განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 041210018002117377
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე № 2\ბ- 355
13 დეკემბერი 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე: თამარ სვანიძე
სხდომის მდივანი: მირანდა ირემაძე
აპელანტი: ნ----- ბ------–-–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე: მ------ ბ----–--ე
თანამოპასუხეები: არასრულწლოვანი ლ---- და ნ--- ბ----–--ეები
კანონიერი წარმომადგენელი (ამასთან მესამე პირი): სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თერჯოლის რაიონული განყოფილება
დავის საგანი: შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება: თერჯოლის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 06 თებერვლის გადაწყვეტილება.
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყევტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მ------ ბ----–--ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
აღწერილობითი ნაწილი:
თერჯოლის მაგისტრატ სასამართლოს სარჩელით მიმართა მ------ ბ----–--ემ, მოპასუხე მხარედ ნ----- ბ------–-–---–ი მიუთითა და თავის არასრულწლოვან შვილებთან, ლ---- და ნ--- ბ----–--ეებთან, ურთიერთობის წესის განსაზღვრა ითხოვა.
მოსარჩელის განმარტებით: მასსა და მოპასუხე ნ----- ბ------–-–---–ს ერთად ცხოვრების პერიოდში, შეეძინათ ორი შვილი: 2010 წლის 3 აპრილს დაბადებული ლ---- ბ----–--ე და 2012 წლის 28 აგვისტოს დაბადებული ნ--- ბ----–--ე. 2017 წლის აგვისტოს თვიდან მათ შორის დაიძაბა ურთიერთობა, რის შემდეგაც მოპასუხე საცხოვრებლად გადავიდა თავის მშობლებთან. დაშორების შემდეგ, მოპასუხე არ აძლევს შვილებთან ურთიერთობის უფლებას. მოსარჩელეს არ ეძლევა შვილების თავისუფლად ნახვისა და მათთან ურთიერთობის საშუალება. მ------ ბ----–--ე ითხოვს შვილები გარკვეული დროით თავისთან წაიყვანოს სახლში, ღამით მასთან დარჩენით. ასევე ბავშვებმა ზამთრისა და ზაფხულის არდადეგების ნახევარი გაატარონ მასთან.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელემ გაზარდა სასარჩელო მოთხოვნა და ითხოვა არასრულწლოვანი შვილების გარკვეული დროით თავისთან წაყვანა სახლში, ღამით მასთან დარჩენით. ხოლო ზამთრისა და ზაფხულის არდადეგების არა ნახევრის, არამედ მთელი პერიოდის მამასთან გატარება.
მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხე ნ----- ბ------–-–---–მა სარჩელი ცნო ნაწილობრივ და განმარტა, რომ მას არასოდეს უთქვამს უარი მამის შვილებთან ურთიერთობაზე. მოპასუხე თანახმაა მამამ შვილები მოინახულოს ბავშვების საცხოვრებელ ადგილას, ანუ მოპასუხის საცხოვრებელ ადგილას, ჰქონდეს მათთან სისტემატური ურთიერთობა, მოპასუხე წინააღმდეგია ბავშვები წაიყვანოს მოსარჩელემ თავის საცხოვრებელ ადგილზე ღამით დარჩენით, რადგან არ სურს ბავშვებთან ურთიერთობა ჰქონდეს მოსარჩელის ოჯახის წევრებს.
მესამე პირის პოზიცია:
სოციალური მომსახურების სააგენტოს თერჯოლის რაიონული განყოფილების წარმომადგენელი გ------- მ-------ე დაეთანხმა მოსარჩელე მ------ ბ----–--ის სასარჩელო მოთხოვნას და განმარტა, რომ ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით, მამას უნდა ჰქონდეს შვილებთან თავისუფალი ურთიერთობის საშუალება. სოციალური აგენტის მიერ შემოწმებული იქნა მ------ ბ----–--ის საყოფაცხოვრებო პირობები და დადებითად შეფასდა ოჯახში არსებული გარემო. დასკვნის მიხედვით ბავშვების მამასთან ყოფნის დროს მათთვის შექმნილი იქნება უსაფრთხო და მზრუნველი გარემო.
შეგებებული სარჩელის მოთხოვნა:
მოპასუხე ნ----- ბ------–-–---–მა თავის მხრივვ შეგებებული სარჩელი აღძრა მ------ ბ----–--ის წინააღმდეგ და ითხოვა: შვილების - 2010 წლის 3 აპრილს დაბადებული ლ---- ბ----–--ის და 2012 წლის 28 აგვისტოს დაბადებული ნ--- ბ----–--ის რჩენა-აღზრდისათვის ყოველთვიურად ალიმენტის თანხის - თითოეულ ბავშვზე 150-150 ლარის, ასევე სოციალური დახმარების თანხის 400 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება.
შეგებებული სარჩელის ავტორის განმარტებით: 2017 წლის ივნისიდან მ------ ბ----–--ე და ნ----- ბ------–-–---–ი ერთად აღარ ცხოვრობენ. ნ----- ბ------–-–---–ი შვილებთან ერთად ცხოვრობს თავისი მშობლების სახლში. მამა ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს შვილების აღზრდაში, რაც გამოხატული უნდა იქნას კონკრეტული თანხით, მოპასუხეს უნდა დაეკისროს ალიმენტი, რომელიც მოხმარდება ბავშვების კეთილდღეობას.
ბ----–--ეების ოჯახს დანიშნული ჰქონდა სოციალური დახმარება, საიდანაც ბავშვების კუთვნილი თანხა შეადგენდა თითოეულ ბავშვზე 50-50 ლარს. მათი დაშორების შემდეგ ბავშვების კუთვნილი სოციალური დახმარება 2017 წლის 1 აგვისტოდან აიღო მოპასუხემ და შვილებისათვის არ მიუცია. შეგებებული სარჩელის ავტორმა ითხოვა მოპასუხემ აუნაზღაუროს თანხა 400 ლარის ოდენობით
მ------ ბ----–--ემ ნაწილობრივ ცნო ნ----- ბ------–-–---–ის შეგებებული სარჩელი და განმარტა, რომ ამ ეტაპზე არის უმუშევარი, მის შემოსავალს წარმოადგენს მხოლოდ სოციალური დახმარება. იგი შვილების რჩენა-აღზრდისათვის ყოველთვიურად გადაიხდის ალიმენტს - თითოეულ ბავშვზე 50 -50 ლარს. რაც შეეხება სოციალური დახმარების მოთხოვნის ნაწილში შეგებებული სარჩელი ცნო.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
თერჯოლის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 06 თებერვლის გადაწყვეტილებით: მ------ ბ----–--ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მ------ ბ----–--ეს შვილებთან - 2010 წლის 3 აპრილს დაბადებულ ლ---- ბ----–--ესა და 2012 წლის 28 აგვისტოს დაბადებულ ნ--- ბ----–--ესთან ურთიერთობის წესი განესაზღვრა შემდეგი სახით: მ------ ბ----–--ეს არასრულწლოვან შვილებთან ლ---- ბ----–--ესა და ნ--- ბ----–--ესთან ურთიერთობისათვის განესაზღვრა ყოველი თვის პირველი და მესამე შაბათ - კვირა: შაბათი დღის 10:00 საათიდან კვირა დღის 17:00 სააათამდე თავის საცხოვრებელ ადგილას წაყვანის და მის ოჯახში ღამე დარჩენის უფლებით სასწავლო პროგრამის და ბავშვების სურვილის გათვალისწინებით, მათ სრულწლოვანების მიღწევამდე ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე. განესაზღვრა მოსარჩელე მ------ ბ----–--ეს არასრულწლოვან შვილებთან ლ---- ბ----–--ესა და ნ--- ბ----–--ესთან ურთიერთობისათვის შესაბამისი სააღმზრდელო და სასწავლო დაწესებულებისათვის დადგენილი ზამთრისა და საზაფხულო არდადეგების პერიოდის პირველი ნახევარი თავის საცხოვრებელ ადგილას წაყვანის უფლებით ბავშვების სურვილის გათვალისწინებით მათ სრულწლოვანების მიღწევამდე ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე. სასამართლოს მიერ დანიშნულ დღეებში გადაწყვეტილებით განსაზღვრული საათების დაცვით არასრულწლოვანი ლ---- ბ----–--ისა და ნ--- ბ----–--ის წაყვანა დედის ნ----- ბ------–-–---–ის საცხოვრებელი ადგილიდან და ასევე უკან, დედის ნ----- ბ------–-–---–ის საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება უზრუნველყოს მოსარჩელე მ------ ბ----–--ემ. არასრულწლოვან შვილებთან მოსარჩელის მ------ ბ----–--ის ურთიერთობაზე კონტროლი და მეთვალყურეობა დაევალა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თერჯოლის რაიონულ განყოფილებას. დაკმაყოფილდა ნაწილობრივ შეგებებული სარჩელი: მოპასუხე მ------ ბ----–--ეს დაეკისრა მოსარჩელე ნ----- ბ------–-–---–ის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა 2010 წლის 3 აპრილს დაბადებულ ლ---- ბ----–--ესა და 2012 წლის 28 აგვისტოს დაბადებულ ნ--- ბ----–--ის რჩენა - აღზრდისათვის ყოველთვიურად 200(ორასი) ლარის, თითოეული ბავშვზე 100 - 100 (ას-ასი) ლარის ოდენობით მათ სრულწლოვანებამდე ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე. ალიმენტის გადახდევინება დაიწყო სარჩელის აღძვრის მომენტიდან 2017 წლის 20 ოქტომბრიდან. მოპასუხე მ------ ბ----–--ეს დაეკისრა მოსარჩელე ნ----- ბ------–-–---–ის სასარგებლოდ მიღებული სოციალური დახმარების თანხის 400 (ოთხასი) ლარის ანაზღაურება. მოსარჩელე ნ----- ბ------–-–---–ს დაუბრუნდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 (ორმოცდაათი) ლარი.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე მ------ ბ----–--ე და მოპასუხე ნ----- ბ------–-–---–ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2009 წლის 29 სექტემბრიდან. ერთად ცხოვრების პერიოდში მ------ ბ----–--ეს და ნ----- ბ------–-–---–ს შეეძინათ ორი შვილი - 2010 წლის 3 აპრილს დაბადებული ლ---- ბ----–--ე და 2012 წლის 28 აგვისტოს დაბადებული ნ--- ბ----–--ე, რომლებიც 2017 წლის ივნისამდე იზრდებოდნენ ორივე მშობელთან ერთად. 2017 წლის ივნისიდან მეუღლეები ერთად აღარ ცხოვრობენ და მათი შვილები - ლ---- და ნ--- ბ----–--ეები ცხოვრობენ დედასთან ნ----- ბ------–-–---–თან, დედის მშობლების სახლში - თერჯოლის რაიონის სოფელ ქვედა სიმონეთში.
მ------ ბ----–--ეს 2017 წლის ივნისიდან ნ----- ბ------–-–---–ი არ აძლევს საშუალებას თავისთან წაიყვანოს თავისი შვილები: ნ--- და ლ---- ბ----–--ეები ღამით მასთან დარჩენით.
სოციალური მომსახურების სააგენტოს თერჯოლის რაიონული განყოფილების მიერ წარმოდგენილი დასკვნის თანახმად, სასამართლომ დაადგინა, რომ მ------ ბ----–--ის ოჯახში არის კარგი საყოფაცხოვრებო პირობები. ყველანაირი საშუალებაა იმისათვის, რომ ბავშვებმა კომფორტულად და კარგად იგრძნონ თავი. მ------ ბ----–--ეს ოჯახში ჰყავს პენსიონერი მშობლები. საზღვარგარეთ ჰყავს და, რომელიც მატერიალურად ეხმარება ოჯახს.
მ------ ბ----–--ეს შეზღუდული აქვს შვილებთან ურთიერთობა. თერჯოლის მაგისტრატი სასამართლოს 2017 წლის 06 ოქტომბრის დროებითი განკარგულების საფუძველზე ნება დაერთო საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე კვირაში ორი დღით - შაბათსა და კვირას დილის 12:00 საათიდან 15:00 საათამდე მოინახულოს ბავშვები დედის საცხოვრებელი ადგილის, ან ბავშვებისა და დედის ადგილსამყოფელის მიხედვით.
სასამართლომ დაადინა, რომ მამასა და ბავშვებს შორის არ არის გაუცხოება, მათ შორის დამოკიდებულება ნორმალურია.
დადგენილი იქნა, რომ მ------ ბ----–--ე უმუშევარია.
მ------ ბ----–--ის ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში და წარმოადენს სოციალური დახმარების მიმღებ ოჯახს.
სარჩელისა და შეგებებული სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად სასამართლომ გამოიყენა - “ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენცია; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1201-ე, 1202-ე, 1212-ე, 1214-ე მუხლები;
სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
თერჯოლის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 06 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით იქნა გასაჩივრებული ნ----- ბ---–---–-–---–ი მიერ. აპელანტმა ითხოვა მამასთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება. აპელანტმა აღნიშნა, რომ ბავშვები არ უნდა წავიდნენ მამასთან ღამე დრჩენის უფლებით, რადგან ისინი შეჩვეული არიან დედის საცხოვრებელ ადგილს და გარემოს. ამასტან, მას არ სურს, რომ ბავშვებმა ურთიერთობა იქონიონ მოსარჩელის მშობლებთან ანუ ბებია-ბაბუასთან.
აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მ------ ბ----–--ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ითხოვა ბავშვებთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის ნაწილში.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ფაქტობრივი დასაბუთება
დადგენილია, რომ მოსარჩელე მ------ ბ----–--ე და მოპასუხე ნ----- ბ------–-–---–ი იყვნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი - 2010 წლის 3 აპრილს დაბადებული ლ---- ბ----–--ე და 2012 წლის 28 აგვისტოს დაბადებული ნ--- ბ----–--ე, რომლებიც 2017 წლის ივნისამდე იზრდებოდნენ ორივე მშობელთან ერთად მამის სახოვრებელ ადგილას, ხოლო 2017 წლის ივნისიდან მეუღლეები ერთად აღარ ცხოვრობენ და მათი შვილები - ლ---- და ნ--- ბ----–--ეები ცხოვრობენ დედასთან ნ----- ბ------–-–---–თან.
სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგანს წარმოადგენს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმება იმ ნაწილში, რომლითაც მ------ ბ----–--ეს განესაზღვრა თავის არასრულსწლოვან შვილებთან ურთიერთობის წესი ბავშვების მამასთან ღამით დარჩენისა უფლებით.
ს.ფ. 94-95-ზე განთავსებულია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თერჯოლის რაიონული განყოფილების 2017 წლის 18 დეკემბრის N8--- დასკვნა. დასკვნის თანახმად, დადგენილია, რომ მ------ ბ----–--ის სოციალური გარემო დამაკმაყოფილებელია, სადაც არასრულწლოვან ლ---- და ნ--- ბ----–--ეებისთვის შექმნილია უსაფრთხო და მზრუნველი გარემო; ამავე დასკვნაში სოციალური მუშაკის მიერ აღნიშნულია, რომ ბავშვებსა და მამას შორის არ არის გაუცხოება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 28 ივნისის განჩინებით: დაინიშნა ფსიქოლოგიური კვლევა და დაევალა აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის კათედრის სპეციალისტს ლ--–- ნ---–--ეს, არასრულწლოვანი ბავშვების ლ---- და ნ--- ბ----–--ეების ფსიქოლოგიური მდგომარეობის შემოწმება. იმ კუთხით: თუ რა გავლენას იქონიებს ბავშვებზე, მათი ურთიერთობა მამასთან ღამე დარჩენის უფლებით, ასევე არდადეგების ნაწილის მამის საცხოვრებელ ადგილას გატარება.
ფსიქოლოგის 2018 წლის 09 ნოემბრის დასკვნა შემდეგი შინაარსისაა: „ . . . შესწავლილ იქნა არასრულწლოვანი ბავშვების ფსიქოლოგიური მდგომარეობა, განვითარების შესაბამისი ინტელექტუალური მონაცემები. მათ აჩვენეს, რომ საგნობრივი ცოდნა, განვითარებული სიტუაციებისადმი დამოკიდებულება ასაკის შესაბამისობაშია. პირველი, რაც გამოკვეთილად შეინიშნებოდა, ორთავე არასრულწლოვანს სურვილი აქვს მამასთან, მ------ ბ----–--ესთან ჰქონდეთ ხშირი ურთიერთობა. ისინი დედის თანდასწრებით, ღიად აღიარებენ ამ ფაქტს. საყურადღებოა ის დეტალი, რომელშიც ამბობდნენ, რომ მამამ ჩვენთან იცხოვროსო. აქ ნათლად ჩანდა დედის, ნ----- ბ------–-–---–ის სურვილი, ზეგავლენა, რომ მამამ იცხოვროს მათთან, რადგან კონფლიქტის მთავარი მიზეზი დედამთილია. უნდა აღინიშნოს, რომ მოპასუხე წინააღმდეგია შვილები ღამისთევით დარჩნენ მამასთან, მითუმეტეს არ ეთანხმება მოსაზრებას არდადეგების პერიოდში თანაბრად გაიყონ დარჩენის დღეები. გასაუბრების შედეგი მეტყველებს იმაზე, რომ ბავშვებისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია მამის ოჯახი. მშობლებთან ურთიერთობაში იგრძნობა ორგანულობა, რომლის წინააღმდეგ განხორციელებული ნებისმიერი ქმედება დანაშაულია. მითუმეტეს, როცა მამა არაა მაგალითი სამართლებრივი ნორმის დარღვევის, არაა მოძალადე და არ სახელდება მოპასუხის მხრიდან არსებითი მიზეზი, რის გამოც მ------ ბ----–--ეს უნდა ეკრძალებოდეს შვილებთან აქტიური ურთიერთობა. ნ----- ბ------–-–---–ი დედამთილთან კონფლიქტურ დამოკიდებულებას დრამატულად წარმოგვიდგენს, რაც საბოლოოდ უშლის ხელს შვილებს მამის ოჯახთან ჰარმონიულ დამოკიდებულებაში. ბავშვებისთვის ორივე მშობელი და მათი სოციუმი არის რესურსი მათი შემდგომი ფსიქო - ფიზიკური განვითარებისთვის. ამიტომაც გვევალება გავითვალისწინოთ არასრულწლოვანების განცდები და დამოკიდებულებები ორივე მხარესთან. ეს ფაქტი კი აძლიერებს მოსაზრებას, რომ ბავშვებთან ურთიერთობის დროს შეინარჩუნონ ცივილური, ნეიტრალური პოზიციები ერთმანეთთან მიმართებაში და უარი თქვან პრივატულ მოთხოვნილებებზე.
არასრულწლოვან ლ---- და ნ--- ბ----–--ეებზე ფსიქოლოგიურმა დაკვირვებამ ნათელი გახადა ფაქტი იმის თაობაზე, რომ ქალბატონი ნ----- ბ------–-–---–ი წინააღმდეგია ბავშვების მამასთან ღამისთევით დარჩენისა, რაც გამომდინარეობს წარსულში არსებული პირადი კონფლიქტური დამოკიდებულების მიზეზით მეუღლესთან და მისი ოჯახის წევრებთან. არსებითი მიზეზი, არის თუ არა მ------ ბ----–--ე მოძალადე მამა, ან ყავს თუ არა მშობლები, რომლებიც ბავშვებს დისკომფორტს შეუქმნიან - არ სახელდება;
ბავშვებთან გასაუბრებისას ნათლად გამოიხატა მამასთან მათი დამოკიდებულების რეალური სურათი, სტაბილური სიმბიოზის აუცილებლობა, რაც გულისხმობს მათი ფსიქო - ფიზიკური სრულყოფისათვის აუცილებელ და განმავითარებელ სოციუმის შექმნას.
დასკვნის ავტორი აღნიშნავს, რომ მ------ ბ----–--ეს უნდა მიეცეს შეუზღუდავი ურთიერთობის უფლება შვილებთან, ღამისთევით, არასასწავლო დღეებში - პარასკევი, შაბათი, ხოლო კვირას საუზმის შემდგომ დაბრუნდნენ დედასთან საცხოვრებელ სახლში, ზამთრისა და ზაფხულის არდადეგები კი განაწილდეს თანაბრად.
ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე, ორივე მხარემ უნდა გაითვალისწინოს მშობლის პირველადი ვალდებულებები. ურთიერთდამოკიდებულებაში არ გამოავლინონ ნეგატიური მიმართვები, რაც გულისხმობს ურთიერთანგარიშსწორებას და შვილებით მანიპულირებას. ეს კი ზიანს მიაყენებს ყველაზე მთავარს, ბავშების ჰარმონიულ განვითარებას.“
ფსიქოლოგი ლ--–- ნ---–--ე სააპელაციო სასამართლოს სხდომაზეც დაიკითხა. მან სასამართლოს წინაშე მიცემული განმარტებითაც დაადასტურა ის პოზიცია, რაც დასკვნაშია ასახული.
ფსიქოლოგის დასკვნაზე, განმარტებაზე და საქმის მასალებზე დაყრდნობით, სააპელაციო პალატა ადგენს, რომ ორთავე არასრულწლოვანს გამოკვეთილად სურთ მამასთან, მ------ ბ----–--ესთან ჰქონდეთ ხშირი ურთიერთობა, ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია მამის ოჯახი. მ------ ბ----–--ე არ არის მოძალადე, პირიქით ის მზრუნველი მამაა. ფსიქოლოგის რეკომენდაციით კი მამას მ------ ბ----–--ეს შეუზღუდავი ურთიერთობა უნდა განესაზღვროს შვილებთან ღამე დარჩენით, რაც ემსახურება არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვას.
სამართლებრივი დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
პალატას მიაჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ სავსებით სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1199-ე, 1202-ე მუხლების გამოყენებით მართებულად მიუთითა, რომ მოსარჩელეს უფლება უნდა მიეცეს ურთიერთობა იქონიოს არასრულწლოვან შვილებთან ლ---- და ნ--- ბ----–--ეებთან. ასეთი ურთიერთობის არ ქონა, ან ხელშეშლა პირველ რიგში დააზარალებს არასრულწლოვანთა ინტერესებს.
”ბავშვთა უფლებათა კონვენციის” მე-9 მუხლის პირველი ნაწილზე და ამავე მუხლის მე-3 ნაწილზე მითითებით მართებულად დაასკვნა, რომ ბავშვების, მოცემულ შემთხვევაში ლ---- და ნ--- ბ----–--ეების ინტერესი არის ის, რომ ორივე მშობელთან ჰქონდეთ ურთიერთობა და ამ ურთიერთობების დროს არ იქნეს დარღვეული მათი, როგორც ბავშვების უფლებები. უნდა შეიქმნას ისეთი პირობები, რაც მათ საშუალებას მისცემს იყვნენ ორივე მშობელთან მჭიდრო ურთიერთობაში. სწორედ ასეთი ურთიერთობით ხდება ბავშვების სათანადო აღზრდა და ჩამოყალიბება.
სასამართლო ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ბავშვები არ უნდა დარჩნენ მამასთან ღამით, და არ უნდა გაატარონ არდადეგების პერიოდი მასთან, რადგან აპელანტს დედამთილთან აქვს კონფლიქტური სიტუაცია.
სააპელაციო სასამართლო, როგორც სამართალწარმოების მეორე ინსტანცია, დავის ფაქტობრივი გარემოებების დამდგენი სასამართლოა და ამავე კოდექსის 380-ე მუხლით მას ახალ მტკიცებულებათა მიღების შესაძლებლობაც გააჩნია. სწორედ ამ შესაძლებლობის ფარგლებში, ფსიქოლოგის დასკვნით პალატამ დაადგინა, რომ მ------ ბ----–--ის შეუზღუდავი ურთიერთობა შვილებთან, ღამისთევით, ზამთრისა და ზაფხულის არდადეგებზე ემსახურება ბავშვების ინტერესების დაცვას და მათ სრულფასოვან განვითარებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განმარტებით, (საქმე №ას-1112-1047-2015) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების თანახმად, „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-8 მუხლით გარანტირებული ადამიანის უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას, ფართო განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას, მათ შორისაა არასრულწლოვანთა ოჯახური ცხოვრების უზრუნველყოფის ასპექტიც, რაც ასახულია ეროვნულ კანონმდებლობაში, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის ბოლო წინდადების თანახმად, ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში.
საერთაშორისო-სამართლებრივი აქტი - ,,ბავშვის უფლებათა კონვენცია” ბავშვის უფლებების დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტებს აწესებს, რომლებიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის. შესაბამისად, სასამართლო ვალდებულია ზედმიწევნით სწორად დაადგინოს ბავშვის საუკეთესო ინტერესი. ამ კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ერთ ან ორივე მშობელთან განშორებული ბავშვის უფლებას, რეგულარულ საფუძველზე პირადი ურთიერთობა და პირდაპირი კონტაქტები იქონიოს ორივე მშობელთან, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როცა ეს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს ეწინააღმდეგება.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტების თანახმად, მშობლებისა და შვილების მიერ ერთმანეთის კომპანიით ორმხრივად სარგებლობა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის ფარგლებში „ოჯახური ცხოვრების“ ფუნდამენტურ ელემენტს წარმოადგენს (Kutzner v. Germany). ამდენად, პალატა ვერ დაეთანხმება აპელანტის არგუმენტს იმის შესახებ, რომ მამასთან ურთიერთობისთვის მუდმივი მგზავრობით ბავშვებს ხელი შეეშლება როგორც სწავლაში, ისე ფიზიკურ განვითარებაში, რადგან საფუძველს მოკლებულია და არ არსებობს ამ არგუმენტის დამადასტურებელი მტკიცებულება.
პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, გადაწყვეტილება კანონიერია, დასაბუთებულია, რის გამოც არ არსებობს მისი გაუქმების საფუძვლები.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დაადგინა:
1. ნ----- ბ------–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელი თერჯოლის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 06 თებერვლის გადაწყვეტილება;
3. აპელანტი კანონის თანახმად გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის გადახდისაგან;
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
6. პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადდნენ სასამართლოში გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მიზნით.
7. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების დადგენილებითი ნაწილის მე-5 და მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
მოსამართლე: თამარ სვანიძე