განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210017002102278
№2ბ/3475-2018
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
26 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
მოსამართლე - გელა ქირია
სხდომის მადივანი - ნანა კაბულაშვილი
აპელანტი - ა--- ბ---------–---–ი (მოპასუხე)
წარმომადგენელი - რ---–---- ვ-------–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე - ა-–---------- ს-----–---–ი (მოსარჩელე)
წარმომადგენელი - ლ------ ბ------–--ა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება
დავის საგანი - ქორწინების შეწყვეტა
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით, ა-–---------- ს-----–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა. შეწყდა ქორწინება ა-–---------- ს-----–---–სა და ა--- ბ---------–---–ს შორის, რეგისტრირებული 1987 წლის 22 სექტემბერს. გაუქმდა ქორწინების სააქტო ჩანაწერი N7--
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. ა-–---------- ს-----–---–ი და ა--- ბ---------–---–ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 1987 წლის 22 სექტემბრიდან. მათ ჰყავთ ორი შვილი, რომლებიც დღეის მდგომარეობით სრულწლოვნები არიან;
2.2. მოსარჩელე ა-–---------- ს-----–---–სა და მოპასუხე ა--- ბ---------–---–ს შორის საქორწინო ურთიერთობა ფაქტობრივად შეწყვეტილია. ცოლ-ქმარს შორის დაძაბული ურთიერთობაა;
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა-–---------- ს-----–---–სა და ა--- ბ---------–---–ის ერთ ოჯახად ცხოვრება და მათ შორის ოჯახის აღდგენა შეუძლებელი იყო. ქორწინება ატარებდა ფორმალურ ხასიათს.
სასამართლომ აღნიშნა, რომ სასამართლოში საქმის განხილვის მიმდინარეობისას მხარეთა შერიგების ვარაუდი არ გამოიკვეთა. საქმის განხილვა სასამართლოს სხდომაზე გადაიდო მხარეთა შესაძლო მორიგების მიზნით, თუმცა აღნიშნულმა შედეგი ვერ გამოიღო. მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ მოპასუხე შეეცადა ოჯახის შენარჩუნების მიზნით ურთიერთობის აღდგენას, მოსარჩელე მხარემ სასამართლო სხდომაზე ისევ დაუჭირა მხარი სასარჩელო მოთხოვნას მოპასუხესთან ქორწინების შეწყვეტის შესახებ და კატეგორიული უარი განაცხადა ოჯახის შენარჩუნებასა და მოპასუხესთან ერთ ოჯახად ცხოვრებაზე.
სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ხოლო, კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.4. სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ა-–---------- ს-----–---–ი და ა--- ბ---------–---–ი დაქორწინდნენ 1987 წლის 22 სექტემბერს (ქორწინების აქტის ჩანაწერი N7-). მათ ჰყავთ ორი შვილი, რომლებიც დღეის მდგომარეობით სრულწლოვანები არიან.
სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლზე, რომლის თანახმად, 1. განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით, რომელიც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსით. 2. სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად; მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. 3. განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის ურთიერთობა დაძაბული იყო და მოსარჩელის პოზიცია ქორწინების შეწყვეტის თაობაზე არ იყო შეცვლილი.
სასამართლომ განმარტა, რომ ქორწინება ოჯახის საფუძველია. მასში, პირველ ყოვლისა, ასახვას პოულობს სულიერი, ზნეობრივი, ასევე პირადი და ქონებრივი ურთიერთობების გაერთიანება. ქორწინებისათვის დამახასიათებელი იურიდიული ნიშნების გათვალისწინებით, კანონმდებელს საშუალება მიეცა შემოეთავაზებინა ქორწინების შემდეგნაირი განსაზღვრება: ქორწინება მამაკაცისა და ქალის თავისუფალი, ნებაყოფლობითი და თანასწორუფლებიანი კავშირია, ოჯახის შექმნის მიზნით, რომელიც მყარდება კანონით დადგენილი წესისა და პირობების დაცვით, წარმოშობს მეუღლეთა შორის პირად და ქონებრივ უფლებებს და მოვალეობებს. როგორც კანონმდებელი განმარტავს, ქორწინების ერთ-ერთი საფუძველია ,,ოჯახის შექმნის მიზანი”. აღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლომ განმარტა, რომ ქორწინება მხოლოდ ნებაყოფლობას უნდა ეფუძნებოდეს. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არ იყო წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც მოპასუხის განმარტებას მხარეთა შორის ოჯახის შენარჩუნების შესაძლებლობის თაობაზე დაადასტურებდა. მხარეთა შორის ქორწინება და ოჯახური (ცოლ-ქმრის) თანაცხოვრება ფაქტობრივად შეწყვეტილი იყო. მათ შორის რეგისტრირებული ქორწინება ატარებდა ფორმალურ ხასიათს. სასამართლოში საქმის განხილვის მიმდინარეობისას მხარეთა შერიგების ვარაუდი არ იყო გამოკვეთილი.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის განხილვა სასამართლოს სხდომაზე გადაიდო მხარეთა შესაძლო მორიგების მიზნით, თუმცა აღნიშნულმა შედეგი ვერ გამოიღო. მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ მოპასუხე შეეცადა ოჯახის შენარჩუნების მიზნით ურთიერთობის აღდგენას, მოსარჩელე მხარემ სასამართლო სხდომაზე ისევ დაუჭირა მხარი სასარჩელო მოთხოვნას მოპასუხესთან ქორწინების შეწყვეტის შესახებ და კატეგორიული უარი განაცხადა ოჯახის შენარჩუნებასა და მოპასუხესთან ერთ ოჯახად ცხოვრებაზე.
სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი იყო მოსარჩელის ნება, სურვილი მოპასუხე ა--- ბ---------–---–თან ოჯახის შენარჩუნებისა. მოპასუხის მიერ მითითებული გარემოება, მოსარჩელეზე სხვა პირის გავლენის არსებობის თაობაზე, არ იყო მნიშვნელოვანი, ვინაიდან სამოქალაქო კანონმდებლობა განამტკიცებდა მხარის თავისუფალ ნებას ქორწინებაში ყოფნისა თუ ამ ქორწინების შეწყვეტის თაობაზე. მხოლოდ მოპასუხე მხარის სურვილი არ წარმოადგენდა საკმარის საფუძველს იმისას, რომ ა-–---------- ს-----–---–ი და ა--- ბ---------–---–ი ერთ ოჯახად განიხილებოდნენ. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილი იყო, რომ მხარეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელი იყო.
სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი. ქორწინება დაფუძნებულია ნებაყოფლობითობის პრინციპზე და ამასთან საოჯახო სამართალი განამტკიცებს განქორწინების თავისუფლების პრინციპს. სასამართლომ აღნიშნა, რომ საქორწინო ურთიერთობის ერთ-ერთ მხარეს - მოსარჩელეს, არა ჰქონდა ოჯახის შენარჩუნების სურვილი და მხოლოდ მოპასუხის სურვილი მოსარჩელესთან საქორწინო ურთიერთობაში ყოფნისა არ იყო საკმარისი ოჯახის შესანარჩუნებლად. არ იკვეთებოდა მოსარჩელის ნება მოპასუხე ა--- ბ---------–---–ის ერთ ოჯახად ცხოვრებისა.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმი №1” (პარიზი, 1952 წლის 20 მარტი) მე-5 მუხლის თანახმად, მეუღლეები სარგებლობენ კერძოსამართლებრივი ხასიათის თანაბარი უფლებებითა და მოვალეობებით ერთმანეთს შორის და შვილებთან ურთიერთობაში, დაქორწინების დროს, ქორწინების განმავლობაში და მისი შეწყვეტის შემთხვევაში. ეს მუხლი ხელს არ უშლის სახელმწიფოებს, განახორციელონ ბავშვების ინტერესებისათვის აუცილებელი ღონისძიებანი. 1966 წლის 16 დეკემბრის ,,საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ” (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) 23-ე მუხლის თანახმად, 1. ოჯახი საზოგადოების ბუნებრივი და ძირითადი უჯრედია და აქვს უფლება, რომ იგი დაიცვან საზოგადოებამ და სახელმწიფომ. 2. მამაკაცებსა და ქალებს, რომლებმაც მიაღწიეს ქორწინების ასაკს, აქვთ უფლება შექმნან ოჯახი. 3. არც ერთი ქორწინება არ შეიძლება მოხდეს მექორწინეთა თავისუფალი და სრული თანხმობის გარეშე. 4. ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ საჭირო ღონისძიებანი დაქორწინების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს მეუღლეთა თანასწორი უფლებებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად.
ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ა-–---------- ს-----–---–ის სარჩელი განქორწინების შესახებ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ფაქტობრივი საფუძვლები
3.1. აპელანტის მითითებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არასწორი შეფასება მიეცა იმ გარემოებას, რომ ა-–---------- ს-----–---–ისა და ა--- ბ---------–---–ის ერთ ოჯახად ცხოვრება და მათ შორის ოჯახის აღდგენა შეუძლებელი იყო, ქორწინება ატარებდა ფორმალურ ხასიათს. სასამართლოში საქმის განხილვის მიმდინარეობისას მხარეთა შერიგების ვარაუდი არ გამოიკვეთა.
აპელანტის განმარტებით, ამ გარემოების დადგენისას, სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის დაუსაბუთებელ განმარტებას, თითქოს აპელანტსა და მოსარჩელეს შორის შეწყვეტილი იყო ცოლ-ქმრული ურთიერთობა და ოჯახის აღდგენის არავითარი პერსპექტივა აღარ არსებობდა, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან, როგორც გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღების დღეებში, ისე მანამდე და მის შემდეგაც, აპელანტსა და მოპასუხეს შორის იყო და არის ნომალური ცოლ-ქმრული ურთიერთობა - ცხოვრობენ ერთად და როგორც ჩვეულებრივი ცოლ-ქმარი, ზრუნავენ ერთმანეთზე.
სამართლებრივი საფუძვლები
3.2. აპელანტის მითითებით, სასამართლომ სწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლი, თუმცა კონკრეტულ საქმესთან მიმართებით, არასწორი განმარტება მისცა მას.
აპელანტის განმარტებით, დასახელებული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა. აღნიშნულ ნორმაზე მითითებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის ქორწინება და ოჯახური თანაცხოვრება ფაქტობრივად შეწყვეტილი იყო, მათ შორის რეგისტრირებული ქორწინება ატარებდა ფორმალურ ხასიათს. სინამდვილეში კი ფაქტობრივად, აპელანტსა და მოპასუხე ა-–---------- ს-----–---–ს შორის ცოლ-ქმრული ურთიერთობა არასოდეს შეწყვეტილა...
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო პალატა ეთანხმება და იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებს, მიუთითებს მათზე და დამატებით აღნიშნავს შემდეგს:
4.1 ა-–---------- ს-----–---–ი და ა--- ბ---------–---–ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 1987 წლის 22 სექტემბრიდან. მოდავე მხარეებს ჰყავთ ორი სრულწლოვანი შვილი;
4.2. წინამდებარე სასარჩელო განცხადებით, ა-–---------- ს-----–---–ი მოითხოვს ა-–---------- ს-----–---–სა და ა--- ბ---------–---–ს შორის 1987 წლის 22 სექტემბერს რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში (შემდგომ – სააგენტოს ტერიტორიული სამსახური). ამავე კოდექსის 1122-ე მუხლის “გ” პუნქტის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით.
ზემოაღნიშნული ნორმები ცხადყოფს, რომ ქორწინება დაფუძნებულია ნებაყოფლობითობის პრინციპზე და ამასთან საოჯახო სამართალი განამტკიცებს განქორწინების თავისუფლების პრინციპს. როგორც დაქორწინებისათვის, ასევე ოჯახის აღდგენისა და შენარჩუნებისათვის მხარეთა ორმხრივი ნების გამოვლენაა საჭირო. მოცემულ შემთხვევაში მხარეთა ორმხრივ ნებას ოჯახის შენარჩუნებისათვის ადგილი არ აქვს. კერძოდ, მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) კატეგორიულად მოითხოვს განქორწინებას.
4.4. სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მითითებას, რომ არ არსებობდა ქორწინების შეწყვეტის საფუძველი, ვინაიდან, ა-–---------- ს-----–---–ისა და ა--- ბ---------–---–ის ერთ ოჯახად ცხოვრება და მათ შორის ოჯახის აღდგენა შესაძლებელი იყო, მოდავე მხარეთა შორის იყო და არის ნომალური ცოლ-ქმრული ურთიერთობა - ცხოვრობენ ერთად და როგორც ჩვეულებრივი ცოლ-ქმარი, ზრუნავენ ერთმანეთზე.
აპელანტს აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია. მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტება კი, როდესაც, მას უარყოფს მეორე მხარე და ეს გარემოება არ არის გამყარებული სხვა სახის მტკიცებულებით, ვერ გახდება მითითებული გარემოების დადგენილად მიჩნევის საფუძველი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად კი, 1. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 2. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. 3. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103.1. მუხლის პირველი წინადადების თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად; მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. ამავე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილია, რომ განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი შესარიგებელი ვადის დანიშვნის თაობაზე არის სასამართლოს უფლება და არა ვალდებულება, ანუ სასამართლო ყველა შემთხვევაში არაა ვალდებული მეუღლეებს დაუნიშნოს შესარიგებელი ვადა. აღნიშნულ უფლებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როდესაც გარკვეული ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის საფუძველზე სასამართლოს უყალიბდება შინაგანი რწმენა იმის თაობაზე, რომ შესაძლებელია მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება.
სააპელაციო პალატა თვლის, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელე კატეგორიული წინააღმდეგია ერთად ცხოვრებისა და ოჯახის შენარჩუნებისა. აღნიშნული კი წარმოადგენს ქორწინების შეწყვეტის კანონით გათვალისწინებულ საფუძველს. ამასთან, პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 იანვრის და 2018 წლის 08 თებერვლის საოქმო განჩინებებით, მოპასუხე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, საქმის განხილვა ორჯერ გადაიდო მხარეთა შესაძლო მორიგების მიზნით 2018 წლის 18 აპრილამდე. თუმცა, აღნიშნულმა შედეგი ვერ გამოიღო. მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ მოპასუხე შეეცადა ოჯახის შენარჩუნების მიზნით ურთიერთობის აღდგენას, მოსარჩელე მხარემ სასამართლო სხდომაზე ისევ დაუჭირა მხარი სასარჩელო მოთხოვნას მოპასუხესთან ქორწინების შეწყვეტის შესახებ და კატეგორიული უარი განაცხადა ოჯახის შენარჩუნებასა და მოპასუხესთან ერთ ოჯახად ცხოვრებაზე.
ამასთან, ვითარება არ შეცვლილა არც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვამდე, რომელიც დაინიშნა ხუთი თვის შემდეგ, 2018 წლის 1 ოქტომბერს და არც გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების ერთ თვემდე ვადით (2018 წლის 26 ოქტომბერი) გადადების პერიოდში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ როგორც ქორწინება ისე განქორწინება დაფუძნებულია ნებაყოფლობითობისა და თავისუფლების პრინციპზე, დაუშვებელია მამაკაცსა და ქალს შორის ოჯახის შექმნა - შენარჩუნება მათი თავისუფალი და სრული თანხმობის გარეშე, შესაბამისად, მხოლოდ მოპასუხის სურვილი მოსარჩელესთან შეინარჩუნოს საქორწინო ურთიერთობა არ არის საკმარისი ოჯახის შესანარჩუნებლად თუ იგივე სურვილი არ გააჩნია მეორე მხარეს. მოცემულ შემთხვევაში კი, მოსარჩელე მხარე წინააღმდეგია მოპასუხესთან ოჯახის შენარჩუნების და მასთან ერთად ცხოვრების.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე, 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
სასამართლო ხარჯები უნდა დაეკისროს აპელანტს, რაც მის მიერ გადახდილია წინასწარ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის (75.00 ლარი) სახით.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა--- ბ---------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება;
3. სასამართლო ხარჯები დაეკისროს აპელანტს, რაც გადახდილია წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: გელა ქირია