განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210017002178654
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/3799-18 22 ნოემბერი, 2018 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე – თამარ ალანია
სხდომის მდივანი – ოთარ ჯუგაშვილი
აპელანტი - ბ----ი გ----–---–ი
წარმომადგენელი - გ------ი ბ----–---ე
მოწინააღმდეგე მხარე - ნ------------ა
წარმომადგენელი - მ------------–---–ი, ს-----------------–---–ი, ა----------–---–ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - მორალური ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ნ------------ამ ბ----ი გ----–---–ის მიმართ თბილისის რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრა და მორალური ზიანის 3500 ლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 მაისის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 3 500 ლარის გადახდის ვალდებულება დაეკისრა.
4. აღნიშნული გადაწყვეტილება ბ----ი გ----–---–მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
5. ნ------------ა და ბ----ი გ----–---–ი 2013 წლის 05 მარტიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ (ს.ფ. 17).
6. 2013 წლის 07 ნოემბერს ნ------------ას და ბ----ი გ----–---–ს შვილი - ა--------–---–ი შეეძინათ (ს.ფ. 18).
7. 2017 წლის 04 მაისს ბ----ი გ----–---–მა ნ------------ას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც იგი დამნაშავედ იქნა ცნობილი (ს.ფ. 19-21).
8. თბილისის სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ აპელანტის ქმედებამ მოსარჩელისთვის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, რაც მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძველს ქმნის.
საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ. 2017 19 მაისს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე, საქართველომ ოფიციალურად გამოაცხადა ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ კონვენციის (შემდგომში - სტამბოლის კონვენცია) რატიფიცირების ფაქტი. კონვენცია მხარეებს აწვდის ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისათვის საჭირო თანამიმდევრულ საკანონმდებლო ჩარჩოს, პოლიტიკასა და ღონისძიებებს, რომლებიც საუკეთესო პრაქტიკას ეფუძნებიან. კონვენციის ძირითადი მიზნები შემდეგნაირია: დაიცვას ქალები ძალადობის ყველა ფორმისაგან, განახორციელოს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენცია, აწარმოოს სამართლებრივი დევნა და აღმოფხვრას ეს მოვლენა. წვლილი შეიტანოს ქალთა დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმის აღმოფხვრაში, ხელი შეუწყოს ქალსა და მამაკაცს შორის თანასწორობას და ძალაუფლებით აღჭურვოს ქალები, დაიცვას და დაეხმაროს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ყველა მსხვერპლს, ხელი შეუწყოს საერთაშორისო თანამშრომლობას ძალადობის ყველა ფორმის წინააღმდეგ, დაეხმაროს ორგანიზაციებსა და სამართალდამცავ ორგანოებს ერთმანეთთან თანამშრომლობაში, რათა დაინერგოს ინტეგრირებული მიდგომა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღმოსაფხვრელად. რაც შეეხება სტამბოლის კონვენციის მოქმედების არეალს კონვენცია ვრცელდება ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმაზე, მათ შორის ოჯახურ ძალადობაზე. უფრო მეტიც, კონვენცია მიესალმება ხელმომწერ მხარეებს თუ ისინი კონვენციის მოქმედების არეალს ისე გააფართოვებენ, რომ მოიცავენ იმ მამაკაცებს, ბავშვებსა და ხანდაზმულ ადამიანებს, რომლებიც ოჯახში ძალადობის მსხვერპლნი ხდებიან.
სტამბოლის კონვენციის 30-ე მუხლის თანახმად, ხელმომწერი სახელმწიფოები მხარეები იღებენ ვალდებულებას უზრუნველყონ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომა, რათა მსხვერპლს ჰქონდეს უფლება, მოითხოვოს კომპენსაცია ძალადობის აქტების ჩამდენი პირებისგან ამ კონვენციის შესაბამისად დადგენილი ნებისმიერი დანაშაულის გამო. საქართველოს მიერ ნაკისრი აღნიშნული ვალდებულების გამოძახილია ეროვნულ კანონმდებლობაში (როგორც სისხლის სამართლის ასევე სამოქალაქო და ადმინისტრაციული კანონმდებლობა) მრავალი ცვლილების განხორციელება, მაგალითად 2017 წლის 04 აპრილს „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მსხვერპლს მიენიჭა უფლებამოსილება მიმართოს შესაბამის სასამართლო ორგანოს ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შედეგად მისთვის მიყენებული ზიანის მოძალადის მიერ ანაზღაურების მოთხოვნით. აღნიშნული დანაწესი სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის მე-2 ნაწილთან (ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევაში, დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც) ერთად ოჯახში განხორციელებული ძალადობის მსხვერპლს არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვის უფლებას ანიჭებს.
9. სამოქალაქო კანონმდებლობაში არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების საფუძველს მორალური ზიანის არსებობა წარმოადგენს. იგი ნიშნავს ადამიანის ფსიქიკის სფეროში ნეგატიური ცვლილებების არსებობას, რაც გამოიხატება ფიზიკურ და სულიერ ტანჯვაში (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 19 მარტის განჩინება საქმეზე Nას-912-874-2014).
მორალური ტანჯვის ხასიათი უნდა შეფასდეს ზიანის მიყენების ფაქტობრივი გარემოებების, ასევე დაზარალებულის ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით (მაგ. ასაკი, ფიზიკური მდგომარეობა, ჯანმრთელობა და ა. შ.), აგრეთვე იმ სხვა გარემოებათა მხედველობაში მიღებით, რომლებიც ადასტურებს, თუ რა სიმძიმის ტანჯვა გადაიტანა დაზარალებულმა. კომპენსაციის მოცულობა კი უნდა განისაზღვროს ტრავმის, ჯანმრთელობის სხვა დაზიანების სიმძიმის ხარისხიდან და სხვა გარემოებებიდან გამომდინარე, რომლებიც დაზარალებულის მიერ გადატანილ მორალურ ტანჯვას ადასტურებენ. ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება აგრეთვე ზიანის მიმყენებლის ქონებრივი მდგომარეობის, ბრალის ხარისხისა და სხვა კონკრეტულ გარემოებათა გათვალისწინებით, იმ მიზნით, რომ უზრუნველყოფილი იქნას მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რაც დაეხმარება დაზარალებულს სულიერი გაწონასწორების მიღწევაში და სოციალურ ურთიერთობებში ჩართვაში (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე Nას-762-818-2011).
განსახილველ შემთხვევაში, უდავოდ დადგენილია ის გარემოება, რომ მოპასუხე 2017 წლის 28 ივლისის კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მიერ მიღებული განაჩენით მოპასუხე ცნობილ იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 1261 გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის. ამავე განაჩენით დადგინდა, რომ 2017 წლის 04 მაისს დაახლოებით 20:00 საათზე, ქ. თბილისში, ა-------ის ქ. 4--ის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოპასუხემ მოსარჩელეს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რაც გამოიხატა ყელში ხელის მოჭერაში, სახეში ხელის გარტყმასა და ხელის კვრაში, რის შედეგადაც მოსარჩელემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. უმნიშვნელოვანესია ყურადღება მიექცეს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ მეუღლეთა შორის კონფლიქტი ქუჩაში, მეზობლების თვალწინ მოხდა, ასევე ცემის ფაქტს ნ------------ას მცირეწლოვანი, 3 წლის შვილი - ა--------–---–ი და არასრულწლოვანი, 14 წლის შვილი - მ---------------ე შეესწრნენ. მორალური ზიანის დადგენა ადამიანის სუბიექტური ქვენაგრძნობიდან მომდინარეობს, თუმცა არსებობს ობიექტური გარემოებები, რომლებიც ფსიქოლოგიური სტრესისა და სულიერი ტანჯვის განცდის ალბათობას ზრდის, მაგალითად ქუჩაში, მეზობლებისა და მცირეწლოვანი შვილების თვალწინ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება, რადგან ფსიქიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის გარდა, მას საზოგადოებაში წინაშე აკნინებს. ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ასკვნის, რომ მსხვერპლს - ნ------------ას, მოძალადე ბ----ი გ----–---–ისგან მორალური ზიანის ანაზღაურების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები იმის მიუხედავად გააჩნდა, საქმეში იარსებებდა თუ არა მოსარჩელის ჯანმრთელობის შესახებ ცნობა, რადგან კანონით მსხვერპლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება მორალური ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებული არ არის და ასევე, ძალადობის ფაქტი დადგენილია კანონიერ ძალაში შესული განაჩენით, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო სამედიცინო ცნობის სამართლებრივი სტატუსის შეფასებას არ შეუდგება.
10. სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს აპელანტის შედავებას მორალური ზიანის 3500 ლარის, როგორც არაგონივრული ოდენობის, დაკისრებასთან დაკავშირებით.
მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე ადგენს. მოსარჩელე უფლებამოსილია, სასარჩელო განცხადებაში მიუთითოს თანხა, რომელსაც ის მიყენებული სულიერი და ფიზიკური ტკივილის კომპენსაციისათვის ითხოვს, მაგრამ ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა და როგორც უკვე აღინიშნა, ანაზღაურების მოცულობა, საბოლოოდ, სასამართლოს შეხედულებით განისაზღვრება. მორალური ზიანის ანაზღაურების უმთავრეს მიზანს ხელყოფილი უფლებების რესტიტუცია არ წარმოადგენს, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ექვივალენტი არ გააჩნია და მისი სრული კომპენსაცია შეუძლებელია. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელისადმი მიყენებული ფიზიკური და მორალური ტანჯვის ხარისხის შეფასებისას, რაც მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრის მიზნებისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონეა, სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ნ------------ას ოჯახში წლების განმავლობაში კონფლიქტური გარემო იყო, 2017 წლის 04 მაისს მას ქუჩაში, მეზობლებისა და მცირეწლოვანი შვილების თვალწინ მეუღლემ (ყოფილმა მეუღლემ) სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რაც მისთვის, როგორც ფიზიკური/სულიერი ტანჯვა, ასევე საზოგადოების თვალში დაკნინება გამოიწვია. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ დაზარალებული მხარისთვის მორალური ზიანის სახით 3500 ლარის დაკისრება რელევანტური და ადექვატური ოდენობა იყო.
11. სამოქალაქო პროცესში მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი განაწილების პრინციპი არსებობს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება, დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად, საპროცესო ნორმა განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა ნუსხას, რომლებიც მხარეებს შეუძლიათ, თავიანთი მოთხოვნების დასადასტურებლად გამოიყენონ. ჩამოთვლილ მტკიცებულებათაგან არც ერთს არ აქვს უპირატესი იურიდიული მნიშვნელობა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ სრულ და ობიექტურ განხილვას, შედეგად, სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლისა.
გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანონი მტკიცების ტვირთის გადანაწილების სპეციალურ წესს ითვალისწინებს (მაგ. შრომითსამათლებრივი დავები) მტკიცების ტვირთის გადანაწილების ზოგადი წესი მოქმედებს, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ ის გარემოებები უნდა დაამტკიცოს, რომლებზეც იგი თავის მოთხოვნას ამყარებს. არ შეიძლება მხარეს ისეთი გარემოების მტკიცების ტვირთი დაეკისროს, რომლის ზიდვაც მისთვის ობიექტურად შეუძლებელია.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ოჯახში ძალადობის შედეგად მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს, შესაბამისად, მის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას ძალადობის ფაქტის დადასტურება და ისეთი გარემოებების დადასტურება წარმოადგენდა, რომლებიც მორალური ზიანის დასაკვალიფიცირებლად ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძველს შექმნიდა. აღნიშნული გარემოებების სამტკიცებლად, მოსარჩელემ კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, მოწმეთა ჩვენება და სამედიცინო დასკვნა წარადგინა. თუმცა, აქვე სასამართლო განმეორებით აღნიშნავს, რომ ამგვარ კატეგორიის დავებში ოჯახური ძალადობის ფაქტის დადგენა და მოსარჩელისთვის მსხვერპლის სტატუსის მინიჭება მას უკვე წარმოუშობს კანონიერ საფუძველს სასამართლოს მიმართოს კომპენსაციის მიღების მოთხოვნით. ზემოაღნიშნული მტკიცებულებების გასაბათილებლად ვერ გამოდგება მოპასუხის ზეპირსიტყვიერი შედავება დაკისრებული კომპენსაციის ოდენობის არაგონივრულობისა ან/და განაჩენზე დართული მოსარჩელის განმარტების თაობაზე, რომლის მიხედვითაც მას ბ---- გ----–---–ის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია, რადგან ეს განცხადება შესაძლებელია გ----–---–ისთვის სახდელის დაკისრების ნაწილში რელევანტური ყოფილიყო, თუმცა მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნისას მნიშვნელოვანი ვერ იქნება. ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას მხოლოდ აპელანტის ზეპირსიტყვიერი მითითებები გაიზიაროს და იგი დაუდოს საფუძვლად სასამართლო გადაწყვეტილებას. მტკიცების ტვირთის ობიექტური განაწილების პირობებში, მოსარჩელემ მისი სარჩელის საფუძვლიანობა დაადასტურა, ხოლო მოპასუხემ მხარემ მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი ვერ დასძლია, რაც მის სააპელაციო საჩივარში მოყვანილი მსჯელობის გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველია.
12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მათ სამართლებრივ შეფასებას შესაბამისად მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მოყვანილი მსჯელობა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძველს არ ქმნის და იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმაც იგულისხმება. შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, 150 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე, 390-ე, 55-ე მუხლებით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ბ----ი გ----–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება;
3. ბ----ი გ----–---–ის მიერ გადახდილი ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თამარ ალანია