განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.01.2019
საქმის ნომერი
330210018002250474
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
11.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210018002250474

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №2ბ/4426-18 22 ნოემბერი, 2018 წელი სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე – თამარ ალანია

მოსამართლეები – ბესარიონ ტაბაღუა, თამარ ზამბახიძე

 

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

 

აპელანტი - სს „ს----------–--------ი“

 

წარმომადგენელი - ი-----–------–--ა

 

მოწინააღმდეგე მხარე - ლ---------–--ე, თ-----------------–ი

 

წარმომადგენელი - ლ--–------–--ე

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

 

დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სს „ს----------–--------მა“ ლ---------–--ესა და თ-----------------–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა. მოპასუხეებისთვის სს „ს----------–--------ის“ სასარგებლოდ 33032.47 ლარის გადახდა და გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ლ---------–--ის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული 40.39 კვ.მ. ფართის, თანასაკუთრებაში არსებულ შესაბამის მიწის ნაკვეთთან ერთად, მდებარე: ქალაქი თბილისი, ქუჩა ყ------–ი N-- (ყ------–-----------–------------–--ა, ქ/ს 3), მოპასუხე თ-----------------–ის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული 30 კვ.მ. ფართის, თანასაკუთრებაში არსებულ შესაბამის წილ მიწის ნაკვეთთან ერთად, მდებარე: ქალაქი თბილისი, ა--------------------- სარეალიზაციოდ მიექცევა მოითხოვა.

 

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

 

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

 

4. აღნიშნული გადაწყვეტილება „ს----------–--------მა“ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

5. 2011 წლის 08 ივლისს სს „ს----------–--------სა“ და ლ---------–--ეს შორის საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულება N5----- დაიდო, რომლის საფუძველზეც განისაზღვრა ერთიანი საკრედიტო ლიმიტის მოცულობა და ვალუტა: 150 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში, ამოქმედების თარიღი: 08.07.2011 წელი, ხაზის მოქმედების ვადა - 10 წელი, საკრედიტო ხაზის დახურვის თარიღი - 08.07.2021 წელი.

 

ხელშეკრულების 2.4. პუნქტის მიხედვით განისაზღვრა უზრუნველყოფის ღონისძიება, კერძოდ, მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებები უზრუნველყოფილი იყო სს „ს----------–--------სა“ და ლ---------–--ეს შორის გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულებით N5------ა და სს „ს----------–--------სა“ და თ--–----------–-----ეს შორის გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულებით N5------ბ (ს.ფ. 16-20, 29-32, 33-36, 37-40).

 

6. 2011 წლის 08 ივლისს სს „ს----------–--------სა“ და ლ---------–--ეს შორის იპოთეკის ხელშეკრულება დაიდო, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა ლ---------–--ის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული 40.39 კვ.მ. ფართი, თანასაკუთრებაში არსებულ შესაბამის მიწის ნაკვეთთან ერთად, მდებარე: ქალაქი თბილისი, ქუჩა ყ------–ი N-- (ყ------–-----------–------------–--ა, ქ/ს 3). იპოთეკის ხელშეკრულება დაიდო 10 წლის ვადით (ს.ფ. 29-32).

 

7. 2011 წლის 08 ივლისს სს „ს----------–--------სა“ და თ--–----------–-----ეს შორის იპოთეკის ხელშეკრულება დაიდო, რომლის საფუძველზეც, იპოთეკით დაიტვირთა თ--–----------–-----ის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული 30 კვ.მ. ფართი, თანასაკუთრებაში არსებულ შესაბამის წილ მიწის ნაკვეთთან ერთად, მდებარე: ქალაქი თბილისი, ა---------ის ქუჩა #--. იპოთეკის ხელშეკრულება დაიდო 10 წლის ვადით (ს.ფ. 33-36).

 

8. 2012 წლის 04 მაისს სს „ს----------–--------სა“ და ლ---------–--ეს შორის საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება დაიდო, რომლის საფუძველზეც ბანკმა ლ---------–--ეზე გასცა კრედიტის თანხა 39 000 ლარი, 36 თვის ვადით, წლიური საპროცენტო სარგებლის 17%-ს დარიცხვით, საკომისიო 0.5%, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 0.5%, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 0.5% ჩამორჩენილი თანხის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მსესხებელს საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულება უნდა შეესრულებინა ეტაპობრივად, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. აღნიშნული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება უზრუნველყოფილი იყო საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების 2.4. პუნქტში მითითებული ხელშეკრულებებითა და 2012 წლის 04 მაისს თ-----------------–თან გაფორმებული სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებით(ს.ფ.16-20,29-32,33-36,23,24,25-28).

 

9. 2012 წლის 04 მაისს სს „ს----------–--------სა“ და თ-----------------–ს შორის სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება დაიდო, რომლის საფუძველზეც თავდებმა იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ N5----- ხელშეკრულების შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულებიდან N5------1------ გამომდინარე ლ---------–--ის ფულადი ვალდებულების მიმართ. თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხად მიეთითა 78 000 ლარი ან ეკვივალენტი სხვა ვალუტაში, ბანკში დადგენილი კომერციული კურსით (ს.ფ. 24, 25-28).

 

10. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 26 ოქტომბრის განჩინების მიხედვით, 2013 წლის 08 ოქტომბერს სასამართლოს სარჩელით მომართა სს „ს----------–--------მა“ მოპასუხეების ი.მ. ლ---------–--ის, თ-----------------–ისა და თ--–----------–-----ის მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით. სასამართლოს 2014 წლის 21 იანვრის განჩინებით მოპასუხე თ--–----------–-----ის გარდაცვალების გამო, მისი უფლებამონაცვლის დადგენამდე - ექვსი თვის ვადით, შეჩერდა საქმის წარმოება. იმის გათვალისწინებით, რომ 2014 წლის 22 ივლისის შემდეგ ანუ დადგენილი 6 თვიანი ვადის გასვლის შემდეგ, სს „ს----------–--------ის“ წარმომადგენელს თ--–----------–-----ის უფლებამონაცვლის საქმეში ჩართვის მოთხოვნით სასამართლოსთვის არ მოუმართავს, შესაბამისად, განუხილველად იქნა დატოვებული აღნიშნული სამოქალაქო საქმე, რომელიც ამჟამად კანონიერ ძალაშია შესული (ს.ფ. 90-93).

 

11. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ სს „ს----------–--------ის“ სასარჩელო მოთხოვნა სრულად ხანდაზმულია.

 

პალატა განმარტავს, რომ ხანდაზმულობის ვადაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა ისაა, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იგი იძულებით ვერ განხორციელდება, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე (სამოქალაქო კოდექსის 144.1-ე მუხლი). სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა რეგულირებული, მისი წარმოშობა დაკავშირებულია მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო უფლების დარღვევის თაობაზე.

 

განსახილველ შემთხვევაში მსესხებელს ბანკისათვის კრედიტის დაბრუნება არა ერთდროულად, არამედ ნაწილ-ნაწილ, წინასწარ შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით ევალებოდა (ს.ფ. 23). ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისათვის, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. კანონის მითითებული დანაწესი ითვალისწინებს ერთგვარ სპეციფიკას იმ ვალდებულებათა მიმართ ხანდაზმულობის ვადის ათვლასთან დაკავშირებით, რომლებიც გარკვეული პერიოდულობით სრულდება, რაც ნიშნავს, რომ ხსენებული ვადა აითვლება ყოველი პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებისათვის დამოუკიდებლად. უდავოა, რომ საკრედიტო ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელს კრედიტის თანხა და მასზე დარიცხული სარგებელი გარკვეული პერიოდულობით უნდა გადაეხადა, კერძოდ, თვეში ერთხელ 36 თვის განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო პალატა იცნობს და სრულად ეთანხმება პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებების მიმართ ხანდაზმულობის ვადის ათვლის სპეციალურ წესს მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქმის სპეციფიურობის გათვალისწინებით, აღნიშნული პრაქტიკა არ უნდა იქნეს გამოყენებული (საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საქმეებზე Nას-934-899-2016, Nას-1432-1351-2012, Nას-902-2018 და სხვა მრავალი).

 

12. განსახილველ საქმეზე უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს ის, რომ 2013 წლის 08 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა სს „ს----------–--------მა“ მოპასუხეების ი.მ ლ---------–--ის, თ-----------------–ის და თ--–----------–-----ის მიმართ თანხის გადახდის დაკისრების თაობაზე. სასამართლოს მიერ სს „ს----------–--------ის“ სარჩელი მიღებული იქნა განსახილველად. სასამართლოს 2014 წლის 21 იანვრის განჩინებით თ--–----------–-----ის გარდაცვალების გამო, მისი უფლებამონაცვლის დადგენამდე - ექვსი თვის ვადით, საქმის წარმოება შეჩერდა. სასამართლოს 2014 წლის 21 იანვრის სასამართლო სხდომას, როგორც მოსარჩელის წარმომადგენელი ი-----–------–--ა, ისე მოპასუხეების წარმომადგენელი ც-–- ც-–---ე ესწრებოდნენ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, იმ გარემოებაზე მითითებით, რომელიც აუცილებლად უნდა დადგეს, ან დროის მონაკვეთით. უკანასკნელ შემთხვევაში მოქმედება შეიძლება შესრულდეს დროის მთელი მონაკვეთის განმავლობაში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამდენად, მოცემულ საქმეზე, საქალაქო სასამართლოს განმარტებით, საქმის წარმოების შეჩერების ვადის დენა დაიწყო 2014 წლის 22 იანვრიდან და ამოიწურა 2014 წლის 22 ივლისს ანუ თ--–----------–-----ის უფლებამონაცვლეს შეეძლო საქმეში ჩართულიყო 2014 წლის 22 ივლისამდე. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2014 წლის 22 ივლისის შემდეგ სს „ს----------–--------ის“ წარმომადგენელს თ--–----------–-----ის უფლებამონაცვლის საქმეში ჩართვის მოთხოვნით სასამართლოსთვის არ მიუმართავს, რის გამოც 2015 წლის 26 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღნიშნული სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება მიიღო, აღნიშნული განჩინება კანონიერ ძალაშია შესული.

 

13. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ ხანდაზმულობის ინსტიტუტის არსებობა გულისხმობს დროს, რომლის განმავლობაშიც პირს შეუძლია მოითხოვოს თავისი დარღვეული უფლების აღდგენა. გარდა ამისა: ა) ხანდაზმულობის ვადა სასამართლოს უმსუბუქებს ფაქტების დადგენისა და შესწავლის პროცესს და ამ გზით ხელს უწყობს დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანას, ბ) ხელს უწყობს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილიზაციას, გ) აძლიერებს სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტების ურთიერთკონტროლსა და იძლევა დარღვეული უფლების დაუყონებლივ აღდგენის სტიმულიზაციას. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ პირის უფლება, სრული მოცულობით მოახდინოს საკუთარი კანონიერი ინტერესების რეალიზება ან სასამართლო წესით დაცვა, შეზღუდულია სამოქალაქო კანონმდებლობით სხვადასხვა სამართლებრივი ურთიერთობებისათვის განსხვავებულად დადგენილი ვადებით. კანონმდებელი განსაზღვრავს ხანდაზმულობის ვადის გამოანგარიშების წესს და მის ათვლას უკავშირებს დროს, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა საკუთარი უფლების დარღვევის ფაქტი, ან დროს, როდესაც მას ასეთის თაობაზე ობიექტურად უნდა შეეტყო. პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ სს „ს----------–--------ის მიერ 2013 წლის 08 ოქტომბერს აღძრულ სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის ოდენობას არა იმ დროისთვის ვადამოსული თანხა, არამედ 33032,47 ლარი წარმოადგენდა, ანუ ზუსტად იგივე თანხა, რაც მოსარჩელეს განსახილველი დავის ფარგლებში აქვს მოთხოვნილი. აღნიშნული უდავოდ ადასტურებს, რომ მოსარჩელემ მისი დარღვეული უფლების შესახებ, ანუ იმ ფაქტის შესახებ რომ მოპასუხეებს მათთვის 33032,47 ლარი ჰქონდათ გადასახდელი ჯერ კიდევ პირველი სარჩელის აღძვრის დროს ანუ 2013 წლის 08 ოქტომბერს წარმოეშვა. ასევე პალატა მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 140-ე მუხლს, რომლის შესაბამისად, სარჩელის შეტანა ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტას არ გამოიწვევს, თუ მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სარჩელი განუხილველად იქნება დატოვებული. თუ უფლებამოსილი პირი ექვსი თვის ვადაში შეიტანს ახალ სარჩელს, მაშინ ხანდაზმულობის ვადა შეწყვეტილად ითვლება პირველი სარჩელის შეტანის დროიდან. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებით დასტურდება, რომ 2015 წლის 26 ოქტომბრის შემდეგ 2018 წლის 09 იანვრამდე მოსარჩელეს მოპასუხეთა მიმართ სარჩელი აღარ წარმოუდგენია. ზემოაღნიშნული მსჯელობა ცხადყოფს, რომ მოსარჩელემ მოპასუხის მხრიდან პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების დარღვევისა და შესაბამისად, მისი დარღვეული უფლების შესახებ 2013 წლის 08 ოქტომბერს შეიტყო, რამდენადაც 2013 წლის 08 ოქტომბერს უკვე იცოდა ითხოვდა არა მარტო 2013 წლის 08 ოქტომბრის, არამედ 2015 წლის 04 მაისამდე (გრაფიკით ბოლო გადახდის თარიღი) დასაკისრებელ თანხას, აღნიშნული კი, სარჩელის ნაწილობრივ ხანდაზმულობას გამორიცხავს და მისი სრულად ხანდაზმულად ცნობის საფუძველს ქმნის.

 

14. სააპელაციო სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს, სამოქალაქო პროცესში მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი განაწილების პრინციპს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება, დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად, საპროცესო ნორმა განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა ნუსხას, რომლებიც მხარეებს შეუძლიათ, თავიანთი მოთხოვნების დასადასტურებლად გამოიყენონ. ჩამოთვლილ მტკიცებულებათაგან არც ერთს არ აქვს უპირატესი იურიდიული მნიშვნელობა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ სრულ და ობიექტურ განხილვას, შედეგად, სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლისა.

 

გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანონი მტკიცების ტვირთის გადანაწილების სპეციალურ წესს ითვალისწინებს (მაგ. შრომითსამათლებრივი დავები), მტკიცების ტვირთის გადანაწილების ზოგადი წესი მოქმედებს, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ ის გარემოებები უნდა დაამტკიცოს, რომლებზეც იგი თავის მოთხოვნას ამყარებს. არ შეიძლება მხარეს ისეთი გარემოების მტკიცების ტვირთი დაეკისროს, რომლის ზიდვაც მისთვის ობიექტურად შეუძლებელია.

 

მოცემულ შემთხვევაში, სწორედ აპელანტი მხარის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა სასამართლოს წინაშე სარწმუნოდ დაედასტურებინა ის ფაქტი, რომ მან სრულად ან ნაწილობრივ არა 2013 წლის 08 ოქტომბერს არამედ მოცემული სარჩელის აღძვრისას შეიტყო. შესაბამისად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტმა მხარემ მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი ვერ დასძლია, რაც სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

 

15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმაც იგულისხმება. შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, 1321,30 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა დარჩეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე, 390-ე, 55-ე მუხლებით, და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. სს „ს----------–--------ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება;

 

3. სს „ს----------–--------ის“ მიერ გადახდილი ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

თავმჯდომარე თამარ ალანია

მოსამართლეები ბესარიონ ტაბაღუა

თამარ ზამბახიძე