განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210014656460
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/236-18 16 ოქტომბერი, 2018 წელი
თავმჯდომარე - თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები - თამარ ალანია
ქეთევან მესხიშვილი
სხდომის მდივანი – ოთარ ჯუგაშვილი
აპელანტი - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო (მოსარჩელე)
წარმომადგენელი - მ----------------
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ს-----–----–-------------------------“ (მოპასუხე)
წარმომადგენელი - თ---------------–---–-
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 28.11.2017წ. გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
სასარჩელო მოთხოვნა:
1. შპს "ს-----–----–-- კ-------- „რ----------“-ს ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებისთვის დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების შესახებ 2----–-–-----------ს №-------- ხელშეკრულების ჯამური ღირებულების - 300 000 ლარის 2%-ის - 6 000 ლარის ოდენობით;
2. შპს "ს-----–----–-- კ-------- „რ----------“-ს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისროს უსაფუძვლოდ მიღებული 44 000 ლარის უკან დაბრუნება.
სარჩელის საფუძვლები:
2. მხარეთა შორის გაფორმებულია 2----–-–-----------ს „სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების შესახებ“ №-------- ხელშეკრულება, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2012 წლის 14 აგვისტოს ჩათვლით; ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა შპს "ს-----–----–-- კ-------- „რ-----------“-ის საკუთრებაში არსებულ მეორე არხზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ საეთერო დროის შესყიდვა და ამ შესყიდული დროის ფარგლებში და შპს "ს-----–----–-- კ-------- „რ----------“-ის საკუთრებაში არსებული საგანმანათლებლო და შემეცნებითი პროგრამების განთავსება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მითითებით. ხელშეკრულების თანახმად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ვალდებული იყო გადაეხადა ხელშეკრულების ღირებულება - 300 000 ლარი საავანსო საბანკო გარანტიის სახით, ხოლო შპს "ს-----–----–-- კ-------- „რ----------“ იღებდა ვალდებულებას ხელშეკრულების ღირებულების შესაბამისი მომსახურების გაწევისთვის ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დასადასტურებლად წარედგინა მედია-გეგმა ან/და სხვა შესაბამისი საბუთები. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ხელშეკრულების ღირებულების გადახდა განხორციელდა 2012 წლის 25 მაისს, მაგრამ შპს "ს-----–----–-- კ-------- „რ----------“-ის მიერ ვალდებულების სრულყოფილად შესრულება არ განხორციელებულა. წარდგენილი მედია-გეგმის თანახმად, სამი გადაცემა: „წ----------------------“, „ს--–-------–--------------–----–-----------“ და „დ-----–-–------“, იყო მზადების პროცესში და მათი გასვლა ეთერში არ მომხდარა. აღნიშნული გადაცემების საერთო ღირებულებაა 44 000 ლარი.
მოსარჩელის განმარტებით, ხელშეკრულებასთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფინანსური აუდიტის ანგარიშით (2012 წლის 1 იანვარი - 2012 წლის 31 დეკემბერი) გამოვლინდა დარღვევები, კერძოდ, მედია-გეგმაში დაფიქსირებული გადაცემების შესაბამისობა ვერ დგინდება ხელშეკრულების პირობებთან, ამასთან, 44 000 ლარის ღირებულების სამი პროგრამის ეთერში გასვლა არ დასტურდება.
მოპასუხის პოზიცია:
3. მოპასუხემ არ სცნო სარჩელი და განმარტა, რომ მხარეთა შორის 2012 წლის 14 აგვისტოს გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, სადაც მოსარჩელემ ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად დააფიქსირა ფაქტი იმის შესახებ, რომ მან მიმწოდებლისგან ანუ რ-----------სგან სრულყოფილად მიიღო 2----–-–-----------ს №-------- ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურეობა და რომ აღნიშნულთან დაკავშირებით პრეტენზიები არ გააჩნია. აღნიშნული აქტის ნამდვილობა მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია; მოპასუხის განმარტებით, ს-----–----–-- კ-------- „რ----------“-ის მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრება იმ პირობებში, როდესაც თავად მოსარჩელე 2012 წლის 14 აგვისტოს მიღება-ჩაბარების აქტით აღიარებს რ------------ის მიერ გაწეულ შესრულებას ჯეროვნად და სრულყოფილად, დაუშვებელია და არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი. უსაფუძვლოა მოსარჩელის მსჯელობა ხელშეკრულების რ------------ის მიერ ნაკისრი ვალდებულების ხელშეკრულებით განსაზღვრულ დროში შეუსრულებლობაზე და ამის გამო მოთხოვნილი თანხის 44 000 ლარის უკან დაბრუნების თაობაზე.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 28.11.2017წ. გადაწყვეტილებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სარჩელი შპს „ს-----–----–-------------------------“-ის მიმართ არ დაკმაყოფილდა.
4.1. 2012 წლის 14 მაისს ერთის მხრივ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს („შემსყიდველი“) და მეორეს მხრივ, შპს "ს-----–----–-- კ--------
„რ----------“-ს („მიმწოდებელი“) შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების შესახებ №-------- ხელშეკრულება.
ხელშეკრულების მე-3 მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს "ს-----–----–-- კ-------- „რ----------“-ის საკუთრებაში არსებულ მეორე არხზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ საეთერო დროის შესყიდვა და ამ შესყიდული დროის ფარგლებში შპს "ს-----–----–-- კ-------- „რ---------“-ის საკუთრებაში არსებული საგანმანათლებლო და შემეცნებითი პროგრამების განთავსება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მითითებით.
ხელშეკრულების მე-4 მუხლი განსაზღვრავს, რომ ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს 300 000 ლარს. შემსყიდველი ავანსის სახით გადაურიცხავს მიმწოდებელს წინამდებარე სახელშეკრულებო ღირებულებას, შესაბამისი საავანსო საბანკო გარანტიის საფუძველზე. ამავე მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულების ღირებულების მომსახურების გაწევისთვის ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დასადასტურებლად წარდგენილი უნდა იყოს მედია-გეგმა და/ან სხვა შესაბამისი საბუთები. მომსახურების დასრულებისას, მხარეებს შორის უნდა შედგეს შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი და გამოწერილ იქნეს ანგარიშ-ფაქტურა კანონით დადგენილ ვადებში.
ხელშეკრულების მე-6 მუხლით, შესყიდვის ობიექტის მიღება ფორმდება მომსახურების გაწევის შემდგომ მიღება-ჩაბარების აქტით, რის საფუძველზეც „მიმწოდებელი“ „შემსყიდველს“ წარუდგენს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურას საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესითა და ვადებში.
ხელშეკრულების 14.3 მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არასრულად ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მხარე, რომლის მიერ არასრულად და/ან არაჯეროვნად იქნა შესრულებული სახელშეკრულებო ვალდებულება, ვალდებულია მეორე მხარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე გადაიხადოს პირგასამტეხლო ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 2%-ის ოდენობით. ამავე მუხლის 14.4 პუნქტი კი ადგენს, რომ პირგასამტეხლოს გადახდა არ ათავისუფლებს მხარეებს ძირითადი ვალდებულების შესრულებისგან. ხელშეკრულების მე-17 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2012 წლის 14 აგვისტოს ჩათვლით.
4.2. 2----–-–-----------ს №-------- ხელშეკრულების საფუძველზე 300 000 ლარის საგარანტიო თანხის ოდენობით საავანსო საბანკო გარანტია №------------ გაიცა სს „ს----------–---------ს“ მიერ. საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა არის: 17 სექტემბერი, 2012 წელი.
4.3. 300 000 ლარი შემსყიდველმა გადაურიცხა მიმწოდებელს.
4.4. 2012 წლის 14 აგვისტოს გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი №ა---------- ერთის მხრივ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ს------------------- უ--------------- ს-----------–--- მ------- ს--–---–---- ნ-----–- პ-----ს და მეორე მხრივ შპს ს-----–----–-- კ-------- „რ----------“-ის გენერალურ დირექტორ გ------- გ---–---ს შორის.მიღება -ჩაბარების აქტი გაფორმდა შემდეგზე:
1. მიმწოდებელმა სრულყოფილად შეასრულა №-------- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ხოლო შემსყიდველი ადასტურებს, რომ მან სრულყოფილად მიიღო მიმწოდებლისგან №-------- ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება
300 000 ლარის ღირებულების ოდენობით.
2. მხარეები ადასტურებენ, რომ ერთმანეთის მიმართ პრეტენზიები არ გააჩნიათ.
4.5. ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულება, კერძოდ მედია-გეგმა "ს-----–----–-- კ-------- „რ----------“-მა გადასცა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, რომლის შესაბამისადაც, სადავოდ გამხდარი სამი გადაცემის ჯამური ღირებულება შეადგენდა 44 000 ლარს.
4.6. მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისას გადაცემები - „წ--------------------“, „ს--–-------–--------------–----–-----------“ და „დ-----–-–------“ იყო მზადების პროცესში, რომლის მიუხედავადაც შემსყიდველმა მიიღო 300 000 ლარის ღირებულების მომსახურება.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია მოპასუხის მხრიდან შესრულების ფაქტი. მართალია, შესრულება არ არის ამ ეტაპისთვის სრულყოფილი, თუმცა აღნიშნულის მიუხედავად, ხდება შესრულების მიღების დადასტურება. რაც შეეხება ხელმოწერის ფაქტს სამინისტროს მხრიდან და ხელმომწერის უფლებამოსილებას, მოსარჩელემ ვერ დაუდასტურა სასამართლოს, რომ ხელმომწერი პირი არ იყო უფლებამოსილი შეესრულებინა აღნიშნული მოქმედება, მით უფრო, რომ მიღება-ჩაბარების აქტი ასევე დამოწმებულია სამინისტროს ბეჭდით. ამასთან, აღნიშნული აქტი სადავოდ არ გაუხდია თავად სამინისტროს. უფრო მეტიც, სამინისტრომ მხოლოდ ერთი წლის შემდგომ მიმართა პრეტენზიის წერილებით მიმწოდებელს პირველად (ს.ფ. 86), რის შემდეგადაც კიდევ დაახლოებით 5 თვის განმავლობაში პრეტენზია აღარ გამოუხატავს (ს.ფ. 89-90). სასამართლომ ასევე ყურადღება გაამახვილა შპს "ს-----–----–-- კ-------- „რ----------“- ის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომლის შესაბამისადაც, გადაცემები ეთერში გავიდა. აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება მოსარჩელეს არ წარმოუდგენია.
4.7. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და განმარტა, რომ თუკი მოვალე გადააცილებს ვალდებულების შესრულების დროს ან შეასრულებს მას არაჯეროვნად (ვთქვათ, შეასრულებს მხოლოდ ნაწილს ან/და არასრულად), ეს განიხილება ვალდებულების დარღვევად. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის აღნიშნული განმარტება და დაეყრდნო საქმეში წარმოდგენილ მიღება -ჩაბარების აქტს, რომლითაც შემსყიდველი ადასტურებდა 300 000 ლარის ოდენობით მომსახურების სრულად მიღებას.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლზე და განმარტა, რომ ვერ დაადგინა მოპასუხის უსაფუძვლოდ გამდიდრების ფაქტი. მოპასუხემ თანხა მიიღო იმ შესრულებისთვის, რაც გაუწია მოსარჩელეს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მიღება- ჩაბარების აქტით.
4.8. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა. ვინაიდან სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება მოპასუხის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევების თაობაზე, არ არსებობს პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი.
აპელანტის მოთხოვნა და საფუძვლები:
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 28.11.2017წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრომ და მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
5.1. სასამართლომ არასწორად არ დაადგინა, რომ შპს "ს-----–----–-- კ-------- "რ----------"-ის მიერ ხელშეკრულება შესრულებულია არაჯეროვნად. კერძოდ, მოპასუხის მიერ წარმოდგენილ მედია გეგმაში ფიქსირდება 44 000 ლარის ღირებულების 3 გადაცემა, რომლებიც იყო მზადების პროცესში და მათი ეთერში გასვლა არ დასტურდება მედია-გეგმით. მოპასუხის წარმომადგენელმა, სასამართლო სხდომაზე თავად აღნიშნა, რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში 44 000 ლარის ღირებულების გადაცემები ეთერში არ გასულა. ამასთან, მხარეებს შორის 2012 წლის 14 აგვისტოს N--------- მიღება-ჩაბარების აქტი (შემდგომში - მიღება-ჩაბარების აქტი) გაფორმდა სწორედ ზემოაღნიშნული მედია-გეგმის საფუძველზე.
5.2. სასამართლომ არ დაადგინა ის გარემოება, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს არ მიუღია შესყიდული მომსახურების შესრულება ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით. კერძოდ სამინისტროს მხრიდან მიღება-ჩაბარების აქტს ხელს აწერს არაუფლებამოსილი პირი, რომელსაც ამგვარი შესრულების მიღების, ან მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერის უფლებამოსილება არ გააჩნდა, რაც დასტურდება, სამინისტროს შიდა აუდიტის დ--------------ს დასკვნით. სარჩელზე დართული დოკუმენტაციით (ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტი, სამინისტროს შიდა აუდიტის დ--------------ს დასკვნა) დასტურდება, რომ შემსყიდველის მხრიდან მიღება-ჩაბარების აქტის ხელმომწერ პირს არ ჰქონდა მინიჭებული ხელმოწერის უფლებამოსილება (ხელშეკრულებით არ არის განსაზღვრული მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერაზე უფლებამოსილი პირი და არც რაიმე სხვა დოკუმენტია გამოცემული, რომლითაც განსაზღვრული იქნებოდა ხელმოწერის უფლებამოსილება). რაც შეეხება სასამართლოს მითითებას მიღება-ჩაბარების აქტზე განთავსებული ბეჭდის თაობაზე, მოგახსენებთ, რომ მიღება-ჩაბარების აქტზე დასმული ბეჭედი არ არის შესაბამისობაში "საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულებასთან, ვინაიდან აღნიშნული ბრძანებულების შესაბამისად, შესრულებულ სამუშაოთა მიღების აქტებზე დაისმება გერბიანი ბეჭედი, ხოლო სადავო მიღება-ჩაბარების აქტზე დასმულია N3 ბეჭედი. ამდენად სასამართლოს მსჯელობა ამ ნაწილშიც მოკლებულია საფუძველს.
5.3. უსწოროა სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება მასზედ, რომ მართალია, შესრულება არ იყო სრულყოფილი, თუმცა აღნიშნულის მიუხედავად ხდება შესრულების მიღების დადასტურება. ხელშეკრულების 3.2 პუნქტის შესაბამისად, ამავე ხელშეკრულების 3.1 პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ანაზღაურებას უზრუნველყოფს შემსყიდველი ამ ხელშეკრულებით დადგენილი პირობების გათვალისწინებით. ამავე ხელშეკრულების 4.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს 300 000 ლარს. შემსყიდველმა ავანსის სახით გადაურიცხა მიმწოდებელს აღნიშნული თანხა. ამავე ხელშეკრულების 4.1.1. პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების ღირებულების შესაბამისი მომსახურების გაწევისთვის ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დასადასტურებლად წარდგენილი იქნება მედია-გეგმა და/ან სხვა შესაბამისი საბუთები. ამდენად, შემსყიდველი ვალდებული იყო აენაზღაურებინა მხოლოდ ფაქტობრივად გაწეული ხარჯი. "რ----------"-ის მიერ წარმოდგენილი მედია-გეგმა ადასტურებს, რომ 44 000 ლარის ღირებულების გადაცემები ეთერში არ გასულა, ვინაიდან აღნიშნული გადაცემები იყო მზადების პროცესში. ამდენად, ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე, შემსყიდველი არ იყო ვალდებული გადაეხადა ის თანხა, რაც არ წარმოადგენდა ფაქტიურად გაწეულ ხარჯს.
5.4. ის გარემოება, რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში და ხელშეკრულების პირობების შესაბამისად 44 000 ლარის ღირებულების გადაცემები ეთერში არ გასულა, დასტურდება როგორც საქმეში არსებული მტკიცებულებებით, ასევე "რ----------"-ის წარმომადგენლის განმარტებით. სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ განაცხადა, რომ სადავო გადაცემები ეთერში გავიდა შემდგომში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების გასვლის შემდეგ. აღნიშნულთან დაკავშირებით სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ეს გადაცემები ეთერში არ გასულა. გაურკვეველია, რატომ დაეყრდნო სასამართლო მოპასუხის განმარტებას და არა მოსარჩელისას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც ის ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. მოპასუხეს უნდა წარმოედგინა მტკიცებულება ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, გადაცემების ეთერში გასვლასთან დაკავშრებით.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 1---------წ. საოქმო განჩინებით მოსარჩელის - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
8. 14.05.2012წ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, როგორც შემსყიდველს (შემდგომში „მოსარჩელე“) და შპს "ს-----–----–-- კ-------- „რ----------“-ს, როგორც მიმწოდებელს (შემდგომში „მოპასუხე“), შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების შესახებ №-------- ხელშეკრულება:
- ხელშეკრულების საგანი - მოპასუხის საკუთრებაში არსებულ მეორე არხზე მოსარჩელის მიერ საეთერო დროის შესყიდვა და ამ შესყიდული დროის ფარგლებში მიმწოდებლის საკუთრებაში არსებული საგანმანათლებლო და შემეცნებითი პროგრამების განთავსება შემსყიდველის მითითებით;
- მოქმედების ვადა - 14.08.2012წ. ჩათვლით;
- საერთო ღირებულება - 300 000 ლარი.
- პირგასამტეხლო - ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არასრულად ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 2%-ის ოდენობით (ტ.1, ს.ფ. 20-24).
თბილისის სააპელაციო სასამართლოში 1---------წ. სხდომაზე მხარეთა ახსნა-განმარტებებით დასტურდება, რომ შეთანხმება გულისხმობდა შეკვეთის შესაბამისად თემატურ გადაცემათა მომზადება-გაშვებას (იხ.: 1---------წ. სხდომის ოქმი CD დისკზე). საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილით, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
9. 30.05.2012წ. შემსყიდველმა მიმწოდებელს გადაურიცხა 300 000 ლარი (ტ.1, ს.ფ.26).
10. მოსარჩელე მიუთითებს მოპასუხის მხრიდან ვალდებულების დარღვევაზე და განმარტავს, რომ სამი გადაცემა, რომელთა ჯამური ღირებულება შეადგენდა 44 000 ლარს, იყო მზადების პროცესში და ეთერში არ გასულა, რაც სახელშეკრულებო პირობის დარღვევას წარმოადგენს.
აღნიშნულზე დაყრდნობით მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეს დაეკისროს 44 000 ლარის დაბრუნება და ხელშეკრულების ჯამური ღირებულების (300 000 ლარის) 2% (6000 ლარი) პირგასამტეხლოს სახით.
11. საქმის მასალებით დასტურდება შემკვეთის მიერ შესრულებული სამუშაოს მიღება.
პალატა მიუთითებს, რომ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების ფაქტის მტკიცების დროს ყურადღება უნდა გამახვილდეს შესრულების მიღების ხელშეკრულებით დადგენილ პროცედურაზე.
ხელშეკრულების 4.2 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების ღირებულების მომსახურების გაწევისთვის ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დასადასტურებლად წარდგენილი უნდა იყოს მედია-გეგმა და/ან სხვა შესაბამისი საბუთები. მომსახურების დასრულებისას, მხარეებს შორის უნდა შედგეს შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი და გამოწერილ იქნეს ანგარიშ-ფაქტურა კანონით დადგენილ ვადებში. მე-6 მუხლით, შესყიდვის ობიექტის მიღება ფორმდება მომსახურების გაწევის შემდგომ მიღება-ჩაბარების აქტით (ტ.1, ს.ფ.20, 21).
საქმის მასალებით დგინდება, რომ 14.08.2012წ., ერთის მხრივ, მოსარჩელე სამინისტროს ს------------------- უ--------------- ს-----------–--ს მ------- ს--–---–---- ნ-----–- პ-----ს და მეორე მხრივ, მოპასუხის გენერალურ დირექტორ გ------- გ---–---ს შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი №---------- შემდეგზე:
- მიმწოდებელმა სრულყოფილად შეასრულა №-------- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ხოლო შემსყიდველი ადასტურებს, რომ მან სრულყოფილად მიიღო მიმწოდებლისგან №-------- ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება 300 000 ლარის ღირებულების ოდენობით;
- მხარეები ადასტურებენ, რომ ერთმანეთის მიმართ პრეტენზიები არ გააჩნიათ (ტ.1, ს.ფ. 28).
დადგენილია და სადავოდ გამხდარი არ არის, რომ მომსახურების გაწევისთვის ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დასადასტურებლად მხარეთა შეთანხმებით ხელშეკრულებით განსაზღვრული მტკიცებულება - მედია-გეგმა მოპასუხემ გადასცა მოსარჩელეს, რომლის შესაბამისადაც, სადავოდ გამხდარი სამი გადაცემის ჯამური ღირებულება შეადგენდა 44 000 ლარს (ტ.1, ს.ფ. 32). მედია-გეგმაში აღნიშნულია, რომ გადაცემები - „წ--------------------“, „ს--–-------–--------------–----–-----------“ და „დ-----–-–------“ იყო მზადების პროცესში (ტ.1, ს.ფ. 32), თუმცა როგორც საქმის მასალებით დგინდება, შემსყიდველმა მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, სრულად მიიღო შესრულება (...„ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება 300 000 ლარის ღირებულების ოდენობით“...) და მიღება-ჩაბარების აქტში აღინიშნა, რომ მხარეებს ერთმანეთის მიმართ პრეტენზია არ გააჩნდათ, რაც ხელშეკრულების მე-6 მუხლის შესაბამისად წარმოადგენს მოპასუხის მხრიდან შესრულების ფაქტის დამადასტურებელ მტკიცებულებას.
12. რაც შეეხება სააპელაციო საჩივარში მითითებულ გარემოებას მიღება-ჩაბარების აქტზე სამინისტროს მხრიდან ხელმომწერი პირის უფლებამოსილების სადავოობის შესახებ, პალატა მიუთითებს, რომ სარჩელით აღნიშნული შედავებული არ ყოფილა და სარჩელი ამ მხრივ რაიმე დასაბუთებას არ შეიცავს, უფრო მეტიც, მიღება-ჩაბარების აქტი მტკიცებულების სახით ერთვის სარჩელს და დამოწმებულია სამინისტროს მიერ (იხ.: სარჩელი, ტ.1, ს.ფ. 1-18, , 28). ამასთან, ასეც რომ არ იყოს, არ არსებობს ამ გარემოების გაზიარების საფუძველი და სასამართლო იმსჯელებს/შეაფასებს ამ საკითხს.
მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული არ იყო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებაზე უფლებამოსილი კონკრეტული თანამდებობის პირი. მიღება-ჩაბარების აქტი დამოწმებულია სამინისტროს ბეჭდით. საყურადღებოა ისიც, რომ სამინისტრომ მხოლოდ ერთი წლის შემდგომ მიმართა მიმწოდებელს პრეტენზიის წერილებით (იხ.:06.09.2013წ. წერილი, ტ.1, ს.ფ.86). მიღება-ჩაბარების აქტი ხელმოწერილია სამინისტროს ს------------------- უ--------------- ს-----------–--- მ-------ი ს--–---–----ის - ნ-----–- პ-----ს მიერ და როგორც მოპასუხე მხარე განმარტავს, სხვა შემთხვევებშიც და სხვა ხელშეკრულებებზეც ანალოგიურად ს-----------------------------------ს დ--------------ს (ს-----------–---) წარმომადგენელი აწერდა ხელს (იხ.: 1---------წ. სხდომის ოქმი, 13:26:17-13:26:23). ის გარემოება, რომ სხვა შემთხვევებშიც მიღება-ჩაბარების აქტი ფორმდებოდა სამინისტროს იგივე დ--------------ს/ს-----------–---, თანამშრომლების მიერ, დადასტურებულია თავად მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი აუდიტის დასკვნით (ტ.1, ს.ფ.95,96). ზემოაღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 104-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმადაც თუ გარიგება დადებულია სხვა პირის სახელით, მაშინ წარმომადგენლობითი უფლების არარსებობა არ შეიძლება გამოიყენოს გარიგების მეორე მხარემ, თუკი წარმოდგენილმა ისეთი გარემოებები შექმნა, რომ გარიგების მეორე მხარეს კეთილსინდისიერად ეგონა ასეთი უფლებამოსილების არსებობა.
13. ამდენად, მიღება-ჩაბარების აქტით დადასტურდა ფაქტი მასზედ, რომ მოსარჩელემ მიიღო ჯამში 300 000 ლარად შეფასებული შესრულება, ანუ იმ მომენტისათვის არსებული შესრულება (უკვე გაშვებული თუ გარკვეულ ეტაპამდე მომზადებული გადაცემები) მოსარჩელემ მიიჩნია ხელშეკრულების სრული ღირებულების შესაბამის შესრულებად.
ამასთან, დამატებით უნდა მიეთითოს მოპასუხის განმარტება: რომ, მართალია, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დროს სადავო გადაცემები იყო მზადების პროცესში, თუმცა მალევე ისინი ეთერში გავიდა; სამინისტროს მხრიდან მოთხოვნილი არ ყოფილა არც საეთერო ცნობის გაცემა და არც გადაცემების ელექტრო მატარებელზე ჩაწერა, ხოლო რაც შეეხება უკვე დღეის მდგომარეობით გადაცემების რეალურად არსებობის ფაქტს, მოპასუხის წარმომადგენლის მითითებით, არქივდება მხოლოდ სტრატეგიული შინაარსის ან/და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გადაცემები და ამდენად, აღნიშნული გადაცემები დაარქივებული არ არის (იხ.: 1---------წ. სხდომის ოქმი, 13:22:17-13:26:23). მოპასუხის ზემოაღნიშნულ მსჯელობასთან მიმართებაში პალატა ყურადღებას ამახვილებს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლზე, რომელიც ადგენს მაუწყებლის ვალდებულებას შექმნას არქივი და პროგრამები შეინახოს არანაკლებ 1 თვის განმავლობაში. საგულოსხმოა, რომ 14.08.2012წ. გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, სადაც ცალსახად და არაორაზროვნად განიმარტა, რომ მხარეებს ერთმანეთის მიმართ დავა/პრეტენზია არ ჰქონდათ. პრეტენზია გაცხადდა მხოლოდ წელიწადზე მეტი ხნის შემდეგ - 06.09.2013წ.. შესაბამისად, მოპასუხეს არ ჰქონდა გადაცემის დაარქივების ვალდებულება.
14. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
ასევე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 385-ე მუხლის შესაბამისად, ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით უკან იქნეს მოთხოვილი.
ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება მოპასუხის მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების შესახებ №-------- ხელშეკრულების დარღვევა, არ არსებობს მოპასუხისთვის ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული ანაზღაურების დაბრუნების და ვალდებულების დარღვევისთვის გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი.
15. პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძველს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
16. აპელანტი „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 28.11.2017წ. გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: თამარ ალანია
ქეთევან მესხიშვილი