განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.10.2018
საქმის ნომერი
330210017001880470
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დელიქტური ვალდებულებანი
თარიღი
18.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210017001880470

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/3288-18 18 ოქტომბერი, 2018 წელი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე – თამარ ალანია

 

სხდომის მდივანი – ოთარ ჯუგაშვილი

 

აპელანტი - თ---–- კ--------ე

 

წარმომადგენელი - თ-------ე ს----–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე - ლ--------–--–ი

 

წარმომადგენელი - გ--------------ი

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 მარტის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების სრულად გაუქმება

 

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. მოსარჩელე ლ--------–--–მა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე თ---–- კ--------ის მიმართ სარჩელი აღძრა. ხანძრის შედეგად მიყენებული ზიანის ჯამში 3 726 ლარის ანაზღაურება მოითხოვა.

 

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

 

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხე თ---–- კ--------ეს, ლ--------–--–ის სასარგებლოდ ხანძრის შედეგად მიყენებული ზიანის - 2580.30 ლარის ანაზღაურების ვალდებულება დაეკისრა.

 

4. აღნიშნული გადაწყვეტილება თ---–- კ--------ემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

5. უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი, დ----- ა----–-----–-ს გამზირი N---, ს/კ 0---------------------- თანასაკუთრების უფლებით თ---–- კ--------ის საკუთრებაში ირიცხება (ს.ფ 22-23).

 

6. 2014 წლის 3 სექტემბერს თ---–- კ--------ეს (წარმომადგენელი მ-----– კ--------ე) და შპს „ა------------ს ბ------ს“ შორის იჯარის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის თანახმად, მოიჯარეს 5 წლის ვადით, უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი, დ----- ა----–-----–-ს გამზირი N--- , ს/კ 0----------------------, სარგებლობაში გადაეცა (ს.ფ 113-116, 22-23).

 

7. 2014 წლის 3 სექტემბრის იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე შპს „ა------------ს ბ------ს“ ხანძრის გაჩენის დროს თ---–- კ--------ის თანასაკუთრებაში არსებული ბინა ფაქტობრივად ჰქონდა დაკავებული (ს.ფ 113-116).

 

8. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 2016 წლის 20 ოქტომბერს გაცემული ცნობის შესაბამისად, 2015 წლის 25 მარტს ქ. თბილისში, დ----- ა----–-----–-ს გამზირი N----ში, ს/კ 0---------------------- მდებარე უძრავ ქონებაში ხანძარი გაჩნდა (ს.ფ 28).

 

9. მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას მდებარე ქ. თბილისი, ა----–-----–-ს გამზირი N---, ხანძრის შედეგად მიყენებული დაზიანებები აღინიშნება. წარმოქმნილი დაზიანებების აღმოსაფხვრელად საორიენტაციოდ 3725,71 ლარია საჭირო (ს.ფ. 15-20).

 

10. სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ განსახილველ შემთხვევაში, ხანძრის შედეგად გამოწვეული ზიანის ანაზღაურება თ---–- კ-------ძეს მართებულად დაეკისრა. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრით აპელანტი სადავო ხდის ქონების მესაკუთრეზე, ზიანის ანაზღაურების დაკისრების მართებულობას, თუმცა ხანძრის გაჩენისა და მოპასუხის ქონების დაზიანების ფაქტი სადავო არაა, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს საკვლევ გარემოებათა წრეს ქონების მესაკუთრისთვის (სადაც ხანძარი გაჩნდა) ზიანის ანაზღაურების დაკისრების მართლზომიერებისა და კანონიერების შემოწმება წარმოადგენს.

 

სამოქალაქო კოდექსის 409-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება. ამავე კოდექსის 1000-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამა თუ იმ ნაგებობიდან გამომდინარეობს მომეტებული საფრთხე ამ ნაგებობაში წარმოებული, მოთავსებული ან მიწოდებული ენერგიისაგან, ანდა ხანძარსაშიში ან აფეთქებასაშიში, შხამიანი ანდა მომწამვლელი ნივთიერებისაგან, მაშინ ამ ნაგებობის მფლობელი ვალდებულია, თუკი ამ საფრთხის პრაქტიკულ განხორციელებას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, სხეულის ან ჯანმრთელობის დაზიანება ანდა ნივთის დაზიანება, აუნაზღაუროს დაზარალებულს აქედან წარმოშობილი ზიანი.

 

მფლობელობის არსის განმარტების მიზნებისთვის სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მფლობელობა არ შეიძლება მხოლოდ ნივთთან სივრცობრივი კავშირურთიერთობით გაიზომოს. მფლობელობა ფაქტია და იგი გამიჯნულია საკუთრებასთან. მფლობელი შეიძლება იყოს როგორც მესაკუთრე, ისე არამესაკუთრეც, ან ორივე ერთად. მფლობელობაში შეიძლება იგულისხმებოდეს როგორც სანივთო, ისე სხვა უფლებებიც, მათ შორის, ნივთის გამოყენების უფლებაც. მფლობელობის მიმართ გამოიყენება ორი სხვადასხვა დონის მფლობელობა: პირდაპირი და არაპირდაპირი. ნივთი შეიძლება ან მარტო პირდაპირი მფლობელის ბატონობაში იმყოფებოდეს, ანდა იმავდროულად არაპირდაპირი მფლობელის ბატონობის ქვეშაც. თუ ნივთის მფლობელობა სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე ხდება (სანივთო, ვალდებულებითი), ამ ურთიერთობაში მესაკუთრე წარმოადგენს არაპირდაპირ მფლობელს, ხოლო ის, ვინც გამოიყენებს ამ ნივთს, პირდაპირ მფლობელს (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Nას-543-518-2016). აღნიშნული მსჯელობის სამართლებრივ საფუძველს სამოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლის მე-3 ნაწილი იძლევა, რომლის თანახმად, თუ პირი ნივთს ფლობს იმ სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე, რომელიც განსაზღვრული ვადით ანიჭებს მას ნივთის ფლობის უფლებას ან ავალდებულებს მას ფლობდეს ნივთს, მაშინ ეს პირი ითვლება პირდაპირ მფლობელად, ხოლო უფლების მიმნიჭებელი ან ვალდებულების დამკისრებელი მიიჩნევა არაპირდაპირ მფლობელად.

 

მოცემულ შემთხვევაში, მხარის აპელაცია, სწორედ იმ ფაქტობრივ გარემოებას ეყრდნობა, რომ მისი საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება საიდანაც ხანძარი გავრცელდა, გაცემული ჰქონდა იჯარით - 5 წლის ვადით, მისი აზრით, მას სწორედ ამ საფუძვლით არ უნდა დაკისრებოდა ზიანის ანაზღაურების ვალდებულება. აღნიშნულ აპელირებას სააპელაციო სასამართლო ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების განმარტებისა და იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით ვერ გაიზიარებს, რომ სამოქალაქო კოდექსის მე-1000 მუხლით, ნივთის მფლობელი ვალდებულია ხანძრის შედეგით მიყენებული ზიანი აანაზღაუროს, მფლობელის ქვეშ კი, როგორც პირდაპირი ასევე, არაპირდაპირი მფლობელი მოიაზრება. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს, რომ სამოქალაქო პროცესი დისპოზიციურია, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსარჩელე თავად წყვეტს, აღძრას თუ არა სარჩელი, ვის წინააღმდეგ აღძრას, რა მოითხოვოს, რის საფუძველზე და რით ადასტუროს თავისი მოთხოვნა.

 

11. სამოქალაქო სამართალწარმოება არ ემსახურება ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას, იგი დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე ხორციელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სარჩელის დაკმაყოფილება დამოკიდებულია იმაზე, სარჩელი წარდგენილია თუ არა მოთხოვნაზე პასუხისმგებელი პირის წინააღმდეგ და მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები წარმოდგენილია თუ არა მხარის მიერ. შესაბამისად, მოთხოვნის დაკმაყოფილებას ან დაკმაყოფილებაზე უარს დიდწილად განაპირობებს სამართალწარმოების მოწინააღმდეგე მხარის სათანადოდ შერჩევა და მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების ჯეროვნად დადასტურება. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ სარჩელი არაპირდაპირი მფლობელის წინააღმდეგ აღძრა, რაც სამოქალაქო კოდექსის მე-1000 მუხლის საფუძველზე მას არასათანადო მოპასუხედ არ აქცევს.

 

12. ამასთანავე, საქართველოს საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული მყარი პრაქტიკის თანახმად, სამოქალაქო კოდექსის მე-1000 მუხლი ბრალის გარეშე პასუხისმგებლობას ადგენს. იგი მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელის პასუხისმგებლობის წესს ამკვიდრებს და განსხვავებით დელიქტური ვალდებულების ზოგადი დანაწესისაგან, ბრალის მიუხედავად, ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას ითვალისწინებს, იმ შემთხვევებში თუ მომეტებული საფრთხის წყაროს ექსპლუატაციას შედეგად პირის ან ნივთის დაზიანება მოჰყვა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 27 აპრილის განჩინება საქმეზე Nას-850-1064-08, ასევე 2011 წლის 02 ივნისის განჩინება საქმეზე Nას-413-399-2011) შესაბამისად, როდესაც მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას სამოქალაქო კოდექსის მე-1000 მუხლი წარმოადგენს, ზიანის მიმყენებლის ბრალეულობა ცალკე გამოკვლევას არ საჭიროებს, მით უფრო ისეთ პირობებში, როდესაც აპელანტი არც ხანძრის გაჩენას და არც ზიანის დადგომას სადავოდ არ ხდის.

 

13. სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ზიანის ოდენობის 2580.30 ლარით განსაზღვრას და მიუთითებს, რომ მართალია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N0-------- დასკვნის შესაბამისად, საცხოვრებელი ბინის ხანძრის ზემოქმედებით და მისი ჩაქრობის შედეგად წარმოქმნილი დაზიანების აღმოსაფხვრელად საჭირო ჩასატარებელი სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო ღირებულებად საორიენტაციოდ 3725.71 ლარი განისაზღვრა, თუმცა, აღნიშნულ სამუშაოთა შესასრულებლად დამატებით განსაზღვრული ხარჯები (ზედნადების ხარჯებს, გეგმიურ დაგროვებას, გაუთვალისწინებელ ხარჯებს), რომელიც ჯამში 1145,39 ლარს შეადგენს, ანაზღაურებას არ ექვემდებარება, რადგან მოსარჩელის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი იურიდიულ პირთან გაფორმებული ნარდობის ხელშეკრულება სარემონტო სამუშაოების ჩატარების შესახებ, რაც ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებულ დამატებით ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნას საფუძველს აცლის.

 

14. სასამართლო ასევე განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტურის განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მოხმობილი ნორმების ანალიზით დასტურდება, რომ სადავოდ მიჩნეული უფლების კანონიერება უნდა დამტკიცდეს. დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის პრეროგატივაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ. გამონაკლისს წარმოადგენს მატერიალური სამართლით გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც ფაქტების დამტკიცების ტვირთი ამა თუ იმ ნორმით განსხვავებულადაა მოწესრიგებული. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

განსახილველ შემთხვევაში, აპელანტი პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მისთვის დაკისრებულ ზიანის ანაზღაურების ვალდებულების თავიდან აცილებას ცდილობს არასათანადო მოპასუხედ ცნობით, თუმცა აღნიშნულის სამტკიცებელი რელევანტური მტკიცებულებები, რაც სასამართლოს მისი მოთხოვნის დასაბუთებულად ცნობის საფუძველს მისცემდა არ წარმოუდგენია. ამის საწინააღმდეგოდ, საქმეში არსებობს მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც ხანძრის არსებობა და ზიანის მიყენების ფაქტი დასტურდება, ასევე დასტურდება ის გარემოება, რომ ხანძრის კერა სწორედ აპელანტის საკუთრებიდან მომდინარეობდა რაც სასამართლოს სარჩელის საფუძვლიანობის ლეგიტიმურ ვარაუდს უქმნის.

 

15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმაც იგულისხმება. შესაბამისად, აპელანტების მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, 150 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა დარჩეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე, 390-ე, 55-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. თ---–- კ--------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 მარტის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტის მიერ გადახდილი ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება მის გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თამარ ალანია