, რომ მინისტრი, ზემოთ მითითებული უფლებამოსილების განხორცილებისას შეზღუდულია კანონმდებლობით მისთვის განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებით.

 

სადავო არ არის, რომ მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის, შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, რომლის კომპეტენციაშიც აღნიშნული გადაწყვეტილებების მიღება არ შედიოდა. პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ მართალია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიცია შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფია, თუმცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში დასაქმებულ პირთა დანიშვნა - გათავისუფლება დეტალურად არის გაწერილი კანონმდებლობით და აღნიშნული უფლებამოსილება მინიჭებული აქვს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსს.

 

პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ განმარტებას, რომ მოსარჩელე გ-------– ა----–--ის კადრების განკარგულებაში გადაყვანისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ ბრძანების გამოცემის უფლებამოსილება გააჩნდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსს და არა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გაამახვილა ყურადღება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლზე და ასევე მართებულად განმარტა, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის კანონის მოთხოვნათა დარღვევით გამოცემა ყოველთვის არ წარმოშობს მისი არარა აქტად ცნობის საფუძველს. როგორც კანონიერი, ისე უკანონო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი, განსხვავებით არარა ადმინისტრაციული აქტისაგან, მისი გამოცემის მომენტიდან იძენს შესასრულებლად სავალდებულო ძალას - საჩივრისა და სარჩელის შეტანის ვადის გასვლის შემდეგ ხდება შესასრულებლად სავალდებულო ძალის მქონე, ხოლო არარა აქტი გამოცემისთანავე არარაა, ვერ ახდენს იურიდიულ ზემოქმედებას, ანუ იურიდიული ძალის არმქონეა, არ შეუძლია შეცვალოს სამართლებრივი მდგომარეობა.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის განხილველმა სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 7 მარტის №5----- ბრძანება და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 11 ივლისის №1------ ბრძანება მიღებულია არაუფლებამოსილი პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ, რაც მოცემული სადავო აქტების არარა აქტებად აღიარების წინაპირობაა.

 

პალატა აქვე ყურადღებას ამახვილებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მოხელე აღდგენილი უნდა იქნეს გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე. ნებისმიერ შემთხვევაში პირის თანამდებობაზე აღდგენა თავისთავში გულისხმობს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას, ანუ პირის იმ თანამდებობაზე დაბრუნებას, საიდანაც ის გათავისუფლებული იქნა.

 

პალატა ასევე ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ მოსაზრებას, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციას უნდა დაევალოს გამოსცეს ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი, რომლითაც გ-------– ა----–--ე აღდგება სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საორგანიზაციო უზრუნველყოფის სამმართველოს საპროტოკოლო ღონისძიებების უზრუნველყოფისა და ტექნიკური მომსახურების სამსახურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორის ან მის ტოლფას თანამდებობაზე.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელის მიმართ გამოცემული აქტები სასამართლოს მიერ ცნობილი იქნა არარად და იგი აღდგენილი იქნა სამსახურში, სასამართლომ ასევე სწორად გადაწყვიტა განაცდურის ანაზღაურების საკითხიც და დააკისრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციას იძულებითი გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელოს (განაცდურის) ანაზღაურება, გათავისუფლების დღიდან, მისი სამსახურში აღდგენის დღემდე პერიოდში.

 

ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, აპელანტების მიერ არ ყოფილა მითითებული გარემოებებზე და წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3-ე მუხლის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, რისი გათვალისწინებითაც უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება.

 

9. პროცესის ხარჯები:

 

9.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის, ასევე, მოპასუხე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, აპელანტები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს ანაზღაურებს სახელმწიფო.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-ე, 24-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

 

2. ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება;

 

3. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

 

მოსამართლე:

 

შოთა გეწაძე -