განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.11.2018
საქმის ნომერი
330210018002338988
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება, სამოქალქო
თარიღი
22.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210018002338988

საქმე №2ბ/4249-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

22 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე - ბესარიონ ტაბაღუა

 

სხდომის მდივანი - მაკა ბუიღლიშვილი

 

აპელანტი - სუ-–--------–---–ი

წარმომადგენელი - გი-----------–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე - სს „ლი------------ი“

წარმომადგენლები: თა-------------–---–ი, ნი----------–---–ი

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით სუ-–--------–---–ს სს „ლი------------ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 2918.47 აშშ დოლარის გადახდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. დადგენილია, რომ მხარეებს შორის არსებობს სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომლის საფუძველზეც სს „ლი------------ში“ მოპასუხე სუ-–--------–---–ს სახელფასო ანგარიშზე გაუაქტიურდა ეგრედ წოდებული ოვერდრაფტი და მოპასუხის სესხის სახით ათვისებულმა თანხამ საბანკო ანგარიშის მომსახურე ხარჯების ჩათვლით მთლიანობაში შეადგინა 2918.47 აშშ დოლარი.

 

სასამართლო დაეყრდნო ამონაწერს საბანკო ანგარიშიდან (ტ. І, ს.ფ 17)

 

2.2. მხარეები არ დავობენ, რომ ოვერდრაფტით სარგებლობის ვადა შეადგენდა 12 თვეს და მსესხებელს სს „ლი------------ის“ მიმართ არსებული დავალიანება უნდა დაეფარა ოვერდრაფტის სესხის მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში.

 

სასამართლო დაეყრდნო მხარეთა ახსნა-განმარტებებს.

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

მოპასუხე სადავო გარემოებად მიიჩნევს ოვერდრაფტის მიღების პერიოდს და განმარტავს, რომ იგი მიღებულია დაახლოებით 2009-2010 წელს. მისივე გამარტებით, აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება არ გააჩნია.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედებს სადავო გარემოებების მტკიცების სტანდარტი, რომლის მიხედვითაც ყოველი მხარე ვალდებულია, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტუროს საკუთარი პოზიციის სისწორე და უტყუარობა სასამართლოს წინაშე. აღნიშნული წესი უმეტეს შემთხვევაში გულისხმობს, რომ მოსარჩელემ უნდა წარადგინოს მის სასარჩელო განცხადებაში მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, ხოლო მოპასუხის მოვალეობაა მოსარჩელის მიერ დამტკიცებული ფაქტების გაქარწყლება, რომელიც, ბუნებრივია, საქმეში არსებული, მოსარჩელის მიერ წარდგენილის საპირწონე მტკიცებულებებით უნდა განახორციელოს.

 

სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე მხარის მიერ დასახელებულ სადავო გარემოება და აღნიშნა, რომ ვალდებულების წარმოშობის პერიოდი ნათლად დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მოპასუხის მიმდინარე საბანკო ანგარიშის ამონაწერიდან.

 

კერძოდ, სახელშეკრულებო ურთიერთობის საწყის თარიღს წარმოდგენს 2013 წლის 05 ნოემბერი. იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ოვერდრაფტის თანხა მიღებული აქვს 2009-2010 წლებში, მოპასუხეს არ წარუდგენია.

 

ამდენად, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ სუ-–--------–---–მა სს „ლი------------ისგან“ ოვერდრაფტის გააქტიურების მეშვეობით სესხი მიიღო 2013 წლის 05 ნოემბერს, რომლის სრულად დაფარვის ვადა სესხის ერთწლიანი პერიოდის გათვალისწინებით წარმოადგენდა 2014 წლის 05 ნოემბერი.

 

სასამართლო დაეყრდნო ამონაწერს საბანკო ანგარიშიდან (ტ. І, ს.ფ 17)

 

2.4. 2013 წლის 5 ნოემბრის ოვერდრაფტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა არ არის ხანდაზმული ეს მოსაზრება ემყარება შემდეგ მსჯელობას:

 

სასამართლომ დაადგინა, რომ სს „ლი------------ს“ და მოპასუხეს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის წარმოშობის პერიოდია 2013 წლის 5 ნოემბერი და მოვალეს სესხი მაქსიმუმ ერთი წლის პერიოდში უნდა დაეფარა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.

 

ამავე კოდექსის 129-ე მუხლის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.

 

2014 წლის 05 ნოემბერს სუ-–--------–---–მა კრედიტორის მიმართ ვალდებულება არ შეასრულა და 2014 წლის 06 ნოემბრიდან სს „ლი------------ს“ წარმოეშვა თანხის მოთხოვნის უფლება. შესაბამისად, სასარჩელო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის დინების საწყის თარიღად სწორედ 2014 წლის 06 ნოემბერი უნდა იქნეს მიჩნეული.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის დანაწესის გათვალისწინებით სს „ლი------------ის“ სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს და მისი ამოწურვის თარიღია 2017 წლის 06 ნოემბერი. მოსარჩელემ სარჩელი სასამართლოს წარუდგინა 2017 წლის 17 მარტს სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის ამოწურვამდე და შესაბამისად სს „ლი------------ის“ მოთხოვნა ხანდაზმულად არ ჩაითვალა.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან (ტ. І, ს.ფ 17)

მხარეთა ახსნა განმარტება (22.05.2018წ, სხდომის ოქმი)

 

2.5. დადგენილია, რომ მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და მისი დავალიანება 2016 წლის 24 ოქტომბრის მდგომარეობით შეადგენს 2918.47 აშშ დოლარს.

 

სასამართლო დაეყრდნო ცნობას დავალიანების შესახებ (ტ. І, ს.ფ 16).

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.6. სასამართლომ მიუთითა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლზე რომლის თანახმად, მხარეებს შორის წარმოიშვა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

მოცემულ შემთხვევაში სს „ლი------------სა“ და სუ-–--------–---–ს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა ოვერდრაფტის ხასიათის სასესხო ხელშეკრულების საფუძველზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

დადგენილია, რომ სს „ლი--------------ს“ მხრიდან სრულად იქნა შესრულებული ნაკისრი ვალდებულება - შეთანხმებული საკრედიტო თანხის გაცემის თაობაზე, ხოლო მოპასუხის მხრიდან ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. კერძოდ, სუ-–--------–---–ს, როგორც სს ლი------------ის პლასტიკური ბარათის მქონე პირს გაუქტიურდა ოფერდრაფტის შეთავაზება, რომლის საფუძველზეც მის მიერ ათვისებულმა თანხამ შეადგინა 2918.47 აშშ დოლარი.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ სს „ლი--------------“ უფლებამოსილია მოითხოვოს ოვერდრაფტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გადაცემული სესხის სრულად დაბრუნება და სასარჩელო მოთხოვნა 2918.47 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ დასაბუთებულია.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებში არასწორად დაადგინა ის ფაქტი, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობის საწყის თარიღს წარმოადგენს 2013 წლის 05 ნოემბერი.

 

აპელანტის მითითებით, სს „ლი------------ის“ ანგარიშიდან ამონაწერით, რომელიც მოიცავს პერიოდს 01 ივნისი 2013 წ. - 20 დეკემბერი 2017 წ., დასტურდება, რომ 2013 წლის 01 ივნისის მდგომარეობით სუ-–--------–---–ის საბანკო ანგარიშზე, დოლარის ანგარიშის გრაფაში წარმოშობილია ე.წ. „მინუსი“, თანხით 2488.31 აშშ დოლარი, რაც ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად აქარწყლებს იმ გარემოებას, რომ მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა წარმოიშვა, ანუ სუ-–--------–---–ის დოლარის ანგარიშზე ოვერდრაფტის თანხა გააქტიურდა, 2013 წლის 05 ნოემბერს.

 

აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ მოთხოვნა არ არის ხანდაზმული. მიუხედავად ორივე მხარის პოზიციისა სასამართლომ არასწორად არ ჩათვალა დადგენილად ის ფაქტობრივი გარემოება, რომ სუ-–--------–---–ს ოვერდრაფტის სესხი სს „ლი------------ი“-ს ანგარიშზე გაუქტიურდა 2009-2010 წწ, უფრო კონკრეტულად კი 2010 წლის 12 ნოემბრამდე.

 

აპელანტის მოსაზრებით, სასამართლოს ყურადღების მიღმა დარჩა ის გარემოება, რომ სუ-–--------–---–ს მხოლოდ იმ შემთხვევაში გაუქტიურდებოდა ოვერდრაფტის ლიმიტი, როდესაც მას რეგულარულად ერიცხებოდა ხელფასი, ამასთან საქმეში წარმოდგენილი საბანკო ამონაწერით, რომელიც მოიცავს 2013 წლის 01 ივნისიდან პერიოდს, დადგენილია, რომ სუ-–--------–---–ს არათუ რეგულარულად, არამედ საერთოდ არსაიდან არ ჩარიცხვია ხელფასი, უფრო მეტიც 2013 წლის 01 ივნისის მდგომარეობით სუ-–--------–---–ს უკვე უფიქსირდება უარყოფითი ნაშთი, რაც თავის მხრივ ცალსახად გამორიცხავს სს „ლი------------ი“-ს მხრიდან შესაბამის ანგარიშზე ოვერდრაფტის ლიმიტის გააქტიურების შესაძლებლობას.

 

აპელანტი ასევე, მიუთითებს, რომ სასამართლომ არ შეაფასა საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვის მთვარის სხდომის ახსნა განმარტების ეტაპზე, მოსარჩელის ახსნა-განმარტება, რომელმაც ოვერდრაფტის შესახებ განმარტა, რომ იგი „თავისი ხასიათით არის შემდეგი ტიპის სესხი, კერძოდ პლიუსიან ანგარიშზე, ანუ იმ ანგარიშზე სადაც რეგულარულად ირიცხება პირის ხელფასი, დამსაქმებელთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, პირს ეძლევა უფლება აითვისოს გარკვეული საკრედიტო ლიმიტი.... სუ-–--------–---–ს ლი------------იდან მიეცა საკრედიტო ლიმიტის ათვისების უფლება ხელფასის 90%-ის ოდენობით და მიეცა შესაძლებლობა გასულიყო ანგარიშიდან მინუსში“ (ციტირებული ტექსტი: იხ. სხდომის ოქმი - 22.05.2018 წელი, 10:22:20 - 10:23:34 სთ).

 

სასამართლოს ყურადღების მიღმა დარჩა მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება, სადაც იგი აღნიშნავს, რომ „დადებითი ნაშთის მქონე ანგარიში რომ გავიდა მინუსში, უკვე ნათლად ჩანს და დამადასტურებელი მტკიცებულებაა იმისა, რომ სუ-–--------–---–მა ისარგებლა ოვერდრაფტით (ციტირებული ტექსტი: იხ. სხდომის ოქმი - 22.05.2018 წელი, 10:24:50 - 10:25:10 სთ).

 

შესაბამისად, რადგანაც 2013 წლის 01 ივნისის მდგომარეობით ანგარიში გასული იყო მინუსში, სუ-–--------–---–ს უკვე გამოყენებული ჰქონდა ოვერდრაფტით, რაც გამორიცხავს იმ გარემოებას, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობის საწყის თარიღს წარმოადგენს 2013 წლის 05 ნოემბერი.

 

აპელანტის განმარტებით, სასამართლოს ყურადღების მიღმა დარჩა, ასევე, მოსარჩელე მხარის პოზიცია, სადაც იგი საქმის განხილვის შეკითხვების ეტაპზე აღნიშნავს, რომ სუ-–--------–---–ი დასაქმებული იყო სპ----------------------ში, იყო მი--------- მ--------–ე, „ჩვენთვის ცნობილია, თუ ამას უარყოფთ, ნუ ეხლა ეს იმდენად საზოგადოდ ცნობილი ფაქტია, რომ მი--------- მ--------–ე გახლდათ, არ მგონია, რომ ამას ცალკე დამადასტურებელი მტკიცებულება სჭირდებოდეს, ვალდებულების წარმოშობის დროს ბატონი სუ-–--------–---–ი გახლავთ ერთი პერიოდი მი--------- მ--------–ე, შემდეგ გუბერნატორი, .... ოვერდრაფტის ვალდებულების წარმოშობის დროს“ (ციტირებული ტექსტი: იხ. სხდომის ოქმი - 22.05.2018 წელი, 10:54:15 - 10:54:44 სთ). რაც მოპასუხე მხარის მიერაც იქნა დადასტურებული (ამასთან 2012 წლის 01 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ სუ-–--------–---–ი დასაქმებული აღარ ყოფილა).

 

სასამართლოს ყურადღების მიღმა დარჩა ასევე მოსარჩელე მხარის პოზიცია, სადაც იგი საქმის განხილვის შეკითხვების ეტაპზე აღნიშნავს, რომ „მინუსი, რომელიც ეხება ოვერდრაფტის სესხს, წარმოშობილია 2010 წლიდან, 2010 წლის 12 ნოემბრიდან არის პირველი მინუსი გაჩენილი ანგარიშზე“ (ციტირებული ტექსტი: იხ. სხდომის ოქმი - 22.05.2018 წელი, 11:04:38 - 11:05:01 სთ), რაც ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ სახელფასო ოვერდრაფტი გაიცა 2010 წლის 12 ნოემბრამდე, და არა 2013 წლის 05 ნოემბერს.

 

შესაბამისად, აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლოს მსჯელობა: „იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ოვერდრაფტის თანხა მიღებული აქვს 2009-2010 წლებში, მოპასუხეს არ წარმოუდგენია“ არასწორი და დაუსაბუთებელია, მაშინ როცა მოსარჩელე მხარე ცალსახად განმარტავს, რომ:

ა) ოვერდრაფტი გააქტიურდებოდა მხოლოდ ხელფასის რეგულარულად ჩარიცხვის შემთხვევაში (მტკიცებულებით დასტურდება რომ ხელფასი არ ირიცხება);

ბ) ოვერდრაფტის ვალდებულება წარმოიშვა როდესაც სუ-–--------–---–ი მუშაობდა სპ------------------------------–-დ (2009-2010წ);

გ) მინუსი, რომელიც ეხება ოვერდრაფტის სესხს, წარმოშობილია 2010 წლის 12 ნოემბრიდან.

 

3.2. აპელანტი მიუთითებს, რომ მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება საქმის განხილვის უმთავრესი პრინციპია. სასამართლოს, რომ არ დაერღვია შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპი, ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის რომ გადაენაწილებინა სამართლიანად, მიღებული იქნებოდა სხვა გადაწყვეტილება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 244-ე მუხლის თანახმად გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს, განსაზღვრავს, თუ საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რომელი გარემოებებია დადგენილი და რომელი - დაუდგენელი, რომელი კანონი უნდა იქნეს გამოყენებული ამ საქმეზე და დაკმაყოფილებულ უნდა იქნეს თუ არა სარჩელი.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ არასწორად იქნა გადანაწილებული მტკიცების ტვირთი. არასწორად იქნა გამოკვლეული და შეფასებული საქმეში არსებული მტკიცებულებები, მხარეთა ახსნა-განმარტებები და პოზიციები. სასამართლო გადაწყვეტილება ეყრდნობა არა მყარ და უდავო მტკიცებულებებს, არამედ მხარეთა ახსნა-განმარტებების და პოზიციების არასწორ შეფასებებს, რამაც უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების გამოტანას შეუწყო ხელი.

 

მიუხედავად ორივე, მხარის პოზიციისა სასამართლომ არასწორად არ ჩათვალა დადგენილად ის ფაქტობრივი გარემოება, რომ სუ-–--------–---–ს ოვერდრაფტის სესხი ს.ს. „ლი------------ი“-ს ანგარიშზე გაუაქტიურდა 2009-2010 წწ, უფრო კონკრეტულად კი 2010 წლის 12 ნოემბრამდე.

 

3.3. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლოს უნდა გამოეყენებინა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-133 მუხლები და მოსარჩელე მხარის მიერ განმარტებული გარემოებების საფუძველზე დადასტურებულად უნდა მიეჩნია მოპასუხე მხარის პოზიცია, იმასთან დაკავშირებით, რომ ოვერდრაფტის სესხი გაცემული იქნა 2009-2010 წელს.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. 394-ე მუხლის „ე“ პუნქტი ადგენს, რომ გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. სააპელაციო პალატას უდავოდ დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

- მხარეებს შორის არსებობდა ოვერდრაფტის სახელშეკრულებო ურთიერთობა.

 

- 2017 წლის 17 მარტის მდგომარეობით სუ-–--------–---–ის ოვერდრაფტის დავალიანება სს „ლი------------ის“ მიმართ შეადგენს 2918.47 აშშ დოლარს.

 

- ოვერდრაფტით სარგებლობის ვადა იყო 12 თვე და მსესხებელს სს „ლი------------ის“ მიმართ არსებული დავალიანება უნდა დაეფარა ოვერდრაფტის სესხის მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში.

 

4.2. განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის სადავოს წარმოადგენს სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოება - მოთხოვნის წარმოშობის დრო.

 

სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ სასარჩელო ხანდაზმულობასთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთი მოპასუხეს ეკისრება.

 

განსახილველ შემთხვევაში უდავოა, რომ მოსარჩელემ მოპასუხის მიმართ სარჩელი აღძრა 2017 წლის 17 მარტს, შესაბამისად, მოპასუხის სამტკიცებელ გარემოებას წარმოადგენ ის ფაქტი, რომ მოსარჩელეს ოვერდრაფტის დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 2014 წლის 17 მარტამდე, ხოლო ოვერდრაფტის თანხა ათვისებულ იქნა 2013 წლის 17 მარტამდე.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატა ეყრდნობა რა, საქმეში წარმოდგენილი სუ-–--------–---–ის ანგარიშის ამონაწერს (ტ. І. ს.ფ. 95), ეთანხმება აპელანტის მოსაზრებას, რომ ოვერდრაფტის სახელშეკრულებო ურთიერთობის წარმოშობის პერიოდს 2013 წლის 5 ნოემბერი არ წარმოადგენს, ვინაიდან აპელანტს 2013 წლის 01 ივნისის მდგომარეობითაც ერიცხებოდა ოვერდრაფტის დავალიანება 2918.47 აშშ დოლარის ოდენობით.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მითითებული გარემოება არ აქცევს სარჩელს ხანდაზმულად, ვინაიდან მოპასუხემ ვერ დაადასტურა, რომ დავალიანება წარმოიშვა 2013 წლის 17 მარტამდე და არა 2013 წლის 17 მარტიდან 01 ივნისამდე პერიოდში.

 

4.3. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სარჩელი ხანდაზმულია 300 აშშ დოლარის ოვერდრაფტის დავალიანების მოთხოვნის ნაწილში.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის დადასტურება, (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. ამავე კოდექსის 132-ე მუხლის თანახმად, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების არსებობა ან არარსებობის აღიარება მხარეს შეუძლია როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმით, საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების ან ამ საქმის სასამართლო სხდომაზე განხილვის დროს. თუ აღიარება წარმოდგენილია წერილობითი ფორმით, იგი დაერთვის საქმეს. ზეპირი აღიარება აღინიშნება სასამართლო სხდომის ოქმში.

 

ფაქტის აღიარება არის მხარეთა ახსნა-განმარტების ერთ-ერთი სახესხვაობა – მტკიცებულება, რომლითაც ხდება ისეთი ფაქტის დადასტურება, რომელზეც მოწინააღმდეგე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნას ან შესაგებელს ანუ ერთი მხარე ახსნა-განმარტების დროს აღიარებს ისეთ ფაქტობრივ გარემოებას, რომელიც უნდა დაედასტურებინა მის მოწინააღმდეგე მხარეს. ამდენად, აღნიშნული ნორმა გამოიყენება ფაქტობრივი გარემოებების დადგენისას და არა სასარჩელო მოთხოვნის უფლების არსებობა ან არარსებობის დადგენისას. როდესაც მხარე აცხადებს, რომ მას არა აქვს მოთხოვნის უფლება, აღნიშნული სარჩელზე უარის თქმის ტოლფასია და, შესაბამისად, საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი სასამართლო სხდომის ოქმებით დასტურდება, რომ მოსარჩელე მხარის წარმომადგენლებმა ზეპირი ფორმით მიცემულ ახსნა-განმარტებით აღიარეს, რომ სუ-–--------–---–ს 300 აშშ დოლარის ოდენობით ოვერდრაფტის თანხა მიღებული აქვს 2010 წლის 12 ნოემბერს (იხ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 ნოემბრის სხდომის ოქმი 11:04:38; ტომი I, ს.ფ. 298-309; თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ნოემბრის სხდომის ოქმი 13:01:39; 13:02:01; 13:02:07 ტომი II).

 

ამდენად, სააპელაციო პალატას, მიაჩნია, რომ 300 აშშ დოლარის ოდენობით ოვერდრაფტის დავალიანების მოთხოვნის უფლება მოსარჩელეს წარმოეშვა 2011 წლის 12 ნოემბერს, საიდანაც სარჩელის აღძვრამდე გასულია სამწლიანი სახელშეკრულებო ხანდაზმულობის ვადა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს.

 

ვინაიდან, დარჩენილი დავალიანების 2618.47 აშშ დოლარის მოთხოვნის ნაწილში მოპასუხემ სათანადო მტკიცებულებებზე მითითებით ვერ დაადასტურა, რომ მოსარჩელეს მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 2014 წლის 17 მარტამდე, ამ ნაწილში სარჩელი ხანდაზმული არ არის და გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მართებულად დაკმაყოფილდა.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

5.1. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა ასკვნის, რომ სუ-–--------–---–ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 მაისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება სს „ლი------------ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

სს „ლი------------ის“ სარჩელი სუ-–--------–---–ის მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, სუ-–--------–---–ს სს „ლი------------ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად, 194.16 ლარის ოდენობით. რადგან სუ-–--------–---–ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სს „ლი------------ს“ სუ-–--------–---–ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მხრიდან სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ანაზღაურება 31.92 ლარის ოდენობით. საბოლოოდ, სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში სუ-–--------–---–ს სს „ლი------------ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება მთლიანობაში 162.24 ლარის ოდენობით (სსსკ-ის 53-ე მუხლი).

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სუ-–--------–---–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 მაისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

 

3. სს „ლი------------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

4. სუ-–--------–---–ს სს „ლი------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2618.47 აშშ დოლარის გადახდა.

 

5. სუ-–--------–---–ს სს „ლი------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 162.24 ლარის ოდენობით.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე ბესარიონ ტაბაღუა