განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 150100118002599313
საქმე №1ბ/1389-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
27 ნოემბერი 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ--------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ჰ--------–-------------------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–---------------ს, სომხეთის მოქალაქის, პირადი ნომერი B-----------, ნასამართლობის არ მქონის, არასრული საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, უმუშევარის, რეგისტრირებულის: სომხეთი, ქ-------------------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ნ----–---------------–------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 9 ოქტომბრის განაჩენით ჰ---------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალა პირობით, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი;
ჰ----------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 24 ივლისიდან 09 ოქტომბრის ჩათვლით;
ჰ---------------ს მსაჯვრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:
ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 23 ივლისს, დაახლოებით 15:00 საათზე, ნინოწმინდის რაიონის სოფელ კათნადუში, საზაფხულო საძოვრებზე, ჰ---------------მა ეჭვიანობის ნიადაგზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - ლ----------------ს, კერძოდ, ჰ---------------მა ხელი რამოდენიმეჯერ დაარტყა სახეში ლ----------------ს, რის შემდეგაც თავი დაანება მის ცემას, თუმცა რამოდენიმე წუთში კვლავ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ხელი ისევ რამოდენიმეჯერ დაარტყა სახეში. ჰ---------------ის ქმედებების შედეგად ლ----------------მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მის მოუშლელად.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ--------------ემ, რომელმაც მოითხოვა ცვლილების შეტანა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 9 ოქტომბრის განაჩენის სასჯელის ნაწილში და მსჯავრდებულ ჰ---------------ისთვის სამართლიანი სასჯელის დანიშვნა.
აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებებს, რომ მსჯავრდებულის მიერ ჩადენილია განზრახი ძალადობრივი დანაშაული, მან მეუღლეს ეჭვიანობის ნიადაგზე მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ოჯახური დანაშაულის ხასიათიდან გამომდინარე კვლავ დიდია საფრთხე იმისა, რომ ჰ---------------მა გააგრძელოს დანაშაულებრივი საქმიანობა და კვლავ ჩაიდინოს ახალი დანაშაული მიუხედავად მსჯავდებულისა და დაზარალებულის შერიგებისა.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ჰ---------------ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. ჰ---------------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: ლ----------------ის, მ---------------------------------------------------------–------------–----------------------------------ის გამოკითხის ოქმებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ლ----------------ის მიმართ და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
რაც შეეხება ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ--------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 9 ოქტომბრის განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილებების შეტანისა და მსჯავრდებულ ჰ---------------ისთვის სამართლიანი სასჯელის დანიშვნის თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, ასევე, ჰ---------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება, რომ მსჯავრდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, იგი წარსულში არ არის ნასამართლევი, ამასთან, მსჯავრდებული შერიგებულია დაზარალებულთან და ისე განუსაზღვრა მას, სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ ჰ---------------ის მიმართ დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება გამხდარიყო განსაზღვრული სასჯელის დამძიმების საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 09 ოქტომბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ--------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 09 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
ჰ---------------ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი;
კონტროლი მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სამცხე -ჯავახეთის პრობაციის ბიუროს ;
ჰ----------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 24 ივლისიდან 09 ოქტომბრის ჩათვლით;
განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, ჩამორთმეული პასპორტი, რომელიც ინახება შს ნინოწმინდის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს ჰ---------------ს;
ჰ---------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი