განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 24.07.2018
საქმის ნომერი
330310016001509552
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები სოციალური დაცვის თაობაზე
თარიღი
24.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310016001509552

საქმე №3ბ/1589-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

24 ივლისი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - ილონა თოდუა

 

სხდომის მდივანი - გიორგი სანიკიძე

 

აპელანტი - ჯ----–--- ვ-----–---–ი;

წარმომადგენელი - გ--------------ე;

 

მოწინააღმდეგე მხარეები – სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო და ძველი თბილისის მომსახურების ცენტრი;

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება და განაცდურის ანაზღაურება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ძველი თბილისის მომსახურების ცენტრის 2010 წლის 26 მარტის №0--------- წერილი.

 

1.2. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ძველი თბილისის მომსახურების ცენტრის 2014 წლის 18 აგვისტოს №2------ გადაწყვეტილება.

 

1.3. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 29 აგვისტოს №0------- გადაწყვეტილება.

1.4. დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა 1 თვის ვადაში ჯ----–--- ვ-----–---–ისთვის სახელმწიფო პენსიის აღდგენის თაობაზე.

 

1.5. დაეკისროს მოპასუხე მხარეს მოსარჩელე - ჯ----–--- ვ-----–---–ის სასარგებლოდ იძულებით განაცდური სახელმწიფო პენსიის ანაზღაურება, სახელმწიფო პენსიის უკანონოდ შეჩერების თარიღიდან: 2010 წლის 1 აპრილიდან სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე პერიოდზე.

 

2. მოპასუხეების პოზიცია:

მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ძველი თბილისის მომსახურების ცენტრის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობისა და განაცდურის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველი.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:

 

3.1 გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ჯ----–--- ვ-----–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდ.

 

3.2 გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:

 

3.2.1. დადგენილია, რომ ჯ----–--- ვ-----–---–ს (პ/ნ: 0----------) დანიშნული ჰქონდა სახელმწიფო პენსია ასაკის საფუძვლით 1998 წლის 21 ნოემბრიდან. (ს.ფ. 85-86).

 

3.2.2. დადგენილია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №--- ბრძანებულებით, ჯ----–--- ვ-----–---–ს (დაბ. 8--------წ.) „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 33-ე მუხლის შესაბამისად, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა.

 

ასევე დადგენილია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 15 აგვისტოს №--- ბრძანებულებით, ჯ----–--- ვ-----–---–ს, საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა. მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო: (ს.ფ. 19); (ს.ფ. 23)

 

3.2.3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2010 წლის 26 თებერვლის №0--------- წერილით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ერთეულის ხელმძღვანელებს გაეგზავნა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მოქალაქეთა სააღრიცხვო ბაზის ელექტრონული ვერსიის მონაცემებისა და იმავე თვის მდგომარეობით სახელმწიფო გასაცემლის მიმღებთა ბაზის მონაცემების ურთიერთშედარების შედეგები, ე.წ. „არასწორი პირადობები“, „ვერნაპოვნი პირადობები“ და „რეესტრის მონაცემებით შეწყვეტილები“ შესაბამისი კორექტირებისათვის ელექტრონული ვერსია. მიეწოდათ იმ პენსიონერთა სია, რომელთაც პენსიის ჩარიცხვა უნდა შეჩერებოდათ სამოქალაქო რეესტრის მიხედვით 01.04.2010 წლიდან, მათ შორის მე-10 პუნქტად მითითებული იქნა ჯ----–--- ვ-----–---–ი (დაბ. 08--------წ. პ/ნ: 0----------), მიზეზით - საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა. (ს.ფ. 124).

 

3.2.4. დადგენილია, რომ ჯ----–--- ვ-----–---–ს სახელმწიფო პენსიის გაცემა შეუჩერდა

01.04.2010 წლიდან სოციალური მომსახურების სააგენტოს 26.03.2010 წლის №0--------- წერილის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის გამო. (ს.ფ. 25).

 

3.2.5. დადგენილია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 15 აგვისტოს №--- ბრძანებულებით ჯ----–--- ვ-----–---–მა, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებით მოიპოვა საქართველოში სახელმწიფო პენსიის ახლიდან დანიშვნის უფლება, რისთვისაც სააგენტოს მხრიდან მოეთხოვა რუსეთის ფედერაციიდან პენსიის მიუღებლობის თაობაზე ცნობის წარდგენა, როგორც ერთდროულად რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეს, „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად. (ს.ფ. 102-105).

 

3.2.6. სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ქ. თბილისის განყოფილების/მომსახურების ცენტრის 2014 წლის 18 აგვისტოს №2------ გადაწყვეტილებით ჯ----–--- ვ-----–---–ს (დაბ. 8-------- წ.) 2013 წლის 1 აპრილიდან შეუწყდა პენსიის გაცემა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის მე-17 მუხლის 1 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სახელმწიფო გასაცემლის შეჩერებიდან 3 წლიანი ვადის გასვლის გამო. (ს.ფ. 25).

 

3.2.7. 2016 წლის 20 ივლისს ჯ----–--- ვ-----–---–მა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 26 მარტის N0--------- წერილისა და 2014 წლის 18 აგვისტოს №2------ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. ასევე მოითხოვა სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება სახელმწიფო პენსიის აღდგენასთან და იძულებით განაცდური პენსიის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 29 აგვისტოს №0------- გადაწყვეტილებით ჯ----–--- ვ-----–---–ს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო. (ს.ფ. 68-73); (ს.ფ. 102-105)

 

3.3 დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:

 

სასამართლომ მიუთითა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონზე (2008 წლის 14 მარტის რედაქცია), რომლის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეს კანონი არეგულირებს სახელმწიფო პენსიაზე (შემდგომში – პენსია) უფლების წარმოშობის საფუძვლებს, განსაზღვრავს პენსიის ოდენობას, მისი ადმინისტრირების ორგანოს, ადგენს პენსიის დანიშვნის, გაცემის, მისი შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს, არეგულირებს პენსიის მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ეს კანონი ვრცელდება: ა) საქართველოს ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებზე; ბ) პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადების შეტანის მომენტისათვის ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერ საფუძველზე მუდმივად მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებზე.

 

აღნიშნული კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კანონის შესაბამისად პენსიის დანიშვნის ერთ-ერთი საფუძველი იყო საპენსიო ასაკის - 65 წლის მიღწევა.

 

სასამართლომ მიუთითა ასევე „სახელმწიფო პენსიის, სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნისა და გაცემის წესების” დამტკიცების თაობაზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებაზე, რომლითაც დამტკიცდა სახელმწიფო პენსიის დანიშვნისა და გაცემის თანდართული წესი (დანართი №1).

 

მითითებული წესის (2009 წლის 8 ივნისის რედაქცია) მე-2 მუხლის თანახმად, პენსიის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), რომელიც ახდენს პენსიის დანიშვნას, გაცემას, შეჩერებას, განახლებას, გადაანგარიშებასა და შეწყვეტას, აგრეთვე პენსიის მიღებასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების რეგულირებას და „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით კომპეტენტური ორგანოსათვის განსაზღვრული უფლება-მოვალეობების განხორციელებას მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად.

 

განსახილველ შემთხვევაში ჯ----–--- ვ-----–---–ს (პ/ნ: 0----------) დანიშნული ჰქონდა სახელმწიფო პენსია ასაკის საფუძვლით 1998 წლის 21 ნოემბრიდან.

 

დადგენილია, რომ ჯ----–--- ვ-----–---–ს სახელმწიფო პენსიის გაცემა შეუჩერდა 01.04.2010 წლიდან სოციალური მომსახურების სააგენტოს 26.03.2010 წლის №0--------- წერილის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის გამო.

 

ასევე დადგენილია, რომ სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის განყოფილების/მომსახურების ცენტრის 2014 წლის 18 აგვისტოს №2------ გადაწყვეტილებით ჯ----–--- ვ-----–---–ს 2013 წლის 1 აპრილიდან შეუწყდა პენსიის გაცემა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის მე-17 მუხლის 1 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სახელმწიფო გასაცემლის შეჩერებიდან 3 წლიანი ვადის გასვლის გამო.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ შესაფასებელია, რამდენად კანონიერად მოხდა მოსარჩელისათვის სახელმწიფო პენსიის გაცემის შეჩერება, ხოლო მოგვიანებით მისი შეწყვეტა.

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის დანიშვნისა და გაცემის წესის“ (2009 წლის 8 ივნისის რედაქცია) მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, ორი ან მეტი საფუძვლით პენსიის მიღების უფლების არსებობისას, აგრეთვე „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” და „სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონებით პენსიის, სახელმწიფო კომპენსაციის ან სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის ერთდროულად მიღების უფლების არსებობისას, პირს შეუძლია აირჩიოს მხოლოდ ერთ-ერთი საფუძვლით და ერთ-ერთი კანონით მინიჭებული სარგებლის მიღების უფლება წერილობითი განცხადების შესაბამისად. ასეთივე უფლებით სარგებლობენ პენსიონერებიც.

 

ამავე კანონის მე-15 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის არ მქონე პირმა, პენსიის დანიშვნისათვის, საჭირო საბუთებთან ერთად დამატებით უნდა წარმოადგინოს ცნობა საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან მისი საქართველოს ტერიტორიაზე ბოლო 10 წლის მანძილზე კანონიერად ცხოვრების შესახებ (აღნიშნული არ ვრცელდება მარჩენალის გარდაცვალების გამო პენსიის დანიშვნის შემთხვევაში, მშობელზე (მეურვეზე) საპენსიო საქმის გახსნისათვის), ხოლო ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირმა უნდა წარმოადგინოს ცნობა იმის შესახებ, რომ ის არ იღებს არანაირ პენსიას ან სოციალურ დახმარებას იმ ქვეყნიდან, რომლის მოქალაქედაც იგი ითვლება.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე ორმაგი მოქალაქეობის მატარებელი პირია. ასევე დადგენილია ის გარემოება, რომ მოსარჩელეს დაევალა სააგენტოში წარედგინა ცნობა რუსეთის ფედერაციიდან პენსიის მიუღებლობის თაობაზე, რაც მხარის მიერ ვერ იქნა წარდგენილი. უფრო მეტიც, მოსარჩელე მხარე სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ იგი იღებს პენსიას რუსეთის ფედერაციაში, როგორც რუსეთის მოქალაქე და მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება არ წარმოადგენს ამავდროულად საქართველოში პენსიის მიღებაზე უარის თქმის საფუძველს.

 

„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის (2014 წლის 29 მაისის რედაქცია) მე-17 მუხლით გათვალისწინებულია პენსიის შეწყვეტის საფუძვლები. კერძოდ, მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პენსია (მხოლოდ ფულადი სარგებელი) შეწყდება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ ამ პუნქტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული: ა) პირადი განცხადებით; ბ) საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში; გ) სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას, რომლითაც პირს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთის აღსრულება – პენსიის შეჩერების დღიდან; დ) უცხო ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოდან გაძევებისას; ე) პირის საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლისას ან საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვისას; ვ) პენსიონერის გარდაცვალებისას; ზ) პენსიის შეჩერების დღიდან 3 წლის გასვლის შემდეგ; თ) სხვა საფუძვლით, თუ იგი ამ კანონიდან გამომდინარეობს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, პენსიის შეწყვეტის ერთ-ერთი წყაროა სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ წარმოებულ ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაცია, რომელიც ავტომატურ რეჟიმში მიეწოდება კომპეტენტურ ორგანოს.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარის მიერ მისთვის სახელმწიფო პენსიის შეჩერების დროიდან (2010 წლის 26 მარტი) 3 წლის განმავლობაში სააგენტოში არ იქნა წარდგენილი მტკიცებულება რუსეთის ფედერაციიდან პენსიის მიუღებლობის თაობაზე, რაც მხარეს ჰქონდა დავალებული მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. შესაბამისად, 3 წლის გასვლის შემდგომ მოსარჩელეს შეუწყდა სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლება, რაც შეესაბამება ზემოაღნიშნული კანონმდებლობის მოთხოვნებს.

 

სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ძველი თბილისის მომსახურების ცენტრის 2010 წლის 26 მარტის №0--------- წერილი და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ძველი თბილისის მომსახურების ცენტრის 2014 წლის 18 აგვისტოს №2------ გადაწყვეტილება, როგორც ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტები კანონიერია და განსახილველ შემთხვევაში ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევას, რის გამოც არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

მოსარჩელე მხარის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 29 აგვისტოს №0------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლითაც ჯ----–--- ვ-----–---–ს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი მოთხოვნის ამ ნაწილში ასევე უსაფუძვლოა, კერძოდ:

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში იმდენად, რამდენადაც დადგენილი იქნა, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ძველი თბილისის მომსახურების ცენტრის 2010 წლის 26 მარტის №0--------- წერილი და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ძველი თბილისის მომსახურების ცენტრის 2014 წლის 18 აგვისტოს №2------ გადაწყვეტილება კანონიერად არის მიჩნეული, სასამართლო თვლის, რომ ასევე კანონიერია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის

29 აგვისტოს №0------- გადაწყვეტილება „ჯ----–--- ვ-----–---–ის ადმინისტრაციული საჩივარის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“.

 

მოსარჩელის ასევე ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემა 1 თვის ვადაში ჯ----–--- ვ-----–---–ისთვის სახელმწიფო პენსიის აღდგენის თაობაზე. ასევე მოპასუხეს დაევალოს იძულებით განაცდური სახელმწიფო პენსიის ანაზღაურება, სახელმწიფო პენსიის უკანონოდ შეჩერების თარიღიდან: 2010 წლის 1 აპრილიდან სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე პერიოდზე.

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, აღნიშნული გარემოებებით პენსიის შეწყვეტის შემთხვევაში, პენსიის გაცემა შეწყდება ამ გარემოებების დადგომის მომდევნო თვიდან (სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის არსებობისას – განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან) და განახლდება წერილობითი განცხადებისა და საჭირო დოკუმენტის წარდგენის დღიდან, ხოლო მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, შეწყვეტილი პენსიის განახლება ხდება შეწყვეტის მიზეზების აღმოფხვრის შემდეგ, დანიშნული პენსიის ოდენობის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

ამდენად, იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს მიერ კანონიერად იქნა მიჩნეული მოსარჩელისათვის სახელმწიფო პენსიის შეჩერების, შეწყვეტისა და აღნიშნულის თაობაზე მხარის მიერ წარდგენილ საჩივარზე სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, სასამართლოს მიაჩნია, რომ უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის სახელმწიფო პენსიის აღდგენისა და განაცდური პენსიის

ანაზღაურების თაობაზე აქტის გამოცემის დავალებასთან დაკავშირებით. ამდენად, სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

4. ჯ----–--- ვ-----–---–ის სააპელაციო მოთხოვნა:

 

4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.

 

4.2. ჯ----–--- ვ-----–---–ის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ არასწორად შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ გადაწყვეტილების მე-3 გვერდის მეხუთე აბზაცში უდავო ფაქტობრივ გარემოებად მიუთითა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 15 აგვისტოს N--- ბრძანებულებით ჯ----–--- ვ-----–---–მა, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებით მოიპოვა საქართველოში სახელმწიფო პენსიის ახლიდან დანიშვნის უფლება, რისთვისაც სააგენტოს მხრიდან მოეთხოვა რუსეთის ფედერაციიდან პენსიის მიუღებლობის თაობაზე ცნობის წარდგენა, როგორც ერთდროულად რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეს, "სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესის" მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ფაქტობრივი გარემოება არასწორია, რადგან აპელანტისათვის ვერ წარმოიშობოდა პენსიის დანიშვნის უფლება მაშინ, როდესაც ამ უფლებით ამ მომენტში უკვე სარგებლობდა და უკვე დანიშნული ქონდა პენსია 1998 წლის 21 ნოემბრიდან. "სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესის" მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი" გამოიყენება პენსიის დასანიშნად მიმართვის დროს, რაც ამ შემთხვევაში სახეზე არ იყო. 2006 წლის 15 აგვისტოს ბრძანებულებით არ წარმოშობილა პენსიის ახლიდან დანიშვნის უფლება, რადგან ეს უფლება არც შეწყვეტილა. მტკიცებულება, რომელსაც დაეყრდნო სასამართლო, არის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 29 აგვისტოს N0------- გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულ იქნა საქმისათვის მნიშვნელოვანი, არსებითი გარემოებების გამოკვლევისა და მართებულად შეფასების გარეშე.

 

აპელანტის განმარტებით, ადმინისტრაციულ ორგანოს მოქმედი კანონმდებლობით არ ჰქონდა უფლებამოსილება დაევალებინა ჯ----–--- ვ-----–---–ისთვის, ცნობის წარდგენა და შესაბამისად, იგი არ იყო ვალდებული ეს დავალება შემესრულებინა. მართალია, პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადების შეტანის დროს, აუცილებელია შემოწმდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის N46/ნ ბრძანებით დამტკიცებულ "სახელმწიფო პენსიის დანიშვნისა და გაცემის წესის" მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი, რომლის თანახმად უცხო ქვეყნის მოქალაქემ, რომელსაც მინიჭებული აქვს საქართველოს მოქალაქეობა, დამატებით უნდა წარადგინოს ცნობა იმის შესახებ, რომ ის არ იღებს პენსიას მეორე ქვეყნიდან, რომლის მოქალაქადაც იგი ითვლება, მაგრამ მისთვის პენსიის დანიშვნა მოხდა ასაკის საფუძვლით 1998 წლის 21 ნოემბერს და 2010 წლის 26 მარტს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ ცნობის მოთხოვნის უფლებამოსილება არ ჰქონდა. ამასთანავე, სასამართლოს მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ აპელამტმა დაადასტურა რუსეთის ფედერაციისგან პენსიის მიღების ფაქტი სიმართლეს არ შეესაბამება.

 

აპელანტი აღნიშნავს, რომ მოქალაქეობის შეწყვეტა პენსიის გაცემის შეჩერების საფუძველს არ წარმოადგენს და აქედან გამომდინარე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქმედება აშკარად ეწინააღმდეგება საქართველოს კანონის „სახელმწიფო პენსიების შესახებ“ მე-16 მუხლის 1-ლ ნაწილს, რაც გულისხმობს, იმას, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არის კანონსაწინააღმდეგო და იგი უნდა იქნეს ბათილად ცნობილი, სზაკ-ის მე-60(1) მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 2010 წლის 26 მარტის წერილის მიღების მომენტისთვის, ჯ----–--- ვ-----–---–ს, უკვე მონიჭებული ქონდა საქართველოს მოქალაქეობა საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.

 

ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების მომენტისათვის აპელანტს უკვე დანიშნული ჰქონდა სახელმწიფო პენსია, შესაბამისად, ამ მომენტისთვის, სააგენტოს აღარ აქვს უფლება, რომ პენსიის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლად მიუთითოს მინისტრის N46/ნ ბრძანების მე-5 მუხლის მე-5 პუნქტზე.

 

ზემოაღნიშნულ გარემოებებზე მითითებით სააპელაციო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით უნდა დაკმაყოფილდეს აპელანტის სასარჩელო მოთხოვნა.

 

5.სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

5.1 სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე და მიაჩნია, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, როდესაც არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები (სსსკ-ის 394-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები), სააპელაციო სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოიტანოს გადაწყვეტილება, რა დროსაც სსსკ-ის 386-ე მუხლის მიხედვით გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე, 1998 წლის 21 ნოემბრიდან ჯ----–--- ვ-----–---–ს ასაკის საფუძველზე დაენიშნა პენსია, ხოლო სახელმწიფო პენსიის გაცემა შეუჩერდა 01.04.2010 წლიდან სოციალური მომსახურების სააგენტოს 26.03.2010 წლის №0--------- წერილის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის მოტივით. სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ქ. თბილისის განყოფილების/მომსახურების ცენტრის 2014 წლის 18 აგვისტოს №2------ გადაწყვეტილებით ჯ----–--- ვ-----–---–ს (დაბ. 8-------- წ.) 2013 წლის 1 აპრილიდან შეუწყდა პენსიის გაცემა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის მე-17 მუხლის 1 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სახელმწიფო გასაცემლის შეჩერებიდან 3 წლიანი ვადის გასვლის გამო.

 

საქმის მასალებში წარმოდგენილი საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 15 აგვისტოს №--- ბრძანებულებით, ჯ----–--- ვ-----–---–ს, საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა.

 

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ პენსიის მიღება საერთაშორისო და შიდა სამართლებრივი აქტების შესაბამისად, პირის ძირითად სოციალურ უფლებათა ჯგუფს განეკუთვნება. 1996 წლის 3 მაისის ევროპის სოციალური ქარტიის 1-ლი ნაწილის 23-ე პუნქტის მიხედვით, ხელმომწერი მხარეები (სახელმწიფოები) აღიარებენ ხანდაზმულ პირთა მიმართ სოციალური დაცვით უფლებას, ხოლო მე-2 ნაწილის 23-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულთა მიერ სოციალური დაცვით უფლებით რაც შეიძლება დიდხანს სარგებლობის მიზნით სახელმწიფო ვალდებულებას იღებს უზრუნველყონ ხანდაზმულთა დარჩენა საზოგადოებრივ სრულფასოვან წევრებად, რაც შეიძლება მეტი ხნით, რაც მაგალითად, ამავე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოიხატება, სათანადო სახსრების გამოყოფით, რაც საშუალებას მისცემს მათ იცხოვრონ ღირსეულად და აქტიური მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივ, სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაში.

 

პენსიის მიღების უფლება წარმოადგენს პირის საჯარო სუბიექტური უფლების ერთ-ერთ სახეს, რომლითაც იგი საკანონმდებლო ბაზის საფუძველზე აღჭურვილია სახელმწიფო ხელისუფლების მიმართ. სუბიექტური უფლების წარმოშობის წინაპირობა არის მეორე პირის მოვალეობა, რამდენადაც სუბიექტური საჯარო სამართლებრივი უფლება არის პირისადმი საჯარო სამართლის ნორმით მინიჭებული უფლება, თავისი ინტერესების დასაცავად მოითხოვოს სახელმწიფოსაგან კონკრეტული დამოკიდებულება.

 

სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კანონმდებლობით ხანდაზმულ მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური უფლებების რეალიზაციას განსაზღვრავს საქართველოს კანონი „სახელმწიფო პენსიის შესახებ“, რომელიც არეგულირებს პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველს, განსაზღვრავს პენსიის ადმინისტრირების ორგანოს, ადგენს პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტისა და პენსიის მიღების ზოგად წესებს. მითითებული კანონის ძირითადი პრინციპებია: ადამიანის უფლებების დაცვა, კანონის წინაშე თანასწორობა, საყოველთაობა, პენსიის მიღების სახელმწიფო გარანტია და ა.შ. პენსიის მიღებასთან დაკაშირებულ სამართალურთიერთობები რეგულირდება ასევე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის #46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესით“.

 

„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლით განსაზღვრულია პენსიის შეწყვეტის წესი და პირობები, კეროდ, 1-ლი პუნქტის თანახმად, პენსია (მხოლოდ ფულადი სარგებელი) შეწყდება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ ამ პუნქტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული: ა) პირადი განცხადებით; ბ) საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში; გ) სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას, რომლითაც პირს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთის აღსრულება, – პენსიის შეჩერების დღიდან; დ) უცხო ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოდან გაძევებისას; ე) პირის საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლისას ან საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვისას; ვ) პენსიონერის გარდაცვალებისას; ზ) პენსიის შეჩერების დღიდან 3 წლის გასვლის შემდეგ; თ) სხვა საფუძვლით, თუ იგი ამ კანონიდან გამომდინარეობს.

 

პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, შეწყვეტის, განახლებისა და გადაანგარიშება წესი რეგლამენტირებულია ასევე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის #46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესით“, რომლის მე-5 მუხლის შესაბამისად, მე-5 პუნქტის შესაბამისად უცხო ქვეყნის მოქალაქემ, რომელსაც მინიჭებული აქვს საქართველოს მოქალაქეობა, დამატებით უნდა წარადგინოს ცნობა იმის შესახებ, რომ ის არ იღებს პენსიას მეორე ქვეყნიდან, რომლის მოქალაქედაც იგი ითვლება.

 

სააპელაციო სასამართლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 15 მარტის განჩინებაზე საქმე Nბს-41-41 (კ-18) და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 27 დეკემბრის N2/5/554 განჩინებაზე მითითებით განმარტავს, რომ 2006 წლის 10 თებერვლის #46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესის“ 5.5 მუხლი ამ ნორმის სუბიექტს მეორე ქვეყნიდან პენსიის შეწყვეტის შესახებ ცნობის წარდგენის ვალდებულებას უწესებს იმ შემთხვევაში, როდესაც თავდაპირველად ხდება ზოგადად პენსიის დანიშვნა. განსახილველ შემთხვევაში, ადგილი აქვს არა პენსიის თავიდან დანიშვნის და შესაბამისად, მთელი რიგი სავალდებულო პროცედურების ხელახლა გავლის საჭიროებას, არამედ უკვე დანიშნული პენსიის აღდგენას, რაც არ საჭიროებს დამატებითი ცნობების წარდგენას. რამდენადაც საქმის მასალებში წარმოდგენილი თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2016 წლის 29 ივლისის წერილით დგინდება რომ, ჯ----–--- ვ-----–---–ს (პ/ნ: 0----------) დანიშნული ჰქონდა სახელმწიფო პენსია ასაკის საფუძვლით 1998 წლის 21 ნოემბრიდან, პალატას არამალთზომიერად მიაჩნია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ აპელანტისათვის რუსეთის ფედერაციიდან პენსიის მიუღებლობის თაობაზე ცნობის წარმოდგენის დავალდებულება.

 

5.2 სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდვიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება.

 

ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცა ადმინისტრაციული აქტი, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო საკითხის გადაწყვეტისას ადმინისტრაციულ ორგანომ შეფასების მიღმა დატოვა ის გარემოება, მას შემდეგ რაც საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის ბრძანებით ჯ----–--- ვ-----–---–ს შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა ამავე წლის 15 აგვისტოს ბრძანებით ჯ----–--- ვ-----–---–ს მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა, შესაბამისად პენსიის შეჩერება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოხდა ისე, რომ აღნიშნული ფაქტი არ ყოფილა მოკვლეული და შეფასებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ზემოაღნიშნული გარემოება არც პენსიის შეწყვეტის მომენტისათვის იქნა გამოკვლეული და შეფასებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზეც არ მომხდარა საკითხის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის შემოწმება, შესაბამისად სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ძველი თბილისის მომსახურების ცენტრის 2020 წლის 26 მარტის N0--------- წერილთან და ამავე ცენტრის 2014 წლის 18 აგვისტოს N2------ გადაწყვეტილებასთან ერთად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 29 აგვისტოს N0------- გადაწყვეტილება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უნდა დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ჯ----–--- ვ-----–---–ის მიმართ.

 

5.3 პალატა განმარტავს, რომ იმ პირობებში როდესაც სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ძველი თბილისის მომსახურების ცენტრის 2010 წლის 26 მარტის №0--------- წერილი, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ძველი თბილისის მომსახურების ცენტრის 2014 წლის 18 აგვისტოს №2------ გადაწყვეტილება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 29 აგვისტოს №0------- გადაწყვეტილება, პალატა მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე, 1 თვის ვადაში ჯ----–--- ვ-----–---–ისთვის სახელმწიფო პენსიის აღდგენასთან დაკავშირებით, ისევე როგორც მოთხოვნაზე ჯ----–--- ვ-----–---–ისათვის იძულებითი განაცდურის სახით, 2010 წლის 01 აპრილიდან სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე პერიოდში მისაღები პენსიის ანაზღაურების თაობაზე.

 

10. პროცესის ხარჯები:

 

10.1. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ჯ----–--- ვ-----–---–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება

 

3. ჯ----–--- ვ-----–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი გასაჩივრებული აქტები: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ძველი თბილისის მომსახურების ცენტრის 2010 წლის 26 მარტის N0--------- წერილი, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ძველი თბილისის მომსახურების ცენტრის 2014 წლის 18 აგვისტოს N2------ გადაწყვეტილება, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 29 აგვისტოს N0------- გადაწყვეტილება და სსპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალოს საქმისათვის არსებით მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან კანონით დადგენილ ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი ჯ----–--- ვ-----–---–ის მიმართ.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

 

მოსამართლე: ილონა თოდუა