განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N3ბ/2951-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
20 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - შოთა გეწაძე
სხდომის მდივანი - თინათინ ვაშაყმაძე
აპელანტი (მოსარჩელე) - ი-----–- უ-----ე;
წარმომადგენელი - ავთანდილ კვინიკაძე;
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტო;
წარმომადგენელი - თ----- ქ------–--ე;
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 09 ივლისის გადაწყვეტილება;
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოსთვის მოსარჩელე ი-----–- უ-----ის სასარგებლოდ 93000 (ოთხმოცდაცამეტიათასი) ლარის დაკისრება.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა სარჩელი არ ცნეს, მხარი დაუჭირეს წარდგენილ შესაგებელს და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:
3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ი-----–- უ-----ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:
4.1. სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 20 ივლისის №1----- ბრძანების საფუძველზე, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ 2015 წლის 20 ივლისს შპს „ჭ----–----“ გაიცა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების №1------ ლიცენზია (ს.ფ.14-19).
ლიცენზიით გათვალისწინებული ტერიტორიის მდებარეობა და ფართობად განისაზღვრა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ გ----------–-----–ის მიმდებარე ტერიტორია, მდინარე გ----------–ი (I უბანი - X კ--------------------------------------------------------------------------------------------------------- და II უბანი - X-----------------------------------------------------------------------------------------------------------) ქვიშა, ხრეშის გამოვლინება. მიწისა და სამთო მინაკუთვნის საერთო ფართობს წარმოადგენდა - 0,94 ჰა (I უბანი - 0,68ჰა და II უბანი - 0,26ჰა). მოსაპოვებელი რესურსის სახეობასა და მოცულობას წარმოადგენდა ქვიშა, ხრეშის ჯამური მოპოვება (ორივე უბანზე ერთად) – 28200 კუბური მეტრი. ლიცენზიის მოქმედების ვადად განისაზღვრა 2 წელი, 2015 წლის 20 ივლისიდან 2017 წლის 21 ივლისამდე პერიოდი.
4.2. გეოსაინფორმაციო პაკეტის თანახმად, აღნიშნულ ტერიტორიის (ობიექტის) გეოლოგიური პოზიციას წარმოადგენს შემდეგი: გეოლოგიური აგებულება - სალიცენზიო ობიექტი აგებულია მდ. გ----------–ის თანამედროვე მეოთხეული ალუვიური ნალექებით - ქვიშით, ხრეშითა და კაჭარ-კენჭარით. ინერტული მასალა კარგად არის დამუშავებული და ხასიათდება სხვადასხვა ფორმებით (მრგვალი, კვერცხისებური, წაგრძელებული და სხვა); მადნიანი სხეულის (სხეულების) გავრცელება (მიმართებით და დაქანებით) - პროდუქტიული წყების გავრცელება ლიმიტირებულია სალიცენზიო ობიექტის პარამეტრებით; მადნიანი სხეულის (სხეულების) სიმძლავრე - სალიცენზიო ობიექტზე პროდუქტიული წყების საშუალო სიმძლავრედ მიღებულია 3მ.; მადნიანი სხეულის (სხეულების) წოლის ელემენტი - თარაზულთანახლო (ს.ფ.63-65).
სასარგებლო წიაღისეულის გამოყენების სფეროდ განისაზღვრა - სამშენებლო საქმეში, ბეტონების შემავსებლად და სამშენებლო ხსნარების დასამზადებლად;
წიაღსარგებლობის ობიექტის დამუშავების მეთოდად - ღია (კარიერული) წესი. ობიექტზე ეკოლოგიური წონასწორობისა და უსაფრთხოების დაცვაზე უზრუნველმყოფ პირად განისაზღვრა ლიცენზიანტი.
წიაღითსარგებლობის ობიექტის მორფოლოგია - სალიცენზიო ობიექტი (ქვიშა-ხრეში), რომელიც წარმოდგენილია ორ უბნად, მდებარეობს მდინარე გ----------–ოს ჭალა- კალაპოტში. სალიცენზიო უბნები და მათი მიმდებარე ტერიტორია წარმოადგენს ჭალაში არსებული აკუმულაციურ კუნძულს. მეორე უბნის ტერიტორიის ნაწილი შემოსილია ჭალის ხე-მცენარეებით.
წიაღითსარგებლობის ობიექტის და მიმდებარე ტერიტორიის საინჟინრო-გეოლოგიური პირობების სირთულის კატეგორია - სალიცენზიო ობიექტის ტერიტორია აგებულია თანამედროვე მდინარეული ნალექებით: კენჭით და ქვიშა-ხრეშით. საინჟინრო-გეოლოგიური პირობების სირთულის მიხედვით ობიექტის ტერიტორია მიეკუთვნება I (მარტივი) კატეგორიას.
4.3. ი-----–- უ-----ემ 2015 წლის 28 სექტემბერს მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს.ფ.256-269).
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 2015 წლის 16 ოქტომბერს ი-----–- უ-----ის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა - სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) მიწის ნაკვეთზე, ფართობით 3000.00 კვ.მ., ს/კ 2-----------, მის: მუნიციპალიტეტი ჩოხატაური, სოფელი გ----------–-----–ი (X კოორდინატები: 2---------------------------------------------- Y კოორდინატები: 4-------------------------------------------------) (ს.ფ. 32-36). მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მიეთითა №A-------------- საარქივო ცნობა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების №-- აქტი.
4.4. სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 20 ივლისის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების №1------ ლიცენზიით გათვალისწინებული II უბნის მონაკვეთი კვეთს ი-----–- უ-----ის საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს. კვეთის ფართობს წარმოადგენს 1600 კვ.მ (ს.ფ.77-78).
4.5. ლანჩხუთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებისა და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო რწმუნებულების-გუბერნატორის ადმინისტრაციის 2015 წლის 19 ნოემბრის №---- წერილით ი-----–- უ-----ეს, კოლექტიური განცხადების საფუძველზე ეცნობა, რომ სოფელ გ----------–-----–ში, მდინარის ნაპირებზე ი.მ თ. შ----–--ის მიერ ქვიშის მოპოვებით ი-----–- უ-----ის სახნავ-სათესი ფართობების განადგურების საკითხის შესწავლის მიზნით, გადაიგზავნა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ ცენტრალურ სამმართველოში, რომლის წერილის მიხედვით, კარიერებზე მიმდინარე სამუშაოების დათვალიერების და აზომვის შედეგად გამოვლინდა ლიცენზიით გათვალისწინებული პირობების დარღვევისა და უკანონო წიაღით სარგებლობის ფაქტები, რაზედაც შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, გაითვალა გარემოზე მიყენებული ზიანი, მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაიგზავნა ჩოხატაურის მაგისტრ სასამართლოში (ს.ფ.42-43).
4.6. ი-----–- უ-----ის 2016 წლის 29 მარტის წერილისა და ამავე წლის 25 მარტის გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცხელ ხაზზე განხორციელებული სატელეფონო შეტყობინების საფუძველზე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ ცენტრალური სამმართველოს უფლებამოსილი პირების მიერ განხორციელდა ტერიტორიის დათვალიერება, დათვალიერების დროს მოპოვებით სამუშაოებს აწარმოებდა შპს „ჭ----–ა“, მოპოვების ადგილზე აღებული კოორდინატების შესაბამისად, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მოპოვება ნაწარმოებია შპს „ჭ----–----“ გაცემული სასარგებლო წიაღისეულის ქვიშა-ხრეშის მოპოვების №1------ ლიცენზიით გამოყოფილ სამთო მინაკვეთში. ამასთან, ი-----–- უ-----ეს ეცნობა, რომ 2015 წლის 5 ნოემბერს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2015 წლის 2 ნოემბრის №---- წერილის საფუძველზე განხორციელდა შპს „ჭ----–----“ გაცემული წიაღისეულის მოპოვებითი სამუშაოების შესწავლა-დათვალიერება, შედეგად გამოვლინდა შემდეგი: კარიერებზე მიმდინარე სამუშაოების შესწავლის და აზომვის შედეგებზე, ლიცენზიით გათვალისწინებული პირობების დარღვევისა და უკანონო წიაღითსარგებლობის ფაქტებზე, შედგა ოქმები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ, გაითვალა გარემოზე მიყენებული ზიანი, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გაეგზავნა ჩოხატაურის მაგისტრატ სასამართლოს (ს.ფ.40-41).
ი-----–- უ-----ეს აღნიშნული წერილით ასევე ეცნობა, რომ მის საკუთრებაში არსებულ ნაკვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე გაცემული ლიცენზიების კარტოგრაფიული და სხვა სალიცენზიო მასალების შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეეძლო მიემართა ლიცენზიების გამცემი ორგანოსთვის.
4.7. „შპს „ჭ----–----“ (ს/ნ 2--------) გაცემული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების №1------ ლიცენზიით გათვალისწინებული პირობებისა და გარემოს დაცვის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესრულების მდგომარეობის არაგეგმიური შემოწმების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 23 იანვრის №--------------- ბრძანების საფუძველზე, 2017 წლის 15 მარტს შედგა აქტი, რომლის თანახმად ინსპექტირების განმხორციელებელმა პირებმა, ამავე დღეს განახორციელეს შპს „ჭ----–ას“ კუთვნილი №1------ ლიცენზიით განსაზღვრული სამთო მინაკუთვნის შემოწმება-დათვალიერება, რასაც ესწრებოდა და მონაწილეობას იღებდა, ასევე, შპს „ჭ----–ას“ დირექტორი (ს.ფ.150-160).
მოცემული აქტის თანახმად, პირველი უბანი - განთავსებულია მდინარე გ----------–ის ტოტებს შუა მდებარე კუნძულის თავში, კუნძულის ტერიტორია წარმოადგენს მდინარის ჭალაში არსებულ აკუმულაციურ კუნძულს. სალიცენზიო ობიექტი აგებულია მდინარის თანამედროვე ალუვიური ნალექებით: ქვიშით, ხრეშითა და კაჭარით. მასალა კარგად არის დამუშავებული, ხასიათდება ძირითადად მომრგვალებული ფორმებით (მრგვალი, კვერცხისებური, წაგრძელებული და სხვა). მდინარის ჭალის ნაპირზე შეიმჩნევა ჭალის ხე- მცენარეები (თხმელა, ტირიფი). მეწარმე ვერ ახორციელებდა აქტის შედგენის დროისათვის მოპოვებით სამუშაოებს, რადგან მიუხედავად იმისა, რომ მისი სამთო მინაკუთვნი მდინარისგან განმხოლოებულია კაჭარის ყრილით, აქტის შედგენის მომენტისათვის მდინარემ იცვალა კალაპოტი და დატბორა მთელი მოპოვების ადგილი, მოპოვების ადგილის მთლიანად შემოსაკონტურებლად საჭირო გახდა ტერიტორიის შემოვლა სოფლის მხრიდან. აღებულ იქნა პირველ უბანზე მოპოვების ტერიტორიის მაკონტურებელი წერტილების (GPS) წერტილები.
მეორე უბანი - მდებარეობს პირველი უბნიდან ქვევით მდინარის დინების მიმართულებით იგივე მდინარის ტოტებს შორის არსებულ აკუმულაციურ კუნძულზე. უბანზე მოპოვებითი სამუშაოები არ მიმდინარეობს, საწარმოს დირექტორის განმარტებით, ამ უბანზე მოპოვებითი სამუშაოები 2016 წლის მაისიდან არ უწარმოებია. ამოღების კვალი ჩანს, რადგან ყოფილი კარიერი შევსებულია მდინარის ქვიშით და ლამით.
2017 წლის 23 მარტის საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის №001640 შემოწმების შესახებ ინსპექტირების აქტის თანახმად, გამოვლინდა შპს „ჭ----–ას“ მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევა, სამთო მინაკუთვნის გარეთ 0,3 მეტრის სიღრმით გადამეტება. სათანადო ლიცენზიის გარეშე მოიპოვა 1635,3 კუბური მეტრი ქვიშა-ხრეში, ამასთან, მოპოვების მე-2 უბანი გაწყლოვანებულია დამცავი ნაგებობის ყრილის არქონის გამო (ს.ფ. 113-114).
2017 წლის 24 აპრილს შედგა №--------------- შპს „ჭ----–ას“ მიერ ქვიშა-ხრეშის სათანადო ლიცენზიის გარეშე სარგებლობით გარემოსათვის მიყენებული ზიანის გაანგარიშების აქტი, რომლის თანახმად, შპს „ჭ----–ას“ წიაღისეულის მოპოვება განხორციელებული აქვს სალიცენზიო კონტურს შიგნით მდინარე გ----------–ის ჭალაში ორ უბანზე. კომპანიის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით კომპანიას 2015-2016 წლებში ორივე უბნიდან მოპოვებული და მოპოვების ადგილიდან გატანილი აქვს 18053 კვ.მ ქვიშა-ხრეში. მოპოვების ტერიტორიების საერთო ფართობია 4563+888=5451 კვ.მ. ათვისებული მოცულობის გათვალისწინებით საშუალოდ 1,0 კვ.მ ფართობზე მოპოვებული ქვიშა, ხრეშის რაოდენობა არის 3,3 კუბური მეტრი. შპს „ჭ----–ას“ ლიცენზიით და გეოსაინფორმაციო პაკეტით განსაზღვრული ჰქონდა 3,0 მეტრიანი პროდუქტიული ფენის ათვისების უფლება. გამომდინარე აქედან, უკანონოდ მოპოვებული ქვიშა, ხრეშის რაოდენობამ შეადგინა 1635,3 კუბური მეტრი. შესაბამისად, გარემოსათვის მიყენებული ზიანი შეადგენს 1835,3 ლარს (ს.ფ. 167-168).
აღნიშნულთან დაკავშირებით გამოიცა 2017 წლის 25 აპრილის საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის №036372 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი (ს.ფ. 147-148).
4.8. ჩოხატაურის მაგისტრატი სასამართლოს 2017 წლის 28 ივნისის დადგენილებით (საქმეზე №4/38-17) შპს „ჭ----–ა“ ცნობილ იქნა სამართალდარღვევად საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 573 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ჩადენაში და ადმინისტრაციული სახდელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.
აღნიშნული დადგენილებით, სამართალდარღვევის ფაქტი გამოიხატა: (1) შპს „ჭ----–ას“ სასარგებლო წიაღისეული მოპოვებული აქვს ლიცენზიით და გეოსაინფორმაციო პაკეტით განსაზღვრული (3.0 მეტრი) სიღრმის დარღვევით. ამასთან, (2) მოპოვების ადგილი დაფარულია წყლით, დამცავი ყრილებისა და წყალსარინი თხრილის არ არსებობის გამო (ს.ფ. 116-121).
4.9. დამოუკიდებელი შემფასებლის დასკვნის თანახმად, 2017 წლის 31 მარტის მდგომარეობით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გ----------–-----–ში მდებარე - ი-----–- უ-----ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (ს.კ.2-----------) დაზიანების საბაზრო ღირებულება შეფასებულ იქნა 93000 ლარით (ს.ფ.20-39).
აღნიშნული დასკვნის თანახმად, ინსპექტირების თარიღისათვის, შეფასების ობიექტს - მიწის ნაკვეთს არ აქვს განაშენიანება. ნაკვეთი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისაა (სახნავი). ნაკვეთი არ გამოიყენება ინსპექტირების დროისათვის დანიშნულების მიხედვით. მიწის ნაკვეთი მდებარეობს ვაკეზე მდინარე გ----------–ის დასავლეთ მარჯვენა სანაპიროზე, საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, მიწის ნაკვეთის დანიშნულება სახნავია. დათვალიერებულ და შესწავლილ იქნა მიმდებარე ტერიტორია, რომელიც ინსპექტირების დროისათვის განთავსებულია მდინარე გ----------–ის კალაპოტში, ნაკვეთთან მისასვლელი გზა არ არის. შესაძლებელია ტერიტორიის დატბორვაც. ტერიტორია მოიცავს ქვის და ქვიშა - ხრეშოვან ნარევს. დამკვეთის მონაცემების საფუძველზე დაზიანდა ნაკვეთის მკვებავი ფენა. დაზიანების შედეგად ნაკვეთმა დაკარგა სასოფლო-სამეურნეო სახნავის ფუნქცია. ნაკვეთს რომ დაუბრუნდეს სასოფლო-სამეურნეო მიწის ფუნქცია, საჭიროა ნაკვეთზე შეტანილ იქნას მიწა და შემდეგ მოეწყოს მკვებავი მიწის ფენა.
დასკვნის მიხედვით, შემფასებელს არ მოუხდენია შესაფასებელი ქონების შემადგენელი მიწის ნაკვეთის გეოლოგიური კვლევა, რის გამოც ამ შეფასების მიზნებისათვის იგულისხმება, რომ მიწის ნაკვეთის გეოლოგიური მდგომარეობა აკმაყოფილებს სეისმურ და სხვა მოთხოვნებს.
5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:
სასამართლომ განმარტა, რომ „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილების 75 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზია გაცემულია ლიცენზიის მაძიებლის განაცხადის საფუძველზე, რომელსაც ლიცენზიის გაცემამდე ლიცენზიის გამცემთან არ წარუდგენია ლიცენზიით გათვალისწინებული ტერიტორიის კერძო საკუთრებაში არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი (თუ ლიცენზიის მაძიებელს ასეთი ვალდებულება გააჩნდა ლიცენზიის მიღებისას ) და ლიცენზიის მოქმედების პერიოდში აღმოჩნდა, რომ ლიცენზიის გაცემის მომენტამდე ტერიტორია კერძო საკუთრებაში იმყოფება, ლიცენზიის გამცემი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ლიცენზიის გაუქმების თაობაზე.
პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია ლიცენზია და შესაბამისად, არ დასტურდება ლიცენზიის გამცემი ორგანოს ქმედების მართლწინააღმდეგობა. დელიქტური ვალდებულების ანაზღაურების დაკისრებისთვის კი კუმულატიურად უნდა არსებობდეს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა წინაპირობა. ამასთან, მართალია, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად ი-----–- უ-----ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს აქვს სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების სტატუსი, მაგრამ საქმეში წარმოდგენილი ფოტოსურათებით დასტურდება, რომ სადავო მიწის ნაკვეთი მდებარეობს მდინარის კალაპოტში და წარმოადგენს ჭალა-კალაპოტს.
სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის წარმომადგენლის ის არგუმენტაცია, რომ სადავო ტერიტორია წარმოადგენს მდინარე გ----------–ში ჭალა- კალაპოტს და იგი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით არ შეიძლება იქნას გამოყენებული, რადგან კლიმატური პირობების გათვალისწინებით წელიწადში მინიმუმ ორჯერ არის მდინარე წყალუხვი, რაც იწვევს აღნიშნული ტერიტორიის დატბორვას. ამასთან, ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტს, რომ თავად მოსარჩელე აღიარებს, რომ საჯარო რეესტრში მონაცემები მიწის ნაკვეთის სტატუსთან დაკავშირებით 1983 წლის მონაცემებს ეყრდნობა, ხოლო გეოსაინფორმაციო პაკეტი კი შედგენილია 2015 წლის მდგომარეობით. ამდენად, არ იკვეთება მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ადმინისტრაციული ორგანოს ქმედებასა და მოსარჩელისათვის მიყენებულ ზიანს შორის. შესაბამისად მიიჩნია, რომ სარჩელი ფაქტობრივ-სამართლებრივად დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. ი-----–- უ-----ის სააპელაციო მოთხოვნა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 09 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
6.1. ი-----–- უ-----ის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
სააპელაციო საჩივრის ავტორის წარმომადგენელი მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ მისი ოჯახი, კომლი ჩოხატაურის რაიონის სოფელ გ----------–-----–ში ფლობდა 3000 კვ/მ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან, აღნიშნული მტკიცდება საარქივო ცნობით 1983 წლის მონაცემების განმარტებით, მიღება-ჩაბარების აქტითა და საჯარო რეესტრის ამონაწერით. 2015 წლის 20 ივლისს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გამოსცა ბრძანება, რომლითაც შპს „ჭ----–ას“ მიეცა უფლება ი-----–- უ-----ის საკუთრებიდან, მისი ყანიდან მოეპოვებინა წიაღი ქვიშა-ღორღი. საქმეში არსებული მასალებით, საჯარო რეესტრის ამონაწერით, საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტებით, საკომლო ამონაწერით, მიწის მიღება-ჩაბარების აქტითა და ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს ცნობით აშკარად მტკიცდება ი-----–- უ-----ის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლება. აგრეთვე, წიაღის სარგებლობის რუკითა და სპეციალისტის განმარტებით, აშკარად და პირდაპირ მტკიცდება ი-----–- უ-----ის საკუთრებისა და წიაღის სარგებლობის ტერიტორიის იდენტურობა. ამასთან, ი-----–- უ-----ის მხრიდან თანხმობა არ ყოფილა გაცემული.
აპელანტის განმარტებით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უკანონო მოქმედება სახეზეა. აღნიშნული უკანონო მოქმედების შედეგად მიყენებული ზიანის განსაზღვრის თაობაზე არსებობს აუდიტის დასკვნა, რომელიც სადავოდ არავის გაუხდია. შესაბამისად,სარჩელის დაკმაყოფილების ყველა საფუძველი სახეზეა.
7. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
7.1. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიუთითებს მათზე, სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით კი აღნიშნავს შემდეგს:
7.2. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის შესაბამისად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.
სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის ან სხვა პირის სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის სახელმწიფოს პასუხისმგებლობის განსაკუთრებულ წესს ადგენს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-209-ე მუხლები. კერძოდ, აღნიშნული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილი ცალსახად განსაზღვრავს, რომ სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებლის ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული.
პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, სახელმწიფო (მუნიციპალიტეტი) ან ის ორგანო, რომელშიც აღნიშნული მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე სახელმწიფოსთან (მუნიციპალიტეტთან) ერთად, სოლიდარულად აგებს პასუხს.
ამავე კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად კი, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
პირველი ინსტანციის სასამართლო მართებულად განმარტავს, რომ ზიანის ანაზღაურებისთვის უნდა არსებობდეს შესაბამისი წინაპირობები. კერძოდ, პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება (უმოქმედობა), დამდგარი ზიანი, მიზეზშედეგობრივი კავშირის არსებობა ქმედებასა და შედეგს შორის და ზიანის მიმყენებლის ბრალეულობა. მოხელის ქმედება, რომელმაც ზიანი გამოიწვია, უნდა გამომდინარეობდეს მოხელის სამსახურებრივი მოვალეობიდან და უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული, რაც გამოიხატება პირის შეგნებულ, მიზანმიმართულ უმოქმედობაში ან უხეშ გაუფრთხილებლობაში ანუ პირი შეგნებულად უნდა უშვებდეს პირისათვის ზიანის მიმყენებელი გარემოების დადგომას და არ ახორციელებდეს მისთვის კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს მის თავიდან ასაცილებლად. ამასთან, ქმედების უკანონობა დადასტურებული უნდა იყოს კანონით დადგენილი წესით, რომელიც პირდაპირ მიზეზობრივ კავშირში იქნება დამდგარ ზიანთან. ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა კი წარმოადგენს დელიქტური პასუხისმგებლობის დადგომის სავალდებულო პირობას და გამოიხატება იმაში, რომ პირველი წარმოშობს მეორეს. პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზიანი იყო ზიანის მიმყენებლის მოქმედების (უმოქმედობის) პირდაპირი და გარდაუვალი შედეგი.
განსახილველ შემთხვევაში, ი-----–- უ-----ე, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, ასვე სააპელაციო სასამართლოში, ითხოვს მოწინააღმდეგე მხარისთვის მატერიალური ზიანის ანაზღაურების დაკისრებას და უთითებს, რომ შპს „ჭ----–----“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების №1------ ლიცენზია გაიცა ისე, რომ ლიცენზიის გაცემაზე უფლებამოსილ ორგანოს არ მიუღია სადავო ტერიტორიის მესაკუთრისაგან თანხმობა, რაც გახდა საფუძველი მიწის მკვებავი ნაწილის იმგვარი დაზიანებისა, რამაც შეუძლებელი გახადა სასოფლო-სამეურნეო მიზნებისათვის მისი გამოყენება.
7.3 სადავო პერიოდში მოქმედი „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრულია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის (შემდგომში – ლიცენზია) გაცემის წესი და პირობები.
ამავე დადგენილების მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ლიცენზიის მაძიებელი ლიცენზიის მიღების მიზნით ლიცენზიის გამცემს წარუდგენს: ა) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის მიღებით დაინტერესების შემთხვევაში: ა.ა) განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს მონაცემებს მოსაპოვებელი რესურსის სახეობის, ოდენობის, ადგილმდებარეობისა და ლიცენზიის მოქმედების შესახებ; ა.ბ) კერძო სამართლის იურიდიული პირი და ინდივიდუალური მეწარმე – სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერებს, ფიზიკური პირი – იდენტიფიკაციის დამადასტურებელი, კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლებს, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებულ ასლებს; ა.გ) განცხადებით გათვალისწინებული ტერიტორიის კერძო საკუთრებაში არსებობისას – კერძო საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტსა და მესაკუთრის თანხმობას ლიცენზიის გაცემის თაობაზე;
ამავე დადგენილების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს შესაბამისი საკანონმდებლო აქტებით დადგენილი სალიცენზიო პირობების გარდა მაძიებელს განესაზღვრება შემდეგი სალიცენზიო პირობები: სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების მიზნით გაცემული ლიცენზიის ფარგლებში კერძო საკუთრებაში არსებულ მიწაზე სალიცენზიო საქმიანობა განახორციელოს მხოლოდ მესაკუთრესთან შეთანხმებით.
პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად განმარტა, რომ სასარგებლო წიაღისეული წარმოადგენს სახელმწიფოს საკუთრებას, მიუხედავად იმისა, აღნიშნული სასარგებლო წიაღისეული მდებარეობს თუ არა კერძო პირის საკუთრებაში არსებულ მიწაში ან მიწის ზედაპირზე. სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობა ექვემდებარება ლიცენზირებას, შესაბამისი საზღაურის გადახდის სანაცვლოდ. ამასთან, ლიცენზიის მაძიებელი ვალდებულია ლიცენზიის გაცემაზე უფლებამოსილ ორგანოს წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტები, რათა დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება ლიცენზიის გაცემის მიზნით.
განსახილველ შემთხვევაში პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების №1------ ლიცენზია გაიცა შპს „ჭ----–----“ სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 20 ივლისის №1----- ბრძანების საფუძველზე იმავე დღეს, ხოლო ი-----–- უ-----ემ 2015 წლის 28 სექტემბერს მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 2015 წლის 16 ოქტომბერს ი-----–- უ-----ის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა - სასოფლო -სამეურნეო (სახნავი) მიწის ნაკვეთზე, ფართობით 3000.00 კვ.მ., ს/კ 2-----------, მის: მუნიციპალიტეტი ჩოხატაური, სოფელი გ----------–-----–ი. საქმეში არსებული მასალებით დგინდება და მოპასუხის წარმომადგენლებმა მთავარ სხდომაზე დაადასტურეს ის ფაქტი, რომ სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 20 ივლისის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების №1------ ლიცენზიით გათვალისწინებული II უბნის მონაკვეთი კვეთს ი-----–- უ-----ის საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს. კვეთის ფართობს წარმოადგენს - 1600 კვ.მ.
პალატას ასევე დადგენილად მიაჩნია, რომ მოსარჩელემ პირველი ინსტანციის სასამართლოში სადავოდ ხდიდა იმ ფაქტს, რომ ლიცენზიის გაცემაზე უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს არ ჩაუტარებია სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება და არ გამოუკვლევია სადავო ტერიტორიაზე საკუთრების უფლების სუბიექტის შესახებ ინფორმაცია, კერძოდ, ის ფაქტი, რომ ი-----–- უ-----ის ოჯახს აღნიშნული მიწა საკუთრებაში აქვს 1983 წლიდან.
პალატა ყურადღებას ამახვილებს „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილების 75 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზია გაცემულია ლიცენზიის მაძიებლის განაცხადის საფუძველზე, რომელსაც ლიცენზიის გაცემამდე ლიცენზიის გამცემთან არ წარუდგენია ლიცენზიით გათვალისწინებული ტერიტორიის კერძო საკუთრებაში არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი (თუ ლიცენზიის მაძიებელს ასეთი ვალდებულება გააჩნდა ლიცენზიის მიღებისას), და ლიცენზიის მოქმედების პერიოდში აღმოჩნდა, რომ ლიცენზიის გაცემის მომენტამდე ტერიტორია იმყოფება კერძო საკუთრებაში ლიცენზიის გამცემი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ლიცენზიის გაუქმების თაობაზე.
ზიანის ანაზღაურების ერთ- ერთ სავალდებულო პირობას წარმოადგენს ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ესე იგი მის მიერ კანონის მოთხოვნათა დარღვევა, რაც სათანადო წესით უნდა იქნას დადასტურებული. კანონმდებლობა ითვალისწინებს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებას. სადავო არ არის ის გარემოება, რომ მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია ლიცენზია და, შესაბამისად, არ დასტურდება ლიცენზიის გამცემი ორგანოს ქმედების მართლწინააღმდეგობა. დელიქტური ვალდებულების ანაზღაურების დაკისრებისთვის კი კუმულატიურად უნდა არსებობდეს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა წინაპირობა.
პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მიერ მითითებულ გარემოებებს ადმინისტრაციული ორგანოს მართლწინააღმდეგობასთან დაკავშირებით, აღნიშნული ქმედება კანონით დადგენილი წესით არ არის უკანონოდ ცნობილი და ამასთან, არ იკვეთება მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ადმინისტრაციული ორგანოს ქმედებასა და აპელანტისათვის მიყენებულ ზიანს შორის.
პალატა აპელანტის ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ი-----–- უ-----ის საკუთრების უფლება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირდა 2015 წლის 16 ოქტომბერს, ხოლო შპს „ჭ----–ზე“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია გაცემულია 2015 წლის 20 ივლისს, შესაბამისად ნათელია, რომ აპელანტის მიერ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღრიცხვა მოხდა ლიცენზიის გაცემის შემდგომ. პალატა მიუთითებს, რომ შესაძლოა სახეზე მართლაც გვქონდეს ზიანი, რომელიც მიადგა აპელანტს, თუმცა ის გარემოება, რომ ლიცენზიის გაცემის დროისათვის მიწის ნაკვეთზე არ იყო აღრიცხული აპელანტის საკუთრების უფლება, გამორიცხავს ადმინისტრაციული ორგანოს ბრალეულობას დამდგარ ზიანთან მიმართებით. აპელანტს უფრო მაღალი სამოქალაქო თვითშეგნების გამოვლენის შემთხვევაში, ლიცენზიის გაცემამდე რომ დაერეგისტრირებინა მიწის ნაკვეთი თავის საკუთრებაში (რისი სრული შესაძლებლობაც გააჩნდა მას), აღარ მოხდებოდა ლიცენზიის გაცემა მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე და წინამდებარ დავაც აღარ იარსებებდა.
ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, აპელანტის მიერ არ ყოფილა მითითებული გარემოებებზე და წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3-ე მუხლის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, რის გათვალისწინებითაც უცველელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 09 ივლისის გადაწყვეტილება;
8. პროცესის ხარჯები:
8.1. აპელანტი განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი-----–- უ-----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 09 ივლისის გადაწყვეტილება.
3. აპელანტი განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
მოსამართლე:
შოთა გეწაძე -