განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210018002337239
საქმე №2ბ/3802-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
9 ნოემბერი, 2018 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - გოგიტა თოთოსაშვილი
სხდომის მდივანი - ნანა კაბულაშვილი
პირველი აპელანტი (მოწინააღმდეგე მხარე) - ტ------------------ო
წარმომადგენელი - გ----------------ე
მეორე აპელანტი (მოწინააღმდეგე მხარე) - რ------------------ო
წარმომადგენელი - ე----–-----ე
დავის საგანი - ალიმენტის ოდენობის გაზრდა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 1 მაისის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი - ტ------------------ოს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე რ------------------ოს (პირადი №6----------) არასრულწლოვანი შვილის - 2----–-–-------------ს დაბადებული ე---------------------- გ-----------ოს სასარგებლოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტი 150 (ას ორმოცდაათი) ლარი გაეზარდა 350 (სამას ორმოცდაათი) ლარით და მისი ოდენობა განისაზღვრა ყოველთვიურად 500 (ხუთასი) ლარით, არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2018 წლის 06 მარტიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.
2. დასკვნები უდავო ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.1. ტ------------------ოსა და რ------------------ოს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი, 2----–-–-------------ს დაბადებული ე---------------------- გ-----------ო.
2.2. მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე. არასრულწლოვანი ცხოვრობს დედასთან, მისამართზე თბილისი, ქ------–--------------------------ა.
2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2008 წლის 18 იანვარს, სამოქალაქო საქმეზე #2/5378-07 მიღებული გადაწყვეტილებით, რ------------------ოს არასრულწლოვანი შვილის, ე---------------------- გ-----------ოს სასარგებლოდ, დაეკისრა ალიმენტის სახით ყოველთვიურად 150 ლარის გადახდა.
2.4. ე---------------------- გ-----------ო სკოლის მოსწავლეა. იგი ემზადება ქართულში, მათემატიკასა და ინგლისურში.
2.5. რ------------------ო არის შპს ,,დ-----------“-ს თანამშრომელი და მისი შრომითი ანაზღაურება შეადგენს თვეში 1500 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში.
2.6. 2016 წლის 27 იანვრის მდგომარეობით ე---------------------- გ-----------ოს დიაგნოზია დაბალი ხარისხის მ----ია. მას დაენიშნა სათვალე შორი მანძილისათვის.
2.7. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, რ------------------ოს მიერ მიღებული შემოსავალი 2017 წლის ივ------ან 2018 წლის თ-------–ის ჩათვლით შეადგენს - 5-----.1 ლარს, თვეში საშუალოდ - 6---.3 ლარს.
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
2.10. რ------------------ოს აქვს დადგენილი შაქრიანი დიაბეტი.
2.11. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ რ------------------ოს კმაყოფაზე არასრუწლოვანი შვილის გარდა, იმყოფება დედა, მეუღლე და და. მოსარჩელემ გარემოება სადავოდ გახადა, ხოლო მოპასუხეს არ წარმოუდგენია ფაქტის დამადასტურებელი უტყუარი და სათანადო მტკიცებულებები.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.11. სასამართლომ სკ-ის 1231-ე მუხლის საფუძველზე მიიჩნია, რომ მის მიერ განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა არ არის მუდმივი ხასიათის. ბავშვის ასაკის მატებასთან ერთად გაზრდილია მისი აღზრდა-განვითარებისათვის აუცილებელი მოთხოვნილებები. იგი ცხოვრობს დედასთან, ე---------------------- გ-----------ოსთან ერთად. დადგენილია, რომ მოპასუხე დასაქმებულია შპს ,,დ-----------“-ში და მისი შრომითი ანაზღაურება შეადგენს თვეში 1500 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, რ------------------ოს მიერ მიღებული შემოსავალი 2017 წლის ივ------ან 2018 წლის თ-------–ის ჩათვლით შეადგენს - 5-----.1 ლარს, თვეში საშუალოდ - 6---.3 ლარს.
შესაბამისად, სახეზეა, რ------------------ოს ზოგადი ქონებრივი მდგომარეობის ცვლილება გაუმჯობესების სახით, რის გამოც, სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია, დადგენილი ალიმენტის ოდენობის გაზრდა, მაგრამ არა სარჩელით მოთხოვნილი ოდენობით.
სასამართლომ განმარტა, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები, ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ არასრულწლოვანის აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას. ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას.
ე---------------------ა გ-----------ო არის სკოლის მოსწავლე, ასაკიდან გამომდინარე მისი აღზრდა-განვითარებისათვის აუცილებელი მოთხოვნილებები გაზრდილია. ასევე, მას აქვს ოფთალმოლოგიური პრობლემები. აღსანიშნავია ისიც, რომ მშობლის ფინანსური მდგომარეობა ბავშვის მოთხოვნილებებს არ ამცირებს. სასამართლო გადაწყვეტილებით განსაზღვრული ალიმენტის ოდენობის ნებისმიერი ცვლილება უნდა მოხდეს არასრულწოვანის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, რაც თავისთავად გამორიცხავს ბავშვის ინტერესების საზიანოდ ალიმენტის ოდენობის შეცვლას. მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით და შრომისუნარიანმა მშობელმა, თუნდაც მას არ უდასტურდებოდეს ყოველთვიური მაღალი ფიქსირებული შემოსავალი, უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილების რჩენა-აღზრდა მინიმალური თანხით მაინც.
მოპასუხის კმაყოფაზე, გარდა არასრულწლოვანი ე---------------------ა გ-----------ოსი, სხვა პირის ყოფნის ფაქტი არ დასტურდება. რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირის, დედისა და დის უშუალოდ მოპასუხის მხრიდან რჩენის ფაქტის დასტურად, საქმეში მტკიცებულება არ წარმოდგენილა. ამასთან, სასამართლომ განმარტა, რომ ალიმენტვალდებული პირის ქონებრივი მდგომარეობის შეფასებისას სარჩენ პირთა წრე განისაზღვრება არა სუბიექტური, არამედ ობიექტური კრიტერიუმით და მასში მოიაზრებიან მხოლოდ ის პირები, რომლებსაც სხვა გზით სარჩოს მიღების შესაძლებლობა არ გააჩნიათ (არიან ქმედუუნაროები, არ ეძლევათ სახელმწიფოს მიერ დაწესებული დახმარება პენსიის ან სხვა გასაცემელის სახით).
საქმეზე დადგენილი ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ალიმენტის დადგენის შემდეგ ალიმენტვალდებული პირის ქონებრივი მდგომარეობის შეცვლის, ბავშვის ასაკისა და მისი ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი მინიმალური მოთხოვნილებების, ე---------------------ა გ-----------ოს ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, მოპასუხის მატერიალური მდგომარეობიდან, სასამართლო გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის დაკისრებული ალიმენტი უნდა გაიზარდოს და მოპასუხის მხრიდან გადასახდელი ალიმენტის ოდენობა, სარჩელის აღძვრიდან 2018 წლის 06 მარტიდან, უნდა განისაზღვროს 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
3. (I) სააპელაციო საჩივრების საფუძვლები
3.1. ტ------------------ო დამატებით იხდის საბანკო კრედიტს და აქვს მეტი დანახარჯი. ამასთან, ესაჭიროება მკურნალობა, როგორც მას, ასევე ბავშვს. მამას აქვს დიდი ანაზღაურება და სასამართლოს შესაბამისად უნდა გაეზარდა დაკისრებული ალიმენტის ოდენობა.
(II) სააპელაციო საჩივრების საფუძვლები
3.2. სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა, რომ რ------------------ოს აქვს შაქრიანი დიაბეტი. აპელანტის ხარჯს წარმოადგენს ასევე, დედის ჯანმრთელობისათვის საჭირო თანხა. ის ასევე არჩენს დას და მასთან ფაქტობრივ თანაცხოვრებაში მყოფ პირს. ამდენად, საალიმენტო ვალებულება უნდა განისაზღვროს ფაქტობრივი ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ე.ი 300 ლარით.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლის დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
იმავე კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.
ამავე კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრებით აპელანტები, ერთი მხრივ, ტ------------------ო და მეორე მხრივ, რ------------------ო სადავოდ ხდიან რა დაკისრებული ალიმენტის ოდენობას, მიზაშეწონილია წარმოდგენილ მოთხოვნებზე ერთდროული და არა განცალკევებული მსჯელობა, რასთან დაკავშირებითაც, პალატა განმარტავს შემდეგს:
სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
კანონის ზემოხსენებული დანაწესი ადგენს მშობელთა ვალდებულებას, უზრუნველყონ თავიანთი შვილების მატერიალური კეთილდღეობა. აღნიშნული მიზნით მშობლები თანხმდებიან შვილის სარჩენად განკუთვნილი ალიმენტის ოდენობის შესახებ, თუმცა მითითებული შეთანხმების მიუღწევლობისას გადაწყვეტილებას ალიმენტის მოცულობის თაობაზე იღებს სასამართლო. კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა. არასრულწლოვანი შვილების რჩენის ვალდებულება ეკისრება როგორც დედას, ისე მამას, მიუხედავად იმისა, ისინი ერთმანეთთან ქორწინებაში იმყოფებიან თუ მათ შორის ქორწინება უკვე შეწყვეტილია. ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ის გარემოება, თუ როგორია ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა.
ბავშვის უფლებათა კონვენციის 27-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფოები ცნობენ ყოველი ბავშვის უფლებას, უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. ამავე კონვენციის მე-18 მუხლის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპების აღიარება. მშობლებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესი წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.
სსკ-ის 1214-ე მუხლი ითვალისწინებს ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის ძირითად პირობებს, კერძოდ, ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ამ დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნებს, აგრეთვე, მშობლებისა და შვილების რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. შვილების რჩენის ვალდებულება უპირობო ხასიათისაა, ის არაა დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, რომ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება, გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1222-ე მუხლით მატერიალური თუ ოჯახური მდგომარეობის გამო, ალიმენტის ოდენობის შეცვლის წესია გათვალისწინებული. აღნიშნული ნორმის თანახმად, თუ შეიცვალა მშობლების ან შვილების მატერიალური თუ ოჯახური მდგომარეობა მას შემდეგ, რაც სასამართლო დაადგენს იმ თანხის ოდენობას, რომელიც უნდა გადაიხადონ მშობლებმა სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილების სასარგებლოდ, ან შვილებმა – შრომისუუნარო მშობლების სასარგებლოდ, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ, სასამართლოს შეუძლია ერთ-ერთი მათგანის სარჩელით შეცვალოს ალიმენტის დადგენილი ოდენობა. შესაბამისად, სასამართლოს მიერ დადგენილი ალიმენტის ოდენობა უცვლელ კატეგორიას არ წარმოადგენს და ობიექტური ან სუბიექტური გარემოებების ცვლილებასთან ერთად, მხარის მოთხოვნის საფუძველზე, შეიძლება შეიცვალოს. განსახილველ შემთხვევაში, არასრულწლოვანი შვილის უპირატესი ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ იგი უზრუნველყოფილ იქნეს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. დადგენილია, რომ მოპასუხე დასაქმებულია შპს ,,დ------------ში“ და მისი შრომითი ანაზღაურება შეადგენს თვეში 1500 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში. ალიმენტის განსაზღვრისას სხვა გარემოებებთან ერთად, მხედველობაში მიიღება ის თუ რომელ მშობელთან ცხოვრობს ბავშვი და რომელს უფრო მეტი ხარჯის გაწევა უწევს. ამასთანავე, ალიმენტის გაზრდის საკითხის განხილვისას, უპირატესად განსასაზღვრია ალიმენტის გონივრული ოდენობა, რომელიც მშობელთა ქონებრივი მდგომარეობისა და ბავშვის საჭიროებების ურთიერთშეჯერებით დგინდება. შესაბამისად, სასამართლოსთვის შეფასების მთავარ საგანს არასრულწლოვნის რეალური საჭიროებები და მოპასუხის გაუმჯობესებული მატერიალური მდგომარეობა წარმოადგენს. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, რ------------------ოს მიერ მიღებული შემოსავალი 2017 წლის ივ------ან 2018 წლის თ-------–ის ჩათვლით შეადგენს - 5-----.1 ლარს, თვეში საშუალოდ - 6---.3 ლარს. შესაბამისად, სახეზეა, რ------------------ოს ზოგადი ქონებრივი მდგომარეობის ცვლილება გაუმჯობესების სახით, რის გამოც, სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია, დადგენილი ალიმენტის ოდენობის გაზრდა, მაგრამ არა სარჩელით მოთხოვნილი ოდენობით.
ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გასაზიარებელი არ არის ასევე რ------------------ოს არგუმენტი, რომ მის კმაყოფაზეა და, დედა და მასთან ფაქტობრივ ურთიერთობაში მყოფი პირი. სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტვალდებული პირის ქონებრივი მდგომარეობის შეფასებისას სარჩენ პირთა წრე განისაზღვრება არა სუბიექტური, არამედ ობიექტური კრიტერიუმით და მასში მოიაზრებიან მხოლოდ ის პირები, რომელთა რჩენა პირის კანონისმიერი ვალდებულებაა და რომლებსაც სხვა გზით სარჩოს მიღების შესაძლებლობა არ გააჩნიათ (არიან ქმდუუნაროები, არ ეძლევათ სახელმწიფოს მიერ დაწესებული დახმარება პენსიის ან სხვა გასაცემელის სახით). განსახილველ შემთხვევაში, ასეთი სახის ვალდებულება რ------------------ოს არ უდასტურდება.
ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში მშობლების რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით. ამასთან, საყურადღებოა, რომ მხარის ვალდებულებას არასრულწლოვანი შვილების წინაშე არსებულ საალიმენტო ვალდებულებასთან შედარებით, უპირატესი მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, სახელმწიფო დადგენილი საარსებო მინიმუმის გათვალისწინებით არასრულწლოვანი ბავშვის ასაკის, ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში ალიმენტის გონივრულ და სამართლიან ოდენობად, მიჩნეულ უნდა იქნეს 700 ლარი.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ტ------------------ოს სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო რ------------------ოს უარი უნდა ეთქვას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ვინაიდან, წინამდებარე გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ტ------------------ოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 1 მაისის გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
3. ტ------------------ოს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
3.1. რ------------------ოს (პირადი №6----------) არასრულწლოვანი შვილის - 2----–-–-------------ს დაბადებული ე---------------------- გ-----------ოს სასარგებლოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტი 150 (ას ორმოცდაათი) ლარი გაეზარდოს 550 ლარით და მისი ოდენობა განისაზღვროს ყოველთვიურად 700 ლარით, არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2018 წლის 6 მარტიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.
4. რ------------------ოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე გოგიტა თოთოსაშვილი