განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 050310117001946754
საქმე N3/ბ-339-18წ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
13 დეკემბერი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე (მომხსენებელი)
მურთაზ მეშველიანი, ხათუნა ხომერიკი
სხდომის მდივანი ონისე გურეშიძე
აპელანტები (მოპასუხეები):
1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო
წარმომადგენელი – ც---------------ე
2. ბ-------------–---–ი, ვ---------–--ე
წარმომადგენელი – ფ--------------–-ია
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – შპს ,,სა------------------–----ა’’
წარმომადგენელი – კა-------–-–---–ი
მოპასუხეები – ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი – თ-------------ე
დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება
1. აპელანტების მოთხოვნა – ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის უარყოფა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
2017 წლის 31 მაისს შპს ,,სა------------------–----ას’’ წარმომადგენელმა სარჩელი აღძრა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის, ბ-------------–---–ისა და ვ---------–--ის მიმართ, რომლითაც მოითხოვა ბათილად ყოფილიყო ცნობილი №2----------4 და №2----------5 საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონების საპრივატიზაციო ნუსხაში შეტანის ნაწილში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 02 ნოემბრის N--- სხდომის ოქმი, ასევე ამავე საკრებულოს 2016 წლის 02 ნოემბრის N-- განკარგულება. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა ბათილად ყოფილიყო ცნობილი 2016 წლის 06 დეკემბრის საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი N---, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის 30 დეკემბრის N--- საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა და 2016 წლის 20 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებები, დადებული ოზურგეთის მუნიციპალიტეტსა და ქონების შემძენებს ბ-------------–---–სა და ვ---------–--ეს შორის;
სარჩელის მიხედვით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ განკარგული ქონება წარმოადგენდა საჯარო სარგებლობის სივრცეს და მისი განკარგვა კანონით იყო დაუშვებელი. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ოზურგეთის მუნიციპალუიტეტის მიერ მოხდებოდა აღნიშნული ქონების განკარგვა, მას უნდა განეხორციელებინა საჯარო ადმინისტრაციული წარმოება, რაც უზრუნველყოფდა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 85-ე და 851 მუხლებით გარანტირებული მოსარჩელის კანონით გათვალისწინებული უფლებების განხორციელების შესაძლებლობას, რაც მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაცული არ ყოფილა.
მოპასუხეების: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებმა სარჩელი არ ცნეს და მისი უარყოფა მოითხოვეს.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებით შპს ,,სა------------------–----ას'' სარჩელი დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 02 ნოემბრის N--- სხდომის ოქმი უძრავი ქონების ს/კ 2----------4 და ს/კ 2----------5 საპრივატიზაციო ნუსხაში შეტანის ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 02 ნოემბრის N-- განკარგულება უძრავი ქონების ს/კ 2----------4 და ს/კ 2----------5 ნაწილში. ასევე ბათილად იქნა ცნობილი: 2016 წლის 06 დეკემბრის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი N---, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის 30 დეკემბრის N--- საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა და 2016 წლის 20 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულება N--- დადებული ოზურგეთის მუნიციპალიტეტსა და ქონების შემძენებს: ბ-------------–---–სა და ვ---------–--ეს შორის. ამავე გადაწყვეტილებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტს სარჩელზე გადახდილი ბაჟის სანაცვლოდ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 300 (სამასი) ლარის ანაზღაურება (იხ. ს.ფ. 191-196).
ამ დასკვნამდე სასამართლო მივიდა შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლოს მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები:
2.1.1. მოსარჩელე მხარის განმარტებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტს დ----------–- საკუთრებაში გააჩნია უძრავი ქონება, სასტუმრო და სანატორიუმი მომსახურების კომპლექსი. სასტუმროს ეზო ესაზღვრება თ----–---–ის ქუჩას. სასტუმროს ღობიდან ქუჩის სავალ ნაწილამდე არის მრავალწლიანი ნარგავები და ტროტუარი, რომელიც წარმოადგენს საზოგადოებრივი სარგებლობის სივრცეს და მისი საშუალებით ხდება დამსვენებლების გადაადგილება. მხარის განმარტებით ტროტუარი და მწვანე ნარგავები გასხვისებული იქნა მოპასუხეებზე;
2.1.2. მოპასუხე მხარის განმარტებით, ქონება აუქციონის წესით იქნა გასხვისებული კანონის მოთხოვნათა დაცვით.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.2.1. სასამართლოს განმარტებით, ,,მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბერის N669 დადგენილების მეორე პუნქტის ,,დ’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტების თანახმად, განკარგვა არის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზება, სარგებლობის უფლებით გადაცემა, მართვის უფლებით გადაცემა ან სახელმწიფოსთვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემა. პრივატიზება არის მუნიციპალიტეტის ქონების ფიზიკური ან/და იურიდიული პირისთვის საკუთრებაში გადაცემა, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ დადგენილი ფორმითა და წესით.
დადგენილების მე-14 მუხლის მიხედვით, ,,საჯარო აუქციონის ფორმით მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზება ხორციელდება ამ წესის მე-5 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.’’
დადგენილების მეხუთე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ,,ელექტრონული აუქციონის ფორმით მუნიციპალიტეტის ქონების (გარდა თბილისის ქონებისა) პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის შესაბამისად.
დადგენილების მეხუთე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, ,,ელექტრონული აუქციონის ფორმით მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზება შეიძლება განხორციელდეს უპირობოდ ან პირობებით. უპირობო ელექტრონული აუქციონისას, მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის ვალდებულებას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების გადახდა, ხოლო პირობებიანი ელექტრონული აუქციონისას, მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის ვალდებულებას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების გადახდა და მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ განსაზღვრული ელექტრონული აუქციონის პირობების შესრულება.’’
ამავე მუხლის მესამე პუნქტის მიხედვით, ,,ელექტრონული აუქციონის ფორმით მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების მიზანია, საკუთრების უფლება მიენიჭოს ელექტრონულ აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც ვაჭრობის პროცესში აუქციონატორს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს, ხოლო თუ ელექტრონული აუქციონი გამოცხადდა პირობებით – საკუთრების უფლება მიენიჭოს ელექტრონულ აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და ვაჭრობის პროცესში აუქციონატორს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს.’’ მეხუთე პუნქტით, ,,ელექტრონული აუქციონის ფორმით მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზებო საფასური განისაზღვრება ამ წესის მე-6 თავის შესაბამისად.’’
სასამართლოს მითითებით, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 106-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის ქონებას განეკუთვნება: ა) მუნიციპალიტეტისთვის კანონით მიკუთვნებული ქონება; ბ) სახელმწიფოს მიერ მუნიციპალიტეტისთვის საკუთრებაში გადაცემული ქონება; გ) ავტონომიური რესპუბლიკის მიერ შესაბამისი მუნიციპალიტეტისთვის საკუთრებაში გადაცემული ქონება; დ) მუნიციპალიტეტის მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი, შეძენილი ან რეგისტრირებული ქონება.
ამავე მუხლის მიხედვით, მუნიციპალიტეტის ქონება იყოფა ორ კატეგორიად – ძირითად (განუსხვისებელ) ქონებად და დამატებით ქონებად.
ამავე მუხლის მეოთხე პუნქტის შესაბამისად, ,,ძირითადი (განუსხვისებელი) ქონება არის მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების განხორციელების საფუძველი. ძირითადი ქონების გამოყენება შეიძლება მხოლოდ მუნიციპალიტეტის საჯარო ფუნქციების შესასრულებლად და უფლებამოსილების განსახორციელებლად.’’
სასამართლოს მსჯელობით, მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული წარმოება ადგილობრივი ორგანოს სტრუქტურული ერთეულების მიერ არ იყო განხორციელებული სრულყოფილად, რის შედეგადაც გაურკვეველი იყო ძირითადი ფაქტობრივი გარემოებები; კერძოდ არ იყო დადგენილი ქონება წარმოადგენდა ძირითად (განუსხვისებელ) ქონებას თუ არა. შესაძლებელი იყო თუ არა ქონების გამოყენება გარდა საჯარო ფუნქციის გამოყენებისა. სასამართლომ ადგილზე დათვალიერების ოქმზე მითითებით დაასკვნა, რომ არ იყო გამიჯნული საფეხმავლო გზა (ტროტუარი) და შეუძლებელი იყო დადგენა არსებული მასალებით ხომ არ ხდებოდა საჯარო მიზნისთვის განკუთვნილი სივრცის გასხვისება. ასევე გაურკვეველი იყო ქონების შეფასების საფუძვლები, ხოლო ადმინისტრაციული წარმოება საჯარო აუქციონის განხორციელებისას წარმოებული იყო შემჭიდროებულ ვადებში, დაჩქარებულად. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ როგორც აუქციონი, ასევე მისი შედეგები ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება კანონით დადგენილ ვადაში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, ბ-------------–---–მა და ვ---------–--ემ. ითხოვენ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას და სარჩელის უარყოფას, შემდეგი დასაბუთებით:
3.1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1.1. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ გადაწყვეტილების 3.1 პუნქტში ფაქტობრივი გარემოება არასწორად მიიჩნია დადგენილად; კერძოდ არასწორია ის, რომ აუქციონის წესით გასხვისებული მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა საზოგადოებრივი სარგებლობის სივრცეს და თითქოსდა მისი საშუალებით ხდებოდა დამსვენებლების გადაადგილება.
3.1.2. აპელანტის მსჯელობით, სასამართლო გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილით დადგენილი არ არის, საკრებულოს მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დროს თუ რომელი სამართლებრივი ნორმა იქნა დარღვეული ან ინდივიდუალური აქტის შესწავლის და გამოცემისას რომელი ფაქტი არ იქნა გამოკვლეული, აქედან გამომდინარე ცალსახაა, რომ სასამართლოს მიერ მოხდა ფაქტებისა და კანონის ზოგადი მიმოხილვა და არასრული განმარტება, რომელსაც საფუძვლად არ უდევს არანაირი ფაქტობრივი გარემოებები, აღნიშნული კი გადაწყვეტილების ფაქტობრივ და სამართლებრივ დაუსაბუთებლობაზე მიუთითებს, რაც თავის მხრივ გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლიტურ საფუძველს წარმოადგენს;
3.1.3. აპელანტის განმარტებით, სასამართლოს მხრიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 02 ნოემბრის N--- სხდომის ოქმის ბათილად ცნობის აუცილებლობა სრულიად გაურკველია, რადგან საკრებულოს სხდომის ოქმით დადგენილია წესი, თუ რას უნდა შეიცავდეს ოქმი, კერძოდ: საკრებულოს სხდომის ჩატარების ადგილს და დროს, ოქმის რიგით ნომერს, საკრებულოს წევრთა ქვორუმის შესახებ ინფორმაციას და დამსწრე წევრთა რაოდენობას, სხდომის თავმჯდომარის ვინაობას, სხდომის დღის წესრიგს, მომხსენებელთა ვინაობას და სხდომაზე გამომსვლელთა ვინაობებს არსებობის შემთხვევაში, ასევე საკითხს, რომელიც დადგება კენჭისყრაზე, კენჭისყრის შედეგებს და მიღებულ გადაწყვეტილებას. როგორც წესი, ოქმით აისახება ვითარება სხდომის მიმდინარეობის შესახებ. აპელანტის აზრით, სადავო აქტის შემთხვევაში დაცულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის 110-ე მუხლით დადგენილი წესი, ამასთან სხდომის ვიდეო ჩანაწერიდანაც ნათელია, რომ არავის სადაოდ არ გაუხდია დღის წესრიგით დადგენილი მე-3 საკითხი.
3.1.4. აპელანტის მითითებით, მართალია სასამართლომ გამოიყენა კანონები, რომლებიც უნდა გამოეყენებინა, მაგრამ არასწორად განმარტა ისინი; კერძოდ, მოცემულ სადავო შემთხვევაში ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ ვერ შეაფასა სამართლებრივი თვალსაზრისით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 02 ნოემბრის N-- განკარგულება. სასამართლო საერთოდ არ იკვლევს იმას, თუ რა ზიანი მიადგა სადავო აქტით მოსარჩელე მხარეს. საკანონმდებლო დანაწესით აქტის ბათილობისთვის აუცილებელია 2 პირობა ერთობლივად, კერძოდ: ა) სადავო აქტის კანონთან წინააღმდეგობა და ბ) სადავო აქტი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს უნდა აყენებდეს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავდეს მის უფლებას. მოცემულ შემთხვევაში კი სასამართლომ არ გაითვალისწინა აღნიშნული მუხლის ორივე პირობა და გადაწყვეტილება დააფუძნა მხოლოდ აუქციონის შემჭიდროვებულ ვადებში ჩატარებაზე. არ გამოუკვლევია, თუ რა პირდაპირი და უშუალო ზიანი მიადგა მოსარჩელეს ან უკანონოდ როგორ შეიზღუდა მისი უფლებები. ასევე არ ასაბუთებს სამართლებრივად თუ რა დაარღვია კოლეგიურმა ორგანომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გასაჩივრებული აქტის გამოცემისას;
3.1.5. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად გამოიყენა ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსის 106-ე მუხლის დანაწესი, ვინაიდან მუნიციპალიტეტის ძირითადი (განუსხვისებელი) ქონება განეკუთვნება მუნიციპალიტეტის ერთეულის ქონებას, რომელიც არის მუნიციპალიტეტის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელების საფუძველი და რომელიც ადგილობრივ თვითმართველობის ორგანომ შეიძლება გამოიყენოს მხოლოდ თავისი საჯარო ფუნქციების შესასრულებლად და უფლებამოსილების განსახორციელებლად;
3.1.6. აპელანტის აზრით, სასამართლოს გადაწყვეტილებით არ არის დასაბუთებული ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60 პრიმა მუხლის თუ რომელი მოთხოვნა დაარღვია საკრებულომ აქტის გამოცემის დროს. პირველი ინსტანციის სასამართლო განხილვისას აპელანტის მიერ განმარტებული იქნა, რომ არსებობდა ურეკი შეკვეთილის განაშენიანების გეგმა და ,,ურეკი-შეკვეთილის სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 ივნისის №274 დადგენილებით განსაზღვრული და რეგისტრირებული იყო საფეხმავლო გზა, რაც დაუსაბუთებლად არ გაითვალისწინა სასამართლომ.
3.2. ბ-------------–---–ისა და ვ---------–--ის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.2.1. აპელანტების მოსაზრებით, სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ, არ მოიხსენია გასაჩივრებული აქტები, ასევე არ შეფასებულა ისინი სასამართლოს მიერ. გადაწყვეტილებაში მიეთითა, რომ მოსარჩელის უძრავი ქონება ესაზღვრებოდა თ----–---–ის ქუჩას, წარმოადგენდა მრავალწლიან ნარგავებს და ტროტუარს და იყო საზოგადოებრივი სარგებლობის სივრცე. აღნიშნულ გარემოებას არ ეთანხმება აპელანტი დაუსაბუთებლობის მოტივით; კერძოდ გაურკვეველია თუ საიდან დაასკვნა სასამართლომ, რომ აღნიშნული ტერიტორია წარმოადგენდა საზოგადოებრივი სარგებლობის სივრცეს;
3.2.2. აპელანტების მითითებით, არ არის დადგენილი სადავო აქტების კანონის მოთხოვნათა დარღვევით გამოცემა. არ გამოკვლეულა და დადგენილა, თუ რა ინტერესი დაერღვა მოსარჩელეს (რაში მდგომარეობს მოსარჩელის სამართლებრივი ინტერესი). ასევე არ დადგენილა, დაიცვა თუ არა მოსარჩელემ სადავო აქტების გასაჩივრების ვადა;
3.2.3. აპელანტების განმარტებით, სადავო მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენს ტროტუარს და საზოგადოებრივი სარგებლობის სივრცეს. ეკონომიკის სამინისტროს მიერ ცალსახად დადგენილია, რომ სადავო ნაკვეთი არ წარმოადგენს ძირითად, განუსხვისებელ ქონებას. საყურადღებო და გასათვალისწინებელია ისიც, რომ სადავო ნაკვეთის მიმდებარე ტერიტორიები გასხვისებულია კერძო პირებზე (ვინაიდან ისინი არ წარმოადგენენ ტროტუარს/საზოგადოებრივი სარგებლობის ადგილს). სადავო ნაკვეთს ორივე მიმართულებით ესაზღვრება სწორედ ამ ფიზიკური პირების კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. ფაქტობრივად თუ სამართლებრივად შეუძლებელია, რომ სადავო ნაკვეთი, რომელიც წარმოადგენს ზემოაღნიშნულ კერძო პირებზე გასხვისებული ქონების გაგრძელებას, მიეკუთვნებოდეს საზოგადოებრივი სარგებლობის სივრცეს. აპელანტების აზით, სასამართლომ ყოველგვარი შეფასების გარეშე დატოვა ასევე კანონიერი ნდობის საკითხი ადგილობრივი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიმართ.
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას აპელანტებმა მხარი დაუჭირეს სააპელაციო საჩივრების მოთხოვნებს. აპელანტების პროცესუალურმა მოწინააღმდეგემ (თავდაპირველი მოსარჩელე) სააპელაციო საჩივრების უარყოფა და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება მოითხოვა.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებისა და სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს; უნდა გაუქმედეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება შპს ,,სა------------------–----ას’’ სარჩელის უარყოფის შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე” ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევას - გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, რაც მისი გაუქმების აბსოლუტური საფუძველია. შესაბამისად სააპელაციო პალატა უფლებამოსილია, საქმის პირველი ინსტანციისათვის დაბრუნების გარეშე, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება მოცემულ დავაზე.
4.1. ფაქტობრივი დასაბუთება:
4.1.1. 2016 წლის 23 ივნისს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ №---- წერილით მიმართა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრს, რომლითაც აცნობა, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას განსაზღვრული ჰქონდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დ----------–- მდებარე 70 კვ.მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის განკარგვა, რის გამოც საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 ოქტომბრიას №233 დადგენილების მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის თანახმად ითხოვა დადასტურება აღნიშნული მიწის ნაკვეთი ექვემდებარებოდა თუ არა ბუნებრივ რესურსებზე (მ.შ. წიაღზე) დამაგრებას (იხ.ს.ფ.106);
4.1.2. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის 2016 წლის 7 ივლისის წერილით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელს ეცნობა, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დ----------–- მდებარე 70 კვ.მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი თანდართული საკადასტრო-აზომვითი ნახაზის საფუძველზე არ ექვემდებარებოდა ბუნებრივ რესურსებზე, მათ შორის წიაღზე დამაგრებას (იხ.ს.ფ.108);
4.1.3. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 23 აგვისტოს №5------ წერილით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას ეცნობა, რომ სააგენტო არ იყო წინააღმდეგი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დ----------–- მდებარე 43 კვ.მეტრი, 70 კვ.მეტრი, 40 კვ.მეტრი, 30 კვ.მეტრი და 34 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთები დარეგისტრირებულიყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებად იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ მიწის ნაკვეთებზე არ იყო განთავსებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობა და არ იმყოფებოდა კერძო სამართლის სუბიექტის სარგებლობაში ან საკუთრებაში (იხ.ს.ფ.107);
4.1.4. 2017 წლის 30 მაისს მომზადებული საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 31 აგვისტოს №2--- ბრძანების საფუძველზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დ----------–- მდებარე 30 კვ.მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 2016 წლის 2 სექტემბერს დარეგისტრირდა სსიპ თვითმმართველი თემის - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლებით საკადასტრო კოდით 2----------4 (იხ.ს.ფ.18-19);
4.1.5. 2017 წლის 2 სექტემბერს მომზადებული საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 31 აგვისტოს №2--- ბრძანების საფუძველზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დ----------–- მდებარე 70 კვ.მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 2016 წლის 2 სექტემბერს დარეგისტრირდა სსიპ თვითმმართველი თემის - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლებით საკადასტრო კოდით 2----------5 (იხ.ს.ფ.21-21);
4.1.6. 2016 წლის 2 ნოემბერს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 34 ხმით დაამტკიცა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი (პუნქტი 3.59) ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ’’ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების მიღების თაობაზე (იხ.ოქმი--------- და სხდომის ვიდეოჩანაწერი - ს-------);
4.1.7. 2016 წლის 2 ნოემბერს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ №-- განკარგულებით დაამტკიცა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა თანახმად დანართისა. თანდართულ დანართში სხვა მიწის ნაკვეთებთან ერთად მითითებულია №2----------4 და №2----------5 საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონებებიც (იხ.ს.ფ.1------);
4.1.8. №2----------4 და №2----------5 საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონებები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ განსაკარგად გატანილი იქნა საჯარო აუქციონზე. აღნიშნული მიწის ნაკვეთებიდან №2----------5 საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე (70 კვ.მეტრი) 2016 წლის 6 დეკემბერს გაიმარჯვეს ვ---------–--ემ და ბ---------------–---–მა, ხოლო №2----------4 საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთი ისევ რჩება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში. შეთავაზებულმა თანხამ შეადგინა 7350 ლარი (ბეს გარეშე). ვ---------–--ისა და ბ---------------–---–ის მიმართ გაიცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა №--- და 2016 წლის 20 დეკემბერს გაფორმდა №--- ნაყიდობის ხელშეკრულება (იხ.აუქციონის მასალები - ს.ფ.-------);
4.1.9. 2017 წლის 9 იანვარს №--- საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დ----------–- მდებარე 70 კვ.მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებად საჯარო რეესტრში დარეგისტრირდნენ ვ---------–--ე და ბ---------------–---–ი. მითითებულ უძრავ ქონებაზე შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 24 მაისის №0------ შეტყობინებით რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა (იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან - ს.ფ.1--);
4.1.10. ადგილზე დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ სადავო მიწის ნაკვეთი მდებარეობს შპს ,,ს------------------–----ას’’ ღობიდან და ბოლომდე არ მიდის ცენტრალური გზის ავტომანქანის სავალ ნაწილთან. საავტომობილო გზის გასწვრივ ტროტუარი ცალკე გამოყოფილი არ არის. მოსარჩელის წარმომადგენლის მოსაზრებით, აღნიშნული ტერიტორია წარმოადგენდა რეკრეაციულ ზონას, სადაც სამომავლოდ უნდა გაკეთებულიყო ქვეითთა სავალი ნაწილი (იხ.ს.ფ.172-173);
4.1.11. საჯარო რეესტრიდან ამონაწერებით დადგენილია, რომ 2----------4 და №2----------5 საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონებების მიმდებარედ მდებარეობს კერძო პირთა მიწის ნაკვეთები, ასევე მიწის ნაკვეთის ნაწილზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტს დადებული აქვს იჯარის ხელშეკრულება (იხ.ს.ფ.257-263).
სამართლებრივი დასაბუთება:
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’ (შემდგომში - კოდექსი) განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების სამართლებრივ საფუძვლებს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილებებს, მათი შექმნისა და საქმიანობის წესებს, მათ ფინანსებსა და ქონებას, ურთიერთობებს მოქალაქეებთან, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან და საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობისა და პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის განხორციელების წესებს.
კოდექსის 106-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის ქონება არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, მუნიციპალიტეტის ქონება იყოფა ორ კატეგორიად – ძირითად (განუსხვისებელ) ქონებად და დამატებით ქონებად.
106-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ძირითადი (განუსხვისებელი) ქონება არის მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების განხორციელების საფუძველი. ძირითადი ქონების გამოყენება შეიძლება მხოლოდ მუნიციპალიტეტის საჯარო ფუნქციების შესასრულებლად და უფლებამოსილების განსახორციელებლად. მე-5 პუნქტის მიხედვით, დამატებითი ქონება არის ქონება, რომელიც არ არის ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების ნაწილი და რომელიც მუნიციპალიტეტმა შეიძლება გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მე-3 პუნქტის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების გასხვისება დაუშვებელია, გარდა ამ კანონის 121-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა. დამატებითი ქონების გასხვისება დასაშვებია ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ სადავოდ ქცეული 30 კვ.მეტრი და 70 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთები 2016 წლის 2 სექტემბრიდან შესაბამისი უფლების დამდგენი დოკუმენტის საფუძველზე რეგისტრირებულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დ----------–- არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სტატუსით. საქმის მასალების შესაბამისად მითითებული უძრავი ქონების საკუთრების უფლებით დასარეგისტრირებლად ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა შესაბამისი თანხმობა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსგან და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსგან სწორედ მისი შემდგომი განკარგვის მიზნით გამოითხოვა. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ სადავო უძრავი ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებით მოსარჩელეს რაიმე სახის სამართლებრივი პრეტენზია სასამართლოში არ წარუდგენია, შესაბამისად ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი.
საყურადღებოა ის გარემობაც, რომ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 ივნისის №274 დადგენილებით დამტკიცდა ურეკი-შეკვეთილის სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაცია, რომელშიც ,,საავტომობილო გზები და ქუჩები, საფეხმავლო-სარეკრეაციო გზები, საველოსიპედო ბილიკები, საზოგადოებრივი ღია სივრცეები, მიწის ნაკვეთები და შეზღუდვების მქონე მიწის ნაკვეთები ასახულია ურეკი-შეკვეთილის სარეკრეაციო ტერიტორიის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გეგმაზე – „მიწის ნაკვეთების საკუთრების ტიპები და შეზღუდვები მიწის ნაკვეთებზე“. პალატა კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ სადავო მიწის ნაკვეთების ოზურგეთის მუნიციპალიტეტზე საკუთრების უფლებით დასარეგისტრირებლად შესაბამისი თანხმობა სახელმწიფოს სახით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ გასცა, რაც ასევე იძლევა იმ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ სადავო მიწის ნაკვეთები არ მდებარეობს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 ივნისის №274 დადგენილებით განსაზღვრულ ისეთ ტერიტორიაზე, რაც გამორიცხავს მისი განკერძოების შესაძლებლობას, ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ №2----------4 და №2----------5 საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონებები არ მიეკუთვნება მუნიციპალიტეტის ძირითად (განუსხვისებელ) ქონებას. ისიც საგულისხმოა, რომ მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთები წარმოადგენს კერძო პირთა საკუთრებას, რაც ამ მიმართებით კიდევ ერთხელ გამორიცხავს მოსარჩელის მოსაზრებას.
პალატა აღნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტის დამატებითი ქონების განკერძოების პროცედურებს ითვალისწინებს საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’, რომლის 118-ე მუხლის თანახმად, მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზება ხორციელდება საჯარო ან ელექტრონული აუქციონის ფორმით.
კოდექსის 119-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მუნიციპალიტეტის ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ ინფორმაცია თბილისის შემთხვევაში ქვეყნდება აუქციონის განმახორციელებელი სუბიექტის − აუქციონატორის ვებგვერდზე, ადგილობრივ ან სხვა ბეჭდვით საინფორმაციო გამოცემაში და ვებგვერდზე www.eauction.ge, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტის შემთხვევაში – ადგილობრივ ან სხვა ბეჭდვით საინფორმაციო გამოცემაში და ვებგვერდზე www.eauction.ge .
ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვა შეიძლება განხორციელდეს ელექტრონული აუქციონის ფორმით. მუნიციპალიტეტის ქონების ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება და ვაჭრობა მიმდინარეობს ვებგვერდზე www.eauction.ge.
მე-3 მუხლის თანახმად, აუქციონის ფორმით მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვის მიზანია საკუთრების/სარგებლობის უფლების მინიჭება აუქციონში მონაწილე იმ პირისთვის, რომელიც ვაჭრობის პროცესში მუნიციპალიტეტის ქონების განმკარგავ სუბიექტს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს, ხოლო თუ აუქციონი პირობებით გამოცხადდება – საკუთრების/სარგებლობის უფლების მინიჭება აუქციონში მონაწილე იმ პირისთვის, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები, და ვაჭრობის პროცესში მუნიციპალიტეტის ქონების განმკარგავ სუბიექტს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს.
მე-4 პუნქტის მიხედვით, აუქციონში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებული პირი წარადგენს უფლებამოსილი ორგანოს მიერ წინასწარ განსაზღვრული ოდენობის უპირობო და გამოუხმობ საბანკო გარანტიას ან იხდის ბეს. ბეს გადახდას უთანაბრდება დაინტერესებული პირის საბანკო ანგარიშზე არსებული თანხის გაყინვა, რომელიც აუქციონატორს გადაერიცხება აუქციონის მონაწილის აუქციონში გამარჯვებისთანავე ან ამ კანონით დადგენილი აუქციონის წესისა და პირობების დარღვევის შემთხვევაში.
დასახელებული მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, აუქციონის შედეგები უქმდება, თუ აუქციონში გამარჯვებულმა: ა) ამ კანონით განსაზღვრულ ვადაში არ გადაიხადა საფასური; ბ) უარი განაცხადა ნასყიდობის ხელშეკრულების ხელმოწერაზე.
კოდექსის 120-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი არის ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება. მე-2 პუნქტით, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი შეიცავს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების ძირითად პირობებს და მხარეთა უფლება-მოვალეობებს. ამ ოქმის საფუძველზე ფორმდება ნასყიდობის ხელშეკრულება. მე-3 პუნქტით, მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების ანაზღაურების ან/და აუქციონის პირობების შესრულების შემდეგ ქონების შემძენს ეძლევა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ სადავო მიწის ნაკვეთების საპრივატიზებო ნუსხაში ჩასმა გადაწყდა საჯაროდ მიმდინარე საკრებულოს სხდომაზე (იხ.სხდომის ვიდეო ჩანაწერი - ს.ფ. 169), ამასთან ორივე მიწის ნაკვეთი განსაკარგად გატანილი იქნა საჯარო აუქციონზე. აღნიშნული მიწის ნაკვეთებიდან №2----------5 საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე (70 კვ.მეტრი) 2016 წლის 6 დეკემბერს გაიმარჯვეს ვ---------–--ემ და ბ---------------–---–მა, ხოლო №2----------4 საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთი ისევ რჩება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მოსარჩელეს აუქციონის პროცედურული დარღვევით მიმდინარეობის შესახებ რაიმე სახის მტკიცებულება სასამართლოში არ წარმოუდგენია. მისი მოსაზრებით ადმინისტრაციულმა ორგანომ ქონების განკარგვის თაობაზე გადაწყვეტილებების მიღებისას დაარღვია საჯაროობის პრინციპი.
პალატა კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ სადავო მიწის ნაკვეთების საპრივატიზებო ნუსხაში ჩასმა და საჯარო აუქციონზე განკარგვა განხორციელდა საქართველოს ორგანული კანონით ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით’’ გათვალისწინებული პროცედურების დაცვით, რა დროსაც არ დარღვეულა საჯაროობის პრინციპი - ქონების განკარგვა მოხდა საჯარო აუქციონის გზით, ხოლო საკრებულოს სხდომა ჩატარდა ღიად საკრებულოს ბიუროს მიერ გათვალისწინებული დღის წესრიგით, რაც ასახულია სხდომის ვიდეოჩანაწერზე, შესაბამისად დაუსაბუთებელია მოსარჩელის პოზიცია საკრებულოს ბიუროს მხრიდან ქონების განკარგვის მიზანშეუწონლად მიჩნევის თაობაზე (იხ.საკრებულოს სხდომის ვიდეო ჩანაწერი - ს.ფ. 169; 9:50 წუთიდან).
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
5.1. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ განსახილველ შემთხვევაში აპელანტებმა შეძლეს წარმოედგინათ დასაბუთებული სააპელაციო პრეტენზია, შესაბამისად პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის უარყოფის შესახებ.
6. სასამართლო ხარჯები:
იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე და 53-ე მუხლების თანახმად, შპს ,,სა------------------–----ას’’ ვ---------–--ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ მოცემულ საქმეზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სახით 150 (ასორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება, ასევე შპს ,,სა------------------–----ას’’ ბ-------------–---–ის და ვ---------–--ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის 500 ლარის გადახდა.
7. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. შესაბამისად, უნდა გაუქმდეს მოცემულ საქმეზე ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მიერ N2----------4 და N2----------5 საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ქონებებთან დაკავშირებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 377-ე, 386-ე, 389-ე, 397-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ბ-------------–---–ის და ვ---------–--ის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. შპს ,,სა------------------–----ას’’ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. გაუქმდეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 08 ივნისის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ (სსიპ თვითმართველი თემი-ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე მდებარე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დ----------–--საკადასტრო კოდით N2----------4);
5. გაუქმდეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 მარტის განჩინება გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით ბ-------------–---–ის და ვ---------–--ის თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ (მდებარე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დ----------–--საკადასტრო კოდით N2----------5);
6. შპს ,,სა------------------–----ას’’ დაეკისროს ვ---------–--ის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ მოცემულ საქმეზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სახით სულ 150 (ასორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება;
7. დაეკისროს შპს ,,სა------------------–----ას’’ ბ-------------–---–ის და ვ---------–--ის სასარგებლოდ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის 500 ლარის გადახდა;
8. გადაწყვეტილება შეიძლება საკასაციო წესით გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№32).
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
მურთაზ მეშველიანი
ხათუნა ხომერიკი