განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210016001270396
საქმე №2ბ/3362-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
15 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - ბესარიონ ტაბაღუა
სხდომის მდივანი - ელენე ომანიძე
აპელანტი - ნი-----------ა
წარმომადგენელი - ფი--------------ე
მოწინააღმდეგე მხარე - ხა-------------ე
წარმომადგენელი - გი----------–----ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილება
დავის საგანი - სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება სრულად
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილებით ნი-----------ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და შევიდა ცვლილებები ნოტარიუს მა----–-------–---–ის მიერ 01.09.2015 წელს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში იმდაგვარად, რომ აღსასრულებელი მოთხოვნის მოცულობა პირგასამტეხლოს ნაწილში განისაზღვროს ძირითადი თანხის 0.15% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2015 წლის 1 იანვრიდან აღსრულებამდე.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 2012 წლის 1 სექტემბერს ელ-----------სა და ნი------------ას შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოსარჩელემ ელ----------ისგან ისესხა 9500 აშშ დოლარი, სამი თვის ვადით, თვეში 4% სარგებლის დარიცხვით. ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისთვის მსესხებელს დაერიცხებოდა პირგასამტეხლო - გადასახდელი თანხის 0,3%-ის ოდენობით ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის.
სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა ნი-----------ას კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე თბილისი, დი-----------ი, კვარტ. 2---------------------.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას - სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება.
2.2. 2012 წლის 5 დეკემბრის ცესიის/მოთხოვნის დათმობის გარიგებით ელ----------მა 01.09.2012 წლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნი-----------ას მიმართ მოთხოვნიდან ნაწილი - 9500 აშშ დოლარიდან 5500 აშშ დოლარი დაუთმო ხა-------------ეს. ხოლო 2014 წლის 23 მაისის ცესიის/მოთხოვნის დათმობის გარიგებით ნა-----------–--ამ ამავე სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნი-----------ას მიმართ მოთხოვნიდან ნაწილი - 4000 აშშ დოლარიდან 1000 აშშ დოლარის დაუთმო ხა-------------ეს.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას - ცესია/მოთხოვნის დათმობის შესახებ გარიგებები.
2.3. კრედიტორის ხა-------------ის მოთხოვნის საფუძველზე 2015 წლის 1 სექტემბერს ნოტარიუსმა მა----–-------–---–მა მოვალე ნი-----------ას მიმართ გასცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად ნი-----------ას მიმართ აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა: სესხის ძირითადი თანხა - 6500 აშშ დოლარი, ხოლო პირგასამტეხლო - ძირითადი თანხის 0.3% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2015 წლის 1 იანვრიდან. ასევე სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი - 124.36 ლარი.
სააღსრულებო ფურცლითვე დადგინდა ნი-----------ას კუთვნილი იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების აუქციონზე რეალიზაცია. სააღსრულებო ფურცელი წარდგენილი იქნა აღსასრულებლად და 2015 წლის 18 ნოემბერს აღმასრულებელმა შეტყობინება გაუგზავნა მოვალეს.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- 01.09.2015 წლის სააღსრულებო ფურცელი;
- 18.11.2015 წლის წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.4. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად იმ გადაწყვეტილებათა აღსრულებისას, რომლებითაც გათვალისწინებულია კრედიტორის მოთხოვნის ზრდა ძირითად თანხაზე სარგებლის ან/და საურავის დარიცხვის შედეგად, სააღსრულებო წარმოების დაწყების დღიდან შეწყდება კრედიტორის მოთხოვნის ძირითად თანხაზე სარგებლის ან/და საურავის დარიცხვა, გარდა საგადასახადო მოთხოვნის შემთხვევებისა.
სარჩელით ნი-----------ა ითხოვდა პირგასამტეხლოს ოდენობის 10-ჯერ შემცირებას, შესაბამისად, 2015 წლის 1 იანვრიდან აღსრულებამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ძირითად თანხაზე 0.03%-ის დაკისრებას. საქმის მოსამზადებელ ეტაპზე მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ და დაეთანხმა პირგასამტეხლოს სახით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.3%-ის 0.15%-მდე შემცირებას.
სასამართლომ მიიჩნია, რომ პირგასამტეხლოს ფუნქციური დანიშნულება არის პრევენცია და მინიმალური ზიანის ანაზღაურება. სასამართლო პირგასამტეხლოს შეუსაბამო ოდენობასთან მიმართებაში ითვალისწინებს საქმის კონკრეტულ გარემოებებს, სააღსრულებო ფურცლის გაცემიდან მის აღსასრულებლად წარდგენა კრედიტორმა მალევე განახორციელა, მოსარჩელეს ძირითადი ვალდებულება დღევანდელი მდგომარეობითაც შესრულებული არ აქვს და კრედიტორს ამით ადგება ზიანი, ასევე თავად კრედიტორი ეთანხმება პირგასამტეხლოს შემცირების საკითხს და ამ გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო საკმარისად მიიჩნევს მის შემცირებას მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის ფარგლებში.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1. აპელანტის მოსაზრებით სესხის ძირითად თანხასთან - 6500 აშშ დოლართან მიმართებით, დაკისრებული პირგასამტეხლო - 0.15%, შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს 0.03%-მდე.
აპელანტის მოსაზრებით, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში სასამართლოს მსჯელობა დაუსაბუთებელი და ალოგიკურია. სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება, რომლის მიხედვითაც თითქოს მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო. აღნიშნული გარემოება ცალსახად მცდარია, ამგვარი რამ არ მომხდარა სამართალწარმოების არც ერთ ეტაპზე. მხარის მიერ მორიგების მცდელობის ეტაპზე (რომელიც ვერ შედგა) აღნიშნულ იქნა ზემოთ ხსენებული გარემოება, შესაბამისად ხსენებული ვერ იქნება გაგებული, როგორც სარჩელის ცნობა. თუ კი, მხარე ცნობდა სარჩელს მაშინ პირგასამტეხლოსა და ზიანზე მსჯელობა საჭირო აღარ გახდებოდა და სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი იქნებოდა მხოლოდ სარჩელის ნაწილობრივ ცნობა. აპელანტს მიაჩნია, რომ მოპასუხეს სარჩელი არ უცვნია ნაწილობრივ, მან მხოლოდ მიუთითა მისთვის მისაღები პირგასამტეხლოს ოდენობა, რაც სასამართლოს მიერ არასწორად იქნა გაგებული.
3.2. აპელანტს მიაჩნია, რომ მოსამართლემ არ ისმჯელა იყო თუ არა პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალი და გადაწყვეტილება დააყრდნო გაურკვეველ მსჯელობას, რომ თითქოსდა ზიანი მიადგა კრედიტორს.
3.3. აპელანტი აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით საპროცესო ხარჯები არასწორადაა გამოთვლილი.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
იმავე კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.
ამავე კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. დადგენილია, რომ ელ----------სა და ნი-----------ას შორის დაიდოს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, სესხის ოდენობად განისაზღვრა 9500 აშშ დოლარი, სესხის ვადად განისაზღვრა სამი თვე, თვიური 4% სარგებლის დარიცხვით. სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა ნი-----------ას კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე, ქ. თბილისი, დი-----------ი, კ--------–--------------------------
4.2. უდავოა, რომ ცესიის/მოთხოვნის დათმობის გარიგებით ელ----------მა 01.09.2012 წლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნი-----------ას მიმართ მოთხოვნიდან ნაწილი - 9500 აშშ დოლარიდან 5500 აშშ დოლარი 2012 წლის 5 დეკემბერს დაუთმო ხა-------------ეს. ხოლო 2014 წლის 23 მაისის ცესიის/მოთხოვნის დათმობის გარიგებით ნა-----------–--ამ ამავე სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნი-----------ას მიმართ მოთხოვნიდან ნაწილი - 4000 აშშ დოლარიდან 1000 აშშ დოლარი დაუთმო ხა-------------ეს.
4.3. ასევე, უდავოა, რომ კრედიტორის ხა-------------ის მოთხოვნის საფუძველზე 2015 წლის 1 სექტემბერს ნოტარიუსმა მა----–-------–---–მა მოვალე ნი-----------ას მიმართ გასცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად ნი-----------ას მიმართ აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა: სესხის ძირითადი თანხა - 6500 აშშ დოლარი, ხოლო პირგასამტეხლო - ძირითადი თანხის 0.3% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2015 წლის 1 იანვრიდან აღსრულებამდე. სააღსრულებო ფურცლით დადგინდა ნი-----------ას კუთვნილი იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების აუქციონზე რეალიზაცია.
4.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. იმავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
მოხმობილ ნორმათა ანალიზიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს გადახდის მიზანს წარმოადგენს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა. შესაბამისად, პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველი კონკრეტული ვალდებულების დარღვევის თანაბარზომიერი უნდა იყოს, რაც სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მისი გადახდა ვალდებულების დარღვევით კრედიტორისათვის მიყენებული ზიანის მაკომპენსირებელ ფუნქციას უნდა ასრულებდეს და ამავდროულად, მხარეებს გარიგებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვან და დროულ შესრულებას აიძულებდეს.
პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად.
მოქმედი სამოქალაქო კოდექსით სასამართლოს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება შეამციროს პირგასამტეხლო, თუმცა აღნიშნული დანაწესი არ უნდა იქნას გაგებული იმდაგვარად, რომ სასამართლოს სუბიექტური შეხედულებით ნებისმიერ დროს შეუძლია შეამციროს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა. პალატა განმარტავს, რომ შემცირებას ექვემდებარება მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. აქვე აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება და გარკვეულ ნიშნულამდე დაყვანა არ წარმოადგენს საერთო სტანდარტს, განზოგადებულ წესს. მისი განსაზღვრა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების გათვალისწინებით ხდება, რაღა თქმა უნდა, ამავე საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა საფუძველზე.
პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.
კონკრეტულ შემთხვევაში, ნი-----------ა ითხოვს პირგასამტეხლოს პროცენტული ოდენობის შემცირებას 0.03%-მდე. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილებით პირგასამტეხლო განისაზღვრა ძირითადი თანხის 0.15% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2015 წლის 1 იანვრიდან აღსრულებამდე.
განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატას შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად მიაჩნია როგორც მხარეთა შორის ხელშეკრულებით შეთანხმებული, ისე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთ კოლეგიის 2018 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილებით დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა (პირგასამტეხლოს პროცენტული განაკვეთი 0.3%-დან შეამცირა 0.15%-მდე). 0.15%-იან განაკვეთზე პირგასამტეხლოს გაანგარიშებით, 2015 წლის 1 იანვრიდან აღსრულებამდე პერიოდის პირგასამტეხლო, პალატის მოსაზრებით მნიშვნელოვნად აღემატება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანს და შეუსაბამოდ მაღალია, შესაბამისად, ექვემდებარება სასამართლოს მხრიდან შემცირებას.
სააპელაციო პალატას მოცემულ შემთხვევაში გონივრულად და სამართლიანად მიაჩნია, მოთხოვნილი პირგასამტეხლოს პროცენტული ოდენობის შემცირება 0.07%-მდე, და მთლიანობაში მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს 2015 წლის 01 იანვრიდან აღსრულებამდე ძირიდათი დავალიანების 0.07%-ის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზემოთ მოყვანილი მსჯელობა თანხვედრაშია პირგასამტეხლოს შემცირებასთან დაკავშირებით არსებულ სასამართლოს ერთგვაროვან პრაქტიკასთან(იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №ას-462-462-2018, 22.06.2018).
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ამდენად, სააპელაციო პალატა ასკვნის, რომ ნი-----------ას სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება ნი-----------ას სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ.
6. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში, ნი-----------ას სარჩელზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 404.4 ლარის ოდენობით, ხოლო სააპელაციო საჩივარზე - 289.53 ლარის ოდენობით. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოსარჩელეს მართებულად დაუბრუნდა უკან მის მიერ სარჩელზე გადახდილი ბაჟის ნაწილი 684.6 ლარის ოდენობით. ვინაიდან სარჩელი და სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ხა-------------ეს ნი-----------ას სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციული სარჩელზე და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 291.45 ლარის ოდენობით.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნი-----------ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
3. ნი-----------ას სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
4. შევიდეს ცვლილებები ნოტარიუს მა-----–-------–---–-ს მიერ 01.09.2015 წელს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში იმდაგვარად, რომ აღსასრულებელი მოთხოვნის მოცულობა პირგასამტეხლოს ნაწილში განისაზღვროს ძირითადი თანხის 0.07%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2015 წლის 1 იანვრიდან აღსრულებამდე;
5.ხა-------------ეს ნი-----------ას სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 291.45 ლარის ოდენობით.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 და მე-5 პუნქტები დარჩეს უცვლელი.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე ბესარიონ ტაბაღუა