განაჩენი

სისხლის სამართლის 21.12.2018
საქმის ნომერი
330100116001568793
ინსტანცია
თარიღი
21.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100116001568793

საქმე №1ბ/1528-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

21 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა

 

მსჯავრდებულ ლ-----------ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ლ-–------–-------- სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ლ----------------------------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–----------------–ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი N0----------, უმაღლესი განათლების მქონის, ნასამართლობის არმქონის, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის მისამართზე: ქ------–------------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: ქ------–---------------------------------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით (2016 წლის 24 ივნისამდე მოქმედი რედაქცია).

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 17 ოქტომბრის განაჩენით:

 

ლ-----------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით (2016 წლის 24 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

 

ლ-----------ეს მსჯავრი დაედო მასში რომ მან ჩაიდინა:

ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

 

ლ-----------ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2016 წლის 10 მაისს, დაახლოებით 12:00 საათზე, ქ------–--–--------------------------------------ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, მ----------------სა და ლ-----------ეს შორის საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მოხდა ურთიერთშელაპარაკება, რა დროსაც ამ უკანასკნელმა, გამოძიებით დაუდგენელი მკვრივი ბლაგვი საგნის გამოყენებით, მ---------------ს თავის არეში მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ლ-----------ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ლ-–------–------მა, რომელთაც მოითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 ოქტომბრის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

 

აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ არ არსებობს საქმეში არცერთი მტკიცებულება რომელიც დაადასტურებს ლ-----------ის მიერ დანაშაულის ჩადენას. განაჩენი აგებულია ე.წ. დაზარალებულის ცილისწამებლურ განცხადებაზე, რომელსაც რეალობასთან არანაირი კავშირი არ აქვს. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით და მოწმეთა ჩვენებებით ვერანაირად ვერ დასტურდება ის ფაქტი, რომ ლ-----------ემ რაიმე სახის დაზიანება მიაყენა მ---------------ს. მოწმეების მიერ გამოკითხვისას მიწოდებულ ინფორმაციასა და მათ ჩვენებებს შორის არსებითი წინააღმდეგობებია. სასამართლო პროცესზე მოწმედ დაკითხული ექსპერტის განმარტებით ექსპერტიზაზე ვერ მოხერხდა ჭრილობის მიმყენებელი საგნის განსაზრვრა. ბრალდების მხარემ გამოძიება აწარმოა მიკერძოებულად და არასრულფასოვნად, ვერ დადგინდა სად და რა ვითარებაში მიიღო დაზიანება მ---------------მა. არ არის დადგენილი რა საგნით აქვს მიყენებული დაზიანება დაზარალებულს. მხოლოდ მოწმეთა ჩვენებები არ შეიძლება გახდეს პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი თუ ეს ჩვენებები გამყარაბული არაა სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ მსჯავრდებულ ლ-----------ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ლ-–------–-------- სააპელაციო საჩივრი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 17 ოქტომბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 17 ოქტომბერის განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით,რომ საქმეში გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება ლ-----------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.(2016 წლის 24 ივნისამდე მოქმედი რედაქცია).

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. აღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს აპელანტების მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მოთხოვნასა და ძირითად არგუმენტებზე.

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ ლ-----------ისა და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატ ლ-–------–-------- სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 ოქტომბრის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებისა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგომის შესახებ, შემდეგი გარემოებების გამო:

 

დაზარალებულმა მ---------------მა პირველი ინსტანციის სასამართლოში სხდომაზე დაკითხვისას განაცხადა, რომ ცხოვრობს ქ------–--–-------------------------------------ში მეორე სართულზე, ხოლო პირველ სართულზე ცხოვრობს ლ-----------ე, რომელთანაც დაახლოებით 20 წლიანი მეზობლური ურთიერთობა აკავშირებს. მოწმე აღნიშნავს, რომ მან ლ---- კ-----ეს გადასცა სარდაფის ფართის ნაწილი 4000 დოლარის სანაცვლოდ, თუმცა, აღნიშნული თანხიდან 4 წლის განმავლობაში მხოლოდ ნაწილი - 1300 ლარი გადასცა, დანარჩენი კი არა, შესაბამისად, ლ--------ეს ჰქონდა მისი ვალი. 2016 წლის 10 მაისს, დაახლოებით 13:00 საათზე, მათ საცხოვრებელ ეზოსთან, კერძოდ ლ-----------ის ავტოფარეხთან, შემთხვევით შეხვდა ამ უკანასკნელს, რა დროსაც მათ შორის მოხდა ურთიერთშელაპარაკება. კერძოდ, შეკამათება მოუვიდა ბრალდებულთან დარჩენილი თანხის გადახდის თაობაზე. აღნიშნული კამათი გადაიზარდა ჩხუბში, რა დროსაც, ლ-----------ემ ზურგით მდგარ მ---------------ს უკანა მხრიდან, მოულოდნელად, თავის არეში ჩაარტყა მისთვის გაურკვეველი ნივთი, რის შედეგად ამ უკანასკნელმა მიიღო დაზიანება და წამოუვიდა სისხლი. დაზარალებულის განმარტებით, აღნიშნული ფაქტის მიმდინარეობისას, იქვე იყო თუ არა ვინმე, მას არ დაუნახავს, რადგან ყურადღება არავისთვის მიუქცევია. მოგვიანებით, ჩხუბის დასრულების შემდგომ, მეზობლებმა გამოიძახეს სასწრაფო დახმარება, რომელმაც იგი გადაიყვანა საავადმყოფოში. იქ მას მიაკითხეს პოლიციელებმა და უთხრეს, რომ წასულიყო განყოფილებაში, მაგრამ მან უთხრა, რომ წაიქცა და პოლიციასთან საქმე არ ჰქონდა. დაზარალებულმა აღნიშნული განცხადება პოლიციელებთან გააკეთა, იმიტომ რომ არ უნდოდა მეზობლებს შორის ურთიერთობის გაფუჭება. ამის შემდეგ, მეორე დღეს, პოლიციელის წარმოამადგენლებმა კვლავ მიაკითხეს მას სახლში, სადაც მის შვილს და მ---------ს ჩამოართვეს ხელწერილი, რომლის მიხედვითაც ისინი არ შეაწუხებდნენ ლ-------ეს. დაზარალებულმა ასევე, აღნიშნა, რომ მოგვიანებით, როდესაც სიტუაცია გაანალიზა და მიხვდა, რომ აქეთ სდებდნენ ბრალს, გადაწყვიტა, თავის მხრივ, მასაც მიემართა სამართლებრივი ზომებისთვის და შემთხვევიდან დაახლოებით 1 კვირის შემდეგ, მიმართა პოლიციას, სადაც დეტალურად განაცხადა მომხდარის შესახებ. მან ასევე, განაცხადა ისიც, რომ ვინაიდან მას ლ---------ემ აღნიშნული კონფლიქტისას მიაყენა დაზიანება, თავადვე ჩაიტარა შესაბამისი ექსპერტიზა. მ----------მა აგრეთვე, განმარტა, რომ 1 კვირა დაიცადა, რადგან ელოდებოდა ლ--------ეს რომ შერიგებოდნენ და მეზობლებს ურთიერთობა ერთმანეთში თავადვე გაერკვიათ, თუმცა, ლ---------ე მასთან არ მისულა. მან ასევე, აღნიშნა, რომ ცემის ფაქტთან დაკავშირებით ლ-----------ესთან პრეტენზია არ გააჩნია.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე გ----------------ემ განმარტა, რომ დაახლოებით შუადღის პერიოდში, სახლში მიმავალმა მაღაზიასთან დაინახა ლ-----------ე და მ---------------ი, რომლებიც ერთმანეთში კამათობდნენ. სანამ მათ მიუახლოვდა, ვითარება უფრო დაიძაბა. იგი ხედავდა, რომ ჩხუბობდნენ და ხელებს იქნევდნენ ერთმანეთის მისამართით, რის გამოც ჩათვალა, რომ ისინი უნდა გაეშველებინა. მან დაინახა, რომ ლ-----------ეს ხელში ეჭირა ბოქლომი და გასაღებების აცმა. იგი აღნიშნავს, რომ ლ---------ეს მანქანა ჰყავდა ფარეხიდან გამოყვანილი და შესაძლებელია, სწორედ ამიტომ ეჭირა ხელში აღნიშნული ნივთები. ჩხუბის პერიოდში და გაშველების შემდგომ, მ---------------ისთვის მას დაზიანება არ შეუმჩნევია, თუმცა, როდესაც კ-----ე შემთხვევის ადგილიდან წავიდა, იგი მოტრიალდა, დაინახა, რომ მ-------ი იყო ჩაკეცილი და სახეზე სისხლი სდიოდა. მან მ-------ი თავის სახლში მიიყვანა, რადგან ასეთ მდგომარეობაში მ-------ს სახლში მისვლა არ სურდა. მისვლისას მან დაინახა, რომ მ----------ს ჰქონდა თავზე მცირე ჭრილობა, რის გამოც გამოუძახა სასწრაფო დახმარებას. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ვინაიდან იგი საქმეზე იყო წასასვლელი და საავადმყოფოში გაყოლის დრო არ ჰქონდა, დაურეკა მ-------ის შვილს - თორნიკეს, რომელიც მამამისს გაჰყვა საავადმყოფოში. მოწმე აღნიშნავს, რომ შემთხვევის დროს, მათ გარდა, ადგილზე ასევე, იმყოფებოდა ლ-----------ის მეუღლე-მ------------ე.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე მ------------ემ განმარტა, რომ ლ-----------ე არის მისი მეუღლე. მან აღნიშნა, რომ მ---------სა და მის მეუღლეს შორის დიდი ხანია რაც დავაა საცხოვრებელ ფართთან დაკავშირებით. შემთხვევის დღეს, მისი მეუღლე სახლიდან გავიდა, რა დროსაც მან გადაიხედა ფანჯრიდან და დაინახა, რომ მ---------------ი მეგობართან ერთად იდგა ქუჩაში, ხოლო მისი მეუღლე გაემართა მანქანისკენ, რა დროსაც მ-------სა და მის მეუღლეს შორის მოხდა შელაპარაკება. მან დაინახა როგორ აღმართა ხელი მ----------მა მის მეუღლეზე, რა დროსაც კ-----ემ მას ხელი დაუჭირა. აღნიშნულზე მ------------ე გავარდა სახლიდან და შეაჩერა მ-------ი, კერძოდ, „რას შვებითო“ დაუძახა. მის დანახვაზე მ-------მა, „ქალი, ქალიო“ დაიძახა, ხელი გაუშვა მის მეუღლეს და გაჩერდა. მოწმე აღნიშნავს, რომ მას რაიმე დაზიანება იქ მყოფი პირებისათვის არ შეუნიშნავს, ასევე არ დაუნახავს მოჩხურთაგან ვინმეს რაიმე საგანი ან ნივთი გამოეყენებინოს ჩხუბისას. ამის შემდგომ მ-------ი და მისი მეგობარი ქუჩის მეორე მხარეს წავიდნენ, ხოლო მისმა მეუღლემ იგი სახლში შეიყვანა. მომხდარი ფაქტის შესახებ მან მაშინვე განაცხადა პოლიციაში.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე თ-----------------მა აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით განმარტა, რომ შემთხვევის დღეს მას დაურეკა გ----------------ემ და უთხრა, რომ მისულიყო, სადაც მას დახვდა სასწრაფო დახმარების მანქანა, თავად გ-----------------ე და მამამისი, რომელსაც თავი ჰქონდა გატეხილი. როგორც მას გ----------------ემ მოუყვა, მამამისსა და ლ-----------ეს მოუვიდათ ჩხუბი, რა დროსაც ლ-----------ემ მ---------------ს ბოქლომი ჩაარტყა თავში და თავი გაუტყდა. გიორგი მ-------ი თან გაჰყვა სასწრაფო დახმარების მანქანას, რომელმაც მამამისი საავადმყოფოში გადაიყვანა. იგი აღნიშნავს, რომ ლ-----------ეს აქვს მისი ოჯახის ვალი, რის გამოც მათ ოჯახებს წლების განმავლობაში აქვთ დაძაბული ურთიერთობა.

 

2016 წლის 30 ივნისის ლ---- სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №003754016 დასკვნის თანახმად: წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტის (შ.პ.ს „ელიზაბეტ ბლექველის ჰოსპიტალი“-ს ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ასლის) მიხედვით, მიღებულ ტრამვასთან დაკავშირებით, მოქალაქე მ----------------ი მოთავსებული იქნა აღნიშნულ კლინიკაში 10.05.16 წ-ს 12:58 სთ-ზე და გაეწერა იმავე დღეს - 13:30 სთ-ზე, დაუდგინდა დიაგნოზი: სკალპის (თხემის მიდამოს) ღია ჭრილობა - დიაგნოზი დაუზუსტებელია. ამდენად, სხეულის დაზიანების სიმძიმის ხარისხის განსაზღვრისას მას ექსპერტიზა მხედველობაში ვერ მიიღებს. ამავე დოკუმენტში არსებული ჩანაწერების თანახმად: მოქალაქე მ---------------ს ჩაუტარდა ჭრილობის ქირურგიული დამუშავება - გაკერვა. ჭრილობის მიმყენებელი საგნის გასაზღვრა შეუძლებელია, ვინაიდან წარმოდგენილ დოკუმენტში არ არის მითითებული მისი (ჭრილობის) სრული მორფოლოგიური სურათი. მოქალაქე მ---------------ის სხეულზე არსებული დაზიანება მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს - ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით.

 

ზემოაღნიშნული დასკვნის მართებულობა და ავთენტიკურობა პირველი ინსტანციის სასამართლო პროცესზე დაადასტურა ექსპერტმა ზ---------------–-–---–მა, რომელიც მოწმის სახით იქნა დაკითხული სასამართლოში საქმის არსებით სხდომაზე მის მიერ გაცემული სასამართლო- სამედიცინო ექსპერტიზის №003754016 დასკვნის გარშემო. დასმულ შეკითხვაზე ექსპერტმა უპასუხა, რომ დაზიანება შესაძლებელია გამოეწვია საგანზე ან საგნით დარტყმას ან დაცემას, თუმცა, ჭრილობის მიმყენებელი საგნის განსაზღვრა ამ შემთხვევაში ვერ მოხერხდა.

 

დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრი შ.პ.ს. „ვექტორის“ N01-01/06 დასკვნის მიხედვით: შპს „ელიზაბეტ ბლექველის ჰოსპიტალის“ ცნობით ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მოქ. მ---------------ს 10.06.16წ სტაციონარში ჩატარებული გამოკვლევებით (გადაუდებელი დახმარების ექიმის და ნეიროქირურგის კონსულტაცია) დაუდგინდა დიაგნოზი: „სკალპის (თხემის მიდამოს) ღია ჭრილობა (S01.0)”. ქირურგიული წესით ჭრილობა დამუშავდა და გაიკერა კვანძოვანი ნაკერებით. 17.05.16 მოქ. მ---------------ს ექსპერტიზის ცენტრში პირადი გასინჯვით სხეულზე გარეგნულად აღენიშნება დაზიანებები თხემის დაჟეჟილი ჭრილობის და ორი სისხლნაჟღენთის სახით განლაგებული ზურგის და მარჯვენა მხრის მიდამოში. დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის (საგნების) არაერთჯერადი მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით. მორფოლოგიური მახასიათებლების მიხედვით დაზიანებები ხანდაზმულობით შეეფარდება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს (10.05.16).

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე შ--–---------–---–მა განმარტა, რომ იმყოფებოდა მეზობელთან სახლში, რათა ავეჯის გადაადგილებაში დახმარებოდა. ავეჯის გადატანის მომენტში, მათ გაიგეს ხმაური, გადაიხედა მე-2 სართულის აივნიდან და დაინახა, რომ ლ-----------ის მეუღლის მანქანის, HYUNDAI JEEP-ის მარკის ავტომობილის კარები იყო ღია, მძღოლის მხარეს იჯდა თუ არა ვინმე არ ჩანდა და ისმოდა ხმამაღალი საუბარი, იქვე იმყოფებოდნენ ბიჭებიც. მანქანის კარებთან იდგა მ---------------ი, რომელმაც მანქანის კარებს ფეხი დაარტყა. შ--–---------–---–ი თავის მეგობართან ერთად ვითარების გასარკვევად ეზოში ჩავიდა, რა დროსაც ავტომობილი უკვე მოტრიალებული იყო, ნიკოლაძის ქუჩისკენ მიდიოდა, ამასთან, მანქანა ისეთი მიმართულებით იდგა, რომ ვერ დაინახა საჭესთან ვინ იჯდა, ხოლო ბიჭები ანჯაფარიძის ქუჩისკენ მიდიოდნენ. როდესაც იკითხა, თუ რა მოხდა, უპასუხეს, რომ არაფერი ხდებოდა. მას ადგილზე ლ-----------ე არ დაუნახავს და არც ვინმესთვის დაზიანება არ შეუმჩნევია.

 

ლ-----------ემ პირველ ინსტანციის სასამართლო პროცესზე წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და მოწმის სახით დაკითხვისას განაცხადა, რომ მისი და მ---------ის ოჯახი რამდენიმე ათეული წელია რაც ერთად ცხოვრობენ. მოწმე აღნიშნავს, რომ მ---------------ი კ-----ეს სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, ვერ იტანდა პიროვნულად და ეძახდა „მილიციელსა“ და „ძაღლს“. 2016 წლის 10 მაისს, დაახლოებით 09:30 საათზე, იგი სახლიდან გამოსული დაჯდა მეუღლის ავტომობილში და როდესაც კარებიც უნდა მოეხურა, გაიგონა ხმა: „შენ, ეი, ბიჭო, მომისმინეო“, რა დროსაც დაინახა მისკენ მომავალი მ---------------ი. მან მ-------ს სიმშვიდისკენ მოუწოდა, თუმცა, იგი არ გაჩერდა და მანქანის კარებს წიხლი დაარტყა, რის შემდეგაც იგი გადმოვიდა მანქანიდან და მ-------მა ხელი მოუქნია. მან კი ხელი კრა მ-------ს, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი ბოძს მიეჯახა. ხმაურზე, მას ორმა მეზობელმა ბიჭმა ჰკითხა, თუ რა ხდებოდა, რაზეც უპასუხა, რომ ყველაფერი რიგზე იყო, რის შემდეგაც იგი დაჯდა მანქანაში, დატოვა ტერიტორია და წავიდა პოლიციაში, სადაც განაცხადა, რომ ადგილი ჰქონდა კონფლიქტურ სიტუაციას. განყოფილებიდან მას წაჰყვა ორი პოლიციელი და მ---------------ს ჩამოართვეს ახსნა-განმარტება. ერთი თვის შემდეგ, მას დაუკავშირდნენ პროკურატურიდან და უთხრეს, რომ მის მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. ბრალდებულმა ასევე აღნიშნა, რომ კონფლიქტის დროს მხოლოდ ისინი იყვნენ შემთხვევის ადგილზე და სხვა არავინ ყოფილა.

 

პალატა აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სამართლებრივი სიკეთის დაცვის ობიექტს წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობა, რა დროსაც ასევე გათვალისწინებული უნდა იქნეს სუბიექტური მხარე, კერძოდ, აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაული შესაძლებელია განხორციელებული იქნეს განზრახი ფორმით (იგი შეიძლება ჩადენილი იქნეს, როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი განზრახვით). ამასთანავე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით ქმედების კვალიფიკაციისათვის აუცილებელია კუმულაციურად არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: 1) პირის მოქმედება ანდა უმოქმედობა; 2) შედეგი - ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება (რომელსაც მიეკუთვნება: დაბეჟილობა, ჭრილობა, ცხვირის მოტეხილობა, ყბის გაბზარვა და ა.შ), კერძოდ, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა ან სართო შრომისუუნარობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა და 3) მიზეზობრივი კავშირის არსებობა ქმედებას/უმოქმედობას და დამდგარ შედეგს შორის. ასევე, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს ისიც, რომ პირის ქმედებამ/უმოქმედობამ გამოიწვია თუ არ მოცემული მუხლით გათვალისწინებული სისხლისამართლებრივი დასჯადი შედეგი. აღნიშნულ დროს უმნიშვნელოვანეს (აუცილებელ) მტკიცებულებას წარმოადგენს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც კონკრეტულ ხასიათს უნდა ატარებდეს, აბსოლუტური სიზუსტით აღწერდეს დაზარალებულისათვის მიყენებული დაზიანებ(ებ)ის ხარისხს (ასევე შესაძლებლობის შემთხვევაში რისი საშუალებით და რა დროს იქნა მიყენებული დაზიანებები), რაც მოცემულ შემთხვევაში კანონით დადგენილი წესით მოპოვებული და წარმოდგენილი იქნა სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ.

 

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევის შემდეგ პალატა ყურადღებას ამახვილებს პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით გამოკვლეული მტკიცებულებების შედეგად დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებაზე. კერძოდ, თავად დაზარალებულისა და სხვა მოწმეთა ჩვენებებით დადგენილ იქნა, რომ დაზარალებულს ლ-----------ემ თავის არეში მიაყენა დაზიანება. პალატა განსაკუთრებით ყურადღებას ამახვილებს, გარდა თავად დაზრალებულის მ---------------ის ჩვენებისა (იხ. დაზარალებულის ჩვენება განაჩენის აღწერილობით ნაწილში), ნეიტრალური მოწმე გ----------------ის ჩვენების იმ ნაწილზე, სადაც იგი აღნიშნავს, რომ მოცემული შემთხვევის დროს, ჩხუბისას, ლ-----------ეს ხელში ეჭირა ბოქლომი და გასაღებების აცმა, ხოლო ჩხუბის დასრულების შემდეგ, ნახა, რომ მ----------ს თავზე ჰქონდა ჭრილობა. მოცემული შემთხვევისას, ასევე, საგულისხმოა 2016 წლის 30 ივნისის ლ---- სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №003754016 დასკვნა, რომლის მიხედვითაც, მ---------------ს დაუდგინდა დიაგნოზი: სკალპის (თხემის მიდამოს) ღია ჭრილობა, რომელიც მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს - ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით. აღნიშნულს ადასტურებს, აგრეთვე, დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრი შ.პ.ს. „ვექტორის“ N01-01/06 დასკვნაც, რომლის მიხედვით: მ---------------ს ექსპერტიზის ცენტრში პირადი გასინჯვით სხეულზე გარეგნულად აღენიშნება დაზიანებები თხემის დაჟეჟილი ჭრილობის და ორი სისხლნაჟღენთის სახით განლაგებული ზურგის და მარჯვენა მხრის მიდამოში. დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის (საგნების) არაერთჯერადი მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით.

 

ამდენად, ფაქტობრივ გარემოებათა შეფასება ნათლად ადასტურებს იმას, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულმა მის მიმართ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მიიღო დაზიანება, რომელიც შესაბამისი ცოდნის და გამოცდილების მქონე პირის/ექსპერტის მიერ ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით, რა დროსაც ცალსახად დადგენილ იქნა მიზეზობრივი კავშირის არსებობა ქმედებას და დამდგარ შედეგს შორის, ხოლო აღნიშნული ქმედების განმახორციელებელი პირის/სუბიექტის დადგენის კუთხით ნათლად და უტყუარად გამოიკვეთა, რომ პიროვნება რომელმაც დაზარალებულს თავის მიდამოში მიაყენა დაზიანება - არის ლ-----------ე.

 

ამასთანავე, მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილებულ იქნა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ისეთ გარემოებაზე, რასაც პალატაც ეთანხმება, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები აბსოლუტური სიზუსტით თანმიმდევრულია და შესაბამისი/თანხვედრაში არიან ერთმანეთთან. ამასთან, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობისა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა. მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულის და მოწმეთა მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია და აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს და არ არსებობს დაზარალებულის და მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. დაზარალებულის და თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას და თანხვედრაშია საქმეში არსებულ წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან, რის გამოც პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამარტლო განხილვისას გამოკვლეული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის, ხოლო აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებათა შეფასება და გაანალიზება უტყუარად ცხადყოფს, რომ 2016 წლის 10 მაისს, დაახლოებით 12:00 საათზე ქ------–----------------------------------ზე ლ-----------ემ თავის არეში დაზარალებულ მ---------------ს მსუბუქად დაუზიანა ჯანმრთელობა, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია. ყოველივე ზემოაღნიშნული კი მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით კანონმდებლის მიერ მოცემული - დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაციისათვის განსაზღვრული ყველა პირობა/მოთხოვნა.

 

ლ---- კ-----ის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გაჟღერებული პოზიცია იმის შესახებ, რომ მას მოცემული შემთხვევის დროს არანაირი ფიზიკური დაზიანება არ მიუყენებია დაზარალებულისთვის სასამართლო ვერ გაიზიარებს, რადგან აღნიშნული არგუმენტები/პოზიციები, გარდა მსჯავრდებულის მიერ საქმის არსებით სხდომაზე გაჟღერებული ინფორმაციისა, არ არის დადასტურებული სხვა მტკიცებულებ(ებ)ით, რის გამოც პალატას მიაჩნია, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია, რომლებიც პირდაპირ მიემართება და რელ----ტურია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დადგენისათვის, ხოლო დაცვის მხარის მიერ ზემოაღნიშნული პოზიცია არათანმიმდევრულია, არასარწმუნო, დაუსაბუთებელია და ემსახურება მხოლოდ ბრალდებულის სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის თავის არიდებას.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, ასევე პირველი ინსტანციის სასამართლოს არსებით სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს აფასებს საქმესთან მათი რელ----ტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია, რომ ლ-----------ემ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით (2016 წლის 24 ივნისამდე მოქმედი რედაქცია).

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 17 ოქტომბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ლ-----------ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ლ-–------–-------- სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 17 ოქტომბრის განაჩენით დარჩეს უცვლელი.

 

ლ-----------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით (2016 წლის 24 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

 

მსჯავრდებულ ლ---- კ-----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილ ვადაში გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა სრულად დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს.

 

მსჯავრდებულ ლ-----------ის მიმართ სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის გადახდაზე კონტროლი და აღსრულება დაევალოს - თბილისის სააღსრულებო ბიუროს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოტანისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი