განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330310016001272520 (3ბ/2959-17)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
11 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე - მერაბ ლომიძე
მოსამართლეები - თეა ძიმისტარაშვილი
მირანდა ერემაძე
სხდომის მდივანი - თეა გობეჯიშვილი
აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
წარმომადგენელი - მ----------–---–ი, თ--------------–-----
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - თ------–---–---ე
თავდაპირველი თანამოპასუხე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახური
მესამე პირი - ი-----–---------–--ე
წარმომადგენელი - თ------–---–---ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე მთლიანად უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით თ------–---–---ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 05 ივნისის №0---------- გადაწყვეტილება და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 18 ივლისის №0---------- გადაწყვეტილება, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემა თ------–---–---ის და ი-----–---------–--ის ქორწინების რეგისტრაციის შესახებ.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.1. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი-----–---------–--ე 1993 წლის 06 ნოემბერს დაიბადა საქართველოში, ქ. თბილისში. ი-----–---------–--ის სახელზე 2009 წლის 29 დეკემბერს გაიცა უ-----ეთის მოქალაქის პასპორტი (1--------). საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 18 ივნისის №463 ბრძანებულებით, ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, სხვა სახელმწიფოს (უ-----ეთის) მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით, ი-----–---------–--ეს შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა.
2.2. საქართველოს შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ი-----–---------–--ემ, უ-----ეთის მოქალაქის პასპორტით, (1--------) საქართველოს სახელმწიფო საზღვრი გადაკვეთა (გავიდა) 2013 წლის 12 აპრილს და შემოვიდა იმავე წლის 14 ივნისს.
2.3. ი-----–---------–--ე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 18 მარტის განაჩენით, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით. იმავე განაჩენით ი-----–---------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2013 წლის 22 ივნისიდან.
2.4. თ------–---–---ემ 2017 წლის 19 მაისს №0----------- განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და მოითხოვა სასჯელაღსრულების №- დაწესებულებაში განთავსებულ ი-----–---------–--ესთან ქორწინების რეგისტრაცია.
2.5. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 05 ივნისის №0---------- გადაწყვეტილებით თ------–---–---ეს უარი ეთქვა განცხადების დაკმაყოფილებაზე. სააგენტომ, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების (ი-----–---------–--ისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის და მის მიერ საქართველოს საზღვრის კვეთის) გათვალისწინებით, მიიჩნია, რომ არ არსებობდა ი-----–---------–--ის საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის საფუძველი, რაც, ,,სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, გამორიცხავდა მის მიმართ ქორწინების რეგისტრაციას.
2.6. თ------–---–---ემ 2017 წლის 19 ივნისს №1----- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 05 ივნისის №0---------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე, ი-----–---------–--ესთან ქორწინების რეგისტრაცია. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 18 ივლისის №0---------- გადაწყვეტილებით თ------–---–---ის 2017 წლის 19 ივნისის №1----- ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.7. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი. მითითებული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 05 ივნისის №0---------- და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 18 ივლისის №0---------- გადაწყვეტილებები წარმოადგენენ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
2.8. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ,,სამოქალაქო აქტების შესახებ” საქართველოს კანონი განსაზღვრავს სამოქალაქო აქტების სახეებს, მათი რეგისტრაციის, სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების, დამატების შეტანის, სამოქალაქო აქტის ხელახალი რეგისტრაციის, დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების ჩანაწერების ბათილად ცნობის, დაბადებისა და გარდაცვალების რეგისტრაციის, აგრეთვე პირის გარკვეულ დროსა და ვითარებაში დაბადებისა და გარდაცვალების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის ძირითად პირობებს და სამოქალაქო აქტების სფეროში უფლებამოსილ ორგანოებს. იმავე საკანონმდებლო აქტის მე-3 მუხლის ,,ა” პუნქტის მიხედვით, სამოქალაქო აქტი არის ამ კანონით გათვალისწინებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი: დაბადება, მამობის დადგენა, შვილად აყვანა, ქორწინება, განქორწინება, სახელის ან/და გვარის შეცვლა, გარდაცვალება, ხოლო ,,გ“ პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო აქტის რეგისტრაცია არის სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, ფიზიკური პირის ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებების დაცვის მიზნით ამ კანონით გათვალისწინებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის რეგისტრაცია. იმავე კანონის მე-4 მუხლის ,,ა” პუნქტის თანახმად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით; ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოთა უფლებამოსილებებია დაბადების, მამობის დადგენის, შვილად აყვანის, ქორწინების, განქორწინების, სახელის ან/და გვარის შეცვლისა და გარდაცვალების რეგისტრაცია. ,,სამოქალაქო აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის შესაბამისად, ქორწინების წარმოშობისათვის სავალდებულოა მისი რეგისტრაცია სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ. იმავე კანონის 52-ე მუხლის თანახმად, 1. ქორწინების რეგისტრაციისათვის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს უნდა წარედგინოს დაქორწინების მსურველ პირთა განცხადება; 2. დაქორწინების მსურველი პირები სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს განცხადებას წარუდგენენ პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით. წარმომადგენლობითი უფლებამოსილება უნდა დასტურდებოდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქალაქო სასამართლომ ასევე მიუთითა ,,სამოქალაქო აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლზე, რომლის თანახმად, საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელის მიმართ ხორციელდება მხოლოდ დაბადებისა და გარდაცვალების რეგისტრაცია. საქალაქო სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ თ------–---–---ემ 2017 წლის 19 მაისს განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და მოითხოვა უ-----ეთის მოქალაქე ი-----–---------–--ესთან ქორწინების რეგისტრაცია. შესაბამისად, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახური ვალდებული იყო, ქორწინების რეგისტრაციის საკითხის გადაწყვეტისთვის დაედგინა, არსებობდა თუ არა ი-----–- ქ------–--ის საქართველოში ყოფნის კანონიერი საფუძველი. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში დადგინდა, რომ ი-----–---------–--ემ საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა 2013 წლის 14 ივნისს, ხოლო 2013 წლის 18 ივნისს შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა. სააგენტომ, მითითებული ფაქტობრივი გარემოებებისა და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 05 ივნისის №255 დადგენილებით უ-----ეთის რესპუბლიკის მოქალაქეებისთვის საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული 1 წლის ვადით ყოფნის უფლების გათვალისწინებით, ჩათვალა, რომ განცხადების წარდგენის დროისთვის ი-----–- ქ------–--ე საქართველოში იმყოფებოდა კანონიერი საფუძვლის გარეშე, რაც, ,,სამოქალაქო აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის საფუძველზე, გამორიცხავდა თ------–---–---ისა და ი-----–---------–--ის ქორწინების რეგისტრაციას. საქალაქო სასამართლომ მიუთითა ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც არეგულირებს უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე განსაზღვრავს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს, საქართველოში მყოფ უცხოელთა საქართველოდან გაძევების ფორმებსა და პროცედურებს, გაძევების პროცესში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებათა კომპეტენციის ფარგლებსა და პასუხისმგებლობას. მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-5 მუხლის თანახმად, საქართველოში შემოსვლისა და კანონიერად ყოფნის საფუძვლებია: ა) საქართველოს ვიზა; ბ) საქართველოში ბინადრობის ნებართვა; გ) საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირის დროებითი ბინადრობის მოწმობა; დ) დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა; ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები. განსახილველ შემთხვევში დგინდება, რომ ი-----–---------–--ის დაკავება მოხდა 2013 წლის 22 ივნისს. სადავო არ არის, ასევე, რომ იგი დაკავების დროს - 2013 წლის 22 ივნისს საქართველოში იმყოფებოდა კანონიერი საფუძვლით. დადგენილია, რომ ი-----–---------–--ეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 18 მარტის განაჩენით, მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლით, სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაიწყო დაკავების მომენტიდან - 2013 წლის 22 ივნისიდან. ამდენად, ი-----–---------–--ე 2013 წლის 22 ივნისიდან საქართველში იმყოფება სასამართლოს განაჩენის საფუძველზე, რაც, სასამართლოს აზრით, ვერ იქნება შეფასებული უცხოელის საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე ყოფნად. საქალაქო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, სასამართლოს აქტები სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. ,,საერთო სასამართლოების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სასამართლოს აქტი, აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მოთხოვნა და განკარგულება სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსათვის. ამდენად, სასამართლოს მიერ სახელმწიფოს სახელით დადგენილი გადაწყვეტილებების კანონიერ ძალაში შესვლა გულისხმობს მის უპირობო და სავალდებულო შესრულებას. სწორედ სასამართლო გადაწყვეტილების სავალდებულოობის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ი-----–---------–--ის შემთხვევაში სახეზეა საქართველოში კანონიერად ყოფნის ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი - საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს ქორწინების რეგისტრაციაზე უარის თქმის ,,სამოქალაქო აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლით გათვალისწინებული საფუძველი.
2.9. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. შესაბამისად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს უნდა დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა თ------–---–---ის განცხადების დაკმაყოფილების შესახებ.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
3.1. აპელანტის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, სამართლებრივ დასაბუთებაში სასამართლომ მიუთითა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 18 მარტის განაჩენით, ი-----–---------–--ეს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა რვა წლით, სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაიწყო დაკავების მომენტიდან 2013 წლის 22 ივნისიდან. ამდენად, ი-----–---------–--ე 2013 წლის 22 ივნისიდან საქართველოში იმყოფებოდა სასამართლოს განაჩენის საფუძველზე, რაც სასამართლოს აზრით ვერ იქნება შეფასებული უცხოელის საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე ყოფნად.
3.2. აპელანტი არ იზიარებს საქალაქო სასამართლოს ზემოაღნისნულ მსჯელობას და განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლი პირდაპირ განსაზღვრავს იმ გარემოებას, რომ საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელის მიმართ ხორციელდება მხოლოდ დაბადებისა და გარდაცვალების რეგისტრაცია. ამდენად, კანონმა განმარტა, რომ უცხოელის მიმართ, რომელიც საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე იმყოფება, ვერ მოახდენს ქორწინების რეგისტრაციას. ი-----–---------–--ეს 2014 წლის 18 მარტს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაიწყო 2013 წლის 22 ივნისიდან. აღნიშნული გარემოება სასამართლომ მიიჩნია უცხოელის საქართველოში კანონიერად ყოფნად და სამართლებრივ საფუძვლად დაუდო „უცხოელთა და მოალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი. რასაც არ ეთანხმება აპელანტი, რადგან კანონი იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ საქართველოში შემოსვლის და კანონიერად ყოფნის ერთ-ერთი საფუძველია საქართველოს კანონმდებლიბით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები. ამდენად, კანონმდებლობით პირდაპი უნდა იყოს გათვალისწინებული ის პირობები, რომელიც შესაძლებელია მიჩნეული იყოს უცხოელის კანონიერად ყოფნის საფუძვლად. მოცემულ შემთხვევაში არცერთი საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტი ზემოთ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებას არ მიიჩნევს უცხოელის კანონიერად ყოფნის სამართლებრივ საფუძვლად. შესაბამისად, ეს საფუძველი ვერ იქნებოდა კანონიერად მიჩნეული ვერც სააგენტოს მიერ. ამდენად, სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი და გააჩინა კანონისგან დამოუკიდებლად, ფაქტიურად ახალი გარემოება, რომელიც უზრუნველყოფს უცხოელის კანონიერად ყოფნის საფუძველს (მაგ. პირი რომნელიც მსჯავრდებულია საზღვრის უკანონო კვეთაზე, თავისუფლების აღკვეთის პერიოდი ჩაეთვლება საქართველოში კანონიერად ყოფნად.) ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცხადია, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, რამაც განაპირობა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კანონშეუსაბამო გადაწყვეტილების მიღება.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, რის შედეგადაც მიღებული იქნა სამართლებრივად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. აღნიშნული გარემოება კი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების საფუძველზე გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.
ფაქტობრივი დასაბუთება
4.1. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ი-----–---------–--ე 1993 წლის 06 ნოემბერს დაიბადა საქართველოში, ქ. თბილისში. ი-----–---------–--ის სახელზე 2009 წლის 29 დეკემბერს გაიცა უ-----ეთის მოქალაქის პასპორტი (1--------). საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 18 ივნისის №463 ბრძანებულებით, ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, სხვა სახელმწიფოს (უ-----ეთის) მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით, ი-----–---------–--ეს შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა.
4.2. საქართველოს შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ი-----–---------–--ემ, უ-----ეთის მოქალაქის პასპორტით, (1--------) საქართველოს სახელმწიფო საზღვრი გადაკვეთა (გავიდა) 2013 წლის 12 აპრილს და შემოვიდა იმავე წლის 14 ივნისს.
4.3. ი-----–---------–--ე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 18 მარტის განაჩენით, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით. იმავე განაჩენით ი-----–---------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2013 წლის 22 ივნისიდან.
4.4. თ------–---–---ემ 2017 წლის 19 მაისს №0----------- განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და მოითხოვა სასჯელაღსრულების №- დაწესებულებაში განთავსებულ ი-----–---------–--ესთან ქორწინების რეგისტრაცია.
4.5. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 05 ივნისის №0---------- გადაწყვეტილებით თ------–---–---ეს უარი ეთქვა განცხადების დაკმაყოფილებაზე. სააგენტომ, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების (ი-----–---------–--ისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის და მის მიერ საქართველოს საზღვრის კვეთის) გათვალისწინებით, მიიჩნია, რომ არ არსებობდა ი-----–---------–--ის საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის საფუძველი, რაც, ,,სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, გამორიცხავდა მის მიმართ ქორწინების რეგისტრაციას.
4.6. თ------–---–---ემ 2017 წლის 19 ივნისს №1----- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 05 ივნისის №0---------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე, ი-----–---------–--ესთან ქორწინების რეგისტრაცია. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 18 ივლისის №0---------- გადაწყვეტილებით თ------–---–---ის 2017 წლის 19 ივნისის №1----- ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სამართლებრივი დასაბუთება
4.7. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე, ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება“. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი.
4.8. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამდენად, სასამართლო უფლებამოსილია ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მხოლოდ მაშინ, თუ: 1. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და 2. ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები კანონს არ ეწინააღმდეგებიან, ასევე, ისინი არანაირ პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს არ აყენებენ აპელანტის უფლებებს და კანონიერ ინტერესებს, რის გამოც არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილებისა და მათი ბათილად ცნობის საფუძველი.
4.9. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილებისა და ქორწინების რეგისტრაციის თაობაზე მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულების საფუძველი.
4.10. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ,,სამოქალაქო აქტების შესახებ” საქართველოს კანონი განსაზღვრავს სამოქალაქო აქტების სახეებს, მათი რეგისტრაციის, სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების, დამატების შეტანის, სამოქალაქო აქტის ხელახალი რეგისტრაციის, დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების ჩანაწერების ბათილად ცნობის, დაბადებისა და გარდაცვალების რეგისტრაციის, აგრეთვე პირის გარკვეულ დროსა და ვითარებაში დაბადებისა და გარდაცვალების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის ძირითად პირობებს და სამოქალაქო აქტების სფეროში უფლებამოსილ ორგანოებს. იმავე საკანონმდებლო აქტის მე-3 მუხლის ,,ა” პუნქტის მიხედვით, სამოქალაქო აქტი არის ამ კანონით გათვალისწინებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი: დაბადება, მამობის დადგენა, შვილად აყვანა, ქორწინება, განქორწინება, სახელის ან/და გვარის შეცვლა, გარდაცვალება, ხოლო ,,გ“ პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო აქტის რეგისტრაცია არის სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, ფიზიკური პირის ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებების დაცვის მიზნით ამ კანონით გათვალისწინებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის რეგისტრაცია. იმავე კანონის მე-4 მუხლის ,,ა” პუნქტის თანახმად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით; ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოთა უფლებამოსილებებია დაბადების, მამობის დადგენის, შვილად აყვანის, ქორწინების, განქორწინების, სახელის ან/და გვარის შეცვლისა და გარდაცვალების რეგისტრაცია. ,,სამოქალაქო აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის შესაბამისად, ქორწინების წარმოშობისათვის სავალდებულოა მისი რეგისტრაცია სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ. იმავე კანონის 52-ე მუხლის თანახმად, 1. ქორწინების რეგისტრაციისათვის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს უნდა წარედგინოს დაქორწინების მსურველ პირთა განცხადება; 2. დაქორწინების მსურველი პირები სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს განცხადებას წარუდგენენ პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით. წარმომადგენლობითი უფლებამოსილება უნდა დასტურდებოდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ,,სამოქალაქო აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლი კი ცალსახად ადგენს, რომ საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელის მიმართ ხორციელდება მხოლოდ დაბადებისა და გარდაცვალების რეგისტრაცია. ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმის ანალიზის მიხედვით ცალსახად დგინდება, რომ, იმ შემთხვევაში, თუ უცხოელი საქართველოში იმყოფება კანონიერი საფუძვლის გარეშე, მასთან ქორწინების რეგისტრაცია დაუშვებელია. ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, საქართველოში შემოსვლისა და ყოფნის საფუძვლებია: ა) საქართველოს ვიზა; ბ) საქართველოში ბინადრობის ნებართვა; გ) საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირის დროებითი ბინადრობის მოწმობა; დ) დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა; ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ი-----–---------–--ემ, უ-----ეთის მოქალაქის პასპორტით, (1--------) საქართველოს სახელმწიფო საზღვრი გადაკვეთა (გავიდა) 2013 წლის 12 აპრილს და შემოვიდა იმავე 2013 წლის 14 ივნისს. ამდენად, უდავოდ დგინდება, რომ უ-----ეთის მოქალაქეს ი-----–---------–--ეს საქართველოში შემოსვლისა და შემდეგ თუნდაც მისი დაკავების დროს - 2013 წლის 22 ივნისს არ გააჩნდა საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი არანაირი საბუთი, რაც დადგენილია ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით. ამასთან, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ, ვინაიდან ი-----–---------–--ე 2013 წლის 22 ივნისიდან დაკავებულია და სასჯელს იხდის საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების გადაწყვეტილების საფუძველზე, ამიტომ დაკავების მომენტიდან იგი უნდა ჩაითვალოს საქართველოში კანონიერად მყოფად. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, თუ უცხოეთის რომელიმე სახელმწიფოს მოქალაქე საქართველოში შემოვა და იმყოფება კანონიერი საფუძვლის გარეშე, ხოლო შემდეგ დააკავებენ საქართველოში ჩადენილი დანაშაულისათვის, ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსება უცხო ქვეყნის მოქალაქეს აქცევს საქართველოში კანონიერად მყოფად. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ვინაიდან უ-----ეთის მოქალაქეს ი-----–---------–--ეს საქართველოში შემოსვლისა (2013 წლის 14 ივნისი) და შემდეგ თუნდაც მისი დაკავების დროს (2013 წლის 22 ივნისი) არ გააჩნდა საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი არანაირი საბუთი, რაც დადგენილია ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით, ამიტომ ,,სამოქალაქო აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის საფუძველზე მოსარჩელე თ------–---–---ეს სწორად ეთქვა უარი ი-----–---------–--ესთან ქორწინების რეგისტრაციაზე. ამასთან, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს 2015 წლის 05 ივნისის საქართველოს მთავრობის №255 დადგენილებაზე, რომლის მიხედვითაც, უ-----ეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს აქვთ საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული 1 წლის ვადით ყოფნის უფლება, მაგრამ როგორც ჩანს, მითითებული დადგენილება გამოცემულია 2015 წელს და იგი 2013 წელს საქართველოში უკანონოდ შემოსულ უ-----ეთის რესპუბლიკის მოქალაქეზე ვერ გავრცელდება.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს; მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება; თ------–---–---ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. საპროცესო ხარჯები
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე-55-ე მუხლების შესაბამისად, თ------–---–---ეს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების ვალდებულება 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. თ------–---–---ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. თ------–---–---ეს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების ვალდებულება 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) მეშვეობით.
თავმჯდომარე მერაბ ლომიძე
მოსამართლეები თეა ძიმისტარაშვილი
მირანდა ერემაძე