განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 31.10.2018
საქმის ნომერი
010210018002477508
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
31.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010210018002477508

საქმე N2/ბ-735-18წ.

ganCineba

საქართველოს სახელით

31 ოქტომბერი 2018 წ. ქ.ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე, მომხსენებელი: ირმა პერანიძე

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

ნანა კალანდაძე

საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი: ნ---–- მ--–------

წარმომადგენელი: ბ------ მ--–------

კერძო საჩივრის ავტორი: ქ------- კ----–------

მოწინააღმდეგე მხარე: ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,------------ ნ-----–---- ქ-------

გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 ივნისის განჩინება

დავის საგანი: სარჩელის განსახილველად მიღებაზე უარის თქმის თაობაზე განჩინების კანონიერება

სააპელაციო პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

2018 წლის 04 ივნისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართეს ნ---–- მ--–------მ და ქ------- კ----–------მ, მოპასუხეებად დაასახელეს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,----------- და ნ-----–---- ქ------- და ამხანაგობის წევრთა კრების ოქმების ბათილად ცნობა მოითხოვეს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 ივნისის განჩინებით, ნ---–- მ--–------ს და ქ------- კ----–------ს უარი ეთქვათ სარჩელის განსახილველად მიღებაზე.

პირველი ინსტანციის სასამართლომ, სსკ-ის 177-178-ე მუხლებზე მითითებით განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი სარჩელი არ პასუხობდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის "ბ", "ზ” და "ლ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

სსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ’’ ქვეპუნქტის თანახმად, მოსარჩელემ სარჩელში უნდა მიუთითოს კონკრეტული მოთხოვნა. სასამართლო იხილავს სარჩელს და გამოაქვს გადაწყვეტილება სწორედ ამ სასარჩელო მოთხოვნის (მოთხოვნების) ფარგლებში, რომელიც უნდა იყოს აღსრულებადი და არ უნდა შეიცავდეს რაიმე სახის ბუნდოვანებას.

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა დავის სამართლებრივ მხარეზე და მიიჩნია, რომ წარმოდგენილი ფორმულირებით სასარჩელო მოთხოვნა საჭიროებდა დაზუსტებას და გარკვევით ჩამოყალიბებას.

ზოგადი პრინციპის გათვალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნა მიმართული უნდა იყოს დარღვეული ან სადავო უფლების აღსადგენად. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში მისაღები გადაწყვეტილება უნდა იყოს აღსრულებადი და ემსახურებოდეს დარღვეული უფლების აღდგენას, რომლის დაკმაყოფილება იწვევს სადავო უფლებაში აღგენას.

განსახილველ შემთხვევაში, სარჩელი აღძრულია ბმა „ი--------“-ის მიმართ, მაგრამ არ არის მითითებული პირი (თავმჯდომარე), რომელიც წარმოადგენს ამხანაგობას მესამე პირებთან ურთიერთობაში, მათ შორის სასამართლოში. ასევე არ არიან მითითებული ის ფიზიკური და იურიდიული პირები, (ამხანაგობის წევრები) რომელთა ინტერესებსაც შეეხება ამხანაგობის კრებაზე მიღებული გადაწყვეტილება, რომლის ბათილად ცნობასაც ითხოვდა მოსარჩელე. ამგვარი კატეგორიის დავებში, მხოლოდ იმ პირის მოპასუხედ ყოფნა, რომლის სასარგებლოდაც მოხდა გადაწყვეტილების მიღება არ არის საკმარისი.

მართალია, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის გათვალისწინებით სარჩელის აღძვრა და მოპასუხის დასახელება მოსარჩელის დისპოზიციური უფლების გამოვლინებაა, მაგრამ, იმგვარი კატეგორიის დავებში, რომელიც შეეხება გარიგების ბათილად ცნობას, ქცევის სავალდებულო წესია მოპასუხეთა განსაზღვრა ამ გარიგების მონაწილე პირებით.

ამიტომ, მოსარჩელემ დავის საგნის გათვალისწინებით, სწორად უნდა შეარჩიოს მოპასუხეთა წრე და განსაზღვროს ადრესატები, რომლებმაც პასუხი უნდა აგონ დავის ფარგლებში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ დაზუსტებული უნდა იქნას სასარჩელო მოთხოვნა და თუკი მოითხოვს ბმა „ი--------“-ის საერთო კრების ოქმების ბათილად ცნობას, დაზუსტებული უნდა იქნას მოპასუხეთა წრეც. მოპასუხეთა დაზუსტების შემდგომ, ასევე უნდა მიეთითოს მოპასუხედ მყოფი სუბიექტების მისამართი (ტელეფონი და ა.შ.), რათა უზრუნველყოფილი იყოს სარჩელის და თანდართული მასალების სათანადო წესით გადაცემა.

გარდა ამისა, მართალია, მატერიალურ სამართლებრივი უფლების დაცვა აღიარებითი სარჩელის აღძვრით არის შესაძლებელი, მაგრამ ასეთი სარჩელი უნდა უზრუნველყოფდეს სადავოდ ქცეული უფლების დაცვას.

აღიარებითი სარჩელის დროს არსებული იურიდიული ინტერესი, უნდა უკავშირდებოდეს მომავალში რეალური საშიშროების თავიდან აცილებას, რაც შესაძლებელია სასამართლო გადაწყვეტილებით.

ამდენად, აღიარებითი სარჩელით განსაზღვრული უნდა იყოს, კონკრეტულ შემთხვევაში, სამართლებრივი ურთიერთობის მოცულობა და შინაარსი. ამასთან, სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში მისაღები გადაწყვეტილება უნდა იყოს აღსრულებადი და ემსახურებოდეს დარღვეული უფლების აღგენას, რომლის დაკმაყოფილება იწვევს სადავო უფლებაში აღგენას.

კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს ბმა „ი--------“-ის კრების ოქმების ბათილად ცნობას, რაც შინაარსის მიხედვით აღიარებითი სარჩელია. მოსარჩელის მითითებით, სასარჩელო მოთხოვნის იურიდიული ინტერესი მდგომარეობს მასში, რომ ოქმების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სადავო მიწის ნაკვეთზე აღდგება ბმა „ი--------“-ს საკუთრების უფლება. რაც ნიშნავს, რომ მოსარჩელის იურიდიული ინტერესის დაკმაყოფილების მიზნით, მხარემ უნდა აღძრას მიკუთვნებითი სარჩელიც, მხოლოდ აღიარებითი სარჩელის აღძვრა ვერ უზრუნველყოფს მისი შესაძლო დარღვეული უფლების აღდგენას.

ამდენად, მხოლოდ აღიარებითი სარჩელის აღძვრის შემთხვევაში, (მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრის გარეშე) შეუძლებელია მოსარჩელეებმა მიაღწიონ იურიდიულ შედეგს - სადავო უძრავი ქონების ბმა "ი---------ის" საკუთრებად აღრიცხვას. შესაბამისად, მოსარჩელემ უნდა დააზუსტოს სარჩელი და აღიარებით მოთხოვნასთან ერთად აღძრას მიკუთვნებითი მოთხოვნაც.

გარდა ზემოაღნიშნულისა, მოსარჩელემ ასევე არასწორად მიიჩნია დავა არაქონებრივად, არასწორად განსაზღვრა დავის საგნის ღირებულება, რის გამოც შეუძლებელია გაირკვეს, მის მიერ გადახდილია თუ არა სახელმწიფო ბაჟი საკმარისი ოდენობით.

ვინაიდან, სასარჩელო მოთხოვნა საჭიროებს დაზუსტებას, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას განსაზღვროს სახელმწიფო ბაჟის ოდენობა.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინეს ქ------- კ----–------მ და ნ---–- მ--–------- წარმომადგენელმა ბ------ მ--–------მ და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვეს.

კერძო საჩივრის ავტორთა განმარტებით, სასამართლოს მხრიდან ადგილი აქვს მართლმსაჯულების განხორციელებაზე უკანონოდ უარის თქმის ფატს. სასამართლომ უსაფუძვლოდ ხელყო მათი უფლებები და კანონიერი ინტერესები, მოუსპო დავის უფლება, რითაც უხეშად დაირღვა ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ფუძემდებლური დებულებები.

 

გასაჩივრებული განჩინების უცვლელად

დატოვების დასაბუთება

სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი კერძო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება და თვლის, რომ ნ---–- მ--–------- და ქ------- კ----–------- კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადენილია, რომ 2018 წლის 04 ივნისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართეს ნ---–- მ--–------მ და ქ------- კ----–------მ, მოპასუხეებად დაასახელეს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,----------- და ნ-----–---- ქ------- და ამხანაგობის წევრთა კრების ოქმების ბათილად ცნობა მოითხოვეს.

დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 ივნისის განჩინებით, ნ---–- მ--–------ს და ქ------- კ----–------ს უარი ეთქვათ სარჩელის განსახილველად მიღებაზე.

დასახელებულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინეს ქ------- კ----–------მ და ნ---–- მ--–------- წარმომადგენელმა ბ------ მ--–------მ და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვეს.

სააპელაციო სასამართლო განმარტავს:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად სააპელაციო სასამართლო ამოწმებს განჩინებას კერძო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.

ამავე კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ” პუნქტით სარჩელში უნდა აღინიშნოს ,,ამ კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული იურიდიული ინტერესი, თუ აღძრულია აღიარებითი სარჩელი”.

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ სამოქალაქო საქმეებზე ერთგვაროვან პრაქტიკასთან მიმართებაში განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიხედვით, აღიარებითი სარჩელის წარდგენისას მოსარჩელე ვალდებულია მიუთითოს იურიდიული ინტერესი ასეთი აღიარების მიმართ. იურიდიული ინტერესის არსებობისათვის კი აუცილებელია არსებობდეს მხარეთა შორის დავა უფლების, თუ სამართლებრივი ურთიერთობის თაობაზე; მოპასუხე უნდა ეცილებოდეს მოსარჩელეს უფლებაში, ასეთი დავა უნდა ქმნიდეს უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, ამ გადაწყვეტილებას გარკვეული სარგებლობა უნდა მოჰქონდეს მოსარჩელისათვის.

აღიარებითი სარჩელი დაუშვებელია, თუ შესაძლებელია აღიძრას სარჩელი თვით ვალდებულების შესრულების თაობაზე.

აღიარებითი სარჩელი აღიძვრება მხოლოდ მაშინ, როცა მიკუთვნებითი სარჩელის გამოყენება არ არის შესაძლებელი.

ყოველთვის, როცა მოსარჩელეს შეუძლია მიკუთვნებითი (აღშრულებითი) სარჩელით სარგებლობა, აღიარებითი სარჩელის გამოყენება დაუშვებელია. ასეთ შემთხვევაში, მოსარჩელე ვერ იქნება ამ უკანასკნელით სამართლებრივად დაინტერესებული, რადგან მას შესაძლელობა აქვს სარჩელის სხვა ფორმით უკეთესად მიაღწიოს მიზანს.

აღიარებითი სარჩელის დროს, განსხვავებით მიკუთვნებითი (აღსრულებითი) სარჩელისაგან, მოსარჩელეს უფლება ჯერ კიდევ არაა დარღვეული, მაგრამ არსებობს მისი მომავალში დარღვევის საშიშროება.

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის აღძვრის შემთხვევაში იურიდიული ინტერესის მითითება მიზნად ისახავს, რომ მას მოჰყვეს კონკრეტულად ის შედეგი, რისი მიღწევაც მოსარჩელეს უნდა მოპასუხესთან მიმართებაში.

როგორც ნ---–- მ--–------- და ქ------- კ----–------- სარჩელის შინაარსით და მასში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების ანალიზით ირკვევა, მოსარჩელეთა მიზანია, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,------------ის 2007 წლის 09 აგვისტოს N2 და 2008 წლის 10 იანვრის N4 კრების ოქმების ბათილად ცნობა, რომელთა საფუძველზეც ამხანაგობამ მოახდინა საერთო საკუთრებაში რიცხული მიწის ნაკვეთის ორ ნაწილად გაყოფა და ნ-----–---- ქ-------ს მიეცა უფლება ქ. ბ------------–---–---–--------ში მდებარე, ამხანაგობის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის გამოყოფილი ნაწილი-54,56 კვმ მიწის ნაკვეთის საკუთრებაში დარეგისტრირებისა, თუმცა ასეთი აღიარებით მომავალში რა შედეგის მიღწევაც სურდათ მოსარჩელეებს (სადავო უძრავი ქონების გაერთიანება და ბმა "ი---------ის" საკუთრებად აღრიცხვა) სარჩელში ასეთი მოთხოვნა დაყენებული არ არის.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსისი 186-ე მუხლის პირველი მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსამართლე სარჩელის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში არ მიიღებს სარჩელს, თუ სარჩელი შეტანილია ამ კოდექსის 178-ე მუხლში (გარდა იმავე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა და მე-3 ნაწილისა, თუ მოსარჩელეს მითითებული აქვს მტკიცებულებათა წარუდგენლობის საპატიო მიზეზი) მითითებული პირობების დარღვევით...

ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ ნ---–- მ--–------ს და ქ------- კ---–------- სარჩელი არ აკმაყოფილებს სსკ-ის 178-ე და 180-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, სწორად ეთქვა სარჩელს მიღებაზე უარი, აღნიშნული გარემოება კი გამორიცხავს კერძო საჩივრის დაკმაყოფილებისა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 ივნისის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შესაძლებლობას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ქ------- კ----–------- და ნ---–- მ--–------- კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 ივნისის განჩინება;

3. კერძო საჩივრის ავტორის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე: ირმა პერანიძე

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

ნანა კალანდაძე