განაჩენი

სისხლის სამართლის 21.12.2018
საქმის ნომერი
010141318700071202
ინსტანცია
თარიღი
21.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010141318700071202

საქმე № 1აგ/615-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

21 დეკემბერი 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე: ნინო სანდოძე

მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე

მურმან ისაევი

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ სა-----------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის მუ----------–----–---–-ს შუამდგომლობა - ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 08 აპრილის განაჩენით, სა-----------------ი გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში. სა-----------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის გამოყენებით, 2 (ორი) წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1 (ერთი) წელი ჩაეთვალა პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 27 სექტემბრის განაჩენით, მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ სო---------–----–---ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 08 აპრილის განაჩენში სა-----------------ის მიმართ შევიდა ცვლილება. სა-----------------ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლზე.

 

სა-----------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 28 აპრილის განჩინებით, მსჯავრდებულ სა-----------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის კა---–-----------ს საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.

 

2018 წლის 14 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ადვოკატმა მუ----------–----–---–-ა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ითხოვა მსჯავრდებულ სა-----------------ის მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვა. დაცვის მხარემ შუამდგომლობას დაურთო მოწმეების ილ------------------------------------------–-----------------------–-----------------------------------------------------–-----------------------------ას გამოკითხვის ოქმები, მსჯავრდებულ სა-----------------ის დახასიათება, №1-------------–--------------ს დაწესებულების ცნობა სა-----------------ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის შპს ,,ვ---------ს“ №0------- ექსპერტიზის დასკვნა, დანაშაულის ადგილის გეგმა და სქემატური ფოტოცხრილი და მიუთითა, რომ აღნიშნული მტკიცებულებები არის ახალი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანისას არ იყო ცნობილი და სხვა დადგენილ გარემოებებთან ერთად ამტკიცებს სა-----------------ის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო. ადვოკატი ითხოვს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 26 სექტემბრის განაჩეში შევიდეს ცვლილება და უცვლელი დარჩეს ბოლნისის რაიონის სასამართლოს 2016 წლის 08 აპრილის განაჩენი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდქსის 313-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მსჯავრდებულ სა-----------------ის ადვოკატის მუ----------–----–---–-ს შუამდგომლობის საფუძვლიანობა, შეისწავლა წარმოდგენილი მასალები და მიიჩნია, რომ აღნიშნული შუამდგომლობა დაუსაბუთებელია, არ შეესაბამება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რომელიც ადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძვლებს და იგი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში გაწერილია საფუძვლები, რა შემთხვევაშიც ხდება ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა. მოცემულ შემთხვევაში, მსჯავრდებულ სა-----------------ის ადვოკატ მუ----------–----–---–-ს მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა არ მოიცავს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ რომელიმე პირობას (საფუძველს), რაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძვლად იქნებოდა მიჩნეული, კერძოდ:

 

ადვოკატი მოცემული განაჩენის გადასინჯვას ითხოვს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ზ“ პუნქტებზე მითითებით, რომლის თანახმადაც, ,,განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად, ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას, ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამარლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო“.

 

აღნიშნული ნორმა კუმულაციურია და იურიდიული შედეგის დადგომა დაკავშირებულია ორი პირობის ერთდროულად არსებობასთან. კანონის უპირველეს მოთხოვნას წარმოადგენს, რომ სასამართლოსთვის წარდგენილი ახალი ფაქტი ან მტკიცებულება გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ უნდა ყოფილიყო ცნობილი და ამავდროულად თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად უნდა ამტკიცებდეს მსჯავრდებულის უდანაშაულობას, ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო.

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოსთვის მიმართვის დროს შუამდგომლობის ავტორი ვალდებულია დაუდასტუროს სასამართლოს, რომ წარდგენილი მტკიცებულებები არის ახალი და ამასთან, გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო მისთვის ცნობილი. ამავდროულად, დაასაბუთოს თუ როდის გახდა აღნიშნულის თაობაზე მისთვის ცნობილი. მოცემულ შემთხვევაში შუამდგომლობის ავტორი არ უთითებს, თუ როდის გახდა მისთვის ცნობილი, რომ მა-----------------ა იმყოფებოდა მისი საცხოვრებელი სახლის აივანზე და იყო ფაქტის შემსწრე. იმ ფაქტს, რომ ბრალდების მხარის მიერ არ იქნა დადგენილი, ის გარემოება, რომ მა-----------------ა იყო მომხდარი ფაქტის თვითმხილველი, სააპელაციო პალატა არ აფასებს როგორც ბრალდების მხარის მიერ გამოძიების ტენდენციურად წარმართვას, ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,სისხლისამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მტკიცებულებების მოპოვება მხარის უფლებას წარმოადგენს და შესაბამისად ორივე მხარეს აქვს უფლება მოიპოვონ და სასამართლოში წარადგინონ მტკიცებულებები. ის ფაქტი, რომ დაცვის მხარისათვის საქმის სასამართლოში არსებითი განხილვის დროს არ იყო ცნობილი მა-----------------ას აივანზე ყოფნის ფაქტი წარმოდგენილი შუამდგომლობით და მასზე დართული მასალებით არ დგინდება.

 

პალატა თვლის, რომ შუამდგომლობაზე თანდართული ილ------------------------------------------–-----------------------–-----------------------------------------------------–----ს გამოკითხვის ოქმებში მითითებული გარემოებებით დგინდება, რომ ისინი არ არიან ფაქტის თვითმხილველი მოწმეები და შესაბამისად, ვერ გადაწონიან კანონის დაცვით მოპოვებულ და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ პირდაპირ მტკიცებულებებს. პალატა არ ეთანხმება ადვოკატის პოზიციას, რომ შუამდგომლობაზე დართული მოწმეების ჩვენებები წარმოადგენს მსჯავრდებულ სა-----------------ის მიმართ დადგენილი განაჩენის გადასინჯვის საფუძველს და განმარტავს, რომ მასალების შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვისას სასამართლო დაეყრდნო საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, მათ შორის ფაქტის თვითმხილველი მოწმეების ვა-–------------------------------------ს და მსჯავრდებულ სა-----------------ის ჩვენებებს.

 

დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის შპს ,,ვ---------ს“ №0------- სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით, პალატა მიუთითებს, რომ ხსენებულ საექსპერტო კვლევას საფუძვლად არ დადებია რაიმე ახალი გარემოება ან მტკიცებულება, იგი ჩატარებული იქნა გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, რომელიც განიხილა და შეაფასა სასამართლომ, რისი მხედველობაში მიღებითაც აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვისათვის შუამდგომლობის დასაშვებად ცნობის საფუძვლად არ შეიძლება იქნეს მიჩნეული. რაც შეეხება სა-----------------ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობას და დახასიათებას, ხსენებული მტკიცებულებები არ ეხება სა-------------------ს ბრალეულობის საკითხს და შესაბამისად არ წარმოადგენენს განაჩენის გადასინჯვისთვის საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ახალ გარემოებებს.

 

ამდენად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ იგი წარმოდგენილ შუამდგომლობაზე ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის რეჟიმში ვერ იმსჯელებს, ვინაიდან სახეზე არ არის სსსკ-ის 310-ე მუხლით დადგენილი რომელიმე პირობა.

 

საქართველოს სსკ-ის 313-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ შუამდგომლობა სისხლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად არ არის დაყენებული ან დაუსაბუთებელია, სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე განჩინებით დაუშვებლად ცნობს მას.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ სა-----------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის მუ----------–----–---–-ს შუამდგომლობა - ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 310-313-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ სა-----------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის მუ----------–----–---–-ს შუამდგომლობა - ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, დაუშვებლად იქნეს ცნობილი.

 

განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ორი კვირის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: ნინო სანდოძე

 

მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე

 

მურმან ისაევი