განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 060210918002648925
საქმე № 2/ბ-1142-18
განჩინება
საქართველოს სახელით
21 ნოემბერი 2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ნანა კალანდაძე
საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი: შ-- ,,მ-----“
წარმომადგენელი: ნ------- ზ-------
მოწინააღმდეგე მხარე: გ--- კ------–---–-
გასაჩივრებული გადაწყვეტილება: სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 01 ოქტომბრის განჩინება
დავის საგანი: ლიზინგის საგნის დაბრუნების თაობაზე განცხადების მიღებაზე უარის თქმის თაობაზე განჩინების კანონიერება
საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული
განჩინების დასკვნებზე მითითება
2018 წლის 27 სექტემბერს, სამტრედიის რაიონულ სასამართლოს განცხადებით მიმართა შ-- ,,მ-----ს” წარმომადგენელმა თ----- ფ---------, მოპასუხედ დაასახელა გ--- კ------–---–- და ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნება მოითხოვა.
განმცხადებლის მითითებით, 2017 წლის 21 დეკემბერს, შ-- ,,მ-----სა” და გ--- კ------–---–- შორის გაფორმდა №---------/0--- ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, ლიზინგის საგანია შემდეგი ავტოსატრანსპორტო საშუალება: B--, მოდელი: 3--, VIN კოდი: W----------------, გამოშვების წელი 2---, ძრავის მოცულობა 2---, ფერი რუხი 1/8, რეგისტრაციის ნომერი U--2---U-, 7000 ლარად.
ხელშეკრულების საფუძველზე, ლიზინგის თანხა განისაზღვრა - 5950 ლარის ოდენობით, თვეში 4.00%-ის დარიცხვით.
ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2020 წლის 21 დეკემბრამდე.
ლიზინგის თანხა უნდა დაფარულიყო ყოველთვიური - 314,68 ლარის გადახდით, ხელშეკრულების თანდართული გრაფიკის შესაბამისად.
ხელშეკრულებით, ასევე განისაზღვრა პირგასამტეხლო, თანხის გადახდის ვადაგადაცილებისათვის ერთჯერადი 20 ლარი, ამას დამატებული ყოველთვიურად გადასახდელი თანხის 1% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.
იმ შემთხვევაში, თუ ლიზინგის მიმღები თანხის გადახდას გადააცილებდა 30 დღეზე მეტი ვადით, მას ეკისრებოდა პირგასამტეხლო სატრანსპორტო საშუალების ღირებულების გადაუხდელი ნაწილის 5 % -ის ოდენობით.
მიუხედავად გაფრთხილებისა, მოპასუხის მიერ არ შესრულდა ლიზინგის ხელშეკრულებების პირობები, კერძოდ, გრაფიკის შესაბამისად არ დაიფარა ლიზინგით გათვალისწინებული თანხა, რის გამოც, მოპასუხეს, ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 24.09.2018 წლის მდგომარეობით ერიცხება დავალიანება 7510,04 ლარის ოდენობით.
იმაზე მითითებით, რომ მოპასუხემ არ შეასრულა თანხის გადახდის ვალდებულება და არც ლიზინგის საგანი დაუბრუნებია, განმცხადებელმა მოითხოვა, მოპასუხის მფლობელობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების დაბრუნება.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 01 ოქტომბრის განჩინებით, შ-- „მ-----“-ს უარი ეთქვა ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების თაობაზე განცხადების მიღებაზე;
შ-- „მ-----“-ს დაუბრუნდა განცხადება და თანდართული დოკუმენტები;
შ-- „მ-----“-ს დაუბრუნდა, განცხადებასთან დაკავშირებით, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა 50 ლარის ოდენობით.
სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეზე წარმოდგენილი მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების შინაარსიდან გამომდინარე, მოპასუხეს შ-- ,,მ-----სგან“ სარგებლობაში ავტომობილი არ მიუღია და მისი ქირავნობის საზღაურს არ იხდის, არამედ მან თანხა ისესხა და სწორედ მისი დაბრუნების ვალდებულება იკისრა.
ნასყიდობის საზღაურის ნაცვლად, განმცხადებელმა მოპასუხეს ასესხა თანხა, რომელიც მან საპროცენტო სარგებელთან ერთად უნდა დააბრუნოს.
ხელშეკრულების პირველ პუნქტში ლიზინგის თანხა განმარტებულია კრედიტად, ხოლო გრაფიკის მიხედვით, მოპასუხეს სატრანსპორტო საშუალების შესაძენად სესხად აღებული თანხის და პროცენტის გადახდის ვალდებულება გააჩნია.
სასამართლომ დაადგინა, რომ განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი ,,ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება”, თავისი შინაარსიდან გამომდინარე არ წარმოადგენდა ლიზინგის ხელშეკრულებას, რის გამოც უარი უთხრა წარმოებაში მიღებაზე.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა შ-- ,,მ-----ს“ წარმომადგენელმა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, 2017 წლის 21 დეკემბერს, შ-- ,,მ-----ს“ და გ--- კ------–---–- შორის გაფორმდა ლიზინგის ხელშეკრულება, რომელიც აკმაყოფილებს სკ-ის 576-ე მუხლის მოთხოვნებს. ამ ხელშეკრულების თანახმად, შ-- ,,მ-----მ“ მოპასუხისათვის გადასაცემად შეიძინა შესაბამისი ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც იმავე დღეს გადაეცა მოპასუხეს მფლობელობის, სარგებლობისა და მომავალში მისი გამოსყიდვის უფლებით.
სკ-ის 576-ე და შემდგომი მუხლების თანახმად, ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულების დადების მიზნით გათვალისწინებულია ლიზინგის გამცემის მიერ, ლიზინგის მიმღებისათვის სასურველი ქონების შეძენის წინაპირობა, შემდგომში ამ ქონების ლიზინგის მიმღებისათვის ლიზინგით გადაცემის მიზნით.
სტანდარტულ შემთხვევაში, ლიზინგის მიმღები ირჩევს მიმწოდებელს, ანუ მესამე პირს, რომლისგანაც ლიზინგის გამცემი შეისყიდის ან სხვაგვარად მიიღებს განსაზღვრულ ქონებას.
ამასთან, სკ-ის 576-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კანონმდებელი უშვებს მხარის, მათ შორის ლიზინგის მიმღების ,,მიმწოდებლად“ გამოსვლას. ეს უკანასკნელი პრაქტიკაში ცნობილია, როგორც უკუ (დაბრუნებადი) ლიზინგი, რომელიც ლიზინგის ნაირსახეობაა. მის ფარგლებში პირი მიმართავს სალიზინგო კომპანიას იმ მიზნით, რომ მიყიდოს მას თავისი ქონება, უკან მფლობელობაში ლიზინგის დაბრუნების პირობით. აღნიშნულის შემდეგ პირს უჩნდება დამატებითი ფულადი რესურსები ნივთის გასხვისების შედეგად: ლიზინგის ხელშეკრულების დადებით კი გადაეცემა მას მფლობელობაში იგივე ქონება ანუ იგი ,,იბრუნებს“ ნივთით სარგებლობის უფლებას, ამ ქონების შესყიდვის უფლებით ან ასეთი უფლების გარეშე, პერიოდულად დადგენილი საზღაურის სანაცვლოდ.
შესაბამისად, აღნიშნული წარმოადგენს აპრობირებულ სახელშეკრულებო ურთიერთობას, რომელიც გამიჯნულია ყველა სამართლებრივად მსგავსი ხელშეკრულებისაგან და წესრიგდება სპეციალური ნორმებით.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის გაფორმებული ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულების ფარგლებში, შ-- ,,მ-----მ“ მოპასუხისათვის ლიზინგის უფლებით გადასაცემად შეიძინა ავტოსატრანსპორტო საშუალება, რაც იმავე დღეს გადაეცა თავდაპირველ ლიზინგის მიმღებს მფლობელობაში, ხოლო შემდგომ ვალის გადაკისრების ხელშეკრულების თანახმად ამ უკანასკნელსვე დაეკისრა პასუხისმგებლობა გადაეცა მის მფლობელობაში არსებული ლიზინგის საგანი ახალი ლიზინგის მიმღებისათვის (მოპასუხისათვის) პირდაპირ მფლობელობაში, სარგებლობისა და მომავალში მისი გამოსყიდვის უფლებით, რაც განხორციელებული იქნა.
ამდენად, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება წარმოადგენს ლიზინგის ხელშეკრულებას, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
გასაჩივრებული განჩინების უცვლელად
დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატამ, შეისწავლა წარმოდგენილი კერძო საჩივარი, საქმეში არსებული მასალები, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ 2018 წლის 27 სექტემბერს, სამტრედიის რაიონულ სასამართლოს განცხადებით მიმართა შ-- ,,მ-----ს” წარმომადგენელმა თ----- ფ---------, მოპასუხედ დაასახელა გ--- კ------–---–- და ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნება მოითხოვა.
დადგენილია, რომ სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 01 ოქტომბრის განჩინებით, შ-- „მ-----“-ს უარი ეთქვა ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების თაობაზე განცხადების მიღებაზე; შ-- „მ-----“-ს დაუბრუნდა განცხადება და თანდართული დოკუმენტები; შ-- „მ-----“-ს დაუბრუნდა, განცხადებასთან დაკავშირებით, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა 50 ლარის ოდენობით.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა შ-- ,,მ-----ს“ წარმომადგენელმა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს განჩინებას კერძო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს, უპირველესად წარმოადგენს იმ საკითხის გარკვევა, თუ რა სახის სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდნენ მხარეები ერთმანეთთან.
მხარეთა შორის, 2017 წლის 21 დეკემბერს გაფორმებული №---------/0--- ხელშეკრულების შინაარსით ირკვევა, რომ შ-- „მ-----მ“, გ--- კ------–---–- გადასცა 5950 ლარი, ამასთან თანხით სარგებლობისათვის განისაზღვრა სარგებელი, ყოველთვიურად 4,00% და პირგასამტეხლო, თანხის გადახდის ვადაგადაცილებისათვის ერთჯერადი 20 ლარი, ამას დამატებული ყოველთვიურად გადასახდელი თანხის 1% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის (ს.ფ. 5-15).
ამ ვალდებულების უზრუნველსაყოფად, შ-- ,,მ-----ს“ საკუთრებად აღირიცხა, თავად გ--- კ------–---–-საგან შეძენილი ავტომობილი (ს.ფ. 8,17).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას, ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან.
ამ ნორმის შესაბამისად, 2017 წლის 21 დეკემბერს, ხელშეკრულებაში გამოხატული ნებაც სასამართლომ, სწორედ, გონივრული განსჯის შედეგად უნდა შეამოწმოს.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 576-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ლიზინგის ხელშეკრულებით ლიზინგის გამცემი ვალდებულია ლიზინგის მიმღებს სარგებლობაში გადასცეს განსაზღვრული ქონება ხელშეკრულებით დათქმული ვადით, ამ ქონების შესყიდვის უფლებით ან ასეთი უფლების გარეშე, ხოლო ლიზინგის მიმღები ვალდებულია გადაიხადოს საზღაური დადგენილი პერიოდულობით, იმ პირობით, რომ: ა) ლიზინგის მიმღები განსაზღვრავს ქონებას და ირჩევს მიმწოდებელს, რომლისგანაც ხდება ქონების შესყიდვა ან მისი სხვაგვარად მიღება; ბ) ლიზინგის გამცემი ქონებას იძენს ლიზინგით გასაცემად და მიმწოდებლისთვის ეს ფაქტი ცნობილია.
ამ ნორმიდან ჩანს, რომ ლიზინგის ხელშეკრულება, შინაარსობრივად, შერეული ხელშეკრულებაა. იგი თავისთავში მოიცავს შუამავლობას, ნარდობას, ქირავნობასა და ნასყიდობას. ამ ხელშეკრულების საფუძველზე, ლიზინგის მიმღები ირჩევს ქონებას, რომლის ლიზინგით აღებაც სურს და, ასევე - მიმწოდებელს, რომლისგანაც ქონება უნდა მიიღოს, რის შემდეგაც, ლიზინგის გამცემი მიმწოდებლისაგან იძენს ამ ქონებას და სარგებლობაში გადასცემს ლიზინგის მიმღებს.
ლიზინგის მიმღები ქონებით სარგებლობისათვის იხდის საზღაურს-ქირას.
ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, ლიზინგის მიმღებს, შესაძლებელია, ჰქონდეს ქონების შეძენის უფლებაც.
ამრიგად, ლიზინგის ხელშეკრულების საგანი არის ქონება, ჩვეულებრივ - ნივთი და ლიზინგის მიმღების ძირითადი ინტერესი ამ ქონებით სარგებლობა და სარგებლობისათვის ქირის გადახდაა. სწორედ, ამიტომ, ზოგიერთ ქვეყანაში ამ ხელშეკრულებას “ფინანსური ლიზინგის” ხელშეკრულებას უწოდებენ, რითაც ლიზინგსა და ქირავნობას შორის განსხვავებას უსვამენ ხაზს.
ამისგან განსხვავებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
სესხი, ჩვეულებრივ, სასყიდლიანია და მას საპროცენტო სარგებელი ერიცხება.
მხარეთა შორის დადებული, ე.წ. „ფინანსური ლიზინგის“ ხელშეკრულების შინაარსით დგინდება, რომ გ--- კ------–---–-, შ-- ,,მ-----სგან“ ავტომობილი სარგებლობაში კი არ მიუღია და მისი ქირავნობის საზღაურს კი არ იხდიდა, არამედ მან ფული ისესხა, ხოლო სესხის უზრუნველყოფა მოახდინა მისივე კუთვნილი ავტომობილით, რაზედაც ნაცვლად გირავნობის უფლების რეგისტრაციისა, თანხის სრულად გადახდამდე, ავტომობილი შ-- „მ-----ს“ საკუთრებაში აღირიცხა.
ამ მსჯელობას ადასტურებს, გადახდის გრაფიკიც, რომლის მიხედვითაც, გ--- კ------–---–- უნდა გადაეხადა არა ქირა ქონებით სარგებლობისათვის, არამედ - სატრანსპორტო საშუალების გამოსყიდვის საფასური, მასზედ დარიცხული პროცენტით (ს.ფ. 5-6), ხოლო თანხის გადახდის ვალდებულების არაჯეროვანის შესრულებისათვის ჯარიმა (პირგასამტეხლო).
პალატის აზრით, ამგვარი ხელშეკრულება, შინაარსობრივად, უფრო ახლოს დგას გამოსყიდვასთან, თუმცა გამოსყიდვისაგან მას განასხვავებს ის, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 509-ე მუხლის თანახმად, გამოსყიდვა გამყიდველის უფლებაა და არა ვალდებულება და მისი განხორციელება მისსავე ნებაზეა დამოკიდებული.
იგივე წესია დადგენილი ლიზინგის შემთხვევაშიც, კერძოდ, ლიზინგის მიმღებს შეიძლება, ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, ჰქონდეს ლიზინგის საგნის შესყიდვის უფლება და არა ვალდებულება.
ნივთის შესყიდვის ვალდებულების დაკისრება ლიზინგის ხელშეკრულების, როგორც ქირავნობის ხელშეკრულებიდან ნაწარმოები უფლების არსს ეწინააღმდეგება.
ამგვარად, ნათელია, რომ, სინამდვილეში, გ--- კ------–---–- ქირა კი არ უნდა გადაეხადა, არამედ - ანუიტეტური მეთოდით, ე.ი. პერიოდულად, თანაბარი გადახდებით სესხი უნდა დაეფარა, რაც მითითებულია კიდეც ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობების მე-4 პუნქტში (ს.ფ. 5).
საყურადღებოა, რომ ეს მეთოდი, ძირითადად, გამოიყენება, სწორედ სასესხო ვალდებულებების დასაფარად და არა გადასახდელი ქირის ოდენობის განსასაზღვრად.
ამრიგად, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი, 2017 წლის 21 დეკემბრის “ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება”, რეალურად უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებაა, რაც ნიშნავს, რომ განმცხადებელს სასამართლოსათვის ლიზინგის ხელშეკრულება არ წარუდგენია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3092 მუხლის მე-2 ნაწილის “ე” ქვეპუნქტის თანახმად, განცხადებაში ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების თაობაზე აღნიშნული უნდა იყოს წაყენებული მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულება.
ვინაიდან, შ-- „მ-----ს“ განცხადებაზე თანდართული მტკიცებულება - 2017 წლის 21 დეკემბრის ხელშეკრულება, არ წარმოდგენს ლიზინგის ხელშეკრულებას და თავისი შინაარსით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებაა, პალატა მიიჩნევს, რომ განმცხადებელმა, სათანადო მტკიცებულების (ლიზინგის ხელშეკრულება) წარუდგენლობის გამო, ვერ დაასაბუთა, რომ არსებობდა ლიზინგის საგნის დაბრუნების თაობაზე ბრძანების გამოცემის წინაპირობა.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ შ-- ,,მ-----ს’’ განცხადება არ აკმაყოფილებდა სსკ-ის 3092 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, სსკ-ის 3094 მუხლის საფუძველზე, სწორად ეთქვა უარი განცხადების მიღებაზე.
აღნიშნული გარემოება გამორიცხავს, კერძო საჩივრის დაკმაყოფილებისა და სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 01 ოქტომბრის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შესაძლებლობას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შ-- ,,მ-----ს“ (წარმომადგენელი - ნ------- ზ-------) კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს, სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 01 ოქტომბრის განჩინება;
3. კერძო საჩივრის ავტორის მიერ, სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ნანა კალანდაძე