განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 160210018002294100
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/3022-18 22 ნოემბერი, 2018 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე – თამარ ალანია
სხდომის მდივანი – ოთარ ჯუგაშვილი
აპელანტი - ბ--–---- ი----------ი
წარმომადგენელი - მ-----------–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე - შ---------- ი------------ი
წარმომადგენელი - ხ----------------–---–ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. შ---------- ი------------მა ბ--–---- ი----------ის მიმართ ბოლნისის რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრა და მისთვის 4200 ლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 4 200 ლარის გადახდის ვალდებულება დაეკისრა.
4. აღნიშნული გადაწყვეტილება ბ--–---- ი----------მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
5. ბ--–---- ი----------ი ქ.დ-----ში ცხოვრობს იგი მწყემსია, რომელიც მიბარებული საქონლის გასამრჯელოს სანაცვლოდ, მეთვალყურეობას ახორციელებს (მხარეთა ახსნა-განმარტებები, მოწმეთა ჩვენებები).
6. მოსარჩელე შ---------- ი------------ის ოჯახი ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე, მათ საკუთრებაში არსებულ საქონელს - სამ სულ ძროხას, სამეთვალყურეოდ მოპასუხე ბ--–---- ი----------ს გადასცემდა, რომელიც იღებდა ვალდებულებას, გარკვეული გასამრჯელოს სანაცვლოდ, მიბარებული საქონლისათვის თვალყური ედევნებინა (მხარეთა ახსნა-განმარტებები, მოწმეთა ჩვენებები).
7. სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ მოდავე მხარეთა შორის ზეპირი მიბარების ხელშეკრულება დაიდო.
სამოქალაქო კოდექსის 763-ე მუხლის თანახმად, მიბარების ხელშეკრულებით შემნახველი კისრულობს შეინახოს მიმბარებლის მიერ მისთვის ჩაბარებული მოძრავი ნივთი. მიბარების ხელშეკრულება ფორმასავალდებულო გარიგებათა რიგს არ განეკუთვნება. შესაბამისად. მისი დადება, როგორც ზეპირი ასევე წერილობითი ფორმითაა შესაძლებელი. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს საკვლევ გარემოებათა წრეს მხარეთა შორის ხელშეკრულების დადების ფაქტის დადგენა წარმოადგენს.
მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო კოდექსი წერილობით დადებული გარიგების პრიმატს ზეპირ გარიგებებთან მიმართებით არ აღიარებს, ცალსახაა, რომ წერილობითი დოკუმენტის არსებობისას მხარეს მტკიცების ტვირთი მნიშვნელოვნად უმსუბუქდება, ზეპირი გარიგების დროს კი, გარიგების არსებობის ფაქტის დადასტურება მთლიანად მოსარჩელეს ეკისრება. სააპელაციო სასამართლო საკითხის სფეციუფიურობიდან გამომდინარე (საქონლის მწყემსისთვის მიბარება) საქმის მასალებში არსებულ მოწმეთა ჩვენებებს უმთავრეს მტკიცებულებაებად მიიჩნევს და გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის მათ სრულ და ობიექტურ გამოკვლევას მიზანშეწონილად მიიჩნევს.
ბოლნისის რაიონულ სასამართლოში, 2018 წლის 15 მარტს დ---- ო-----–---–ი დაიკითხა, იგი მოსარჩელის მეზობელია. მოწმის ჩვენების თანახმად, გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში (5 თვე) იგი სისტემატიურად, ყოველ დილით ვარჯიშობდა. 2017 წლის 5 ოქტომბერსაც დილით სავარჯიშოდ იყო გასული, როდესაც იგი ს----– ი------------ას (შ---------- ი------------ის მეუღლეს) შეხვდა. მოწმემ დაინახა ს----–მა სამი სული ძროხა ნახირთან, როგორ მიიყვანა. მწყემსის ვინაობა არ იცის, მაგრამ მისთვის ცნობილია, რომ იგი დ-----ელია და საქონელი სანახიროდ დაჰყავს. მოწმის განცხადებით, მოსარჩელის მეუღლემ ძროხები ნახირს საორიენტაციოდ რვის ნახევარზე მიაბარა. მეორე დღეს, როდესაც მოწმე სამსახურში მივიდა (პოლიციის განყოფილებაში), იქ ს----–ი დახვდა, რომელიც აცხადებდა, რომ საქონელი დაკარგა, მოწმეს აღნიშნული ფაქტი გაუკვირდა, რადგან წინა დღეს თავად დაინახა სამივე საქონელი, როგორ გააყოლა ნახირს. დ---- ო-----–---–მა დაადასტურა, რომ მოსარჩელის ძროხები მოზრდილები იყვნენ (2018 წლის 15 მარტის სხდომის ოქმი, 14:01:28-14:12:09 საათამდე).
ბოლნისის რაიონულ სასამართლოში, 2018 წლის 15 მარტს ფ-----– ფ---–--ე დაკითხა, მისი განცხადებით, მინდვრიდან ყოველდღიურად ორი ნახირი, 15-20 წუთიანი განსხვავებით გადის. 2017 წლის 5 ოქტომბერს მან ს----–-ი მინდორში დაინახა, მას სამი სული ძროხა მიჰყავდა იმ ადგილას სადაც, როგორც წესი, ნახირი იკრიბება (2018 წლის 15 მარტის სხდომის ოქმი, 14:18:24 საათი). ფ-----– ფ---–--ის განმარტებით, მწყემს თითოეული მოქალაქე ძროხებს პირადად არ აბარებს, მიჰყავს იმ ადგილას სადაც ნახირი იკრიბება და მათთან ერთად უშვებს (2018 წლის 15 მარტის სხდომის ოქმი, 14:20:26 საათი). მოწმე შ---------- ი---------ოვის მეზობელია და ამიტომ მისთვის ცნობილია, რომ იგი საქონელს ბ--–---- ი----------ის ნახირში უშვებს (2018 წლის 15 მარტის სხდომის ოქმი, 14:22:15 საათი). მოწმემ დაადასტურა, რომ მოსარჩელის ძროხები მოზრდილი ზომის იყვნენ, ერთ-ერთი 60-70 კილო, მეორე 150 კილომდე, ჯამში ალბათ 300 კილო იქნებოდნენ. მოსამართლის დამაზუსტებელ შეკითხვაზე, შეიძლებოდა თუ არა მოსარჩელის საქონელი შემთხვევით სხვა ნახირს გაჰყოლოდა მოწმემ უარყოფითი პასუხი გასცა. მისი მითითებით, თავად საქონელს სხვა ნახირს აყოლებს, რომელიც იმ დღეს 15-20 წუთით ადრე გავიდა ვიდრე ბ--–----ს ნახირი, იგი ს----–ს იმ დროს შეხვდა, როდესაც მისი საქონელის ნახირი უკვე წასული იყო (2018 წლის 15 მარტის სხდომის ოქმი, 15:25:44 საათი).
ბოლნისის რაიონულ სასამართლოში 2018 წლის 05 აპრილს მოწმის სახით მ--–---- გ--------ი დაიკითხა. მან განაცხადა, რომ 2017 წლის 05 ოქტომბერს მოსარჩელის მეუღლეს საქონელი ნახირში არ ჩაუბარებია. თავადაც საქონელს ბ--–----ს ნახირს ატანს, იმ დღესაც საქონელი ჩააბარა და შემდეგ უკან დაბრუნდა.
სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას მოწმედ დაკითხული ს----– ი------------ასა და ფ---- ი----------ას ჩვენებების გაზიარებაზე უარის თქმის შესახებ, მათი მოდავე მხარეებთან ნათესაური კავშირის გამო. უზენაესმა სასამართლომ არაერთხელ განმარტა რომ, მოწმის, რომელიც საქმის შედეგით დაინტერესებულ პირს, მხარეთა ნათესავს ან სხვა ისეთ პირს წარმოადგენს, რომლის ობიექტურობაში შეტანის საფუძველიც არსებობს, მის მიერ მიცემული ჩვენება განსაკუთრებით კრიტიკულად უნდა შეფასდეს, კრიტიკულად შეფასება კი, სასამართლოს მიერ იმგვარი პრეზუმფციის დაშვებას გულისხმობს, რომ მხარეს საქმეში მონაწილე კონკრეტული პირების ან/და საქმის კონკრეტული გარემოების მიმართ იმგვარი დამოკიდებულება აქვს, რომელმაც მისი აღქმისა და მისი გადმოცემის ობიექტურობაზე შესაძლებელია გავლენა იქონიოს, რაც მის ობიექტურობას ეჭვქვეშ აყენებს.
სააპელაციო სასამართლო ასევე იზიარებს, პირველი ინსტანციის მოსაზრებას მასზედ, რომ დ---- ო-----–---–ისა და ფ-----– ფ---–--ის ჩვენებები ყველა იმ კრიტერიუმს აკმაყოფილებს, რომლებიც სასამართლოს მიერ მათი გაზიარების საფუძველს იძლევა. სასამართლო პირველ რიგში განმარტავს, რომ მტკიცებულების გამოკვლევა უპირველესად მისი შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს გულისხმობს. როგორც აღინიშნა, მოსარჩელემ მიბარების ხელშეკრულების დამადასტურებელ მტკიცებულებად მოწმეთა ჩვენებები წარმოადგინა, მათი ჩვენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 140-ე (1) მუხლის კონტექსტში გადმოცემულ ინფორმაციას წარმოადენს, რომელიც სანდოობის, სარწმუნოობისა და ობიექტურობის თვალსაზრისით უნდა შეფასდეს, რაც, რა საკვირველია, არა მხოლოდ ამ ჩვენების, როგორც ინდივიდუალურად აღებულის, არამედ, მხარეთა შორის უდავო/სადავო ფაქტებისა და მათი განვითარების ქრონოლოგიასთან, ასევე, მოწინააღმდეგე მხარის მიერ გამოთქმულ შედავებებთან ერთობლიობაში უნდა შემოწმდეს და ამ გზით უნდა დადგინდეს დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე Nას-28-25-2017). სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დ---- ო-----–---–მა და ფ-----– ფ---–--ემ სარწმუნოდ დაადასტურეს, როგორც მოსარჩელის მეუღლის მიერ 2017 წლის 05 ოქტომბერს ბ--–---- ი----------ისთვის სამი სული ძროხის მიბარების ასევე, საქონლის გარეგნული თვისებები. ამ მხრივ, სასამართლოს რწმენას ვერ აქარწყლებს მოწმე მ--–---- გ--------ის წინააღმდეგობრივი ჩვენება, რადგან თავად მას არ განუმარტავს ზუსტად რა დრო დაჰყო იმ ადგილას სადაც საქონელი იკრიბებოდა, ასევე არ განუმარტავს შეესწრო თუ არა საქონლის ნახირში წასვლას. მან აღნიშნა, რომ საქონელი შეთანხმებულ ადგილას დატოვა და უკან დაბრუნდა, აღნიშნული კი ვერ გამორიცხავს მოსარჩელის მეუღლის მიერ საქონლის ნახირში მიყვანის ფაქტს მას შემდეგ რაც მ--–---- გ--------ი უკან დაბრუნდა, მით უფრო კი იმ პირობებში, როდესაც დანარჩენი ორი მოწმის ჩვენება აღნიშნულ ფაქტს სარწმუნოდ ადასტურებს.
8. სააპელაციო სასამართლო იზირებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკარგული საქონლის ღირებულების 4200 ლარით განსაზღვრას. სამოქალაქო კოდექსის 407-ე მუხის თანახმად, ხელშეკრულებიდან გასვლისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც მას მიადგა ხელშეკრულების შეუსრულებლობით. ამავე კოდექსის 408-ე მუხლის მიხედვით, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამ შემთხვევაში ცალსახაა, რომ პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა შეუძლებელია, ამიტომ, გამოყენებულ უნდა იქნეს სამოქალაქო კოდექსის 409-ე მუხლი, რომელიც მხარეს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში ზიანის ფულადი ანაზღაურების სახით მოთხოვნის უფლებას ანიჭებს.
ამ მიმართებით, სასამართლო პირველ რიგში ყურადღებას მიაპყრობს ისევ მოწმეთა ჩვენებებს, რომლებმაც ერთხმად დაადასტურეს, რომ მოსარჩელის ძროხები საკმაოდ მოზრდილები იყვნენ. ამასთან ყურადღებას გაამახვილებს საქმის მასალებში არსებულ აუდიტის დასკვნაზე, რომლითაც ჩატარებული მოკვლევის, ანალიზისა და მარტივი სახის გაანგარიშების შედეგად დადგინდა, რომ 2017 წლის ოქტომბრის პერიოდში, მოქალაქე შ---------- ი------------ის კუთვნილი რქოსანი პირუტყვის (2 ერთეული ძროხის) საერთო ღირებულება სულ მცირე 4 200 ლარით განისაზღვრება, საიდანაც 2 300 ლარი მეწველი ძროხის, ხოლო 1 900 მოსაგები ახალგაზრდა ძროხის ღირებულებაა. საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი მტკიებულება საქმეში არ არსებობს.
9. სამოქალაქო პროცესში მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი განაწილების პრინციპი არსებობს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება, დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად, საპროცესო ნორმა განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა ნუსხას, რომლებიც მხარეებს შეუძლიათ, თავიანთი მოთხოვნების დასადასტურებლად გამოიყენონ. ჩამოთვლილ მტკიცებულებათაგან არც ერთს არ აქვს უპირატესი იურიდიული მნიშვნელობა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ სრულ და ობიექტურ განხილვას, შედეგად, სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლისა.
გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანონი მტკიცების ტვირთის გადანაწილების სპეციალურ წესს ითვალისწინებს (მაგ. შრომითსამათლებრივი დავები) მტკიცების ტვირთის გადანაწილების ზოგადი წესი მოქმედებს, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ ის გარემოებები უნდა დაამტკიცოს, რომლებზეც იგი თავის მოთხოვნას ამყარებს. არ შეიძლება მხარეს ისეთი გარემოების მტკიცების ტვირთი დაეკისროს, რომლის ზიდვაც მისთვის ობიექტურად შეუძლებელია.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე, მიბარების ხელშეკრულების დარღვევის შედეგად დაკარგული ორი სული ძროხის ღირებულების ანაზღაურებას მოითხოვს. მოსარჩელემ მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების არსებობისა და მისი დარღვევის დამამტკიცებლად სასამართლო პროცესზე მოწმეთა დაკითხვა უზრუნველყო. როგორც წინამდებარე განჩინებაში აღინიშნა, მოწმეთა ჩვენება სასამართლომ სარწმუნოდ ხოლო, მიბარების ხელშეკრულება დადებულად მიიჩნია. რაც შეეხება აპელანტ მხარეს, სასამართლო მიუთითებს, რომ მის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას ვალდებულების არასებობის დადგენა წარმოადგენდა, რაც მის მიერ წარმოდგენილი ერთად-ერთი მოწმის მ--–---- გ--------ის ჩვენებით ვერ დადასტურდა. ამასთანავე, სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს საქონლის ღირებულების განსაზღვრის შესახებ აპელანტის შედავებას, რადგან ზიანის განმსაზღვრელი საორიენტაციო ღირებულება მოსარჩელის მიერ წარდგენილ აუდიტის დასკვნით დგინდება, ძროხების ფასის სხვა ოდენობით განსაზღვრის დამადასტურებელი მტკიცებულებ კი აპელანტ მხარეს არ წარმოუდგენია, ამიტომ სააპელაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას მხოლოდ აპელანტის ზეპირსიტყვიერი მითითებები გაიზიაროს და იგი დაუდოს საფუძვლად სასამართლო გადაწყვეტილებას. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, მტკიცების ტვირთის ობიექტური განაწილების პირობებში, მოსარჩელემ მისი სარჩელის საფუძვლიანობა დაადასტურა, ხოლო მოპასუხემ მხარემ გარიგების არარსებობის მტკიცების ტვირთი ვერ დასძლია, რაც მის სააპელაციო საჩივარში მოყვანილი მსჯელობის გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველია.
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მათ სამართლებრივ შეფასებას შესაბამისად მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მოყვანილი მსჯელობა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძველს არ ქმნის და იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმაც იგულისხმება. შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, 168 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე, 390-ე, 55-ე მუხლებით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ბ--–---- ი----------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება;
3. ბ--–---- ი----------ის მიერ გადახდილი ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თამარ ალანია