განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 20.12.2018
საქმის ნომერი
330310017001938983
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
20.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310017001938983

საქმე №3ბ/3139-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

20 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - შოთა გეწაძე

 

სხდომის მდივანი - თინათინ ვაშაყმაძე

 

აპელანტი (მოსარჩელე) - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო;

წარმომადგენელი - მ---------------;

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - შპს ,,ჯ-------–------ი“;

წარმომადგენელი (დირექტორი) - ზ---– მ---------–ი;

 

დავის საგანი - ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს თანხის დაკისრება;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 03 აგვისტოს გადაწყვეტილება;

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. მოპასუხე შპს ,,ჯ-------–------ს’’ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს მხარეთა შორის 03.07.2014 წელს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს გადახდა 45 016 ლარის ოდენობით.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე შპს ,,ჯ-------–------მა’’ სარჩელი არ ცნო.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:

 

3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე - შპს ,,ჯ-------–------ს’’ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისრა - 3016 (სამი ათას თექვსმეტი) ლარის გადახდა; მოპასუხე - შპს ,,ჯ-------–------ს’’ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის - 100 (ასი) ლარის გადახდა.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:

 

4.1. 2014 წლის 03 ივნისს შპს ,,ჯ-------–------ის’’ დირექტორმა განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეს და განმარტა, რომ ,,აწარმოე ქ-------ლის’’ სამთავრობო პროგრამის ფარგლებში მას სურვილი აქვს პირდაპირი მიყიდვის ფორმით სიმბოლურ ფასად (1 ლარი) შესაბამისი ვალდებულებების შესრულების პირობით საკუთრებაში გადაეცეს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე კასპის მუნიციპალიტეტის სოფ. კ----------, ს.კ. 6----------- (ს.ფ. 145-147).

 

4.2. 2014 წლის 03 ივნისს გაფორმებულ იქნა N---------- საბანკო გარანტია, რომლის თანახმად, პრინციპალის (შპს ,,ჯ-------–------ის’’) თხოვნით გარანტმა (სს ,,ბ---- ქ--------’’) იკისრა ვალდებულება, ბენეფიციარის (სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს) საგადახდო მოთხოვნის მიღების თარიღიდან ხუთი სამუშაო დღის ვადაში, ყოველგვარი დაგვიანების გარეშე გადაიხადოს ნებისმიერი თანხა ან თანხები, რომელიც ჯამში არ აღემატება 10 400 ლარს. საბანკო გარანტიის მოქმედების ვადად განისაზღვრა 2016 წლის 05 დეკემბრის ჩათვლით (ს.ფ. 123).

 

4.3. საქართველოს მთავრობის 11.06.2014 წლის N---- განკარგულებით, სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონის 18.3 მუხლისა და ,,აწარმოე საქართველოში’’ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 30.05.2014 წლის N-65 დადგენილებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო პროგრამის’’ მე-7 მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, კასპის მუნიციპალიტეტში, სოფ. კ---------–ი მდებარე 16 783 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N- შენობა-ნაგებობა საერთო ფართით 341.88 კვ.მ, სხვა ფართი: განაშენიანების ფართით 372 კვ.მ, ს.კ. N------------, პირდაპირი მიყიდვის ფორმით 1 (ერთ) ლარად საკუთრებაში გადაეცა შპს ,,ჯ-------–------ს’’ (ს/კ 4-------) (ს.ფ. 25-17).

 

4.4. 2014 წლის 03 ივლისს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს ,,ჯ-------–------ს’’ შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, კასპის მუნიციპალიტეტში, სოფ. კ---------–ი მდებარე 16 783 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N- შენობა-ნაგებობა საერთო ფართით 341.88 კვ.მ, სხვა ფართი: განაშენიანების ფართით 372 კვ.მ, ს.კ. N------------. ხელშეკრულების 2.1. პუნქტით, საპრივატიზებო თანხად განისაზღვრა 1 (ერთი) ლარი. 3.1.1. პუნქტის მიხედვით, მყიდველი ვალდებულია უზრუნველყოს ქონებაზე პლასტმასის მწარმოებელი საწარმოს შექმნა და წარმოების დაწყება ,,განკარგულების’’ გამოცემიდან არაუმეტეს 2 წლისა. 3.1.2. პუნქტის მიხედვით, მყიდველი ვალდებულია, 3.1.1. პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების მიზნით უზრუნველყოს არანაკლებ 104 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება შემდეგი გრაფიკის მიხედვით: ა) ინვესტიციის არანაკლებ 25% - განკარგულების გამოცემიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში; ბ) ინვესტიციის დარჩენილი ნაწილი - განკარგულების გამოცემიდან მეორე წლის განმავლობაში. 3.1.5. პუნქტის თანახმად, მყიდველი ვალდებულია 3.1.2. პუნქტით გათვალისწინებული გრაფიკის თითოეული ეტაპის ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 30 დღისა გამყიდველს წარუდგინოს აუდიტორული/საექსპერტო დასკვნა, რომელიც მომზადებული უნდა იყოს ,,საწარმოებისთვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა და სახელმწიფო საწარმოთა ნუსხის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 05.09.2015 წლის N-60 დადგენილებით განსაზღვრული ერთ-ერთი საექსპერტო ან/და აუდიტორული კომპანიის მიერ და რომელიც ასახავს ,,ხელშეკრულების’’ 3.1.1 და 3.1.2 მუხლებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. 3.1.7 პუნქტის თანახმად, მყიდველი ვალდებულია გამყიდველის მოთხოვნისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს ამ მოთხოვნის მიღებიდან 30 კალენდარული დღისა, გამყიდველს წარუდგინოს ინფორმაცია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მდგომარეობის შესახებ. 6.6. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი სხვა ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, თითოეული ვალდებულების დარღვევისთვის მყიდველს ეკისრება პირგასამტეხლო 500 ლარის ოდენობით დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (ს.ფ. 16-24).

 

4.5. 03.07.2014 წელს შპს ,,ჯ-------–------ის’’ დირექტორმა განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და ითხოვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების (საპრივატიზებო თანხის 1 ლარის ოდენობით გადახდის) შესრულების დადასტურება (ს.ფ. 160).

 

4.6. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 21.07.2014 წლის N------- წერილით შპს ,,ჯ-------–------ს’’ მისი 03.07.2014 წლის განცხადების პასუხად ეცნობა, რომ სააგენტო ადასტურებს ხელშეკრულების მე-2 მუხლით ნაკისრი ვალდებულების ვადაში შესრულებას. ამასთან, განმცხადებელს ეცნობა, რომ შესასრულებელია ხელშეკრულების მე-3 მუხლით გათვალისწინებული და მისგან გამომდინარე ხელშეკრულებით ნაკისრი სხვა ვალდებულებები (ს.ფ. 114).

 

4.7. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 22.12.2014 წლის N------- წერილით შპს ,,ჯ-------–------ს’’ ეთხოვა ხელშეკრულების 3.1.7 მუხლის თანახმად, წერილის ჩაბარებიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა, სააგენტოში წარედგინა დეტალური ინფორმაცია ვალდებულებების შესრულების მდგომარეობის შესახებ (ს.ფ. 135).

 

4.8. შპს ,,ჯ-------–------ის’’ დირექტორმა 05.02.2015 წელს N- წერილით მიმართა სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და განმარტა, რომ მათ მიერ ვერ მოხერხდა კომერციულ ბ---ებთან თანამშრომლობა კრედიტის აღების მიზნით, ვინაიდან მათთვის მიუღებელი იყო ბ---ების მიერ შემოთავაზებული პირობები, ამასთან, შპს ,,ჯ-------–------ი’’ ვერ აკმაყოფილებს კომერციული ბ---ების მიერ წამოყენებულ მოთხოვნებს. აქედან გამომდინარე, ვერ მოხერხდა შპს ,,ჯ-------–------ის’’ მიერ აღებული ვალდებულებების შესრულება (ს.ფ. 141-143).

 

4.9. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 17.04.2015 წლის N------- წერილით შპს ,,ჯ-------–------ს’’ ეთხოვა, რომ მათ შორის 03.07.2014 წელს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების 3.1.7 პუნქტის თანახმად, წერილის ჩაბარებიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა, სააგენტოში წარედგინა დეტალური ინფორმაცია ვალდებულების შესრულების მდგომარეობის შესახებ, ფოტომასალის თანხლებით. ადრესატს ასევე ეცნობა, რომ ხელშეკრულების 3.1.7 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევისთვის, ხელშეკრულების 6.6. პუნქტით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო 500 ლარის ოდენობით, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (ს.ფ. 28-29).

 

4.10. შპს ,,ჯ-------–------ის’’ დირექტორმა 27.04.2015 წელს N- წერილით მიმართა სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და განმარტა, რომ მათ მიერ ვერ მოხერხდა კომერციულ ბ---ებთან თანამშრომლობა კრედიტის აღების მიზნით, ვინაიდან მათთვის მიუღებელი იყო ბ---ების მიერ შემოთავაზებული პირობები, ამასთან, შპს ,,ჯ-------–------ი’’ ვერ აკმაყოფილებს კომერციული ბ---ების მიერ წამოყენებულ მოთხოვნებს. აქედან გამომდინარე, ვერ მოხერხდა შპს ,,ჯ-------–------ის’’ მიერ აღებული ვალდებულებების შესრულება (ს.ფ. 171-173).

 

4.11. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 14.05.2015 წლის N------- წერილით შპს ,,ჯ-------–------ს’’ ეცნობა, რომ მის წერილში მითითებული გარემოებები (მათ შორის ბ---ების მიერ წამოყენებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა და მათ მიერ შემოთავაზებული პირობების მიუღებლობა) სააგენტოს მიერ ვერ ჩაითვლება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძვლად. ადრესატს ეთხოვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულება, სხვა შემთხვევაში, სააგენტო იმოქმედებს ხელშეკრულების პირობების და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად (ს.ფ. 30-31).

 

4.12. შპს ,,ჯ-------–------ის’’ დირექტორმა 27.05.2015 წელს N- წერილით მიმართა სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და განმარტა, რომ მათ მიერ ვერ მოხერხდა კომერციულ ბ---ებთან თანამშრომლობა კრედიტის აღების მიზნით, ვინაიდან მათთვის მიუღებელი იყო ბ---ების მიერ შემოთავაზებული პირობები, ამასთან, შპს ,,ჯ-------–------ი’’ ვერ აკმაყოფილებს კომერციული ბ---ების მიერ წამოყენებულ მოთხოვნებს. აქედან გამომდინარე, ვერ მოხერხდა შპს ,,ჯ-------–------ის’’ მიერ აღებული ვალდებულებების შესრულება. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადები იწურება და ვალდებულების შეუსრულებლობის გამო შესაძლოა მათ დაეკისროს საჯარიმო სანქციები, ასევე დაიკარგება საბანკო გარანტიის თანხა. ადრესატმა ითხოვა არსებული მდგომარეობის გათვალისწინება და ხელშეკრულების პირობების გადახედვა, რამდენად შესაძლებლად მიიჩნევა პროფილის შეცვლა. დირექტორმა ასევე ითხოვა საჯარიმო სანქციის არ დაკისრება (ს.ფ. 174-176).

 

4.13. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 10.06.2015 წლის N------- წერილით შპს ,,ჯ-------–------ს’’ ეცნობა, რომ სააგენტო მოკლებულია შესაძლებლობას, ხელშეკრულების 3.1. მუხლით განსაზღვრული ვალდებულებების ცვლილების თაობაზე განახორციელოს ქმედებები. ამასთან, ადრესატს ეცნობა, რომ მის წერილში მითითებული გარემოებები (მათ შორის ბ---ების მიერ წამოყენებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა და მათ მიერ შემოთავაზებული პირობების მიუღებლობა) სააგენტოს მიერ ვერ ჩაითვლება ხელშეკრულების 3.1. მუხლით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობის, მათ შორის შესაბამისი პირგასამტეხლოსგან გათავისუფლების საფუძვლად. ადრესატს ეთხოვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულება, სხვა შემთხვევაში, სააგენტო იმოქმედებს ხელშეკრულების პირობების და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად (ს.ფ. 32-33).

 

4.14. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 17.08.2015 წლის N4------ წერილით შპს ,,ჯ-------–------ს’’ ეცნობა, რომ ვინაიდან მის მიერ ხელშეკრულების 3.1.5. მუხლით გათვალისწინებულ ვადებში სააგენტოში შესაბამისი საექსპერტო აუდიტორული დასკვნა წარმოდგენილი არ არის, ხელშეკრულების 6.6. მუხლის თანახმად, ეკისრება პირგასამტეხლო 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რომელიც ზრდადია ხსენებული დასკვნის წარმოდგენამდე. ადრესატს ეთხოვა წერილის ჩაბარებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა სააგენტოში წარედგინა საექსპერტო/აუდიტორული დასკვნა, რომლითაც დადასტურდება ხელშეკრულების 3.1.2. მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება (ს.ფ. 34-35).

 

4.15. შპს ,,ჯ-------–------ის’’ დირექტორმა 16.09.2015 წელს N- წერილით მიმართა სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და კიდევ ერთხელ ითხოვა არსებული მდგომარეობის გათვალისწინება და საწარმოსთვის პროფილის შეცვლის ნების დართვა. თხოვნაზე უარის შემთხვევაში, ითხოვა 03.07.2014 წლის ნასყიდობის ხელშეკრულების შეწყვეტა (ს.ფ. 177-178).

 

4.16. შპს ,,ჯ-------–------ის’’ დირექტორმა 21.09.2015 წელს N- წერილით მიმართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს და განმარტა, რომ მათ მიერ ვერ მოხერხდა კომერციულ ბ---ებთან თანამშრომლობა კრედიტის აღების მიზნით, ვინაიდან მათთვის მიუღებელი იყო ბ---ების მიერ შემოთავაზებული პირობები, ამასთან, შპს ,,ჯ-------–------ი’’ ვერ აკმაყოფილებს კომერციული ბ---ების მიერ წამოყენებულ მოთხოვნებს. აქედან გამომდინარე, ვერ მოხერხდა შპს ,,ჯ-------–------ის’’ მიერ აღებული ვალდებულებების შესრულება. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადები ამოიწურა და ვალდებულების შეუსრულებლობის გამო შესაძლოა მათ დაეკისროთ საჯარიმო სანქციები, ასევე დაიკარგება საბანკო გარანტიის თანხა. დირექტორმა ითხოვა არსებული მდგომარეობის გათვალისწინება და პროფილის შეცვლის შემთხვევაში ხელშეკრულების ვადის გაგრძელება, ხოლო უარის შემთხვევაში 03.07.2014 წლის ნასყიდობის ხელშეკრულების შეწყვეტა (ს.ფ. 179-182).

 

4.17. 2015 წლის 05 ოქტომბერს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის მიერ მიღებულ იქნა N-------- ბრძანება, რომლითაც ცალმხრივად შეწყდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს ,,ჯ-------–------ს’’ შორის 2014 წლის 03 ივლისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 36-37).

 

4.18. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 06.10.2015 წლის N-/58902 წერილით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეთხოვა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 05 ოქტომბრის N-------- ბრძანების საფუძველზე, განახორციელოს ცვლილება უძრავი ქონების (ს.კ. 6-----------) რეგისტრაციაში და სახელმწიფო საკუთრებად დაარეგისტრიროს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კ---------–ი არსებული უძრავი ქონება (ს.ფ. 138).

 

4.19. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 08.10.2015 წლის N------2 მიმართვით სს ,,ქ------- ბ---ს’’ ეცნობა, რომ სს ,,ბ---- ქ-------ს’’ მიერ გაცემული 03.06.2014 წლის N---------- საბანკო გარანტია უზრუნველყოფს შპს ,,ჯ-------–------ის’’ მიერ 03.07.2014 წლის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. აქედან გამომდინარე, სს ,,ბ---- ქ-------ს’’ ეთხოვა წერილის მიღებიდან ხუთი საბანკო დღის ვადაში გარანტიით უზრუნველყოფილი თანხის (10 400 ლარის) სრულად გადახდა (ს.ფ. 121-122).

 

4.20. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 02.11.2015 წლის N4/----- წერილით შპს ,,ჯ-------–------ს’’ ეცნობა, რომ ხელშეკრულების 3.1.2. მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისთვის, ხელშეკრულების 6.4. მუხლის საფუძველზე, ეკისრება პირგასამტეხლო დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0,1 % ოდენობით, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც ხელშეკრულების შეწყვეტის დღისთვის შეადგენს 3016 ლარს. ასევე ეცნობა, რომ 3.1.5 მუხლით გათვალისწინებულ ვადებში სააგენტოში შესაბამისი აუდიტორული/საექსპერტო დასკვნის წარმოდგენის ვალდებულების შეუსრულებლობისთვის, ხელშეკრულების 6.6. მუხლის თანახმად, ეკისრება პირგასამტეხლო 500 ლარის ოდენობით, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც ხელშეკრულების შეწყვეტის დღისთვის შეადგენს 42 000 ლარს. ადრესატს ეთხოვა დაკისრებული პირგასამტეხლოს სრულად გადახდა (ჯამში 45 016 ლარი) წერილის ჩაბარებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა (ს.ფ. 38-39).

 

4.21. 2015 წლის 01 დეკემბერს შპს ,,ჯ-------–------ის’’ დირექტორმა N- წერილით მიმართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს და განმარტა, რომ ,,ჯ-------–------ის’’ მიერ საბანკო გარანტიის სახით გადახდილი 10000 ლარი ჩარიცხულია სახელმწიფო ბიუჯეტში. განმცხადებელმა ასევე განმარტა, რომ სახელმწიფო პროგრამა ,,აწარმოე საქართველოში’’ ამოქმედებიდან, სახელმწიფოსა და კომერციულ ბანკებს შორის გაფორმდა ხელშეკრულებები პროექტში ჩართული მეწარმეებისთვის კრედიტების გაცემის მიზნით. განმცხადებელმა განმარტა, რომ მათთვის აბსოლუტურად მიუღებელი აღმოჩნდა ბანკების მიერ შემოთავაზებული პირობებით მათთან თანამშრომლობა და ხელშეკრულებების გაფორმება. აქედან გამომდინარე, მათ მიიღეს გადაწყვეტილება, ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე შეეცვალათ პროფილი. წერილში განმარტებულია, რომ განმცხადებელმა არაერთხელ მიმართა სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს საჯარიმო სანქციების არ დაკისრების თაობაზე, თუმცა უშედეგოდ. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელმა განმარტა, რომ ის ვერანაირად ვერ წარმოადგენდა აუდიტორულ დასკვნას, საწარმოში არ მიმდინარეობდა არანაირი სამუშაო პროცესი. განმცხადებელმა ითხოვა მოეხსნათ მასზე დაკისრებული საჯარიმო სანქციები (დაკისრებული პირგასამტეხლო 43000 ლარის ოდენობით) (ს.ფ. 40-42).

 

4.22. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 24 დეკემბრის N4------ წერილით შპს ,,ჯ-------–------ს’’ ეთხოვა დაკისრებული პირგასამტეხლოს სრულად გადახდა (ჯამში 45 016 ლარი), წერილის ჩაბარებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა (ს.ფ. 43-44).

 

4.23. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სახელშეკრულებო ვალდებულებათა მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2016 წლის 10 მარტის N1---- სამსახურებრივი ბარათის თანახმად, შპს ,,ჯ-------–------ს’’ დაკისრებული პირგასამტეხლო უნდა გადაეხადა არაუგვიანეს 2016 წლის 24 თებერვლისა, თუმცა კომპანიის მხრიდან აღნიშნული პირგასამტეხლო 2016 წლის 10 მარტის მდგომარეობით გადახდილი არ არის (ს.ფ. 46).

 

5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულების მოთხოვნები. მან არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ვადაში. კერძოდ, დარღვეულია ვალდებულების შესრულების ვადები და ხელშეკრულების პირობები, რაც ანიჭებს კრედიტორს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას.

 

სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. მოცემული ნორმით გათვალისწინებული დისკრეციის ფარგლებში სასამართლომ მიუთითა პირგასამტეხლოს ოდენობის სამართლიანობაზე, მხედველობაში მიიღო ხელშეკრულების დარღვევის ხასიათი, აგრეთვე ის გარემოება, რომ მოსარჩელეს ხელშეკრულების დარღვევის შედეგად რაიმე ფინანსური ზარალი არ განუცდია, ასევე მოსარჩლეს სხვა ინტერესის შელახვაზე არ მიუთითებია და მიიჩნია, რომ პირგასამტეხლოს გონივრული, სამართლიანი ოდენობა კონკრეტულ შემთხვევაში უნდა განისაზღვროს 3016 ლარის ოდენობით. შესაბამისად, სამართლიანი ანაზღაურების ფარგლებში, მოპასუხე - შპს ,,ჯ-------–------ს’’ მოსარჩელის სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს თანხის - 3016 (სამიათას თექვსმეტი) ლარის გადახდა.

 

6. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩვრის მოთხოვნა:

 

6.1. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 03 აგვისტოს გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მოთხოვნა და ამ ნაწილში მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარჩელო მოთხოვნა.

 

7. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

7.1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო იზიარებს სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხე მხარის მიერ ადგილი ჰქონდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობას, თუმცა არ ეთანხმება სასამართლოს განმარტებას პირგასამტეხლოს შემცირებასთან დაკავშირებით.

 

აპელანტი აღნიშნავს, რომ შპს "ჯ-------–------ის" მიერ დარღვეულ იქნა ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ორი ვალდებულება, კერძოდ: ხელშეკრულების 3.1.1 პუნქტის თანახმად, მყიდველმა იკისრა ვალდებულება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ქონებაზე პლასტმასის მწარმოებელი საწარმოს შექმნასა და წარმოების დაწყებაზე განკარგულების გამოცემიდან არაუმეტეს ორი წლისა. 3.1.2 მუხლის "ა" ქვეპუნქტის შესაბამისად მხარის ვალდებულებას წარმოადგენდა 3.1.1 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების მიზნით არანაკლებ 104 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება, ხოლო ინვესტიციის არანაკლებ 25% უნდა განხორციელებულიყო განკარგულების გამოცემიდან 1 წლის განმავლობაში. ხელშეკრულების 6.4 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების 3.1.2. მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, მყიდველს ეკისრება პირგასამტეხლო დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0.1% ოდენობით, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. შესაბამისად, შპს "ჯ-------–------ს" ეკისრება პირგასამტეხლოს 3016 ლარის ოდენობით.

 

ხელშეკრულების 3.1.5 პუნქტის თანახმად, მხარის ვალდებულებას წარმოადგენდა 3.1.2 მუხლით გათვალისწინებული გრაფიკის თითოეული ეტაპის ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 30 დღისა, გამყიდველისთვის წარედგინა აუდიტორული/საექსპერტო დასკვნა, რომელიც ასახავდა ხელშეკრულების 3.1.1 და 3.1.2 მუხლებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. ხელშეკრულების 6.6 მუხლით განისაზღვრა, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი სხვა ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, თითოეული ვალდებულების დარღვევისთვის მყიდველს ეკისრება პირგასამტეხლო 500 ლარის ოდენობით, 3.1.5 მუხლის დარღვევიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, შესაბამისად შპს "ჯ-------–------ს" ეკისრება პირგასამტეხლო 42 000 ლარის ოდენობით.

 

აპელანტი მიუთითებს, რომ სასამართლოს მიერ მოხდა არა პირგასამტეხლოს შემცირება, არამედ მისი მოხსნა. კერძოდ, სასამართლომ მოპასუხეს დააკისრა მხოლოდ ხელშეკრულების 6.4 მუხლით გათვალისწინებული პირგასამტეხლო და საერთოდ არ იმსჯელა ხელშეკრულების 3.1.5 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ სასამართლომ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე მოახდინა მხარეთა მიერ შეთანხმებული პირობების და კანონმდებლობის საწინააღმდეგოდ ხელშეკრულების მხოლოდ ერთი ვალდებულების დარღვევისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება, რაც გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.

 

7. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

7.1. სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე და მიაჩნია, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, როდესაც არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები (სსსკ-ის 394-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები), სააპელაციო სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოიტანოს გადაწყვეტილება, რა დროსაც სსსკ-ის 386-ე მუხლის მიხედვით გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს ,,ჯ-------–------ს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, პირგასამტეხლოს დაკისრება. პალატას მიაჩნია, რომ სადავო საკითხის სწორად გადაწყვეტის მიზნით მნიშვნელოვანია დადგინდეს ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების დარღვევა, დარღვევით გამოწვეული ზიანის ხასიათი, ვალდებულების დარღვევისათვის მხარეთა შეთანხმებით წინასწარ განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა და მისი შესაბამისობა გონივრულ ზღვართან.

 

დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ 2014 წლის 03 ივლისს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს ,,ჯ-------–------ს“ შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, კასპის მუნიციპალიტეტში, სოფ. კ---------–ი მდებარე 16 783 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N- შენობა-ნაგებობა საერთო ფართით 341.88 კვ.მ, სხვა ფართი: განაშენიანების ფართით 372 კვ.მ, ს.კ. N------------. საპრივატიზებო თანხად განისაზღვრა 1 (ერთი) ლარი. ხელშეკრულებით განისაზღვრა მხარეთა უფლება-მოვალეობები, კერძოდ:

- 3.1.1. პუნქტის მიხედვით, მყიდველი (შპს ,,ჯ-------–------ი“) ვალდებულია უზრუნველყოს ქონებაზე პლასტმასის მწარმოებელი საწარმოს შექმნა და წარმოების დაწყება ,,განკარგულების’’ გამოცემიდან არაუმეტეს 2 წლისა;

- 3.1.2. პუნქტის მიხედვით, მყიდველი (შპს ,,ჯ-------–------ი“) ვალდებულია, 3.1.1. პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების მიზნით უზრუნველყოს არანაკლებ 104 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება შემდეგი გრაფიკის მიხედვით: ა) ინვესტიციის არანაკლებ 25% - განკარგულების გამოცემიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში; ბ) ინვესტიციის დარჩენილი ნაწილი - განკარგულების გამოცემიდან მეორე წლის განმავლობაში;

- 3.1.5. პუნქტის თანახმად, მყიდველი (შპს ,,ჯ-------–------ი“) ვალდებულია 3.1.2. პუნქტით გათვალისწინებული გრაფიკის თითოეული ეტაპის ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 30 დღისა გამყიდველს წარუდგინოს აუდიტორული/საექსპერტო დასკვნა, რომელიც მომზადებული უნდა იყოს ,,საწარმოებისთვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა და სახელმწიფო საწარმოთა ნუსხის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 05.09.2015 წლის N360 დადგენილებით განსაზღვრული ერთ-ერთი საექსპერტო ან/და აუდიტორული კომპანიის მიერ და რომელიც ასახავს ,,ხელშეკრულების’’ 3.1.1 და 3.1.2 მუხლებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.

- 3.1.7 პუნქტის თანახმად, მყიდველი ვალდებულია გამყიდველის მოთხოვნისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს ამ მოთხოვნის მიღებიდან 30 კალენდარული დღისა, გამყიდველს წარუდგინოს ინფორმაცია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მდგომარეობის შესახებ.

 

ამავე ხელშეკრულებით განისაზღვრა პასუხისმგებლობის ზომები ნაკისრ ვალდებულებათა დარღვევის შემთხვევებში, კერძოდ:

 

- 6.4. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების 3.1.2 მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, ,,მყიდველს“ (შპს ,,ჯ-------–------ს“) ეკისრება პირგასამტეხლო დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0,1%-ის ოდენობით დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

- 6.6. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი სხვა ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, თითოეული ვალდებულების დარღვევისთვის მყიდველს ეკისრება პირგასამტეხლო 500 ლარის ოდენობით დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

დადგენილია და მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს, რომ შპს ,,ჯ-------–------ის“ მიერ არ შესრულდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ხელშეკრულებით გათვალისწინებულ არც ერთ ეტაპზე. მას ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები არც დაუწყია. მოცემული გარემოება ასევე დადგენილ იქნა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერაც, რაც შპს ,,ჯ-------–------ის“ მიერ არ გასაჩივრებულა. ამდენად, სახეზეა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების, მათ შორის ხელშეკრულების მე-3 პუნქტში მითითებული ვალდებულის დარღვევა.

 

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 05 ოქტომბრის N-------- ბრძანებით ცალმხრივად შეწყდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს ,,ჯ- ე----–-------ს“ შორის გაფორმებული 2014 წლის 03 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულება.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ არაერთხელ მიმართა შპს ,,ჯ-------–------ს“ და მოითხოვა ვალდებულების შესრულება, ხოლო შემდეგ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო პირგასამტეხლოს გადახდა. ადმინისტრაციული ორგანო შემსყიდველი კომპანიისგან პირგასამტეხლოს სახით ითხოვს სულ 45 016 ლარის ანაზღაურებას, მათ შორის ხელშეკრულების 3.1.2 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის, ხელშეკრულების 6.4 მუხლის საფუძველზე 3 016 ლარს და ამავე ხელშეკრულების 3.1.5 მუხლით გათვალისწინებულ ვადებში სააგენტოში შესაბამისი საექსპერტო აუდიტორული დასკვნის წარდგენის ვალდებულების შეუსრულებლობისათვის 6.6 მუხლის საფუძველზე, ვალდებულების დარღვევის დღიდან (14.07.2015წ.) ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 500 ლარის ოდენობით, რაც ხელშეკრულების შეწყვეტის დღისთვის (05.10.2015წ.) შეადგენს 42000 ლარს. ამდენად, მოსარჩელემ პირგასამტეხლოს მოცულობა განსაზღვრა ხელშეკრულების ორი პუნქტის 6.4 და 6.6 პუნქტების საფუძველზე. პირველი ინსტანციის სასამართლომ წარმოდგენილი სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, კერძოდ შეამცირა პირგასამტეხლოს ოდენობა და განსაზღვრა იგი მხოლოდ 3 016 ლარის ოდენობით. აღნიშნულ ნაწილში გადაწყვეტილება არ არის გასაჩივრებული და შესულია კანონიერ ძალაში.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ პირგასამტეხლოს ანაზღაურების მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 417-ე, 418-ე მუხლები, რომლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

პირგასამტეხლო ,,წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი" (სუსგ-ები Nას 848-814-2016, 28.12.2016; Nას-816-767-2015, 19.11.2015; Nას-953-918-2016, 22.11.2016).

 

განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან დადგენილია შპს ,,ჯ-------–------ის“ მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევა, აღარ არსებობს მოსარჩელისთვის ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცების საჭიროება პირგასამტეხლოს დაკისრების მიზნებისთვის, თუმცა აღნიშნული გარემობა გავლენას ახდენს პირგასამტეხლოს ოდენობის ფორმირებაზე.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ,,მართალია, პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა სსკ-ის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად. კანონის მითითებული დანაწესი განპირობებულია იმითაც, რომ ხელშეკრულების დადებისას შესაძლებელია, უფრო ძლიერმა ხელშემკვრელმა მხარემ ისარგებლოს მეორე მხარის სურვილით, გააფორმოს ხელშეკრულება და უკარნახოს შეთანხმების არახელსაყრელი პირობები, განსაზღვროს გონივრულზე უფრო მაღალი პირგასამტეხლო. ასეთ შემთხვევაში, კანონმდებელმა დააწესა დაცვის მექანიზმი, რომელიც სასამართლოს აღჭურვავს უფლებამოსილებით, დააკორექტიროს პირგასამტეხლოს ოდენობა და დაიყვანოს იგი სამართლიან და გონივრულ მოცულობამდე“ (სუსგ Nას-1206-2018, 19.12.2018წ.).

 

სააპელაციო პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებასთან დაკავშირებით, თუმცა მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს შემცირებაც უნდა იყოს დასაბუთებული და დგინდებოდეს, თუ რა მონაცემების საფუძველზე იქნა განსაზღვრული სასამართლოს მიერ დაკისრებული პირგასამტეხლო, რა მონაცემებმა მიიღეს მონაწილეობა თანხის ოდენობის განსაზღვრაში. პირგასამტეხლოს ოდენობის ფორმირების გამჭვირვალობის აუცილებლობა გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ ერთის მხრივ საპროცესო მხარისთვის გასაგები იყოს, თუ რატომ იქნა განსაზღვული კონკრეტული ოდენობა, ხოლო მეორეს მხრივ, პრაქტიკაში დადგინდეს პირგასამტეხლოს გონივრული ოდენობის განსაზღვის წესი.

 

საგულისხმოა, რომ საქალაქო სასამართლოს არ განუმარტავს, თუ რა გაანგარიშების საფუძველზე მიიჩნია 3016 ლარი პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობად, ამასთან, სასამართლომ არც იმ გარემოებაზე მიუთითა, აღნიშნული თანხა წარმოადგენდა თუ არა მხოლოდ ხელშეკრულების 6.4 პუნქტით გაანგარიშებულ პირგასამტეხლოს, რომლის მოცულობაც თანხვედრაშია სასამართლოს მიერ დაკისრებულ ოდენობასთან. ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში დაუსაბუთებელია, რაც ამ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო გადაწყვეტილებას სადავოდ ხდის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში ანუ 42 000 ლარის ფარგლებში. აპელანტი აღნიშნული თანხის დაკისრებას ითხოვს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 6.6 პუნქტის საფუძველზე, რომელიც ითვალისწინებს ვალდებულების შესრულების ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 500 ლარის დაკისრებას. პალატას მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს აღნიშნული ოდენობით ფორმირება წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალს, რაც სასამართლოს მისი შემცირების საფუძველს აძლევს.

 

,,პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს, ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება“ (სუსგ Nას-1206-2018, 19.12.2018წ.).

 

პალატას მიაჩნია, რომ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე განსაზღვრული პირგასამტეხლო 500 ლარის ოდენობით, როგორც შეუსაბამოდ მაღალი, უნდა შემცირდეს 10-ჯერ და დადგინდეს 50 ლარი. აღნიშნული თანხა წარმოადგენს გონივრულ ოდენობას პირგასამტეხლოს დაკისრების მიზნებისათვის. ამასთან, პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ მოსარჩელე არ უთითებს ვალდებულების დარღვევით გამოწვეულ ისეთ ზიანზე, რაც პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობად განსაზღვრავდა განსხვავებულ მონაცემს. პალატის შეფასებით, მოცემული ფაქტობრივი გარემოებების პირობებში, არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანისა და პირგასამტეხლოს ოდენობის თანაფარდობის გათვალისწინებით, 50 ლარი წარმოადგენს გონივრულ ოდენობას.

 

დადგენილია, რომ შპს ,,ჯ-------–------ის“ მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დარღვეულია 14.07.2015წ-დან ხელშეკრულების შეწყვეტამდე - 05.10.2015წ-მდე, რაც მოიცავს 84 დღეს. აღნიშნულ პერიოდზე, ყოველდღიურად 50 ლარის დაკისრებით, პირგასამტეხლო შეადგენს 4 200 ლარს. ამდენად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ შპს ,,ჯ-------–------ს“ უნდა დაეკისროს 4200 ლარის გადახდა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმდეს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება და სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების დარღვევის გამო, მოპასუხეს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ, პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს 4 200 ლარის გადახდა.

 

8. პროცესის ხარჯები:

 

აპელანტი, ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განთავისუფლებულია სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივრისათვის, მათ შორის, საქმის წარმოების განახლებაზე უარის თქმის შესახებ რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილებაზე (განჩინებაზე) – დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 150 ლარისა

 

განსახილველ დავაზე, აპელანტის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებული იყო ნაწილობრივ - 42 000 ლარის ნაწილში. სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა 4 200 ლარის ფარგლებში, შესაბამისად დაკმაყოფილდა დავის საგნის ღირებულების 10%. დავის საგნის ღირებულებიდან გამომდინარე, სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი შეადგს 1680 (42000-ის 4%) ლარს. დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციისა და სააპელაციო საჩივარზე კანონით დადგენილი სახელმწიფო ბაჟის მინიმალური ოდენობის გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია, რომ შპს ,,ჯ-------–------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 150 (ას ორმოცდაათი) ლარის გადახდა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 03 აგვისტოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში, კერძოდ, იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარჩელო მოთხოვნა და აღნიშნულ ნაწილში მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდს ნაწილობრივ და შპს ,,ჯ-------–------ს“ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისროს 03.07.2014 წელს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს გადახდა 4200 (ოთხი ათას ორასი) ლარის ოდენობით;

 

3. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

4. შპს ,,ჯ-------–------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 150 (ას ორმოცდაათი) ლარის გადახდა;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

 

მოსამართლე:

 

შოთა გეწაძე -