განაჩენი

სისხლის სამართლის 20.12.2018
საქმის ნომერი
330100118002639880
ინსტანცია
თარიღი
20.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002639880

საქმე №1ბ/1524-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

20 დეკემბერი 2018 წელი თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა

 

ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორის თ------------------–--ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ლ--------------------------–---–ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №0----------, ნასამართლობის არ მქონის, რეგისტრირებულის: ქ--------–--------–----------------------ში და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ------–-----–---------------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ლ-------------–---–ს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

2018 წლის 26 აგვისტოს, დაახლოებით 02 საათზე ქ-------–-----–---------------------ის მდებარედ, ლ------------–---–მა შელაპარაკებისას ცემა მეუღლე მ----------------–---–ი, კერძოდ გაშლილი ხელი დაარტყა სახის არეში, რის გამოც მ----------------–---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 17 ოქტომბრის განაჩენით ლ------------–---–ი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თ------------------–--მ, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 ოქტომბრის განაჩენის გაუქმება და ლ------------–---–ის ცნობა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ ლ------------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი დასტურდება საქმის არსებითი განხილვის დროს უდაოდ გამხდარი ლ------------–---–ის, შა-–--------–---------------------–---- ჩვენებებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ასევე საქმეში მოპოვებული დაზარალებულის განცხადებით. მოსამართლემ არ გაითვალისწინა საქმეში არსებული საპატრულო პოლიციის თანამშრომლების შა-–------–-–---–-------------------–--ის ჩვენებები, რომლებსაც დაზარალებულმა პირადად მოუყვა მის მიმართ მეუღლის მხრიდან ძალადობის თაობაზე.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 17 ოქტომბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 17 ოქტომბრის განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არ არსებობს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ლ-------------–---–ის მიერ ხსენებული დანაშაულის ჩადენას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა მ----------------–---–მა და მოწმე ხ---------------–---–მა გამოიყენეს კანონით მინიჭებული უფლება და სასამართლოს არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ.

 

გარდა ზემოაღნიშნულისა, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე საქმის არსებითი განხილვისას მხარეებმა საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება უდავოდ მიიჩნიეს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა მტკიცებულებათა ნაწილი სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული, როგორც პრეიუდიცია.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატა საქმეში არსებულ ყველა მტკიცებულებას აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მასალებით ვერ დადასტურდა ლ-------------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი კერძოდ:

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში არ მოიპოვება არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც ლ------------–---–ის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას დაადასტურებდა. მოწმეები - საპატრულო სამსახურის თანამშრომლები შ--–--------–-------------------–--ე, მხოლოდ დაზარალებულისგან ფლობენ ინფორმაციას ძალადობის შესახებ, რომელმაც თავის მხრივ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე აღნიშნული არ დაადასტურა (გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და სასამართლოს არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ, ისევე როგორც ხ---------------–---–მა). შესაბამისად საპატრულო სამსახურის თანამშრომლები არ არიან ფაქტის უშუალო შემსწრე პირები (თვითმხილველი) და მათ მიერ გამოძიებაში მიცემული ინფორმაციით უტყუარად არ დასტურდება პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული გარემოებები, კერძოდ იმ პირის ვინაობა, რომელმაც დაზარალებულის მიმართ განახორციელა ძალადობა. მოწმეებმა გ--------------–---–------------------–-----–---–მა ლ------------–---–ის ბრალდებულის სახით დაკავება მოახდინეს, რაც არ არის კავშირში საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან. ხოლო რაც შეეხება საქმეში არსებულ სხვა უდავო მტკიცებულებებს, უნდა აღინიშნოს, რომ არცერთი მათგანი საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ლ------------–---–ის ბრალეულობასთან დაკავშირებით არ შეიცავს.

 

ამასთან ერთად, პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად ყველა კატეგორიის საქმეზე დადგენილია ერთი სტანდარტი - ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებს პირის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში, რომლიდანაც გამონაკლისი არ არის დასაშვები მიუხედავად იმისა, თუ რა კატეგორიის და ბრალდების საქმე განიხილება.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლის თანახმადაც, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.

 

საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 22 იანვრის №1\1\548 გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ - მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ”წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში კი არავითარ ერთმანეთთან შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობასთან არა გვაქვს საქმე და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულმა მტკიცებულებებმა არ მისცეს პალატას ერთმნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობა, რითაც ლ-------------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი იქნებოდა დადასტურებული.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 17 ოქტომბრის განაჩენი ლ-------------–---–ის მიმართ.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორის თ------------------–--ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 17 ოქტომბრის განაჩენი ლ-------------–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

 

ლ-------------–---–ი უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, ლ-------------–---–ს განემარტა, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი: საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტოილუსტრაცია დატანილი ერთ ცალ ელექტრონულ დისკზე დალუქულ მდგომარეობაში, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს- დარჩეს სისხლის სამართლის საქმეში და შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი