განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210017002023828
საქმე №2ბ/1916-18
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
31ოქტომბერი,2018წელი თბილისი
მოსამართლე - დიანა ბერეკაშვილი
სხდომის მდივანი - ელენე ომანიძე
აპელანტი - ს--- ბ----ე
წარმომადგენელი - მ------------–---
მოწინააღმდეგე მხარე - სს „ს--------------------------------ი“
წარმომადგენელი - ბ----------------–--
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა;
აღწერილობითი ნაწილი
1. 2016 წლის 17 ივნისს, ქ. თბილისში, ო---------ს გზაზე მოხდა საგზაო- სატრანსპორტო შემთხვევა, რის შედეგადაც დაზიანდა სს ''ს---------------------------------–-'' დაზღვეული სსიპ - ს--------------–----------------–- კომისიის კუთვნილი ავტომანქანა ''V---------------------'' სახ. ნომრით G--------.
2. ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეულია ს--- ბ----ის მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედებით.
3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტიზის სამმართველოს დასკვნის შესაბამისად ავტომანქანა ''V---------------------'' სახ. ნომრით G--------. საბაზრო ღირებულება იყო 22 500 ლარი, დაზიანების ავარიული ხასიათისა და ხარისხის გათვალისწინებით მისი აღდგენა შეუძლებელია, ხოლო ნარჩენი ღირებულება ტექნიკურ-ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით საორიენტაციოდ შეადგენს 16 500 ლარს.
4. შპს ''პ--------------------ს'' სატრანსპორტო საშუალების შეკეთების აღწერის შესახებ აქტის თანახმად ავტომანქანა ''V---------------------'' სახ. ნომრით G--------. შეკეთების ღირებულებაა 18 990,44 ლარი.
5. დაზღვევის ხელშეკრულების ფარგლებში, ზიანის ანაზღაურების მიზნით სს
''ს----------------------------------მა'' 2016 წლის 3 აგვისტოს გადაურიცხა დამზღვევს - 19070.44 ლარი.
6 . სს „ს------------------------------მა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა ს--- ბ----ეს დაეკისროს სს ''ს--------------------------------ის'' სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების მიზნით - 19 070.44 ლარის გადახდა. მოსარჩელის განმარტებით, 2016 წლის 17 ივნისს, ქ. თბილისში, ო---------ს გზაზე მოხდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, რის შედეგადაც დაზიანდა სს ''ს--------------------------------ში'' დაზღვეული სსიპ - ს--------------–----------------–- კომისიის კუთვნილი ავტომანქანა ''V---------------------'' სახ. ნომრით G--------. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულ იქნა სისხლის სამართლის საქმე, ხოლო შემდგომ საპატრულო პოლიციის მიერ შედგენილ იქნა საჯარიმო ქვითარი, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა გამოწვეულია ს--- ბ----ის ბრალით. სადაზღვევო კომპანიამ 2016 წლის 2 აგვისტოს სადაზღვევო შემთხვევის აქტის N0----- საფუძველზე 03.08.2016 წელს აუნაზღაურა დამზღვევს ბრალეული პირის მიერ მიყენებული ზიანი - 19 070.44 ლარის ოდენობით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვს გადახდილი თანხის რეგრესის წესით მოპასუხისათვის დაკისრებას.
7. მოპასუხე ს--- ბ----ემ სარჩელთან დაკავშირებით წარმოადგინა შესაგებელი, რომელითაც არ ცნო სარჩელი. შესაგებელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი 2016 წლის 29 ივლისით დათარიღებული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად არამიზანშეწონილი იყო ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ავტომობილების აღდგენა. მიუხედავად ამისა ავტოსატრანსპორტო საშუალება აღდგენილ იქნა. საგულისხმოა რომ ექსპერტიზის დასკვნა შედგენილია დაზღვევის ხელშეკრულების დადებიდან 4 თვის შემდეგ, შესაბამისად, 2005 წელს გამოშვებულ ავტომობილს 4 თვის განმავლობაში ვერ ექნებოდა მნიშვნელოვანი ცვეთა, რაც მის ღირებულებაზე იმოქმედებდა. კერძოდ, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ავტომანქანის საბაზრო ღირებულება დაზიანებამდე შეადგენდა 22500 ლარს, ხოლო ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის ღირებულება - 16 500 ლარს. შესაბამისად, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ზიანის ღირებულება შეადგენდა ავტომობილის საბაზრო ღირებულების 73.33%-ს. გამომდინარე იქიდან, რომ ს--------------------------------სა და სსიპ კ---------–---------------–-------–-----------– კომისიას შორის არსებული დაზღვევის ხელშეკრულების თანახმად, იმ შემთხვევაში თუ დაზიანებული ავტომობილის ღირებულება გადააჭარბებდა ავტომობილის ღირებულების 70%-ს, ეს ავტომობილი ჩაითვლებოდა განადგურებულად და არ მოხდებოდა მისი აღდგენა. მოცემულ შემთხვევაში კი თვითონ სადაზღვევო კომპანიამ დაარღვია ხელშეკრულების პირობა და გასცა სადაზღვევო ანაზღაურება ავტომობილის აღდგენის მიზნით. გარდა ამისა, მოპასუხემ მიუთითა, რომ თუნდაც არსებობდეს ს--------------------------------ის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები, იგი არ შეიძლება სრულად იქნეს დაკმაყოფილებული, რადგან თავის მხრივ გაანგარიშება არის გადაჭარბებული და აცდენილია საბაზრო ფასებს, ხოლო მეორე მხრი მოხდა იმ ნაწილების გამოცვლა, რომელიც დაზიანებული არ ყოფილა და აღდგენის საჭიროება არ არსებობდა.
8. თბილსის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილებით სს „ს--------------------------------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე ს--- ბ----ეს მოსარჩელე მოსარჩელე სს ''ს--------------------------------ის'' სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების მიზნით დაეკისრა - 16500 ლარის გადახდა. (იხ.გადაწყვეტილება,ს.ფ.148 ტომი 1)
9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ს--- ბ----ემ. (იხ. სააპელაციო საჩივარი ს.ფ.155 ტომი 1.)
სამოტივაციო ნაწილი
10. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, რის გამოც უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ. საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
11. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატას დადგენილად მიაჩნია წინამდებარე განჩინების 1-5 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს დავის საგანთან მიმართებით და დამატებით განმარტავს შემდეგს:
სასამართლო სამართალწარმოების ფარგლებში არაერთხელ განიმარტა, რომ, სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (იხ.სუსგ-ები: # ას-1529-1443-2012, # ას-973-1208-04; # ას-664-635-2016).
მოცემულ შემთხვევაში იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა, სსკ-ის 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 832.1 (თუ დამზღვევს შეუძლია, ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირს, მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი ის უნაზღაურებს დამზღვევს ზიანს. თუ დამზღვევი უარს იტყვის მესამე პირის მიმართ თავის მოთხოვნაზე ან მისი მოთხოვნის უზრუნველყოფის უფლებაზე, მაშინ მზღვეველი თავისუფლდება ზიანის იმ ოდენობით ანაზღაურების მოვალეობისაგან, რამდენიც მას შეეძლო მიეღო თავისი ხარჯების ასანაზღაურებლად უფლების განხორციელებასთან ან მოთხოვნის წაყენებასთან დაკავშირებით) მუხლებიდან გამომდინარეობს. იმისთვის, რომ დადგინდეს, ეკისრებოდა თუ არა ს--- ბ----ეს სს „ს--------------------------------ისათვის“ ზიანის ანაზღაურება უნდა დადგინდეს, გვაქვს თუ არა სუბროგაციის პრინციპის გამოყენების წინაპირობები 832-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად. (იხ. სუსგ საქმე №ას-383-383-2018)
სსკ-ის 832-ე მუხლის მიხედვით, თუ დამზღვევს შეუძლია, ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირს, მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი ის უნაზღაურებს დამზღვევს ზიანს. ნორმის აღნიშნული დანაწესი ითვალისწინებს იმგვარ შემთხვევას, რა დროსაც მზღვეველზე გადადის იმ მოთხოვნის უფლება, რაც გააჩნია დამზღვევს ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირის მიმართ და ამ უფლების გადასვლა ხორციელდება მზღვევლის მიერ გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში. მოთხოვნის უფლების ასეთი გადასვლა ცნობილია „სუბროგაციის“ პრინციპის სახით. ეს პრინციპი გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როდესაც ერთი მხარე იკავებს სხვა პირის ადგილს ისე, რომ მას შეუძლია თავის სასარგებლოდ განახორციელოს ამ უკანასკნელის უფლებები მესამე პირის მიმართ. სუბროგაციის მეშვეობით დამზღვევის ნაცვლად მზღვეველს წარმოეშობა უფლება, გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში, დამზღვევის ქონებრივი ინტერესის ხელმყოფისაგან მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება. სუბროგაციის დროს დამზღვევის, როგორც დაზარალებულის, ე.ი, როგორც კონკრეტული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის კრედიტორის ადგილს იკავებს სადაზღვევო კომპანია (მზღვეველი). ასეთ შემთხვევაში, ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსი და ხასიათი არ იცვლება, მაგრამ იცვლება ამ ურთიერთობის კრედიტორი. ამ დროს ახალი მოთხოვნა კი არ წარმოიშობა, არამედ იცვლება მხოლოდ კრედიტორი, კერძოდ, დაზარალებული დამზღვევი იცვლება სადაზღვევო კომპანიით (მზღვეველით). სუბროგაციის დროს მზღვეველი ცვლის დამზღვევს იმ ვალდებულებაში, რომელიც წარმოიშვა ზიანის მიყენებისაგან. (იხ. სუსგ სუსგ №ას-581-549-2011, 05.09.2012). აღნიშნული მსჯელობა სრულ შესაბამისობაშია უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ ერთგვაროვან პრაქტიკასთან.
სსკ-ის 832-ე მუხლით მინიჭებული უფლების რეალიზაცია დამოკიდებულია ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოებების არსებობაზე, კერძოდ, სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებულ შემადგენლობაზე. ნორმა ითვალისწინებს დელიქტურ პასუხისმგებლობას, რომელიც დგება ზიანის მიყენების შედეგად. თავისთავად დელიქტური პასუხისმგებლობა, როგორც იურიდიული პასუხისმგებლობის ერთ-ერთი სახე, წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო ქმედებით ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილ ვალდებულებას, რომლის სტრუქტურულ ელემენტს წარმოადგენს მიზეზშედეგობრივი კავშირი და ბრალი. შესაბამისად, პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს მიზეზშედეგობრივი კავშირი მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ დასაზღვევო შემთხვევა გამოიწვია აპელანტი ს--- ბ----ის ბრალეულმა ქმედებამ; უდავოა, რომ დაზღვევის ხელშეკრულების ფარგლებში, სს ''ს----------------------------------მა'' 2016 წლის 3 აგვისტოს დამზღვევს გადაუხადა 19070.44 ლარი. შესაბასამისად, სახეზეა სუბროგაციის პრინციპის გამოყენების წინაპირობები. საქმეზე წარმოდგენილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტიზის სამმართველოს დასკვნის შესაბამისად ავტომანქანა ''V---------------------'' სახ. ნომრით G--------. საბაზრო ღირებულება იყო 22 500 ლარი, დაზიანების ავარიული ხასიათისა და ხარსიხის გათვალისწინებით მისი აღდგენა შეუძლებელია, ხოლო ნარჩენი ღირებულება ტექნიკურ-ფიზიკური მდგომარეობის გათვალისიწნებით საორიენტაციოდ შეადგენს 16 500 ლარს. (ს.ფ.45 ტომი 1) შპს ''პ--------------------ს'' სატრანსპორტო საშუალების შეკეთების აღწერის შესახებ აქტის თანახმად ავტომანქანა ''V---------------------'' სახ. ნომრით G--------. შეკეთების ღირებულებაა 18 990,44 ლარი. (ს.ფ.56 ტომი 1.)
პალატა მხარეებს შორის მტკიცების ტვირთის განაწილებასთან დაკავშირებით მოიხმობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლს, რომლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დასახელებული ნორმა წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ზოგად, პროცესუალურ სტანდარტს და ადგენს ვალდებულ პირს, რომელმაც მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი სათანადო გარემოებებზე მითითებითა და დასაშვები მტკიცებულებების წარდგენით უნდა დაადასტუროს. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტურის განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის საფუძველზე პალატა განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასებას სასამართლო ახდენს ორი თვალსაზრისით, მათი სარწმუნოობის და არასარწმუნოობის თვალსაზრისით და იმის მიხედვით, თუ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რომელ ფაქტს ადასტურებს ეს მტკიცებულება. მტკიცებულებათა შეფასება მოსამართლის შინაგანი რწმენით არ ნიშნავს სრულიად უანგარიშგებო დასკვნების გაკეთების უფლებას. სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში უნდა მიუთითოს მოსაზრებაზე, რის გამოც მან ზოგიერთი მტკიცებულება ცნო უტყუარად, ხოლო სხვები სარწმუნოდ. მტკიცებულებათა შეფასება ხორციელდება შემდეგი პრინციპების დაცვით: 1. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით; 2.მტკიცებულებები ფასდება ყოველმხრივ, სრულად (სრული მოცულობით) და მიუკერძოებლად (ობიექტურად); 3.მტკიცებულებათა შეფასებაში სასამართლო თავისუფლება, მისი დამოუკიდებლობა ფაქტისა და უფლების შესახებ საკითხის გადაწყვეტაში უზრუნველყოფილია შემდეგი პრინციპით: არავითარ მტკიცებულებას სასამართლოსათვის არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ნებისმიერი მტკიცებულება სასამართლომ შეიძლება უარყოს და ან პირიქით, მიიღოს, თუ მტკიცებულების ობიექტური შინაარსი შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. საპროცესო კანონმდებლობით თითოეულ მხარეს ევალება წარადგინოს საკუთარი პოზიციის გასამყარებლად ისეთი მტკიცებულებები, რომელიც მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტის შესატყვისად, აძლევს შესაძლებლობას, კონკრეტული გარემოება თუ ფაქტი დაადასტუროს. სასამართლო მტკიცებულებებს ერთობლივად აანალიზებს და მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიდის დასკვნამდე მხარის მოსაზრების დასამტკიცებლად თითოეული ვარგისიანობისა და სამართლებრვი წონადობის თაობაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კუთხით პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გამოიკვლია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, და სწორი სამართლებრივი შეფასებით დაადგინა საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები.
პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას სარჩელის უსაფუძვლობასთან დაკავშირებით იმ მითითებით, რომ დაირღვა დაზღვევის ხელშეკრულების პირობები, რადგან დაზიანებამ გადააჭარბა ნივთის ღირებულების 70% ასეთ დროს კი ნივთი მთლიანად განადგურებულად ითვლებოდა. სააპელაციო პალატა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით განმარტავს, რომ სუბროგაციის ინსტიტუტის არსი როგორც აღინიშნა ვლიდება იმაში, რომ კონკრეტულ ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობაში კრედიტორის ადგილს, დამზღვევის ნაცვლად იკავებს დასაზღვევო კომპანია, შესაბამისად პირი, რომელიც ბრალეული ქმედებით ზიანს მიაყენებს სხვა პირს, ამ შემთხვევაში დამზღვევს, ვალდებულია ზიანი აუნაზღაუროს არა კონრეტულად დაზარალებულს, არამედ სადაზღვევო კომპანიას, რა თქმა უნდა, იმ პირობის გათვალისწინებით, რომ სადაზღვევო კომპანიას უკვე ანაზღაურებული აქვს დამზღვევისთვის ზიანი. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტმა ბრალეული ქმედებით მიაყენა ზიანი დამზღვევს, შესაბამისად მასვე ეკისრება ზიანის ანაზღაურება. მართალია, ის ამტკიცებს, რომ დაირღვა ხელშეკრულების პირობა სადაზღვევო კომპანიის მხრიდან, მაგრამ ეს ფაქტი არ ცვლის სამართლებრივ შედეგს აპელანტისთვის. კერძოდ, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მოხდებოდა არა ავტომანქანის აღდგენა, არამედ მიყენებული ზიანის სრულად ანაზღაურება დაზარალებულისათვის, ს--- ბ----ეს ასევე (მოცემულ შემთხვევაში დაკისრებულზე მეტი ოდენობით, ნივთის ღირებულების 70 პროცენტი) დაეკისრებოდა სუბროგაციის პრინციპის თანახმად ზიანის ანაზღაურება, ამდენად, სააპელაციო პალატას უსაფუძვლოდ მიიჩნევს აპელანტის წინამდებარე განმარტებას.
ზემოაღნიშნულის საფუძველზე, პალატა განმარტავს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
12. საპროცესო ხარჯები
საპროცესო ხარჯები აპელანტის მიერ ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ანაზღაურებას არ ექვემდებარება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად;
სარეზოლუციო ნაწილი
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ს--- ბ----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება.
3. განჩინება, შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: დიანა ბერეკაშვილი