განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 200210016001578287
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/2191-18 22 ნოემბერი, 2018 წელი სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე – თამარ ალანია
მოსამართლეები – ქეთევან მესხიშვილი, თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
აპელანტი - ლ-–------–-–---–ი, ზ---- ყ---–-–---–ი
წარმომადგენელი - ე--------------------ი
მოწინააღმდეგე მხარე - სს „თ----------ი“
წარმომადგენელი - თ-------------ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება
დავის საგანი - საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სს „თ----------მა“ ლ-–------–-–---–ისა და ზ---- ყ---–-–---–ის მიმართ თელავის რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრა. მოპასუხეების - ლ-–------–-–---–სა და ზ---- ყ---–-–---–თვის მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად 2014 წლის 17 ნოემბრის საბანკო კრედიტის № 1-------2------ ხელშეკრულებისა და თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 22077,17 ლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა (ძირი თანხა-17716,98 ლარი, პროცენტი-623,61 ლარი, ჯარიმა-3716,66 ლარი და დაზღვევა-19,92 ლარი). ასევე, მოპასუხეების - ლ-–------–-–---–სა და ზ---- ყ---–-–---–ისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად 2016 წლის 11 ოქტომბრიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) საბანკო საკრედიტის №1-------2------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 17716,98 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 13,95% სარგებლის გადახდის დაკისრება (ყოველთვიურად 205.95 ლარი) მოითხოვა. გარდა ამისა, მოპასუხე ლ-–------–-–---–ს მოსარჩელე სს „თ----------ის“ სასარგებლოდ 2011 წლის 15 ნოემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 6675,04 ლარის გადახდისა (ძირი თანხა 4892,17 ლარი, პროცენტი-1197,63 ლარი და ჯარიმა -585,24 ლარი) და ძირ თანხაზე - 4892,17 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 36% სარგებლის გადახდის ვალდებულების დაკისრება (ყოველთვიურად 146,76 ლარი) მოითხოვა.
2. მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო, თუმცა ვალდებულების ოდენობის გამოანგარიშებას არ დაეთანხმა.
3. თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეებს ლ-–------–-–---–ს და ზ---- ყ---–-–---–ს მოსარჩელე სს „თ----------ის“ 2014 წლის 17 ნოემბრის საბანკო კრედიტის №1-------2------ ხელშეკრულებისა და თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 18732,11 ლარის გადახდა, საბანკო კრედიტის №1-------2------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 17 716,98 ლარზე 2018 წლის 16 ნოემბრამდე, წლიური 13,95% სარგებლის გადახდის ვალდებულება დაეკისრა. მოპასუხე ლ-–------–-–---–ს მოსარჩელე სს „თ----------ის“ სასარგებლოდ, 2011 წლის 15 ნოემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანების 6675,04 ლარის გადახდა და 2016 წლის 11 ოქტომბრიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე - 4892,17 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 36% სარგებლის გადახდის ვალდებულება (ყოველთვიურად 146,76 ლარი) დაეკისრა.
4. აღნიშნული გადაწყვეტილება ლ-–------–-–---–მა და ზ---- ყ---–-–---–მა სააპელაციო წესით მხოლოდ ნაწილობრივ, მიუღებელი შემოსავლის დაკისრების ნაწილში გაასაჩივრეს. გასაჩივრებული გადაწყვეტილების აღნიშნულ ნაწილში გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე ნაწილობრივ უარის თქმა მოითხოვეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
5. სს „თ----------სა“ და ლ-–------–-–---–ს შორის 2014 წლის 17 ნოემბერს საბანკო კრედიტის №1-------2------ ხელშეკრულება დაიდო. მსესხებელზე კრედიტი 22700 ლარის ოდენობით გაიცა, კრედიტის ვადა 1459 დღით ხოლო, წლიური საპროცენტო სარგებელი-13.95%-ით განისაზღვრა. კრედიტის დაფარვა ყოველი თვის 15 რიცხვში ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად უნდა განხორციელებულიყო. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევისთვის პირგასამტეხლო, გრაფიკის ყოველი დარღვევისას 20 ლარის ოდენობით განისაზღვრა (ტ. 1, ს.ფ. 18-23).
6. 2014 წლის 17 ნოემბერს, საბანკო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების უზრუნველსაყოფად სს „თ----------სა“ და ზ---- ყ---–-–---–ს შორის თავდებობის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის საფუძველზეც თავდებმა ზ---- ყ---–-–---–მა ძირითად მსესხებელ - ლ-–------–-–---–თან ერთად №1-------2------ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სოლიდარულად შესრულების ვალდებულება იკისრა. თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა 22700 ლარით ან მისი ექვივალენტით ნებისმიერ ვალუტაში, განისაზღვრა (ტ. 1, ს.ფ. 31-33).
7. 2016 წლის 15 იანვარს, ლ-–------–-–---–მა და ზ---- ყ---–-–---–მა საბანკო კრედიტის №1-------2------ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები დაარღვიეს. ასევე, მოპასუხეებმა ზედიზედ, სულ მცირე, ორჯერ კრედიტის დაბრუნების ვადას გადააცილეს და თანხის გადახდის ვალდებულებას არ ასრულებენ. 2016 წლის 11 ოქტომბრის მდგომარეობით ლ-–------–-–---–სა და ზ---- ყ---–-–---–ს საბანკო კრედიტის №1-------2------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება - 22077,17 ლარის ოდენობით ერიცხებათ, (ძირი თანხა-17716,98 ლარი, პროცენტი-623,61 ლარი, ჯარიმა-3716,66 ლარი და დაზღვევა-19,92 ლარი. (ტ.1, ს.ფ. 37-56, 57).
8. სს „თ----------სა“ და ლ-–------–-–---–ს შორის 2011 წლის 15 ნოემბერს საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება დაიდო, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე საკრედიტო ბარათი T------------- 500 ლარიანი საკრედიტო ლიმიტით გაიცა. წლიური საპროცენტო სარგებელი, კრედიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, 36%-ით განისაზღვრა. საკრედიტო ლიმიტის დაფარვა ბილინგის თარიღიდან მაქსიმუმ 25-ე დღეს უნდა მომხდარიყო. დაანგარიშების თარიღად ყოველი კალენდარული თვის 11 რიცხვი განისაზღვრა. ხელშეკრულებით, ვალდებულების ყოველი დარღვევისთვის პირგასამტეხლო 20 ლარის (დამატებული დავალიანების 0.5% ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის) ოდენობით გადახდის ვალდებულება შეთანხმდა (ტ.1, ს.ფ. 35-36).
9. ლ-–------–-–---–მა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები 2015 წლის მაისის თვეში დაარღვია. 2016 წლის 11 ოქტომბრის მდგომარეობით მოპასუხეს 2011 წლის 15 ნოემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება 6675,04 ლარის ოდენობით ერიცხება (ტ.1, ს.ფ. 57, 37-56).
10. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს გარემოებას მასზედ, რომ ლ-–------–-–---–ისა და ზ---- ყ---–-–---–ს კრედიტორისთვის თანხის დაბრუნებამდე, სარგებლის გადახდის (მიუღებელი შემოსავლის სახით) ვალდებულება მართებულად დაეკისრათ.
უპირველესად უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება სასამართლოს კომპეტენციაში შედის და მხარის მიერ არასწორი საფუძვლის მითითება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ერთადერთი საფუძველი არ შეიძლება გახდეს. აღნიშნულს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე და 185-ე მუხლების შინაარსიც ადასტურებს, რომელთა ანალიზიც ცხადყოფს, რომ საპროცესო კანონმდებლობა მხარეს არ ავალდებულებს მიუთითოს დავის სამართლებრივი საფუძველი. აღნიშნული არ წარმოადგენს ხარვეზის დადგენის საფუძველს, რაც მეტყველებს იმაზე, რომ სამართლებრივი საფუძველი სასამართლომ და არა მხარემ უნდა განსაზღვროს. მხოლოდ მხარის მითითება, რომ მეორე მხარეს აქვს მისი ვალი და ითხოვს ამ თანხის დაბრუნებას საკმარისია იმისათვის, რომ სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებების შესაბამისად განსაზღვროს და მხარეთა შორის არსებულ ურთიერთობას სამართლებრივი შეფასება მისცეს იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე Nას-690-651-2010.
სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. იმის გათვალისწინებით, რომ სამოქალაქო კოდექსში ზიანის მომწესრიგებელი ნორმები დისპოზიციური ხასიათისაა, მათი სისტემური გამოყენებისთვის აუცილებელია აღნიშნული ნორმების ერთობლივ ჭრილში განხილვა. ამ მიმართებით ყურადსაღებია ამავე კოდექსის 412-ე მუხლი, რადგან თავისი არსით ის ფულადი სარგებელი, რომელიც მხარეს შეიძლება დაეკისროს როგორც ზიანი, სწორედ ამ ნორმის მოქმედების სფეროში ექცევა. აღნიშნული ნორმა ზიანის ანაზღაურებას მხოლოდ ისეთ ქმედებებს უკავშირებს, რომლებიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს წარმოადგენს. შესაბამისად ის ზიანი, რომელიც ისეთი ქმედების შედეგად დადგა, რომელიც მხარეს არ შეეძლო წინასწარ განეჭვრიტა, ანაზღაურებას არ ექვემდებარება.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ვალდებულების დარღვევისას, კანონმდებელმა, კრედიტორს მიანიჭა უფლება ხელშეკრულების დამრღვევი პირისგან ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს. ზიანის ანაზღაურების ზოგად წესს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლი განამტკიცებს, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ზიანის ანაზღაურება შეიძლება სხვადასხვა ფორმით გამოიხატოს, მაგალითად: პროცენტის გადახდა (403-ე მუხლი), პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა (408.1 მუხლი), მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება (411-ე მუხლი). პალატის მოსაზრებით, მოსარჩელის, როგორც საბანკო საქმიანობის სფეროში მოღვაწე სუბიექტის კომერციული ინტერესია, კრედიტის გაცემით მიიღოს გარკვეული მოგება. სწორედ ამიტომ, ჩვეულებრივი სესხის ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, რომელიც შეიძლება იყოს სასყიდლიანი ან უსასყიდლო, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება მხოლოდ სასყიდლიანი ფორმით არსებობს (სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლი). შესაბამისად საბანკო საქმიანობის ბუნებიდან გამომდინარე არსებობს მყარი პრეზუმფცია რომ, სს „თ----------ს“, გაცემული კრედიტის დადგენილ ვადაში დაბრუნების შემთხვევაში, კვლავ შეეძლო მიეღო ის მინიმალური სარგებელი, რასაც სასესხო ვალუტის დაბრუნებამდე იღებდა.
ნიშანდობლივია, რომ ბანკის მიერ სარგებლის მიღების პრეზუმფცია მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 872-ე მუხლში, რომლის თანახმად, თუ კრედიტის ამღები უკან აბრუნებს კრედიტს საკრედიტო ურთიერთობის დამთავრებამდე, მაშინ კრედიტის გამცემს შეუძლია მოითხოვოს ზიანის შესაბამისი ანაზღაურება. ამასთან, ზიანის საზღაურში უნდა ჩაითვალოს დაზოგილი გასავლების ღირებულება, აგრეთვე ის სარგებელი, რომელსაც კრედიტის გამცემი მიიღებდა სასესხო ვალუტის სხვაგვარი გამოყენებიდან, ან თუ კრედიტის მიმღებმა განზრახ არ დაუშვა მისი მიღება. სამოქალაქო კოდექსის 348-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებში, რომლებსაც შემთავაზებელი იყენებს იმ ფიზიკური პირების მიმართ, რომლებიც არ მისდევენ სამეწარმეო საქმიანობას, მიიჩნევა ბათილად შეთანხმება ზიანის ოდენობაზე მეტი თანხის მოთხოვნის შესახებ (ზიანის ანაზღაურების გადამეტებული მოთხოვნა). განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელე ზიანის ანაზღაურებას იმ საპროცენტო სარგებლის ფარგლებში ითხოვდა, რაც მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული (ს.ფ. 18-56) (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 06 ივნისის განჩინება საქმეზე Nას-328-1170-2010).
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მიუღებელი შემოსავლის დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინამძღვრები არ არსებობდა და განმეორებით მიუთითებს, სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლზე, რომელიც ითვალისწინებს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას მიუღებელი შემოსავლისათვის. სს „თ----------ის“ სარჩელიდან და ახსნა-განმარტებიდან ირკვევა, რომ იგი ითხოვს ზიანის ანაზღაურებას არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ზიანისათვის, რაც გამოიხატა სესხის სახით გაცემული თანხის დაუბრუნებლობაში, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც, ანუ იმ დანაკლისისათვის, რაც ბანკმა ვერ მიიღო მოპასუხის ქმედებით. იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ არსებობს პრეზუმფცია, რომ მოსარჩელე მოპასუხის მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მიიღებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საპროცენტო სარგებელს კრედიტის კვლავ გაცემით, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზეა სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის შემადგენლობა, რაც სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
11. სააპელაციო სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს, სამოქალაქო პროცესში მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი განაწილების პრინციპს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება, დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად, საპროცესო ნორმა განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა ნუსხას, რომლებიც მხარეებს შეუძლიათ, თავიანთი მოთხოვნების დასადასტურებლად გამოიყენონ. ჩამოთვლილ მტკიცებულებათაგან არც ერთს არ აქვს უპირატესი იურიდიული მნიშვნელობა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ სრულ და ობიექტურ განხილვას, შედეგად, სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლისა.
გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანონი მტკიცების ტვირთის გადანაწილების სპეციალურ წესს ითვალისწინებს (მაგ. შრომითსამათლებრივი დავები), მტკიცების ტვირთის გადანაწილების ზოგადი წესი მოქმედებს, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ ის გარემოებები უნდა დაამტკიცოს, რომლებზეც იგი თავის მოთხოვნას ამყარებს. არ შეიძლება მხარეს ისეთი გარემოების მტკიცების ტვირთი დაეკისროს, რომლის ზიდვაც მისთვის ობიექტურად შეუძლებელია.
მოცემულ შემთხვევაში, სწორედ აპელანტი მხარის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა სასამართლოს წინაშე სარწმუნოდ დაედასტურებინა ის ფაქტი, საბანკო დაწესებულების მიერ მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნის რა შემაფერხებელი ფაქტობრივი ან/და სამართლებრივი გარემოებები არსებობდა, თუმცა სააპელაციო საჩივარში არგუმენტები, რომლებიც პალატას ფაქტებზე დამყარებულ შინაგან რწმენას შეუქმნიდა არ არსებობს. ამასთან საბანკო დაწესებულების სასარგებლოდ სააპელაციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ ფული წარმოადგენს მაღალი ბრუნვაუნარიანობის მქონე ობიექტს და განსაკუთრებულ მტკიცებას არ საჭიროებს ფულადი ვალდებულების შესრულების დაყოვნებისას ამით გამოწვეული ზიანი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინამძღვრები, შესაბამისად, ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განვითარებულ სამართლებრივ მსჯელობას და მიიჩნევს, რომ ლ-–------–-–---–ისა და ზ---- ყ---–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმაც იგულისხმება. შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, 150 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე, 390-ე, 55-ე მუხლებით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ლ-–------–-–---–ისა და ზ---- ყ---–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება;
3. ლ-–------–-–---–ისა და ზ---- ყ---–-–---–ის მიერ გადახდილი ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
თავმჯდომარე თამარ ალანია
მოსამართლეები ქეთევან მესხიშვილი
თამარ ზამბახიძე