განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/744-17 24 ოქტომბერი, 2018 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე, მომხსენებელი - ნატალია ნაზღაიძე
მოსამართლეები – მაია სულხანიშვილი, ირაკლი ბონდარენკო
სხდომის მდივანი – მაკა ბუიღლიშვილი
აპელანტი _ სს „-------–----–----
წარმომადგენელი - დ-----------–---
მოწინააღმდეგე მხარე _ სსიპ „შემოსავლების სამსახური“
წარმომადგენელი - ლ-–--------–---–-
დავის საგანი - ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო პირგასამტეხლოს დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 21 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2017 წლის 12 იანვრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ
აპელანტის მოთხოვნა – დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება
სასამართლომ გამოარკვია
1. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 21 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სსიპ „შემოსავლების სამსახურის“ სარჩელი დაკმაყოფილდა: მოპასუხე სს „-------–----–---- დაეკისრა სსიპ „შემოსავლების სამსახურის“ სასარგებლოდ, შემოსავლების სამსახურსა და სს „-------–----–---- შორის 2012 წლის 01 ივნისს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ #----- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების - 1 828 567,82 ლარის ოდენობით შეუსრულებლობის გამო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ამ თანხის 0,1% ოდენობით, 2014 წლის 29 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე;
2. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 იანვრის განჩინებით დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.
3. დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა სს „-------–----–----- და ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 21 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამავე სასამართლოს 2017 წლის 12 იანვრის განჩინების გაუქმება მოითხოვა.
სააპელაციო საჩივარი ემყარება შემდეგ გარემოებებს:
4.1. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ დაუსაბუთებლად არ გაიზიარა საჩივრის ავტორის განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხის წარმომადგენლის გამოუცხადებლობა განპირობებული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ, იმ გარემოებით, რომ დ-----------–--- სისხლის სამართლის საქმის განხილვაში იღებდა მონაწილეობას ბრალდებულის დამცველად, რის თაობაზედაც სასამართლოს შეატყობინა. რაც შეეხება, სხვა წარმომადგენლებს, მათგან ორს - თ-------------–---- და დ----------------–- შეწყვეტილი ჰქონდათ სს „-------–----–----- წარმომადგენლობა. ესეც რომ არა, აღნიშნულ სამოქალაქო საქმეს უშუალოდ, დ-----------–--- აწარმოებდა, რის გამოც მოპასუხე მხარეს გააჩნდა ინტერესი, რომ სასამართლო სხდომაზე, სწორედ მას მიეღო მონაწილეობა.
4.2. დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების შედეგად განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1 828 567.82 ლარის 0,1%-ის ოდენობით, რომელიც ყოველდღიურად 1828 ლარს შეადგენს, არაგონივრულია, შეუსაბამოდ მაღალია და წინააღმდეგობაში მოდის ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკასთან. ამასთან, პირგასამტეხლო მოპასუხეს დაკისრებული აქვს 2014 წლის 29 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე მაშინ, როდესაც ხელშეკრულების თანახმად, შესრულების ვადა გაგრძელდა 2015 წლის 25 ივნისამდე. სასამართლომ ვერ მიუთითა იმ სამართლებრივ ნორმაზე, რომლის მიხედვითაც პირგასამტეხლოს დაკისრება შესაძლებელი იქნებოდა გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების დასაბუთება
5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
1. სადავო არ არის გარემოება, რომ მოპასუხე სს „-------–----–---- 2016 წლის 21 დეკემბერს დანიშნული სხდომის თაობაზე და გამოუცხადებლობის შედეგებთან დაკავშირებით გაფრთხილებული იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
2016 წლის 21 დეკემბერს სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე სს „-------–----–----- წარმომადგენელი და არც გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის. მოსარჩელემ მხარი დაუჭირა სასარჩელო მოთხოვნას და მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა იშუამდგომლა.
2. პალატას მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის საპატიო გარემოება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 241-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მხარის გამოუცხადებლობის გამო გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილება შეიძლება გაუქმდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით ან სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის.
მოცემულ შემთხვევაში, სადავო დაუსწრებელი გადაწყვეტილება გასაჩივრებულია სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო გარემოების არსებობის საფუძვლით, საპატიო გარემოებად კი დასახელებულია მოპასუხის წარმომადგენლის დავით მუმლაძის სხვა საქმის განხილვაში მონაწილეობა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215–ე მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, ამ კანონის მიზნებისათვის საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
მოცემულ შემთხვევაში, აპელანტის მიერ წარმოდგენილია 2017 წლის 11 იანვარს გაცემული ცნობა, რომლითაც დგინდება, რომ ადვოკატი დ-----------–--- 2016 წლის 21 დეკემბერს, 16:00 საათზე სისხლის სამართლის საქმის განხილვაში იღებდა მონაწილეობას და ამ მიზეზით ვერ შეძლო პროცესზე გამოცხადება. აღნიშნული მტკიცების საპირისპიროდ, პალატა მიუთითებს სამოქალაქო საქმეში #2/65-15 (შემოსავლების სამსახურის სარჩელისა გამო, მოპასუხე სს „-------–----–----- მიმართ) წარმოდგენილ 2015 წლის 05 მაისს სს „-------–----–----- დირექტორის მიერ გაცემულ მინდობილობაზე, რომლის თანახმადაც სს „-------–----–----, გარდა ადვოკატ დ-----------–-----, წარმოადგენს, ასევე, ოთხი სხვა ადვოკატი: ო-------------–---–-, თ-------------–----, დ----------------–ი და ა-----------------. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტმა ვერ დაასაბუთა, თუ რა დამაბრკოლებელი გარემოება არსებობდა იმისათვის, რომ აღნიშნული ოთხი წარმომადგენლიდან ვერც ერთმა ვერ შეძლო სასამართლო სხდომაზე გამოცხადება.
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ აპელანტმა ვერ დაადასტურა 2016 წლის 21 დეკემბერს სასამართლო სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობის საპატიო გარემოების არსებობა, ამასთან, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე-420-ე მუხლების საფუძველზე, იურიდიულად სრულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოტანილია საპროცესო ნორმების დაცვით. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
3. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე პალატას მიაჩნია, არ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით განსაზღვრული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შემაკავებელი წინაპირობა. ამდენად, პალატა ასკვნის, რომ გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, დატოვებული უნდა იქნეს უცვლელად.
საპროცესო ხარჯები
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 09 ივნისის განჩინებით სს ,--------–----–---- გადაუვადდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 7000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა. შესაბამისად, აპელანტს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა (სახელმწიფო ბაჟი, უნდა ჩაირიცხოს შემდეგ რეკვიზიტებზე: ქ. თბილისი, "სახელმწიფო ხაზინა", კოდი TRESGE22, ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150, თბილისის სააპელაციო სასამართლო (თბილისი გრიგოლ რობაქიძის 7ა).
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სს „-------–----–----- სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 21 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2017 წლის 12 იანვრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ
3. სს ,--------–----–---- დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 7000 ლარის ოდენობით.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე ნატალია ნაზღაიძე
მოსამართლეები მაია სულხანიშვილი
ირაკლი ბონდარენკო