განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 020210018002615484
საქმე №2/ბ-1164-18წ.
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
21 ნოემბერი 2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ნანა კალანდაძე
საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი (მოპასუხე): დ----- ყ--–-----
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე): რ----- კ-------–---
დავის საგანი: სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე განჩინების კანონიერება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 სექტემბრის განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა: გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმა
გამოარკვია:
2018 წლის 03 სექტემბერს, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა რ----- კ-------–---- წარმომადგენელმა, მოპასუხედ დაასახელა დ----- ყ--–----- და მოპასუხეზე 2820 ლარის ოდენობით თანხის დაკისრება მოითხოვა.
მოსარჩელემ იმავდროულად იშუამდგომლა, ყადაღა დაედოს დ----- ყ--–-----ს (პ/ნ 1----------) სახელზე რიცხულ უძრავ ქონებებს მდებარე, ზუგდიდი, სოფელი ი------, ს/კ 4---------------------------------
შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, სარჩელის სასამართლოს წარმოებაში მიღების შემდეგ, მხარეებს არ ერთმევათ უფლება გაყიდონ ან სხვა გზით გაასხვისონ დავის საგანი ან/და დათმონ თავიანთი მოთხოვნა. ამასთან, ხშირ შემთხვევაში მოვალეები ფიქტიურად, სხვა პირის სახელზე აფორმებენ თავიანთ საკუთრებას, რაც კანონით აკრძალული არ არის, რითაც ხელს უშლიან გადაწყვეტილების აღსრულებას.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის უძრავი ქონების გასხვისებით (ფიქტიურად გადაფორმებით), საფრთხე შეექმნება მოსარჩელის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას, რის გამოც აუცილებელია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 სექტემბრის განჩინებით, რ----- კ-------–---- განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა და ყადაღა დაედო დ----- ყ--–-----ს (პ/ნ 1----------) სახელზე რიცხულ უძრავ ქონებას, მდებარე ზუგდიდი, სოფელი ი------, ს/კ 4---------------------------------
სასამართლომ განმარტა:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლზე მითითებით განმარტა, რომ სარჩელი მიკუთვნებითი ხასიათისაა. სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის დადგომა დამოკიდებული იქნება, არა მხოლოდ გადაწყვეტილების ძალაში შესვლაზე, არამედ მოპასუხეების ნებაზე (გარკვეული მოქმედებების) განხორციელებაზე. ასეთი ნების არ არსებობის შემთხვევაში კი, შედეგის დადგომა დამოკიდებული ხდება იძულებითი აღსრულების სამართლებრივ მექანიზმებზე.
სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მოსარჩელის მიერ შემოთავაზებული უზრუნველყოფის ღონისძიება წარმოდგენილი მოთხოვნის ადეკვატურ ზომად იქნა მიჩნეული და მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა.
დასახელებულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა დ----- ყ--–-----მ და მისი გაუქმება მოითხოვა.
საჩივრის ავტორის განმარტებით, გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება არის სრულად გაუმართლებელი, რადგან დავის საგნის ღირებულება შეადგენს, მხოლოდ 2820 ლარს.
გარდა ამისა, იგი სრულად აღიარებს, რომ მოსარჩელის მიმართ გააჩნია დავალიანება, ვინაიდან, მოსარჩელე იყო მისი სესხის თავდები, რომელმაც გადაიხადა სესხის თანხა.
მოცემულ შემთხვევაში, მისი მხრიდან გადაწყვეტილების აღსრულებას არანაირი საფრთხე არ ემუქრება, რის გამოც სასამართლომ არ უნდა შეზღუდოს მისი საკუთრების უფლება.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან გადმოეგზავნა ქუთაისის საპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
გასაჩივრებული განჩინების უცვლელად
დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატამ შეისწავლა საჩივარი, გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ დ----- ყ--–-----ს საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის, 420-ე მუხლის, 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად სააპელაციო სასამართლო, უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებას ამოწმებს საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
ამავე კოდექსის 385-ე, 386-ე და 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებას და იღებს ახალ განჩინებას, თუ განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შეფასება შეუძლებელია და თავისი განჩინებით უარს ამბობს საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული განჩინების შეცვლით იღებს ახალ განჩინებას საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე.
დადგენილია, რომ 2018 წლის 03 სექტემბერს, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა რ----- კ-------–---- წარმომადგენელმა, მოპასუხედ დაასახელა დ----- ყ--–----- და მოპასუხეზე 2820 ლარის ოდენობით თანხის დაკისრება მოითხოვა.
მოსარჩელემ იმავდროულად იშუამდგომლა, ყადაღა დაედოს დ----- ყ--–-----ს (პ/ნ 1----------) სახელზე რიცხულ უძრავ ქონებებს, მდებარე ზუგდიდი, სოფელი ი------, ს/კ 4---------------------------------
დადგენილია, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 სექტემბრის განჩინებით, რ----- კ-------–---- განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა და ყადაღა დაედო დ----- ყ--–-----ს (პ/ნ 1----------) სახელზე რიცხულ უძრავ ქონებებს, მდებარე ზუგდიდი, სოფელი ი------, ს/კ 4---------------------------------
დასახელებულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა დ----- ყ--–-----მ და მისი გაუქმება მოითხოვა, რაც ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა და საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზანა ქუთაისის საპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
სააპელაციო პალატა განმარტავს:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.
სარჩელის უზრუნველყოფა თავისი არსით ემსახურება სწორედ მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებების და კანონიერი ინტერესების რეალიზაციის სწრაფ და ეფექტურ უზრუნველყოფას სასამართლო პროცესის დასრულებამდე, ანუ გადაწყვეტილების გამოტანამდე.
სარჩელის უზრუნველყოფის შემთხვევაში, კანონი ასევე იცავს მოპასუხის ინტერესებსაც. მართალია, ეს ღონისძიება თავისი სამართლებრივი თვალსაზრისით მოპასუხის უფლებისა თუ ინტერესის შევიწროებას გულისხმობს, თუმცა იგი არ უნდა იქნას გამოყენებული, როგორც მოპასუხის უფლებების უპირობოდ შემზღუდველი ღონისძიება. ამიტომ, სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველთა შეჯერების შედეგად უნდა იმსჯელოს, სარჩელის უზრუნველყოფის საგანი, არის თუ არა ადექვატური დავის საგანზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებისათვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება იყოს ყადაღის დადება ქონებაზე, ფასიან ქაღალდებსა თუ ფულად სახსრებზე, რომლებიც მოპასუხეს ეკუთვნის და არის მასთან ან სხვა პირთან.
სასარჩელო განცხადებით ირკვევა, რომ სარჩელის საგანს წარმოადგენს თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მესამე პირის სასარგებლოდ გადახდილი თანხის-2850 ლარის დაკისრება.
წარმოდგენილი საჩივრით ირკვევა, რომ მოპასუხე აღიარებს მოსარჩელის მოთხოვნას.
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ განმცხადებლის (მოსარჩელეს) მოთხოვნას გააჩნია სამართლებრივი საფუძველი (სამოქალაქო კოდექსის 905-ე მუხლი) და სარჩელსა და განცხადებაში მითითებული ფაქტების დადასტურების შემთხვევაში, წარმატების პერსპექტივაც.
თუკი, სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდება და ეს გადაწყვეტილება შევა კანონიერ ძალაში, ამასთან მისი აღსრულების დროისათვის მოპასუხეს არ აღმოაჩნდება გადაწყვეტილების აღსრულებისათვის საჭირო ღირებულების, ოდენობის ქონება, ან ფულადი თანხა, შესაძლოა გართულდეს ან შეუძლებელი გახდეს რ----- კ-------–---- სასარგებლოდ მისი აღსრულება.
შესაბამისად, არსებობს ვარაუდი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობისა, რაც დასაბუთებულს ხდის პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებას მისი გამოყენების თაობაზე.
პალატა არ იზიარებს საჩივრის ავტორის მითითებას იმის შესახებ, რომ დავის საგნის მოცულობიდან გამომდინარე, გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება გაუმართლებელია, რაც წარმოადგენს უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველს.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის N-- ბრძანებით დამტკიცებული იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ 3.1. და 3.2. მუხლის მიხედვით, პირველ აუქციონზე ქონების საწყისი ფასი შეადგენს ქონების შეფასების აქტში მითითებული საბაზრო ღირებულების 75%-ს. თუ პირველ აუქციონზე არ მოხდა ქონების რეალიზაცია, აღსრულების ეროვნული ბიურო პირველი აუქციონის დასრულებისთანავე (გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) აცხადებს პირველ განმეორებით აუქციონს, სადაც ქონების საწყისი ფასი შეადგენს ქონების შეფასების აქტში მითითებული საბაზრო ღირებულების 50%-ს.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებულ უძრავ ქონებებზე რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა, ასევე აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართვის საფუძველზე ადევს ყადაღა, ხოლო დ----- ყ--–----- რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში.
მოცემულ შემთხვევაში საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია ამ უძრავი ქონებების საბაზრო ღირებულების და ამ ქონებით უზრუნველყოფილი ვალდებულების მოცულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რაც შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს განესაზღვრა, ამ ქონებათა რეალიზაციით მიღებული სავარაუდო შედეგები იმ შემთხვევაში, თუკი მოხდება მათი იძულებითი რეალიზაცია.
ამდენად, უკვე გამოყენებული ქონებიდან, თუნდაც ნაწილზე უზრუნველსაყოფის ღონისძიების გაუქმების შემთხვევაში, შესაძლებელია, სრულად ვერ მოხდეს ან საერთოდაც შეუძლებელი გახდეს 2850 ლარის გადახდის დაკისრების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ დ----- ხ--–------ ვერ მოახდინა მისთვის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზება, ვერ გააქარწყლა რ----- კ-------–---- მსჯელობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობაზე, შესაბამისად, მისი პრეტენზია უზრუნველყოფის საგნის ადეკვატურობასთან და უზრუნველყოფის ღოინისძიების არაგონივრულობასთან დაკავშირებით, გაზიარებული ვერ იქნება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე და 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებას და იღებს ახალ განჩინებას, თუ განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შეფასება შეუძლებელია და თავისი განჩინებით უარს ამბობს საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული განჩინების შეცვლით იღებს ახალ განჩინებას საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 სექტემბრის განჩინება, რომლითაც გამოყენებული იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დასაბუთებულია და არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და დ----- ხ--–------ საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის (საჩივრის) თაობაზე საბოლოოა და გასაჩივრდება
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ----- ხ--–------ საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელად, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 სექტემბრის განჩინება;
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე: ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ნანა კალანდაძე