განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 190210117002042011
№2ბ/2351-2018
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
26 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
მოსამართლე - გელა ქირია
სხდომის მადივანი - მარინე თათრიაშვილი
აპელანტი - შპს ,,ჯ--------–-’’ (მოპასუხე)
წარმომადგენელი - გ------- მ---------ე
მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,ჯ--------------------------–-ა’’ (მოსარჩელე)
წარმომადგენელი - ს-------- ნ-----–---–ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება
დავის საგანი - სატრანსპორტო ექსპედიციის პროვიზიის ანაზღაურება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით, შპს ”ჯ--------------------------–-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა. შპს “ჯ--------–ს” დაეკისრა შპს ”ჯ--------------------------–-ასათვის" 8 870,90 ლარის გადახდა.
ამავე გადაწყვეტილებით, შპს “ჯ--------–ს” დაეკისრა შპს ”ჯ--------------------------–-ასათვის" სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 267 ლარის, ხოლო მტკიცებულებების მოპოვებისათვის გაწეული ხარჯების ასანაზღაურებლად 425,56 ლარის გადახდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 2016-2017 წლებში შპს „ჯ--------–სა“ და შპს „ჯ--------------------------–-ას“ შორის არსებობდა სატრანსპორტო ექსპედიციის ხელშეკრულება, რომლის ფარგლებში სატრანსპორტო ექსპედიციის პროვიზიის საფასური განისაზღვრებოდა მხარეებს შორის ელექტრონული მიმოწერით. მხარეთა შეთანხმებით 2016 წლის იანვრიდან 20 ფუტიან კონტეინერზე მომსახურების ღირებულება განისაზღვრა 365 აშშ დოლარით (ფოთი-რუსთავი-ფოთი), ხოლო ამავე წლის თებერვლიდან 40 ფუტიან კონტეინერზე მომსახურების ღირებულება განისაზღვრა 535 აშშ დოლარით (იხ. ტომი 1 ს/ფ 3-10, 17-19, მოპასუხის განმარტება (15.02.2018წ სხდომის ოქმი CD დისკი));
2.2. მოპასუხე შპს „ჯ--------–ს“ სრულად არა აქვს გადახდილი სატრანსპორტო ექსპედიციის პროვიზიის საფასური გადაზიდვებზე, რომლებიც დადასტურებულია შემდეგი ინვოისებით: Nბკ-6053 (2017 წლის 30 იანვარი), ბკ-6060 (2017 წლის 30 იანვარი), ბკ-6079 (2017 წლის 3 თებერვალი), ბკ-6084 (2017 წლის 6 თებერვალი), ბკ-6061 (2017 წლის 6 თებერვალი) ,,ბკ-6087 (2017 წლის 16 თებერვალი), ბკ-6090 (2017 წლის 20 თებერვალი). 2017 წლის მარტისათვის გაწეული მომსახურებისთვის გადაუხდელი დავალიანება იყო 19 927 ლარი, საიდანაც 2017 წლის 21 აპრილს გადახდილია 11 056,11 ლარი, ხოლო გადასახდელია 8 870,90 ლარი (იხ. ტომი 1 ს/ფ 3-10, 20-50, მოპასუხის განმარტება (15.02.2018წ სხდომის ოქმი CD დისკი));
2.3. სადაო ინვოისების საფუძველზე განხორციელებული სატრანსპორტო ექსპედიციის პერიოდში შპს „ს----------–-------------ისთვის“ გადასახდელი გადაზიდვის ტარიფები შემცირებული იყო და სადაო გადაზიდვებზე შპს ,,ს----------–-------------ისთვის“ გადახდილი ხარჯი შეადგენდა Nბკ - 6053 ინვოსზე 472 აშშ დოლარს, ბკ-6060 – 472 აშშ დოლარს, ბკ-6079 – 236 აშშ დოლარს, ბკ-6084 – 236 აშშ დოლარს, ბკ-6061 – 236 აშშ დოლარს, ბკ-6087 - 472 აშშ დოლარს, ბკ-6090 – 236 აშშ დოლარს (ტომი 1 ს/ფ 3-10, 238-239, 248; ტომი 2 ს/ფ 26-59, 86-92, მოპასუხის განმარტება (15.02.2018წ სხდომის ოქმი CD დისკი));
2.4. შპს "ჯ--------–სა" და შპს ჯ--------------------------–-ას შორის სატრანსპორტო ექსპედიციის ხელშეკრულება 2017 წლის მარტიდან შეწყდა ურთიერთშეთანხმებით.
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
გასაჩივრებული გადაწყვეტილება სადავო ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებას არ შეიცავს.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.5. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარეებს შორის სამართლებრივი ურთიერთობა იყო სატრანსპორტო ექსპედიციის სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომლის ფარგლებში შპს „ჯ--------------------------–-ა“ შპს ჯ--------–ს უწევდა სატრანსპორტო ექსპედიციის მომსახურებას სატრანსპორტო ექსპედიციის პროვიზიის მიღების სანაცვლოდ.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 730-ე, 731-ე მუხლებზე და განმარტა, რომ ამ ნორმების მიხედვით, სატრანსპორტო ექსპედიცია დავალების ელემენტებს მოიცავს და მომსახურების ერთერთ სახეს წარმოადგენს. საექპედიტორო მომსახურება ნიშნავს ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებულ ნებისმიერ მომსახურებას, ან მომსახურების ორგანიზაციას ტვირთის გაგზავნიდან ტვირთის მიღებამდე. ასეთ მომსახურებად შეიძლება ჩაითვალოს სააგენტო მომსახურება, საბაჟო მომსახურება, პორტებში, ტერმინალებში და საწყობებში სატვირთო ოპერაციების განხორციელება, საფინანსო მომსახურება, მარკეტინგული მომსახურება და სხვა.
სასამართლომ აღნიშნა, რომ სამოქალაქო კოდექსის 730-ე მუხლის მიხედვით, სატრანსპორტო ექსპედიციის ხელშეკრულების არსებითი პირობებია შემკვეთის დავალებით ტვირთის გადაზიდვა, ექსპედიტორის მიერ თავის სახელით და შემკვეთის ხარჯზე ტვირთის გადაზიდვა, ექსპედიტორისათვის პროვიზიის გადახდა. ექსპედიტორის მიერ შემკვეთის ხარჯზე ტვირთის გადაზიდვაში იგულისხმება შემკვეთის ვალდებულება ტვირთის გადაზიდვისას წარმოშობილი ხარჯები მან აანაზღაუროს და ამ ხარჯების გაღება არ ევალება ექსპედიტორს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 731-ე მუხლი კი ექსპედიტორს ავალდებულებს გულისხმიერების გამოჩენას კონტრაჰენტის უფლებებისადმი. ექსპედიტორისთვის ასეთი ვალდებულების დაკისრება განპირობებულია ამგვარი საქმიანობის კომერციული ხასიათით. ექსპედიტორი ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებული მომსახურების საქმიანობას ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში, ეს საქმიანობა სპეციფიური ხასიათისაა და სპეციალური ცოდნა სჭირდება, რის გამოც ექსპედიტორს ეკისრება ვალდებულება ამ სფეროში მისი გამოცდილება შემკვეთის ინტერესებისათვის გამოიყენოს. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 731-ე მუხლი შეიცავს იმ ქმედებების ჩამონათვალს, რომელთა მიმართ ექსპედიტორის გულისხმიერების ვალდებულება ვრცელდება. ესენია, ტვირთის გაგზავნა; გადაზიდვაში მონაწილე პირების შერჩევა; გამგზავნის ინტერესების დაცვა; გამგზავნის კონკრეტული მითითებების შესრულება.
სასამართლოს განმარტებით, ვალდებულების კეთილსინდისიერად და გულისხმიერად შესრულება ვალდებულებითი სამართლის ძირითადი პრინციპია. სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თავისი შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას. ამ მუხლის საფუძველზე, ზოგ შემთხვევაში მხარეს შესაძლოა იმაზე მეტი ვალდებულება ეკისრებოდეს, ვიდრე ხელშეკრულებით აქვს ნაკისრი. ამგვარად, როგორც ბუნებრივი ვალდებულება, გულისხმიერების ვალდებულება ახასიათებს ყველა ვალდებულებით ურთიერთობას, რომელშიც ამ ურთიერთობის თავისებურებების გათვალისწინებით, მხარეებს ერთმანეთის სიცოცხლეზე, ჯანმრთელობასა და ქონებაზე ზემოქმედების შესაძლებლობა აქვთ. 731-ე მუხლი კეთილსინდისიერი ექსპედიტორის გულისხმიერებით ქცევის ვალდებულებაზე მიუთითებს, რის გამოც ეს ნორმა მსგავსად 316-ე მუხლის მე-2 ნაწილისა, ექსპეტიდორს არა ჩვეულებრივ, არამედ „განსაკუთრებულ“ გულისხმიერებას ავალდებულებს.
სასამართლომ აღნიშნა, რომ იურიდიულ ლიტერატურაში მოცემული განმარტებით გულისხმიერების სტანდარტის სიმკაცრე დამოკიდებულია ვალდებულების ხასიათზე. იგი მით უფრო მკაცრია, 1) რაც უფრო ასიმეტრიულია მხარეთა ინფორმაციული მარაგი; 2) მაღალია ობიექტური ნდობის ხარისხი კონტრაჰენტთან მიმართებაში; 3) მაღალია დაინტერესებული მხარის ეკონომიკური და სამართლებრივი რისკები. ინფორმაციული ასიმეტრია სახეზეა, როცა ხელშეკრულების მხარე შედარებით გამოუცდელია გარკვეულ სფეროში, მაშინ როცა მისი კონტრაჰენტი ამ სფეროში სპეციალურ ცოდნას და გამოცდილებას ფლობს. ასეთი კონტრაჰენტია სატრანსპორტო ექსპედიციაში ექსპეტიდორი, რომელიც საქმიანობის ამ სფეროში საჭირო სპეციალური ცოდნის მქონე სუბიექტია და როგორც უფრო ძლიერ კონტრაჰენტს, მეორე მხარის ინტერესებისადმი გაცილებით მეტი გულისხმიერება და წინდახედულება ეკისრება. გულისხმიერების ვალდებულებათა ტიპოლოგია პირობითად იყოფა ინფორმაციის გაცემის, კრედიტორის განსაკუთრებული ინტერესების დაცვის და სახელშეკრულებო ლოიალურობის ვალდებულებად. გულისხმიერების ვალდებულების საფუძველზე. კრედიტორის განსაკუთრებული ინტერესების დაცვის ვალდებულების მიზანია, ყოველმა მხარემ უზრუნველყოს მეორე მხარის იმ ქონებრივი და არაქონებრივი ინტერესების დაცვა, რომელზეც მას ხელი მიუწვდება და რომელთა დაცვაც შესრულების ვალდებულების მიღმაა. (სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის კომენტარი http://www.gccc.ge ).
731-ე მუხლის მიხედვთ, ექსპედიტორის განსკუთრებული ვალდებულებაა გულისხმიერად მოეკიდოს გამგზავნის ინტერესებს, ექსპედიტორის გულისხმიერების განსაკუთრებული მნიშვნელობა ამ ურთიერთობაში ექსპედიტორის უფლებრივი მდგომარეობიდან გამომდინარეობს, რადგან იგი ვალდებულების შესრულებისას საკუთარი სახელით მოქმედებს, რაც მას გარკვეულ თავისუფლებას ანიჭებს, გულისხმიერების ვალდებულებიდან გამომდინარე გამგზავნის ინტერესების დაცვა მას გარკვეულ შეზღუდვებს უწესებს, სატრანსპორტო ექსპედიციაში ექსპედიტორის როლი ისაა, რომ იგი საკუთარი სახელით მოქმედებს, არჩევს გადაზიდვაში მონაწილე პირებს, რაც გამგზავნის ინტერესების შესაბამისად უნდა განხორციელდეს, მისი ყველა მოქმედება უნდა იყოს გონივრული და გამგზავნისათვის ხელსაყრელი. სატრანსპორტო ექსპედიცია ხორციელდება გამგზავნის ხარჯზე, რის გამოც გულისხმიერების ვალდებულება მოიცავს ასევე გამგზავნის ინფორმირებას ისეთი გარემოებების შესახებ, რაც გავლენას ახდენს სატრანსპორტო ექსპედიციის ღირებულებაზე, გადაზიდვის ხარჯებზე, პროვიზიის ოდენობაზე.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხე სატრანსპორტო ექსპედიციის საფასურის დაკისრების საწინააღმდეგოდ მიუთითებდა იმ ფაქტს, რომ რკინიგზის მიერ გადაზიდვის ტარიფების შემცირების გამო არ შემცირდა სატრანსპორტო ექსპედიციის საფასური და გამგზავნის ხარჯები უსამართლოდ მაღალია. თავის მხრივ, მოსარჩელე სატრანსპორტო ექსპედიციის პროვიზიის საფასურის ანაზღაურებას მოითხოვდა ტარიფით, რაც შეთანხმებული იყო 2016 წლის იანვარ-თებერვალში. შესაბამისად, დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი იყო ტარიფის შეთანხმების პროცესის შეფასება და იმის დადგენა, სადაო პერიოდში როგორ შეიცვალა შპს „ს----------–-------------ის“ გადაზიდვის ტარიფები.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარებს შორის ტარიფების შესახებ შეთანხმება დადებული იყო წერილობით მხარეებს შორის ელექტრონული ფოსტით მიმოწერით. 2016 წლის 27 იანვრის და 2 თებერვლის წერილებით, შპს „ჯორჯიან ტრანს ექსპერდიცია“ შპს „ჯ--------–-ს“ უფლებამოსილ პირს ატყობინებს, რომ 40 ფუთიანი სავსე კონტეინერის ღირებულებაა 295 აშშ დოლარი (მანამდე 360 აშშ დოლარი). 40 ფუთიანი ცარიელი კონტეინერის ღირებულებაა 240 აშშ დოლარი (მანამდე 270 აშშ დოლარი). 2016 წლის 27 იანვრის წერილში მითითებულია, რომ 20 ფუთიანი კონტეინერის ტარიფია 200 აშშ დოლარი (მანამდე 245 აშშ დოლარი), ცარიელის ტარიფია 165 აშშ დოლარი (მანამდე 180 აშშ დოლარი). ორივე წერილში შპს „ჯ--------–ს“ გაეგზავნა შპს „ს----------–-------------ის“ ახალი ტარიფები. ამდენად, ამ წერილების მიხედვით, 2016 წლის იანვარ-თებერვალში შეთანხმებული ტარიფები მანამდე არსებულ ტარიფებთან შედარებით შემცირებული იყო.
სასამართლომ მიიჩნია, რომ დავის გადაწყვეტისათვის ასევე უნდა შეფასებულიყო ის, თუ სადაო პერიოდში როგორ შეიცვალა შპს „ს----------–-------------ის ტარიფები“.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარეთა განმარტებით დგინდებოდა, რომ სატრანსპორტო ექსპედიციის პროვიზია მოიცავს ექსპედიტორის მიერ გაწეულ ხარჯებს, მათ შორის შპს "ს----------–-------------ისთვის" გადასახდელ გადაზიდვის საფასურს, ასევე მოსარჩელის მოგების წილს და სხვა ხარჯებს.
როგორც აღინიშნა, ტარიფების შეთანხმების პერიოდში შპს “ჯ--------------------------–-ა“ შპს „ჯ--------–ს“ აწვდიდა ინფორმაციას რკინიგზის ტარიფების შესახებ.
მოპასუხის მიერ წარმოდგენილი 2016 წლის 1 იანვრის მდგომარეობით შპს ს----------–-------------ის ტარიფების შესახებ ბრძანების თანახმად, ფოთი-გარდაბანი მიმართულებაზე გადაზიდვის საფასურია 20 ფუთიან კონტეინერზე 245 აშშ დოლარი (სავსე) და 122 აშშ დოლარი (ცარიელი). 40 ფუთიან კონტეინერზე - 439 აშშ დოლარი (სავსე) და 310 აშშ დოლარი (ცარიელი).
შედარებისათვის მხარეთა მიერ შეთანხმებული სატრანსპორტო ექსპედიციის პროვიზია 20 ფუთიან სავსე კონტეინერზე იყო 200 აშშ დოლარი; ცარიელ კონტეინერზე 165 აშშ დოლარი. 40 ფუთიან სავსე კონტეინერზე 295 აშშ დოლარი, ცარიელ კონტეინერზე 240 აშშ დოლარი.
მოპასუხის მიერ წარმოდგენილი შპს „ს----------–-------------ის“ 2017 წლის 4 მაისის ბრძანებით გაუქმდა არსებული ტარიფები და 20 ფუთიან დატვირთულ/ცარიელ კონტეინერზე განისაზღვრა 76/83 აშშ დოლარით, ხოლო 40 ფუთინ კონტეინერზე 151/166 აშშ დოლარი.
მოპასუხის შუამდგომლობით გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, სადაო გადაზიდვების პერიოდში N6053, N6060, N6087 ზედნადებზე შპს „ს----------–-------------ისათვის“ გადახდილია გადაზიდვის საფასური 472 აშშ დოლარი. ხოლო N6079, N6084 და N6090 ზედნადებზე 236 აშშ დოლარი. შეთანხმებული ტარიფია 20 ფუთიან კონტეინერზე ჯამურად 365 აშშ დოლარი, 40 ფუთიან კონტეინერზე - 536 აშშ დოლარი.
2016 წლის იანვრიდან 2017 წლის 20 თებერვლის ჩათვლით პერიოდში შპს „ჯ--------–-ს“ დაკვეთით განხორციელებულ გადაზიდვებზე შპს „ჯ--------------------------–-ის“ მიერ შპს „ს----------–-------------ისთვის“ გადახდილი იყო შეთანხმებულ ტარიფზე ნაკლები თანხა. მაგალითად, თითო კონტეინერის გადაზიდვისათვის 236 აშშ დოლარი და 330 აშშ დოლარი.
მოსარჩელისგან გამოთხოვილი გადაზიდვების ხარჯების შესახებ ინფორმაციით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადაო გადაზიდვების წინა პერიოდში შეთანხმებული ტარიფი იყო თითო კონტეინერზე 425 აშშ დოლარი, ხოლო შპს "ს----------–-------------ისთვის" რეალურად გადახდილი საფასური შეადგენდა 333,02 აშშ დოლარს.
ამდენად, სადაო გადაზიდვების წინა პერიოდში მხარეთა შეთანხმებული ტარიფი, ისე როგორც შპს „ს----------–-------------ისთვის“ რეალურად გადახდილი საფასური იყო სადაო პერიოდის ტარიფზე და შპს „ს----------–------------ისთვის“ გადახდილ რეალურ საფასურზე მეტი. შესაბამისად, სადაო პერიოდში წინა პერიოდთან შედარებით შემცირებული იყო როგორც ექსპედიციის საფასური, ისე შპს „ს----------–-------------ის“ ხარჯები გადაზიდვაში.
ორივე შემთხვევაში შპს „ს----------–-------------ისთვის" გადახდილი რეალური დანახარჯი იყო შეთანხმებული ტარიფის 80%.
სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხის პოზიციიდან გამომდინარე დავის არსი მდგომარეობდა შემდეგში - მოპასუხემ სატრანსპორტო ექსპედიციის პროვიზიის გადახდის ვალდებულება უნდა შეასრულოს თუ არა მხარეთა შეთანხმებული ტარიფებით.
სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს 364-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს, რადაც არ უნდა დაუჯდეს ეს მოვალეს. თუ მოვალეს ვალდებულების შესრულება გაუძნელდა ან დაკარგა ხელშეკრულების შესრულების ინტერესი, ეს არ ათავისუფლებს მას ვალდებულების შესრულების მოვალეობისაგან. მან თავად იკისრა ვალდებულების შესრულება და თავადვე უნდა ატაროს მისი შეუსრულებლობის რისკი. ვალდებულებითი სამართლის ამ ზოგადი წესიდან არსებობს გამონაკლისი როცა მოვალეს არ შეიძლება დაეკისროს ვადებულების შესრულება, ამგვარი გამონაკლისი გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით, რომლის თანახმად, 1. თუ ის გარემოებები, რომლებიც ხელშეკრულების დადების საფუძველი გახდა, ხელშეკრულების დადების შემდეგ აშკარად შეიცვალა და მხარეები არ დადებდნენ ამ ხელშეკრულებას ან დადებდნენ სხვა შინაარსით, ეს ცვლილებები რომ გაეთვალისწინებინათ, მაშინ შეიძლება მოთხოვილ იქნეს ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცალკეულ გარემოებათა გათვალისწინებით, ხელშეკრულების მხარეს არ შეიძლება მოეთხოვოს შეუცვლელი ხელშეკრულების მკაცრად დაცვა. 2. გარემოებათა შეცვლას უთანაბრდება, როცა წარმოდგენები, რომლებიც ხელშეკრულების საფუძველი გახდა, არასწორი აღმოჩნდა. 3. მხარეები ჯერ უნდა შეეცადონ, რომ ხელშეკრულება მიუსადაგონ შეცვლილ გარემოებებს. თუკი შეუძლებელია ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი, ან მეორე მხარე ამას არ ეთანხმება, მაშინ იმ მხარეს, რომლის ინტერესებიც დაირღვა, შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე.
სასამართლოს მითითებით, ამ მუხლის გამოყენების წინაპირობა იყო ის, რომ შეცვლილი გარემოებები შესრულებას ართულებდა იმ დონემდე, რომ მისი შესრულების მოთხოვნა, როგორი გამართლებული საფუძველიც არ უნდა კრედიტორს, ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვისათვის დამახასიათებელ სიკეთეთა სამართლიანი (ექვივალენტური) გაცვლის და კეთილსინდისიერების მოთხოვნებს. გარემოებათა შეცვლა განპირობებული შეიძლება იყოს როგორც შესრულების ღირებულების გაზრდით, ისე შემცირებით. ამ ნორმით გათვალისწინებული გარემოებების წარმოშობის შემთხვევაში მხარეს შესაძლა არ მოეთხოვოს შეუცვლელი ხელშეკრულების მკაცრად დაცვა, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების განუხრელად შესრულება. ამ ნორმის საფუძველზე გარემოების შეცვლად არ განიხილება სამოქალაქო ბრუნვისთვის დამახასიათებელი ჩვეულებრივი ცვლილებები, ასეთი გარემოებების ცვლილება ხელშეკრულების მისადაგების საფუძველი არ არის. ხელშეკრულების მისადაგების საფუძველია ისეთი გარემოებების შეცვლა, რომლის განვითარებაზე ზეგავლენა მხარეებს არ შეუძლიათ, ამასთან, ამ გარემოების არსებითად შეცვლა მხარეებს წინასწარ არ შეეძლოთ გაეთვალისწინებინათ. სადაო ურთიერთობაში შპს „ს----------–-------------ის“ მიერ გადაზიდვის ტარიფის ცვლილება არ წარმოადგენს ისეთ გარემოებას, რომლის ცვლილება წინასწარ გაუთვალისწინებელი, განსაკუთრებული გარემოებაა.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი გადაზიდვების ხარჯების შესახებ დოკუმენტებით დასტურდებოდა, რომ შპს „ს----------–-------------ის“ მიერ დადგენილი გადაზიდვის ტარიფები სატრანსპორტო ექსპედიციის ხარჯების ძირითადი ნაწილი იყო და შეადგენდა საფასურის 80%-ს. ამდენად, ამ ტარიფის ცვლილება აისახებოდა ასევე სატრანსპორტო ექსპედიციის ღირებულებაზე.
სადაო სახელშეკრულებო პირობის შეთანხმების დროს შპს „ჯ--------–-სთვის“ ცნობილი იყო შპს „ს----------–-------------ის“ ტარიფების შესახებ და იგი სადაო გადაზიდვების პერიოდში, ანუ ბოლო ტარიფის შეთანხმების დადების შემდეგ არ შემცირებულა. შპს „ს----------–-------------ის“ მიერ გადაზიდვების ტარიფები მნიშვნელოვნად შემცირდა 2017 წლის მაისიდან, სადაო გადაზიდვების შემდგომ პერიოდში.
სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში სატრანსპორტო ექსპედიციის ტარიფები შეთანხმდა შპს „ს----------–--------------ის“ შეცვლილი ტარიფების გათვალისწინებით. სადაო პერიოდში რკინიგზის მიერ გაწეული მომსახურების საფასური შეადგენს თითო კონტეინერზე 236-280 აშშ დოლარს, ხოლო შეთანხმებული ტარიფია 20 ფუთიან კონტეინერზე 200/165 აშშ დოლარი, ხოლო 40 ფუთიან კონტეინერზე 295/240 აშშ დოლარი.
სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში 398-ე მუხლის საფუძველზე შეცვლილი გარემოებებისადმი მისადაგების საფუძველი არ არსებობდა, თუმცა უნდა შემოწმებულიყო პროვიზიის განსაზღვრის დროს ექსპედიტორმა დაიცვა თუ არა გამგზავნის ინტერესებისადმი გულისხმიერი დამოკიდებულების ვალდებულება.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 325-ე, 319-ე მუხლებზე და განმარტა, რომ ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი კერძო სამართლის ფუნდამენტური პრინციპია, რომლითაც მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად, ნების თავისუფალი გამოვლენის პირობებში დადონ მათთვის სასურველი შეთანხმებები, განსაზღვრონ მათი შინაარსი. თუმცა სახელშეკრულებო თავისუფლება შეუზღუდავი და განუსაზღვრელი უფლება არ არის და იგი შეზღუდულია იმპერატიული ნორმატიული დანაწესებით, ასევე სამართლიანობისა და კეთილსინდისიერების პრინციპებით. „სწორედ სახელშეკრულებო სამართლიანობა ზღუდავს კერძო ავტონომიას, რათა მინიმალურად მაინც უზრუნველყოს მხარეთა ინტერესების დაცვა“ (სამოქალაქო კოდექსის 325-ე მუხლის კომენტარი http://www.gccc.ge/).
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლზე, რომლის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობისმონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი. ამ ნორმით და 316-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ხაზგასმულია კერძო-სამართლებრივ ურთიერთობაში გულისხმიერების და კეთილსინდისიერების მნიშვნელობაზე. „სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა ვალდებულება, კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლება-მოვალეობანი (მე-8 მუხლი) ყველაზე მეტად სამართლიანობისა და თანასწორობის (aequitas) ერთიან პრინციპში რეალიზდება. სახელშეკრულებო სამართლიანობა სახელშეკრულებო თავისუფლების ერთგვარი შეზღუდვაა და გულისხმობს შესრულების ექვივალენტურობას, თუმცა ეს არ შეიძლება წარმოვიდგინოთ შესრულების ღირებულებათა იდენტურობად. სახელშეკრულებო სამართლიანობა გულისხმობს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შესრულებასა და ანაზღაურებას შორის არ უნდა იყოს აშკარა შეუსაბამობა. ხელშეკრულების მხარემ არ უნდა გამოიყენოს საბაზრო ძალაუფლება და მეორე მხარის მძიმე მდგომარეობა თუ გამოუცდელობა, არამედ მხედველობაში უნდა იქნას მიღებული განსხვავებული ინტერესებიც“ (სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის კომენტარი http://www.gccc.ge/).
სასამართლომ აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში სატრანსპორტო ექსპედიციის საფასური შეთანხმებული იყო მხარეთა მიერ მათი სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში, ტარიფის შეთანხმების დროს შპს „ჯ--------–-“ ინფორმირებული იყო შპს "ს----------–-------------ის" ტარიფების შესახებ. ამდენად, გათვალისწინებული იყო სატრანსპორტო ექსპედიციაში შპს „ს----------–-------------ის“ გადაზიდვის მომსახურებაში ძირითადი როლი. სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს „ს----------–--------------ის“ მიერ ტარიფების შემცირების კვალობაზე შემცირებული იყო სატრანსპორტო ექსპედიციის საფასურიც.
სასამართლომ მიიჩნია, რომ საფასურის განსაზღვრის დროს ექსპედიტორს არ დაურღვევია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 731-ე მუხლით გათვალისწინებული გულისხმიერების ვალდებულება, მან აცნობა მოპასუხეს შპს "ს----------–-------------ის" ტარიფის შეცვლის შესახებ, რის შედეგად მხარეთა მიერ შეთანხმებული ტარიფები შემცირდა, ხოლო სატრანსპორტო ექსპედიციის პროვიზია უმნიშვნელოდ არ შემცირებულა.
სასამართლომ ამ სახელშეკრულებო პირობის სამართლიანობის შეფასებისათვის მნიშვნელოვად მიიჩნია ის გარემოება, რომ დავა შეეხებოდა ორ მეწარმე სუბიექტს შორის არსებულ სამართლებრივ ურთიერთობას, რომლებმაც თავიანთი სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების მიზნით დაამყარეს სადაო სამართალურთიერთობა. სატრანსპორტო ექსპედიციის ურთიერთობაში ექსპედიტორს კანონი აკისრებს გამზგავნის ინტერესების მიმართ გულისხმიერების გამოვლენას. სატრანსპორტო ექსპედიცია სასყიდლიანი ხელშეკრულება, რომლის ფარგლებში ექსპედიტორი იღების გაწეული მომსახურების გასამრჯელოს - პროვიზიას. გულისხმიერების ვალდებულება მას ავალდებულებს პროვიზია განსაზღვროს სამართლიანობის პრინციპის საფუძველზე, რაც თავის მხრივ არ გულისხმობს შესრულების ღირებულების იდენტურად პროვიზიის განსაზღვრას და ამ პროცესში მისი როგორც მოგების მიღებაზე ორიენტირებული მეწარმის ინტერესის უგულებელყოფას. სადაო ტარიფების შეთანხმებამდე პროვიზიის საფასურში შპს „ს----------–-------------ისთვის“ გადასახდელი გადაზიდვის ხარჯი შეადგენდა საფასურის 80%-ს. საფასურში რკინიგზის გადაზიდვის ხარჯის ეს პროპორცია არ შეცვლილა არც სადაო ტარიფის შეთანხმების დროს.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხის სარჩელის საწინააღმდეგო ძირითადი არგუმენტი მდგომარეობდა იმაში, რომ რკინიგზის გადაზიდვის ტარიფი სადაო პერიოდში მკვეთრდ შემცირდა, რაც გათვალისწინებული არ იყო პროვიზიის საფასურში. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მხრიდან სადაო ტარიფი შეთავაზებული იყო გულისხმიერების პრინციპის დაცვით, შპს „ჯ--------–-“ ინფორმირებული იყო შპს „ს----------–-------------ის“ მიერ გადაზიდვის ტარიფების შეცვლის თაობაზე, რისი გათვალისწინებითაც 2016 წლის იანვარ-თებერვალში შეთანხმდა სატრანსპორტო ექსპედიციის საფასური. გადაზიდვების განხორციელების პერიოდში მოპასუხე არ გაუპოროტესტებია შეთანხმებული ტარიფით სატრანსპორტო ექსპედიციის მომსახურების გაწევა. სატრანსპორტო ექსპედიციის საფასური წინა პერიოდთან შედარებით შემცირებული იყო შპს "ს----------–-------------ის" მიერ გადაზიდვის საფასურის შემცირების გამო, ხოლო სადაო გადაზიდვების პერიოდში შპს ,,ს----------–-------------ის’’ ტარიფი არ შეცვლილა და სატრანსპორტო ექსპედიციის საფასურის გადასინჯვის საფუძველი არ წარმოშობილა.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე და 316-ე მუხლებზე და ვინაიდან მოპასუხე შპს „ჯ--------–ს“ არ ჰქონდა სრულად გადახდილი სატრანსპორტო ექსპედიციის ხელშეკრულების საფუძველზე გაწეული მომსახურების საფასური, სრულად დაეკისრა სარჩელით მოთხოვნილი 8 870,90 ლარის გადახდა.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
3.1. აპელანტის მითითებით, მხარეთა შორის სადავო გარემოებას წარმოადგენდა ის, თუ რა ტარიფები მოქმედებდა სადავო პერიოდში და უნდა შეეცვალა თუ არა მოსარჩელეს ტარიფები, როდესაც მოხდა მათი ცვლილება შპს ,,ს----------–-------------ის’’ მიერ, რასაც მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით პასუხი არ გაეცა;
3.2. აპელანტის მითითებით, გასათვალისწინებელია ის გარემოება, თუ როგორ ხდებოდა გადაზიდვის ღირებულების შეთანხმება მხარეთა შორის.
3.3. აპელანტმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე მხარე რამოდენიმე წლის განმავლობაში, შპს ,,ჯ--------–ს’’ უწევდა საექსპედიციო მომსახურებას. მხარეებმა წინასწარ განსაზღვრეს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობისას მომსახურების ტარიფებს შეათანხმებდნენ წინასწარ, რაც ნიშნავს იმას, რომ ტარიფების გადახედვისას მოხდებოდა სხვადასხვა გარემოების გათვალისწინება და ასახვა. მოცემულ შემთხვევაში, სადავო პერიოდში შეიცვალა შპს ,,ს----------–-------------ის’’ ტარიფები, რასაც, უნდა მოჰყოლოდა მომსახურების ღირებულების შემცირება, თუმცა, მოპასუხემ კვლავ ძველი ტარიფით გააგრძელა საექსპედიციო მომსახურება, რაც მისი მხრიდან არაკეთილსინდისიერი ქცევაა და მიზნად ისახავს უსაფუძვლოდ საკუთარი მოგების გაზრდას კონტრაგენტის მართლზომიერი ინტერესების ხარჯზე.
3.4. აპელანტის განმარტებით, კონკრეტულ შემთხვევაში შპს ,,ჯ--------–-’’ მომსახურების შესყიდვის დროს მომსახურების ფასში მოიაზრებდა ასევე მომსახურებასთან დაკავშირებულ ხარჯებსაც. მსგავს სახელშეკრულებო ურთიერთობაში როგორც ხარჯების ზრდა გამოიწვევდა მომსახურების ფასის ზრდას მხარეებს შორის, ასევე უნდა გამოიწვიოს ამ ხარჯების შემცირებამ მომსახურების ფასის შემცირება.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო პალატა ეთანხმება და იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებს, მიუთითებს მათზე და დამატებით აღნიშნავს შემდეგს:
4.1. 2016-2017 წლებში, შპს „ჯ--------–-“ და შპს „ჯ--------------------------–-ა“ იმყოფებოდნენ სახელშეკრულებო ურთიერთობაში, კერძოდ, მხარეთა შორის არსებობდა სატრანსპორტო ექსპედიციის ხელშეკრულება. ხელშეკურლების ფარგლებში, სატრანსპორტო ექსპედიციის პროვიზიის საფასური განისაზღვრებოდა მხარეებს შორის ელექტრონული მიმოწერით. მხარეთა შორის სატრანსპორტო ექსპედიციის ხელშეკრულება შეწყდა 2017 წლის მარტიდან ურთიერთშეთანხმებით;
4.2. შპს „ჯ--------–ს“ სრულად არა აქვს გადახდილი სატრანსპორტო ექსპედიციის პროვიზიის საფასური გადაზიდვებზე, რომლებიც დადასტურებულია შემდეგი ინვოისებით: Nბკ-6053 (2017 წლის 30 იანვარი), ბკ-6060 (2017 წლის 30 იანვარი), ბკ-6079 (2017 წლის 3 თებერვალი), ბკ-6084 (2017 წლის 6 თებერვალი), ბკ-6061 (2017 წლის 6 თებერვალი), ბკ-6087 (2017 წლის 16 თებერვალი), ბკ-6090 (2017 წლის 20 თებერვალი). 2017 წლის მარტისათვის გაწეული მომსახურებისთვის გადაუხდელი დავალიანება შეადგენს 19 927 ლარს, საიდანაც 2017 წლის 21 აპრილს გადახდილია 11 056,11 ლარი, ხოლო გადასახდელია 8870,90 ლარი;
4.3. სადაო ინვოისების საფუძველზე განხორციელებული სატრანსპორტო ექსპედიციის პერიოდში შპს „ს----------–-------------ისთვის“ გადასახდელი გადაზიდვის ტარიფები შემცირებული იყო და სადაო გადაზიდვებზე შპს ,,ს----------–-------------ისთვის“ გადახდილი ხარჯი შეადგენს Nბკ-6053 ინვოსზე 472 აშშ დოლარს, ბკ-6060 – 472 აშშ დოლარს, ბკ-6079 – 236 აშშ დოლარს, ბკ-6084 – 236 აშშ დოლარს, ბკ-6061 – 236 აშშ დოლარს, ბკ-6087 - 472 აშშ დოლარს, ბკ-6090 – 236 აშშ დოლარს;
4.4. 2016 წლის იანვრიდან 20 ფუტიან კონტეინერზე მომსახურების ღირებულება განისაზღვრა 365 აშშ დოლარით (ფოთი-რუსთავი-ფოთი), ხოლო, ამავე წლის თებერვლიდან 40 ფუტიან კონტეინერზე მომსახურების ღირებულება განისაზღვრა 535 აშშ დოლარით;
4.5. წინამდებარე სასარჩელო განცხადებით, შპს ,,ჯ--------------------------–-ა’’ მოითხოვს შპს „ჯ--------–-სათვის“ მომსახურებისთვის გადაუხდელი დავალიანების 8870,90 ლარის დაკისრებას, ხოლო, მოპასუხე მხარე, აპელანტი შპს ,,ჯ--------–-’’, სატრანსპორტო ექსპედიციის საფასურის დაკისრების საწინააღმდეგოდ მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობის განმავლობაში, შპს „ს----------–-------------ამ“ მკვეთრად შეამცირა გადაზიდვის საფასური, თუმცა მოსარჩელემ კვლავ ძველი ტარიფით გააგრძელა მომსახურება, რაც მისი მხრიდან არაკეთილსინდისიერი ქცევაა და მიზნად ისახავს უსაფუძვლოდ საკუთარი მოგების გაზრდას კონტრაგენტის მართლზომიერი ინტერესების ხარჯზე.
ამდენად, სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმებს წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 730-ე და 731-ე მუხლები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 730-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ექსპედიციის ხელშეკრულებით ექსპედიტორი კისრულობს თავისი სახელითა და შემკვეთის ხარჯზე განახორციელოს ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებული მოქმედებანი. შემკვეთი მოვალეა გადაიხადოს შეთანხმებული პროვიზია. ხოლო, სამოქალაქო კოდექსის 731-ე მუხლის თანახმად, ექსპედიტორმა კეთილსინდისიერი ექსპედიტორის გულისხმიერებით უნდა გაგზავნოს ტვირთი, შეარჩიოს გადაზიდვაში მონაწილე პირები; ამასთან, მან უნდა დაიცვას გამგზავნის ინტერესები და შეასრულოს მისი მითითებები.
4.6. მოცემულ შემთხვევაში, დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია ტარიფის შეთანხმების პროცესის შეფასება და იმის დადგენა, სადაო პერიოდში როგორ შეიცვალა შპს „ს----------–-------------ის“ გადაზიდვის ტარიფები და ჰქონდა თუ არა ადგილი ექსპედიტორის მხრიდან არაკეთილსინდისიერ ქცევას.
ტარიფის შეთანხმების პროცესის შეფასების კუთხით, პალატა მიუთითებს მხარებს შორის წერილობით დადებულ შეთანხმებაზე (ელექტრონული ფოსტით მიმოწერა), რომლის თანახმად, 2016 წლის 27 იანვრის და 02 თებერვლის წერილებით, შპს „ჯორჯიან ტრანს ექსპერდიცია“ შპს „ჯ--------–-ს“ უფლებამოსილ პირს ატყობინებს, რომ 40 ფუთიანი სავსე კონტეინერის ღირებულებაა 295 აშშ დოლარი (მანამდე 360 აშშ დოლარი), 40 ფუთიანი ცარიელი კონტეინერის ღირებულებაა 240 აშშ დოლარი (მანამდე 270 აშშ დოლარი). 2016 წლის 27 იანვრის წერილში მითითებულია, რომ 20 ფუთიანი კონტეინერის ტარიფია 200 აშშ დოლარი (მანამდე 245 აშშ დოლარი), ცარიელის ტარიფია 165 აშშ დოლარი (მანამდე 180 აშშ დოლარი). ორივე წერილში შპს „ჯ--------–ს“ გაეგზავნა შპს „ს----------–-------------ის“ ახალი ტარიფები და შეთანხმდა ამ ტარიფებით მომსახურების გაწევა, რომელიც არსებულ ტარიფებთან შედარებით შემცირებული იყო.
4.7. ასევე მნიშვნელოვანია შეფასდეს რა ხარჯების გაწევა უწევდა ექსპედიტორს დავალების შესრულებისას.
სადავო არ არის ის გარემოება, რომ სატრანსპორტო ექსპედიციის პროვიზია მოიცავს ექსპედიტორის მიერ გაწეულ ხარჯებს, მათ შორის შპს "ს----------–-------------ისთვის" გადასახდელ გადაზიდვის საფასურს, ასევე, მოსარჩელის მოგების წილს და სხვა ხარჯებს.
მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების თანახმად:
- 2016 წლის 1 იანვრის მდგომარეობით შპს ,,ს----------–-------------ის’’ ტარიფების შესახებ ბრძანების თანახმად, ფოთი-გარდაბანი მიმართულებაზე გადაზიდვის საფასურია 20 ფუთიან კონტეინერზე 245 აშშ დოლარი (სავსე). 122 აშშ დოლარი (ცარიელი). 40 ფუთიან კონტეინერზე - 439 აშშ დოლარი (სავსე); 310 აშშ დოლარი (ცარიელი). შედარებისათვის მხარეთა მიერ შეთანხმებული სატრანსპორტო ექსპედიციის პროვიზიაა 20 ფუთიან სავსე კონტეინერზე 200 აშშ დოლარი; ცარიელ კონტეინერზე 165 აშშ დოლარი. 40 ფუთიან სავსე კონტეინერზე 295 აშშ დოლარი, ცარიელ კონტეინერზე 240 აშშ დოლარი.
- სადაო გადაზიდვების პერიოდში N6053, N6060, N6087 ზედნადებებზე შპს „ს----------–-------------ისათვის“ გადახდილია გადაზიდვის საფასური 472 აშშ დოლარი. ხოლო N6079, N6084 და N6090 ზედნადებებზე 236 აშშ დოლარი. შეთანხმებული ტარიფია 20 ფუთიან კონტეინერზე ჯამურად 365 აშშ დოლარი, 40 ფუთიან კონტეინერზე - 535 აშშ დოლარი.
- 2016 წლის იანვრიდან 2017 წლის 20 თებერვლის ჩათვლით პერიოდში შპს „ჯ--------–-ს“ დაკვეთით განხორციელებულ გადაზიდვებზე შპს „ჯ--------------------------–-ის“ მიერ შპს „ს----------–-------------ისთვის“ გადახდილია შეთანხმებულ ტარიფზე ნაკლები თანხა.
მოსარჩელე მხარისაგან გამოთხოვილი გადაზიდვების ხარჯების შესახებ ინფორმაციით დასტურდება, რომ სადაო გადაზიდვების წინა პერიოდში შეთანხმებული ტარიფია თითო კონტეინერზე 425 აშშ დოლარი, ხოლო შპს "ს----------–-------------ისთვის" რეალურად გადახდილი საფასური შეადგენს 333,02 აშშ დოლარს. ამდენად, სადაო გადაზიდვების წინა პერიოდში მხარეთა შეთანხმებული ტარიფი, ისე როგორც შპს „ს----------–-------------ისთვის“ რეალურად გადახდილი საფასური იყო სადაო პერიოდის ტარიფზე და შპს „ს----------–------------ისთვის“ გადახდილ რეალურ საფასურზე მეტი.
შესაბამისად, სადაო პერიოდში წინა პერიოდთან შედარებით შემცირებულია როგორც ექსპედიციის საფასური, ისე შპს „ს----------–-------------ისთვის“ გადახდილი ხარჯები. ორივე შემთხვევაში შპს „ს----------–-------------ისთვის" გადახდილი რეალური დანახარჯი არის შეთანხმებული ტარიფის დაახლოებით 80%, უფრო ზუსტად 78,4% და 78,6%. საქმეში წარმოდგენილი გადაზიდვების ხარჯების შესახებ დოკუმენტებით დასტურდება, რომ შპს „ს----------–-------------ის“ მიერ დადგენილი გადაზიდვის ტარიფები სატრანსპორტო ექსპედიციის ხარჯების ძირითადი ნაწილია და შეადგენს საფასურის 78,6%-ს. ამდენად, ტარიფის ცვლილება შესაბამისად აისახა სატრანსპორტო ექსპედიციის ღირებულებაზე.
4.8. წინა პუნქტში მოყვანილი მსჯელობიდან გამომდინარე, პალატა ასევე იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნას, რომ არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლის შესაბამისად (1. თუ ის გარემოებები, რომლებიც ხელშეკრულების დადების საფუძველი გახდა, ხელშეკრულების დადების შემდეგ აშკარად შეიცვალა და მხარეები არ დადებდნენ ამ ხელშეკრულებას ან დადებდნენ სხვა შინაარსით, ეს ცვლილებები რომ გაეთვალისწინებინათ, მაშინ შეიძლება მოთხოვილ იქნეს ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცალკეულ გარემოებათა გათვალისწინებით, ხელშეკრულების მხარეს არ შეიძლება მოეთხოვოს შეუცვლელი ხელშეკრულების მკაცრად დაცვა. 2. გარემოებათა შეცვლას უთანაბრდება, როცა წარმოდგენები, რომლებიც ხელშეკრულების საფუძველი გახდა, არასწორი აღმოჩნდა. 3. მხარეები ჯერ უნდა შეეცადონ, რომ ხელშეკრულება მიუსადაგონ შეცვლილ გარემოებებს. თუკი შეუძლებელია ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი, ან მეორე მხარე ამას არ ეთანხმება, მაშინ იმ მხარეს, რომლის ინტერესებიც დაირღვა, შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე), შეცვლილი გარემოებისადმი ხელშეკრულების მისადაგების საფუძველი და რომ მხარეს მოეთხოვება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სრულად შესრულება. პალატა განმარტავს, რომ ამ ნორმის საფუძველზე გარემოების შეცვლად არ განიხილება სამოქალაქო ბრუნვისთვის დამახასიათებელი ჩვეულებრივი ცვლილებები, ასეთი ცვლილება ხელშეკრულების მისადაგების საფუძველი არ არის. ხელშეკრულების მისადაგების საფუძველია ისეთი გარემოებების შეცვლა, რომლის განვითარებაზე ზეგავლენა მხარეებს არ შეუძლიათ, ამასთან ამ გარემოების წინასწარ გათვალისწინება მხარეებს არ უნდა შეძლოთ.
ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, შპს „ს----------–-------------ის“ მიერ გადაზიდვის ტარიფის ცვლილება არ წარმოადგენს ისეთ განსაკუთრებულ გარემოებას, რაც მიანიჭებდა აპელანტს უფლებას სრულად არ დაეცვა ხელშეკრულება.
4.9. სადაო სახელშეკრულებო პირობის შეთანხმების დროს შპს „ჯ--------–-სთვის“ ცნობილი იყო შპს „ს----------–-------------ის“ ტარიფების შესახებ და იგი სადაო გადაზიდვების პერიოდში, ანუ ბოლო ტარიფის შეთანხმების დადების შემდეგ არ შემცირებულა. შპს „ს----------–-------------ის“ მიერ გადაზიდვების ტარიფები მნიშვნელოვნად შემცირდა 2017 წლის მაისიდან, თუმცა ამ დრიოსათვის მხარეთა შორის ხელშეკრულება უკვე შეწყვეტილი იყო.
განსახილველ შემთხვევაში სატრანსპორტო ექსპედიციის ტარიფები შეთანხმდა შპს „ს----------–-------------ის“ შეცვლილი ტარიფების გათვალისწინებით. სადაო პერიოდში რკინიგზის მიერ გაწეული მომსახურების საფასური შეადგენს თითო კონტეინერზე 236-280 აშშ დოლარს, ხოლო შეთანხმებული ტარიფია 20 ფუთიან კონტეინერზე 200/165 აშშ დოლარი, ხოლო 40 ფუთიან კონტეინერზე 295/240 აშშ დოლარი.
4.10. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მხრიდან სადაო ტარიფი შეთავაზებულია გულისხმიერების პრინციპის დაცვით და შპს „ჯ--------–-“ ინფორმირებული იყო შპს „ს----------–-------------ის“ მიერ გადაზიდვის ტარიფების შემცირების თაობაზე, რისი გათვალისწინებითაც 2016 წლის იანვარ-თებერვალში შეთანხმდა სატრანსპორტო ექსპედიციის საფასური. გადაზიდვების განხორციელების პერიოდში მოპასუხე არ გაუპოროტესტებია შეთანხმებული ტარიფით სატრანსპორტო ექსპედიციის მომსახურების გაწევა. სატრანსპორტო ექსპედიციის საფასური წინა პერიოდთან შედარებით შემცირებულია შპს ,,ს----------–-------------ის’’ მიერ გადაზიდვის საფასურის შემცირების გამო, ხოლო სადაო გადაზიდვების პერიოდში შპს ს----------–-------------ის ტარიფი არ შეცვლილა და სატრანსპორტო ექსპედიციის საფასურის გადასინჯვის საფუძველი არ წარმოშობილა.
ამასთან, პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეს შპს „ს----------–-------------ის“ მიერ გადაზიდვის ტარიფების ცვლილებების შეტყობინების ვალდებულება არ გააჩნდა, თუმცა, მიუხედავად აღნიშნულისა, საქმის მასალებით დასტურდება, რომ შეცვლილი ტარიფებიდან გამომდინარე, მოსარჩელემ შეუმცირა მოპასუხე მხარეს სატრანსპორტო ექსპედიციის მომსახურების ტარიფი და აცნობა აღნიშნულის თაობაზე.
4.11. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ხოლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ ვინაიდან, მოპასუხე შპს „ჯ--------–ს“ არა აქვს სრულად გადახდილი სატრანსპორტო ექსპედიციის ხელშეკრულების საფუძველზე გაწეული მომსახურების საფასური, მას მართებულად დაეკისროს მოსარჩელისათვის 8 870,90 ლარის გადახდა.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე, 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
სასამართლო ხარჯები უნდა დაეკისროს აპელანტს, რაც მის მიერ გადახდილია წინასწარ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის (355.00 ლარი) სახით.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,ჯ--------–-ს’’ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება;
3. სასამართლო ხარჯები დაეკისროს აპელანტს, რაც გადახდილია წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: გელა ქირია