განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210015002502526
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/3730-18 04 დეკემბერი, 2018 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე – თამარ ალანია
სხდომის მდივანი - ოთარ ჯუგაშვილი
I აპელანტი - ლ----- ჟ-–--–-–---–ი
წარმომადგენელი - ლ---–- ბ-----–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „თ---–---------------------------------“
წარმომადგენელი - ნ------–-------–ი
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება
II აპელანტი - შპს „თ---–---------------------------------“
წარმომადგენელი - ნ------–-------–ი
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება
დავის საგანი - მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ლ----- ჟ-–--–-–---–მა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე შპს „თ---–-------------------------------იის“ მიმართ სარჩელი აღძრა და ავარიის შედეგად მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ასევე, სასამართლო და სასამართლოს გარეშე ხარჯების, სულ 25 345,04 ლარის ანაზღაურება მოითხოვა.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხე შპს „თ---–---------------------------------ს“ მატერიალური ზიანის სახით 8210,3 ლარის, ხოლო, მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 5 000,00 ლარის გადახდის ვალდებულება დაეკისრა.
4. აღნიშნული გადაწყვეტილება შპს „თ---–---------------------------------მ“ და ლ----- ჟ-–--–-–---–მა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს და მისი ნაწილობრივ გაუქმება მოითხოვეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
5. 2014 წლის 18 ნოემბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განაჩენით (საქმეზე №1--------) ზ----------------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
ამავე განაჩენით დადგენილია, რომ 2013 წლის 11 ივლისს, დაახლოებით 16:15 საათზე, ზ----------------–--ემ თავისი მართვის ქვეშ მყოფი ავტობუსით, თბილისში, რ----------ზე, ხ----------ის ქუჩის მხრიდან ს------------------–--ის მიმართულებით მოძრაობისას ვერ უზრუნველყო ავტობუსის უსაფრთხო მართვა, ს------------------–--ისკენ მიმავალ გზაზე შეხვევის მიზნით საპირისპირო გზის სავალი ნაწილის გადაკვეთისას დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები, რა დროსაც, მას ლ----- ჟ-–--–-–---–ის მართვის ქვეშ მყოფი მოტოციკლი შეეჯახა. აღნიშნული საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ლ----- ჟ-–--–-–---–მა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო. განაჩენი კანონიერ ძალაშია შესული (ტომი I, ს.ფ. 17-19).
6. 2014 წლის 05 მაისის დადგენილებით, ლ----- ჟ-–--–-–---–ი 2013 წლის 11 ივლისს, მომხდარი ავტოავარიის (ავტობუსი „ბ-------ი“ სახელმწიფო ნომრით T------, რომელსაც მარტავდა ზ----------------–--ე, მოტოციკლი „მ--------–ი“ სახელმწიფო ნომრით A------) შედეგად ლ----- ჟ-–--–-–---–ისათვის მიყენებული ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების გამო, დაზარალებულად იქნა ცნობილი (ტომი I, ს.ფ. 14-15).
7. ავტო შემთხვევის დროს ზ----------------–--ის მართვის ქვეშ მყოფი ავტობუსი (მარკა, მოდელი „ბ-------ი“ A------, ფერი - ყვითელი 5/8, გამოშვების წელი - 2007, სანომრე ნიშანი - T-----, საიდენტიფიკაციო ნომერი: Y----------------, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა - A-------- გაცემული 09/07/2009წ) შპს „თ---–-------------------------------იის“ სახელზეა რეგისტრირებული (ტომი I, ს.ფ. 41).
8. შპს „მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიები, საუნივერსიტეტო კლინიკის“ სტაციონარული პაციენტის №2------ სამედიცინო ბარათის მიხედვით, მოქ. ლ----- ჟ-–--–-–---–ი აღნიშნულ კლინიკაში 11.07.2013წ. მოთავსდა, სადაც დაუდგინდა დიაგნოზი: მარცხენა ბარძაყის ძვლის დიაფიზის მოტეხილობა შუა მესამედში, მარჯვენა სხივის ძვლის მოტეხილობა, ქვედა ყბის მოტეხილობა მარცხნივ ნიკაპის არეში. სამედიცინო დოკუმენტაციაში აღწერილია მრავლობით ექსკორიაციები სახისა და შუბლის არეში, ჭრილობები ნიკაპის, ცხვირის, მარცხენა ყვრიმალისა და შუბლის არეებში. ჭრილობების მომყენებელი საგნის განსაზღვრა წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციაში ჭრილობების მორფოლოგიური სურათის არასრული აღწერილობის გამო შეუძლებელია. დანარჩენი დაზიანებანი რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებითაა განვითარებული.
ექსპერტიზაზე წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაცია შესწავლილ იქნა შპს გადაუდებელი ნ-------–---იური კლინიკა „ნ-------–---ის“ დირექტორის, ნ. კ------ის მიერ, რომლის დასკვნითაც: „სამედიცინო დოკუმენტაციაში მითითებული ქალა-ტვინის ტრავმა, თავის ტვინის შერყევა, დამოუკიდებლად არ გამოიწვევდა ავადმყოფის მდგომარეობის იმდაგვარ სიმძიმეს, რომელიც საჭიროებდა სარეანიმაციო ღონისძიებებს. სავარაუდოდ, მისი მდგომარეობის სიმძიმე განპირობებული იყო მრავლობითი დაზიანების (პოლიტრავმა) ერთობლივი ზემოქმედებით“
ექსპერტიზაზე წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაცია ასევე შესწავლილ იქნა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ე----------------------–-------–--ის დარგში, ლ. უ----–--ას მიერ, რომლის დასკვნითაც, ავადმყოფის მდგომარეობის გაუარესება განპირობებული იყო სუნთქვის მწვავე უკმარისობით, რომელიც რეტროსპექტიული ანალიზის მიხედვით განვითარდა, დიდი ალბათობით, ცხიმოვანი ემბოლიის გამო, ცხიმოვანი ემბოლიის დროს ვითარდება არტერიოლების ემბოლიზაცია და კტ. ანგიოგრაფიით მისი გამოვლენა შეუძლებელია. აღნიშნული გართულება პირდაპირ კავშირშია 2013 წლის 11 ივლისს მიღებულ ტრავმასთან. გამომდინარე ყოველივე ზემოაღნიშნულიდან, ზემოთ აღწერილი დაზიანებანი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს.
ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, თავის ტვინის და სახის ძვლების კტ. კვლევა - მარცხენა ნახევარში ნიკაპის პროექციაზე, II-III კბილთაშორის დონეზე ისახება ქვედა ყბის მოტეხილობა, მოტეხილი ძვლოვანი ბოლოები რამდენადმე შეცილებულია ერთმანეთს (ტომი I, ს.ფ. 28-33).
9. სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ შპს „თ---–---------------------------------ს“, ლ----- ჟ-–--–-–---–ის მიმართ, მიყენებული მატერიალური ზიანის 8210,3 ლარის ოდენობით გადახდის ვალდებულება მართებულად დაეკისრა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992–ე მუხლის მიხედვით, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობიდან გამომდინარე პასუხისმგებლობის დაკისრების ერთ-ერთ საფუძველს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს, რომლისაგან ნაწარმოები პასუხისმგებლობის გენერალური დათქმაც მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლში. საქართველოს საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, დელიქტურ სამართალში მოთხოვნის ყველაზე მნიშვნელოვანი საფუძველი სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლია, რომლის მიხედვითაც, სამართლებრივი შედეგი (ზიანის ანაზღაურების ვალდებულება) ქმედების აბსტრაქტული შემადგენლობიდან (სხვა პირის მიმართ განხორციელებული ქმედება) გამომდინარეობს (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე ას-664-635-2016)
ნორმის თანახმად, პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია შემდეგი ელემენტების კუმულატიური ერთობა: პირის ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) ქმედება, ზიანი, მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის. შესაბამისად, აღნიშნული სამართლებრივი ნორმის გამოყენებისას სასამართლოს კვლევის საგანს ნორმის შემადგენელი თითოეული ელემენტის დადგენა წარმოადგენს. განსახილველ შემთხვევაში, უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ 2013 წლის 11 ივლისს, დაახლოებით 16:15 საათზე, ზ----------------–--ე, რომელიც ავტობუსს მართავდა, ლ----- ჟ-–--–-–---–ს შეეჯახა. კანონიერ ძალაში შესული განაჩენით ავტოსატრანსპორტო შემთხვევის დადგომაში ბრალეულ პირად ზ----------------–--ე იქნა ცნობილი. ცალსახაა, რომ არა მძღოლის გაუფრთხილებელი ქმედება არ მოხდებოდა ავარია და შესაბამისად, არც ლ----- ჟ-–--–-–---–ის ჯანმრთელობას მიადგებოდა ზიანი, ამიტომ სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს გარემოებას მასზედ, რომ სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ზემოთჩამოთვლილი წინაპირობები (ბრალეულობის გარდა) განხორციელებულად უნდა იქნეს მიჩნეული. განსახილველი დავის კატეგორიის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო საჭიროდ არ მიიჩნევს დამფუძნებელი ნორმის ერთ-ერთი ელემენტის - პირის ბრალეულობის დადგენას (იხ. განჩინების მე-10 პუნქტი).
10. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად გამოწვეული ზიანის ანაზღაურება დელიქტური ვალდებულების კერძო შემთხვევაა და მიუხედავად ბრალისა, მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელს აკისრებს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას, კერძოდ: სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ან/და ნივთის დაზიანება, ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი. მოხმობილი ნორმა ადგენს სატრანსპორტო საშუალების მფლობელის ვალდებულებას, ნორმაში ჩამოთვლილ სიკეთეთა ხელყოფის შემთხვევაში, აგოს პასუხი. თავის მხრივ, ნორმის სუბიექტები არიან ვალდებული და დაზარალებული პირები. ვალდებულ პირად კანონი განიხილავს ნივთის მფლობელს, ანუ პირს, რომელსაც ამ ქონებაზე საკუთრება მართლზომიერად აქვს მოპოვებული, განსახილველ შემთხვევაში ზ----------------–--ე, სწორედ ვალდებულ პირს წარმოადგენს, რადგან საქმის მასალებით უდავოდ დასტურდება, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს იგი იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების (ავტობუსის) მფლობელი იყო, რომლითაც მოსარჩელეს ზიანი მიადგა.
უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად, სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლით გათვალისწინებულ გამონაკლისს საფუძვლად უდევს ის გარემოება, რომ სატრანსპორტო საშუალება პოტენციური საფრთხის წყაროა და მისი მოხმარება განაპირობებს შედარებით მაღალი ხარისხით საზიანო შედეგების მიღების შესაძლებლობას, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი საქმიანობისას. ავტოსატრანსპორტო საშუალების ამგვარი თვისების გამო იგი მომეტებული საფრთხის წყაროდაა მიჩნეული და, მიუხედავად იმისა, რომ მისი მოხმარება სამართლებრივად ნებადართულია, პასუხისმგებლობა მომეტებული საფრთხის წყაროდან მომდინარე ზიანისათვის, ჩვეულებრივ, სამოქალაქოსამართლებრივ პასუხისმგებლობასთან შედარებით უფრო მკაცრია - ზიანის ანაზღაურების ვალდებულება მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელს ბრალის მიუხედავად ეკისრება. აღნიშნული გამოწვეულია იმ მატერიალური ობიექტების ფლობითა და სარგებლობით (ექსპლუატაციით ან ნებისმიერი ფორმით მისი გამოყენებით), რომელსაც განსაკუთრებული ხარისხობრივი თვისება აქვთ და ადამიანის მხრიდან მასზე სრული კონტროლის დამყარება შეუძლებელია, შედეგად, ბრალის მიუხედავად, დგება მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელის პასუხისმგებლობის საკითხი, თუ ზიანი მოჰყვა მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე ?ას-494-463-2010).
გარდა ზემოაღნიშნულისა, სააპელაციო სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის მე-4 ნაწილს, რომლის თანახმად, თუ პირი სატრანსპორტო საშუალებას იყენებს მფლობელის ნებართვის გარეშე, იგი ვალდებულია მფლობელის ნაცვლად აანაზღაუროს ზიანი. ამასთან, მფლობელი ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი, თუ სატრანსპორტო საშუალების გამოყენება შესაძლებელი გახდა მისი ბრალის გამო. ამ ნაწილის პირველი წინადადება არ გამოიყენება, თუ მოსარგებლე მფლობელის მიერ დანიშნულია სატრანსპორტო საშუალების სამართავად, ან თუ ეს სატრანსპორტო საშუალება მას გადაცემული ჰქონდა მფლობელისაგან. ამავე კოდექსის, 997-ე მუხლის თანახმად, კი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანის ანაზღაურება მის დამქირავებელს ეკისრება. უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, ზ----------------–--ე შპს „თ---–-------------------------------იის“ მიერ დაქირავებული მძღოლი იყო. შესაბამისად, ზ----------------–--ის მიმართ კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, სატრანსპორტო კომპანიის პასუხისმგებლობაზე გავლენას ახდენს, რაც სამოქალაქო კოდექსის 992-ე, 997-ე და 999-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად მისთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძველი შეიძლება გახდეს.
11. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტურის განაწილების სტანდარტი არსებობს. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს. ამგვარი სტანდარტი მტკიცების ტვირთს დელიქტურ სამართალში შემდეგნაირად ანაწილებს:
1. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს ზიანის ფაქტი და მისი ოდენობა;
2. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს მოპასუხის ქმედებით გამოწვეული ზიანის ფაქტი, ანუ მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის;
3. მოპასუხემ უნდა ამტკიცოს ქმედების მართლზომიერება;
4. ან მოპასუხემ უნდა ამტკიცოს მისი ბრალეულობის გამომრიცხველი გარემოებების არსებობის ფაქტი (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 18 ოქტომბრის განჩინება საქმეზე №ას-1127-1047-2017 და №ას-189-189-2018).
ამდენად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არა მარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს ამყარებს. ამ გარემოებათა დამტკიცება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით შეიძლება. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მხარეებს მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთი თანაბრად ეკისრებათ.
განსახილველ შემთხვევაში, პირველი აპელანტი ლ----- ჟ-–--–-–---–ი არ დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას იმ ნაწილში, რომლითაც მის მიერ ლ-----------------–---–ისგან აღებული სესხის 5,000 აშშ დოლარის ოდენობით ანაზღაურებაზე უარი ეთქვა. სააპელაციო სასამართლო უპირველესად მიუთითებს, რომ სესხის ხელშეკრულება რეალურ ხელშეკრულებათა რიგს მიეკუთვნება, იგი დადებულად ითვლება მსესხებელის საკუთრებაში ფულის ან სხვა გვაროვნული ნივთის გადაცემის და არა მხოლოდ ხელშეკრულების გაფორმების მომენტიდან. გარდა იმისა, რომ მხარეს სესხის ხელშეკრულების დედანი არ წარმოუდგენია, საქმის მასალებში ასევე, არ არსებობს მოსარჩელისთვის სესხის სახით აღნიშნული თანხის გადაცემის დამადასტურებელი მტკიცებულება, რაც სესხის ხელშეკრულების დადების ფაქტს ეჭვქვეშ აყენებს, შესაბამისად, ასევე შეუძლებელია „აღებულ“ სესხსა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზშედეგობრივი კავშირის დადგენა, რაც აპელანტის მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველია.
12. შპს „თ---–---------------------------------მ“ (მეორე აპელანტმა) თითოეულ დაკმაყოფილებულ სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით, სააპელაციო საჩივარი წარმოადგინა, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს თითოეულ მათგანზე ცალ-ცალკე მსჯელობის განვითარებას:
- ლ----- ჟ-–--–-–---–ისთვის სტომატოლოგიური მომსახურების ღირებულების - 6630,00 ლარის ანაზღაურების ნაწილში აპელანტის ძირითად შედავებას ჩატარებულ პროცედურებსა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზშედგობრივი კავშირის არარსებობა წარმოადგენდა. საქმის მასალებში არსებობს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, რომლითაც დგინდება, რომ მოსარჩელეს ავტოავარიის შედეგად, დიაგნოზის სახით, მარცხენა ბარძაყის ძვლის დიაფიზის მოტეხილობა შუა მესამედში, მარჯვენა სხივის ძვლის მოტეხილობა, ქვედა ყბის მოტეხილობა მარცხნივ ნიკაპის არეში დაუდგინდა. სამედიცინო დოკუმენტაციაში აღწერილია მრავლობითი ექსკორიაციები სახისა და შუბლის არეში, ჭრილობები ნიკაპის, ცხვირის, მარცხენა ყვრიმალისა და შუბლის არეებში. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, თავის ტვინის და სახის ძვლების კტ. კვლევა ჩატარდა, რომლითაც მარცხენა ნახევარში ნიკაპის პროექციაზე, II-III კბილთაშორის დონეზე ქვედა ყბის მოტეხილობა გამოვლინდა, მოტეხილი ძვლოვანი ბოლოები ერთმანეთს შეცილებული იყო. ამასთან, აღნიშნული დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულია, რომ ნარკოზის ქვეშ გაიხსნა ნიკაპზე არსებული ჭრილობა გამოჩნდა მონატეხი ფრაგმენტები, ჩასწორდა სწორ მდგომარეობაში და დაედო ორი ურთიერთპარალელური ფირფიტა და ჭანჭიკები, ჭრილობა გამოირეცხა და გაიკერა კვანძოვანი ნაკერებით შრეების მიხედვით. ჭრილობაში მოთავსდა რეზინის გამომტანი. მოტეხილობის ხაზზე მდგომი ქვედა ყბაზე მარცხნივ მე-3 კბილი ამოღებულ იქნა (ტომი I, ს.ფ. 32).
ასევე, საქმის მასალებში წარმოდგენილია შპს „რ-----–--------ს“ მიერ 2014 წლის 3--------------ს გაცემული ცნობა, რომლის მიხედვით დგინდება, რომ მკურნალობის ღირებულება 6630,00 ლარს შეადგენს. სააპელაციო სასამართლო მტკიცებულებათა ერთობლიობაში შეფასებით დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ავტოავარიის შედეგად მოსარჩელეს ყბა-სახის არეში საკმაოდ სერიოზული დაზიანებები აღენიშნებოდა, მოსარჩელემ კანონით მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის დასაძლევად სამედიცინო დაწესებულების ცნობა წარმოადგინა, მისი უზუსტობის მტკიცების ტვირთი კი, მოპასუხე შპს „თ---–---------------------------------ს“ ეკისრებოდა. სააპელაციო საჩივარსა და სასამართლო ზეპირ სხდომაზე, მეორე აპელანტმა მხოლოდ ზეპირსიტყვიერად განაცხადა, რომ ცნობაში მითითებული დაზიანებები, მათ შორის, კბილის დაბჟენა, დეპულპაცია, ცირკონოკერამიკის გვირგვინების გადაკვრა, არ იყო მიზეზობრივ კავშირში ავარიის შედეგად მიყენებულ ზიანთან. სასამართლოს აზრით, ის გარემოება, რომ ცნობაში მითითებული თითოეული პროცედურა იმ დაზიანების სრულად აღმოსაფხვრელად არ იყო საჭირო რაც მოსარჩელეს ავარიის შედეგად მიადგა, საქმის მასალებით ვერ დასტურდება. დისპოზიციურობის პრინციპის რეალიზაციის ფარგლებში, მეორე აპელანტს უტყუარი მტკიცებულება უნდა წარმოედგინა, რაც სამედიცინო დასკვნაში მითითებული თანხის ოდენობის უზუსტობას დაადასტურებდა, რაც არ განხორციელებულა. შესაბამისად, მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტება, რომელიც პროცესის შედეგით დაინტერესებულ პირს წარმოადგენს, მით უფრო ისეთ პირობებში, როდესაც საქმეში აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება არ არსებობს, ვერ ლახავს მტკიცებულებათა შეფასებისთვის დადგენილ ობიექტურობისა და სანდოობის სტანდარტს, რაც მის გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველს იძლევა.
- ავტოავარიის შედეგად სადაზღვევო კომპანიის მიერ ანაზღაურებულ და პაციენტის მიერ გადახდილ (გადასახდელ) თანხებს შორის სხვაობის 825,51 ლარის დაკისრების ნაწილში მეორე აპელანტმა განაცხადა, რომ საქმის მასალებში არ არსებობს მტკიცებულება, რომლითაც პაციენტის მიერ აღნიშნული თანხის გადახდა დასტურდება. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადაზღვევო კომპანია ჯ--------ს მიერ გაცემული ცნობის თანახმად, ლ----- ჟ-–--–-–---–ზე გაწეული სამედიცინო მომსახურების რეალური ღირებულება 2417,55 ლარს შეადგენდა, საიდანაც სადაზღვევო კომპანიის მიერ 1592,04 ლარი დაიფარა. თვალნათელია, რომ რეალურ ღირებულებასა და სადაზღვევო კომპანიის მიერ დაფარულ თანხებს შორის სხვაობა 825,51 ლარს შეადგეს. ისევე, როგორც ნებისმიერი მომსახურების, ასევე სამედიცინო მომსახურების გაწევისას, გონივრულობის პრინციპიდან გამომდინარე, ივარაუდება, რომ აღნიშნული მომსახურება ფასიანია. ის ფაქტი მოსარჩელემ სხვაობა საკუთარი თანხით გადაიხადა, თუ ჯერ კიდევ არ გადაუხდია უსახსრობის გამო, საქმის შედეგზე გავლენას ვერ მოახდენს. სამართალში არსებული უზოგადესი პრინციპის თანახმად - ზიანი უნდა ანაზღაურდეს. საქმის მასალებში არსებული დოკუმენტაციის ნამდვილობა მეორე აპელანტს სადავოდ არ გაუხდია, ანუ მას გაწეული ხარჯის ოდენობასთან მიმართებით საფუძვლიანი შედავება არ განუხორციელებია, მხოლოდ პაციენტის მიერ 825,51 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის არარსებობა კი ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველს არ იძლევა (ტომი I, ს.ფ. 345-347).
- სამედიცინო პრეპარატისთვის გადახდილი თანხის 317,29 ლარის დაკისრების ნაწილში, მეორე აპელანტმა მიუთითა, რომ იგი შეძენილი იყო ავტოავარიიდან თითქმის ორი წლის შემდეგ, რაც გამორიცხავდა დამდგარ ზიანსა და გაღებულ ხარჯს შორის მიზეზშედეგობრივი კავშირის არსებობას. სასამართლო თავდაპირველად მიუთითებს, რომ მოსარჩელის მიერ რეცეპტში გამოწერილი მედიკამენტისგან განსხვავებული დასახელების საშუალების შეძენის ნაწილში აპელანტს შედავება არ განუხორციელებია. ასევე, საგულისხმოა ის გარემოება, რომ ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტი ე-–-----–-------ი (ტომი I, ს.ფ. 364) წარმოადგენს შეძენილი მედიკამენტის - მ------–------ის (ტომი I, ს.ფ. 367) შემადგენელს, აღნიშნული ფაქტი არც მოპასუხეს გაუხდია სადავოდ (თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 30 ნოემბრის სხდომის ოქმი, სხდომის ოქმი 13:06:00 საათი და შემდგომ). რაც შეეხება მიზეზობრივ კავშირს, საქმის მასალებში არსებობს ნ--------------–ის მიერ 2014 წლის 03 სექტემბერს გაცემული დანიშნულება, სადაც მითითებულია, რომ ლ----- ჟ-–--–-–---–ს ფსიქიკური ზიანი, დეპრესია აღენიშნება. დეპრესიის საწინააღმდეგო მედიკამენტი შეძენილია 2015 წლის 02 მარტს. საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ დეპრესიის მკურნალობა გრძელვადიან სარეაბილიტაციო პროცესებთანაა დაკავშირებული, იმის გათვალისწინებით, რომ საქმის მასალებში არსებობს ექიმის დანიშნულება ა----------------–ი მედიკამენტის მოხმარების შესახებ, პრეპარატის ერთი წლის შემდგომ შეძენა მის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველს არ იძლევა. ამ მიმართებით მეორე აპელანტს უნდა ემტკიცებინა, რომ მედიკამენტის შეძენა მოხდა ექიმის დანიშნულების გარეშე, მისი მიღების საჭიროება არ არსებობდა, ან/და სასამართლოსთვის უნდა წარმოედგინა ისეთი ფაქტი, რაც ავარიის შემდგომ (მედიკამენტის შეძენამდე) მოსარჩელეს მიადგა სხვა ისეთი ძლიერი ფსიქოლოგიური სტრესი, რომელსაც დეპრესიის საწინააღმდეგო მედიკამენტების მიღების აუცილებლობა შეიძლებოდა გამოეწვია. ამგვარი მტკიცების არარსებობის პირობებში, დეპრესიული დაავადებების სპეციფიკიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ გაიზიარებს აპელანტის აპელირებას მასზედ, რომ ერთი წლის შემდგომ შეძენილი ა----------------–ი პრეპარატის ღირებულების ანაზღაურება არ უნდა მომხდარიყო.
- მეორე აპელანტმა სადავოდ გახადა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოსარჩელისთვის მიუღებელი შემოსავლის სახით ერთი თვის ხელფასის ოდენობის დაკისრება. აღნიშნულთან მიმართებით აპელანტი მიუთითებდა, რომ საქმეზე დართული ამონაწერით დასტურდება, რომ აპელანტს 2013 წლის აგვისტოს თვეში ხელფასი ჩაერიცხა, რაც მიუღებელი შემოსავლის დაკისრებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა. სააპელაციო მოთხოვნის მართებულობის შემოწმების მიზნით სასამართლომ დეტალურად გამოიკვლია საქმეზე დართული სს „ლ-------------ის“ ამონაწერი და დაასკვნა, რომ ლ----- ჟ-–--–-–---–ს 2013 წლის აგვისტოს თვეში ხელფასის სახით თანხა არ ჩარიცხვია. ამონაწერში მითითებულია, რომ 2013 წლის 05 აგვისტოს მას ივლისის თვის ხელფასი, ხოლო, 2013 წლის 05 სექტემბერს აგვისტოს თვის ხელფასი დაერიცხა. მიუხედავად იმისა, რომ ამონაწერში 05 სექტემბერს ჩარიცხული თანხა დასახელებულია, როგორც, ხელფასი სასამართლო მიიჩნევს, რომ იგი ს----------–-----------ის მიერ ჩარიცხულ დახმარებას წარმოადგენდა (იგივე ოდენობის სახით ფულადი დახმარების ჩარიცხვა ფიქსირდება ოქტომბრის თვეშიც). აღნიშნული დასკვნა ემყარება ს----------–-----------ის მიერ გაცემულ ცნობას, რომლის თანახმად, მოსარჩელე 2013 წლის 11 ივლისიდან 01 ნოემბრამდე საავადმყოფო ფურცელზე, კუთვნილ შვებულებასა და ანაზღაურების გარეშე შვებულებაში იმყოფებოდა. ცნობაში მითითებული არაა, და არც ივარაუდება, რომ ამ პერიოდის განმავლობაში მოსარჩელე სამსახურებრივ უფლებამოსილებას ახორციელებდა, შესაბამისად, სასამართლო ვერ დაეთანხმება აპელანტის მითითებას მასზედ, რომ აგვისტოს თვეში მოსარჩელეს ხელფასი დაერიცხა.
13. შპს „თ---–-------------------------------იის მიერ“ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ასევე, გასაჩივრდა მორალური ზიანის დაკმაყოფილების ნაწილშიც. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო კანონმდებლობაში არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების საფუძველს მორალური ზიანის არსებობა წარმოადგენს. იგი ნიშნავს ადამიანის ფსიქიკის სფეროში ნეგატიური ცვლილებების საფუძველს მორალური ზიანის არსებობას, რაც გამოიხატება ფიზიკურ და სულიერ ტანჯვაში
(საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 19 მარტის განჩინება საქმეზე Nას-912-874-2014).
სააპელაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ მორალური ტანჯვის ხასიათი უნდა შეფასდეს ზიანის მიყენების ფაქტობრივი გარემოებების, ასევე დაზარალებულის ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით (მაგ. ასაკი, ფიზიკური მდგომარეობა, ჯანმრთელობა და ა. შ.), აგრეთვე იმ სხვა გარემოებათა მხედველობაში მიღებით, რომლებიც ადასტურებს, თუ რა სიმძიმის ტანჯვა გადაიტანა დაზარალებულმა. კომპენსაციის მოცულობა კი უნდა განისაზღვროს ტრავმის, ჯანმრთელობის სხვა დაზიანების სიმძიმის ხარისხიდან და სხვა გარემოებებიდან გამომდინარე, რომლებიც დაზარალებულის მიერ გადატანილ მორალურ ტანჯვას ადასტურებენ. ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება აგრეთვე ზიანის მიმყენებლის ქონებრივი მდგომარეობის, ბრალის ხარისხისა და სხვა კონკრეტულ გარემოებათა გათვალისწინებით, იმ მიზნით, რომ უზრუნველყოფილი იქნას მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რაც დაეხმარება დაზარალებულს სულიერი გაწონასწორების მიღწევაში და სოციალურ ურთიერთობებში ჩართვაში (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე Nას-762-818-2011.)
განსახილველ შემთხვევაში, უდავოდ დადგენილია ის გარემოება, რომ მოსარჩელეს ავარიის შედეგად სიცოცლისთვის საშიში ჯანმრთელობის დაზიანება მიადგა, ჩაუტარდა მრავლობითი ოპერაციები, სამედიცინო ცნობაში მითითებულია, რომ მან განიცადა ფსიქოლოგიური სტრესი და დეპრესია. საქმის მასალების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური შეფასების შედეგად, მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და იმ ფსიქიკური წნეხის გამო რაც მას ავტოავარიის შედეგად მიადგა, სააპელაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მორალური ზიანის დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები არსებობდა.
14. მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე ადგენს. მოსარჩელე უფლებამოსილია, სასარჩელო განცხადებაში მიუთითოს თანხა, რომელსაც ის მიყენებული სულიერი და ფიზიკური ტკივილის კომპენსაციისათვის ითხოვს, მაგრამ ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა და როგორც უკვე აღინიშნა, ანაზღაურების მოცულობა, საბოლოოდ, სასამართლოს შეხედულებით განისაზღვრება. მორალური ზიანის ანაზღაურების უმთავრეს მიზანს ხელყოფილი უფლებების რესტიტუცია არ წარმოადგენს, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ექვივალენტი არ გააჩნია და მისი სრული კომპენსაცია შეუძლებელია. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელისადმი მიყენებული ფიზიკური და მორალური ტანჯვის ხარისხის შეფასებისას, რაც მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრის მიზნებისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონეა, უმნიშვნელოვანესია ის ფაქტი, რომ მოსარჩელის ჯანმრთელობა მნიშვნელოვნად დაზიანდა, ჩაუტარდა ოპერაციები ყბა-სახის და ბარძაყის არეში, აღენიშნებოდა ფსიქოლოგიური პრობლემები და ექიმის მიერ დანიშნული ჰქონდა ა----------------–ი მედიკამენტები. შესაბამისად, სასამართლო ასკვნის, რომ ლ----- ჟ-–--–-–---–ს, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 5,000 ლარი მართებულად მიეკუთვნა.
15. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლი მხარეთა შორის სასამართლო და არასასამართლო ხარჯების გადანაწილების წესს ადგენს. მოცემულ შემთხვევაში პირველი აპელანტი (ლ----- ჟ-–--–-–---–ი) სააპელაციო სასამართლოში იურიდიული მომსახურებისთვის გაწეული ხარჯისა და მინდობილობების გაფორმების საფასურის ანაზღაურებას ითხოვს. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ადვოკატისათვის ასანაზღაურებელი თანხის ოდენობაზე და განმარტავს, რომ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული საქმის მოცულობა, მისი ფაქტობრივ-სამართლებრივი სირთულე, აგრეთვე, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, მათი შემოსავალი და სხვა ისეთი გარემოებები, რომლებიც წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის გონივრული ფარგლების დადგენას განაპირობებს. ნიშანდობლივია, რომ მითითებული გარემოებები გასათვალისწინებელია სასამართლოს მხრიდან საკუთარი დისკრეციის გამოყენების პირობებში, მოგებულ მხარეს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯი 4%-მდე აუნაზღაუროს. 4 %-იანი ლიმიტი იმ ოდენობის მაქსიმუმია, რომელიც მეორე მხარეს შეიძლება დაეკისროს. ამ მაქსიმუმის ფარგლებში სასამართლოს შეუძლია, თავისი შეხედულებით, გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა, რომელიც მეორე მხარეს უნდა დაეკისროს. ასეთი წესი ქმნის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის ხელოვნურად გაზრდის დაბრკოლებას, რაც იცავს იმ მხარის ინტერესებს, რომელსაც ამ ხარჯის ანაზღაურება უნდა დაეკისროს. განსახილველ შემთხვევაში, ადვოკატის მომსახურებისთვის 500 ლარის ანაზღაურებაა მოთხოვილი, დავის მნიშვნელობის, სირთულისა და სპეციფიურობის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იგი სრულად უნდა ანაზღაურდეს. ასევე სრულად უნდა ანაზღაურდეს მხარის მიერ მინდობილობების გაფორმებისთვის გაწეული სასამართლოს გარეშე ხარჯი, სულ 28,80 ლარის ოდენობით.
16. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მტკიცების ტვირთის მართებულად გადანაწილებით მხარეთათვის უზრუნველყოფილი იქნა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის კონსტიტუციურ პრინციპზე (საქართველოს კონსტიტუციის 85-ე მუხლის მესამე ნაწილი) დაყრდნობით საქმის გამოკვლევა და შესწავლა, შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერი და დასაბუთებულია, რაც აპელანტების მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმაც იგულისხმება.
შესაბამისად, აპელანტი შპს „თ---–-------------------------------იის“ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 528 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა დარჩეს. საქმეზე 2018 წლის 06 ივნისს, სს „ს----------–--------ის“ მეშვეობით, №--- საგადასახადო დავალებით, სახელმწიფო ხაზინაში, ბანკის კოდით B------- სახაზინო კოდით 300773150, აპელანტი შპს „თ---–-------------------------------იის“ მიერ, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარი აპელანტ შპს „თ---–-------------------------------იის“ უკან უნდა დაუბრუნდეს. აპელანტი ლ----- ჟ-–--–-–---–ი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე, 390-ე, 55-ე მუხლებით, იხელმძღვანელა და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ლ----- ჟ-–--–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. შპს „თ---–---------------------------------ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
3. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება;
4. შპს „თ---–-------------------------------იის“ მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 528 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;
5. შპს „თ---–---------------------------------ს“ დაუბრუნდეს 2018 წლის 06 ივნისს სს „ს----------–--------ში“ ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარი;
6. შპს „თ---–---------------------------------ს“ ლ----- ჟ-–--–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს იურიდიული მომსახურების ხარჯის 500 ლარის და რწმუნებულების გაფორმებისთვის გადახდილი თანხის 28,80 ლარის გადახდა;
7. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
8. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე თამარ ალანია