განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.11.2018
საქმის ნომერი
340210018002355769
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
29.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 340210018002355769

საქმე №2ბ/4222-18

განჩინება

საქართველოს სახელით

29 ნოემბერი, 2018 წელი თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მოსამართლე - გოგიტა თოთოსაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

აპელანტები - მ-----–--------–---–ი, ნ-------–---–ი

მოწინააღმდეგე მხარე - რ-------------–---–ი

დავის საგანი - საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - გ-------------------ული სასამართლოს 2018 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

მოსარჩელე რ--------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეებს მ-----–--------–---–ს და ნ-------–---–ს აეკრძალათ მოსარჩელე რ--------------–---–ისთვის გ-------------------ის სოფელ ბ------–---ში მდებარე უძრავი ქონების, საკადასტრო კოდით №5-----------, სარგებლობის ხელშეშლა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

უდავოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. გ-------------------ის სოფელ ბ------–---ში მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით №5-----------, წარმოადგენს რ--------------–---–ის, მ-----–--------–---–ის, ნ-------–---–ის და თ--------------–---–ის თანასაკუთრებას. საკუთრების უფლება 2017 წლის 08 დეკემბრიდან აღრიცხულია საჯარო რეესტრში.

2.2. საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაში ცხოვრობენ მოპასუხეები.

2.3. მ-----–--------–---–სა და ნ-------–---–ს არ უნდათ, რომ მოსარჩელემ თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაში იცხოვროს. ამის მიზეზად მოპასუხეებმა მოსარჩელესთან კონფლიქტურ ურთიერთობაზე მიუთითეს.

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.4. საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით დადასტურებულია, რომ გ-------------------ის სოფელ ბ------–---ში მდებარე, საჯარო რეესტრში №5----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება წარმოადგენს რ-------------–---–ის, მ-----–--------–---–ის, ნ-------–---–ის და თ--------------–---–ის თანასაკუთრებას. საკუთრების უფლება 2017 წლის 8 დეკემბრიდან აღრიცხულია საჯარო რეესტრში და რეესტრის ჩანაწერთან დაკავშირებით რაიმე დავა აღძრული არ არის. შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით უდავოდ დადასტურებულია, რომ მოსარჩელე წარმოადგენს იმ უძრავი ქონების თანამესაკუთრეს, რომლის სარგებლობაში ხელშეშლის აღკვეთასაც იგი ითხოვს. აგრეთვე დადგენილია, რომ მოსარჩელეს უძრავი ქონებით სარგებლობაში ხელს მოპასუხეები უშლიან - არ უშვებენ სახლში და არ აძლევენ სადავო ქონებაში ცხოვრების და სარგებლობის უფლებას.

ამდენად, ზემოთ მითითებული სამი პირობიდან (მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; მოპასუხე უნდა ხელყოფდეს მოსარჩელის საკუთრების უფლებას; მოპასუხის მოქმედება არამართლზომიერია) პირველი და მეორე პირობა სახეზეა. რაც შეეხება მოსარჩელის უფლების შეზღუდვის საფუძვლებს, მოპასუხეებმა მიუთითეს, რომ აღნიშნული გამოწვეულია მოსარჩელესთან კონფლიქტური დამოკიდებულებით.

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი ამონაწერის მიხედვით, უძრავ ქონებაზე მხარეთა საკუთრება იდეალურ წილშია გამოხატული და ამდენად, იგულისხმება, რომ თითოეულ თანამესაკუთრეს ქონება თანაბრად ეკუთვნის. ამდენად, მოპასუხეების მიერ მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს მოსარჩელისათვის საკუთრებით სარგებლობის შეზღუდვის მართლზომიერ საფუძველს და შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი ვერ გახდება.

 

3. სააპელაციო საჩივრების საფუძვლები

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. მხარეებს შორის მწვავე კონფლიქტური სიტუაციაა, რის გამოც მოსარჩელე მათთან ერთად აღარ ცხოვრობდა. ამდენად, რ-------------–---–ის დაბრუნება საფრთხეს შეუქმნის აპელანტებს.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ-------------------ულმა სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. სასამართლოს უპირველესი ამოცანაა დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რა ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს მხარე თავის მოთხოვნას. საქმეში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის შედეგად, ჩნდება კითხვა - აქვთ თუ არა, მ-----–--------–---–სა და ნ-------–---–ს სადავო ფართის ფლობისა თუ სარგებლობის უფლება.

 

საჯარო რეესტრის ამონაწერების საფუძველზე დადგენილია, რომ გ-------------------ის სოფელ ბ------–---ში მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით №5-----------, წარმოადგენს რ--------------–---–ის, მ-----–--------–---–ის, ნ-------–---–ის და თ--------------–---–ის თანასაკუთრებას. საკუთრების უფლება 2017 წლის 8 დეკემბრიდან აღრიცხულია საჯარო რეესტრში.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელეს მოპასუხეებთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა, რის გამოც, დაახლოებით 9 წლის წინ მან თავის მეუღლესთან ერთად დატოვა საცხოვრებელი სახლი. რ-------------–---–ს სხვა საცხოვრებელი არ გააჩნია და კუთვნილ სახლში დაბრუნება სურს, რის საშუალებასაც მოპასუხეები არ აძლევენ.

 

პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართლის მიზნებისათვის, კანონმდებლობა ადგენს დასაშვები მტკიცებულებების ნუსხას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დასახელებული ნორმა წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ზოგად, პროცესუალურ სტანდარტს და ადგენს ვალდებულ პირს, რომელმაც მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი სათანადო გარემოებებზე მითითებითა და დასაშვები მტკიცებულებების წარდგენით უნდა დაადასტუროს. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელე მიუთითებს მოპასუხის მხრიდან სადავო უძრავი ქონებით უკანონო სარგებლობასა და ხელშეშლაზე, მოპასუხის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა ისეთი მტკიცებულებების წარმოდგენა, რაც გააქარწყლებდა სარჩელში მითითებულ გარემოებებს, თუმცა მოპასუხემ ასეთი მტკიცებულებები სასამართლოს ვერ წარუდგინა. ასეთ შემთხვევაში კი, პალატა დადგენილად მიიჩნევს აპელანტების მიერ საერთო საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლის ფაქტს.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ვინაიდან, მოსარჩელე მოითხოვს სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთას, სახეზეა ნეგატორული სარჩელი და სამართლებრივი საკითხები გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მეორე ნაწილის დანაწესიდან.

 

ნეგატორული სარჩელი სანივთო-სამართლებრივი სარჩელის სპეციალური სახეა, რომლის სამართლებრივი შედეგი არა ნივთზე უფლების მოპოვებაზე, არამედ ამ ნივთით სარგებლობის წესის განსაზღვრაზეა ორიენტირებული.

ნეგატორული სარჩელი მიმართულია უფლების ისეთი დარღვევის წინააღმდეგ, რაც არ არის დაკავშირებული ნივთის მფლობელობის დაკარგვასთან, მაგრამ ხელშემშლელია ნივთის სარგებლობისა და განკარგვისათვის, ე.ი. პირი მოკლებულია ამ უფლებამოსილებათა განხორციელების შესაძლებლობას, რადგან სხვა პირი თავისი მოქმედებით ხელს უშლის მათ რეალიზებას. ამ სარჩელის საფუძველია გარემოებები, რომლებიც აფუძნებენ მოსარჩელის მიერ ნივთით სარგებლობისა და განკარგვის უფლებამოსილებას. ასევე ამტკიცებენ, რომ მესამე პირთა მოქმედება აბრკოლებს მათ განხორციელებას. მოსარჩელეს არ ევალება, ამტკიცოს მოპასუხის მოქმედების ან უმოქმედობის არამართლზომიერება. ის ივარაუდება, სანამ მოპასუხე არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას. ნეგატორული სარჩელი მიზნად ისახავს მესაკუთრის თავისუფლების აღიარებას ხელმყოფისაგან, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას, ზიანის ანაზღაურებასა და დაცვის გარანტიების შექმნას შემდგომში შესაძლო ხელყოფისაგან. ნეგატორული სარჩელით სარგებლობს როგორც მესაკუთრე, ისე ნებისმიერი მართლზომიერი მფლობელი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით) და არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, ხოლო ამავე კოდექსის 172-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.

 

პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას მასზე, რომ ქონებით სარგებლობა დანიშნულების მიხედვით და სხვა თანამესაკუთრეების უფლებების შელახვის გარეშე უნდა მოხდეს. მხარეთა შორის კონფლიქტური ურთიერთობა საკუთრებით სარგებლობის უფლების ხელშემშლელი მართლზომიერი საფუძველი ვერ გახდება. სარგებლობა არ უნდა მოხდეს ისეთი ფორმით, რაც გამოიწვევს სხვა თანამესაკუთრეების უფლებების გაუმართლებლად შეზღუდვას. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ სარჩელი მართებულად იქნა დაკმაყოფილებული.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს გ-------------------ული სასამართლოს 2018 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება.

6. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ვინაიდან, წინამდებარე გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. მ-----–--------–---–ისა და ნ-------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს გ-------------------ული სასამართლოს 2018 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე გოგიტა თოთოსაშვილი