განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 09.01.2019
საქმის ნომერი
160210817001861691
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
თარიღი
09.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 160210817001861691

საქმე №2ბ/4886-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

09 იანვარი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

 

თავმჯდომარე - ირაკლი ბონდარენკო

მოსამართლეები: მაია სულხანიშვილი

ნატალია ნაზღაიძე

 

სხდომის მდივანი - მაკა ბუიღლიშვილი, მარინე თათრიშვილი

 

აპელანტი - კ--------------- დ----------ს

წარმომადგენელი - ნ----- ბ-----ე

 

დაინტერესებული პირი - გ------ მ-------------ი

წარმომადგენელი - ზ----- პ------------ი

 

მოთხოვნის არსი - შვილად აყვანა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოთხოვნის დაკმაყოფილება

 

2.გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით კ--------------- დ----------სის განცხადება გ------ მ-------------ის შვილად აყვანის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.1. . გ------ მ-------------ის მამა არის ჯ----- მ-------------ი, ხოლო დედა - დ-------- მ-------------ი. ჯ----- მ-------------ი გარდაიცვალა 2----–-–------------–-.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- დაბადების მოწმობა (ს.ფ. 22);

- გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 5).

 

2.2. განმცხადებელი კ--------------- დ----------სი არის საბერძნეთის რესპუბლიკის მოქალაქე და ცხოვრობს საბერძნეთში, ქალაქ თე---–-----ში. გ------ მ-------------ი არის საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქე და ამჟამად იმყოფება საქართველოში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- პირადობის მოწმობა (ს.ფ. 20-21);

- პასპორტის ასლი (ს.ფ. 23).

 

2.3. გ------ მ-------------ი დაიბადა 1-----–-–-------------, შესაბამისად, ამჟამად არის სრულწლოვანი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- პასპორტის ასლი (ს.ფ. 23).

 

2.4. გ------ მ-------------ი პირველ რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ნ---------------სთან, 2011 წლის 17 მაისიდან მათ შორის შეწყვეტილია რეგისტრირებული ქორწინება. გ------ მ-------------ი მეორე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა საბერძნეთის მოქალაქესთან, ამჟამად მასთანაც შეწყვეტილი აქვს რეგისტრირებული ქორწინება.

 

გ------ მ-------------ს პირველი ქორწინებიდან ჰყავს 4 შვილი. ამჟამად, გ------ მ-------------ის ყოფილი მეუღლე და შვილები ცხოვრობენ მისი დედის დ-------- მ-------------ის სახლში. მამის დაღუპვის შემდეგ, გ------ მ-------------იც ცხოვრობს დედასთან დ-------- მ-------------თან.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- განქორწინების მოწმობა (ს.ფ. 37);

- გ------ მ-------------ის ახსნა-განმარტება (იხ. 30.06.2017 წლის ოქმი 14:00:08-14:03:00).

- მოწმე ა------ ს-----------ის ჩვენება (იხ. 30.06.2017 წლის სასამართლო სხდომის ოქმი

14:24:54-14:39:04);

 

2.5. გ------ მ-------------ის დედა დ-------- მ-------------ი თანახმაა მისი შვილი გ------ მ-------------ი იშვილოს კ--------------- დ----------სმა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- განცხადება (ს.ფ. 28);

 

2.6. კ--------------- დ----------სი არ არის ნასამართლევი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ასლი ნასამართლობის ისტორიიდან (ს.ფ. 41-45).

 

2.7. კ--------------- დ----------სი არ არის დაავადებული ფსიქიატრიული ან ნევროგოლიური დაავადებით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სამედიცინო დასკვნა (ს.ფ. 38-40);

 

2.8. კ--------------- დ----------სს არ ჰყავს ბიოლოგიური შვილი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. განცხადება, 30.06.2017 წლის სხდომის ოქმი).

 

2.9. გ------ მ-------------ი დაახლოებით 5 წელი ცხოვრობდა საბერძნეთის რესპუბლიკაში, კ--------------- დ----------სის სახლში. დაახლოებით წელიწადნახევარია იგი იმყოფება საქართველოში. კ--------------- დ----------სი საქართველოში არ ყოფილა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. განცხადება, 30.06.2017 წლის სხდომის ოქმი).

 

2.10. კ--------------- დ----------სმა გ------ მ-------------ის შვილად აყვანა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც იგი მასთან ცხოვრობდა და უწევდა დახმარებას, მის გვერდში იყო და ეს მისთვის ბევრს ნიშნავდა, რადგან სხვა ნათესავები არ ჰყავს. მისი სურვილია, რომ გ------ მ-------------მა იზრუნოს მასზე, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ ქონება მას დარჩეს. აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 30.06.2017 წლის სხდომის ოქმი).

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.11. საქმის მასალებით არ დასტურდება მშვილებელსა და შვილად ასაყვანს შორის მშობლისა და შვილის ფაქტობრივი ურთიერთობა, შესაბამისად, შვილება არ ემსახურება მშობლისა და შვილის რეალური ურთიერთობების წარმოშობის მიზანს.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.12. სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1239-ე მუხლზე, რომლის თანახმად, შვილება (შვილად აყვანა) დაიშვება მხოლოდ არასრულწლოვანი ბავშვის კეთილდღეობისა და ინტერესებისათვის, თუკი მოსალოდნელია, რომ მშვილებელსა და ნაშვილებს შორის წარმოიშვას ისეთივე ურთიერთობა, როგორიცაა მშობელსა და შვილებს შორის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სრულწლოვანი პირის შვილება შესაძლებელია, თუ მშვილებელსა და შვილად ასაყვანს შორის უკვე არსებობდა მშობლისა და შვილის ფაქტობრივი ურთიერთობა, იგი არ ეწინააღმდეგება მშვილებლის ან შვილად ასაყვანის ინტერესებს და შვილება ზნეობრივად გამართლებულია.

 

აღნიშნული მუხლი პირველ რიგში ადგენს რეგულაციას, რომლის მიხედვითაც შვილება დაიშვება, თუ:

1. მშვილებელსა და შვილად ასაყვანს შორის უკვე არსებობდა მშობლისა და შვილის ფაქტობრივი ურთიერთობა;

2. იგი არ ეწინააღმდეგება მშვილებლის ან შვილად ასაყვანის ინტერესებს;

3. შვილება ზნეობრივად გამართლებულია.

 

აღნიშნული მუხლის თანახმად, შვილებისათვის საჭიროა სამი კუმულაციური წინაპირობის არსებობა, ანუ აუცილებელია სამივე პირობის ერთდროულად არსებობა, რათა სასამართლომ დააკმაყოფილოს განცხადება შვილად აყვანის თაობაზე. ერთ პირობის არარსებობის შემთხვევაშიც კი აღნიშნული მუხლის დანაწესით დაუშვებელია შვილად აყვანის განხორციელება. თანაც, აღნიშნული პირობები თანმიმდევრულია და პირველივე პირობის დაუკმაყოფილებლობა თავისთავად განაპირობებს უარყოფით გადაწყვეტილებას.

 

ამავე კოდექსის 1245-ე მუხლის მიხედვით მშვილებელი შეიძლება იყოს ნებისმიერი სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირი, გარდა იმ პირისა, რომელსაც ჩამორთმეული ან შეზღუდული აქვს მშობლის უფლება. მშვილებელი არ შეიძლება იყოს ასევე პირი, რომელსაც ავადმყოფობის ან მორალური თვისებების გამო არ შეუძლია განახორციელოს მშობლის უფლებები.

 

შვილად აყვანა სახელმწიფო კონტროლს ექვემდებარება. სასამართლოსათვის აღნიშნული უფლებამოსილების მინიჭებით ნათელი ხდება, რომ მხოლოდ მშვილებლის ან შვილად ასაყვანის თანხმობა საკმარისი არ არის შვილად აყვანის იურიდიულად გასაფორმებლად. ასეთი თანხმობის არსებობის მიუხედავად, სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს ყველა გარემოება და დაადგინოს, რამდენად შესაბამება განსახილველი შემთხვევა კანონმდებლის მიზანსა და ნებას.

 

შვილად აყვანის ინსტიტუტის არსებობა გარკვეულწილად იმის გარანტიაა, რომ ბავშვი, რომელიც მოკლებულია მშობლების მხრიდან სათანადო ზრუნვას, არ არის უზრუნველყოფილი ოჯახური გარემოთი, მიტოვებულია ბიოლოგიური მშობლების მიერ, ვერ იღებს მათგან სითბოსა და ყურადღებას, არ დარჩეს ყოველგვარი მზრუნველობის გარეშე და თავი იგრძნოს სრულფასოვანი ოჯახის წევრად. იგივე შეიძლება ითქვას სრულწლოვან პირზეც. თუ ის წლების განმავლობაში მიტოვებულია და არავითარი კავშირი არ აქვს ბიოლოგიურ მშობლებთან, მშობლები არ ინტერესდებიან შვილის ცხოვრებით, არავითარ მონაწილეობას არ იღებენ მის ყოველდღიურობაში, ან თუ პირი მოკლებულია მშობლების მზრუნველობას მათი გარდაცვალების გამო და ოჯახურ სითბოს, მზრუნველობასა და ყურადღებას იგრძნობს სხვა პირებისაგან, გარკვეული პერიოდის განმავლობაში მათთან ჩამოუყალიბდება ისეთი ურთიერთობა, როგორიც მხოლოდ მშობლებსა და შვილებს შორის შეიძლება იყოს, აღიქვამს მათ თავის დედად და მამად, ხოლო ბიოლოგიურ მშობლებთან ამგვარი დამოკიდებულება აღარ არსებობს და მათთან გაუცხოებულია, კანონმდებლობა იძლევა საშუალებას, რომ ასეთი ურთიერთობა სამართლებრივად დაკანონდეს და აღნიშნულ პირებს მიენიჭოთ ყველა ის უფლება-მოვალეობა, რაც დაბადებით შვილებსა და მშობლებს შორის არსებობს.

 

შვილად აყვანის წინაპირობად ბიოლოგიურ მშობლებთან ნათესაური გრძნობების დაკარგვასა და მშვილებელსა (მშვილებლებსა) და შვილად ასაყვანს შორის ამგვარი ურთიერთობის არსებობაზე მიუთითებენ სამოქალაქო კოდექსის 1259-ე და 1260-ე მუხლები, რომლებიც მათ პირად და ქონებრივ ურთიერთობას აწესრიგებენ. კერძოდ, საქართველოს სკ- ის 1259-ე მუხლის თანახმად, ნაშვილები და მისი შთამომავლობა - მშვილებლისა და მის ნათესავთა მიმართ, ხოლო მშვილებელი და მისი ნათესავები - ნაშვილებისა და მისი შთამომავლობის მიმართ პირადი და ქონებრივი უფლება-მოვალეობებით უთანაბრდებიან შთამომავლობით ნათესავებს. ხოლო ამავე კოდექსის 1260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნაშვილები კარგავს პირად და ქონებრივ უფლებებს და თავისუფლდება მოვალეობისაგან თავისი ბიოლოგიური მშობლებისა და წარმოშობით ნათესავების მიმართ.

 

მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებლის მიერ, იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ მასსა და გ------ მ-------------ს შორის ჩამოყალიბებულია მამა-შვილური ურთიერთობა, წარმოდგენილი იქნა მხოლოდ მოწმეთა ჩვენებები. მათი ჩვენებებით კი არ დგინდება კ--------------- დ----------სსა და გ------ მ-------------ს შორის უანგარო მამა-შვილური ურთიერთობის არსებობის ფაქტი. კერძოდ, მოწმის სახით დაკითხულმა ა------ ს-----------მა განმარტა, რომ აღნიშნული ფაქტის შესახებ იცის გადმოცემით გ------ მ-------------ისგან. თვითონ არ შესწრებია მათ ურთიერთობას. მისთვის ცნობილია, რომ კ--------------- დ----------სი ურეკავს გ------ მ-------------ს და სთხოვს საბერძნეთში მალე ჩასვლას, თუმცა მან ბერძნული ენა არ იცის და საუბრის შინაარსი მისთვის უცნობია. რაც შეეხება მოწმის სახით დაკითხულ მ------ მ--------ს, მან სარწმუნოდ ვერ დაადასტურა მამა- შვილური ურთიერთობის ფაქტი. მართალია, იგი ადასტურებს, რომ გ------ მ-------------ი ზრუნავდა კ--------------- დ----------სზე, მაგრამ მიუთითა, რომ გ------ მ-------------ი არსად არ მუშაობდა, მას სჭირდებოდა სიგარეტისთვის ფული, ასევე სხვა ხარჯებისთვის, რასაც კ--------------- დ----------სი აძლევდა. ამასთან, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მოწმე მ------ მ-------- უთითებს, რომ კ--------------- დ----------სი გაიცნო გ------ მ-------------ის მხრიდან, 1996 წელს და ამ პერიოდიდან 5 წელი ზრუნავდა გ------ მ-------------ი კ--------------- დ----------სზე, აღნიშნული პერიოდი კი არ ემთხვევა არც განმცხადებლისა და არც დაინტერესებული პირის მიერ მითითებულ პერიოდს.

 

გარდა ამისა, ასევე არ გამოირიცხა ვარაუდი ფიქტიურ მამა-შვილურ ურთიერთობასთან დაკავშირებით. გ------ მ-------------მა სასამართლო სხდომაზე ახსენა, რომ იგი პირველ მეუღლესთან განქორწინდა და საბერძნეთში რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა საბერძნეთის რესპუბლიკის მოქალაქესთან, რომელთანაც არ ცხოვრობდა და საბერძნეთში ყოფნისას განქორწინდა მასთანაც. ამასთან, მეორე მეუღლის ყოლის ფაქტი არ იყო ცნობილი არც მოწმეებისთვის და არც განმცხადებლისათვის, მისთვის გ------ მ-------------ს მისი მეუღლე არ გაუცნია. გარდა ამისა, მოწმის სახით დაკითხულმა პირმა ა------ ს-----------მა განმარტა, რომ გ------ მ-------------ის ყოფილი მეუღლე და მისი ოთხი შვილი ცხოვრობენ გ------ მ-------------ის დედის სახლში, ფაქტიურად მეუღლეთა დაშორების შემდეგ ისინი სახლიდან არც წასულან, ამჟამად გ------ მ-------------იც ამ სახლში ცხოვრობს.

 

ყოველივე ზემოთხსენებულიდან გამომდინარე ირკვევა, რომ განმცხადებელი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 1239-ე მუხლით დადგენილ პირველივე იმპერატიულ მოთხოვნას, კერძოდ, არ დასტურდება მშვილებელსა და შვილად ასაყვანს შორის მშობლისა და შვილის ფაქტობრივი ურთიერთობა, აღნიშნული კი გამორიცხავს განცხადების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლის არსებობას.

 

3. სააპელაციო საჩივრების საფუძვლები

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტის განმარტებით განსახილველ საკითხთან მიმართებით არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რამდენ ქორწინებაში იმყოფებოდა შვილად ასაყვანი პირი, დავის სწორად გადაწყვეტის მიზნით მნიშვნელოვანია იმ გარემოების მხედველობაში მიღება, რომ მასსა და გ------ მ-------------ს შორის მრავალწლიანი თანაცხოვრების საფუძველზე ჩამოყალიბებულია მამა-შვილური ურთიერთობა. აპელანტის განმარტებით მასსა და გ------ მ-------------ს შორის ისეთივე ურთიერთობაა ჩამოყალიბებული, როგორც ნამდვილ მამა-შვილს შორის, ისინი ზრუნავენ ერთმანეთზე, ამასთან, სურს, რომ მთელი მისი ქონება გადასცეს გ------ მ-------------ს როგორც მის შთამომავალს. აპელანტის განმარტებით მას ბიოლოგიური შვილი არ ჰყავს და გ------ მ-------------ის შვილად აყვანით სურვილი აქვს გაგრძელდეს მისი შთამომავლობა.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

იმავე კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.

 

ამავე კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ სასამართლოში განცხადების შეტანამდე კ--------------- დ----------სს და გ------ მ-------------ს შორის ჩამოყალიბებეული იყო მშობლისა და შვილს ფაქტობრივი ურთიერთობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1239-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად სრულწლოვანი პირის შვილება შესაძლებელია, თუ მშვილებელსა და შვილად ასაყვანს შორის უკვე არსებობდა მშობლისა და შვილის ფაქტობრივი ურთიერთობა, იგი არ ეწინააღმდეგება მშვილებლის ან შვილად ასაყვანის ინტერესებს და შვილება ზნეობრივად გამართლებულია.

 

- გ------ მ-------------ის მამა არის ჯ----- მ-------------ი, ხოლო დედა - დ-------- მ-------------ი. ჯ----- მ-------------ი გარდაიცვალა 2----–-–------------–-. (ტ.1.ს.ფ. 22;25)

 

- 28.03.2017 წელს ბოლნისის რაიონულ სასამართლოს განცხადებით მიმართა საბერძნეთის რესპუბლიკის მოქალაქე კ--------------- დ----------სმა საქართველოს მოქალაქის - გ------ მ-------------ის შვილად აყვანის შესახებ. (ტ.1.ს.ფ. 2-4; 20-21;23)

 

- გ------ მ-------------ი დაიბადა 1-----–-–-------------, შესაბამისად, ამჟამად იგი სრულწლოვანია. (ტ.1. ს.ფ. 23).

 

- გ------ მ-------------ი დაახლოებით ხუთი წლის განმავლობაში ცხოვრობდა საბერძნეთის რესპუბლიკაში კ--------------- დ----------სის სახლში.

 

- კ--------------- დ----------სს არ ჰყავს ბიოლოგიური შვილი.

 

- 04.10.2018 წესლ საბერძნეთის რესპუბლიკის მაგისტრატი სასამართლოს მემკვიდრეობის განყოფილების მაგისტრატმა მოსამართლემ გამოაქვეყნა კ--------------- დ----------ს ღია ანდერძი ნომრით: 1--------------- რომელიც შედგენილი იქნა თე---–-----ის მცხოვრები ნოტარიუსის მიერ. ანდერძი, წარდგენილი სახით დარეგისტრირდა სრულად ფოტოასლის სახით. 04.10.2018 წლის ღია ანდერძით დგინდება, რომ მოანდარძემ მის მემკვიდრედ დაასახელა და განსაზღვრა საქართველოს მოქალაქე - მ-------------ი გ------ი, მამის სახელი და გვარი: ჯ----- მ-------------ი, დაბადებული 2-------- წელს საქართველოში, ბოლნისში, პირადი ნომერი:1----------, მფლობელი საქართველოს პასპორტის ნომრით P---------------,გაცემული 3-11-2017 წელს, მოანდარძემ გამოთქვა სურვილი ანდერძში მითითებული პირის შვილად აყვანის შესახებ და განმარტა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით დაწყებული აქვს შესაბამისი პროცედურები საქართველოს სასამართლოში. ანდერძით ირკვევა, რომ მოანდარძემ ანდერძში დასახელებული პირს უანდერძა გარდაცვალების მომენტში მის საკუთრებაში არსებული მთელი უძრავ-მოძრავი ქონება. (ტ.2.ს.ფ.

 

- კ--------------- დ----------სი გარდაიცვალა 3--------- წელს

 

- კ--------------- დ----------სი არ ყოფილა ნასამართლევი ან/და ფსიქიატრიული ავადმყოფი. (ტ1. ს.ფ. 41-45).

 

4.1.1. სამოქალაქო კოდექსის 1239-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით სრულწლოვანი პირის შვილება შესაძლებელია, თუ მშვილებელსა და შვილად ასაყვანს შორის უკვე არსებობდა მშობლისა და შვილის ფაქტობრივი ურთიერთობა, იგი არ ეწინააღმდეგება მშვილებლის ან შვილად ასაყვანის ინტერესებს და შვილება ზნეობრივად გამართლებულია.

 

პალატა მიუთითებს, რომ როგორც ასეთი „შვილად აყვანა იურიდიული ფაქტია, რომელიც შვილად ამყვანსა და ნაშვილებს შორის წარმოშობს ისეთ სამართლებრივ ურთიერთობას, რაც ღვიძლ მშობლებსა და შვილებს შორის არსებობს. როგორც ვხედავთ კანონი იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ შვილება მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასაშვები, თუ მოსალოდნელია, რომ მშვილებელსა და ნაშვილებს შორის წარმოიშობა სწორედ ისეთი ურთიერთობა, როგორიც არის მშობლებსა და მათ შვილებს შორის. ნიშანდობლივია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი უშვებს არამარტო არასრულწლოვანის, არამედ სრულწლოვანი პირის შვილად აყვანასაც. ასეთი შემთხვევები გამონაკლისის სახით გვხვდება და მას მხოლოდ მაშინ შეიძლება ჰქონდეს ადგილი, როცა მშვილებელსა და შვილად ასაყვანს შორის უკვე არსებობდა მშობლისა და შვილის ფაქტობრივი ურთიერთობა, იგი არ ეწინააღმდეგება მშვილებლის ან შვილად ასაყვანი პირის ინტერესებს და შვილება ზნეობრივად გამართლებულია (როცა მათ შორის მომავალაში ისეთივე ურთიერთობა იქნება, როგორიც არსებობს მშობლებსა და სრულწლოვან შვილებს შორის.) სრულწლოვან პირთა შვილად აყვანის შესაძლებლობა მშვილებელსა და ნაშვილებს შორის ადრე არსებულ ფაქტობრივ საოჯახო ურთიერთობათა დაკანონებას წარმოადგენს.

 

4.1.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1240-ე მუხლის თანახმად აღმზრდელის გარდაცვალებისას შვილად აყვანის ფაქტი შეიძლება სასამართლოს წესით დადასტურდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არასრულწლოვანი ოჯახში შვილად იყო მიღებული, აგრეთვე, თუ მშვილებელმა სიცოცხლეშივე შეიტანა განცხადება სასამართლოში შვილად აყვანის შესახებ.

 

დასახელებული ნორმის თანახმად შვილად აყვანის ფაქტი სასამართლომ შეიძლება დაადასტუროს იმ შემთხვევაში როდესაც საოჯახო ურთიერთობა ფაქტობრივად არსებობდა შვილად აყვანის მსურველსა და შვილად ასაყვანს შორის და ასეთი ურთიერთობა ორივე მხარის ინტერესებს შეესაბამებოდა. ფაქტობრივი ურთიერთობა კი არ იყო გაფორმებული კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ამ ფაქტის დადასტურების აუცილებლობას კი იწვევს შვილად აყვანის მსურველის გარდაცვალება. ამასთან კანონი ზუსტად განსაზღვრას იმ გარემოებებს, რომლებიც საფუძვლად უნდა დაედოს შვილად აყვანის ფაქტის დადასტრებას. შვილად ასაყვანს და შვილად აყვანის მსურველს შორის მშობელსა და შვილს შორის არსებული ურთიერთობა და მშვილებლის მიერ შვილად აყვანის შესახებ განცხადების სიცოცხლეშივე შეტანა. პალატა შენიშნავს, რომ მართალია დასახელებული ნორმა პირის შვილად აყვანის მსურველის გარდაცვალების შემთხვევაში შვილად აყვანის ფაქტის დადასტურებას შვილად აყვანის შესახებ განცხადების სიცოცხლეში შეტანის და არასრულწლოვანის ოჯახში შვილად მიღების ფაქტს უკავშირებს, თუმცა პალატა მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც აღნიშნული გარემოებები სახეზეა სრულწლოვანი პირის შვილად აყვანის მოთხოვნის შემთხვევაში მისი სრულწლოვანება არ შეიძლება გახდეს განცხადების განხილვის, შვილად აყვანის დადასტურების დაბრკოლების საფუძველი.

 

4.1.3. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ კ--------------- დ----------სის მიერ გ------ მ-------------ის შვილად აყვანის მოთხოვნა მიმართულია ამ უკანასკნელის შვილად აყვანისკენ. როგორც უკვე აღინიშნა როგორც მშვილებელი, ასევე შვილად ასაყვანი პირი სრულწლოვან პირებს წარმოადგენენ. განმცხადებელი მიუთითებს, რომ სასამართლოში შვილად აყვანის შესახებ განცხადების წარმოდგენამდე მასსა და შვილად ასაყვან გ------ მ-------------ს შორის რამდენიმე წლის მანძილზე არსებული ურთიერთობის შედეგად მშობლისა და შვილის ფაქტობრივი ურთიერთობა ჩამოყალიბდა, კერძოდ, ისინი დაახლოებით ხუთის წლის განმავლობაში ცხოვრობდენ ერთად საბერძნეთის რესპუბლიკაში მის საკუთრებაში არსებულ სახლში, ზრუნავდენ ერთმანეთზე, გ------ მ-------------ი უვლიდა მას და სრული პასუხისმგებლობით უმკლავდებოდა მისი ჯანმრთელობის პრობლმებს, როგორც პირადად, ასევე ახლობელი ადამიანების მეშვეობით. აღსანიშნავია, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის მიმდინარეობისას განმცხადებელის კ--------------- დ----------სის წარმომადგენელმა წარმოადგინა 04.10.2018 წელს კ--------------- დ----------სის მიერ გ------ მ-------------ის სახელზე შედგენილი ღია ანდერძი, საიდააც ირკვევა, რომ განმცხადებელმა კ--------------- დ----------სმა მთელი თავისი უძრავ-მოძრავი ქონება საქართველოს მოქალაქე გ------ მ-------------ს უანდერძა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად სააპელაციო პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ კ--------------- დ----------სის გარდაცვალებამდე მასსა და შვილად ასაყვან გ------ მ-------------ს შორის არსებობდა მშობლისა და შვილის ფაქტობრივი ურთიერთობა, რაც მათ შორის რამდენიმე წლიანი თანაცხოვრების შედეგად ჩამოყალიბდა, აღნიშნულზე მეტყველებს ასევე განმცხადებლის მიერ გ------ მ-------------ის სახელზე შედგენილი ღია ანდერძი, რომელიც შვილად აყვანის მსურველმა გარდაცვალებამდე შეადგინა. საბოლოოდ, პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში შვილად აყვანა არ ეწინააღმდეგება მშვილებლის ან/და შვილად ასაყვანი პირის ინტერესებს და შვილება ზნეობრივად გამართლებულია.

 

სამოქალაქო კოდექსის 1242-ე მუხლის თანახმად შვილად აყვანის შესახებ გადაწყვეტილებას მშვილებლის განცხადებით იღებს სასამართლო მშვილებლის ან შვილად ასაყვანის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნის შემდეგ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1250-ე მუხლის თანახმად მშვილებელი უფროსი უნდა იყოს შვილად ასაყვანზე თექვსმეტი წლით მაინც. პატივსადები მიზეზების არსებობისას სასამართლოს შეუძლია შეამციროს ასაკობრივი სხვაობა.

 

დადგენილია, რომ კ--------------- დ----------ს დაბადებულია 2--------- წელს, გ------ მ-------------ის თარიღია 2--------- წელი. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში დაცულია სამოქალაქო კოდექსის 1250-ე მუხლით გათვალისწინებული წესი. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი დასაბუთებულია და სახეზეა გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის შედეგად შვილად აყვანის შესახებ განცახდების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება განცახდების დაკმაყოფილების შესახებ.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. კ--------------- დ----------სის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

 

2. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

 

3. კ--------------- დ----------სის განცხადება დაკმაყოფილდეს;

 

4. დადასტურდეს კ--------------- დ----------სის ნება 1----–-–------------ დაბადებული გ------ მ-------------ის (პ/ნ 1----------) შვილებაზე;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

თავმჯდომარე ირაკლი ბონდარენკო

 

მოსამართლეები: მაია სულხანიშვილი

 

ნატალია ნაზღაიძე