განაჩენი

სისხლის სამართლის 21.11.2018
საქმის ნომერი
160100117002021191
ინსტანცია
თარიღი
21.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N160100117002021191, №1ბ/355-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

07 ნოემბერი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე

მოსამართლეები: მურმან ისაევი

მანუჩარ კაპანაძე

 

სხდომის მდივანი - ნანა გიგიტაშვილი;

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ზ-----–---------ა.

 

დაცვის მხარე:

 

მსჯავრდებული - ნა---ი ბა----–---ი, დაბადებული 1----–-–------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი N2----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: მ--------–-----------------, ფაქტობრივად მცხოვრები: მ--------–-----------------------;

 

გამართლებული - რო--- ხუ-----ი, დაბადებული 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №2----------, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული: მ--------–----------–--------------; ფაქტობრივად მცხოვრები: მ--------–--------------–------------------;

 

ადვოკატები: დ-----------–--–-–---–-, მ------------;

 

თარჯიმანი - ას--- ს---–--------ი.

 

კვალიფიკაცია:

 

წარდგენილი ბრალდების მიხედვით:

 

ნა---ი ბა----–---ი - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტი (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით);

 

რო--- ხუ-----ი - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა);

 

განაჩენის მიხედვით:

 

ნა---ი ბა----–---ი - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტი (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა);

 

რო--- ხუ-----ი - უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და გამართლდა.

 

სასჯელი:

 

ნა---ი ბა----–---ი - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

მხარეთა პოზიცია:

 

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 9 იანვრის განაჩენში ცვლილების შეტანა და რო--- ხუ-----ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო ნა---ი ბა----–---ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში, შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლოს მიერ არასწორად იქნა შეფასებული გამოძიების პროცესში შეკრებილი და სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები, რითაც ერთმნიშვნელოვნად დასტურდება რო--- ხუ-----ის და ნა---ი ბა----–---ის მიმართ წარდგენილი ბრალდებები. ნა---ი ბა----–---ის და რო--- ხუ-----ის ჩვენებები ურთიერთსაწინააღმდეგო და არადამაჯერებელია, ხოლო დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ვერსიის გაანალიზებისას ცალსახაა, რომ ვერსია მოგონილია მსჯავრდებულთათვის პასუხისმგებლობის არიდების მიზნით (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივარი, სხდომის ოქმი).

 

მსჯავრდებულ ნა---ი ბა----–---ის ინტერესების დამცველი ადვოკატის დ-----------–--–-–---–-ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 9 იანვრის განაჩენის გაუქმება და ნა---ი ბა----–---ის უდანაშაულოდ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაშიც, შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენი არის უკანონო, ვინაიდან სასამართლო ბრალდების დამადასტურებლად იყენებს პოლიციის თანამშრომლების ბე-----– გე---–----ს და ელ----- ბო-–----ის ჩვენებებს და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნას, რაც არ ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას. პირადი ჩხრეკის ოქმი შედგენილია კანონის უხეში დარღვევით, ვინაიდან შეავსეს ნა---ი ბა----–---ის ხელმოწერის შემდეგ. ჩხრეკის დროს ამოღებულ ნივთმტკიცების ლუქზე არ არის ნა---ი ბა----–---ის ხელმოწერა. ზემოაღნიშნული დარღვევებიდან გამომდინარე, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა უნდა ჩაითვალოს უკანონოდ. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ საქმეზე არ არის ჩატარებული ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზა (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივარი, სხდომის ოქმი).

 

დაცვის მხარის (რო--- ხუ-----ის) მოთხოვნა - ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 9 იანვრის განაჩენის უცვლელად დატოვება რო--- ხუ-----ის ნაწილში, ვინაიდან ბრალდების მხარის საჩივარი არის უსაფუძვლო, ხოლო განაჩენი არის სამართლიანი და კანონიერი (იხ. სხდომის ოქმი).

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:

 

ნა---ი ბა----–---ს ბრალად წარედგინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა.

 

რო--- ხუ-----ს ბრალად წარედგინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა.

 

დადგენილების მიხედვით, მათ მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

ნა--- ბა----–---მა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს“ საერთო წონით 3.4531 გრამი, რაც ამოღებული იქნა მ--------–---–- რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ 2017 წლის 10 ივნისს ქ----------––--------------–----------- ჩატარებული ნა--- ბა----–---ის პირადი ჩხრეკის და ს------------------ ქუჩა N8-ში მდებარე საჩაიეს ჩხრეკის შედეგად.

 

რო--- ხუ-----მა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს“, საერთო წონით 0.01068 გრამი, რაც ამოღებული იქნა 2017 წლის 10 ივნისს ქ----------––--------------–----------- მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული რო--- ხუ-----ის პირადი ჩხრეკის შედეგად.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 09 იანვრის განაჩენით, ნა---ი ბა----–---ი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში და ცნობილ იქნა დამნაშავედ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა- შენახვაში.

 

რო--- ხუ-----ი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა- შენახვაში.

 

სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები შემდეგია:

 

ნა--- ბა----–---მა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს“ საერთო წონით 0.3565 გრამს, რომელიც ამოღებულ იქნა მ--------–---–- რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ 2017 წლის 10 ივნისს ქ-----------––--------------–----------- ჩატარებული ნა--- ბა----–---ის პირადი ჩხრეკის შედეგად.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დაადასტურა საჩაიეს ჩხრეკის დროს ამოღებული ნარკოტიკული საშუალების ნა---ი ბა----–---ისადმი კუთვნილების ფაქტი. ასევე აღნიშნა, რომ საქმეში არ იყო წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც ცალსახად დადასტურდებოდა რო--- ხუ-----ის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტი.

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 09 იანვრის განაჩენით, ნა---ი ბა----–---ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ნა---ი ბა----–---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

 

ნა---ი ბა----–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 10 ივნისიდან.

 

რო--- ხუ-----ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას, მარნეულის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უფროსმა ბა------- აბ--------------მა განმარტა, რომ 2017 წლის ივნისის თვეში მიღებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, ნა--- ბა----–---ს და რო--- ხუ-----ს თან ჰქონდათ ნარკოტიკული საშუალება და მოძრაობდნენ ქ----------––-. აღნიშნულზე მან პატაკით მიმართა ხელმძღვანელობას, რაზეც დაიწყო გამოძიება და დაიკითხა მოწმის სახით.

 

2017 წლის 10 ივნისს, 17:40 საათიდან 18:05 საათამდე პერიოდში, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, ქ----------––--------------–-----------, თ----–---–-ს ქუჩის დასაწყისში ჩატარდა ნა---ი ბა----–---ის პირადი ჩხრეკა. ოქმის თანახმად, ჩხრეკა მიმდინარეობდა წყნარ ვითარებაში, ბუნებრივი განათების პირობებში. ნა---ი ბა----–---ის პირადი ჩხრეკის შედეგად ჯინსის შარვლის წინა მარჯვენა პატარა ჯიბეში ნანახი და ამოღებული იქნა 2 წონაკად ცელოფნის მონახევებში დაფასოებული მოყავისფრო ფერის ფხვნილისებრი ნივთიერება - სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალება. ოქმში გამომძიებელს მითითებული აქვს, რომ ნა---ი ბა----–---ის განმარტებით, ამოღებული ნივთიერება არის ნარკოტიკული საშუალება. ასევე ნარკოტიკული საშუალება შენახული აქვს ქ----------––-, ს------------------ ქუჩა N8-ში მდებარე ჩაიხანის საპირფარეშოში. ოქმში მითითებულია, რომ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებს შენიშვნა, შესწორება, დამატება ან განცხადება არ გაუკეთებიათ. ჩხრეკის ოქმის თითოეული გვერდი ხელმოწერით აქვთ დამოწმებული საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებს, მათ შორის ნა--- ბა----–---ს და თარჯიმანს - ნ-----–---------ს. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება კანონიერად იქნა ცნობილი მოსამართლის განჩინებით.

 

2017 წლის 10 ივნისს, 17:40 საათიდან 18:05 საათამდე პერიოდში, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, ქ----------––-, რ---------–ის ქუჩა, თ----–---–-ს ქუჩის დასაწყისში ჩატარდა რო--- ხუ-----ის პირადი ჩხრეკაც. ოქმის თანახმად, ჩხრეკა მიმდინარეობდა წყნარ ვითარებაში, ბუნებრივი განათების პირობებში. რო--- ხუ-----ის პირადი ჩხრეკის შედეგად ჯინსის შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა პატარა ზომის ელექტრო სასწორი, რომელიც მოთავსებულია შავი ფერის ტყავის ნაჭერში. სასწორს ეხდება ხუფი და სასწორზე ყრია მოყავისფრო ფერის მასა. ოქმში მითითებულია, რომ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებს შენიშვნა, შესწორება, დამატება ან განცხადება არ გაუკეთებიათ. ჩხრეკის ოქმის თითოეული გვერდი ხელმოწერით აქვთ დამოწმებული საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებს, მათ შორის ნა--- ბა----–---ს და თარჯიმანს - ვას--- პ------–---ს. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება კანონიერად იქნა ცნობილი მოსამართლის განჩინებით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას გამომძიებელმა ბე-----– გ----–---მა განმარტა, რომ 2017 წლის 10 ივნისს შესასრულებლად დაეწერა ბა------- აბ--------------ის პატაკი, რომლის მიხედვითაც რო--- ხუ-----ს და ნა---ი ბა----–---ს ქ----------––--------------–-----------, თ----–---–-ს ქუჩის დასაწყისთან, თან უნდა ჰქონოდათ ნარკოტიკული საშუალება. აღნიშნულის საფუძველზე მის მიერ დაწყებული იქნა გამოძიება, შეიქმნა საგამოძიებო ჯგუფი და გამომძიებელ მა----- მა----–---–თან, ინსპექტორ-გამომძიებელ ელ----- ბო-–----ესთან და რუ--–-- ი---------თან ერთად გავიდა ადგილზე, სადაც დახვდნენ რო--- ხუ-----ი დ ნა---ი ბა----–---ი, რომლებიც მოძრაობდნენ ფეხით. თარჯიმნის მეშვეობით ნა---ი ბა----–---ს გააცნო დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში პირადი ჩხრეკის შესახებ, რის შემდეგაც ჩაატარა ნა---ი ბა----–---ის პირადი ჩხრეკა. ჩხრეკის შედეგად, მისი შარვლის წინა მარჯვენა პატარა ჯიბიდან ამოღებული იქნა ორ წონაკად დაფასოებული ორი შეკვრა მოყავისფრო ფერის ფხვიერი ნივთიერება. პირადი ჩხრეკის ოქმის შედგენა მოხდა ადგილზე, რა დროსაც ნა---ი ბა----–---მა განმარტა, რომ იგი იმყოფებოდა ქ----------––-, ს------------------ ქუჩა N8-ში მდებარე საჩაიეში, სადაც საპირფარეშოში შენახული ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება. პირადი ჩხრეკის დასრულების შემდეგ ნა---ი ბა----–---ი დაკავებული იქნა. შემდეგ მის მიერ ჩატარდა საჩაიეს ჩხრეკა, სადაც პირველ სართულზე მდებარე საპირფარეშოში ნაპოვნი იქნა ნარკოტიკული საშუალება. მოწმის განმარტებით, ნა---ი ბა----–---ის პირად ჩხრეკაში მონაწილეობდნენ ინსპექტორ-გამომძიებელი ელ----- ბო-–----ე და თარჯიმანი ნ-----–---------ი.

 

მოწმე ელ----- ბო-–----ის ჩვენებით, 2017 წლის 10 ივნისს, მარნეულის რაიონულ სამმართველოში მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო გამოძიება. ადგილზე გავიდნენ თავად, ბე-----– გე---–----, მა----- მა----–---–ი, რუ--–-- ი---------ი და თარჯიმნები ნ-----–---------ი და ვა---– პ------–---ი. ქ----------––--------------–-----------, თ----–---–-ს ქუჩის დასაწყისში, ფეხით გადაადგილდებოდნენ ნა---ი ბა----–---ი და რო--- ხუ-----ი. მან და ბე-----– გ----–---მა თარჯიმნის მეშვეობით ნა--- ბა----–---ს განუმარტეს, რომ არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ მას შეიძლება ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება. ის მონაწილებას იღებდა ნა---ი ბა----–---ის პირად ჩხრეკაში, რა დროსაც ნა---ი ბა----–---ის ჯინსის შარვლის წინა მარჯვენა პატარა ჯიბიდან ამოღებული იქნა ორი შეკვრა ცელოფნის მონახევებში მოთავსებული მოყავისფრო ნივთიერება. ნა---ი ბა----–---ის განმარტებით, აღნიშნული ნივთიერება იყო ნარკოტიკული ნივთიერება ,,ჰეროინი“. ნა---ი ბა----–---ს ეთარგმნა დადგენილება და პირადი ჩხრეკის ოქმი, რისი სისწორეც მან დაადასტურა ხელის მოწერით. მოწმის განმარტებით, ჩხრეკის მიმდინარეობისას ნა---ი ბა----–---მა განმარტა, რომ ქ----------––-, ს------------------ ქუჩაზე მდებარე ჩაიხანის საპირფარეშოში მას ასევე შენახული ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა მა----- მა----–---–მა განმარტა, რომ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ოპერატიულ ჯგუფთან ერთად, რომელშიც იყო გამომძიებელი ბე-----– გე---–----, რუ--–-- ი---------ი, ელ----- ბო-–----ე, თარჯიმნები ვა---– პ------–---ი და ნ-----–---------ი, გავიდნენ ადგილზე - ქ. მარნეულში, თ----–---–-ს ქუჩის დასაწყისში, სადაც მან ჩაატარა რო--- ხუ-----ის პირადი ჩხრეკა, რომელსაც თავდაპირველად გააცნო დადგენილება. რო--- ხუ-----ის პირადი ჩხრეკისას ჯინსის შარვლის მარჯვენა წინა ჯიბიდან ამოღებული იქნა პატარა ზომის ელექტრო სასწორი, რომელსაც ეხდებოდა ხუფი, სადაც მოთავსებული იყო მცირე მასა. ელექტრო სასწორი მოთავსებული იყო ჩასადებში, რომელიც სავარაუდოდ იყო ტყავის. რო--- ხუ-----ის განმარტებით, სასწორი ეკუთვნოდა მას. ჩხრეკაში მონაწილეობდა რუ--–-- ი---------ი და თარჯიმანი ვა---– პ------–---ი. ჩხრეკის ადგილზე შედგა ოქმი, რომელსაც ყველა მონაწილემ, მათ შორის რო--- ხუ-----მაც, მოაწერა ხელი.

 

ანალოგიურ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითა მოწმე რუ--–-- ი---------მაც. მოწმის ჩვენებით, ჩხრეკისას რო--- ხუ-----ის ჯინსის შარვლის მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა პატარა ოქრო-ვერცხლის ასაწონი სასწორი, რომელიც მოთავსებული იყო შავი ტყავის ჩასადებში. სასწორის ზემოდან იყო მოყავისფრო მასა მოყრილი. სასწორს ჰქონდა თავსახური. როგორც მას ახსოვს, რო--- ხუ-----ის განმარტებით სასწორი სჭირდებოდათ ვერცხლის ასაწონად.

 

2017 წლის 10 ივნისის საჩაიეს ჩხრეკის ოქმის თანახმად, 20:20 საათიდან 20:55 საათამდე პერიოდში, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ჩხრეკა ჩატარდა ქ----------––-, ს----------------------------ში. ჩხრეკაში მონაწილეობდნენ სამმართველოს უფროსის მოადგილე გ------------------ია, დეტექტივ-გამომძიებელი ბე-----– გე---–----, თარჯიმანი ნ-----–---------ი და საჩაიეს მფლობელი რ-------------ი. ჩხრეკის შედეგად, საჩაიეს პირველ სართულზე მდებარე საპირფარეშოდან, ხელსაბანი ნიჟარის ქვევით, უკანა მხრიდან ამოღებულ იქნა მოყვითალო ფერის ცელოფნის მონახევში გახვეული 5 წონაკად დაფასოებული მოყავისფრო ფერის ნივთიერება, სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალება.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა მოწმე რ-------------ის მიერ წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენება, რომლის თანახმად, 2017 წლის 10 ივნისს საჩაიეში მივიდა ორი პირი, რომლებიც ისხდნენ კუპეში. რამდენიმე წუთში ერთ-ერთი მათგანი ადგა და დაბლა ჩავიდა, სავარაუდოდ ჩასული იყო საპირფარეშოში, სადაც დაჰყო 15 წუთი, რის შემდეგაც ავიდა ისევ მაღლა.

 

2017 წლის 11 ივნისის ქიმიური ექსპერტიზის N1---------------- დასკვნის თანახმად:

 

§ 2 ცალად დაფასოებული, თერმულად დამუშავებული უფერო გამჭვირვალე პოლიეთილენის 2 ცალ ნაჭერში მოთავსებული კუსტარული წესით მიღებული მოყავისფრო ფერის ფხვიერი ნივთიერებები, სართო წონით 1,4870 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს 0,3565 გრამის ოდენობით.

 

§ 5 ცალად დაფასოებული, თერმულად დამუშავებული ერთი უფერო გამჭვირვალე და 4 ცალი ყვითელი ფერის პოლიეთილენის ნაჭრებში მოთავსებული კუსტარული წესით მიღებული მოყავისფრო ფერის ფხვიერი ნივთიერებები, საერთო წონით (მშრალ მდგომარეობაში) - 7,2507 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს - 3,0966 გრამის ოდენობით.

 

§ შავი ფერის შალითის (ფხრიწიანი ჩამკეტით) და შავი პოლიმერული მასალის ელექტროსასწორის ზედაპირებზე არსებული კუსტარული წესით მიღებული მოყავისფრო ნივთიერების დანაშრევები, საერთო წონით - 0,0443 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს - 0,01068 გრამის ოდენობით.

 

ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ნ-----–------ემ, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ ნა---ი ბა----–---ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკი და ელექტროსასწორის ზედაპირებზე არსებული ნარკოტიკი იყო ერთნაირი შემადგენლობის, ხოლო საჩაიედან ამოღებული ნარკოტიკი იყო განსხვავებული შემადგენლობის.

 

მოწმე თ---------–---ის ჩვენებით, მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში და არის ექიმი ნარკოლოგი-ექსპერტი. მის მიერ შემოწმებული იქნა ნა---ი ბა----–---ი, რომელიც გამოკვლევის შედეგად კლინიკურად არ იმყოფებოდა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ, ხოლო ლაბორატორიულად დაუდგინდა ოპიუმის ჯგუფის მიღების ფაქტი. აღნიშნულთან დაკავშირებით მის მიერ გაცემული იქნა ექსპერტიზის დასკვნა, რომლის სისწორესაც ადასტურებს. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ ,,ჰეროინის“ მოხმარების შემდეგ შემოწმებისას ორგანიზმში დგინდება ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკული საშუალება. ნარკოლოგიური შემოწმების დასკვნის თანახმად რო--- ხუ-----ს არ დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი.

 

ნა---ი ბა----–---მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ მას ნარკოტიკული საშუალება არ ჰქონია და რომ მისი ჩხრეკისას არაფერი ამოუღიათ, ოქმები კი შეადგინეს პოლიციის განყოფილებაში. მის კითხვაზე თუ რა ეწერა ოქმში, მას განუმარტეს, რომ მასში დაფიქსირებული იყო მის ჩხრეკასთან დაკავშირებული მონაცემები, რასაც მოაწერა ხელი. დილით, დროებითი მოთავსების იზოლატორში მისთვის ცნობილი გახდა თუ რის საფუძველზე იყვნენ დაკავებულები. მას ჩხრეკისას არაფერი განუმარტავს საჩაიეში არსებულ ნარკოტიკთან დაკავშირებით. სასწორი ესაჭიროებოდა ვერცხლის ასაწონად, რომელიც იშოვა მარნეულში რელიგიურ მაღაზიაში. პოლიციის თანამშრომლებს მის მიმართ ჰქონდათ ინტერესი, რის თაობაზეც გაფრთხილებული იყო მამისგან. ნა--- ბა----–---მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა, რომ მან სასწორი სთხოვა რო--- ხუ-----ს, რომელმაც ვერ იშოვა და შემდეგ თავად რელიგიურ მაღაზიაში იშოვა სასწორი. ასევე მან საჩაიედან გამოსვლისას რო--- ხუ-----ს სთხოვა წამოეღო სასწორი. მისივე განმარტებით იგი საჩაიედან გავიდა მხოლოდ ერთხელ, სიგარეტის შესაძენად.

 

რო--- ხუ-----მა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ 2017 წლის 10 ივნისს მასთან სახლში მისული იყო მისი მამიდაშვილი ნა---ი ბა----–---ი, შემდეგ ერთად გავიდნენ სახლიდან. მას ნა--- ბა----–---მა სთხოვა სასწორი, რაზეც განუცხადა, რომ არ ჰქონდა და ვერც იშოვა. ნა--- ბა----–---მა უთხრა, რომ თავად იშოვიდა სასწორს. ბაზართან რელიგიურ მაღაზიაში ნა--- ბა----–---მა აიღო სასწორი, შემდეგ გაემართნენ ჩაიხანაში, სადაც დაჰყვეს რამდენიმე საათი. ამ ხნის განმავლობაში ნა--- ბა----–---ი ჩაიხანიდან გავიდა მხოლოდ ერთხელ 5-6 წუთით. ჩაიხანიდან გამოსვლისას ანგარიში გადაიხადა ნა--- ბა----–---მა, ხოლო მან აიღო მაგიდაზე არსებული ნივთები და გავიდნენ გარეთ. ნივთებს შორის იყო სიგარეტი და შავ ნაჭერში გახვეული ხელსაწყო, რომელიც შემდეგ აღმოჩნდა სასწორი.

 

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების და მხარეთა პოზიციების მოსმენის შემდეგ, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს, რომლითაც ნა---ი ბა----–---ი დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ხოლო რო--- ხუ-----ი გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

გარემოებები, რაც სადავო გახადეს ბრალდების და დაცვის მხარეებმა, პალატას მიაჩნია დადასტურებულად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, ნა---ი ბა----–---ის პირადი ჩხრეკის შედეგად ჯინსის შარვლის წინა მარჯვენა პატარა ჯიბეში ნანახი და ამოღებული იქნა 2 წონაკად ცელოფნის მონახევებში დაფასოებული მოყავისფრო ფერის ფხვნილისებრი ნივთიერება, რაც ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად არის 1,4870 გრამი და შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს 0,3565 გრამის ოდენობით.

 

მოწმეებმა ბე-----– გ----–---მა და ელ----- ბო-–----ემ დაადასტურეს საგამოძიებო მოქმედების ოქმის სისწორე და აღნიშნეს, რომ თარჯიმნის მეშვეობით ნა--- ბა----–---ს განუმარტეს ჩხრეკის ჩატარების საფუძველი და უფლებები. ჩხრეკის შედეგად კი ჯინსის შარვლის წინა მარჯვენა პატარა ჯიბიდან ამოღებული იქნა ორი შეკვრა ცელოფნის მონახევებში მოთავსებული მოყავისფრო ნივთიერება.

 

პარალელურად მიმდინარეობდა რო--- ხუ-----ის პირადი ჩხრეკაც, რა დროსაც მისგან ამოიღეს ელექტრო სასწორი, რომლის ზედაპირზე ეყარა ფხვნილისებრი ნივთიერება.

 

საგულისხმოა, რომ რო--- ხუ-----მა არ უარყო სასწორის ქონის ფაქტი, თუმცა განმარტა, რომ სასწორი ეკუთვნოდა ნა--- ბა----–---ს, რომლის ნივთები საჩაიედან წამოსვლის შემდეგ წამოიღო მან. მართალია, თავად ნა--- ბა----–---მა სასწორის ქონის ფაქტი დაუკავშირა ვერცხლის აწონვას, თუმცა დაადასტურა, რომ სასწორი არ იყო რო--- ხუ-----ის საკუთრება.

 

პირადი ჩხრეკის ორივე ოქმში მითითებულია, რომ ამოღებული ნივთები დალუქული იყო კანონით დადგენილი წესით. ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ წარდგენილი ნივთები იყო დალუქული და ლუქების მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა. ექსპერტიზის შედეგად კი დადგინდა, რომ ნა---ი ბა----–---ის პირადი ჩხრეკისას ამოღებულ 2 შეკვრაში და რო--- ხუ-----ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული სასწორის ზედაპირზე არსებული ნივთიერებები იყო ერთნაირი ქიმიური შემადგენლობის და შეიცავდა აცეტამინოფენს, მეკონინს, კოფეინს, აცეტილკოდეინს, მონოაცეტილმორფინს, დიაცეტილმორფინს (ჰეროინი), პაპავერინს და ნოსკაპინს. აღნიშნული გარემოება, ნა---ი ბა----–---ის და რო--- ხუ-----ის განმარტებებთან ერთად, არ გამორიცხავს სასწორის ნა---ი ბა----–---ის კუთვნილებას. ბრალდების მხარის განმარტება, რომ ეს ვერსია მსჯავრდებულებმა მოიგონეს პასუხისმგებლობის თავიდან ასარიდებლად, ვერ იქნება უტყუარად მიჩნეული, რადგან მხოლოდ ნივთის ფლობის ფაქტი, როდესაც ეს ნივთი არის ელექტრო სასწორი, ვერ დაადასტურებს რო--- ხუ-----ის განზრახვას. საგულისხმოა, რომ სასწორის ზედაპირზე იყო ნარკოტიკული საშუალების კვალი 0,0443 გრამის ოდენობით, რომლის ქიმიური შემადგენლობა იყო ნა---ი ბა----–---ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნარკოტიკული საშუალების იდენტური, რაც არ გამორიცხავს რო--- ხუ-----ის განმარტებას.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ სწორია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც რო--- ხუ-----ი გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში.

 

პალატას დადასტურებულად მიაჩნია ნა---ი ბა----–---ის მიერ პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის და შენახვის ფაქტი. მსჯავრდების ამ ნაწილში ვერ იქნება გაზიარებული დაცვის მხარის არგუმენტები, რომ ნა--- ბა----–---ს პირადი ჩხრეკის შედეგად არ ჰქონია ნარკოტიკული საშუალება, ხოლო სასწორი ჭირდებოდა ვერცხლის ასაწონად და რომ ხელმოწერა განხორციელდა შეუვსებელ ოქმზე, თარჯიმნის დაუსწრებლად. პალატა აღნიშნავს, რომ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები და მათი საპროცესო დამაგრების დროს ადგილი არ ჰქონია კანონის მოთხოვნათა არსებით დარღვევას, რაც მათ დაუშვებლად ცნობას განაპირობებდა. გასათვალისწინებელია, რომ პირადი ჩხრეკის ოქმის თითოეული გვერდი ხელმოწერილი აქვს ნა--- ბა----–---ს და ოქმზე რაიმე სახის შენიშვნა არ გამოუთქვამს. მოწმეებმა დაკითხვისას დეტალურად განმარტეს აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობა, ამოღებული ნივთიერებები დაილუქა სათანადო წესით, რაც დადასტურებულია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირთა ხელმოწერებით. მათი ჩვენებები შესაბამისობაშია როგორც საგამოძიებო მოქმედების ოქმებთან, ისე ქიმიური ექსპერტიზის დასკვნასთან და ჩვენებებს შორის არსებითი ხასიათის უზუსტობები არ არსებობს. ექსპერტიზის დასკვნაში კი მითითებულია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი საკვლევი ობიექტი იყო დალუქული და ლუქის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა. აღნიშნული დადასტურებულია პირადი ჩხრეკის ოქმით, ექსპერტიზის დასკვნით, მათზე თანდართული ფოტოსურათებით და მოწმეთა ჩვენებებით.

 

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ „განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს მოწმე პოლიციელების ჩვენებებზე და მიუთითებს, რომ არავითარი ეჭვის შეტანის საფუძველი მათი ჩვენებების სანდოობაში არ გააჩნია, ვინაიდან პოლიციელთა ჩვენებები არის თანმიმდევრული, სარწმუნო და როგორც ერთმანეთთან, ისე საქმის სხვა მტკიცებულებებთან სრულად თანხვდენილი. არანაირი წინააღმდეგობა მათ ჩვენებებს შორის არ არსებობს. ამასთან, მათი ჩვენებები გამყარებულია გ. ვ-ს პირადი ჩხრეკის ოქმითა და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით. ყურადსაღებია ის ფაქტიც, რომ საქმის მასალების შესწავლის შედეგად ბრალდების მხარის მხრიდან რაიმე სახის კანონდარღვევა გ. ვ-ს პირადი ჩხრეკისა და სხვა საპროცესო მოქმედებების ჩატარებისას არ გამოვლენილა. საქმეზე „ოჩელკოვი რუსეთის წინააღმდეგ“ (Ochelkov v. Russia) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, დაეთანხმა განმცხადებლის მოსაზრებას, რომ პოლიციელების განცხადებები მცირე მნიშვნელობის იყო, რადგან არ იყო განმტკიცებული არანაირი მტკიცებულებით (პუნქტი 90), რაც არ ნიშნავს იმას, რომ ყველა სისხლის სამართლის საქმეზე პოლიციელთა ჩვენებებს იმთავითვე მცირე (ისევე, როგორც აღმატებული) მნიშვნელობა აქვს. პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა და უტყუარობა უნდა შეფასდეს თითოეული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, იმის მიხედვით, თუ მთლიანობაში რამდენად კეთილსინდისიერად, დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად მიმდინარეობდა წინასასამართლო გამოძიება“ (ვრცლად იხ. 2017 წლის 10 მაისის № 96აპ-17 გადაწყვეტილება, პარ. 11).

 

მოცემულ შემთხვევაში, ნივთიერი მტკიცებულების ლუქზე არსებობს ხელმოწერები, რაც დასტურდება ქიმიური ექსპერტიზის დასკვნაზე დართული ფოტოსურათებით. პალატა აღნიშნავს, რომ მტკიცებულების - ამ შემთხვევაში პირადი ჩხრეკის ოქმის სადავოდ მიჩნევის დროს, მიზანშეწონილია მასში მონაწილე პირების (მათ შორის თარჯიმნის) დაკითხვა. მიუხედავად ამ გარემოებისა, პალატას არ შეაქვს ეჭვი მოწმე პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებებში, რადგან სხდომაზე არ დადასტურებულა მათი დაინტერესება და ამასთან, როგორც ოქმებზე, ასევე ნივთიერი მტკიცებულების ლუქზე დატანილია თარჯიმნის და ბრალდებულის ხელმოწერები.

 

დაცვის მხარემ ასევე აღნიშნა, რომ ბრალდების მხარეს უნდა ჩაეტარებინა სხვა საექსპერტო კვლევები და საგამოძიებო მოქმედებებიც, რაც აღმოჩნდებოდა მყარი მტკიცებულება ნა---ი ბა----–---ის დამნაშავედ ცნობისათვის.

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება.

 

მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარე ისევე იყო უფლებამოსილი მოეპოვებინა მტკიცებულება, როგორც ბრალდების მხარე. თუ დაცვის მხარემ თავად ვერ მოიპოვა მტკიცებულებები, საქმის მასალების მიხედვით ასევე არ დგინდება, რომ მიმართეს გამოძიებას საგამოძიებო მოქმედების ჩატარების, ექსპერტიზის ჩატარების ან სხვა მტკიცებულებების მოპოვების მოთხოვნით. ამ პირობებში დაცვის მხარის მიერ მხოლოდ ზეპირსიტყვიერად მითითებული არგუმენტები არ წარმოადგენს ბრალდების მხარის მტკიცებულების გაუზიარებლობის საფუძველს.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ „იმ პირობებში, როდესაც არსებობს: მოწმე პოლიციელების - რ. დ-ს, ლ. ჯ-ს, ა. რ-სა და თ. კ-ს თანმიმდევრული, თანხვდენილი ჩვენებები, რომელთა ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაში ეჭვის შეტანის საფუძველი საკასაციო პალატას არ გააჩნია; ბრალდებულის პირადი ჩხრეკის ოქმი, რომელიც შედგენილია საპროცესო ნორმების სრული დაცვით; ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა; საქმეზე საპროცესო მოქმედებები ჩატარდა კანონის მოთხოვნათა დაცვით და პოლიციელთა მხრიდან გ. ვ-ს მიმართ რაიმე ინტერესი არ იკვეთება; მხოლოდ ბიოლოგიური (გენეტიკური) და დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნები, მით უფრო იმ მოცემულობით, როდესაც ექსპერტები განმარტავენ, თუ რა შემთხვევაში და რა ალბათობით არის შესაძლებელი, რომ გამოსაკვლევ ობიექტზე დარჩეს კვალი და რომელი გარემოებები გამორიცხავს კვალის დარჩენის შესაძლებლობას, არ წარმოადგენს უპირობოდ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს“ (ვრცლად იხ. 2017 წლის 10 მაისის № 96აპ-17 გადაწყვეტილება, პარ. 14).

 

,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად ჰეროინი 0,2 დან 1 გრამამდე ითვლება დიდ ოდენობად. შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილება იყო სწორი, როდესაც ნა--- ბა----–---ი დამნაშავედ ცნო ნარკოტიკული ნივთიერების დიდი ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვაში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.

 

პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიციას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იყო საკმარისი ნა---ი ბა----–---ის ბრალეულობის დასადგენად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ 2017 წლის 10 ივნისს მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ ქ----------––-, ს----------------------------ში მდებარე საჩაიეს პირველი სართულის საპირფარეშოდან, ხელსაბანი ნიჟარის ქვევით, უკანა მხრიდან ამოღებულ იქნა მოყვითალო ფერის ცელოფნის მონახევში გახვეული 5 წონაკად დაფასოებული მოყავისფრო ფერის ნივთიერება, რაც 2017 წლის 11 ივნისის ქიმიური ექსპერტიზის N1---------------- დასკვნის თანახმად შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს - 3,0966 გრამის ოდენობით, თუმცა დადასტურებულად არ მიიჩნია ნარკოტიკული საშუალების ნა---ი ბა----–---ისადმი კუთვნილება.

 

2017 წლის 10 ივნისის ნა---ი ბა----–---ის პირადი ჩხრეკის ოქმში მითითებულია ნა---ი ბა----–---ის განმარტება, რომ ამოღებული ნივთიერება არის ნარკოტიკული საშუალება და რომ მას კიდევ აქვს ნარკოტიკული საშუალება ქ----------––-, ს------------------ ქუჩა N8-ში მდებარე ჩაიხანაში, საპირფარეშოში. დაცვის მხარე უთითებს პირადი ჩხრეკის ოქმზე და აღნიშნავს, რომ აღნიშნული განმარტება გამომძიებელს დაწერილი აქვს ნა---ი ბა----–---ის და თარჯიმნის ხელმოწერების შემდეგ, რაც მიუთითებს სიყალბეზე და ამტკიცებს ნა---ი ბა----–---ის უდანაშაულობას. პირადი ჩხრეკისას ნა---ი ბა----–---ის მხიდან ასეთი განმარტების გაკეთებას ადასტურებენ ჩხრეკაში მონაწილე პირები - ბე-----– გე---–---- და ელ----- ბო-–----ე, რომლებმაც ჩაატარეს აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება. თუმცა, როგორც გამოძიებაში, ისე სასამართლო სხდომაზე ნა---ი ბა----–---მა უარყო მსგავსი განმარტების მიცემა.

 

მოცემულ შემთხვევაში, პალატის მიერ გადასაწყვეტ საკითხს წარმოადგენს, არის თუ არა საკმარისი გამომძიებლის მიერ პირადი ჩხრეკის ოქმში არსებული ჩანაწერი, პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებები და საჩაიეს საპირფარეშოში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნარკოტიკული ნივთიერება ნა---ი ბა----–---ის მსჯავრდებისთვის.

 

საგულისხმოა, რომ საჩაიეში ყოფნის ფაქტს არ უარყოფს არც ნა---ი ბა----–---ი და არც რო--- ხუ-----ი. ამ უკანასკნელის ჩვენების თანახმად, ნა---ი ბა----–---ი ჩაიხანიდან გავიდა მხოლოდ ერთხელ, 5-6 წუთით. თავად მსჯავრდებულის განმარტებითაც საჩაიედან გავიდა მხოლოდ ერთხელ, თუმცა სიგარეტის შესაძენად და არა საპირფარეშოში. უტყუარად არ არის დადგენილი, რომ ნა---ი ბა----–---ი იმყოფებოდა საპირფარეშოში, რადგან რ-------------ის გამოკითხვის ოქმის მიხედვით, ნა---ი ბა----–---ი სავარაუდოდ შესული იყო საპირფარეშოში.

 

ბრალდების მხარე უთითებს, რომ ნა--- ბა----–---ს ჰქონდა სიგარეტი, რის გამოც უსაფუძვლოა მისი განმარტება სიგარეტის შესაძენად გასვლასთან დაკავშირებით და ამ დროს ის იმყოფებოდა საპირფარეშოში. პალატა პროკურორის მიერ წარმოდგენილ არგუმენტებს ვერ გაიზიარებს, რადგან არ არის გამყარებული საკმარისი მტკიცებულებებით.

 

აღსანიშნავია, რომ ნა---ი ბა----–---ის პირადი ჩხრეკა დასრულდა 18:05 საათზე, ხოლო საჩაიეს ჩხრეკა დაიწყო 20:20 საათზე, ანუ 2 საათზე მეტი დროის გასვლის შემდეგ. ასევე მხედველობაშია მისაღები ნა---ი ბა----–---ის პირადი ჩხრეკისას და საჩაიეს საპირფარეშოდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების ქიმიური შემადგენლობა, რომელიც არ წარმოადგენს იდენტურს.

 

ამ მხრივ ბრალდების მხარის პოზიცია ნარკოტიკის გაღარიბების თაობაზე არ არის უსაფუძვლო, თუმცა, წარმოადგენს მხოლოდ ვარაუდს. ნა---ი ბა----–---ის განმარტებას ადასტურებენ მხოლოდ ჩხრეკის ჩამტარებელი პირები, არ არის დაკითხული თარჯიმანი, პირადი ჩხრეკის დასრულებიდან გასულია არც თუ მცირე დრო, უტყუარად არ დასტურდება ნა---ი ბა----–---ის საპირფარეშოში ყოფნა და არ არის გამორიცხული სხვა პირის შემხებლობა საპირფარეშოსთან. აღნიშნულ გარემოებათა ერთობლიობა, პალატის მოსაზრებით, ეჭვს ბადებს ბრალდების საფუძვლიანობაში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა და გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. ამავე კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

„ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ [...]. გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს“ (ამონარიდი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებიდან).

 

პირველი ინსტანციის სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არ არსებობდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით რო--- ხუ-----ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და ნა---ი ბა----–---ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობისა და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი, რასაც სრულად ეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები მტკიცებულებათა ერთობლიობის და უტყუარობის კონსტიტუციურ სტანდარტს პასუხობენ მხოლოდ ნა---ი ბა----–---ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ნაწილში, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 9 იანვრის განაჩენი კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია, რის გამოც უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ნა---ი ბა----–---ის ადვოკატის დ-----------–--–-–---–-ს და მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზ-----–---------ას სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

 

უცვლელად დარჩეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 9 იანვრის განაჩენი ნა---ი ბა----–---ის და რო--- ხუ-----ის მიმართ.

 

ნა---ი ბა----–---ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ნა---ი ბა----–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

ნა---ი ბა----–---ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2017 წლის 10 ივნისიდან.

 

რო--- ხუ-----ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

რო--- ხუ-----ს უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

 

რო--- ხუ-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია და გირაოს სახით გადახდილი ფულადი თანხა 4000 ლარის ოდენობით განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში უნდა დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს რ-–---------------ვს (პ/ნ 2----------).

 

სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

რო--- ხუ-----ის ჩხრეკისას ამოღებული სასწორი და ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე

 

მოსამართლეები: მურმან ისაევი

 

მანუჩარ კაპანაძე