განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010217718002456527
საქმე №2/ბ-895
განჩინება
საქართველოს სახელით
17 ოქტომბერი 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ნანა კალანდაძე
საჩივრის ავტორი: შპს ,,კ------“
წარმომადგენელი: ქ--------- ხ------- (დირექტორი)
მოწინააღმდეგე მხარე: მ--- ა------
დავის საგანი: სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების კანონიერება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 24 მაისის განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა: გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმა
საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული განჩინების
დასკვნებზე მითითება
2018 წლის 21 მაისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა მ--- ა------ს წარმომადგენელმა რ----- გ---------- და სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე, 2018 წლის 05 აპრილს, ნოტარიუსის მიერ გაცემული №--------- სააღსრულებო ფურცლის მოქმედების შეჩერება მოითხოვა.
განმცხადებლის განმარტებით, 2015 წლის 7 აგვისტოს, მ--- ა------სა და შპს ,,კ------”-ს შორის, გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი №---------), რომლის უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა მ--- ა------ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებები:
1) ქალაქი ბათუმი, ქ---------------–------ ქალაქი ბათუმი, ქ----------–----–----------ში მდებარე უძრავი ქონება ს/კ #0-------------------
2) ქალაქი ბათუმი, ქ---------------–------ ქალაქი ბათუმი, ქ----------–----–----------ში მდებარე უძრავი ქონება ს/კ N0-------------------
07.08.2015წ. ხელშეკრულების საფუძველზე, მ--- ა------ზე სესხად გაიცა 8400 (რვა ათას ოთხასი) აშშ დოლარი ერთი წლის ვადით, 2016 წლის 7 აგვისტომდე.
სესხის ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 2.5%.
სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, მ--- ა------, შეთანხმებისამებრ, მხარეთა შორის დადგენილი გრაფიკით, კეთილსინდისიერად ასრულებდა ვალდებულებას და არც ამჟამად არ არიდებს თავს ვალდებულების შეუსრულებელი ნაწილის, კერძოდ 5 785 აშშ დოლარის გადახდას.
ვალის დარჩენილი ნაწილის გადახდისა და იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების იპოთეკისაგან გათავისუფლების თაობაზე, შპს ,,კ------”-სთან ჰქონდა არაერთი მოლაპარაკება, თუმცა უშედეგოდ, ვინაიდან, შპს ,,კ------”-მ მ--- ა------საგან უსაფუძვლოდ მოითხოვა 4 015 აშშ დოლარით მეტი, სულ 9 800 (ცხრა ათას რვაასი) აშშ დოლარის გადახდა, რაზეც მ--- ა------ არ დაეთანხმა.
მიმდინარე წლის აპრილის ბოლოს, მ--- ა------ს, ფოსტის მეშვეობით ჩაბარდა კერძო აღმასრულებლის, ჯ------– ძ--------- წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფილობით შესრულების შესახებ, რომლიდანაც ირკვევა, რომ 2018 წლის 05 აპრილს, ნოტარიუსის მიერ გაცემული №--------- სააღსრულებო ფურცელის საფუძველზე, შპს ,,კ------”-ს წინაშე, მ--- ა------ს მიერ გადასახდელი თანხა შეადგენს: სესხის ძირითად თანხას - 7 400 (შვიდი ათას ოთხასი) აშშ დოლარის ექვივალენტს ეროვნულ ვალუტაში, პროცენტს - 2400 (ორი ათას ოთხასი) აშშ დოლარის შესაბამისს ეროვნულ ვალუტაში და სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯს - 129.08 (ასოცდა ცხრა და რვა) ლარს.
ვინაიდან, მ--- ა------ს მიერ გადაუხდელი თანხა შპს ,,კ------”-ს წინაშე შეადგენს 5 785 (ხუთი ათას შვიდას ოთხმოცდა ხუთი) აშშ დოლარს ეროვნულ ვალუტაში და არა 9 800 აშშ დოლარს, როგორც ეს მითითებულია ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში, იგი აპირებს სარჩელის აღძვრას შპს ,,კ------”-ს მიმართ, ნოტარიუსის მიერ, 2018 წლის 05 აპრილს გაცემული №--------- სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმების მოთხოვნით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელია, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით შეჩერდეს, ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, კერძო აღმასრულებლის წარმოებაში არსებულ №--------- სააღსრულებო საქმეზე სააღსრულებო წარმოება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 მაისის განჩინებით, მ--- ა------ს წარმომადგენლის, რ----- გ---------- შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდა, 2018 წლის 05 აპრილს, ნოტარიუს ლ---–- ჭ------ მიერ გაცემული №--------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება.
პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა:
კონკრეტულ შემთხვევაში, განმცხადებელს, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობის შედეგის მიმართ გააჩნია დაცვის ღირსი ინტერესი.
სარჩელის უზრუნველყოფა წარმოადგენს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ქონებრივი უფლებების დაცვის გარანტიას და ემსახურება ამ უკანასკნელთა დარღვეული უფლებების სრულ და რეალურ აღდგენას.
წარდგენილი მასალების შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადება შეიცავდა მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებდა ან შეუძლებელს გახდიდა გადაწყვეტილების აღსრულებას, რის გამოც, მ--- ა------ს წარმომადგენლის განცხადება საფუძვლიანად ჩაითვალა და დაკმაყოფილდა.
დასახელებულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა შპს ,,კ------ს“ წარმომადგენელმა (დირექტორმა) და მისი გაუქმება მოითხოვა.
საჩივრის ავტორის მითითებით, გასაჩივრებული განჩინება არის დაუსაბუთებელი. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებაზე მსჯელობისას სასამართლომ არ შეისწავლა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად, რითაც უტყუარად დგინდება, რომ მის მიერ გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას არ აქვს არანაირი ნორმატიული საფუძველი. უფრო მეტიც, იგი პირდაპირ არღვევს ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის და უზრუნველყოფის ღონისძიების პროპორციულობის პრინციპებს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 03 აგვისტოს განჩინებით, შპს ,,კ------ს“ საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საჩივარი საქმის მასალებთან ერთად, გადმოეგზანა ქუთაისის საპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
გასაჩივრებული განჩინების გაუქმების
დასაბუთება
სააპელაციო პალატამ შეისწავლა საჩივარი, გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ შპს ,,კ------ს“ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის, 420-ე მუხლის, 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო, უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებას ამოწმებს საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
ამავე კოდექსის 385-ე, 386-ე და 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებას და იღებს ახალ განჩინებას, თუ განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შეფასება შეუძლებელია და თავისი განჩინებით უარს ამბობს საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული განჩინების შეცვლით იღებს ახალ განჩინებას საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე.
დადგენილია, რომ 2018 წლის 21 მაისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა მ--- ა------ს წარმომადგენელმა რ----- გ---------- და სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე, 2018 წლის 05 აპრილს, ნოტარიუსის მიერ გაცემული №--------- სააღსრულებო ფურცლის მოქმედების შეჩერება მოითხოვა.
დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 მაისის განჩინებით, მ--- ა------ს წარმომადგენლის, რ----- გ---------- შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდა, 2018 წლის 05 აპრილს, ნოტარიუს ლ---–- ჭ------ მიერ გაცემული, №--------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება.
დასახელებულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა შპს ,,კ------ს“ წარმომადგენელმა (დირექტორმა) და მისი გაუქმება მოითხოვა.
დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 03 აგვისტოს განჩინებით, შპს ,,კ------ს“ საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საჩივარი საქმის მასალებთან ერთად, გადმოეგზანა ქუთაისის საპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
სააპელაციო პალატა განმარტავს:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 192-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია, გადაუდებელ შემთხვევაში მიმართოს სასამართლოს სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით.
ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება.
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს.
სასამართლოს მსჯელობა, სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.
ე.ი. განმცხადებელმა უნდა მიუთითოს სამომავლო სარჩელის საგანი, საფუძველი, შესაძლოდ მისაღები გადაწყვეტილება და დაასაბუთოს სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიების გატარების აუცილებლობა (გადაუდებლობა).
პალატა იმავდროულად განმარტავს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიება მხარეთა ინტერესების შესაბამისი უნდა იყოს. ერთი მხრივ, მან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება უნდა უზრუნველყოს და მეორე მხრივ, მოპასუხეს არათანაზომიერ, გაუმართლებელ ტვირთად არ უნდა დააწვეს.
განსახილველ შემთხვევაში ირკვევა, რომ აღსრულება, რომლის შეჩერებასაც განმცხადებელი ითხოვს, მიმდინარეობს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, რომლის მიხედვითაც, მოვალე-მ--- ა------ს მიერ, შპს ,,კ------სათვის“ გადასახდელი თანხის ოდენობა განსაზღვრულია 9800 აშშ დოლარით და 129.09 ლარით, ხოლო თანხის ამოღება დადგენილია იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციით.
განცხადების შინაარსით მიხედვით, სამომავლო სარჩელის მიზანია, სესხის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი დავალიანების 5 785 აშშ დოლარამდე შემცირება, რაც ადასტურებს, რომ განმცხადებელი ამ ოდენობით ვალის არსებობას აღიარებს, თუმცა არ უთითებს იპოთეკის საგნის რეალიზაციის გარდა, რა წესით უნდა განახორციელოს ვალის გადახდა.
ამდენად, აღიარებული ვალის ნაწილში აღსრულების შეჩერება მოპასუხეს არათანაზომიერ მდგომარეობაში ჩააყენებს, რაც დაუშვებელია.
საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების მიზნით, სააპელაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სააღსრულებო წარმოებათა კანონის VII თავზე, რომელიც ადგენს აღსრულების გადადებას, შეჩერებას, შეწყვეტას და აღსასრულებელი დოკუმენტის უკან დაბრუნებას.
ამავე თავის 36-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილია სასამართლოს მიერ აღსრულების შეჩერების საფუძვლები და ვადები, თუმცა, ამ ნორმით განისაზღვრება აღსრულების პროცესის მთლიანად შეჩერება და არა ნაწილობრივი შეჩერება.
ამდენად, საერთო სასამართლოებმა სააღსრულებო წარმოებათა კანონის შესაბამისად, შესაძლებელია მიიღონ სააღსრულებო ფურცლის მთლიანად შეჩერების ან შეჩერებაზე უარის თქმის გადაწყვეტილება.
ასეთ ვითარებაში, გადაწყვეტილების მიღებისას, სასამართლო ვალდებულია თანაბრად დაიცვას კ------ტორისა და მოვალის ინტერესები, არ შექმნას პრეცედენტი, რომ მოხდეს კ------ტორის ერთიანი მოთხოვნის დანაწევრება სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ შეჩერების გზით.
იმის გათვალისწინებით, რომ განმცხადებელმა დაადასტურა ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში დაფიქსირებული ვალის ნაწილის- 5 785 აშშ დოლარის ნამდვილობა, ამასთან დაუშვებელია აღსრულების ნაწილობრივი შეჩერება, პალატა მიიჩნევს, რომ თუნდაც თანხის ამ ნაწილის გადახდევინების მიზნით დაწყებული აღსრულების შეჩერება, გაუმართლებლად შეზღუდავს მოპასუხის უფლებებს.
ამ მსჯელობიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, მ--- ა------ს განცხადებას, ასევე არ გაიზიარა შპს ,,კ------ს“ საჩივარში მითითებული გარემოებები და უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით, დაუსაბუთებელი განჩინება გამოიტანა, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, შპს ,,კ------ს“ საჩივრის დაკმაყოფილების, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმის საფუძველია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,კ------ს“ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს; გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 24 მაისის განჩინება და ამ განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც, საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდა, 2018 წლის 05 აპრილს, ნოტარიუს ლ---–- ჭ------ მიერ გაცემული №--------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება და განმცხადებლის მოთხოვნა, სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს ,,კ------ს“ საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 24 მაისის განჩინება და ამ განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდა, 2018 წლის 05 აპრილს, ნოტარიუს ლ---–- ჭ------ მიერ გაცემული №--------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება;
3. მ--- ა------ს განცხადება, სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს;
4. საჩივრის ავტორის მიერ, სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
5. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე; ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ნანა კალანდაძე