განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210116001300443
N2ბ/5368-2017
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
17 ოქტომბერი, 2018 წელი ქალაქ თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
თავმჯდომარე, მომხსენებელი - გელა ქირია
მოსამართლეები - გოგიტა თოთოსაშვილი, ლევან გვარამია
სხდომის მდივანი - ნანა კაბულაშვილი
აპელანტი (მოპასუხე) - ს----------–------------------------რო
წარმომადგენელი - რ----- ღ----–---ა
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ე------ ფ----–-–---–ი (ვ-----–- ფ----–-–---–ის უფლებამონაცვლე)
თავდაპირველი მოპასუხე - რ----- ფ----–-–---–ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 06 სექტემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი - ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 06 სექტემბრის გადაწყვეტილებით, ვ-----–- ფ----–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა. გათავისუფლდა ყადაღისაგან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2016 წლის 12 თებერვლის ნივთის აღწერისა და დაყადაღების №8---- აქტით, ქ. თბილისში, გ-–----------------, კ------------, ბ--------ში დაყადაღებული მოძრავი ნივთები - ტელევიზორი, სარეცხი მანქანა და მაცივარი.
უდავოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს, თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 12 თებერვლის, ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ №8---- აქტით, დაყადაღებულია ქ. თბილისი, გ-–----------------, კ------------, ბ--------ში განთავსებული მოძრავი ნივთები - ტელევიზორი, სარეცხი მანქანა, მაცივარი;
2.2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2016 წლის 30 მარტს გაცემული №A---------------- წერილის მიხედვით, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია №A-------- საქმე, რომლის უზრუნველყოფის მიზნით 12.02.2016 წელს ყადაღა დაედო მოვალე რ----- ფ----–-–---–ის სახელზე რიცხულ მოძრავ ნივთებს, მდებარე: ქ. თბილისი, გ-–----------------, კ------------, ბ--------ში. ამასთან, №8---- აღწერა-დაყადაღების აქტით დაყადაღებულ მოძრავ ქონებაზე აუქციონი დანიშნული არ არის;
2.3. საქმეში წარმოდგენილი 2014 წლის 23 ივნისს შპს ”ტ------------” მიერ გაცემული №3----- საგარანტიო ბარათით და საბანკო კრედიტის (განვადებით) სარგებლობაზე დგინდება, რომ ტელევიზორი ”D-------------------” შეძენილია ვ-----–- ფ----–-–---–ის მიერ. მოსარჩელის მიერ ”H---------------------" მაცივრის ყიდვის ფაქტი დასტურდება სს ”ე-–--------–------------ის” მიერ 2012 წლის 17 აგვისტოს გაცემული საგარანტიო ტალონით №E--------.
2.4. საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ უძრავი ქონების მდებარე: ქ. თბილისში, გ-–----------------, კ------------, ბ--------ის მესაკუთრეს წარმოადგენს ვ-----–- ფ----–-–---–ი.
საქმეში არსებული მტკიცებულებების, აგრეთვე, მხარეთა ახსნა-განმარტებების ერთობლივი შეფასების საფუძველზე სასამართლომ დადგენილად მიიჩნია სადავო ნივთების მოსარჩელისადმი კუთვნილების ფაქტი.
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
გასაჩივრებული გადაწყვეტილება სადავო ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებას არ შეიცავს.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.5. სასამართლომ მიუთითა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების – აკრძალვის გამოცხადებას ანდა ქონების შესანახავად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში. აღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ ყადაღა შეიძლება დაედოს მხოლოდ მოვალის კუთვნილ მოძრავ ქონებას.
2.6. სასამართლომ მიუთითა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე, რომელთა თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს.
2.7. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნას დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, მტკიცების ტვირთი აკისრია მხარეებს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
2.8. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოქავს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
2.9. სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით (ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე) გათვალისწინებული ვარაუდი, ასახავს იმ შემთხვევებს, როდესაც ბრუნვის მონაწილეთათვის უცნობია მფლობელობის უკან არსებული უფლება, ხშირ შემთხვევაში უცნობია მფლობელის უფლებები, მაგრამ სამართლებრივი წესრიგი მოითხოვს დავეყრდნოთ მფლობელის კეთილსინდისიერებას და მიჩნეული იქნეს როგორც ნივთის მესაკუთრე.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი 2015 ლის 26 ნოემბერს მომზადებული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდებოდა, რომ ქ. თბილისი, გ-–----------------, კ------------, ბ--------ში მდებარე უძრავი ქონება წარმოადგენდა ვ-----–- ფ----–-–---–ის საკუთრებას. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ 2016 წლის 12 თებერვლის, ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ №8---- აქტით, დაყადაღებული და ქ. თბილისი, გ-–----------------, კ------------, ბინა
N---ში განთავსებული მოძრავი ნივთები - ტელევიზორი, სარეცხი მანქანა, მაცივარი წარმოადგენდა ვ-----–- ფ----–-–---–ის საკუთრებას.
სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტის მითითებით, სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლით და ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 181 მუხლის საფუძველზე, ს----------–------------------------რო უნდა ეცნო არასათანადო მოპასუხედ.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო პალატა ეთანხმება და იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებს, მიუთითებს მათზე და დამატებით აღნიშნავს შემდეგს:
4.1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 26.11.2012 წ. გაცემული N2-------- სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად, მოპასუხე რ----- ფ----–-–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის 2603.00 ლარის გადახდა;
4.2. სააღსრულებო ფურცლის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2016 წლის 12 თებერვალს ყადაღა დაედო ქ. თბილისი, გ-–----------------, კ------------, ბ--------ში განთავსებულ და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2016 წლის 12 თებერვლის ნივთის აღწერისა და დაყადაღების №8---- აქტში მითითებულ შემდეგ მოძრავ ნივთებს: 1. ტელევიზორი ”D-------------------”; 2. მაცივარი ,,H-----------------------"; 3. სარეცხი მანქანა ,,S------’’;
4.3. ქ. თბილისი, გ-–----------------, კ-------------ში მდებარე ბ------- (საკადასტრო კოდი: N0----------------------) რეგისტირებულია ვ-----–- ფ----–-–---–ის სახელზე;
4.4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 01 ოქტომბრის საოქმო განჩინებით, ვ-----–- ფ----–-–---–ის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა მისი ძმა ე------ ფ----–-–---–ი;
4.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი შეიცავს ზოგად დებულებას მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების თაობაზე. ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ სარჩელებზე მტკიცების ტვირთის განაწილების წესი განსაზღვრულია ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტით, რომლის მიხედვით, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ).
ამდენად, მითითებული ნორმის თანახმად, ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ სარჩელზე მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, წერილობითი მტკიცებულებები წარმოადგენს მტკიცებულების ერთ-ერთ სახეს. ამავე კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, წერილობით მტკიცებულებებს წარმოადგენს აქტები, საბუთები, საქმიანი და პირადი ხასიათის წერილები, რომლებიც შეიცავს ცნობებს საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებათა შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით
დასტურდება, რომ ტელევიზორი ”D-------------------” შეძენილია ვ-----–- ფ----–-–---–ის მიერ, რაც დასტურდება 23.06.2014 წლის შპს ”ტ------------” მიერ გაცემული №3----- საგარანტიო ბარათით და საბანკო კრედიტის (განვადებით) სარგებლობით. ”H---------------------" მაცივრის ყიდვის ფაქტი კი დასტურდება 17.08.2012 წლის სს ”ე-–--------–------------ის” მიერ გაცემული №E-------- საგარანტიო ტალონით. პალატა ყურადღებას გაამახვილებს ასევე იმ გარემოებაზე, რომ სადავო მოძრავი ნივთები განთავსებულია იმ უძრავ ქონებაში, რომლის არც მესაკუთრეს და არც ფაქტობრივ მფლობელს არ წარმოადგენს მოვალე. მარტო ის ფაქტი, რომ ნივთები დაყადაღებულია მოვალის ადრინდელი საცხოვრებელი მისამართის მიხედვით, არ შეიძლება საფუძვლად დაედოს იმ გარემოებას, რომ ისინი მიჩნეულ იქნეს მოვალის საკუთრებად, ვინაიდან, როგორც აღინიშნა დადგენილია, რომ მითითებული ნივთები განთავსებული იყო მოსარჩელის საკუთრებაში რიცხულ საცხოვრებელ სახლში და წარმოადგენს მის საკუთვნებელს, თანახმად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 151-ე მუხლისა (1. საკუთვნებელი არის მოძრავი ნივთი, რომელიც, თუმცა არ არის მთავარი ნივთის შემადგენელი ნაწილი, მაგრამ განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისთვის, დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რის გამოც იგი სივრცობრივ კავშირშია მთავარ ნივთთან და, დამკვიდრებული შეხედულების მიხედვით, ითვლება საკუთვნებლად. 2. ნივთი, რომელიც მიწასთან არის დაკავშირებული და რომლის მოცილებაც მიწიდან შესაძლებელია სასაქონლო ღირებულების დაკარგვის ან არსებითი დანაკლისის გარეშე, ასევე მიიჩნევა საკუთვნებლად). პალატა განმარტავს, რომ საკუთვნებლის თვისებას შეადგენს ის, რომ იგი მთავარ ნივთთან დაკავშირებულია საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რაც გამოიხატება იმაში, რომ საკუთვნებელი განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისათვის. საკუთვნებელი სივრცობრივად უკავშირდება მთავარ ნივთს, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, მთავარი ნივთის მესაკუთრე იმავდროულად საკუთვნებლის მესაკუთრედ მიიჩნევა. საცხოვრებელ ბინაში არსებული დაყადაღებული მოძრვი ნივთები განკუთვნილია მისი სამსახურისათვის და დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით. აღმასრულებლის მიერ ყადაღადადებული ნივთები წარმოადგენს ვ-----–- ფ----–-–---–ის კუთვნილი უძრავი ქონების - საცხოვრებელი სახლის, საკუთვნებელს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფცია გამოიყენება მხოლოდ მოძრავი ნივთების მიმართ, ვინაიდან კანონი მათზე საკუთრების უფლების წარმოშობისათვის არ ადგენს სპეციალურ რეჟიმს, როგორიცაა წერილობითი გარიგება და მისი რეგისტრაცია საჯარო რეესტრში (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის მეორე ნაწილი). მოძრავი ნივთების ცნებას სამოქალაქო კანონმდებლობა არ იძლევა, რის გამოც მოქმედებს პრეზუმფცია, რომ ყველა ნივთი მოძრავია, რომელიც არაა უძრავი.
აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ვარაუდი (პრეზუმფცია) ასახავს იმ შემთხვევებს, როდესაც ბრუნვის მონაწილეთათვის უცნობია მფლობელობის უკან არსებული უფლება, ხშირ შემთხვევაში უცნობია მფლობელის უფლებები, მაგრამ სამართლებრივი წესრიგი მოითხოვს, დავეყრდნოთ მფლობელის კეთილსინდისიერებას და იგი, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, ნივთის მესაკუთრედ მივიჩნიოთ.
მოცემულ შემთხვევაში, ვ-----–- ფ----–-–---–ის, როგორც უძრავი ნივთის მესაკუთრის და სადავო დაყადაღებული მოძრავი ნივთების მფლობელის, მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფციის საწინააღმდეგო მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება. ამდენად, მოსარჩელემ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლებითაც უტუარად დასტურდება სადავო ნივთებზე მისი საკუთრების უფლება.
ამ გარემოებათა გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება დაყადაღებული მოძრავი ნივთების მოსარჩელისადმი კუთვნილების შესახებ და ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 32-ე მუხლზე მითითებით, ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ სარჩელი მართებულად მიიჩნია საფუძვლიანად.
4.6. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის თანახმად, 1. თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). 2. სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს’’. ამავე კანონის 181 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილებაში კრედიტორად მითითებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი, მისი აღსრულებისას სახელმწიფოს, ავტონომიურ რესპუბლიკას ან ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულს წარმოადგენს ის სახელმწიფო ორგანო/პირი, რომლის გადაწყვეტილების საფუძველზედაც წარმოებს აღსრულება ან/და რომლის მიმართვის საფუძველზედაც გამოიტანა სასამართლომ აღსასრულებელი გადაწყვეტილება. ასეთი გადაწყვეტილების აღსრულებისას, აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და ამ პუნქტით განსაზღვრულ სახელმწიფო ორგანოს/პირს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია წარმოადგინოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკა ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული.
დასახელებული ნორმა არეგულირებს ისეთ შემთხვევას, როდესაც დავაში კრედიტორ მხარეს წარმოადგენს სახელმწიფო და განსაზღვრავს, თუ რომელი სახელმწიფო დაწესებულებით უნდა იქნეს წარმოდგენილი იგი აღსრულების პროცესში. ასეთია: 1. აღსასრულებელი გადაწყვეტილების გამომტანი სახელმწიფო ორგანო ან პირი; 2. სასამართლოსათვის აღსასრულებელი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნის ავტორი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის თანახმად, თუ საქმის განხილვისას სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე, მას შეუძლია მოსარჩელის თანხმობით შეცვალოს თავდაპირველი მოპასუხე სათანადო მოპასუხით. თუ მოსარჩელე არ არის თანახმა თავდაპირველი მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით უარს ეტყვის მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
კანონის მითითებული დანაწესი ავალებს სასამართლოს, გამოარკვიოს სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად აირჩია თუ არა მოსარჩელემ ის პირი, რომელსაც თავისი დარღვეული უფლების აღდგენა უნდა მოსთხოვოს. აღნიშნული ნორმის მიზანია, დავაში ჩაბმული არ აღმოჩნდეს და მოპასუხის საპროცესო მოვალეობანი არ დაეკისროს ისეთ პირს, რომელსაც მოსარჩელის კანონიერ უფლებებთან არანაირი კავშირი არ გააჩნია.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 26.11.2012 წლის N2-------- სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად, მოპასუხე რ----- ფ----–-–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის 2603.00 ლარის გადახდა.
პალატა განმარტავს, რომ თუ გადაწყვეტილებაში კრედიტორად მითითებულია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი, მისი აღსრულებისას სახელმწიფოს წარმოადგენს ის სახელმწიფო ორგანო/პირი, რომლის გადაწყვეტილების საფუძველზეც წარმოებს არსრულება და/ან რომლის მიმართვის საფუძველზედაც გამოიტანა სასამართლომ აღსასრულებელი გადაწყვეტილება. მოცემულ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა დადგენილია, რომ სააღსრულებო ფურცლის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტი წარმოადგენს კრედიტორს, რომლის სასარგებლოთაც უნდა მოხდეს აღსრულება და თანხა წარმართული უნდა იქნეს სწორედ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ ს----------–------------------------რო განსახილველ დავაში წარმოადგენს სათანადო მოპასუხეს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე, 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
აპელანტი ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის ,,უ’’ პუნქტის საფუძველზე, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადაწხდისაგან.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს----------–------------------------როს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 06 სექტემბრის გადაწყვეტილება;
3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე: გელა ქირია
მოსამართლეები: ლევან გვარამია
გოგიტა თოთოსაშვილი