განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330310017001970476
საქმე №3ბ/2685-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
22 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე (მომხსენებელი მოსამართლე) - შოთა გეწაძე
მოსამართლეები - ილონა თოდუა, გიორგი გოგიაშვილი
სხდომის მდივანი - თინათინ ვაშაყმაძე
აპელანტი (მოპასუხე) - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი;
წარმომადგენელი - ნ-----–---- თ---------ა;
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – შპს ,,ფ---ი“;
წარმომადგენელი - გ--- კ----------–-ძე;
დავის საგანი - უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება;
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 სექტემბრის განჩინება (საქმის წარმოების შეწყვეტაზე უარის თქმის შესახებ);
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. აღიარებულ იქნეს, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი ინსპექტირების განყოფილების 31.03.2017 წლის „შპს ,,ფ---ის“ მიერ ქვიშა-ხრეშის სათანადო ლიცენზიის გარეშე სარგებლობით გარემოსთვის მიყენებული ზიანის გაანგარიშება“, რომლის მიხედვითაც შპს ,,ფ---ის“ მიერ ქვიშა-ხრეშის უკანონო, სათანადო ლიცენზიის გარეშე, სასარგებლო წიაღისეულის ქვიშა-ხრეშის მოპოვებით გარემოსათვის მიყენებული ზიანი შეადგენს 99 599 ლარს, არ შეესაბამება სინამდვილეს და შპს ,,ფ---ის“ მიერ გარემოსთვის მიყენებული ზიანის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენელი არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას და მიიჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს. მოპასუხის განმარტებით, შპს ,,ფ---ის“ მიერ განხორციელდა წიაღის მოპოვება სათანადო ლიცენზიის გარეშე, რამაც გამოიწივია გარემოსთვის ზიანის მიყენება. ზიანის ოდენობა გაანგარიშების შედეგად განისაზღვრა 99 599,3 ლარით. მოსარჩელეს წიაღისეულის მოპოვება ნაწარმოები აქვს 14 503,8 კვ.მ ფართობზე და მოპოვებული აქვს 144 223,1 კუბ.მეტრი წიაღისეული, რაც წარმოადგენს კანონდარღვევას. 14 503,8 კვ.მ-დან კონტურს გარეთ მოპოვება განხორციელებულია 31,4 კვ.მ-ზე. მოსარჩელეს უფლება ჰქონდა ეწარმოებინა სამუშაოები 14 472,4 კვ.მ-ზე 3 მეტრის სიღრმეზე, რომლის შედეგად შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ 43 417,2 მ3 ქვიშა-ხრეშის მოპოვება. დარჩენილი მოპოვებული წიაღისეული წარმოადგენს კანონდარღვევით მოპოვებულს.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:
3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
შპს ,,ფ---ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა; აღიარებულ იქნა, რომ შპს ,,ფ---ის“ მიერ არ განხორციელებულა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი ინსპექტირების განყოფილების 2017 წლის 31 მარტს შედგენილი „შპს ,,ფ---ის“ მიერ ქვიშა-ხრეშის სათანადო ლიცენზიის გარეშე სარგებლობით გარემოსთვის მიყენებული ზიანის გაანგარიშებაში“ ასახული ზიანის მიყენება გარემოსათვის.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:
4.1. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ 2015 წლის 6 აგვისტოს შპს ,,ფ---ი“-ს მიმართ გაიცა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია N1------. განისაზღვრა ლიცენზიით გათვალისწინებული ტერიტორიის მდებარეობა და ფართობი: ო----------ის მუნიციპალიტეტში, სოფ. გ---------ას მიმდებარე ტერიტორიაზე, მდ. ნ-------ზე, ,,ნ-------ის“ ქვიშა, ხრეში საბადო; მიწისა და სამთო მინაკუთვნის ფართობით - 5,44 ჰა. ლიცენზიით შპს ,,ფ---ს“ უფლება მიეცა მოეპოვებინა ,,ნ-------ის“ ქვიშა-ხრეშის ჯამური ოდენობა 163 200 კუბური მეტრის მოცულობით. ლიცენზიის მოქმედების ვადა იყო 5 წელი - 06.08.2015წ.-დან 11.01.2018წ.-მდე.
გეოსაინფორმაციო პაკეტის თანახმად, მადნიანი სხეულის სიმძლავრეა 3 მ, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია გაიცემა 3 მეტრიანი სისქის პროდუქტიული შრის დამუშავების უფლებით. მარაგების გამოთვლის მეთოდია საშუალო არითმეტიკული. წიაღისეულის რაოდენობრივი მაჩვენებელი 54 400 კვ.მ-ზე გაანგარიშებით შეადგენს 163 200 მ3-ს. ლიცენზიის კონტურში მარაგები ნაწილობრივ შევსებადია, შევსებადობის ხარისხი უცნობია; წიაღით სარგებლობის ობიექტის ექსპლუატაციის პროცესში მოსალოდნელი გეოდინამიკური და გეოეკოლოგიური გართულებები ან ნაპირების მორფოლოგიური ცვლილებებით გამოწვეული შესაძლო უარყოფითი ჰიდროლოგიური მოვლენები მნიშვნელოვნად არ შეიცვლება. მასალის მოპოვებით ნაპირების მდგრადობას ზიანი არ მიადგება; გეოდინამიკური და გეოეკოლოგიური გართულებების შემთხვევაში გამაჯანსაღებელი ღონისძიებების დასახვა - მასალის მოპოვებით გაიზრდება კალაპოტის ცოცხალი კვეთი, რაც გააუმჯობესებს ჰიდროლოგიურ პირობებს (ს.ფ. 243-248).
4.2. შპს ,,ფ---ის“ 2016 წლის 21 დეკემბრის წერილით საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს ეცნობა 2015 წლის 6 აგვისტოს N1------ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ფარგლებში მოპოვებული რესურსის რაოდენობა და წიაღით სარგებლობის გადახდილი გადასახადი, ლიცენზიის გაცემიდან 2016 წლის 23 ნოემბრამდე, წლების და თვეების მითითებით. კერძოდ: 08.2015წ. – 8182მ3 – 3272,8 ლარი; 09.2015წ. - 17051მ3 – 6820,4 ლარი; 10.2015წ. - 7967 მ3 – 3186,8 ლარი; 11.2015წ. – 10630 მ3 – 4252 ლარი; 12.2015წ. – 8463 მ3 – 3385,2 ლარი; 01.2016წ. – 1245 მ3 – 498 ლარი; 02.2016წ. – 1140 მ3 – 456 ლარი; 03.2016წ. – 11866 მ3 – 4746,4 ლარი; 04.2016წ. – 3525 მ3 – 1410 ლარი; 05.2016წ. – 6880 მ3 – 2752 ლარი; 06.2016წ. – 6680 მ3 – 2672 ლარი; 07.2016წ. – 15320 მ3 – 6128 ლარი; 08.2016წ. – 12330 მ3 – 4932 ლარი; 09.2016წ. – 3984 მ3 – 1593,6 ლარი; 10.2016წ. – 10300 მ3 – 4120 ლარი; 23.11.2016წ.-მდე - 14975 მ3 – 5990 ლარი; სულ ჯამი: 140538 მ3 – 56215,2 ლარი.
შპს „ფ---ის“ 2017 წლის 6 ივნისის საჩივარში აღნიშნული აქვს, რომ 2017 წლის 2 თებერვლის შემდეგ კომპანიას აღარ უწარმოებია წიაღის მოპოვების სამუშაოები (ს.ფ.24-26,29).
4.3. გარემოს ეროვნული საგენტოს სპეციალისტების მიერ განხორციელდა ტოპო და ჰიდროგრაფიული აზომვები მდინარე ნ-------თან, ლიცენზირებული ტერიტორიიდან ინერტული მასალის მოპოვების საკითხთან დაკავშირებით. კოლხეთის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის უფროსის მიერ შედგენილ „მდინარე ნ-------ის დახასიათებაში“ აღნიშნულია, რომ ქვიშა-ხრეშის მოპოვების სამუშაოები ძირითადად დარღვევებითაა ნაწარმოები, რასაც ადასტურებს მდინარის კალაპოტში ხელოვნურად შექმნილი ღრმულები, რაც ცხადყოფს, რომ ქვიშა-ხრეშის მოპოვება ხორციელდებოდა მდინარის კალაპოტიდანაც. დახასიათებაში, ასევე, აღინიშნა, რომ ვინაიდან ვერ იქნა მოპოვებული სამუშაოების დაწყებამდე პერიოდის ვერც ტოპოგრაფიული რუკა და ვერც განივი პროფილები, შეუძლებელი იყო ფაქტიური ამოღებული მასალის რაოდენობის გაანგარიშება. ლიცენზიანტის მიერ, ქვიშა-ღორღის მოპოვების პერიოდში (10.01.2013წ-30.12.2016წ.) 4 წლის განმავლობაში მდინარის მიერ ტრანსპორტირებული ნატანი მასალა შეადგენს 1 380 000 ტონას, ნატანი მასალის საშუალო სიმკვრივის გათვალისწინებით - 788 771მ3-ს. ნატანი მასალის აკუმულირების ფართობი შეადგენს 305 ჰა (788 771მ3:305=2 586,1 მ3/ჰა). ლიცენზირებულ ფართობზე (5,4 ჰა) 4 წლის განმავლობაში აკუმულირებული ნატანის მაქსიმალური რაოდენობა შესაძლებელია ყოფილიყო 13 965 მ3. ლიცენზიანტის მიერ აღიარებულ ტერიტორიაზე (14503,8მ2) მდინარის მიერ შემოტანილი მყარი ნატანის მაქსიმალური რაოდენობა 4 წლის განმავლობაში შესაძლებელია ყოფილიყო 3751მ3.
სააგენტოს სპეციალისტების მიერ ადგილზე ჩატარებული ტოპო და ჰიდროგრაფიული აზომვების შედეგად მიღებული მონაცემები გარემოს ეროვნულმა სააგენტომ 2017 წლის 23 მარტის N------- წერილით გაუგზავნა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მთავარ სახელმწიფო ინსპექტორს (ს.ფ. 17-23).
4.4. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვით ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ შედგა 2017 წლის 31 მარტის N------------------ შპს ,,ფ---ის“ მიერ ქვიშა-ხრეშის სათანადო ლიცენზიის გარეშე სარგებლობით გარემოსათვის მიყენებული ზიანის გაანგარიშება.
გაანგარიშებაში აღნიშნულია, რომ შპს ,,ფ---ის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება მთლიანად ნაწარმოები აქვს 14 503,8 კვ.მ ფართობზე, აქედან თავის სალიცენზიო ფართობში მოპოვება ნაწარმოები აქვს 14 472,4 კვ.მ ფართობზე, ხოლო კონტურს გარეთ მოპოვება ნაწარმოები აქვს 31,4 კვ.მ-ზე. სამთო მინაკუთვნიდან მოპოვებული და გატანილი აქვს 140 538 მ3 ქვიშა, ხრეში. ამის გარდა საკარიერო მოედანზე და მის მიმდებარედ დასაწყობებულია: 1. ბალასტი 1722 მ3. 2. გაუცრელი ფრაქცია 659,6 მ3 და 3. წვრილი გაცრილი ფრაქცია 1303,5 მ3. აქედან გამომდინარე მეწარმის მიერ სულ მთლიანად მოპოვებული ქვიშა-ხრეშის რაოდენობა იქნება - 144 223,1 მ3. მეწარმის მიერ 1 კვ.მ-ზე მოპოვებული ქვიშა, ხრეშის რაოდენობა იქნება: 144 223,1 : 14 503,8 = 9,9 გამომდინარე აქედან მოპოვების სიღრმეც არის 9,9 მ. შედეგად, კონტურს გარეთ მოიპოვებდა 31,1*9,9=307,89მ3. შპს ,,ფ---ს“ უფლება ჰქონდა სასარგებლო წიაღისეული მოეპოვებინა 3 მეტრის სიმაღლეზე, ამიტომ კომპანიას უფლება ჰქონდა, მოეპოვებინა 14472,4*3=43417,2მ3 ქვიშა-ხრეში. შპს ,,ფ---ის“ მიერ უკანონოდ, შესაბამისი ლიცენზიის გარეშე, მოპოვებული ქვიშა ხრეშის რაოდენობა იქნება (144 223,1- 43 417,2) 100 805,9 მ3. გაანგარიშებაში მითითებულია სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის 2017 წლის 23 მარტის N------- წერილზე და აღნიშნულია, რომ სააგენტოს სპეციალისტების მიერ ადგილზე ჩატარებული ტოპო და ჰიდროგრაფიული აზომვების შედეგად მიღებული დასკვნის საფუძველზე ლიცენზიანტის აღიარებულ ტერიტორიაზე (14503,8 კვ.მ) მდინარე ნ-------ის მიერ შეტანილი მყარი ნატანის მაქსიმალური რაოდენობა 4 წლის განმავლობაში შესაძლებელია ყოფილიყო 3 751მ3. აღნიშნულისა და შპს ,,ფ---ის“ მიერ წიაღის ათვისების პერიოდის (წელიწადნახევარი) გათვალისწინებით კომპანიის მიერ აღიარებული ფართობიდან დამატებით იქნებოდა 1406,6 მ3 წიაღისეულის მოპოვების შესაძლებლობა. აღნიშნულის გათვალისწინებით შპს ,,ფ---ის“ მიერ (100 805,9-1406,6) 99 399,3 მ3 ქვიშა-ხრეში მოპოვებულია უკანონოდ შესაბამისი ლიცენზიის გარეშე. შპს ,,ფ---ის“ მიერ ქვიშა-ხრეში უკანონო სათანადო ლიცენზიის გარეშე სასარგებლო წიაღისეულის ქვიშა-ხრეში მოპოვებით გარემოსათვის მიყენებული ზიანი შეადგენს 99 599,3 ლარს.
აღნიშნული გაანგარიშების ავტორი - ა-–------ კ--–---ი დაიკითხა სასამართლო სხდომაზე სპეციალისტის სახით, მის მიერ შედგენილ დოკუმენტთან დაკავშირებით. მისი განცხადებით, ადგილზე მისვლისას აიღეს კოორდინატები ტერიტორიიდან, სადაც საწარმოს წარმომადგენლის მითითებით, მათ განახორციელეს მოპოვება (მისი განცხადებით, კომპანიის მინდობილობით იყო აღჭურვილი წარმომადგენელი). ასათვისებელი ტერიტორიის მხოლოდ 1/3-ზე ხდებოდა ათვისება (მიუთითა რუკაზე აღნიშნულ წითელ კონტურზე, იხ. ს.ფ. 236). მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარ საკითხთან - წიაღის ფაქტობრივი მოპოვების არეალთან დაკავშირებით კი განმარტა, რომ კომპანიის წარმომადგენლის - ს-----–-ას მიერ მითითებული ტერიტორიიდან აიღეს კოორდინატები და ეს ჩათვალეს მოპოვების ტერიტორიად. ნახეს მოპოვებული და ათვისებული წიაღისეულის რაოდენობა. მოპოვებულ და გატანილ ოდენობას დაამატეს ადგილზე აღმოჩენილი დასაწყობებული ოდენობა. მიღებული ჯამი შეუფარდეს იმ ტერიტორიის ფართობს, რომელზედაც მიუთითეს, რომ მოიპოვებდნენ წიაღისეულს და ამ შეფარდებით მიიღეს 9,9 მ სიღრმე. ამ სიღრმეზე, რა თქმა უნდა, ვერ მოიპოვებდნენ თიხიანი ფენების გამო. თუმცა, მათ გამოიანგარიშეს 3 მეტრზე, როგორც გეოსაინფორმაციო პაკეტშია მითითებული და ამ მოცულობის მიღმა რაც ზედმეტი აღმოჩნდა, ჩათვალეს, რომ მოიპოვეს სხვაგან, არ იციან სად.
მან ასევე განმარტა, რომ კარიერის დამუშავების წესის მიხედვით, წყალში წიაღის მოპოვება აკრძალულია. კომპანიას წინასწარ უნდა შეედგინა მოპოვების გეგმა. მიწის ზემოთ დალექილის მოპოვების უფლება ლიცენზიის მფლობელს არ ჰქონდა. კონტურს შიგნით მდინარე არ უნდა შეეშვა. მისი განმარტებით, ლიცენზიის მფლობელს უფლება არ ჰქონდა, მოეპოვებინა ლიცენზიაში მითითებული ჯამური ოდენობა მხოლოდ ერთ რომელიმე ტერიტორიაზე. მას უნდა აეთვისებინა მთლიანი ტერიტორია ისე, რომ მოპოვებულის რაოდენობა არ უნდა აჭარბებდეს 3 მეტრის სიღრმეს, რასაც ეწოდება სიმძლავრე. თუმცა, სასამართლოს შეკითხვაზე მან განმარტა, რომ ამას თვითონ ვერ განსაზღვრავს, ლიცენზიის გამცემმა ორგანომ უნდა განსაზღვროს, ერთჯერადად მოპოვების უფლება აქვს 3-მეტრიანი სისქის გათვალისწინებით, თუ მრავალჯერადად, ხელახლა დალექილი მასალისაც. მისი თქმით, წყალი უნდა გაემიჯნა ტერიტორიიდან, კონტურს შიგნით წყალი არ უნდა შეეშვა. მან ასევე განმარტა, რომ ზიანის გაანგარიშებაში 9,9 მეტრ სიღრმეზე ქვიშა-ხრეშის მოპოვება არ არის ნაგულისხმევი და თუ ტექსტიდან ასეთი რამ გამომდინარეობს, ეს შესაძლოა, იყოს სტილისტური შეცდომა. ასეთ სიღრმეზე ვერ მოხდებოდა მოპოვება. თუმცა, ეს ციფრი მიიღეს მოპოვებული მოცულობის ფართობზე გაანგარიშებით, რაც აჭარბებს დასაშვებ 3 მეტრ სიმძლავრეს. ეს უკვე საკმარისად ჩათვალეს ზიანის ოდენობის დადგენის მიზნებისთვის. დასაშვები ნორმის მიღმა მოპოვებული შესაძლოა, იყოს ლიცენზიის კონტურს გარეთ მოპოვებული, შესაძლოა - კონტურს შიგნით, მაგრამ მცირე ტერიტორიაზე - საანგარიშო ფართობზე (მიუთითა რუკაზე აღნიშნულ წითელ კონტურზე, იხ. ს.ფ. 236) არაერთხელ დალექვის შედეგად, რისი უფლებაც ლიცენზიის მფლობელს არ ჰქონდა. რადგანაც გაანგარიშებით მიღებული შედეგი ნორმას აღემატებოდა, ეს ჩათვალეს საკმარისად. არ მომხდარა გამოკვლევა, სად იყო მოპოვებული დანარჩენი ოდენობა (ს.ფ. 15-16).
4.5. 2017 წლის 6 ივნისს შპს ,,ფ---მა“ საჩივრით მიმართა გარემოსდავითი ზედამხედველობის დეპარტამენტს და მოითხოვა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი ინსპექტირების განყოფილების მიერ 2017 წლის 31 მარტს შედგენილი შპს ,,ფ---ის“ მიერ ქვიშა-ხრეშის სათანადო ლიცენზიის გარეშე სარგებლობით გარემოსათვის მიყენებული ზიანის გაანგარიშების ბათილად ცნობა. საჩივარში აღნიშნულია, რომ ლიცენზიით კომპანიამ მიიღო უფლება 54 400 კვ.მ ფართობზე მოეპოვებინა საერთო ჯამში 163 200 მ3 ქვიშა-ხრეში. 163 200-ის 54 400-ზე გაყოფით მიიღება 3, ანუ მაქსიმალური სიღრმე, რაზეც შეიძლებოდა წიაღის მოპოვება. საერთო ჯამში მოპოვება წარმოებდა დაახლოებით 51 000 კვ.მ ფართობზე. კომპანიის მიერ 2016 წლის 23 ნოემბრის მდგომარეობით მოპოვებული იყო 140 538 მ3, შესაბამისად 2,76მ სიღრმიდან (140 538:51 000=2,76) ხდებოდა მოპოვება. 14 503,8 კვ.მ ფართობზე წარმოებულ სამუშაოებთან დაკავშირებით შპს ,,ფ---მა“ განმარტა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე მიმდინარეობდა სამუშაოები 2016 წლის სექტემბერ-ნოემბრის მონაკვეთში, რა დროსაც მოპოვებულ იქნა 29 259 მ3 ქვიშა-ხრეში, შესაბამისად, მითითებულ ტერიტორიაზე მოპოვება განხორციელდა 2 მ (29 259:14 503,8=2) სიღრმიდან.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის 2017 წლის 12 ივნისის N D---------------- წერილით შპს ,,ფ---ს“ ეცნობა, რომ საჩივარი დარჩა განუხილველი იმ მოტივით, რომ ზიანის გაანგარიშება არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს (ს.ფ. 24-28).
4.6. შპს ,,ფ---ის“ მიმართვის საფუძველზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის ბუნებრივი კატასტროფების მიმართულების ხელმძღვანელის, ინჟინერ-ჰიდროლოგის, მეცნიერების დოქტორის, პროფესორის, საქართველოს ეკოლოგიური აკადემიის აკადემიკოსის, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დამოუკიდებელი ექსპერტის, ბუნებრივი გარემოსდაცვითი საერთაშორისო კავშირის ,,უ-----–----- კ------ის“ პრეზიდენტმა რ-------- დ--------ემ შეისწავლა შპს ,,ფ---ის“ მიერ მდინარე ნ-------ზე ქვიშა-ხრეშის მოპოვებაზე წარმოებული საქმიანობა, კერძოდ, დარღვეულ იქნა თუ არა გარემოსდაცვითი კანონმდებლობა და მიადგა თუ არა გარემოს ზიანი. შესწავლის შედეგებზე გამოიცა დასკვნა. დასკვნაში აღინიშნა, რომ შპს ,,ფ---ის“ მიერ მათ სარგებლობაში არსებული (ლიცენზირებული) ფართობიდან სულ ამოღებულ იქნა 163 200 მ3 მოცულობის ქვიშა-ხრეში (მონაცემები მითითებულია 2017 წლის იანვრის მდგომარეობით), ანუ ის რაოდენობა, რაც კანონით იყო გათვალისწინებული და მას ამისათვის დასჭირდა არა ოთხი წელი (ლიცენზიის მოქმედების მთლიანი ვადა), არამედ 18 თვე (1,5 წელი). დღეის მდგომარეობით, გარემოზე უარყოფითი ზეგავლენა, რომელიც შპს ,,ფ---ის“ მიერ შეიძლება ყოფილიყო გამოწვეული, არ ჩანს. კარიერზე ჩატარებული სამუშაოების მიზეზით მდინარის მიმდებარე ტერიტორიის ლანდშაფტს ზიანი არ მიყენებია. რაც შეეხება მდინარე ნ-------ის დინების მიმართულების შეცვლას, ის დიდი ალბათობით, გამოწვეულია მდინარის მარჯვენა ნაპირის გარეცხვით, რის შედეგადაც მდინარე ამ მონაკვეთში თითქმის 900-იანი კუთხით ებჯინება ნაპირს, რის გამოც მდინარე იცვლის დინების მიმართულებას და იწევა სამხრეთისკენ. სწორედ ამის მიზეზია მარცხენა ნაპირის მიმდებარედ არსებული ეროზიული პროცესები.
რაც შეეხება 9,9 მ სიღრმეზე ჩასვლას და იქ ქვიშა-ხრეშის ამოღებას, ასეთ სიღრმეზე ჩასვლა ტექნიკურად თითქმის შეუძლებელია ძვირადღირებული ტექნოლოგიების გარეშე და არარენტაბელური იქნებოდა. გარდა ამისა, სიღრმეზე ჩასვლა არც იქნებოდა საჭირო, რადგან წლის განმავლობაში მუდმივად, 5-ჯერ და მეტჯერაც ხდებოდა კარიერის ტერიტორიის ქვიშით შევსება, მითუმეტეს რომ ამონაღები ქვიშის ადგილებზე არსებული ორმოები ამ შემთხვევისათვის სალექრების როლს ასრულებდნენ და ეს ორმოები სწრაფად ივსებოდა. ზიანის გაანგარიშების თანახმად საკვლევი კარიერის ფართობი უდრის 14 503,8 მ2-ს. ერთი მეტრი სიღრმიდან ქვიშა-ხრეშის ერთჯერადი ამოღებისას შესაძლებელი იქნებოდა 14 503,8მ3 მოცულობის ქვიშა-ხრეშის ამოღება, ხოლო უფლებამინიჭებული 3 მ სიღრმის ათვისების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა 43 511,4მ3 მოცულობის ერთჯერადად ამოღება. შემოდგომისა და გაზაფხულის წყალდიდობების დროს დაახლოებით 5-7-ჯერ მაინც დიდდება მდ. ნ-------ი, ამოღებული ქვიშა-ხრეშის ორმოები თავიდან ივსება ყოველი წყალდიდობის დროს, რასაც ხელს უწყობს არსებული ორმოები, რომლებიც ბუნებრივი სალექარების როლს ასრულებენ და მყარი ნატანი მასში იოლად ილექება. გამოდის, რომ თუ კარიერი მინიმუმ 4-ჯერ მაინც შეივსებოდა, ეს უკვე სრულიად საკმარისი იქნებოდა 163 200მ3 მყარი ნატანის - ქვიშა-ხრეშის ამოსაღებად. იმის გამო, რომ საკვლევი ტერიტორიიდან შესაძლებელი იყო გაცილებით მეტი მყარი ნატანის მოპოვება 4 წელიწადში, ვიდრე დასაშვები ნორმა ითვალისწინებდა, ამიტომ შპს ,,ფ---მა“ შეწყვიტა ქვიშის ამოღება და აუთვისებელი დარჩა 31,4 მ2 ფართობი. შპს ,,ფ---ისთვის“ ქვიშა-ხრეშის ამოსაღებად 4 წლის ნაცვლად 1,5 წელიც (18 თვე) საკმარისი აღმოჩნდა. 2016 წლის სექტემბერ-ნოემბერში 14 503,8 კვ.მ ფართობიდან შესაძლებელი იყო მინიმუმ 43 511,4 მ3 მყარი ნატანის მოპოვება.
დასკვნის ავტორი არ ეთანხმება კოლხეთის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის უფროსის მიერ შედგენილ „მდინარე ნ-------ის დახასიათება“-ში ასახულ მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მყარი ნატანის დალექვა მეტ-ნაკლებად თანაბრად მიმდინარეობს და ის თანაბრად ნაწილდება საანგარიშო ფართობის მთელ ტერიტორიაზე. დასკვნის ავტორის თქმით, ეს ასე არ არის. აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული ქვიშა-ხრეშის ამოღების შედეგად დარჩენილი ორმოების არსებობა, რომლებიც ცვლიან კარიერის ფართობის მორფომეტრიულ მახასიათებლებს. ორმოები აფერხებენ მყარი ნატანის ტრანსპორტირებას და წყალდიდობების დროს სწრაფად ივსებიან მყარი ნატანით, რადგანაც ისინი მუშაობენ, როგორც ხელოვნური სალექარები და ტერიტორია წყალდიდობის შედეგად სწრაფად უბრუნდება საწყის მდგომარეობას. ე.ი. გამოდის, რომ ყოველი წყალდიდობის დროს ხდება ამოღებული ქვიშა-ხრეშის რაოდენობის დეფიციტის შევსება.
დასკვნის სახით, მითითებულია, რომ შპს ,,ფ---ის“ მიერ ქვიშა-ხრეშის მოპოვების სამუშაოები განხორციელებულია გარემოსდაცვითი კანონმდებლობის სრული დაცვით. შპს ,,ფ---ის“ ნამდვილად შეეძლო მითითებულ პერიოდში (08.2015-01.2017) კარიერის ნაწილიდან (14503,8მ2 ფართობიდან) ამოეღო 163 200მ3 მოცულობის ქვიშა-ხრეში, ისე რომ არ დაერღვია ლიცენზიის პირობები და არ გამოეყენებინა მის სარგებლობაში არსებული ლიცენზიით მონიჭებული მთლიანი ფართობი, თუმცა როგორც ირკვევა, ქვიშა-ხრეში ლიცენზიის მოქმედების პერიოდში მოპოვებული 51000 მ2 ფართობიდანაც. აღნიშნული დასკვნის შესაბამისად, გარემოსდაცვითი ზემოქმედების დასავლეთის დეპარტამენტის დასკვნა (ზიანის გაანგარიშების შესახებ) არ შეესაბამება რეალობას და არ დასტურდება წარმოებული კვლევით (ს.ფ. 142-154).
4.7. შპს ,,ფ---ის“ მიმართვის საფუძველზე, ინჟინერ-გეოლოგ ჯ----– კ--------–-ას მიერ განხორციელდა საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა, რის შედეგადაც გამოიცა საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა. დაკვნის თანახმად, შპს ,,ფ---ის“ 9,9 მ სიღრმემდე ქვიშა-ხრეშოვანი გრუნტი არ დაუმუშავებია, რადგან ზედაპირიდან 3 მ-ის ქვემოთ გავრცელებული იყო მისთვის გამოუსადეგარი, ჩათიხული გრუნტი. ფ---დობის მხრიდან შემონადენი გრუნტის წყლისა და მდინარის მხრიდან ფილტრატის შემოდინება საკმაოდ დიდი იქნებოდა, რაც გააძნელებდა და არაადეკვატურად გააძვირებდა გრუნტის ამოღებას. ამასთანავე ექსკავატორისთვის მოსაწყობი იქნებოდა საფეხური ქვაბულის ზედა ნაწილში ზედაპირიდან 4,5 მ სიღრმემდე (გრუნტის წყლის დონემდე).
დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულია, რომ 3-4 მ სიღრმიდან რიყნარ-ხრეშოვანი გრუნტის შემავსებლად გვევლინება ქვიშა-ქვიშნართან ერთად - თიხნარი, რომლის პროცენტული შემადგენლობა 15,5%-მდეა, ხოლო ზოგჯერ რიყნარ-ხრეშოვან გრუნტები აღინიშნება 0,5 მ-მდე სიმძლავრის თიხნარების შუაშრეები, შესაბამისად, გრუნტი არაკონდიციურია, მეწარმე მას ვერ ამოიღებდა და არც დაამუშავებდა კომისიის მიერ აღნიშნულ 9,9 მ სიღრმემდე (ს.ფ. 155-169).
4.8. საქმეში წარმოდგენილია შპს „ფ---ის“ მიმართ 2016 წლის 18 აგვისტოს შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და 5 აგვისტოს აქტი, სადაც აღნიშნულია, რომ აქტში მითითებული კოორდინატების (1. X-------, Y--------, 2. X-------, Y--------, 3----------, Y--------, 4----------, Y--------) მიმდებარედ შპს „ფ---ის“ მიერ მოპოვებულია 300 მ3 ქვიშა-ხრეში. აქტს თან ერთვის ტოპოგრაფიული რუკის ნაწილი, სადაც ასახულია მოპოვების ტერიტორიის საერთო ფართობი, შესაბამისი კოორდინატებით. დარღვევის მცირე მნიშვნელობის გამო ო----------ის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 7 სექტემბრის #4-331-16 დადგენილებით შპს „ფ---ი“-ს გამოუცხადდა სიტყვიერი შენიშვნა. თუმცა, სასამართლომ დადგენილად ჩათვალა ოქმში მითითებული გარემოებები.
განსახილველ საქმესთან მიმართებაში დასახელებულ ოქმსა და აქტში მითითებული ტერიტორიის განსაზღვრა მნიშვნელოვანია იმის დასადგენად, წარმოებდა თუ არა მოსარჩელის მიერ წიაღის მოპოვების სამუშაოები მხოლოდ ზიანის გაანგარიშებაში მითითებულ - 14472,4 კვ.მ ფართობის ტერიტორიაზე. სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოება, რომ აქტის დანართში აღნიშნული ტერიტორია, სადაც მიმდინარეობდა აქტის შედგენის დროისათვის წიაღის მოპოვება (როგორც კონტურს შიგნით, ისე - კონტურს გარეთ) არ შედის ზიანის გაანარიშების დოკუმენტში ასახულ ტერიტორიაში, არამედ მდებარეობს მის ფარგლებს გარეთ და არც კი ემიჯნება მას, იგი მდებარეობს ლიცენზიით განსაზღვრული კონტურის ჩრდილოეთ საზღვართან) რასაც ადასტურებს გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებული ტოპოგრაფიული რუკის ნაწილის (იხ. ს.ფ. 199-201, 236) შედარება 2016 წლის 5 აგვისტოს აქტზე თანდანართულ ტოპოგრაფიულ რუკასთან და მასზე დატანილ მონაცემებთან. ამდენად, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ წიაღის მოპოვების ფაქტობრივი არეალი მხოლოდ 14472,4 კვ.მ ფართობით არ შემოიფარგლებოდა.
4.9. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ო----------ის რაიონული სამმართველოს 2017 წლის 4 დეკემბრის N 6------------ წერილი გაეგზავნა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს, სადაც აღნიშნულია, რომ შსს გურიის პოლიციის დეპარტამენტში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის N085060517001 საქმეზე, საქართველოს სსკ-ის 299-ე მუხლის პირველი ნაწილით. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ რეგიონალური სამმართველოს გარემოსდაცვითი ინსპექტირების განყოფილების უფლებამოსილი პირების მიერ 2016 წლის 23 დეკემბერს ჩატარებული შემოწმების დროს გამოვლენილ იქნა შპს ,,ფ---ის“ მიერ ო----------ის მუნიციპალიტეტის სოფელ გ---------აში, მდინარე ნ-------ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მდინარის კალაპოტში 99,399,3 კუბური მეტრის მოცულობით სასარგებლოს წიაღისეულის ქვიშა-ხრეშის უკანონოდ მოპოვების ფაქტი, აღნიშნულით გარემოზე მიყენებული იქნა 99 599,3 ლარის მნიშვნელოვანნი ზიანი. გურიის პოლიციის დეპარტამენტმა მოითხოვა ინფორმაციის მიწოდება მასზედ, რომ ლიცენზიის მფლობელს ლიცენზიით განსაზღვრულ სამთო მინაკუთვნში აქვს თუ არა უფლება განმეორებით მოიპოვოს წყლის მიერ შემონატანი ნატანი - ქვიშა-ხრეში.
გარემოს ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 18 სექტემბრის N-------- წერილით შსს გურიის პოლიციის დეპარტამენტს ეცნობა, რომ შპს ,,ფ---ზე“ გაცემული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების N1------ ლიცენზია გაუქმდა სააგენტოს უფროსის 2017 წლის 1 თებერვლის N2---- ბრძანების საფუძველზე, რესურსის ამოწურვის გამო. ასევე ეცნობა, რომ ლიცენზიის მფლობელს ლიცენზიის მოქმედების პერიოდში განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში აქვს წიაღისეულის მოპოვების უფლება (ს.ფ. 193,194).
4.10. საქართველოს შსს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ო----------ის რაიონული სამმართველოს უ----ის პოლიციის განყოფილების უბნის უფროს ისპექტორ-გამომძიებელმა 2017 წლის 8 მაისის N------------- წერილით მიმართა სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს უფროსს და შპს ,,ფ---თან“ დაკავშირებით მოითხოვა ინფორმაცია თუ რამდენი კუბური მეტრის მოცულობის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების უფლება ჰქონდა შპს ,,ფ---ის“ ლიცენზიის ნომრით 1------ 2015 და 2016 წლის განმავლობაში და 2016 წლისათვის ჰქონდა თუ არა შპს ,,ფ---ის“ დარჩენილი სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების უფლება და რამდენ კუბურ მეტრს შეადგენდა იგი.
სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის 2017 წლის 19 მაისის N------- წერილით საქართველოს შსს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ო----------ის რაიონული სამმართველოს უ----ის პოლიციის განყოფილების უბნის უფროს ისპექტორ-გამომძიებელს ეცნობა, რომ შპს ,,ფ---იზე“ გაიცა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების N1------ ლიცენზია 5,44 ჰექტარ ფართობზე, ქვიშა-ხრეშის 163 200 მ3-ის მოპოვების მიზნით. სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებული ობიექტის გეოსაინფორმაციო პაკეტის 9.3 პოზიციის თანახმად, რესურსის სიმძლავრე განსაზღვრულია 3 მეტრით. კომპანიის მიერ სააგენტოში 2016 წლის 20 აპრილს წარდგენილი უწყებრივი სტატისტიკური დაკვირვების ფორმა N1-01-ის შესაბამისად, 2015 წელს შპს ,,ფ---ის“ მოპოვებული აქვს 52 293 მ3 ქვიშა-ხრეში. შესაბამისად, 2016 წლისათვის დარჩენილი მოსაპოვებელი რესურსი შეადგენდა 110 907 მ3, რომელიც კომპანიამ აითვისა 2016 წელს. 2017 წლის 2 თებერვალს შპს ,,ფ---ის“ წარმომადგენელმა რესურსის ამოწურვასთან დაკავშირებით ლიცენზიის გაუქმების თაობაზე მიმართა სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს. სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის 2017 წლის 16 თებერვლის N2---- ბრძნების საფუძველზე, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების N1------ ლიცენზია გამოცხადდა ძალადაკარგულად (ს.ფ. 202-205).
4.11. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 16 თებერვლის N2---- ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადდა შპს ,,ფ---იზე“ ო----------ის მუნიციპალიტეტში, სოფ. გ---------ას მიმდებარე ტერიტორიაზე მდ. ნ-------ზე ,,ნ-------ის“ ქვიშა, ხრეშის მოპოვების N1------ ლიცენზია (ს.ფ. 206).
5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:
სასამართლომ განსახილველი დავის არსებითად გადაწყვეტისათვის, მნიშვნელოვან გარემოებად მიიჩნია დაედგინა შპს ,,ფ---ს“ დარღვეული ჰქონდა თუ არა ზიანის გაანგარიშებაში მითითებული ფორმით სალიცენზიო პირობები, კონკრეტულად რომელი და რა სახის დარღვევა ჩაითვალა 99 599,3 ლარის ოდენობით გარემოსთვის ზიანის მიყენებად.
სასამართლომ აღნიშნა, რომ დარღვევად მიჩნეულია ლიცენზიის გარეშე ქვიშა-ხრეშის მოპოვება. ამ დარღვევის თაობაზე კი დასკვნა გამომდინარეობს იქიდან, რომ 14 503 კვ.მ ფართობზე შეუძლებელი იქნებოდა ლიცენზიის მფლობელის მიერ კონკრეტული ოდენობით ქვიშა-ხრეშის მოპოვება 3-მეტრიანი სისქის გათვალისწინებით. მოსარჩელე სადავოდ ხდის მის მიერ მხოლოდ ამ ფართობზე წიაღის მოპოვების ფაქტს, მისი განცხადებით, მოპოვება წარმოებდა სალიცენზიო ფართობის სხვა ტერიტორიაზეც. სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხის მიერ საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა, რომ მოპოვების უბნის ფართობის შესახებ ინფორმაცია ემყარება გადამოწმებულ მონაცემებს, ამ ინფორმაციის სარწმუნოობის თაობაზე არ არის საქმეში წარმოდგენილი რაიმე დამაჯერებელი არგუმენტი. სასამართლომ მიიჩნია, რომ მტკიცების ტვირთი გაანგარიშების შემდგენ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება. სწორედ მის ადმინისტრაციულ ფუნქციას განეკუთვნება, სარწმუნო მონაცემებზე დაყრდნობით განახორციელოს ზიანის გაანგარიშება, რასაც შესაძლოა, პირის ადმინისტრაციული ან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა მოჰყვეს.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მსჯელობის საგანი უნდა გახდეს ზიანის გაანგარიშების ფორმულაში გამოყენებული ერთ-ერთი მონაცემის სისწორე, რომელიც მიღებულია მოპოვებული მასალის მოცულობის მოპოვების უბნის ფართობთან შეფარდებით. მოსარჩელის მიერ სადავოდ არის გამხდარი სწორედ ეს მონაცემი - მოპოვების უბნის ფართობი.
სასამართლომ მიუთითა ზიანის გაანგარიშების აქტზე ხელმომწერი პირის - ა-–------ კ--–---ის სასამართლო სხდომაზე გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც აღინიშნა, რომ მათ კომპანიის წარმომადგენლის მიერ მითითებული ტერიტორიიდან აიღეს კოორდინატები და ეს ჩათვალეს მოპოვების ტერიტორიად. ნახეს მოპოვებული და ათვისებული წიაღისეულის რაოდენობა. მოპოვებულ და გატანილ ოდენობას დაამატეს ადგილზე აღმოჩენილი დასაწყობებული ოდენობა. მიღებული ჯამი შეუფარდეს იმ ტერიტორიის ფართობს, რომელზედაც მიუთითეს, რომ მოიპოვებდნენ წიაღისეულს და ამ შეფარდებით მიიღეს 9,9 მ სიღრმე. ამ სიღრმეზე, რა თქმა უნდა, ვერ მოიპოვებდნენ თიხიანი ფენების გამო. თუმცა, მათ გამოიანგარიშეს 3 მეტრზე, როგორც გეოსაინფორმაციო პაკეტშია მითითებული და ამ მოცულობის მიღმა რაც ზედმეტი აღმოჩნდა, ჩათვალეს, რომ მოიპოვეს სხვაგან, თუმცა არ იციან - სად.
მან ასევე განმარტა, რომ ზიანის გაანგარიშებაში 9,9 მეტრ სიღრმეზე ქვიშა-ხრეშის მოპოვება არ არის ნაგულისხმევი და თუ ტექსტიდან ასეთი რამ გამომდინარეობს, ეს შესაძლოა, იყოს სტილისტური შეცდომა. ასეთ სიღრმეზე ვერ მოხდებოდა მოპოვება. თუმცა, ეს ციფრი მიიღეს მოპოვებული მოცულობის შეფარდებით მოპოვების უბნის ფართობთან, მიღებული შედეგი კი აჭარბებს დასაშვებ 3 მეტრ სიმძლავრეს. ეს უკვე საკმარისად ჩათვალეს ზიანის ოდენობის დადგენის მიზნებისთვის. დასაშვები ნორმის მიღმა მოპოვებული, შესაძლოა, იყოს ლიცენზიის კონტურს გარეთ მოპოვებული, შესაძლოა - კონტურს შიგნით, მაგრამ მცირე ტერიტორიაზე - საანგარიშო ფართობზე (მიუთითა რუკაზე აღნიშნულ წითელ კონტურზე, იხ. ს.ფ. 236) არაერთხელ დალექვის შედეგად, რისი უფლებაც, მისი თქმით, ლიცენზიის მფლობელს არ ჰქონდა. რადგანაც გაანგარიშებით მიღებული შედეგი ნორმას აღემატებოდა, ეს ჩათვალეს საკმარისად. არ მომხდარა გამოკვლევა, სად იყო მოპოვებული დანარჩენი ოდენობა.
საქალაქო სასამართლომ ზიანის გაანგარიშების ტექსტისა და მისი ავტორის ზეპირი განმარტებების შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ დარღვევის შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის გაანგარიშება ემყარება მხოლოდ მოპოვებული მასალის მოცულობის მოპოვების ფართობზე შეფარდებას. თუმცა, აღნიშნული მოპოვების უბნის კონტურის დადგენა ემყარება არასარწმუნო მონაცემებს. ამასთან, სასმართლომ მიუთითა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ დასკვნებზე (იხ. გადაწყვეტილების „3.6“ და 3.7“ პუნქტები), რომელთა თანახმად, ტექნიკურად გამორიცხულია, რომ ლიცენზიის მიმღებს 3 მეტრის მეტ სიღრმეზე მოეპოვებინა წიაღი. აღნიშნული თავად ზიანის გაანგარიშების შემდგენმა ა-–------ კ--–---მაც დაადასტურა. სასამართლომ მიიჩნია, რომ ზიანის გაანგარიშების აქტი არ შეიცავს ფაქტებს ლიცენზიის კონტურს გარეთ (გარდა მცირე ტერიტორიისა, რაზედაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის წესით განხორციელდა რეაგირება) მოპოვებასთან დაკავშირებით. ამასთან, არც ამ აქტით და არც სხვა მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ შპს „ფ---ი“ წიაღისეულს მოიპოვებდა მხოლოდ 14503,8 კვ.მ ფართობზე, და არა - ლიცენზიით განსაზღვრულ მთელ ტერიტორიაზე, რომელიც 5,4 ჰა-ს შეადგენს. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ზიანის გაანგარიშების აქტში მითითებული ოდენობით ლიცენზიის გარეშე წიაღის მოპოვების შესახებ დასკვნა არ ემყარება სარწმუნო მონაცემებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტაციული ორგანომ ვერ დაადასტურა შპს ,,ფ---ის“ მიერ ზიანის გაანგარიშების აქტში მითითებული ოდენობით გარემოსათვის ზიანის მიყენება, რაც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი გახდა.
6. გასაჩივრებული განჩინების დასკვნები:
6.1. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შუამდგომლობა შპს ,,ფ---ის’’ საქმეზე საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
6.2. გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი ფაქტები და მათი სამართლებრივი შეფასება:
სასამართლოს მთავრ სხდომაზე მოპასუხე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა იშუამდგომლა საქმის წარმოების შეწყვეტა იმ მოტივით, რომ საქმე არ უნდა იქნეს განხილული თბილისის საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციული წესით, ვინაიდან კანონის თანახმად მისი განხილვა სხვა უწყების, კერძოდ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ო----------ის რაიონული სამმართველოს კომპეტენციაში შედის.
სასამართლომ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა თავისი შინაარსით ექცევა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის დეფინიციის ფარგლებში, სახეზეა მოსარჩელე მხარის კანონიერი ინტერესი გარემოსთვის მიყენებული ზიანის ფაქტის არარსებობის დადასტურების შესახებ, ვინაიდან აღნიშნული გაანგარიშების საფუძველზე დადგინდა შპს ,,ფ---ის’’ მიერ გარემოსთვის მიყენებული ზიანი 99 599,3 (ოთხმოცდაცხრამეტი ათას ხუთას ოთხმოცდაცხრამეტი ლარი და 30 თეთრი) ოდენობით და დაიწყო სისხლის სამართლის საქმის წარმოების შპს ,,ფ---ის’’ მიმართ გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების ფაქტთან დაკავშირებით.
სასამართლომ მიიჩნია, რომ სისხლისსამართლებრივი პროცედურის დაწყება ვერ დააბრკოლებს ადმინისტრაციული წესით სარჩელის განხილვას, რადგან სისხლის სამართლებრივი წარმოება მიმდინარეობს დამოუკიდებლად და მისი შედეგები არ არის სავალდებულო სასამართლოში მიმდინარე ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში. ზიანის გაანგარიშება განხორციელებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ფუნქციის ფარგლებში, შესაბამისად, მისი შინაარსის კანონიერების დადგენა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით უნდა მოხდეს.
7. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა:
7.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 სექტემბრის განჩინების, საქმის წარმოების შეწყვეტაზე უარის თქმის შესახებ, გაუქმება;
7.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება.
8. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
8.1. აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, მისი ფუნქციის განხორციელებისას შედგენილ ზიანის განსაზღვრის გაანგარიშების დოკუმენტს და მასთან დაკავშირებულ ფაქტობრივ მონაცემს შემდეგ გარემოებათა გამო:
მეწარმეს მოპოვებითი სამუშაოები ჩატარებული ჰქონდა მხოლოდ 14 503,8 კვ.მ ფართობზე, ეს დადასტურებულია ადგილის შესწავლა/დათვალიერებით, ასევე კომპანიის წარმომადგენლის ახსნა-განმარტებით. დათვალიერებისას ზემოაღნიშნული ტერიტორიის გარდა მოპოვების ადგილი ან/და მოპოვების კვალი არ დაფიქსირებულა. სამთო მინაკუთვნში და მის გარეთ, ფიზიკურად არ შეინიშნებოდა გამონამუშევარი სივრცე, ამასთან თუ სადმე რეალურად იარსებებდა მოპოვების ტერიტორია, ის იქნებოდა ლიცენზიით განსაზღვრული სამთო მინაკუთვნის კონტურს გარეთ და შესაბამისად მოპოვება მაინც ჩაითვლებოდა უკანონოდ.
მეწარმემ თავისი ასათვისებელი რესურსის 86% აითვისა მის სამთო მინაკუთვნის 26,66% ტერიტორიაზე. დარჩენილი ტერიტორია მეწარმემ დატოვა აუთვისებელი და ვერც აითვისებდა, რადგან დანარჩენ ნაწილზე მოწყობილი ჰქონდა საკარიერო მოედანი, ქვის სამსხვრევი ქარხანა და ასევე, მოპოვებული და გადამუშავებული ინერტული მასალის სასაწყობე მეურნეობა. ეს უკანასკნელი განთავსებული იყო მეწარმის სალიცენზიო კონტურში, გადაუხსნელ (ხელუხლებელ) ტერიტორიაზე.
გარემოზე მიყენებული ზიანის გაანგარიშებაში გათვალისწინებულია სააგენტოს სპეციალისტების მიერ ჩატარებული ტოპო-ჰიდროგრაფიული აზომვის შედეგები, სასამართლომ კი გაითვალისწინა კერძო ექსპეტის დასკვნები, სადაც ცალსახად არ არის დამტკიცებული მდ. ნ-------ის, წიაღის ათვისების პერიოდში, 5-7-ჯერ ადიდების ფაქტები. არ არის ჰიდრომეტეოროლოგიური მონაცემები, ფაქტიურად 18 თვის პერიოდში მართლაც მოხდა თუ არა მდინარის ადიდება და შესაბამისად რა რაოდენობის ნატანი მოიტანა. აღნიშნულის საფუძველზე, აპელანტს კერძო ექსპერტის დასკვნა მიაჩნია სუბიექტურად, რომელიც არ შეესაბამება ადგილზე არსებულ მდგომარეობას.
აპელანტი მიუთითებს, რომ შემოწმების პერიოდში მოპოვებითი სამუშაოების ადგილის კოორდინატები აღებულ იქნა გარემოს დაცვის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლებთან ერთად კომპანიის თანამშრომლის - გ--–- წ--–----იას თანდასწრებით, რაც მოპოვებითი ტერიტორიის ფარგლებში ეჭვის შეტანის საფუძველს აცლის.
8.2. სააპელაციო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 სექტემბრის განჩინებით არასწორად არის შეფასებული მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ნორმები.
აპელანტი განმარტავს, რომ გარემოსათვის მიყენებული ზიანის გაანგარიშება წარმოადგენს კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების ამსახველ დოკუმენტს, რომლებიც არ აწესებს, არ ცვლის, არ წყვეტს და არ ადასტურებს პირის უფლებებსა და მოვალეობებს. მას დამოუკიდებლად და უპირობოდ არ მოჰყვება სამართლებრივი შედეგი. იგი წარმოადგენს ე.წ. ,,შუალედურ აქტს“, რომელიც შესაძლოა გამოყენებულ იქნეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად.
აპელანტი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნავს, რომ დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ხოლო სარჩელში მითითებული ზიანის გაანგარიშება არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
სააპელაციო საჩივრის ავტორი ასევე მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ საქმე არ უნდა იქნეს განხილული სასამართლოში იმის გამო, რომ კანონის თანახმდა მისი განხილვა სხვა უწყების კომპეტენციაში შედის. აპელანტს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო, ზიანის გაანგარიშების დოკუმენტი გადაგზავნილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ო----------ის რაიონულ სამმართველოში და განეკუთვნება საგამოძიებო ორგანოს კომპეტენციას.
9. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
9.1. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
მოცემულ შემთხვევაში, განხილვის საგანს წარმოადგენს აღიარებითი სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა. მოსარჩელემ მოითხოვა მის სამეწარმეო საქმიანობაზე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გამოცემული გაანგარიშებით, დადგენილი სახელმწიფოსათვის ზიანის მიყენების ფაქტის უარყოფა, გაანგარიშების სიმცდარის დადგენა. საქალაქო სასამართლომ საქმეში არსებულ მტკიცებულებათა საფუძველზე მიიჩნია, რომ გაანგარიშება არ ეფუძნებოდა სარწმუნო ინფორმაციას, შესაბამისად არ დასტურდება შპს ,,ფ---ის“ მიერ გარემოსათვის ზიანის მიყენების ფაქტი. სააპელაციო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები ადასტურებს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გაანგარიშების შესაბამისად, მოსარჩელის მიერ სახელმწიფოსთვის 99 599 ლარის ოდენობით ზიანის მიყენების ფაქტს. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ განსახილველი დავის ფარგლებში უნდა შემოწმდეს იმ მონაცემთა უტყუარობა, რომელიც გაანგარიშებაში იღებდა მონაწილეობას და აღნიშნული გზით დადგინდეს გაანგარიშების სისწორე. აქვე, პალატას მნიშვნელოვნად მიაჩნია აღინიშნოს, რომ განსახილველი დავის საგანს წარმოადგენს კონკრეტული გაანგარიშების სისწორე და მხოლოდ აღნიშნულიდან გამომდინარე შპს ,,ფ---ის“ მიერ სახელმწიფოსათვის ზიანის მიყენების ფაქტის დადგენა. სასამართლოს კვლევის საგანს არ წარმოადგენს გაანგარიშების მიღმა, სხვა ფაქტობრივ გარემოებათა და მტკიცებულებათა საფუძველზე, შპს ,,ფ---ის“ მიერ სახელმწიფოსთვის ზიანის მიყენების ფაქტის დადგენა-უარყოფა. აღნიშნულის კვლევა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს კომპეტენციას განეკუთვნება, რომელიც უნდა განხორციელდეს უტყუარი ინფორმაციის საფუძველზე და სწორი გაანგარიშებით.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ 2015 წლის 6 აგვისტოს შპს ,,ფ---ი“-ს მიმართ გაიცა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია N1------. განისაზღვრა ლიცენზიით გათვალისწინებული ტერიტორიის მდებარეობა და ფართობი: ო----------ის მუნიციპალიტეტში, სოფ. გ---------ას მიმდებარე ტერიტორიაზე, მდ. ნ-------ზე, ,,ნ-------ის“ ქვიშა, ხრეში საბადო; მიწისა და სამთო მინაკუთვნის ფართობით - 5,44 ჰა. ლიცენზიით შპს ,,ფ---ს“ უფლება მიეცა მოეპოვებინა ,,ნ-------ის“ ქვიშა-ხრეშის ჯამური ოდენობა 163 200 კუბური მეტრის მოცულობით. ლიცენზიის მოქმედების ვადა იყო 5 წელი - 06.08.2015წ.-დან 11.01.2018წ.-მდე. გეოსაინფორმაციო პაკეტის თანახმად, ლიცენზია გაიცა 3 მეტრიანი სისქის პროდუქტიული შრის დამუშავების უფლებით.
„წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, წიაღით მოსარგებლეს უფლება აქვს, ისარგებლოს წიაღისეულით ლიცენზიის შესაბამისად მისთვის გამოყოფილი სამთო მინაკუთვნის ფარგლებში; გამოყოფილი მიწის მინაკუთვნის ფარგლებში ლიცენზიით განსაზღვრული მიზნებისათვის აწარმოოს მეურნეობა მისთვის სასურველი ფორმით, თუ ეს არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას. მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, წიაღით მოსარგებლე ვალდებულია: ა) ისარგებლოს წიაღით მხოლოდ ლიცენზიით განსაზღვრული მიზნებისათვის; ბ) უზრუნველყოს წიაღისეული რესურსების რაციონალური და კომპლექსური გამოყენება, გარემოსა და წიაღის დაცვა. ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების შესრულებას აკონტროლებს ლიცენზიის გამცემი. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის #54 დადგენილებით დამტკიცდა ტექნიკური რეგლამენტი „გარემოსათვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) მეთოდიკის შესახებ“, რომლის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად (აქტის შედგენის დროს მოქმედი რედაქცია), წიაღით სარგებლობისას საქართველოს საკანონმდებლო ნორმების დარღვევის შედეგად გარემოზე მიყენებული ზიანი შეიძლება გამოწვეულ იქნეს ყველა სახეობის სასარგებლო წიაღისეულით და მიწისქვეშა სიცარიელეებით (სივრცით) ულიცენზიოდ სარგებლობით და ლიცენზიის პირობების დარღვევით.
მოცემულ სამართლებრივ ნორმათა გათვალისწინებით, ლიცენზიის გამცემი ახორციელებს კონტროლს ლიცენზიის მფლობელის საქმიანობაზე იმ მიზნით, რომ მოპოვებითი სამუშაოები არ გასცდეს ლიცენზიით დადგენილ ფარგლებს და არ დადგეს გარემოსთვის ზიანის მიყენების ფაქტი.
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს N136 დადგენილებით დამტკიცებული ,,სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების“ მე-3 მუხლის 22-ე პუნქტის თანახმად, მდინარეებზე არსებული ქვიშახრეშის საბადოებსა და გამოვლინებებზე, რომელთა შესახებ გეოლოგიური ინფორმაცია მოპოვებულია სახელმწიფო სახსრებით და ინახება სააგენტოში, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია გაიცემა 3 მეტრიანი სისქის პროდუქტიული შრის დამუშავების უფლებით. ლიცენზიის მაძიებლის მოთხოვნის საფუძველზე შესაძლებელია პროდუქტიული შრის დამუშავების სისქის გაზრდა. ამდენად, სადავო ურთიერთობის მარეგულირებელი კანონმდებლობა ლიცენზიანტს - შპს ,,ფ---ს“ ავალდებულებდა მოპოვებითი სამუშაოები განეხორციელებინა არაუმეტეს 3 მეტრის სიღრმიდან. აღნიშნულ პირობას ითვალისწინებდა გაცემული ლიცენზიაც.
დადგენილია, რომ გარემოსდაცვით ზედამხედველობის დეპარტმენტის მიერ შედგა 2017 წლის 31 მარტის N------------------ შპს ,,ფ---ის“ მიერ ქვიშა-ხრეშის სათანადო ლიცენზიის გარეშე სარგებლობით გარემოსათვის მიყენებული ზიანის გაანგარიშება, რომლის თანახმად, შპს ,,ფ---ის“ მიერ სათანადო ლიცენზიის გარეშე, სასარგებლო წიაღისეულის ქვიშა-ხრეშის მოპოვებით, გარემოსათვის მიყენებული ზიანმა შეადგინა 99 599,3 ლარი. გაანგარიშებაში მითითებულია, რომ კომპანიას წიაღისეულის მოპოვება ნაწარმოები აქვს 14 503,8 კვ.მ ფართობზე, აქედან სალიცენზიო ფართობში მოპოვება ნაწარმოები აქვს 14 472,4 კვ.მ ფართობზე. მოპოვებული ქვიშა-ხრეშის რაოდენობად მიეთითა 144 223,1 მ3. დაანგარიშდა მეწარმის მიერ 1 კვ.მ-ზე მოპოვებული წიაღისეულის რაოდენობა: 144 223,1:14 503,8=9,9. აქედან გამომდინარე, მიჩნეულ იქნა, რომ მოპოვების სიღრმე წარმოადგენდა 9,9 მეტრს, კომპანიას კი უფლება ჰქონდა სასარგებლო წიაღისეული მოეპოვებინა 3 მეტრ სიღრმეზე. აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით გაანგარიშდა 3 მეტრს მიღმა, კანონდარღვევით მოპოვებული წიაღისეულის მოცულობა და მის შესაბამისად განისაზღვრა ზიანის ოდენობაც.
როგორც უკვე აღინიშნა, სალიცენზიო ფართობს წარმოადგენდა 5,4 ჰა ტერიტორია, ხოლო გაანგარიშების თანახმად, მოპოვებითი სამუშაოები ნაწარმოებია 14 503,8 კვ.მ-ზე. მოპოვებითი სამუშაოების სალიცენზიო ფართობის მთელ ტერიტორიაზე განხორციელების პირობებში, ბუნებრივია, მოპოვების სიღრმე იქნებოდა არა 9,9 მეტრი, არამედ გაცილებით მცირე, რაც დარღვევის ფაქტს გამორიცხავდა. შესაბამისად, მოპოვებითი სამუშაოების არეალის, ფართობის სწორი დადგენა არსებით გავლენას ახდენს ზიანის ფაქტის დადასტურებაზე. მხარეებს შორის დავაც ძირითადად ეფუძნება აღნიშნულ გარემოებას. მოსარჩელე უარყოფს მოპოვებითი სამუშაოების წარმოებას მხოლოდ 14 503,8 კვ.მ-ზე. აღნიშნულ პირობებში, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს გაანგარიშების ავტორის განმარტებაზე, რომელიც მან პირველი ინსტანციის სასამართლოში, სხდომაზე, სპეციალისტის სახით მონაწილეობის დროს განაცხადა. კერძოდ, გაანგარიშების ავტორმა განაცხადა, რომ მოპოვების ფართობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა კომპანიის წარმომადგენელმა. სწორედ მისი მითითებით განახორციელეს მოპოვებით ტერიტორიაზე კოორდინატების აღება. მოსარჩელემ სადავოდ გახადა ეს გარემოებაც და ინფორმაციის მიმწოდებლის ვინაობაც. ამასთან, განმარტა, რომ მითითებულ კონტურში მოპოვება წარმოებდა მხოლოდ 2016 წლის აგვისტო-ნოემბრის პერიოდში. დანარჩენ პერიოდში კი წიაღი მოპოვებულია სალიცენზიო კონტურის სხვა ტერიტორიიდან. საგულისხმოა, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ინფორმაციის მიმწოდებელი პირის წარმომადგენლობით უფლებამოსილებას მესამე პირებთან ურთიერთობაში. კომპანიის რიგითი თანამშრომლის სტატუსიც კი, ასეთის დადასტურების შემთხვევაში, ვერ მიანიჭებს მას უფლებას კომპანიის სახელით გამოვიდეს პესამე პირებთან ურთიერთობაში, მათ შორის მიაწოდოს უტყუარი ინფორმაცია წარმოებული სამუშაოების შესახებ. აღნიშნული მიზნით მას უნდა ჰქონდეს მინიჭებული შესაბამისი უფლებამოსილება კანონით დადგენილი წესით. საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მოპოვებითი სამუშაოების არეალის დადგენა დაეყრდნო მხოლოდ ზემოხსენებული პირის მითითებას. მოპოვებითი ტერიტორიის ზუსტი კოორდინატების დადგენის მიზნით, ადმინისტრაციულ ორგანოს არ განუხორციელებია რაიმე სახის კვლევა. სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო საჩივარში მითითებულ პოზიციას მასზედ, რომ მოპოვებითი ფართობის დადგენის მიზნით შესწავლილ იქნა სალიცენზიო ტერიტორია და რომ არ დასტურდება გაანგარიშებაში დაფიქსირებული ტერიტორიის გარდა სხვაგან მოპოვებითი სამუშაოები. პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია გაანგარიშების ავტორის განმარტება, რომ აღნიშნული ფართობი დადგინდა კომპანიის წარმომადგენლის მითითებით. არ არსებობს მტკიცებულება, რომ მოცემულ ეტაპზე საჭიროდ იქნა მიჩნეული წიაღისეულის მოპოვების ფართობის დადგენის მიზნით, დამატებით საკითხის შესწავლა. შესაბამისად, არ დასტურდება აღნიშნული მიზნით კვლევის განხორციელება, რაც თავის მხრივ მიუთითებს მასზედ, რომ გაანგარიშებაში მითითებული მოპოვებითი ტერიტორიის მოცულობა ემყარება მხოლოდ ერთი პიროვნების განმარტებას, რასაც თავად მოპოვებითი სამუშაოების მწარმოებელი პირი არ ეთანხმება. პალატის აზრით, აპელანტის ზემოაღნიშნული განმარტება ემსახურება გაანგარიშების სისწორის დადასტურების მცდელობას, რომელსაც შესაბამისი საფუძველი არ გააჩნია.
ამდენად, სააპელაციო პალატა იზიარებს საქალაქო სასამრთლოს მსჯელობას მასზედ, რომ ზიანის გაანგარიშების ტექსტის და მისი ავტორის ზეპირი განმარტებების შესწავლის შედეგად დგინდება, რომ გარემოსთვის მიყენებული ზიანის გაანგარიშება ემყარება მხოლოდ მოპოვებული მასალის მოცულობის მოპოვების ფართობზე შეფარდებას. თუმცა, მოპოვების უბნის კონტურის დადგენა ემყარება არასარწმუნო მონაცემებს. ამასთან, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დასკვნებით (იხ. გადაწყვეტილების „3.6“ და 3.7“ პუნქტები) დგინდება, რომ ტექნიკურად გამორიცხულია, რომ ლიცენზიის მიმღებს 3 მეტრის მეტ სიღრმეზე მოეპოვებინა წიაღი, რადგან წიაღი ჩათიხულია, რაც თავად ზიანის გაანგარიშების შემდგენმა ა-–------ კ--–---მაც დაადასტურა. ზიანის გაანგარიშების აქტი არ შეიცავს ფაქტებს ლიცენზიის კონტურს გარეთ (გარდა მცირე ტერიტორიისა, რაზედაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის წესით განხორციელდა რეაგირება) მოპოვებასთან დაკავშირებით. ამასთან, არც ამ აქტით და არც სხვა მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ შპს „ფ---ი“ წიაღისეულს მოიპოვებდა მხოლოდ 14503,8 კვ.მ ფართობზე, და არა - ლიცენზიით განსაზღვრულ მთელ ტერიტორიაზე, რომელიც 5,4 ჰა-ს შეადგენს. ამდენად, ზიანის გაანგარიშების აქტში მითითებული ოდენობით ლიცენზიის გარეშე წიაღის მოპოვების შესახებ დასკვნა არ ემყარება სარწმუნო მონაცემებს.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მცდარ ინფორმაციაზე დაყრდნობით განხორციელებული გაანგარიშება ვერ გახდება ლიცენზიანტის მიერ ლიცენზიის დარღვევით სამუშაოების წარმოებისა და სახელმწიფოსათვის ზიანის მიყენების დასტური. ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი გაანგარიშება შეიცავს მცდარ მონაცემებს და იგი არ ასახავს რეალობას, მასზე დაყრდნობით არ დგინდება მოსარჩელის მიერ სახელმწიფოსთვის ზიანის მიყენების ფაქტი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა საკითხი, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის მასალებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. ამდენად, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
9.2. სააპელაციო სასამართლო, ასევე მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2017 წლის 25 სექტემბრის განჩინების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის მასალებს.
გასაჩივრებული განჩინებით არ დაკმაყოფილდა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე. შუმადგომლობის მოტივად მოპასუხე მიუთითებდა, რომ სადავო საკითხი წარმოადგენდა სხვა უწყების - საგამოძიებო ორგანოს კომპეტენციას. სააპელაციო საჩივარში აპელანტი გარდა აღნიშნული პოზიციისა, ასევე მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ გაანგარიშება არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, იგი განეკუთვნება ე.წ. ,,შუალედურ აქტს“, ხოლო მხარე უფლებამოსილია გაასაჩივროს მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ შპს ,,ფ---ის“ სასარჩელო მოთხოვნა წარმოადგენს აღიარებითი ტიპის მოთხოვნას, იგი არ მიეკუთვნება ასკ-ის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეცილებითი სარჩელის ფორმას, რომლის დროსაც მოსარჩელე ითხოვს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობას. ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილია აღიარებითი სარჩელი, დასაშვებობის ეტაპზე მოწმდება მხარის კანონიერი ინტერესი. პალატა ეთანხმება საქალაქო სასამართლოს მსჯელობას, რომ სახეზეა მოსარჩელე მხარის კანონიერი ინტერესი გარემოსთვის მიყენებული ზიანის ფაქტის არარსებობის დადასტურების შესახებ, ვინაიდან აღნიშნული გაანგარიშების საფუძველზე დადგინდა შპს ,,ფ---ის’’ მიერ გარემოსთვის მიყენებული ზიანი 99 599,3 (ოთხმოცდაცხრამეტი ათას ხუთას ოთხმოცდაცხრამეტი ლარი და 30 თეთრი) ლარის ოდენობით და დაიწყო სისხლის სამართლის საქმის წარმოების შპს ,,ფ---ის’’ მიმართ გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების ფაქტთან დაკავშირებით. საქმეში წარმოდგენილი გაანგარიშება, საქმის სხვა ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, თავისი არსით არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, შესაბამისად, მოსარჩელეს არ შეეძლო უფლების დაცვა შეცილებითი ან მავალდებულებელი სარჩელის წარდგენის გზით, რაც ამართლებს უფლების დაცვას აღიარებითი სარჩელის მეშვეობით.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ სისხლისსამართლებრივი პროცედურის დაწყება ვერ დააბრკოლებს ადმინისტრაციული წესით სარჩელის განხილვას, რადგან სისხლის სამართლებრივი წარმოება მიმდინარეობს დამოუკიდებლად და მისი შედეგები არ არის სავალდებულო სასამართლოში მიმდინარე ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში. ზიანის გაანგარიშება განხორციელებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ფუნქციის ფარგლებში, შესაბამისად, მისი შინაარსის კანონიერების დადგენა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით უნდა მოხდეს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩვრის ავტორმა ვერ უზრუნველყო პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მათი სამართლებრივი შეფასების გაქარწყლება, რაც გასაჩივრებული საპროცესო დოკუმენტების უცვლელად დატოვების წინაპირობას წარმოადგენს.
10. პროცესის ხარჯები:
აპელანტი, ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განთავისუფლებულია სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 სექტემბრის განჩინება;
3. აპელანტი განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
მოსამართლეები:
შოთა გეწაძე -
ილონა თოდუა -
გიორგი გოგიაშვილი -