განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 03.07.2018
საქმის ნომერი
130210116001299914
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
03.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №130210116001299914

საქმე №2ბ/6345-16

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

3 ივლისი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თავმჯდომარე - ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები - თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი

ოთარ სიჭინავა

სხდომის მდივანი - თამარ ბლიაძე

 

აპელანტი: რ---–---- მ-----–-–---–ი, ნ--- კ-------ე

წარმომადგენელი - ე-–---- პ---–--–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე - გ--–--- ს-----–--ე

წარმომადგენელი - ს-------- ჩ------–---ი

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ხაშურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება, გარიგების ბათილად ცნობა

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილები გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩლის დაკმაყოფილება სრულად

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ--–--- ს-----–--ის სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეებს რ---–---- მ-----–-–---–ს და ნ--- კ-------ეს მოსარჩელის გ--–--- ს-----–--ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 29 000 ლარის და 14 000 აშშ დოლარი გადახდა, გადახდის დროისათვის მოქმედი კურსით. მოპასუხეებს რ---–---- მ-----–-–---–ს და ნ--- კ-------ეს მოსარჩელის - გ--–--- ს-----–--ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 1907 ლარის გადახდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

საქმისათვის მნიშვნელობის მქონე უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა.

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.1. 2014 წლის 15 ოქტომბერს მოპასუხეებმა რ---–---- მ-----–-–---–მა და ნ--- კ-------ემ, მოსარჩელე გ--–--- ს-----–--ისაგან ისესხეს 29 000 ათასი ლარი და 14 000 აშშ დოლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2014 წლის11 თებერვლის ხელწერილი

- სარჩელი, შესაგებელი

- მხარეთა -ახსნა განმარტებები.

 

2.2. მოპასუხეები თავს არიდებენ ნაკისრი ვალდებულების შესრულებას და სარჩელის აღძვრის მომენტისათვის მათ ფულადი ვალდებულება არ შეუსრულებიათ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სარჩელი, შესაგებელი

- მხარეთა -ახსნა განმარტებები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 2. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. 3. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არ არსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომელიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.3. სასამართლომ მიუთითა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლზე რომლის თანახმად სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

ამავე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილია ხელწერილები, რომელთაგან ერთი შესრულებულია ნ--- კ-------ის, ხოლო ორი მათგანი რ---–----ი მ-----–-–---–ის მიერ. სამივე ხელწერილის თანახმად მოპასუხეები ადასტურებენ, რომ გ--–--- ს-----–--ის მიმართ აქვთ დავალიანება 29 000 ლარის და 14 000 აშშ დოლარის ოდენობით, ამასთან საქმეზე ჩატარებულმა ექსპერტიზის პასუხებმა ცხადყო, რომ ხელწერილის ტექსტი და დასმული თარიღი შესრულებულია რ---–---- მ-----–-–---–ის მიერ, ხელმოწერა გაკეთებულია სავარაუდოდ რ---–---- მ-----–-–---–ის მიერ. კატეგორიული ფორმით პასუხის გაცემა ვერ მოხერხდა ხელმოწერის მოკლე და მარტივი აგებულებისა და ნიმუშის ვარიაციულობის გამო. (იხ. ექსპერტიზის დასკვნა).

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპზე დაყრდნობით უნდა განხორციელდეს, რომლის თანახმადაც, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, განკარგოს ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

2.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქმის ფაქტობრივი გარემოებებით ირკვევა, რომ მხარეებს შორის ადგილი ჰქონდა სახელშეკრულებო ურთიერთობას; რასაც ადასტურებს მხარეთა შორის დადებული ხელწერილები ვალდებულების აღიარების თაობაზე. ხოლო მოპასუხის მხრიდან იმის მტკიცება, რომ ხელწერილს ხელი არ აქვს მოწერილი, ვერ იქნება გაზიარებული რადგან კალიგრაფიული ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი, რომ 11.02.2016 წლის თარიღით შედგენილი ხელწერილი შესრულებულია რ---–----ი მ-----–-–---–ის მიერ და ასევე ხელმოწერაც სავარაუდოდ მის მიერაა შესრულებული.

 

2.5. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.

 

ამავე კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად ბათილია კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული აუცილებელი ფორმის დაუცველად დადებული გარიგება, ასევე ნებართვის გარეშე დადებული გარიგება, თუ ამ გარიგებისთვის საჭიროა ნებართვა.

 

სასამართლოს განმარტებით, განხილვის პროცესში დადასტურდა, რომ 2016 წლის 11 თებერვალს რ---–---- მ-----–-–---–მა თავისი ხელით დაწერა ხელწერილი და დაადასტურა, რომ 2014 წლის 15 ოქტომბერს გ--–--- ს-----–--ისგან ისესხა 29 000 ლარი და 14 000 აშშ დოლარი. ასევე იკისრა ვალდებულაბა აღნიშნულ თანხას დააბრუნებდა 2016 წლის 28თებერვალს. აღნიშნულ ხელწერილზე ჩატარდა კალიგრაფიული ექსპერტიზა, რომელმაც 2016 წლის 18 ივლისის № 0-------- დასკვნით დაადასტურა, რომ ხელწერილის ტექსტი და მასზე მითითებული თარიღი 11.02 2016 შესრულებულია რ---–---- მ-----–-–---–ის მიერ, ხელმოწერაც სავარაუდოდ შესრულებულია რ---–----ი მ-----–-–---–ის მიერ. კატეგორიული ფორმით პასუხის გაცემა ვერ მოხერხდა ხელმოწერის მოკლე და მარტივი აგებულებისა და ნიმუშის ვარიაციულობის გამო. (იხ. ექსპერტიზის დასკვნა). ამასთან საქმეში წარმოდგენილია რ---–----ი მ-----–-–---–ის მიერ ხელმოწერილი ხელწერილი, თარიღის გარეშე, რომლითაც იგი აღიარებს, რომ გადაიხდის თავისი მეუღლის ნ--- კ-------ის ვალს 29000 ლარს და 14000 აშშ დოლარს, რომლის შინაარსსაც რ---–----ი მ-----–-–---–ის წარმომადგენელი სადაოდ არა ხდის, თუმცა განმარტავს, რომ ეს ხელწერილი დაწერილია 2012 წელს. რაიმე მტკიცება იმისა, რომ ეს ხელწერილები იძულებით იყო დაწერილი საქმეზე წარმოდგენილი არ ყოფილა.

 

სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ 2016 წლის 11 თებერვლის ხელწერილზე გაკეთებულია რ---–----ი მ-----–-–---–ის ხელმოწერა, რის გამოც საქმის სხვა გარემოებების გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ იგი შესრულებულია რ---–----ი მ-----–-–---–ის მიერ და ხელმოწერის მის მიერ უარყოფა მიმართულია ვალდებილების შესრულებისგან თავის არიდებისაკენ.

 

2016 წლის 11 თებერვლის თარიღით შედგენილ ხელწერილით დაადასტურა, რ---–----ი მ-----–-–---–ის მიერ გ--–--- ს-----–--ის სასარგებლოდ გადასახდელია 2014 წლის 15 ოქტომბერს აღებული სესხი 29000 ლარი და 14000 ამერიკული დოლარი.

 

შესაბამისად არ არსებობს ფორმის დაუცველობის გამო რ---–---- მ-----–-–---–ის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

 

მოპასუხის მიერ სადაოდ გახდა მოთხოვნის ხანდაზმულობა. მოპასუხე მხარემ შესაგებელშიც დააფიქსირა და სასამართლო სხდომაზეც განმარტა, რომ ნ--- კ-------ის მიმართ მოთხოვნა არის სრულად ხანდაზმული.

 

მოსარჩელის მიერ სასამართლოში სარჩელი წარმოდგენილია 2016 წლის 30 მარტს მანამდე მოსარჩელეს სასამართლოსათვის არ მოუმართავს. მოპასუხე ნ--- კ-------ის განმარტებით, მან გ--–--- სარალისისაგან თანხა 5000 ამერიკული დოლარი და 4900 ლარი ისესხა 2010 წელს. შესაბამისად თვლის რომ 3 წლიანი ხანდაზმულობის ვადა გასულია და ამ საფუძვლითაც უარი უნდა ეთქვას მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ გ--–--- ს-----–--ის მოთხოვნა არ არის ხანდაზმული, რადგან საქმეზე წარმოდგენილია ხელწერილი რომლითაც დასტურდება, რომ ნ--- კ-------ის მიერ აღებული ვალის გადახდა იკისრა მისმა მეუღლემ რ---–----ი მ-----–-–---–მა, რომელმაც ასევე 2016 წლის 11 თებერვლის თარიღით შედგენილ ხელწერილით დაადასტურა, რომ მის მიერ გ--–--- ს-----–--ის სასარგებლოდ გადასახდელია 2014 წლის 15 ოქტომბერს აღებული სესხი 29000 ლარი და 14000 ამერიკული დოლარი. ( იხ. ხელწერილი) შესაბამისად სასარჩელო ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადა არ შეიძლება გაშვებულად ჩაითვალოს.

 

სასამართლომ ამასთან აღნიშნა, რომ მოპასუხე-(კ-------ე, მ-----–-–---–ის) მხარის წარმომადგენლის ინიციატივითა და მოთხოვნით მიღებულ იქნა ღონისძიებები მხარეთა შორის მორიგების მისაღწევად რისთვისაც საქმის განხილვა რამოდენიმეჯერ გადაიდო, რაზედაც ს-----–--ე დათანმხდა გარკვეული პირობით, მაგრამ საბოლოოდ შეთანხმება მიღწეული ვერ იქნა.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1. აპელანტის განმარტებით, გ--–--- ს-----–--ემ სარჩელით მოითხოვა რ---–---- მ-----–-–---–ის და ნ--- კ-------ეს სოლიდარლად დაეკისროთ 29 000 ლარისა და 14 000 აშშ დოლარი. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ იქნა სამი ხელწერილი, საიდანაც პირველი ხელმოწერილი იყო ნ--- კ-------ის მიერ, რომელიც არ იყო დათარიღებული, მეორე ხელწერილი შესრულებული იყო რ---–---- მ-----–-–---–ის მიერ ხელმოწერისა და თარიღის გარეშე. ხოლო მესამე ხელწერილი ასევე, შესრულებული იყო რ---–---- მ-----–-–---–ის მიერ, რომელსაც არ ერთვოდა ხელმოწერა და იყო მიმსგავსებული სხვა პირის მიერ.

 

აპელანტი მიუთითებს, რომ შესაგებელში უთოთებდნენ, რომ სესხი 5000 აშშ დოლარი და 4900 ლარი გ--–--- ს-----–--ემ გადასცა 2010 წელს ნ---ნ კ-------ეს, რომ 2 წლის შემდგომ მისივე თხოვნით დაუწერა ხელწერილი, სადაც თანხა მითითებულ იქნა 29 000 ლარი და 14 000 აშშ დოლარი. აპელანტი განმარტავს, რომ მოთხოვნა ნ--- კ-------ის ნაწილში იყო ხანდაზმული.

 

აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა ხელწერილის შინაარსზე. ვინაიდან, ხელწერილი დაწერილი იყო სხვა დროს, ხოლო თანხის გადაცემა მოხდა სხვა დროს. აპელანტის შეფასებით, გადაწყვეტილება თავისი შინაარსით ძალაში დარჩენის შემთხვევაში ამკვიდრებს განსხვავებულ მიდგომას ვალდებულებით სამართალთან მიმართებაში. აპელანტი რ---–---- მ-----–-–---–ი სადავოდ ხდის ხელწერილზე არსებულ ხელმოწერას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტის მოითხოვს, გაუქმდეს ხაშურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება და უარი ეთქვას გ--–--- ს-----–--ეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და სამართლებრივ დასკვნებს გასაჩივრებულ ნაწილში.

 

4.2. სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81; Hirvisaari v. Finland, §32).

 

4.3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1-ლი პუნქტის მიხედვით გ--–--- ს-----–--ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს რ---–---- მ-----–-–---–სა და ნ--- კ-------ეს მოსარჩელე გ--–--- ს-----–--ის სასარგებლოდ დაეკისრათ 29 000 ლარის და 14 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში გადახდა. საქმეში წარმოდგენილია ხელწერილები, რომელთაგან ერთი შერულებულია ნ--- კ-------ის, ხოლო ორი მათგანი რ---–----ი მ-----–-–---–ის მიერ. სამივე ხელწერილის თანახმად მოპასუხეები ადასტურებენ, რომ გ--–--- ს-----–--ის მიმართ აქვთ დავალიანება 29 000 ლარის და 14 000 აშშ დოლარის ოდენობით,აღნიშნულ ხელწერილზე ჩატარდა კალიგრაფიული ექსპერტიზა და 2016 წლის 18 ივლისის № 0-------- დასკვნით დაადასტურა, რომ ხელწერილის ტექსტი და მასზე მითითებული თარიღი 11.02.2016 შესრულებულია რ---–---- მ-----–-–---–ის მიერ, ხელმოწერაც სავარაუდოდ შესრულებულია რ---–---- მ-----–-–---–ის მიერ. კატეგორიული ფორმით პასუხის გაცემა ვერ მოხერხდა ხელმოწერის მოკლე და მარტივი გებულებისა და ნიმუშის ვარიაციულობის გამო (იხ. ექსპერტიზის დასკვნა, ტომი 1, ს.ფ. 98-105). ამასთან საქმეში წარმოდგენილია რ---–---- მ-----–-–---–ის მიერ ხელმოწერილი ხელწერილი, თარიღის გარეშე, რომლითაც იგი აღიარებს, რომ გადაიხდის თავისი მეუღლის ნ--- კ-------ის ვალს 29000 ლარს და 14000 აშშ დოლარს, რომლის შინაარსსაც რ---–----ი მ-----–-–---–ის წარმომადგენელი სადავოდ არა ხდის, თუმცა განმარტავს, რომ ეს ხელწერილი დაწერილია 2012 წელს. შესაბამისად, დადგენილია, რომ 2014 წლის 15 ოქტომბერს მოპასუხეებმა რ---–---- მ-----–-–---–მა და ნ--- კ-------ემ, მოსარჩელე გ--–--- ს-----–--ისგან ისესხეს 29 000 ათასი ლარი და 14 000 აშშ დოლარი და არ არსებობდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე და 59-ე მუხლებით გარიგების ბათილად ცნობის საფუძვლები..

 

რაც შეეხება ხანდაზმულობის საკითხს პალატა დამატებით მიუთითებს, რომ ხანდაზმულობის ინსტიტუტის შინაარსი და მისი გამოყენების წინაპირობები მოწესრიგებულია სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლით, რაც არაერთხელ გამხდარა საერთო სასამართლოებისა და საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტების საგანი. თუმცა, მისი ზოგადი სამართლებრივი არსი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მნიშვნელობით შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ სტანდარტს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებაში საქმე №3/1/531 (ჯანაშვილი პარლამენტის წინააღმდეგ) აღნიშნულია „....სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის გარკვეულ მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შესაძლებლობა აქვს, მოითხოვოს საკუთარი უფლებების სამართლებრივი გზით (იძულებით) განხორციელება ან დაცვა. ამ ვადის გაცდენა კი გულისხმობს ამ პირთა მიერ ასეთი შესაძლებლობის გამოყენების უფლების მოსპობას, გაქარწყლებას. სამოქალაქო სამართალში სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ პირი კარგავს უფლების სასამართლო გზით დაცვის შესაძლებლობას......".

 

ხანდაზმულობის ინსტიტუტი კონსტიტუციური მართლწესრიგის შემადგენელი ნაწილია და მიმართულია ეკონომიკური ურთიერთობების მონაწილეთა სამართლებრივი მშვიდობის უზრუნველსაყოფად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტების თანახმად: „....ხანდაზმულობის ვადები ემსახურება რამდენიმე მნიშვნელოვან მიზანს, კერძოდ, სამართლებრივ განსაზღვრულობას და საბოლოობას, პოტენციური მოპასუხეების დაცვას ძველი სარჩელებისაგან, რომლებისგანაც თავის დაცვა შეიძლება რთული აღმოჩნდეს და უსამართლობის თავიდან აცილებას, რომელიც შეიძლება, წარმოშვას, თუ სასამართლოები იძულებული გახდებიან, გადაწყვიტონ საქმეები, რომლებიც შორეულ წარსულში მოხდა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომელიც შესაძლოა დროის გასვლის გამო არასაიმედო ან არასრული იყოს..." (იხ. CASE OF STUBBINGS AND OTHERSS VS THE UNITED KINGDOM 1996 წლის 22 ოქტომბერი).

 

გ--–--- ს-----–--ის მიერ სასამართლოში სარჩელი წარმოდგენილია 2016 წლის 30 მარტს. აპელანტების განმარტებით, ნ--- კ-------ემ გ--–--- ს-----–--ისაგან თანხა 5000 ამერიკული დოლარი და 4900 ლარი ისესხა 2010 წელს. შესაბამისად თვლის რომ 3 წლიანი ხანდაზმულობის ვადა გასულია და ამ საფუძვლითაც უარი უნდა ეთქვას მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

პალატა აღნიშნავს, რომ გ--–--- ს-----–--ის მოთხოვნა არ არის ხანდაზმული, რადგან საქმეზე წარმოდგენილია ხელწერილი რომლითაც დასტურდება, რომ ნ--- კ-------ის მიერ აღებული ვალის გადახდა იკისრა მისმა მეუღლემ რ---–----ი მ-----–-–---–მა, რომელმაც ასევე 2016 წლის 11 თებერვლის თარიღით შედგენილ ხელწერილით დაადასტურა, რომ მის მიერ გ--–--- ს-----–--ის სასარგებლოდ გადასახდელია 2014 წლის 15 ოქტომბერს აღებული სესხი 29000 ლარი და 14000 ამერიკული დოლარი. (იხ. ხელწერილი) შესაბამისად სასარჩელო ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადა არ შეიძლება გაშვებულად ჩაითვალოს.

 

4.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად „1. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.2. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. 3. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით“. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი სარჩლის ხანდაზმულად მიჩნევისა და გარიგების ბათილად ცნობის ნაწილში დაუსაბუთებელია, ვინაიდან არც სააპელაციო საჩივარში და არც თბილისის სააპელაციო სასამართლოში 12.06.2018. წელს გამართულ სხდომაზე არ იქნა მოყვანილი არანაირი არგუმენტი და მტკიცებულება გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი უსწორობების დასასაბუთებლად, ამასთან, რაიმე მტკიცება იმისა, რომ ეს ხელწერილები იძულებით იყო დაწერილი საქმეზე წარმოდგენილი არ ყოფილა - აპელანტის პოზიცია შემოიფარგლა მხოლოდ ზოგადი ხასიათის განცხადებით, რომ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებას ასაჩივრებს კერძოდ, არ დაკმაყოფილდეს გ--–--- ს-----–--ის სარჩელი და დაკმაყოფილდეს შეგებებული სარჩელი. სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დასახელებული ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი და ლოგიკური შინაარსის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება დასაბუთებულია და არ არსებობს მისი გაუქმების პროცესუალური და სამართლებრივი საფუძვლები.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ'' ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მხარეები, რომლებიც დადგენილი წესით რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ საარსებო შემწეობას, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტებმა წარმოადგინეს ამონაწერი, რომლითაც დასტურდება, რომ აპელანტები რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ საარსებო შემწეობას, რაც მათი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველია.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ნ--- კ-------ის და რ---–---- მ-----–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს ხაშურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

 

მოსამართლეები: თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი

 

ოთარ სიჭინავა