განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002553709
საქმე №1/ბ-1324-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
29 ნოემბერი 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: ა---------ს,მსჯავრდებულ: გ---------------ს,ადვოკატ: მ---–----------------ს
მონაწილეობით,თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორის ა---------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ---------------------------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–------------------–ს, საქართველოს მოქალაქის, ნასამართლობის არ მქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–-----------------------------------------------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 21 აგვისტოს განაჩენით გ--------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი.
გ--------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა ფსიქიატრიული ექსპერტიზის დეპარტამენტში ყოფნისა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 12 ივნისიდან - 2018 წლის 21 აგვისტოს ჩათვლით პერიოდი.
გ--------------ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით;
მისი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 6 ივნისს საღამოს საათებში ქ------–--–-----------------–--------------–---------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში გ--------------მა ძმის - ე-------------ის და რძლის - ა----------–------ის მიმართ განახორციელა ფიზიკური ძალადობა, კერძოდ ე--------------ს ძლიერად მოუჭირა ხელები კისრის არეში, ხოლო ა----------–------ს ხელები დაარტყა სახის არეში. გ---------------ს ძალადობრივი ქმედებით ე-------------მა და ა----------–------მა განიცადეს ფიზიკური ტკივილი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ა---------მ, რომელმაც მოითხოვა ცვლილების შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 21 აგვისტოს განაჩენში და მსჯავრდებულ გ---------------სთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
აპელანტი, აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებებს, რომ გ--------------- დამნაშავედ იქნა ცნობილი განზრახი ძალადობრივი დანაშაულის ჩადენისათვის. სასამართლოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული გ---------------ს მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და ინტენსივობა. ქმედება იყო დანაშაულებრივი ხასიათის, ჩადენილი ოჯახის წევრების მიმართ. სასამართლომ სრულად არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და მიყენებული ზიანის მნიშვნელობა.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა გ---------------ს მიერ განხორციელებულ ქმედებას. გ---------------ს მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულების ე-------------ისა და ა----------–------ის გამოკითხვის ოქმებით, მოწმეების ნ----------------ა და ა-------------ის გამოკითხვის ოქმებით, ბრალდებულის დაკავების ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმითა და თანდართული ფოტოსურათებით, ამოღების ოქმებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 21 აგვისტოს განაჩენში ცვლილებების შეტანისა და მსჯავრდებულ გ---------------სთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება, რომ აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, შერიგებულია დაზარალებულებთან, რომელთაც მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ და ითხოვეს სასამართლოს წინაშე კანონით განსაზღვრული შეღავათების გამოყენება, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებანი საქმის მასალებით არ არის დადგენილი და ისე განუსაზღვრა მას სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ გ---------------სთვის დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
პალატამ სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულის მოსმენისას მიიჩნია, რომ გ--------------მა სრულად აქვს გაცნობიერებული ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, ინანიებს ჩადენილს, არის შეზღუდული შერაცხადობის პირი, ამიტომ მისთვის, სასჯელის დამძიმების აუცილებლობა არ არსებობს, მითუმეტეს გ--------------ს ორ თვეზე მეტი დრო გატარებული აქვს ფსიქიატრიული ექსპერტიზის დეპარტამენტში და საპატიმრო დაწესებულებაში.
ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის საფუძველი გამხდარიყო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 21 აგვისტოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორის ა---------ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 21 აგვისტოს განაჩენი დარჩეს უცვლელი.
გ--------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.
გ--------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს ფსიქიატრიული ექსპერტიზის დეპარტამენტში ყოფნისა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 12 ივნისიდან -2018 წლის 21 აგვისტოს ჩათვლით პერიოდი.
გაუქმებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 ივნისის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.
საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულ გ---------------ს ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს (პრობაციის ბიუროს) - მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ნივთიერი მტკიცებულება: 1 (ერთი) ცალი დისკი, რომელიც ერთვის საქმეს, შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი