განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 31.10.2018
საქმის ნომერი
330210017001915806
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობანი
თარიღი
31.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210017001915806

საქმე №2ბ/4073-18

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

31 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - დიანა ბერეკაშვილი

სხდომის მდივანი – ელენე ომანიძე

 

აპელანტი - გ------- გ-----–---–ი

წარმომადგენელი - ს--–--------–-–---–-, ი-----–--------–---–-

 

მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,ჯ---------------------ა’’

წარმომადგენელი - თ---------------

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი – ხელშეკრულების ნაწილის ბათილად ცნობა, გადახდილი თანხის დაბრუნება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. 2017 წლის 2 თებერვალს შპს „ჯ---------------------ამ“ გამოაცხადა ელექტრონული აუქციონი და მის მიერ ვებ-გვერდზე www.e-------.ge გამოქვეყნდა ელექტრონული ხელშეკრულება. ხელშეკრულებაში აისახა ინტერნეტ-აუქციონში მონაწილოების, გამარჯვებულთან გარიგების გაფორმების წესი და პირობები, ასევე მხარეთა უფლება-მოვალეობები და ანგარიშსწორების წესი.

 

2. ინტერნეტ-აუქციონში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელ პირობას წარმოადგენდა ვებ-გვერდზე რეგისტრაციასა და ავტორიზაციის გავლა, ასევე საგარანტიო თანხის (საბანკო გარანტიის/ან ბეს) გადახდა.

 

3. ხელშეკრულების ზოგადი ნაწილის თანახმად, ნებისმიერი პირი, რომელსაც სურს ელექტრონულ აუქციონში მონაწილოების გზით საკუთრების, სარგებლობის ან მართვის უფლებით მიიღოს შპს „ჯ---------------------ის“ მიერ ვებ-გვერდზე გამოცხადებული ქონება, უნდა გაეცნოს და დაეთანხმოს ხელშეკრულების პირობებს. ხოლო ინტერნეტ-აუქციონში მონაწილეობის მიზნით ვებ-გვერდზე განთავსებულ რეგისტრაციის ღილაკზე ხელის დაჭერით მონაწილე პირი ადასტურებს, რომ გაეცნო და დაეთანხმა ხელშეკრულებას.ავტორიზაციის შემდგომ, მონაწილეს შესაძლებლობა აქვს ინტერნეტ-აუქციონის გზით შეიძინოს, სარგებლობის ან მართვის უფლებით მიიღოს საწარმოს ქონება, კონკრეტული ლოტის შესაბამისად.

 

4. აუქციონში მონაწილეს შესაძლებლობა აქვს კონკრეტული ლოტის გვერდზე გაეცნოს ინფორმაციას ინტერნეტ-აუქციონის მიმდინარეობის შესახებ და განახორციელოს საკუთარი ფასის დადება, შესაბამისი ბიჯის გათვალისწინებით. მონაწილის მიერ ფასის დადება განიხილება, როგორც მისი თანხმობა აღნიშნული ლოტის მოცემულ ფასად საკუთრების, სარგებლობის ან მართვის უფლებით მიღების თაობაზე.

 

5. საწარმოს (შპს „ჯ---------------------ის“) მიერ დადგენილი საგარანტიო თანხის გადახდა სავალდებულოა, რომლის წარმოდგენა შესაძლებელია განხორციელდეს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარმოდგენის ან/და ბეს გადახდის გზით.

 

მომხმარებელმა, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს ინტერნეტ-აუქციონში, უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია უნდა წარადგინოს ან/და გადაიხადოს ბე თითოეულ ლოტზე ცალ-ცალკე. ინტერნეტ-აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში გადახდილი ბე გამარჯვებულს ჩაეთვლება ანგარიშსწორებისას, ხოლო დამარცხებულს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე უბრუნდება აუქციონის დასრულებიდან არაუგვიანეს 7 კალენდარული დღის ვადაში.

 

6. ხელშეკრულების 4.13. პუნქტის მიხედვით მოპასუხის მიერ შეთავაზებული იქნა პირობა, რომლის თანახმად, თუ აუქციონში რეგისტრირებული პირი არ მიიღებს მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში, მის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება საწარმოს ანგარიშზე. ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებდა აუქციონის შედეგების გაუქმებას და წარდგენილი უპირობო და გამოუხმობი თანხის საწარმოს ანგარიშზე სრულად ჩარიცხვას, თუ: ა) ინტერნეტ-აუქციონში მონაწილე გამარკვებული ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარს განაცხადებს; ბ) ინტერნეტ-აქუციონში მონაწილე გამარკვებული საწარმოს მიერ განსაზღვრულ ვადაში სრულად არ გადაიხდის საფასურს და გ) დაირღვა ინტერნეტ-აუქციონში მონაწილეობის ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები.

 

7. მოსარჩელე გ------- გ-----–---–მა მოპასუხის მიერ 2017 წლის 2 თებერვალს გამოცხადებულ ინტერნეტ-აუქციონში N4--, ლოტი N1-ზე მონაწილეობის მიღების მიზნით, გადაიხადა უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა 8947,04 ლარი. თუმცა მიდინარე ინტერნეტ-აუქციონში მოსარჩელის მხრიდან შესაბამისი ფასის დადება (ბიჯის განხორციელება) არ დაფიქსირებულა.

 

8 . შპს „ჯ---------------------ას“ მოსარჩელისთვის 8947,04 ლარი არ დაუბრუნებია.

 

9. გ------- გ-----–---–მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა:

 

9.1. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის შესახებ ხელშეკრულების 4.13

პუნქტის ბათილად ცნობა;

 

9.2. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს სახით გადახდილი თანხის

8947,04 ლარის უსაფუძვლო გამდიდრების წესებიდან გამომდინარე დაბრუნება.

 

სარჩელის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

შპს „ჯ---------------------ის“ მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მიღების მიზნით მოსარჩელე 2017 წლის 2 თებერვალს დარეგისტრირდა www.e-------.ge -ს პორტალზე და იმავე რიცხვში გადაიხადა 8947,04 ლარი, რაც წარმოადგენდა აუქციონში მონაწილეობის მისაღებად გადასახდელ აუცილებელ თანხას. გ------- გ-----–---–ი მონაწილეობას იღებდა N4-- აუქციონში, N1 ლოტში. აუქციონის მიმდინარეობისას გარკვეული ტექნიკური ხარვეზის გამო არ დაფიქსირდა მის მიერ გაკეთებული განაცხადა (ბიჯი), თუმცა ტექნიკური ხარვეზის არსებობას არ ადასტურებს საქართველოს ფ-------- სამინისტროს მომსახურების სააგენტო.

 

შპს „ჯ---------------------ა“ უარს აცხადებს გადახდილი თანხის 8947,04 ლარის დაბრუნებას, ვინაიდან რეგისტრაციის დროს მხარეებს შორის გაფორმებული ელექტრონული ხელშეკრულების პირობების თანახმად, გადახდილი თანხა იყო უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე და ბიჯის დაუფიქსირებლობის გამო ხელშეკრულების 4.13 პუნქტზე დაყრდნობით აღნიშნული თანხა არ ბრუნდებოდა.

 

ხელშეკრულების 4.13 პუნქტი არის უსამართლო და იგი ბათილად უნდა იქნეს მიჩნეული სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის საფუძველზე, ვინაიდან იყო მართლსაწინააღმდეგო და ამორალური.

 

10. მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით მოსარჩელის მოთხოვნები არ ცნო და მიუთითა შემდეგ გარემოებებზე: ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მიზნით ვებ-გვერდზე განთავსებულ რეგისტრაციის ღილაკზე ხელის დაწერით გ------- გ-----–---–მა დაადასტურა, რომ გაეცნო და დაეთანხმა ელექტრონულ ხელშეკრულების პირობებს, რომლის 4.13 პუნქტის თანახმად, თუ აუქციონში რეგისტრირებული პირი არ მიიღებს მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში, მის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება საწარმოს ანგარიშზე. აღნიშნული საფუძვლით მოსარჩელეს უარი ეთქვა თანხის დაბრუნებაზე. გარიგების პირობის სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის საფუძველზე გარიგების ბათილობისთვის სახეზე უნდა იყოს კანონით დადგენილი წესებისა და აკრძალვების დარღვევა, საჯარო წესრიგის ან ზნეობის ნორმების მიმართ წინააღმდეგობა. მოსარჩელე ვერ უთითებს, თუ კონკრეტულად რომელ ამკრძალავ კანონს და ზნეობის ნორმებს ეწინააღმდეგება გარიგება, ამასთან აღნიშნული მუხლი შეიცავს ზოგად დებულებებს იმის თაობაზე, რომ კანონსაწინააღმდეგო, საჯარო წესრიგის ან ზნეობის ნორმების საწინააღმდეგო გარიგება არის ბათილი, მაგრამ კონკრეტულად არ არის განსაზღვრული ბათილობის პირობები და სახეები.

 

11 . თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. (იხ. გადაწყვეტილება ტომი 1. ს.ფ.62)

 

12. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა გ------- გ-----–---–მა;

 

აპელანტის განმარტებით:

 

12.1 სასამართლომ უდავო ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ ხელშეკრულების ზოგადი ნაწილის თანახმად, ნებისმიერი პირი, რომელსაც სურს ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის გზით საკუთრების , სარგებლობის ან მართვის უფლებით მიიღოს შპს ,,ჯ---------------------ის ‘’ მიერ ვებ-გვერდზე გამოცხადებული ქონება, უნდა გაეცნოს და დაეთანხმოს ხელშეკრულების პირობებს. ხოლო ინტერნეტ-აუქციონში მონაწილეობის მიზნით ვებ-გვერდზე განთავსებულ რეგისტრაციის ღილაკზე ხელის დაჭერით მონაწილე პირი ადასტურებს, რომ გაეცნო და დაეთანხმა ხელშეკრულების პირობებს. აღნიშნულიდან გამომდინარე თითქოს იკვეთება, რომ აპელანტი გ------- გ-----–---–ი დაეთანხმა ხელშეკრულების იმ პირობასაც, რომელიც აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ბეს სახით გადახდილი თანხის საწარმოს (შპს ჯ---------------------ა) ანგარიშზე ჩარიცხვას ითვალისწინებდა თუ აუქციონში რეგისტრირებული პირი არ მიირებდა მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში. ხელშეკრულების აღნიშნული პირობა არის კანონსაწინააღმდეგო და გ------- გ-----–---–ს ნამდვილი ნება აღნიშნული პირობაზე არ განუცხადებია.

 

12.2 სასამართლოს შეფასება იმასათან დაკავშირებით, რომ ბე სააუქციონო ვაჭრობაში მონაწილეობის პირობის გარანტია იყო და არა აუქციონში მონაწილეობის თანხა, არის მცდარი და საფუძველს მოკლებული. ამასთან ადასტურებს ხელშეკრულების 3.4 მუხლი, რომლის თანახმად, მომხმარებელმა, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს ინტერნეტ აუქციონში უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია უნდა წარმაოდგნოს და ბე უნდა გადაიხადოს თითოეულ ლოტზე ცალ-ცალკე. ხელშეკრულების 3.12 მუხლის თანახმად კი ინტერნეტ-აუქციონში დამარცხებულს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე დაუბრუნება აუქციონსი დასრულებიდან არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა.

 

12.3 ხელშეკრულების მე-7 მუხლი აუქციონში მონაწილე პირის მიერ ბეს გადახდის პირობებს აყალიბებს. ხელშეკრულების ზოგადი ნაწილის მიხედვით, ხელშეკრულების ერთი მხარეა ,,საწარმო’’, ხოლო მეორე მხარე ,,მონაწილე’’ ანუ აუქციონში მონაწილე. არამხოლოდ ხელშეკრულების ზემოაღნიშნული დებულებებიდან, არამედ ზოგადად ხელშეკრულებიდან გამომდინარე თვალნათლივ იკვეთება, რომ ბე იყო აუქციონში მონაწილეობის თანხა და არა სააუქციონო ვაჭრობაში მონაწილეობის პირობის გარანტია. კონკრეტულად, ეს გულისხმობდა იმას, რომ იმ შემთხვევაში, თუ აუქციონში გაიმარჯვებდა მონაწილე და არ გადაიხდიდა თანხას, მაშინ მის მიერ ბეს სახით გადახდილი თანხა მას არ უბრუნდებოდა. ბეს თანხა ასეთი გარანტიის პირობას წარმოადგენდა, როგორც ზოგადად, აუქციონების შემთხვევაშია ხოლმე გათვალისწინებული, ანუ ბე სააუქციონო ვაჭრობის პირობის გარანტია არ ყოფილა და ხელშეკრულებსი ეს დებულება, რომელიც სააუქციონო ვაჭრობაში მონაწილეობის არ მიღების გამო ბეს სახით გადახდილი თანხის საწარმოს ანგარიშზე დატოვებას ითვალისწინებს, ეწინააღმდეგება ხელშეკრულების შინაარს. წარმოადგენს მოწინააღმდეგე მხარის მიერ სამოქალაქო უფლების ბოროტად გამოყენებას, არის ზნეობისა და კანონის საწიანაღმდეგო, მეორე მხარეს აყენებს შეუსაბამოდ წამგებიან მდგომარეობაში და შესაბამისად,ბათილია.

 

12.4 ხელშეკრულების ის დებულება, რომელიც სააუქციონო ვაჭრობაში მონაწილის არ მონაწილეობის გამო ბეს სახით გადახდილი თანხის საწარმოს ანგარიშზე დატოვებას ითვალისწინებს, ეწინააღმდეგება სამოქალაქო კოდექსის 422-ე მუხლს, ამავე კოდექსის 54-ე მუხლს, რომლის თანახმად , ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. წინააღმდეგობაში მოდის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილთან, რომლის თანახმად, სამართელბრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი. სამოქალაქო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბე რჩება მის მიმღებს, თუ ბეს მიმცემი ბრალეულად დაარღვევს მასზე დაკისრებულ ვალდებულებას. გ------- გ-----–---–ს არ დაურღვევია მასზე დაკისრებული ვალდებულება, გამომდინარე სააუქციონო წესებიდან. გ------- გ-----–---–ის მიერ ვალდებულების შესრულება მაშინ ჩაითვლებოდა დარღვეულად, თუ იგი გაიმარჯვებდა აუქციონში, მაგრამ არ გადაიხდიდა თანხას.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

13. სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, მიიჩნევს, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, რის გამოც ძალაში უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ. საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

 

14. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატას დადგენილად მიაჩნია წინამდებარე განჩინების 1-9 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს დავის საგანთან მიმართებით და დამატებით განმარტავს შემდეგს:

 

სასამართლო სამართალწარმოების ფარგლებში არაერთხელ განიმარტა, რომ, სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (იხ.სუსგ-ები: # ას-1529-1443-2012, # ას-973-1208-04; # ას-664-635-2016).

 

მოცემულ შემთხვევაში იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ ხელშეკრულების სტანდარტული პირობები ბათილად ცნობა და თანხის დაბრუნება, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე; (მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 421-ე (ბედ მიიჩნევა ფულადი თანხა, რომელსაც ხელშეკრულების ერთი მხარე აძლევს მეორე მხარეს და ამით დასტურდება ხელშეკრულების დადების ფაქტი.) ამავე კოდექსის 423-ე, (თუ ბეს მიმცემი ბრალეულად დაარღვევს მასზე დაკისრებულ ვალდებულებას, ბე რჩება მის მიმღებს.) 346-ე; (ბათილია ხელშეკრულებათა სტანდარტული პირობა, მიუხედავად ხელშეკრულებაში მისი ჩართვისა, თუ იგი ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპების საწინააღმდეგოდ საზიანოა ხელშეკრულების მეორე მხარისთვის. ამასთან, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის გარემოებები, რომელთა არსებობისას იქნა ეს პირობები ხელშეკრულებაში შეტანილი, მხარეთა ორმხრივი ინტერესი და სხვა.) 54-ე (ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.) და სსკ 976-ე (პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში.) მუხლებიდან გამომდინარეობს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 421-ე მუხლის თანახმად, ბედ მიიჩნევა ფულადი თანხა, რომელსაც ხელშეკრულების ერთი მხარე აძლევს მეორე მხარეს და ამით დასტურდება ხელშეკრულების დადების ფაქტი, ვინაიდან მხარეთა შეთანხმება ბე-ს თაობაზე წარმოშობს მომავალი ხელშეკრულების დადების ვალდებულებას. ბეს გააჩნია როგორც ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის, ასევე საგადამხდელო ფუნქციები. პირველი ფუნქციის სამართლებრივი შედეგი მდგომარეობს იმაში, რომ თუ ბეს მიმცემი ბრალეულად დაარღვევს მასზე დაკისრებულ ვალდებულებას, ბე რჩება მის მიმღებს, ამასთან ბეს თანხა, როგორც წესი, ჩაითვლება ვალდებულებით გათვალისწინებული გადასახდელის ანგარიშში.

 

საწარმოს (შპს ,,ჯ---------------------ა’’) მიერ ინტერნეტ-აუქციონზე გამოცხადებული ქონების საკუთრების, სარგებლობის ან მართვის უფლებით მიღების შესახებ ხელშეკრულების 4.3 მუხლის თანახმად, მომხმარებელმა, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს ინტერნეტ-აუქციონში, უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია უნდა წარმოადგინოს /გააქტიუროს ან/და ბე უნდა გადაიხადოს თითოეულ ლოტზე ცალ-ცალკე. ამასთან , მაავე მუხლის 4.13 მუხლის თანახმად, თუ აუქციონში რეგისტრირებული პირი არ მიიღებს მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში, მის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება საწარმოს ანგარიშზე. მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ ბე უზურნველყოფდა აუქციონზე რეგისტრირებული პირის მიერ ვალდებულების დარღვევის - აუქციონში მონაწილეობაზე უარის თქმის თავიდან აცილებას. ამის საწინააღმდეგოდ, რეგისტრირებული პირის მიერ აუქციონში მონაწილეობაზე უარის თქმა შესაძლებელს ხდიდა, აღნიშნული თანხა დარჩენოდა ბეს მიმღებს- შპს ,,ჯ---------------------ას’’ ამასთან, წინამდებარე ხელშეკრულების 4.11 მუხლის თანახმად, ინტერნეტ-აუქციონში გამარჯვებულს, მის მიერ გადახდილი ბე ჩაეთვლებოდა ანგარიშსწორებისას. ზემოაღნიშული მუხლები ცხადყოფს, რომ აპელანტ გ------- გ-----–---–ის მიერ გადახდილი 8,947.04 ლარი წარმოადგენს ბეს.

 

აპელანტმა ინტერნეტ-აუქციონის ვებ-გვერდზე არსებულ სარეგისტრაციო ღილაკზე ხელის დაჭერითა და შპს ,,ჯ---------------------ასთან’’ ელექტორნული ხელშეკრულების დადებით დაადასტურა, რომ იგი იღებდა ვალდებულებას, ფულადი თანხის შეტანის შემდეგ მონაწილეობა მიეღო გამოცხადებულ აუქციონში. მასვე გაცნობიერებული ჰქონდა ამ ვალდებულების დარღვევის შედეგი, კერძოდ, ბეს სახით შეტანილი სრული თანხის საწარმოს (შპს ,,ჯ---------------------ის’’) ანგარიშზე გადარიცხვის შესახებ.

 

15. პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის პრეტენზიას იმასთან დაკავშირებით, რომ ხელშეკრულების 4.13 მუხლის ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის დანაწესს და ბათილია, როგორც საჯარო წესრიგსა და ზნეობასთან შეუსაბამო გარიგება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში მართლწესრიგის არსებობას უზრუნველყოფს, როგორც კანონი, ასევე, მორალური ქცევის სტანდარტი, შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში კერძო ავტონომიისა და თავისუფალი კონტრაჰირების პრინციპი მოქმედებს, გარიგება, რომელიც საზოგადოებაში „საყოველთაოდ მიღებულ ქცევის სტანდარტს“ ეწინააღმდეგება, ამორალურ გარიგებად მიიჩნევა და ბათილობის სამართლებრივ შედეგებს უკავშირდება. სსკ-ის 54-ემუხლის საკანონმდებლო დანაწესის მიზანს სწორედ იმგვარი გარიგებების თავიდან აცილება წარმოადგენს, რომლებიც ფორმალურად კანონსაწინააღმდეგო არ არის, თუმცა, თავისი არსით, საზოგადოებრივ მართლწესრიგს არღვევს და სამოქალაქო ბრუნვის სუბიექტთა თანაცხოვრებას აუარესებს, რაც შედეგობრივად, სამოქალაქო ბრუნვას აფერხებს. ამდენად, გარიგების ბათილობისას უნდა არსებობდეს ამ ნორმის რომელიმე კომპონენტის დარღვევით დადებული ხელშეკრულება (სუსგ 1.03.2016წ. საქმე №ას-15-15-2016, 28.02.2018წ. საქმე №ას-28-25-2017, 10.11.2017წ. საქმე №ას-1106-1026-2017, 14.07.2014წ. საქმე №ას-375-352-2014). პალატა ამ საკითხთან დაკავშირებით სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლსო დასკვნებს იმასთან დაკავშირებით, რომ წინამდებარე ხელშეკრულების 4.13 მუხლის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლით ბათილობის საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან ის არ არღვევს კანონით დადგენილ წესს: ბეს სამართლებრივი ბუნება ითვალისწინებს მის დაუბრუნებლობას, თუკი ადგილი ექნება ბეს მიმცემის მიერ ვალდებულების (ამ შემთხვევაში გამოცხადებულ ინტერნეტ-აუქციონში მონაწილეობაზე უარის თქმა) დარღვევას. შესაბამისად, ხელშეკრულების ეს ნორმა არ ეწინააღმდეგება კანონს. პალატა განმარატვს რომ იმ შემთხვევაშიც კი თუ სადავი თანხას მივიჩნევთ საგარანტიო თანხაად არ არსებობს მის დაბრუნების წინაპირობები სსკ 424-426-ე მუხლების თანახმად. (იხ სუსგ საქმე # ბს-162-160(კ-17) 16.05.2017 წელი)

 

16. რაც შეეხება ხელშეკრულების სადავო ნორმის საჯარო წესრიგსა და ზნეობასთან შეუსაბამობას, პალატა აღნიშნავს, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში მართლწესრიგის არსებობას უზრუნველყოფს, როგორც კანონი, ასევე, მორალური ქცევის სტანდარტი, შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში კერძო ავტონომიისა და თავისუფალი კონტრაჰირების პრინციპი მოქმედებს, გარიგება, რომელიც საზოგადოებაში „საყოველთაოდ მიღებულ ქცევის სტანდარტს“ ეწინააღმდეგება, ამორალურ გარიგებად მიიჩნევა და ბათილობის სამართლებრივ შედეგებს უკავშირდება. სსკ-ის 54-ე მუხლის საკანონმდებლო დანაწესის მიზანს სწორედ იმგვარი გარიგებების თავიდან აცილება წარმოადგენს, რომლებიც ფორმალურად კანონსაწინააღმდეგო არ არის, თუმცა, თავისი არსით, საზოგადოებრივ მართლწესრიგს არღვევს და სამოქალაქო ბრუნვის სუბიექტთა თანაცხოვრებას აუარესებს, რაც შედეგობრივად, სამოქალაქო ბრუნვას აფერხებს. ამდენად, გარიგების ბათილობისას უნდა არსებობდეს ამ ნორმის რომელიმე კომპონენტის დარღვევით დადებული ხელშეკრულება, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არა აქვს. (სუსგ 1.03.2016წ. საქმე №ას-15-15-2016, 28.02.2018წ. საქმე №ას-28-25-2017, 10.11.2017წ. საქმე №ას-1106-1026-2017, 14.07.2014წ. საქმე№ას-375-352-2014).

 

პალატა მოიხმობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლს, რომლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დასახელებული ნორმა წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ზოგად, პროცესუალურ სტანდარტს და ადგენს ვალდებულ პირს, რომელმაც მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი სათანადო გარემოებებზე მითითებითა და დასაშვები მტკიცებულებების წარდგენით უნდა დაადასტუროს. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის საფუძველზე პალატა განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასებას სასამართლო ახდენს ორი თვალსაზრისით, მათი სარწმუნოობის და არასარწმუნოობის თვალსაზრისით და იმის მიხედვით, თუ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რომელ ფაქტს ადასტურებს ეს მტკიცებულება. მტკიცებულებათა შეფასება მოსამართლის შინაგანი რწმენით არ ნიშნავს სრულიად უანგარიშგებო დასკვნების გაკეთების უფლებას. სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში უნდა მიუთითოს მოსაზრებაზე, რის გამოც მან ზოგიერთი მტკიცებულება ცნო უტყუარად, ხოლო სხვები სარწმუნოდ. მტკიცებულებათა შეფასება ხორციელდება შემდეგი პრინციპების დაცვით: 1. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით; 2. მტკიცებულებები ფასდება ყოველმხრივ, სრულად (სრული მოცულობით) და მიუკერძოებლად (ობიექტურად); 3. მტკიცებულებათა შეფასებაში სასამართლო თავისუფლება, მისი დამოუკიდებლობა ფაქტისა და უფლების შესახებ საკითხის გადაწყვეტაში უზრუნველყოფილია შემდეგი პრინციპით: არავითარ მტკიცებულებას სასამართლოსათვის არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ნებისმიერი მტკიცებულება სასამართლომ შეიძლება უარყოს და ან პირიქით, მიიღოს, თუ მტკიცებულების ობიექტური შინაარსი შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. საპროცესო კანონმდებლობით თითოეულ მხარეს ევალება წარადგინოს საკუთარი პოზიციის გასამყარებლად ისეთი მტკიცებულებები, რომელიც მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტის შესატყვისად, აძლევს შესაძლებლობას, კონკრეტული გარემოება თუ ფაქტი დაადასტუროს. სასამართლო მტკიცებულებებს ერთობლივად აანალიზებს და მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიდის დასკვნამდე მხარის მოსაზრების დასამტკიცებლად თითოეული მტკიცებულების ვარგისიანობისა და სამართლებრვი წონადობის თაობაზე. პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის მიერ მითითებული ზნეობის ნორმების საწინააღმდეგო შეთანხმების მტკიცების ვალდებულება აკისრია სწორედ აპელანტს, მან უნდა დაამტკიცოს ხელშეკრულების სადავო პირობის შეუსაბამობა ზნეობასა და საჯარო წესრიგთან. აპელანტმა , მოცემულ შემთხვევაში, თავი ვერ გაართვა მასზე დაკისრებულ მტკიცების ტვირთს, ვერ დაასაბუთა სადავო პირობის შეუსაბამობა ზნეობასა და საჯარო წესრიგთან.

 

ზემოაღნიშნულის საფუძველზე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

17. საპროცესო ხარჯები

 

აპელანტის მიერ ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ანაზღაურებას არ ექვემდებარება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. გ------- გ-----–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება.

 

3. განჩინება, შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

სხდომის თავმჯდომარე: /დიანა ბერეკაშვილი /