განაჩენი

სისხლის სამართლის 10.12.2018
საქმის ნომერი
330100116001451857
ინსტანცია
თარიღი
10.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #330100116001451857

საქმე №1/ბ-1053-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

10 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა

ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: ნ----------–-ს

ადვოკატ: მ---------–-----ს

მსჯავრდებულ: რ----------------ის

მონაწილეობით,მსჯავრდებულ რ----------------ის და ქ. თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ნ----------–-ს სააპელაციო საჩივრების საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე რ----------------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–----------- საქართველოს მოქალაქის პირადი #0----------, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–-----–-------------------–-- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 6 ივლისის განაჩენით, რ----------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა - ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

აღნიშნული განაჩენით, რ----------------ეს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

რ----------------ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2014 წლის 11 ივლისს, ქ.------–--–---–------------------------ სამეზობლო კონფლიქტის დროს წარმოქმნილი ურთიერთშელაპარაკებისას რ----------------ემ ე-–------------ს ხელი გაარტყა სახეში, რასაც მოჰყვა ე-–------------ს ფიზიკური ტკივილი.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა რ----------------ემ და თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა ნ----------–--.

 

მსჯავრდებულმა რ----------------ემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 6 ივლისის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის გამოტანა. იმ საფძვლით, რომ გასაჩივრებული განაჩენი არის უკანონო, დაუსაბუთებელი და იგი დადგენილია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით.

 

თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა ნ----------–-- სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა იმ მიმართებით, რომ რ----------------ეს ჩადენილი დანაშაულისათვის განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა რ----------------ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. მსჯავრდებულის პოზიციას, მის გამართლებასთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან რ----------------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ:

 

საქმის არსებითი განხილვისას, დაზარალებულმა ე-–------------მ სასამართლოში ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ მის ოჯახთან დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა კონფლიქტი მეზობელ რ----------------ეს. კონფლიქტის მიზეზი იყო ქ-------–--–-------------------–- მდებარე საცხოვრებელი სახლის ის ოთახი, რომელიც მისი (დაზარალებულის) მშობლების საკუთრება იყო. 2014 წლის 11 ივლისს, მამამისთან (მ-----------------თან) ერთად გავიდა სახლიდან და ვინაიდან ელექტროენერგიის და გაზის ქვითრებს ელოდებოდა, ჭიშკარზე ცარცით დაიწყო წარწერის გაკეთება, მ---------------- კი წავიდა მაღაზიაში. დაზარალებულის განმარტებით, წარწერას გააკეთებამდე რ----------------ე ჯერ სახლიდან აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, შემდეგ კი გარეთ გავიდა, ჯაჯგური დაუწყო და დაარტყა ხელი. რ----------------ემ ხელი მეორედ სახეში დაარტყა, რაც თვალში მოხვდა და ეტკინა. მას სახეზე ჰქონდა ექსკორიაციები. თვალი ძალიან სტკიოდა, რადგან რ----------------ის თითი ლინზაში მოხვდა. რ----------------ე მის მიმართ აგრესიას სისტემატურად გამოხატავდა, რასაც იწერდა მობილური ტელეფონის საშუალებით. მას (დაზარალებულს) აქვს, როგორც 2014 წლის 11 ივლისის კონფლიქტის, ასევე ადრინდელი სიტყვიერი შეურაცხყოფის ამსახველი აუდიოჩანაწერი. მსგავსი ქმედებების გამო, ქ. თბილისის დიდუბე - ჩუღურეთის შს სამმართველოს თანამშრომლების მიერ რ----------------ე გაფრთხილებულ იქნა და აეკრძალა მასთან მიახლოება. დაზარალებულის განმარტებით, პატრულის თანამშრომლების მიერ სათანადო დოკუმენტების შედგენის შემდეგ იგი გადაიყვანეს საგამოძიებო სამსახურში, სადაც დაიკითხა. მისი დაკითხვის დასრულების შემდეგ გამოიძახეს სასწრაფო დახმარება. მოგვიანებით ექსპერტიზაც ჩაუტარდა. მის მიერ შესრულებულ ყველა ჩანაწერში ჩანს, რომ მას რ----------------ესთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია. რ----------------ის მხრიდან კი გამუდმებით იყო სიტყვიერი შეურაცხყოფა და მუქარა. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა დაზარალებულ ე-–------------ს მიერ წარმოდგენილი აუდიოჩანაწერი. დაზარალებულის განმარტებით, 2014 წლის 11 ივლისის ჩანაწერი, რომელიც გამოკვლეული იქნა სასამართლო სხდომაზე, მისი შესრულებულია. სიტყვები „აგახევ თავ - პირს“ რ----------------ეს ეკუთვნის. „როგორ მელაპარაკები, ხელს ნუ მახლებ“ მისი (დაზარალებულის) სიტყვებია. სიტყვები „ბავშვთან რა გინდა“ ეკუთვნის მის მეზობელს, რ----------------ის ახლობელს, დარეჯან კენჭოშვილს. „მე შენ გაჩვენებ ხელის დარტყმა როგორ უნდა“ ე-–------------ს განმარტებით არის მისი სიტყვები.

 

მოწმე მ----------------- განმარტებით, რ----------------ეს მის ოჯახთან წლების განმავლობაში აქვს კონფლიქტი და დავა ქ-------–--–-------------------–- მდებარე სახლში განთავსებულ ერთ ოთახთან დაკავშირებით. რ----------------ე აღნიშნული ოთახის მისაკუთრების მიზნით უკანონო ქმედებებს ახორციელებს (მისი ოჯახის კუთვნილ ქვითრებს იპარავს). 2014 წლის 11 ივლისს, საღამოს საათებში იმყოფებოდა სახლში, ქ-------–--–-------------------–- შვილთან, ე-–------------სთან ერთად. შემდეგ მაღაზიაში წავიდა პურის მოსატანად. დაახლოებით ხუთ-ექვს წუთში დაურეკა მისმა შვილმა - ე-–------------მ, რომელმაც უთხრა, რომ რ----------------ემ სცემა. სახლისკენ სირბილით გამოიქცა და ჭიშკართან ნახა ე-–------------. ელენეს სახეზე ხელის დარტყმის კვალი ეტყობოდა და ლოყა გაწითლებული ჰქონდა. ისეთი აღელვებული იყო, რომ ვერ აწყნარებდა. გამოიძახეს პოლიცია.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა პატრულ - ინსპექტორმა დ-------------მ განმარტა, რომ მუშაობს ქ. თბილისის დიდუბე - ჩუღურეთის მიმართულების პატრულ - ინსპექტორის თანამდებობაზე. 2014 წლის 11 ივლისს მეწყვილე მალხაზ ქემაშვილთან ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. შეტყობინების საფუძველზე გამოცხადნენ ქ-------–--–------------------, სადაც დახვდათ თვალცრემლიანი და აღელვებული ახალგაზრდა გოგონა, რომელიც აცხადებდა, რომ მეზობელმა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და სცემა. ვინაიდან გოგონა იყო შეშინებული, აღელვებული და მარჯვენა ლოყაზე აღენიშნებოდა სიწითლე, საჭიროდ ჩათვალა გამოეძახებინათ საგამოძიებო სამსახური. მოწმის განმარტებით, დაზარალებულმა მიუთითა რ----------------ეზე და განაცხადა, რომ სწორედ მან მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. დაზარალებული გადაიყვანეს საგამოძიებო სამსახურის ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც გამოიძახეს სასწრაფო დამხარება. რ----------------ემ პოლიციაში ადვოკატის გარეშე წასვლაზე განაცხადა უარი.

 

იგივე გარემოებები დაადასტურა მოწმის სახით დაკიტხულმა პატრულ - ინსპექტორმა მ--–---------–---–-- და აღნიშნა, რომ მათი მისვლის მომენტში ე-–------------ გარეთ იმყოფებოდა, რომელსაც სახეზე აშკარად ეტყობოდა ნაიარევი (თითების კვალი). დაზარალებულის განმარტებით, მას ხელი რ----------------ემ დაარტყა, რის გამოც გამოძახებულ იქნა საპატრულო პოლიციის საგამოძიებო სამსახური.

 

მოწმე ნ------------ს განმარტებით, 2014 წლის 11 ივლისს, დილიდან სახლიდან იყო გასული. როდესაც დაბრუნდა მისი შვილი ე-–------------ დახვდა მძიმე მდგომარეობაში - ელენე განიცდიდა ძლიერი ტკივილს, მარცხენა თვალი ჩაწითლებული ჰქონდა და თვალს ვერ ახელდა, ემჩნეოდა ხელის კვალი მარჯვენა ლოყაზე. შვილისგან შეიტყო, რომ აღნიშნული დაზიანებების მიზეზი იყო მისი მეზობლის - რ----------------ის მიერ განხორციელებული ძალადობა. მიღებული დაზიანებების გამო, ე-–------------ს დასჭირდა ოფთალმოლოგის კონსულტაცია და გადიოდა შესაბამისი მკურნალობის კურსს.

 

ამოღების ოქმის თანახმად, 2014 წლის 2 სექტემბერს, საქართველოს შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს კრიმინალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელ გიორგი გოდერიძის მიერ, დაზარალებულ ე-–------------სგან ამოღებულ იქნა CD დისკი, რომელიც დაილუქა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო - კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 26 ნოემბრის #134/ფ დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილ აუდიოჩანაწერები გაშიფრულია ტექსტობრივად და წარმოდგენილია ცალკე დანართის სახით ( ერთვის ექსპერტიზის დასკვნას).

 

ჩანაწერებში მონტაჟის კვალის არსებობა - არარსებობის დადგენა ვერ ხერხდება, ვინაიდან ექსპერტიზაზე გამომძიებლის მიერ ჩამწერი მოწყობილობა და ორიგინალი ვერ იქნა წარდგენილი.

 

ექსპერტმა ე------------–-–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იქნა დაზარალებულ ე-–------------ს მიერ გამოძიებისთვის წარდგენილი (გამოძიების მიერ დაზარალებულისგან ამოღებული) CD დისკზე არსებული ჩანაწერები და ფონოსკოპიურ ექსპერტიზის დასკვნას დართული ჩანაწერის გაშიფრული ტექსტი:

1. ჩანაწერი „xelis dartyma.amr“ საუბრობს ძირითადად ორი დიქტორი ქალი. დიქტორი 1 ქალი, დიქტორი 2 ქალი.

„ . .იცოდე არ ჩამომიყვანო მანდ...“. 1-აქედან გაეთრიე ეხლა თორემ თავპირ . . “ 2. როგორ მელაპარაკებ... 1 - შეხედე დედა რა გარეწრები არიან ესენი ვინ არიან . . . 2-რას აკეთებ ხელს როგორ მკიდებ 1. აქედან გაეთრიე შენია ეს ჭიშკ . . . . 2- ხელს რატომ მახლებ? რაც მინდა....1 -შენია ეს ჭიშკ... ხელს გახლებ კი არა აგახევ მაგ თავ პირს ეხლა . . 2.- აბა მიდი და გაბედე. . . 1-გაეთრიეთ აქედან . . დედა შვილი... 1-მე შენთვის ვრეცხავ ამ ჭიშკარს მე... 2- ეხლა ხელი დამარტყი არა? 1-არაფერი არ დამირტყია....2- ხელი დამარტყი არა თქვენ ხო დაინახეთ ხელი რო დამარტყა, ეხლა ხელი დამარტყი ხო? 1- არ დამინახია, არ დამინახია..... 2- ეხლა მე შენ გიჩვენებ ხელის დარტყმა როგორ უნდა რა აი.....

ჩანაწერი „გოლოს 000amr“ საუბრობს რამდენიმე დიქტორი.

ეგ ქუჩის ბოზები ესენი და ნარკომანები და ამათ ვაშლევინებ ნერვებს, გამოვიდნენ გარეთ გამოეთრიენ და გაჩვენებ ვინა ვარ მე აქა გნახო გამოსული გარეთ...

ნერვებს კი არ მოვიშლი ავაგლიჯავ თავ პირს გამოეთრიოს გარეთ ეს ქუჩის მაწანწალა

(დიქტორები საუბრობენ ხმადაბლა გაურკვევლად)

-- . . მე ხომ გითხარი... - იმიტო რატო არ მომეწონა...სავსე...დავაგლიჯო ის თავპირი შენ ნახე აწი რა... - კაი გაჩერდი....-- ამაზე უარესს ვუზამ.... გარეთ არ დავინახო გამოთრეული ეს ლაწირაკი მოათრია.... ქუჩის მაწანწალა შვილი, ჩემი ნაყიდი პამპერსებით რო ყავს გაზრდილი....“

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ აუდიო ჩანაწერში ნათლად და გარკვევით ისმის რ----------------ისა და ე-–------------ს სპეციფიკური ხმა და საუბარია სწორედ იმ გარემოებებზე (საკითხებზე), რაზეც დაზარალებული საუბრობდა მის ჩვენებაში. ექსპერტიზის დასკვნაზე თანდართული გაშიფრული ტექსტითა და აუდიოჩანაწერით ცალსახად დგინდება, რომ რ----------------ე არაერთგზის ემუქრება ფიზიკური ძალადობით დაზარალებულ ე-–------------ს: ,,ხელს გახლებ კი არა აგახევ მაგ თავ პირს ეხლა“, ,,გამოვიდნენ გარეთ გამოეთრიენ და გაჩვენებ ვინა ვარ მე აქა გნახო გამოსული გარეთ“, ,,ნერვებს კი არ მოვიშლი ავაგლიჯავ თავ პირს გამოეთრიოს გარეთ ეს ქუჩის მაწანწალა“, ,,დავაგლიჯო ის თავპირი შენ ნახე აწი რა... - ამაზე უარესს ვუზამ.... გარეთ არ დავინახო გამოთრეული ეს ლაწირაკი მოათრია“. თავისმხრივ დაზარალებული საუბრობს: ,,რას აკეთებ ხელს როგორ მკიდებ“, ,,ეხლა ხელი დამარტყი არა?“ ,, ეხლა მე შენ გიჩვენებ ხელის დარტყმა როგორ უნდა რა აი“. ამდენად, აღნიშნული ჩანაწერიდან ირკვევა რ----------------ის აგრესიული განწყობა, მუქარა და არაერთგზის სიტყვიერი შეურაცხყოფა ე-–------------ს მიმართ. ერთ მომენტში რ----------------ე ფაქტობრივად ადასტურებს თავადვე, რომ უარესს გაუკეთებს ე-–------------ს გარეთ გასულს თუ დაინახავს - ,, დავაგლიჯო ის თავპირი შენ ნახე აწი რა... - ამაზე უარესს ვუზამ.... გარეთ არ დავინახო გამოთრეული ეს ლაწირაკი ...“.

 

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ფონზე პალატა ვერ დაეთანხმება მსჯავრდებულ რ----------------ის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია. სააპელაციო პალატა, აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) დანაშაულებრივ და შესაბამისად, დასჯად ქმედებად ცხადდება ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია). საქართველოს სსკ–ის 125–ე მუხლის დისპოზიციის ნორმატიული შინაარსიდან გამომდინარე, ძალადობრივ ქმედებას ცემის სტატუსი ენიჭება იმ შემთხვევაში, როდესაც მოძალადე მსხვერპლს სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას აყენებს, ხოლო სხვაგვარი ძალადობა გამოიხატება ერთჯერად ძალადობრივ აქტში, მაგ: ხელის ერთ გარტყმაში (რასაც კონკრეტულ შემთხევაში ჰქოდნა ადგილი), თმით თრევაში. მოცემული დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია ფიზიკური ტკივილის გამოწვევა, ამასთან, სავალდებულოა მიზეზობრივი კავშირის დადგენა ძალადობრივ მოქმედებასა და დამდგარ შედეგს - ფიზიკურ ტკივილს შორის. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ცემას ან სხვაგვარ ძალადობას შედეგად არ მოყვეს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებაც კი. ხშირ შემთხვევაში ცემის ან ძალადობის შედეგად სხეულს ზედაპირზე შეიძლება დაზარალებულს არანაირი კვალი არ დაეტყოს, სისხლნაჟღენთის ან დაბეჟილობის სახით.

 

მოცემულ შემთხვევაში, პალატა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ რ----------------ემ შექმნილი კონფლიქტური სიტუაციიდან გამომდინარე, განახორციელა მხოლოდ ერთი მოქმედება დაზარალებულ ე-–------------ს მიმართ, რაც გამოიხატა განზრახ ხელის გარტყმაში, რა დროსაც ე-–------------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი. გარდა იმისა, რომ დაზარალებული ე-–------------ ადასტურებს რ----------------ის მიერ განხორციელებული ძალადობის შედეგად ფიზიკური ტკივილის განცდას, მოწმეები - მ----------------, დ------------- და მალხაზ ქემაშვილი, რომლებსაც შემთხვევისთანავე ჰქონდათ კომუნიკაცია დაზარალებულთან ადასტურებენ, რომ ე-–------------ს სახეზე დარტყმის კვალი ეტყობოდა და ლოყა გაწითლებული ჰქონდა. აღნიშნულ კონტექსტში სააპელაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 17 ივლისის #003704814 დასკვნაზე, რომლის თანახმად ე-–------------ს სხეულზე აღენიშნებოდა ექსკორიაცია, რომელიც განვითარებულია რაიმე მკვრივი - ბლაგვი საგნის ზემოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა ექსპერტმა ზურაბ გრიგოლაშვილმა. სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოტივაციას და აღნიშნავს, - იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ სამედიცინო ცნობა, რომლის საფუძველზეც ჩატარდა აღნიშნული ექსპერტიზა, ბრალდების მხარის მიერ შესაბამის (წინასასამართლო სხდომის) ეტაპზე არ ყოფილა წარდგენილი და დასაშვებად ცნობილი, სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას იხელმძღვანელოს ექსპერტიზის დასკვნით.

 

სასამართლო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ სისხლის სასამართლის საქმეში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა ერთმანეთთან შეთანხმებულია, მტკიცებულებებს შორის არსებობს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები უდავოდ ადასტურებს რ----------------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ რ----------------ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულ რ----------------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

 

რაც შეეხება მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტს იმის შესახებ, რომ დაზარალებულმა ე-–------------მ და მოწმე მ----------------მ სასამართლოს გამოძიებაში მიცემული ჩვენებებისაგან განსხვავებული ჩვენება მისცეს. როგორც ე-–------------ ისე, მ---------------- გამოძიებაში მიცემული ჩვენებებში, განსხვავებულად აღწერდნენ მომხდარს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის თანახმად: ,,მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ“. სასამართლო შეფასებას აძლევს და ეყრდნობა ე-–------------ს და მ----------------- მიერ მოცემული სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვისას მოწმის სტატუსით მიცემულ განმარტებებს.

 

გარდა აღნიშნულისა, აპელანტი აღნიშნავს, რომ როგორც 112-იდან მიღებული ინფორმაციით ირკვევა სასწრაფო სამედიციცინო დახმარების გამოძახება ინციდენტის ადგილიდან არ მომხდარა, რაც გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ ე-–------------ს დაზიანება არ მიუღია. პალატა აღნიშნავს, რომ ინციდენტისთანავე სასწრაფო სამედიცინო დახმარების არგამოძახება არც უარყოფს და არც ადასტურებს მსჯვარდებუბულის მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას და ზარალებულისათვის ზიანის მიყენებას.

 

რაც შეეხება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ რ----------------ისათვის სასჯელის გამკაცრების შესახებ, - ასეთს პალატა არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ქმედების საზოგადოებრივი საშიშროება, ხასიათი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება და ისე განუსაზღვრა მას, სამართლიანი სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და მიიჩნევს, რომ დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სახელმწიფო ბრალმდებელი წარმოდგენილ სააპელაცო საჩივარში აღნიშნავს, რომ რ----------------ემ მეზობლის ოჯახის ერთ-ერთი წევრის, - 19 წლის ე-–------------ს მიმართ მაშინ განახორციელა ძალადობა, როდესაც დაზარალებულის მშობლები სახლში არ იმყოფებოდნენ, რაც მომეტებული საფრთხის შემცველია. პროკურორის მიერ მითითებული აღნიშნული მსჯელობა სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია და არ შეიძლება გახდეს სასჯელის გამკაცრების საფუძველი. ასევე, ვერ იქნება გაზიარებული პროკურორის არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაითვალისწინა დამნაშავის ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, კერძოდ, მისი მისწრაფება აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. მითითებულ არგუმენტთან დაკავშირებით, პალატა აღნიშნავს, რომ როგორც დაზარალებულთან შერიგება, ასევე, ზიანის ანაზღაურება არ წარმოადგენს დამნაშავის ვალდებულებას. შესაბამისად, აღნიშნული გარემოებები არ შეიძლება გახდეს დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძველი. სახელმწიფო ბრალმდებელი სააპელაციო საჩივარში გამოთქვამს ვარაუდს, რომ დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, რადგან შესაძლოა რ----------------ის მხრიდან დაზარალებულის ოჯახის მიმართ კვლავ გაგრძელდეს კონფლიქტი. პალატა პროკურორის აღნიშნულ, ვარაუდზე დაყრდნობილ მოსაზრებას არ იზიარებს და მიუთითებს, რომ არ შეიძლება სასამართლომ დამნაშავე განიხილოს როგორც აბსტარაქტული დანაშაულის სუბიექტი.

 

ამასთან, გარდა ზემოაღნიშნული გარემოებებისა სააპელაციო პალატის სხდომაზე არ გაჟღერებულა რაიმე ახალი გარემოების შესახებ, რომელიც შეიძლებოდა უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის საფუძველი გამხდარიყო.

 

აღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ნ----------–-ს და მსჯავრდებულ რ----------------ის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 6 ივლისის განაჩენი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ქ. თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ნ----------–-ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

მსჯავრდებულ რ----------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 6 ივლისის განაჩენი რ----------------ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;

 

რ----------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

ნივთმტკიცება:

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დისკი შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი