განაჩენი

სისხლის სამართლის 04.12.2018
საქმის ნომერი
180100118002516682
ინსტანცია
თარიღი
04.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 180100118002516682

საქმე №1ბ/1355-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

29 ნოემბერი 2018 წელი თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა

 

ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: ნ-------------–---–ის,გამართლებულ: მ-----–---------ის,ადვოკატ: მ--------------–--–---–ის

მონაწილეობით,მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნ-------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე მ-----–---------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–------------------, საქართველოს მოქალაქის, პირადი N3----------, ნასამართლობის არ მქონის, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: თ----------------–------------, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, მ-----–---------ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის მეორე წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ანუ ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 25 მაისს, დილით თ--------------------------–-----------ში მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა მ-----–---------ემ განახორციელა ფიზიკური ძალადობა მეუღლის, ლ--------–---–ის მიმართ. მ-----–---------ემ გააღვიძა მეუღლე და უთხრა, რომ მისთვის მიეტანა ალკოჰოლური სასმელი ან მიეცა ფული, მაგრამ ლ--------–---–მა უარი უთხრა, ვინაიდან არ ჰქონდა ფული. აღნიშნულის გამო გაბრაზდა მ-----–---------ე, გახდა აგრესიული და მეუღლე თმებით გადმოათრია საწოლიდან, გაიყვანა ეზოში და მუშტები რამდენჯერმე დაარტყა თავის და სახის არეში. ძალადობის დროს ლ--------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 სექტემბერის განაჩენით მ-----–---------ე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და გამართლდა.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ-------------–---–მა, რომელმაც მოითხოვა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 სექტემბრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა და მ-----–---------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ ბრალდების მხარის მიერ სისხლის სამართლის საქმეზე წარდგენილი იქნა საკმარისი, აშკარა და შეთანხმებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, კერძოდ: საქმეზე გამოძიება დაიწყო დაზარალებულის შეტყობინების საფუძველზე, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, რომელიც ჩატარდა ექსპერტ-კრიმინალისტების მონაწილეობით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, რომელიც აგრეთვე ჩატარადა დაზარალებულის მონაწილებით. ამასთან, სასამართლოს მიერ უსაფუძვლოდ არ იქნა გაზიარებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები: საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ვინაიდან გამომძიებელ ლ---------------–ის მიერ ჩატარებულია ორი საგამოძიებო მოქმედება: ჯერ შემთხვევის ადგილის დათვალიერება და ამის შემდგომ საგამოძიებო ექსპერიმენტი. რაც შეეხება დაზარალებულის სანოტარო განცხადებას, აღნიშნული არ უნდა ყოფილიყო სასამართლოს მიერ აღქმული როგორც მანამდე განცხადებული ძალადობის უარყოფა დაზარალებულის მხრიდან.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, მოუსმინა მხარეებს, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გამოიკვლია და შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 სექტემბერის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 სექტემბერის განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არ არსებობს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა მ-----–---------ის მიერ ხსენებული დანაშაულის ჩადენას.

 

სახელმწიფო ბრალმდებელი სააპელაციო საჩივარში მ-----–---------ის ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებად უთითებს მოწმის ლ---------------–ის ჩვენებას და საგამოძიებო ექსპერიმენტის და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმებს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე, მ-----–----------ემ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და ისარგებლა კანონით (საქართველოს სსსკ-ის 38-ე მუხლის მე-2 ნაწილი) მინიჭებული დუმილის უფლებით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე, დაზარალებულ ლ--------–---–ს დაკითხვის წინ განემარტა რა შესაბამისი უფლება-მოვალეობანი, მან ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 115-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილებით - არ მისცა ჩვენება მეუღლის მ-----–----------ის წინააღმდეგ.

 

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის მიხედვით, ლ--------–---–ს პირადი შემოწმებისას სხეულზე რაიმე ფიზიკური დაზიანების ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.

 

დასახელებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის შემდგენელი ექსპერტი თ----------------–--ე გამოძიების ეტაპზე მხარეებს არ გამოუკითხავთ, როგორც ექსპერტიზის დასკვნა, ასევე თავად ექსპერტი თ----------------–--ე წინასასამართლო სხდომის მოსამართლის განჩინებით დაშვებულია როგორც ბრალდების მხარის უდავო მტკიცებულება, რის გამოც ბრალდების მხარის მტკიცებულებათა ნუსხაში მითითებული მოწმე თ----------------–--ე საქმის სასამართლო განხილვის დროს მხარეს დასაკითხად არ მოუწვევია, შესაბამისად - იგი არც დაკითხულა.

 

ბრალდების მხარის მტკიცებულებათა ნუსხაში მითითებული მოწმეები - გ--------------------ი (გარეშე პირი), გ-----------–----–---–ი (დაკავების მონაწილე) ვა---–-–--–---–---–ი (ექსპერტ-კრიმინალისტი), რ-------------ე (შეტყობინების მიმღები), რომლებიც წინასასამართლო სხდომაზე უდავო მტკიცებულებებად იქნა მიჩნეული, არც გამოძიების და არც საქმის სასამართლო განხილვის დროს ასევე არ დაკითხულან.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე, მოწმის სახით დაიკითხა გამომძიებელი ლ---------------–ი, რომელმაც სასამართლოს მიაწოდა ინფორმაცია დასახელებულ საქმეზე მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ.

 

2018 წლის 25 მაისს, 20 საათი და 40 წუთიდან 20 საათსა და 47 წუთამდე პერიოდში ჩატარებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმიდან ირკვევა, რომ ,,შემთხვევის ადგილს წარმოადგენს ლ--------–---–ის საცხოვრებელი სახლი და ეზო, რომელიც მდებარეობს სოფელ ბ---------ში, საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე შევდივართ ორფრთიანი ხის კარით, სადაც განთავსებულია საძინებელი ოთახი, ოთახში დგას ორი ხის საწოლი, მაგიდა, კარადა, ღუმელი, კომოდი და ტელევიზორი. ლ--------–---–ის განმარტებით, სწორედ აღნიშნულ ოთახში მდგარი საწოლიდან თმებში მოქაჩვით ააყენა და ეზოში გაიყვანა მისმა მეუღლემ, სადაც მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, სახლის წინ გავლებულია მავთულბადის ღობე, რომელსაც ასევე აქვს ერთფრთიანი მავთულბადიანი კარი. საიდანაც გავდივართ სახლის წინ მდებარე ეზოში, ლ--------–---–ის განმარტებით სწორედ აღნიშნულ ეზოში გაიყვანა თმების მოქაჩვით მისმა მეუღლემ, სადაც მას მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, შემთხვევის ადგილზე გამოძახებულ იქნა ექსპერტ - კრიმინალისტები, რომელთა მიერაც მოხდა შემთხვევის ადგილის დასურათება. შემთხვევის ადგილზე საქმისთვის მნიშვნელობის მქონე რაიმე ნივთი, ნივთიერება, საგანი, კვალი ნანახი და ამოღებული არ ყოფილა’’.

ოქმის სისწორე მასში მონაწილე პირების, მათ შორის ლ--------–---–ის მიერ დადასტურებულია შესაბამისი ხელმოწერებით. ოქმს ერთვის საგამოძიებო მოქმედების ამსახველი ფოტოსურათები.

 

2018 წლის 25 მაისს, 21 საათი და 00 წუთიდან 21 საათსა და 15 წუთამდე პერიოდში ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმიდან ირკვევა, რომ გამომძიებლის მიერ ლ--------–---–ს წაეკითხა მის მიერ გამომძიებლისთვის მიცემული ჩვენება, რომელსაც იგი დაეთანხმა მთლიანად. როგორც ოქმიდან ირკვევა, ,,ამის შემდეგ შს ხ---------------–-ს პოლიციის განყოფილებიდან გავემგზავრეთ სოფელ ბ--------ის მიმართულებით, მივედით სოფელ ბ---------ში მდებარე მის საცხოვრებელ სახლთან, სადაც მოხდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, რის შემდგომაც ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი. ლ--------–---–მა მიგვითითა საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე განთავსებულ საძინებელ ოთახზე, სადაც დგას ორი ცალი ხის საწოლი. ლ--------–---–ის განმარტებით, იგი იწვა ოთახში შესასვლელი კარიდან მარჯვნივ მდგარ ხის საწოლში, როდესაც მისმა მეუღლემ მოსთხოვა ფული ან არყის მიტანა, ხოლო როდესაც ლ---აგან მიიღო უარი, აღნიშნულ საწოლში მწოლიარე ლ--------–---–ს მისმა მეუღლემ მ-----–----------ემ თმებში მოკიდა ხელი, ააყენა საწოლიდან და თმების მოქაჩვით გაიყვანა საძინებელი ოთახიდან გარეთ, საცხოვრებელი სახლის ეზოში სახლის წინ, სადაც მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაწყოფა, კერძოთ მუშტებს ურტყავდა თავის და სახის არეში, ხოლო მას შემდგომ რაც მ-----–- არ ანებებდა თავს და განაგრძობდა მეუღლის ცემას, ლ--- განმარტებით მან საშველად დაუძახა არასრულწლოვან შვილს მ----ს: ,,მ---- მიშველეო“, რის შემდგომაც დაძახებისთანავე მ-----–----------ემ მეუღლის ცემას გაანება თავი, შევიდა საძინებელ ოთახში და დაწვა. საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა ექსპერტ- კრიმინალისტების მონაწილეობით, რომელთა მიერაც მოხდა საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობის დასურათება’’.

ოქმის სისწორე მასში მონაწილე პირების, მათ შორის ლ--------–---–ის მიერ დადასტურებულია შესაბამისი ხელმოწერებით. ოქმს ერთვის საგამოძიებო მოქმედების ამსახველი ფოტოსურათები.

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარში მითითებულ გარემოებას, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმებით დასტურდება მ-----–---------ის ბრალდება, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მხარეთა უშუალო მონაწილეობით იქნა გამოკვლეული 2018 წლის 25 მაისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, რომელშიც ასახულმა ფაქტობრივმა გარემოებებმა, კერძოდ მეუღლის, მ-----–----------ის მიმართ დაზარალებულ ლ---------–---–ის მამხილებელმა ჩვენებამ, დადასტურება ვერ ჰპოვა სხვა მტკიცებულებით ან მტკიცებულებების ერთობლიობით. სახელდობრ, საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობის დროს დაზარალებულმა ლ---------–---–მა განმარტა, რომ ფულის მიცემაზე ან არყის მიტანაზე მისგან უარის მიღების შემდეგ მეუღლემ, მ-----–----------ემ მას თმებში მოკიდა ხელი, ააყენა საწოლიდან და თმების მოქაჩვით ძალით გაიყვანა საძინებელი ოთახიდან გარეთ, საცხოვრებელი სახლის ეზოში, სადაც მას მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ მუშტებს გამეტებით ურტყავდა თავის და სახის არეში, ხოლო ვინაიდან მ-----–----------ე არ ანებებდა თავს და განაგრძობდა მის ცემას, საშველად უხმო მცირეწლოვან შვილს, რის შემდეგაც მ-----–----------ემ შეწყვიტა მის მიმართ ძალადობა და გაერიდა, თუმცა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დადასტურებულია, რომ ლ--------–---–ს პირადი შემოწმებისას სხეულზე რაიმე ფიზიკური დაზიანების ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება, რაც პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებით, რასაც სრულად იზიარებს სააპელაციო პალატა, აშკარად შეუთავსებელია ძალადობის იმ ხარისხთან და ინტენსივობასთან, რომელზეც საგამოძიებო ექსპერიმენტისა და შემთხვევის ადგილის დათვალიერების მსვლელობის დროს დაზარალებულმა ლ--------–---–მა მიუთითა და რამაც შემდგომში ასახვა ჰპოვა ბრალდების შესახებ დადგენილებაში.

 

საქმეზე გამოძიების წარმოების დროს ასევე არ ამოღებულა და დათვალიერებულა ის ტანსაცმელი, რომელიც დაზარალებულს ეცვა, იმჟამად მისი განმარტებით - მეუღლის მხრიდან განხორციელებული ძალადობის დროს.

საცხოვრებელი სახლის დათვალიერების ოქმიდან ირკვევა, რომ შემთხვევის ადგილზე საქმისთვის მნიშვნელობის მქონე რაიმე ნივთი, ნივთიერება, საგანი ან კვალი ნანახი და ამოღებული არ ყოფილა.

 

რაც შეეხება ბრალდების მხარის პოზიციას, იმის თაობაზე, რომ დაზარალებულის, ლ--------–---–ის ნოტარიული წესით დამოწმებული განცხადება არ უნდა ყოფილიყო აღქმული როგორც მანამდე განცხადებული ძალადობის უარყოფა დაზარალებულის მხრიდან, აგრეთვე არ უნდა იქნეს გაზიარებული, ვინაიდან შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში ასახულ დაზარალებულ ლ--------–---–ის განმარტებების სანდოობას ეჭვქვეშ აყენებს სწორედ მითითებული განცხადება, რომლის მიხედვით პოლიციაში მის მიერ ზარის განხორციელება (შეტყობინება) გამოწვეული იყო იმით, რომ იმ პერიოდში მ-----–----------ე იღებდა ალკოჰოლურ სასმელებს და მას, როგორც შემტყობინებელს, ეგონა, რომ პოლიციელები მ-----–----------ეს მხოლოდ შეაშინებდნენ. წინააღმდეგ, შემთხვევაში არც დარეკავდა. ის ფაქტი, რომ დასახელებულ განცხადებაში დაზარალებული არაფერს ამბობს მეუღლის მიერ მის მიმართ განხორციელებულ ოჯახურ ძალადობაზე და პოლიციისთვის განცხადებით მიმართვას ხსნის მხოლოდ მ-----–----------ის ლოთობის აღკვეთის ინტერესით, აღნიშნული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შედეგებთან ერთად გონივრულ ეჭვს აჩენს შემთხვევის ადგილის დათვალიერებისა და საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს დაზარალებულის მიერ გამოძიებისთვის მიცემული განმარტებების სანდოობა-დამაჯერებლობაზეც.

 

ამდენად, სააპელაციო პალატა სრულად იზარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერების, ასევე საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ოქმები სასამართლოს მიერ ვერ იქნებიან განხილული და შეფასებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილით ნაგულისხმევ გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობად, რამდენადაც როგორც შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ასევე საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი ემყარება ერთი და იმავე წყაროს - ლ--------–---–ის მიერ დროის მცირე შუალედში გამოძიებისთვის მიცემულ განმარტებებს.

 

ამასთან, 2018 წლის 25 მაისს საგამოძიებო ექსპერიმენტი გამომძიებელმა ლ---------------–მა ჩაატარა საპროცესო კანონის მოთხოვნათა არსებითი დარღვევით, რამდენადაც დასახელებული საგამოძიებო მოქმედების მსვლელობის დროს საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა უგულვებელყოფით მან ჩაატარა სხვა საგამოძიებო მოქმედება - შემთხვევის ადგილის დათვალიერების სახით სახელდობრ:

საქართველოს სსსკ-ის 130-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, თუ საგამოძიებო ექსპერიმენტი ტარდება ინფორმაციის (ჩვენების) ადგილზე შემოწმების მიზნით, მხარე საგამოძიებო მოქმედების ყველა მონაწილის თანდასწრებით კითხულობს შესამოწმებელ ინფორმაციას (ჩვენებას) და სთავაზობს ინფორმაციის (ჩვენების) მიმცემ პირს, დაადასტუროს ან დააზუსტოს მიცემული ინფორმაცია (ჩვენება), რასაც თან ახლავს გარკვეულ მოქმედებათა დემონსტრირება და მის მიერ მიცემული ინფორმაციის (ჩვენების) დაზუსტება.

 

ინფორმაციის (ჩვენების) ადგილზე შემოწმების ფორმით საგამოძიებო ექსპერიმენტი პირობითად არის ორ ეტაპიანი: იწყება საგამოძიებო მოქმედების ყველა მონაწილის თანდასწრებით შესამოწმებელი ინფორმაციას (ჩვენების) საჯაროდ წაკითხვით და სრულდება ინფორმაციის (ჩვენების) მიმცემი პირის მიერ ადრე მიცემული ინფორმაციის (ჩვენების) შემთხვევის ადგილზე დადასტურებით ან დაზუსტებით, რასაც თან ახლავს გარკვეულ მოქმედებათა დემონსტრირება და მიცემული ინფორმაციის (ჩვენების) დაზუსტება. საქართველოს სსსკ-ის 130-ე მუხლის მე-5 ნაწილის შინაარსის მიხედვით, დასახელებული ეტაპები ერთმანეთთან არიან ორგანულად დაკავშირებულნი და ემსახურებიან მიღებული ინფორმაციის (ჩვენების) ადგილზე შემოწმების, ინფორმაციის სანდოობისა და დამაჯერებლობის კვლევის ინტერესს.

 

საქმეზე 2018 წლის 25 მაისს ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმიდან კი ირკვევა, რომ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება ლ--------–---–ს გამომძიებლის მიერ წაეკითხა თიანეთის შს რაიონული სამმართველოს ხ---------------–-ს პოლიციის განყოფილებაში, რის შემდეგაც, როგორც ოქმიდან ირკვევა, ,,შს ხ---------------–-ს პოლიციის განყოფილებიდან ექსპერიმენტში მონაწილე პირები გაემგზავრნენ სოფელ ბ---------ში, სადაც მივიდნენ რა სოფელ ბ---------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, თავდაპირველად მოხდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, რის შემდეგაც ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი’’.

 

ამდენად, ინფორმაციის (ჩვენების) ადგილზე შემოწმების მიზნით საგამოძიებო ექსპერიმენტი გამომძიებელმა 2018 წლის 25 მაისს ჩაატარა არა 21 საათი და 00 წუთიდან 21 საათსა და 15 წუთამდე პერიოდში, როგორც ეს მითითებულია შესაბამის ოქმში, არამედ საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარება მან ფაქტობრივად დაიწყო გაცილებით ადრე - თიანეთის შს რაიონული სამმართველოს ხ---------------–-ს პოლიციის განყოფილებაში, როდესაც ჩვენების ადგილზე შემოწმების მიზნით ლ--------–---–ს წაუკითხა გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება. შემდეგ კი - ხ---------------–-ს პოლიციის განყოფილებიდან სოფელ ბ---------ში გამგზავრების შემდეგ ნაცვლად იმისა, რომ დაესრულებინა უკვე დაწყებული საგამოძიებო ექსპერიმენტი, 20 საათი და 40 წუთიდან 20 საათსა და 47 წუთამდე პერიოდში გამომძიებელმა ჩატარებულად გააფორმა სხვა საგამოძიებო მოქმედება - შემთხვევის ადგილის დათვალიერება, რომლის დასრულებიდან 13 წუთის შემდეგ გამომძიებელმა ფაქტობრივად განაგრძო შემთხვევის ადგილის დათვალიერებამდე დაწყებული საგამოძიებო ექსპერიმენტი, თუმცა საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების დრო დაამახინჯა - იგი 21 საათი და 00 წუთიდან 21 საათსა და 15 წუთამდე დროის შუალედში ჩატარებულად აჩვენა, ეს მაშინ, როდესაც საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის შინაარსის მიხედვითაც კი დასახელებული საგამოძიებო მოქმედება, როგორც აღინიშნა, გაცილებით ადრე - ხ---------------–-ს პოლიციის განყოფილებაში დაიწყო. ამ ფონზე სასამართლოს მიაჩნია, რომ - საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ოქმი აშკარად გამოუსადეგარია მტკიცებულებითი თვალსაზრისით: დასახელებული საგამოძიებო მოქმედება, შესაბამისი ოქმის შედგენა-ფიქსაცია გამომძიებელმა ლ------------–მა ჩაატარა საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა არსებითი დარღვევებით, რის გამოც სასამართლო მოკლებულია კანონიერ შესაძლებლობას მიიჩნიოს იგი (საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი) უტყუარ მტკიცებულებად და გაიზიაროს მითითებულ ოქმში ასახული ფაქტობრივი გარემოებანი.

 

რაც შეეხება მოწმე ლ---------------–ის მიერ სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებას, რომლითაც მან სასამართლოს მიაწოდა ინფორმაცია დასახელებულ საქმეზე მის მიერ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებათა შესახებ, აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ დასახელებული მოწმის ჩვენება ლ--------–---–ის მიმართ ძალადობის ჩადენის გარემოებებთან დაკავშირებით არის ირიბი მტკიცებულება, რამდენადაც იგი ეფუძნება სხვა პირის - ლ--------–---–ის მიერ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების დროს მისთვის მიწოდებულ ინფორმაციას, ხოლო ირიბი მტკიცებულების იურიდიულ ძალასთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით განმარტა, რომ დაუშვებელია მხოლოდ ირიბი მტკიცებულების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა და პირისათვის ბრალის წაყენება. საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილების არსი იმაშიც მდგომარეობს, რომ ირიბი მტკიცებულება უნდა დასტურდებოდეს სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი მტკიცებულება, რაც მოცემულ შემთხვევაში ნამდვილად არ არის სახეზე.

 

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ფონზე, ბრალდების მხარის პოზიციას, რომ მ-----–---------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია საკმარისი, აშკარა და შეთანხმებული მტკიცებულებათა ერთობლიობით, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან არ არსებობს არცერთი პირდაპირი, უტყუარი მტკიცებულება, რომლის შინაარსიდან გამომდინარე დადგინდებოდა მ-----–---------ის მხრიდან ლ--------–---–ის მიმართ ძალადობრივი ქმედების ფაქტი.

 

განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებითა და ნორმებით, კერძოდ:

საქართველოს კონსტიტუციის 40-ე მუხლის თანახმად: ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. ასევე საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ’’; საქართველოს სსსკ-ის მე-269 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი: ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“, ხოლო როგორც ზემოთ აღინიშნა, ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა უტყუარი მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ მ-----–---------ემ ჩაიდინა დანაშაული.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ”წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში კი არავითარ ერთმანეთთან შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობასთან არა გვაქვს საქმე და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულმა მტკიცებულებებმა არ მისცეს პალატას ერთმნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობა, რითაც დადასტურდებოდა მ-----–---------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 სექტემბერის განაჩენი მ-----–---------ის მიმართ.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნ-------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 სექტემბერის განაჩენი მ-----–---------ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

 

მ-----–---------ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

 

მ-----–---------ის მიმართ, გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია.

 

მ-----–---------ეს განემარტა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების უფლება.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი