განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 080210118002282327
საქმე №2/ბ-1053-18წ.
განჩინება
საქართველოს სახელით
26 ნოემბერი, 2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ნანა კალანდაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),თამარ სვანიძე, ლაურა მიქავა
სხდომის მდივანი - ეკატერინე სილაგაძე
აპელანტი - დ-------- გ----–--ე
წარმომადგენელი - დ----- ბ------ე
მოწინააღმდეგე მხარე - გ------- გ--------ე, თ----- ე-----–--ე
წარმომადგენელი - რ--------- ხ----–--–---
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - დირექტორის თანამდებობიდან გადაყენება
აღწერილობითი ნაწილი
1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
1.1. მოსარჩელის მოთხოვნა
2018 წლის 31 იანვარს დ-------- გ----–--ემ (შემდგომში მოსარჩელე, აპელანტი მხარე) სარჩელი აღძრა მოპასუხე შპს ,,ტ---------ის“ დირექტორ გ------- გ--------ისა და შპს ,,ტ---------ის“ 50%-იანი წილის მფლობელ თ----- ე-----–--ის (შემდგომში მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ შპს ,,ტ---------ის“ დირექტორ გ------- გ--------ის დირექტორის თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნით.
1.2. სარჩელის საფუძვლები
სარჩელში მოსარჩელის მიერ გადმოცემული განმარტებით მიეთითა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
1.2.1. მოსარჩელის განმარტებით, 1998 წელს თ----- ე-----–--ის და მის მიერ დაფუძნებული იქნა შპს „ტ---------ი“, რომლის 50% წილის მფლობელი გახდა თ----- ე-----–--ე, ხოლო 50% წილის მფლობელი - თავად. შპს „ტ---------ის“ საწესდებო კაპიტალი განისაზღვრა 2000 ლარით.
1.2.2. 1998 წლიდან 20 წლის განმავლობაში იგი იყო შპს „ტ---------ის“ დირექტორი, რა დროსაც კეთილსინდისიერად ახორციელებდა საქმიანობას, ამასთან მან შპს-ს საწესდებო კაპიტალში ასევე შეიტანა პირადი ქონებაც. თუმცა, რამდენიმე თვის წინ, საწარმოს 50% წილის მფლობელმა თ----- ე-----–--ემ შეიტანა სარჩელი სასამართლოში მისი დირექტორის თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნით, ხოლო საქმის სასამართლოში განხილვამდე საჯარო რეესტრში მოახდინა ცვლილება და შპს „ტ---------ის“ დირექტორად დაარეგისტრირა თავისი ახლო ნათესავი გ------- გ--------ე.
1.2.3. ახალმა დირექტორმა გააუქმა შპს „ტ---------ის“ მიერ დადებული იჯარის ხელშეკრულებები და ასეთი გააფორმა სხვა მოიჯარეებთან, ასევე დალუქა საწარმო, სადაც განთავსებულია შპს ,,ლ-------ის“ თხევადი გაზით სავსე ცისტერნები. ფაქტობრივად ურთიერთობა შეწყვეტილ იქნა იმ მოიჯარეებთან, რომლებსაც გააჩნდათ სპეციალური ცოდნა თხევადი გაზის ცისტერნასთან მუშაობის კუთხით. შექმნილ ვითარებაში კი ერთმა გაუთვალისწინებელმა ქმედებამაც კი შესაძლოა გამოიწვიოს დიდი მაშტაბის აფეთქება.
1.2.4. შპს ,,ტ---------ი“ დგას გაკოტრების საფრთხის წინაშე, რადგან ახალი დირექტორი მიზანმიმართულად აკოტრებს საწარმოს. იგი საწარმოს კეთილსინდისიერი სტანდარტების მატარებელი არ არის, კომპანიის საკეთილდღეოდ არ მოქმედებს, მას კომპანიაში მხოლოდ პირადი ინტერესები გააჩნია. მან მოიპარა შპს ,,ტ---------ის“ მთელი დოკუმენტაცია, ასევე განცხადებით მიმართა ენერგო პროს და მოითხოვა შუქის გათიშვა, რაც დაკმაყოფილდა და შესაბამისად უშუქოდ დარჩა როგორც ადმინისტრაცია, ასევე ქვემოიჯარე. ამასთან, ის ასევე წარმოადგენს ანალოგიური საქმიანობის მწარმოებელი სხვა საწარმოს დირექტორსაც, რის გამოც ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად არსებობს ინტერესთა კონფლიქტი.
1.3. მოპასუხის პოზიცია
1.3.1.პირველი ინსტანციის სასამართლოში წარმოდგენილი შესაგებლით მოპასუხე გ------- გ--------ემ სარჩელი არ ცნო.
შესაგებელში მოპასუხის მიერ გადმოცემული განმარტებით მიეთითა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
1.3.1.1.. მოპასუხის განმარტებით, იგი საწარმოს ხელმძღვანელობს კეთილსინდისიერად, ორიენტირებულია მის მოგებაზე,მოსარჩელე მხარე კი ხელს უშლის მას და საწარმოსაც მოგების მიღებაში. საწარმოს ძირითად საქმიანობას წარმოადგენს გაზის რეალიზაცია, ხოლო მოსარჩელე მხარე ცდილობს, როგორც ფიზიკურმა პირმა შეიტანოს საწარმოს ტერიტორიაზე გაზი და მოახდინოს მისი რეალიზაცია, განახორციელოს საწარმოსთან კონკურენცია, რის უფლებასაც არ აძლევს და სწორედ აღნიშნულმა განაპირობა მოსარჩელის პრეტენზია.
1.3.1.2. მის მიერ, როგორც საზოგადოების დირექტორის მიერ, ნამდვილად იქნა გამოცემული ბრძანება შპს,,ლ-------სა“და შპს „ტ---------ს“ შორის ერთ დღეს დადებული ორი იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, რადგან აღნიშნული იჯარის ხელშეკრულებებში მოქმედების ვადა იყო სხვადასხვა, ხოლო შედგენის თარიღი ერთი დაიგივე, ამასტან ეჭვს ბადებდა ამ იჯარის ხელშეკრულების ნამდვილობაც, თუმცა იჯარის შეწყვეტის საფუძველი გახდა არა ზემოხსენებული, არამედ იჯარის ქირის გადაუხდელობა.
1.3.1.3.იგი არ აკოტრებს საწარმოს, რაც შეეხება დენის გათიშვას, ასეთს მართალაც ქონდა დროებით ადგილი იმის გამო, რომ იჯარის ხელშეკრულების გაქუმების მიუხედავად შპს ,,ლ-------ი“ არ ტოვებდა იჯარით აღებულ ქონებას.
გამოც მიაჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა.
1.3.2. პირველი ინსტანციის სასამართლოში წარმოდგენილი შესაგებლით მოპასუხე თ----- ე-----–--ემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ იგი არის დაუსაბუთებელი, რის გამოც არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილებით: შპს „ტ---------ის“ 50% წილის მფლობელი პარტნიორის - დ-------- გ----–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა შემდეგი არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 1998 წელს დაფუძნდა შპს ,,ტ---------ი“, რომლის 50%-იანი წილის მფლობელი გახდა თ----- ე-----–--ე, ხოლო 50%-იანი წილის მფლობელი - დ-------- გ----–--ე. შპს ,,ტ---------ის“ საწესდებო კაპიტალი განისაზღვრა 2000 ლარით. საწარმოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილება გააჩნდა დ-------- გ----–--ეს.
2.2. 2017 წლის 08 დეკემბრის პარტნიორთა კრების №3 ოქმის საფუძველზე დ-------- გ----–--ე გათავისუფლდა შპს „ტ---------ის“ დირექტორის თანამდებობიდან.
დადგენილი იქნა სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.3. 2017 წლის 08 დეკემბრის პარტნიორთა კრების საფუძველზე შპს „ტ---------ის“ დირექტორი დ-------- გ----–--ე გათავისუფლდა რა დირექტორის თანამდებობიდან, ამავე პარტნიორთა კრებაზე შპს ,,ტ---------ის“ დირექტორად დაინიშნა გ------- გ--------ე. სამეწარმეო რეესტრში სუბიექტის რეგისტრაცია განხორციელდა 2017 წლის 21 დეკემბერს, შესაბამისად 2017 წლის 21 დეკემბრიდან დღემდე გ------- გ--------ე წარმოადგენს შპს „ტრანგაზის“ დირექტორს და საწარმოში იგი ახორციელებს წარმომადგენლობით და ხელმძღვანელობით უფლებამოსილებას.
2.4. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, ახალი დირექტორი თავისი საქმიანობით აკოტრებს საწარმოს, მან გააუქმა იჯარის ხელშეკრულებები და ახალი ოცწლიანი იჯარის ხელშეკრულება გააფორმა სხვა პირებთან, ასევე თავდასხმებს ახორციელებს შპს
„ტ---------ის“ მოიჯარეებზე. მას არ მოუწვევია პარტნიორთა კრება, კომპანიაში მხოლოდ პირადი ინტერესები გააჩნია, კომპანიის საკეთილდღეოდ არ მოქმედებს და საწარმოს კეთილსინდისიერი სტანდარტების მატარებელი არ არის. მოსარჩელე მხარის განმარტებით, შპს ,,ტ---------ს“ იჯარით ჰქონდა ფართი გადაცემული და მისი შემოსავლის წყაროს სწორეს ეს თანხა წარმოადგენდა, რაც გაუქმებული იქნა ახალი დირექტორის მიერ, მისივე მტკიცებით, გ------- გ--------ე ახორციელებს ერთი და იგივე საქმიანობას რამდენიმე სხვადასხვა კომპანიაში და ადგილი აქვს ინტერესთა კონფლიქტს (საქმიანობის სფეროა გაზის საცალო და საბითუმო რეალიზაციის საქმიანობა) დირექტორის ან/და პარტნიორის სტატუსით
2.5. სასამართლომ გადაწყვეტილების ფაქტობრივი დასაბუთების ნაწილში შეფასების გარეშე გადმოსცა მხარეთა მიერ საქმეზე მოწმედ წარმოდგენილ პირთა განმარტებები, სახელდობრ მიუთითა, რომ მოსარჩელის შუამდგომლობით მოწვეულმა მოწმე ლია ბლუიშვილმა განმარტა, რომ ის წარმოადგენდა შპს ,,ინვესტიცია 2016“-ის ბუღალტერს, რომელსაც საქმიანობის პროცესში მოუწია შპს ,,ტ---------ის“ ანგარიშების გაცნობა. შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ საწარმოში იყო დარღვევები და მასალები გადაეცა ფინანსურ პოლიციას. რამდენიმე თვეში ის დაინიშნა შპს ,,ლ-------ის“ დირექტორად. 2017 წლის დეკემბერში შპს ,,ტ---------ის“ დირექტორად დაიშნა გ------- გ--------ე, რომელიც საწარმოში მივიდა ძალისმიერი მეთოდების გამოყენებით, ამ პერიოდში მას არ ქონია რაიმე გეგმა საწარმოს საქმიანობისთვის. შპს ტ---------ის ტერიტორია გაცემული იყო იჯარით შპს ,,ლ-------ზე“, იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია მას არ მიუღია. როგორც მისთვის ცნობილია შპს ,,ტ---------ს“ ქონდა ფართი გადაცემული იჯარით, საწარმო სხვა საქმიანობას არ ახორცილებდა. სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხის შუამდგომლობით მოწვეულმა მოწმე ემზარ წერეთელმა განმარტა იმის შესახებ, რომ ის გ------- გ--------ის წარმამადგენლობას ახორციელებდა საწარმოში,ეს უკანასკნელი ზრუნავს საწარმოზე და მისი საქმიანობით საწარმოს ზიანი კი არ ადგება, პირიქით, იგი სათანადო კონტროლს ახორციელებს საწარმოს საქმიანობაზე. მას სურდა საწარმოში ინვენტარიზაციის ჩატარება, თუმცა დ-------- გ----–--ე მას არ აძლევდა ამის საშუალებას. სასამართლომ ასევე მიუთიტა მოპასუხის შუამდგომლობით მოვწული მოწმის ლაშა ე-----–--ის ჩვენებაზე, რომელმაც თავის ჩვენებაში დაადასტურა, რომ შპს „ტ---------ი“-ს პარტნიორებს წარმოადგენენ დ-------- გ----–--ე და თ----- ე-----–--ე. ბოლო პერიოდში მათ შორის მდგომარეობა დაიძაბა. დ-------- გ----–--ე დაუკავშირდა თავის ძმას და აცნობა, რომ საწარმოს ჰქონდა ვალები დაახლოებით 200000 ლარის ოდენობით და საჭირო იყო თანხების მოზიდვა,. დ-------- გელენიძის ამ საუბარმა ძმასთან გამოიწვია მათი დაინტერესება ზარალის წარმოშობის საფუვლებთან მიმართებით, რაც გარკვევას საჭიროებდა და დ-------- გ----–--ეს სთხოვეს ანგარიშის წარდგენა , რაზეც მან უარი განაცხადა. რამდენიმე დღეში მათთვის ცნობილი გახდა, რომ შპს ,,ტ---------ი“ ასხვისებდა ქონებას ვინმე ნინო შავგულიძის ვალის გამო. პარტნიორის მიერ მიჩნეული იქნა, რომ დ-------- გ----–--ე საზოგადოების საზიანოდ წარმართავდა საქმიანობას, რის გამოც იგი გადაყენებული იქნა დირექტორის თანამდებობიდან და დირექტორად დანიშნული იქნა გ------- გ--------ე, რომლის საქმიანობით საწარმოს მდგომარეობა გაუმჯობესდა. 2.6. 2017 წლის 01 ივლისს დ-------- გ----–--ეს, როგორც შპს „ტ---------ის“ დირექტორს და შპს „ლ-------ს“ შორის გაფორმდა უძრავი ქონების იჯარის ხელშეკრულება. იჯარის ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა შპს „ტ---------ის“ საკუთრებაში არსებული 1766 კვ.მ. მიწის ფართი. იჯარის ობიექტი გამოიყენებოდა თხევადი გაზის შემოტანა - რეალიზაციისათვის. იჯარის ობიექტი მოიჯარეს გადაეცა 2017 წლის 10 ივლისიდან 2018 წლის 10 ივნისამდე. იჯარის ობიექტით სარგებლობის ყოველთვიური საფასური შეადგენდა 500 ლარს. აღნიშნული იჯარის ხელშეკრულება 2017 წლის 27 დეკემბრის შპს ,,ტ---------ის“ დირექტორის გ------- გ--------ის №1 ბრძანების საფუძველზე, იჯარის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო შპს ,,ტრანგაზის“ მიერ ცალმხრივად იქნა შეწყვეტილი. 2.7. 2017 წლის 28 დეკემბერს გ------- გ--------ეს, როგორც შპს ,,ტ---------ის“ დირექტორს და ირაკლი გ--------ეს შორის გაფორმდა უძრავი ქონების იჯარის ხელშეკრულება. იჯარის ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს შპს „ტ---------ის“ საკუთრებაში არსებული 1766 კვ.მ. მიწის ფართი და მასზე განთავსებული თხევადი გაზის გასამართი სადგური. იჯარის ობიექტით სარგებლობის ფასი ხელშეკრულებით განისაზღვრა ყოველ გადამუშავებულ ერთ ტონა თხევად გაზზე 165 ლარის ოდენობით. იჯარის ხელშეკრულება რეგისტრირებულია საჯარო რესტრში 2017 წლის 29 დეკემბერს. გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება 2.8. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ მიუთითა ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9, მე-91, 47-ე მუხლებზე და განმარტა შემდეგი: 2.9. სასამართლოს თვალსაზრისით, მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის დავის სწორად გადაწყვეტისთვის ძირითად საკითხს წარმოადგენს იმის შეფასება, შპს „ტ---------ის“ დირექტორი გ------- გ--------ე აყენებს თუ არა საწარმოს ზიანს თავისი საქმიანობით და ხომ არ უქმნის საფრთხეს საწარმოს გაკოტრებას. 2.10. სასამართლომ მიუთითა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, სახელდობრ იმის შესახებ, რომ 2017 წლის 21 დეკემბრიდან შპს „ტ---------ის“ დირექტორია გ------- გ--------ე. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე მოპასუხე გ------- გ--------ე გადაყენებული იქნას შპს „ტ---------ის“ დირექტორის თანამდებობიდან. მხარე სადავოდ არ ხდის დირექტორის დანიშვნის ლეგიტიმურობას, მისი მტკიცებით ახალი დირექტორი მიზანმიმართულად აკოტრებს საწარმოს. 2.11. სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია მოსარჩელის მტკიცება იმასთან დაკავშირებით, რომ იჯარის ხელშეკრულების გაუქმების გამო საწარმო დგას გაკოტრების წინაშე და განმარტა, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა არათუ ზიანის არსებობა და საწარმოს გაკოტრების საფრთხის წინაშე ყოფნა, არამედ ის ფაქტობრივი გარემოებებიც კი, რაც მოსარჩელის მოსაზრებით ზიანის გამომწვევია. სასამართლომ აღნიშნა რომ მოსარჩელის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ახალი დირექტორის საქმიანობა მიმართულია მხოლოდ პირადი ინტერესებისთვის, რომ იგი არ მოქმედებს საზოგადოების საკეთილდღეოდ, არ არის საწარმოს კეთილსინდისიერი სტანდარტების მატარებელი და მოქმედებს საზოგადოების ინტერესების წინააღმდეგ, არადამაჯერებელი და საფუძველს მოკლებულია. სასამართლომ განმარტა, რომ მოცემული საკითხის შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ის გარემოებაც, რომ ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტის გზები ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ადამიანის (საწარმოს დირექტორის) სუბიექტურ ხედვაზე ამა თუ იმ საკითხის მიმართ. დირექტორის საქმიანობის შეფასებისას ამოსავალი წერტილი უნდა იყოს შედეგი, გამოხატული დამდგარ ზიანში, რომელიც აისახება საწარმოს განვითარების ეკონომიკურ მაჩვენებლებში. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ დაადასტურა გ------- გ--------ის მხრიდან საწარმოსთვის ზიანის მიყენების ან გაკოტრების საფრთხის წინაშე დაყენების ფაქტი. 2.12. სასამართლომ განმარტა, რომ ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველ პუნქტში დასახელებულ პირებს საზოგადოების მიმართ გააჩნიათ ფიდუციური მოვალეობები. ერთის მხვრივ საზოგადოების საქმეებს გაუძღვნენ კეთილსინდისიერად, ზრუნავდნენ ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი საღად მოაზროვნე პირი და მოქმედებდნენ იმ რწმენით, რომ მათი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის. 2.13. სასამართლომ აღნიშნა, რომ მტკიცების თვალსაზრისით მსგავსი კატეგორიის საქმეებზე მოსარჩელის ვალდებულებას წარმოადგენს იმ ფაქტის არსებობის დამტკიცება, რაზეც ამყარებს თავის სასარჩელო მოთხოვნას. მოსარჩელემ უნდა მიუთითოს და წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა გ------- გ--------ის მიერ იჯარის ხელშეკრულების გაუქმების შედეგად საწარმოს მატერიალური დანაკლისის ფაქტს, რომელიც დირექტორის ბრალეული ქმედების შედეგია. ამასთან სასამართლომ მიუთითა იმის თაობაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე საწარმოს გაკოტრების საფრთხის წინაშე ყოფნის და ზიანის მიყენების ფაქტს ამყარებდა შპს ,,ტრანგაზის“ მიერ შპს ,,ლ-------თან“ იჯარის ხელშეკრულების გაუქმებაზე აპელირებით, თუმცა ასეთის გაუქმებით საწარმომ რომ უტყუარად განიცადა ზიანი, ამის დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია. 2.14. სასამართლომ მიუთითა იმაზე, რომ მოსარჩელე მხარის მტკიცებით, გ------- გ--------ე ახორციელებს ერთი და იგივე საქმიანობას რამდენიმე სხვადასხვა კომპანიაში, რითაც ადგილი აქვს ინტერესთა კონფლიქტს, საქმიანობის სფეროა გაზის საცალო და საბითუმო რეალიზაცია დირექტორის ან/და პარტნიორის სტატუსით. ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-5 პუნქტზე მითითებით სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის ამგვარი მოსაზრება და განმარტა, რომ ფიდუციური ვალდებულებების არსი მოითხოვს ხელმძღვანელისაგან არ იმოქმედოს ინტერესთა კონფლიქტის დროს საწარმოს ინტერესების საპირისპიროდ, არ განახორციელოს ქმედებები, რომლებიც აშკარად ეწინააღმდეგება საწარმოს ინტერსებს. ინტერესთა კონფლიქტი სახეზეა, როცა ხელმძღვანელი პირი გარიგების მხარეა, გარიგების მიმართ მნიშვნელოვანი ინტერესი აქვს, ან იცის, რომ მასთან დაკავშირებული პირი გარიგების მონაწილე არსებითი ინტერესის მქონეა. ამასთან სასამართლომ განმარტა, რომ სამართლის ზოგადი პრინციპიდან გამომდინარე, არაკეთილსინდისიერად ქცევის ფაქტის მტკიცების ტვირთი იმ მხარეზეა, ვინც ეჭქვეშ აყენებს სხვის კეთილსინდისიერებას და მიუთითა იმაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მხრიდან არ არის წარმოდგენილი საკმარისი მტკიცებულება აღნიშნულის დასაბუთებისათვის. 2.15. სასამართლომ ასევე განმარტა, რომ დირექტორის დაკავებული თანამდებობიდან გადაყენება მოითხოვს დასაბუთებულ მოტივაციას. დირექტორის გათავისუფლების საფუძველია საწარმოს წესდებით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დირექტორის მხრიდან მის უფლებამოვალეობათა დარღვევა. სამეწარმეო გადაწყვეტილებათა მიღებისას საზოგადოების ხელმძღვანელთა პასუხისმგებლობის საკითხებს აწესრიგებს ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მეექვსე ნაწილი, სადაც ნათქვამია, რომ ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული პირები და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები საზოგადოების საქმეებს უნდა გაუძღვნენ კეთილსინდისიერად; კერძოდ, ზრუნავდნენ ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი, და მოქმედებდნენ იმ რწმენით, რომ მათი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის. თუ ისინი არ შეასრულებენ ამ მოვალეობას, საზოგადოების წინაშე წარმოშობილი ზიანისთვის პასუხს აგებენ სოლიდარულად, მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ. 2.16. სასამართლომ აპელირება გააკეთა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლზე, რომლის თანახმად, საწარმოს პარტნიორები მმართველობით უფლებამოსილებას ახორციელებენ პარტნიორთა საერთო კრების მეშვეობით. პარტნიორთა კრება განსაზღვრავს საწარმოს ძირითად მიმართულებებსა და ზოგადად, საქმიანობის პოლიტიკას, ხოლო დირექტორი კი არის პარტნიორთა მიერ შემუშავებული ძირითადი მიმართულებებისა და პოლიტიკის განმახორციელებელი. მისი კომპეტენცია და პასუხისმგებლობის მოცულობა განისაზღვრება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით ან/და საწარმოს წესდებით. ზემოხსენებულთან ერთად საამართლომ ხაზგასმა გააკეთა ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-91 მუხლზე, რომელიც აწესრიგებს საკითხს იმის თაობაზე, თუ ვინ არის დირექტორის დანიშვნაზე უფლებამოსილი პირი და აღნიშნა, რომ მითითებული ნორმის თანახმად მხოლოდ პარტნიორთა კრება იღებს გადაწყვეტილებას ისეთ საკითხზე როგორიცაა - დირექტორის დანიშვნა და გამოწვევა, მათთან ხელშეკრულებების დადება და შეწყვეტა. 2.17. სასამართლომ დასკვნის სახით აღნიშნა, რომ „მეწარმეთა შესახებ“ კანონისა და საზოგადოების წესდების ნორმების ანალიზის შედეგად, დირექტორის დანიშვნა და გამოწვევა, ხორციელდება პარტნიორების მიერ თავისუფლების საწყისებზე გამოვლენილი ნების საფუძველზე. შესაბამისად, დაუშვებელია ნებაზე ზემოქმედება იძულების წესით. ზემოხსენებული სამართლებრივი თვალსაზრისი შეაჯერა რა განსახილველ საქმეში წარმოდგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში პარტნიორთა კრებას არ მიუღია გადაწყვეტილება დირექტორის გ------- გ--------ის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე და რომ მოსარჩელის მოთხოვნა ამ მხვრივაც მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. აპელანტის მითითებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია საქმისათვის მნიშვნელობის მქონედ მოპასუხის მიერ მოწვეული მოწმე ემზარ წერეთელის ჩვენება, რომელმაც განმარტა, რომ გ------- გ--------ე ზრუნავს საწარმოზე და მისი საქმიანობით ზიანი არ ადგება ორგანიზაციას, თუმცა კონკრეტულად ვერ მიუთითა თუ რაში გამოიხატებოდა დირექტორის კომპანიაზე ზრუნვა. ემზარ წერეთელი არის მოპასუხის ინტერესების დამცველი მხარე და ბუნებრივია იყო მიკერძოებული, საქმის შედეგით დაინტერესებული. აღსანიშნავია, რომ მოპასუხის მიერ წარმოდგენილ შესაგებელში არ მოიპოვება მტკიცებულება, რითაც შპს ,,ტ---------ის“ პროგრესი, მოგება ან რაიმე სახის შემოსავალი დასტურდება. 3.2. სასამართლომ არ გაითვალისწინა მოწმე ემზარ წერეთელის ჩვენება, რომელმაც განმარტა, რომ კომპანიის დირექტორი გ------- გ--------ე ცხოვრობს და საქმიანობს იგივე საქმიანობის (გაზის რეალიზაცია) კუთხით ქალაქ თბილისში, რის გამოც ქუთაისში და შპს ,,ტ---------ში“ იშვიათად ჩამოდის, ამასთან თავის მხრივ მოწმე კომპანიაში მოწვეულ იქნა მეგობრის -ამავე კომპანიის დამფუძნებელ თ----- ე-----–--ის თხოვნით და მასზედ გაცემულია რწმუნებულება, როგორც შპს ,,ტ---------ის“ დირექტორის წარმომადგენელზე, თუმცა მას ამ საქმიანობის შესახებ არაფერი გაეგება. ასევე მოწმემ ვერ განმარტა თუ რა გახდა საფუძველი ორგაზაციაში ელ. ენერგიის გათიშვის, იჯარის ხელშეკრულებების გაუქმების, დაცვის თანამშრომლების ტერიტორიიდან დათხოვნის და ა.შ. 3.3. სასამართლომ არასწორად გაიზიარა მოპასუხის მიერ მოწვეული მოწმე ლაშა ე-----–--ის ჩვენება, რომლის მიერ მითითებულ გარემოებებზე არც მოპასუხის შესაგებელში იყო რაიმე მითითებული და არც რაიმე დამადასტურებელი მტკიცებულება მოიპოვებოდა საქმის მასალებში. მის მიერ მიცემული ჩვენება სრული სიცრუე იყო და ეფუძნებოდა მხოლოდ და მხოლოდ მოპასუხეთა პოზიციის გამყარებას, რადგან იგი არის მოპასუხე თ----- ე-----–--ის შვილი და შესაბამისად, დაინტერესებულ პირი. 3.4. სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ 2017 წლის 01 ივლისის საიჯარო ხელშეკრულების თანახმად შპს ,,ტ---------ისათვის“ და შპს ,,ლ-------ის“ მიერ საიჯარო თანხების გადაუხდელობის საკითხი, რადგან მოწმეთა ჩვენებით, ცნობით და საბანკო გადარიცხვებით დასტურდება საიჯარო თანხების გადახდა. 3.5. სასამართლომ ასევე არასწორად დაადგინა და არასწორად გადაანაწილა მტკიცების ტვირთი, კერძოდ: სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ შპს ,,ტ---------ს“ და ირაკლი გ--------ეს შორის გაფორმებული იქნა იჯარის ხელშეკრულება. მართალია, მხარეთა მიერ წარმოდგენილია საიჯარო ხელშეკრულება, მაგრამ მოპასუხეს, ვის მტკიცების ტვირთსაც წარმოადგენდა 28.12.2018 წლის საიჯარო ხელშეკრულების მართებულობა და სინამდვილე, რაც დადასტურდებოდა საიჯარო თანხის ჩარიცხვის დოკუმენტებით, მტკიცებულება სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია, ხოლო სასამართლომ ეს ფაქტობრივი გარემოება დადგენილად ჩათვალა. 3.6 სასამართლომ არასწორად არ მიიჩნია საქმისათვის მნიშვნელობის მქონედ ის ფაქტობრივი გარემოებები, რომ: შპს ,,ტ---------ის“ დირექტორ გ------- გ--------ეს არ გაფორმებია შრომითი ხელშეკრულება, არ განსაზღვრულა მისი საქმიანობის შესაბამისი განმსაზღვრელი ყოველთვიური ხელფასი (სარგო), დირექტორს არ მოუწვევია პარტნიორთა კრება და არ განუსაზღვრია ორგანიზაციის საქმიანობის სამომავლო გეგმა. სასამართლოს არ გამოუკვლევია: თუ რატომ არ ცხადდებოდა სამსახურში დირექტორი და რამ განაპირობა ორგანიზაციის დირექტორობის პერიოდში მისი ძირათადად თბილისში ცხოვრება და სხვა სამსახურში საქმიანობა; რა აუცილებლობით გაითიშა ორგანიზაციაში ელ. ენერგია; რატომ დაითხოვეს დაცვის თანამშრომლები; რატომ გახდა აუცილებელი გ------- გ--------ის დირექტორად დანიშვნის დღიდან ხუთ დღეში საიჯარო ხელშეკრულების გაუქმება და ბოლოს გ------- გ--------ის დირექტორად დანიშვნის დღიდან სასამართლოში მისი განთავისუფლების მოთხოვნის დრომდე რა მოგება და წაგება გააჩნდა შპს ,,ტ---------ს“. 3.7. სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, რადგან დირექტორის მოვალეობას წარმოადგენს კომპანიისადმი ზრუნვის ვალდებულება, დირექტორი საქმეებს უნდა წარუძღვეს კეთილსინდისიერად და ზრუნავდეს კომპანიის მოგებაზე. მოცემულ შემთხვევაში შპს ,,ტ---------ის“ დირექტორის მხრიდან/ქმედებებიდან თვალსაჩინოა დირექტორის გულგრილი და ზერელე დამოკიდებულება კომპანიის მიზანმიმართული ზიანის მოსატანად და გასაკოტრებლად, რაც გამოიხატება შემდეგში: 1. დირექტორისათის შრომითი ხელშეკრულებისა და ხელფასის არარსებობა (დირექტორს მოტივაცია, დაინტერესება არ გააჩნია); 2. დირექტორის მხრიდან პარტნიორთა ყოველწლიური კრების მოწვევის არარსებობა; 3. დირექტორის მიერ ორგანიზაციის საქმიანობის სამომავლო გეგმის განუსაზღვრელობა (ჩამოუყალიბებლობა); 4. ძირითად სამუშაო ადგილზე შპს ,,ტ---------ში" სისტემატიური არყოფნა და კომპანიის მიმართ არაჯანსაღი ზერელე დამოკიდებულება; 5. საიჯარო ხელშეკრულებების გაუქმება; 6. ორგანიზაციის დალუქვა და ელ. ენერგიის გაურკვეველი მიზეზით პარალიზება; 7. ორგანიზაციიდან დაცვის თანამშრომლები დათხოვნა; 8. პარტნიორის ორგანიზაციის ტერიტორიაზე არ დაშვება; 9. პარტნიორთათვის ორგანიზაციის (სტანდარტით გათვალისწინებული მინიმალური) ინფორმაციების არმიწოდება; 10. ორგანიზაციის დოკუმენტების დატაცება; 11. ორგანიზაციაში დანიშვნის დღიდან ორგანიზაციის მოგების ან საამისოდ გატარებული ქმედითი ღონისძიებების არ არსებობის ფაქტი (ორგანიზაციის უფუნქციონირებისა და საბანკო ვალდებულებათა არგადახდა, შემოსავლების არარსებობის გამო, კერძოდ: მოპასუხეთა განმარტებების საფუძველზე მიწის ნაკვეთი იჯარითაა გაცემული და სხვა შემოსავალი არ გააჩნიათ, შესაბამისად იჯარის თანხის არსებობის შემთხვევაშიც კი საბანკო ვალდებულებათა შესრულება შეუძლებელია და ორგანიზაციის იძულებითი რეალიზაცია გარდაუვალია). 3.8. საქმეში არსებული დოკუმენტებით დასტურდება, რომ შპს ,,ტ---------ის" დირექტორი: გ------- გ--------ე ხუთ სხვადასხვა ორგანიზაციაში საქმიანობას ეწევა იმავე ტიპის საქმიანობის დარგში, როგორიცაა შპს ,,ტ---------ის“ საქმიანობა, როგორც დირექტორი და როგორც პარტნიორი. ასევე დასტურდება, რომ დირექტორად დანიშნულია მეორე პარტნიორ დ-------- გ----–--ის თანხმობის გარეშე (საერთოდ ორივე პარტნიორის თანხმობების გარეშე). კანონის თანახმად, დირექტორს არ აქვს უფლება, პარტნიორების თანხმობის გარეშე განახორციელოს იგივე საქმიანობა, რომელსაც ეწევა საზოგადოება, ან მონაწილეობა მიიღოს, როგორც მსგავსი ტიპის სხვა საზოგადოებაში პერსონალურად პასუხისმგებელმა პარტნიორმა ან დირექტორმა, რითაც აშკარად იკვეთება ინტერესთა კონფლიქტი და ორგანიზაციის მიზანმიმართული გაკოტრება. 3.9. სასამართლომ გამოიყენა ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი, მაგრამ ნორმის მითითების გარეშე განმარტა იმის შესახებ, რომ ,,დირექტორის დანიშვნა და გამოწვევა, ხორციელდება პარტნიორთა მიერ თავისუფლების საწყისებზე გამოვლენილი ნების საფუძველზე, შესაბამისად დაუშვებელია ნებაზე ზემოქმედება იძულების წესით. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ პარტნიორთა კრებას არ მიუღია გადაწყვეტილება დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე და მოსარჩელის მოთხოვნა ამ მხრივ მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ ანალიზს. 3.10. აპელანტის თვალსაზრისით,ისეთ შემთხვევაში, თუკი სასამართლო თვლიდა, რომ პარტნიორთა კრების მოწვევა/გადაწყვეტილების გარეშე სასამართლოში საქმის წარმოება მოკლებული იყო სამართლებრივ შედეგებს, საქმე წარმოებაში არ უნდა მიეღო. სასამართლოს საქმის მასალებში მრავლადაა წარმოდგენილი დოკუმენტაცია პარტნიორთა კრების მოწვევის და არშემდგარი კრებების შესახებ, პარტნიორთა დაპირისპირება და პოლიციის ჩართულობა მდგომარეობის განსამუხტავად. პარტნიორებს გააჩნიათ 50-50%-იანი წილები, შესაბამისად დავის (კონფლიქტის) და შეუთანხმებლობის გარეშე შედეგის მიღწევა შეუძლებელია, შესაბამისად - პარტნიორთა მიერ თავისუფლების საწყისებზე, ნების გამოვლენის საფუძვლებზე და ნებაზე ზემოქმედებაზე სასამართლოს მიერ მითითება საფუძველს მოკლებულია.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. პალატა სრულიად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ამ გადაწყვეტილების 2.1-2.3 პუნქტებში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს, მის სამართლებრივ შეფასებებს და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, სწორად დაადგინა დავის საგანთან მიმართებაში არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, ასევე, დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა და განმარტა მითითებული სამართლის ნორმები. 4.2. პალატა აპელანტის მიერ დაყენებულ მოთხოვნებთან მიმართებით დამატებით ადგენს, რომ საქმეში არსებული შპს ,,ტ---------ის“ წესდების თანახმად: 3.1. პუნქტი - პარტნიორებს უფლება აქვთ მონაწილეობდნენ საწარმოს საქმეთა მართვაში ამ წესდებით განსაზღვრული პირობებით; 6.2. პუნქტი - საწარმოს მმართველი ორგანოა მეწარმეთა კრება, რომელშიც შედის ყველა პარტნიორი; 6.7. პუნქტი - პარტნიორთა კრების განსაკუთრებული კომპეტენციაა: დ) საწარმოს დირექტორის დანიშვნა/გამოწვევა, მისი წლიური ანგარიშის დამტკიცება; 6.16. პუნქტი - საწარმოში ხელმძღვანელის ფუნქციას ასრულებს დირექტორი, რომელიც ახორციელებს საწარმოს წარმართვას, იგი ანგარიშვალდებულია პარტნიორთა კრების წინაშე; 6.17. პუნქტი - დირექტორს არ შეუძლია ეწეოდეს იმავე საქმიანობას, რასაც ეწევა საწარმო ან მონაწილეობდეს იმ საწარმოში, რომელიც იმავე საქმიანობას ეწევა. ამ წესის დარღვევისას დირექტორი ვალდებულია უკან დააბრუნოს საწარმოს ამ საქმიანობით მიღებული ყველა სიკეთე (გასამრჯელოს ჩათვლით) ან აუნაზღაუროს ამ ქმედებით მიყენებული ზარალი; 6.20. პუნქტი - დირექტორი ნიშნავს საწარმოს ყველა თანამშრომელს; 6.21. პუნქტი - დირექტორი წარმოადგენს საწარმოს მესამე პირთან სამართლებრივ ურთიერთობებში ერთპიროვნულად ან პროკურისტთან (პროკურისტებთან) ერთობლივად პარტნიორთა კრებას გადაცემული აქვს პროკურა. დირექტორს შეუძლია წერილობითი მინდობილობა მისცეს ამა თუ იმ პირს (ან რამდენიმე პირს ერთობლივად) საწარმოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით იურიდიულ დებულებათა განსახორციელებლად, მინდობილობის შინაარსის შესაბამისად (იხ. წესდება ტომი 1-ლი, ს/ფ 33-41). 4.3. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნაა შპს ,,ტ---------ის“ დირექტორის თანამდებობიდან გადაყენება. 4.4. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, კომპანიის დირექტორს აკისრია განსაკუთრებული მოვალეობები კომპანიის წინაშე, რომლებსაც ეწოდება „ფიდუციური მოვალეობები“ , რაც მოიცავს დირექტორის მოვალეობას საზოგადოების საქმეებს გაუძღვეს კეთილსინდისიერად, კერძოდ, ზრუნავდეს ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი, და მოქმედებდეს იმ რწმენით, რომ მისი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის („ზრუნვის მოვალეობა“). აღნიშნული მოვალეობა ხშირ შემთხვევაში განმტკიცებულია როგორც კანონით, ისე კომპანიის წესდებით. 4.5. საწარმოს ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის (დირექტორი) მოვალეობები სამ ნაწილად შეიძლება დაიყოს: ა) გულმოდგინება, ბ) ერთგულება და გ) კეთილსინდისიერება. გულმოდგინების მოვალეობა გულისხმობს, დირექტორის მიერ ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რომელსაც მიიღებდა ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივ საღად მოაზროვნე პირი. ერთგულების მოვალეობა მოიცავს კორპორაციის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე გადაწყვეტილების მიღებას. კეთილსინდისიერება კი გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით და ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას. კეთილსინდისიერება როგორც ნორმატიული, ისე სუბიექტური ნების განმარტების ინსტრუმენტია. მის საფუძველზე აღმოიფხვრება როგორც კანონის, ისე ხელშეკრულების ხარვეზი. დირექტორს გონივრულად უნდა სწამდეს, რომ მოქმედებს კორპორაციის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. ფიდუციური მოვალეობის საფუძველი, კეთილსინდისიერების ზოგადი სტანდარტია. თანამედროვე საკორპორაციო სამართალში დიდი მნიშვნელობა ენიჭება „სამეწარმეო განსჯის წესს“ ანუ, მოქმედებს პრეზუმფცია, რომ გადაწყვეტილების მიღებისას საწარმოს დირექტორები მოქმედებდნენ კორპორაციის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, კეთილსინდისიერებისა და ინფორმირებულობის პრინციპის დაცვით, შესაბამისად, დირექტორების წინააღმდეგ სარჩელის შეტანის შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე ვალდებულია, გადალახოს აღნიშნული პრეზუმფცია. დერივაციული სარჩელი წარმოადგენს დირექტორთა კორპორაციული ანგარიშვალდებულების მექანიზმს. დერივაციული სარჩელი უზრუნველყოფს, რომ დირექტორის არამართლზომიერი ქმედებით გამოწვეული ზიანი ანაზღაურებული იქნება კომპანიისათვის კომპანიის სახელით მოქმედი აქციონერის (პარტნიორის) მიერ სასამართლოსათვის მიმართვის გზით. ასეთი სარჩელი, ერთის მხრივ, ერთგვარი პრევენციაა დირექტორის მხრიდან გადაცდომის საწინააღმდეგოდ, როდესაც მას გააზრებული აქვს, რომ აქციონერი (პარტნიორი) უფლებამოსილია დირექტორატის გვერდის ავლით დამოუკიდებლად აღძრას სარჩელი კომპანიის სახელით და მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. დერივაციული სარჩელის აღვრა უნდა მოხდეს ყოველი კონკრეტული საქმის გარემოებების გათვალისწინებით (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 06 ნოემბრის №ას-687-658-2016 გადაწყვეტილება). 4.6. ზრუნვის მოვალეობა მოითხოვს დირექტორისაგან მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც გამოიწვევს კომპანიის მოგების გაზრდას. აღნიშნული გადაწყვეტილებები შეიძლება იყოს მაღალი რისკის მატარებელიც და მცდარიც, თუმცა „ბიზნეს გადაწყვეტილების მართებულობის“ პრეზუმფციიდან გამომდინარე, თუ ხელმძღვანელი კეთილგონიერების ფარგლებში მოქმედებს იმ რწმენით, რომ მისი გადაწყვეტილება მიღებულია საზოგადოების საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზნით და ამ გადაწყვეტილების მიღებისას იგი ინფორმირებული იყო იმ ზომით, რაც მას, მოცემულ ვითარებაში საკმარისად მიაჩნდა, ამ გადაწყვეტილების შედეგებისათვის კომპანიის დირექტორი დაცულია პირადი პასუხისმგებლობისაგან. 4.7. ფიდუციური მოვალეობები, კერძოდ, ზრუნვისა და ერთგულების მოვალეობა, დირექტორს გააჩნია საზოგადოების წინაშე, შესაბამისად, ამ მოვალეობების დარღვევისათვის მისი პასუხისმგებლობა დგება საზოგადოების და არა საზოგადოების პარტნიორების ან რომელიმე პარტნიორის მიმართ. აღნიშნული გამომდინარეობს „მეწარმეთა შესახებ“ კანონის იმავე მე-9 მუხლიდან, რომლის შესაბამისადაც, დირექტორი საკუთარი მოვალეობების დარღვევისაგან წარმოშობილი ზიანისათვის პასუხს აგებს საზოგადოების წინაშე, მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ. 4.8. ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-91 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ კანონით ან საწარმოს წესდებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, პარტნიორთა საერთო კრების მოწვევის, ჩატარების წესი და მისი კომპეტენცია განისაზღვრება ამ მუხლით დადგენილი წესების მიხედვით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კრება გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება (ესწრებიან) ხმების უმრავლესობის მქონე პარტნიორი (პარტნიორები). კრება გადაწყვეტილებებს იღებს დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. თუ კრება არ არის გადაწყვეტილებაუნარიანი, მაშინ კრების მომწვევს შეუძლია იმავე წესითა და იმავე დღის წესრიგით ხელახლა მოიწვიოს კრება. მეორე კრება გადაწყვეტილებაუნარიანია მაშინაც კი, თუ მასზე არ გამოცხადდება (გამოცხადდებიან) ხმების უმრავლესობის მქონე პარტნიორი (პარტნიორები). ამავე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში კრება იღებს გადაწყვეტილებას დირექტორების დანიშვნისა და გამოწვევის, მათთან ხელშეკრულებების დადებისა და შეწყვეტის, აგრეთვე მათი ანგარიშების დამტკიცების შესახებ. 4.9. ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 46-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პარტნიორთა უფლება-მოვალეობები და წილების თავდაპირველი განაწილების წესი განისაზღვრება საწარმოს წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით). ამავე კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საწარმოს პარტნიორები მმართველობით უფლებამოსილებას ახორციელებენ პარტნიორთა საერთო კრების მეშვეობით, თუ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პარტნიორთა კრების კომპეტენცია, კრების ჩატარების წესი და გადაწყვეტილების მიღების პროცედურა განისაზღვრება ამ კანონით ან/და საწარმოს წესდებით. ხოლოს ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დირექტორის კომპეტენცია და პასუხისმგებლობის მოცულობა განისაზღვრება ამ კანონით ან/და საწარმოს წესდებით. 4.10. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული შპს ,,ტ---------ის“ წესდებით დადგენილია, რომ საწარმოს მმართველი ორგანოა მეწარმეთა კრება, რომელშიც შედის ყველა პარტნიორი (6.2 პუნქტი); ხოლო პარტნიორთა კრების განსაკუთრებული კომპეტენციაა: დ) საწარმოს დირექტორის დანიშვნა/გამოწვევა, მისი წლიური ანგარიშის დამტკიცება (6.7 პუნქტი). 4.11. სააპელაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ როგორც კანონის, ისე საწარმოს წესდების თანახმად მხოლოდ პარტნიორთა კრებას შეუძლია დირექტორის დანიშვნის/გამოწვევის შესახებ გადაწყვეტილების მიღება, რადგან არც „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი და არც სხვა რომელიმე ნორმატიული აქტი არ ითვალისწინებს სხვა პირის ან სასამართლოს მიერ დირექტორის დანიშვნის/გამოწვევის შესაძლებლობას. შესაბამისად,მოსარჩელე მხარის მიერ შესაბამისი მტკიცებულებებით, რეალურად კიდევაც რომ დადასტურდეს დირექტორის მხრიდან კომპანიისათვის ზიანის მიყენების ფაქტი -პარტნიორის დირექტორობიდან გამოწვევის საფუძველი, კანონის თანახმად, სასამართლო მაინც არ იქნება უფლებამოსილი შეაფასოს და იმსჯელოს დირექტორის გამოწვევა/დანიშვნის საკითხზე. ვინაიდან, როგორც უკვე აღინიშნა, როგორც ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი, ასევე მოცემული საზოგადოების წესდება ცალსახად და იმპერატიულად ადგენს, რომ აღნიშნული მხოლოდ და მხოლოდ კომპანიის პარტნიორთა კრების დისკრეციას წარმოადგენს. ამდენად, სასამართლო, სპეციალური ნორმატიული აქტების რეგულაციის პირობებში ვერ ჩაერევა აღნიშნულ სამეწარმეო ურთიერთობების მოწესრიგებაში. 4.12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე , მიუხედავად იმისა, რომ პარტნიორების 50-50%-იანი წილობრივი მონაწილეობა კომპანიაში აძნელებს კონკრეტული მხარისათვის სასურველი გადაწყვეტილების მიღებას, აღნიშნული ვერ გახდება სამეწარმეო ურთიერთობებში სასამართლოს ჩარევს საფუძველი. პარტნიორები ვალდებულნი არიან თავად დაარეგულირონ ურთიერთობები და იმოქმედონ მხოლოდ საწარმოს ინტერესებიდან გამომდინარე, რათა თავიდან აარიდონ მას ყოველგვარი ზიანი, თუნდაც იმიტომ, რომ კომპანიის უკან დგას სწორედ პარტნიორთა ქონებრივი ინტერესები. სასამართლოს ჩარევა განსახილველ ურთიერთობაში თავდაყირა აყენებს სამეწარმეო სამართლით განმტკიცებულ პრინციპებს და წარმოადგენს სახელმწიფოს უხეშ ჩარევას კერძო ავტონომიაში. სამეწარმეო ურთიერთობებში მოქმედებს მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი. მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა ორი პირის - თ----- ე-----–--ისა და დ-------- გ----–--ის საერთო ქონება - კომპანია. ისინი შეთანხმებული არიან კომპანიის დაფუძნებისას, რომ დირექტორს მხოლოდ ერთობლივად დანიშნავენ, ამასვე ამბობს კანონიც. შეთანხმებულ წესდებაში გაწერილია მათი ნება, რომლითაც მათ განსაზღვრეს საკუთარი უფლება-მოვალეობები. მაშინ როდესაც კომპანიას აფუძნებს ორი პარტნიორი თანაბარი წილობრივი მონაცემებით, ისინი თავიდანვე მიდიან გარკვეულ რისკებზე. როგორც წესი ასეთ შემთხვევაში პარტნიორები თავიდანვე შეგნებულად თანხმდებიან, რომ დავის არსებობის შემთხვევაში იმოქმედონ კომპანიის საუკეთესო ინტერესებისათვის. 4.13. პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა დავა, რომელიც შეეხება კომპანიის დირექტორის გამოწვევას. ვინაიდან ორივე პარტნიორს აქვს ხმების თანაბარი ოდენობა, შეიქმნა ე.წ. ,,ჩიხური სიტუაცია“. პალატა მიუთითებს, რომ როგორც წესი სასამართლოებს ინსტიტუციონალურად არ შესწევთ სამეწარმეო გადაწყვეტილების შეფასების უნარი, ვინაიდან მოსამართლეებს ზოგადად არ აქვთ მეწარმეობის საჭირო ცოდნა და ბიზნესის წარმოების გამოცდილება, რაც მნიშვნელოვანია, სამეწარმეო გადაწყვეტილების შინაარსის შეფასებისას. სწორედ ამიტომ არის დაუშვებელი სასამართლოს ჩარევა პარტნიორთა კრების კომპეტენციაში და ხმების გაყოფისას სხვა პარტნიორის ნაცვლად სასამართლოს მიერ ნების გამოვლენა არასწორია. 4.14. გარდა ამისა, პალატა მიუთითებს, რომ საზოგადოების დირექტორს, როგორც ხელმძღვანელ ორგანოს, საკმაოდ მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ფუნქცია აკისრია საზოგადოების საქმიანობასთან დაკავშირებით, თუმცა, ამავდროულად, საზოგადოების ინტერესები და უფლებები დაცულია არა მხოლოდ დირექტორის, არამედ კომპანიის უმნიშვნელოვანესი ორგანოების (პარტნიორთა კრება) კანონშესაბამისი ხელმძღვანელობითი და მაკონტროლირებელი საქმიანობით. უდავოა, რომ დირექტორს თავისი მოვალეობათა დარღვევისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება, მაგრამ, ამავდროულად, დავის შემთხვევაში ზუსტად უნდა გაირკვეს პასუხისმგებლობის სამართლებრივი საფუძველი – მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რასაც მოჰყვა უშუალოდ ზიანი. დირექტორის არამართლზომიერი ქმედება ძირითადად ორ ჯგუფად შეიძლება დაიყოს: პირველს განეკუთვნება ე.წ. კანონისმიერი მოვალეობების დარღვევა (მოვალეობები, რომლებიც კანონით არის გათვალისწინებული), ხოლო მეორეს – მოვალეობები, რომლებიც დირექტორის გადაწყვეტილების თავისუფლების სფეროდან მომდინარეობს (გულმოდგინე ხელმძღვანელობის მოვალეობა, ერთგულების მოვალეობა). საზოგადოების დირექტორის ვალდებულებაა კეთილსინდისიერად შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობები, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, აანაზღაუროს საზოგადოებისათვის მიყენებული ზიანი. ამასთან, სამართლის ზოგადი პრინციპებიდან გამომდინარე, არაკეთილსინდისიერად ქცევის ფაქტის მტკიცების ტვირთი იმ მხარეზეა, ვინც ეჭვქვეშ აყენებს სხვის კეთილსინდისიერებას. 4.15. მოცემულ შემთხვევაში აპელანტი მიუთითებს, რომ შპს ,,ტ---------ის“ დირექტორის მხრიდან/ქმედებებიდან თვალსაჩინოა დირექტორის გულგრილი და ზერელე დამოკიდებულება კომპანიის მიზანმიმართული ზიანის მოსატანად და გასაკოტრებლად, რაც გამოიხატება შემდეგში: 1. დირექტორისათის შრომითი ხელშეკრულებისა და ხელფასის არარსებობა (დირექტორს მოტივაცია, დაინტერესება არ გააჩნია); 2. დირექტორის მხრიდან პარტნიორთა ყოველწლიური კრების მოწვევის არარსებობა; 3. დირექტორის მიერ ორგანიზაციის საქმიანობის სამომავლო გეგმის განუსაზღვრელობა (ჩამოუყალიბებლობა); 4. ძირითად სამუშაო ადგილზე შპს ,,ტ---------ში" სისტემატიური არ ყოფნა და კომპანიის მიმართ არაჯანსაღი ზერელე დამოკიდებულება; 5. საიჯარო ხელშეკრულებების გაუქმება; 6. ორგანიზაციის დალუქვა და ელ. ენერგიის გაურკვეველი მიზეზით პარალიზება; 7. ორგანიზაციიდან დაცვის თანამშრომლები დათხოვნა; 8. პარტნიორის ორგანიზაციის ტერიტორიაზე არდაშვება; 9. პარტნიორთათვის ორგანიზაციის (სტანდარტით გათვალისწინებული მინიმალური) ინფორმაციების არმიწოდება; 10. ორგანიზაციის დოკუმენტების დატაცება; 11. ორგანიზაციაში დანიშვნის დღიდან ორგანიზაციის მოგების ან საამისოდ გატარებული ქმედითი ღონისძიებების არარსებობის ფაქტი (ორგანიზაციის უფუნქციონირებისა და საბანკო ვალდებულებათა არგადახდა, შემოსავლების არარსებობის გამო, კერძოდ: მოპასუხეთა განმარტებების საფუძველზე მიწის ნაკვეთი იჯარითაა გაცემული და სხვა შემოსავალი არ გააჩნიათ, შესაბამისად იჯარის თანხის არსებობის შემთხვევაშიც კი საბანკო ვალდებულებათა შესრულება შეუძლებელია და ორგანიზაციის იძულებითი რეალიზაცია გარდაუვალია). 4.16. პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტს, რომლის შესაბამისადაც, მხარემ უნდა ამტკიცოს ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლთა შესახებ მითითებული აქვს სარჩელში (შესაგებელში) და რომელთა დამტკიცება მისთვის ობიექტურად შესაძლებელია. სწორედ აღნიშნულ სტანდარტს ეფუძნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. 4.17. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტის მიერ წარმოდგენილი ვერ იქნა მტკიცებულებები, რომელთა ერთობლობაში შეფასებით პალატა მივიდოდა დასკვნამდე, რომ მოპასუხე, როგორც საზოგადოების დირექტორი, ამ საზოგადოების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებდა. ფიდუციური ვალდებულებები (ერთგულება და გულისხმიერება (ზრუნვა) მოითხოვს ხელმძღვანელისგან (დირექტორისგან), არ იმოქმედოს ინტერესთა კონფლიქტის დროს საწარმოს ინტერესების საპირისპიროდ, ასევე არ განახორციელოს ქმედებები, რომლებიც აშკარად ეწინააღმდეგება საწარმოს ინტერესებს (მოგების მაქსიმიზაციას). დამოუკიდებელი (ინტერესთა კონფლიქტის გარეშე) მოქმედი დირექტორის ქმედების (სამეწარმეო გადაწყვეტილების მიღებისას) შეფასებისას გამოიყენება ე.წ. „მართებული სამეწარმეო გადაწყვეტილების პრეზუმფცია“, რომლის გასაქარწყლებლად მოსარჩელის მიერ განსახილველ შემთხვევაში რელევანტური მტკიცებულებები წარმოდგენილი არ ყოფილა. 4.18. პალატა მიუთითებს, რომ დირექტორის მიერ მიღებული „ბიზნეს გადაწყვეტილების“ (დირექტორის საქმიანობა კორპორაციული მართვისას/ მატერიალური საკითხების გადაწყვეტა საწარმოს მართვისას) უმართებულობის დასადასტურებლად მტკიცების ტვირთის მაღალი სტანდარტია საჭირო, რომ გაქარწყლდეს დირექტორის მიმართ მოქმედი პრეზუმფცია, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია (იხ., სუსგ №ას-1158-1104-2014, 06 მაისი, 2015 წელი). 4.19. შესაბამისად, მოსარჩელის/აპელანტის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა მის მიერ მითითებულ გარემოებების შესაბამისი (მაღალი სტანდარტით) მტკიცებულებებით დადასტურება და რაც მთავარია ამ გარემოებებიდან გამომდინარე, დირექტორის მიერ კომპანიისათვის ზიანის მიყენების და მიზანმიმართულად გაკოტრების ფაქტის დამტკიცება, რაც მის მიერ კონკრეტული მტკიცებულებებით დადასტურებული ვერ იქნა. ამდენად, მოსარჩელის მიერ მითითებული ყოვლად დაუსაბუთებელი გარემოებები არ შეიძლება გახდეს დირექტორობიდან გ------- გ--------ის გამოწვევის საფუძველი. 4.20. ამასთან, როგორც უკვე აღინიშნა, საქმეში არსებული შპს ,,ტ---------ის“ წესდებით დადგენილია, რომ პარტნიორებს უფლება აქვთ მონაწილეობდნენ საწარმოს საქმეთა მართვაში ამ წესდებით განსაზღვრული პირობებით (3.1 პუნქტი); საწარმოს მმართველი ორგანოა მეწარმეთა კრება, რომელშიც შედის ყველა პარტნიორი (6.2 პუნქტი); საწარმოში ხელმძღვანელის ფუნქციას ასრულებს დირექტორი, რომელიც ახორციელებს საწარმოს წარმართვას, იგი ანგარიშვალდებულია პარტნიორთა კრების წინაშე (6.16 პუნქტი); დირექტორი არ შეიძლება იმავე საქმიანობას, რასაც ეწევა საწარმო ან მონაწილეობდეს იმ საწარმოში, რომელიც იმავე საქმიანობას ეწევა. ამ წესის დარღვევისას დირექტორი ვალდებულია უკან დააბრუნოს საწარმოს ამ საქმიანობით მიღებული ყველა სიკეთე (გასამრჯელოს ჩათვლით) ან აუნაზღაუროს ამ ქმედებით მიყენებული ზარალი (6.17 პუნქტი). 4.21. პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ თ----- ე-----–--ე და დ-------- გ----–--ე არიან შპს ,,ტ---------ის“ დამფუძნებელი პარტნიორები 50-50%-იანი წილობრივი მონაწილეობით, შესაბამისად, დ-------- გ----–--ეს კომპანიის წესდების თანახმად, უფლება აქვს მონაწილება მიიღოს საზოგადოების მართვაში, მას სრული უფლებამოსილება აქვს განახორციელოს კანონითა და წესდებით დადგენილი უფლებები, აქტიურად ჩაებას კომპანიის მართვაში და უკეთ გაერკვეს ამ ყველა მისთვის საეჭვო გარემოებებში. პარტნიორებმა წესდებითა და კანონით დადგენილ ფარგლებში უნდა დაარეგულირონ მათ შორის ურთიერთობა, მათი უფლება-მოვალეობები და ისე უნდა იმოქმედონ, რომ ზიანი არ მიაყენონ კომპანიას. 4.22. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლებით, დ-------- გ----–--ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. უცვლელად უნდა დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება. 4.23. განსახილველ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ დ-------- გ----–--ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმით ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისთ დასაბუთებული გადაწყვეტილება მიიღო, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის თანახმად, დ-------- გ----–--ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია. 5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. იგი არსებითად სწორია და სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
6. საპროცესო ხარჯები 6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟი მოსარჩელეს (აპელანტს) გადახდება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რა ნაწილშიც არ დაკმაყოფილდა სარჩელი, ხოლო მოპასუხეს (მოწინააღმდეგე მხარეს), სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული; თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. 6.2. ვინაიდან, არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო წარმოებისათვის დ-------- გ----–--ის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 (ას ორმოცდაათი) ლარის მხარეთა შორის განაწილების საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.დ-------- გ----–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი;
3. აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
4.განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.
5.განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლეები: ნანა კალანდაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი) თამარ სვანიძე ლაურა მიქავა