განაჩენი

სისხლის სამართლის 15.01.2019
საქმის ნომერი
190100118002693397
ინსტანცია
თარიღი
15.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №190100118002693397-1ბ/1642-18წ

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

11 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თავმჯდომარე: გოჩა ჯეირანაშვილი

მოსამართლეები: მაია თეთრაული

მურმან ისაევი

სხდომის მდივანი: გიორგი სვანიძე

 

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: ლ---------–-------

 

დაცვის მხარე:

მსჯავრდებული: ა--------------–-------------------–-------–-–----------------------------------------- საქართველოს მოქალაქე, დასაოჯახებელი, საშუალო ტექნიკური განათლების მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: გარდაბნის რაიონი, დ----------------------------------------–--

 

ადვოკატი: იზ---–-------–---–---–ი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი;

 

დისპოზიცია: დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობა;

 

სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 14 (თოთხმეტი) წელი:

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიცია:

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 ნოემბრის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ა--------------–-უკმა და მოითხოვა საქმის ხელახალი განხილვა, ხოლო სასამართლო სხდომაზე მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა და მსჯავრდებულმა დააზუსტეს სააპელაციო საჩივარი და საბოლოოდ მოითხოვეს სასჯელის შემსუბუქება, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენება და სასჯელის ¼ -ის პირობით სასჯელად ჩათვლა.

 

ა--------------–-უკს ბრალი ედებოდა მასზედ, რომ მან ჩაიდინა:

 

დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობა. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით;

 

სასამართლომ დაადგინა :

 

2018 წლის 15 სექტემბერს, გამთენიისას, გარ-------------------------------–ი, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მასთან მუდმივად მცხოვრები და ერთიანი საოჯახო მეურნეობის მქონე ლ------------ვის ქცევით განაწყენებულმა ა--------------–-უკმა გადაწყვიტა მისი სიცოცხლის მოსპობა. აღნიშნული განზრახვით, ა--------------–-უკი შევიდა ლ------------ვის საძინებელ ოთახში, ისარგებლა ამ უკანასკნელის უმწეო მდგომარეობით (იგი ხანდაზმულია, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეზღუდული აქვს გადაადგილების უნარი და ძირითადად არის მწოლიარე მდგომარეობაში) და იქვე არსებული ელექტრო მავთულის ყელის არეში მოჭერით გაგუდა 73 წლის ხანდაზმული ლ------------ვი.

 

სააპელაციო სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულ ა--------------–-უკის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა იზ---–-------–---–---–მა და მსჯავრდებულმა დააზუსტეს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა. კერძოდ, მსჯავრდებულმა განმარტა, რომ სრულად აღიარებს იმ ქმედების ჩადენას, რისთვისაც იგი დამნაშავედ იქნა ცნობილი და ითხოვს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ნოემბრის განაჩენში ცვლილების შეტანას სასჯელის შემსუბუქების კუთხით, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მინიმუმამდე შემცირებას, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებას და სასჯელოის ¼ -ის პირობითად ჩათვლას.

 

პროკურორმა მხარი არ დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვების თაობაზე.

 

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და თვლის, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. მსჯავრდებულ ა--------------–-უკის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენა, გარდა მისი აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვის გამომრიცხავ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას, კერძოდ: ლ------------ვის გვამის დათვალიერების ოქმს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, თავად ბრალდებული ა--------------–-უკის გამოკითხვის ოქმს, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, მოწმეების მ-----------------------–-----------------–-------------–---–-------------------–---–------------------–---–---------------------- გამოკითხვის ოქმებს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

ამდენად, მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ა--------------–-უკის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტს და მას მსჯავრი უნდა დაედოს აღნიშნული კვალიფიკაციით.

 

რაც შეეხება მსჯავრდებულ ა--------------–-უკის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის მიერ მითითებულ არგუმენტებს - თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ნაწილობრივ პირობითად ჩათვლასთან დაკავშირებით, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი; ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი - ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. ამასთან, სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა ა--------------–-უკის მიმართ არსებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები (არ გააჩნია), ჩადენილი დანაშაულის მოტივი და მიზანი, დამნაშავის მიერ ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება, მისი მონაწილეობის ხარისხი და როლი ჩადენილ მართლსაწინააღმდეგო ქმედებაში, ასევე, დანაშაულის ჩადენის შემდეგ მისი ქცევა და ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე მსჯავრდებულს განუსაზღვრა სამართლიანი და კანონიერი სასჯელი, რასაც სააპელაციო პალატა ეთნხმება და მიიჩნევს, რომ მისი შემსუბუქების საფუძველი არ არსებობს.

 

პალატა მხედველობაში იღებს მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის აღიარებას და მონანიებას, თუმცა, აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა, რომლის თანახმადაც, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად კი, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას.

 

მოცემულ შემთხვევაში, ა--------------–-უკი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 10 აგვისტოს განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და განაჩენთა ერთობლიობით (2013 წლის 15 ივნისის განაჩენი, საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლი) თავისუფლების აღკვეთა 2 წელი, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით ამავე გამოსაცდელი ვადით. მასვე, დამატებით სასჯელად დაუდგინდა 2000 ლარი ჯარიმა და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 საათის ოდენობით. ხოლო, 2016 წლის 22 აპრილის რუსთავის საქალაქო სასამართლოს განჩინებით გაუქმდა 2015 წლის 10 აგვისტოს განაჩენი, გაუქმდა პირობითი მსჯავრი და აღსრულდა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ასევე საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 86 საათის ოდენობით შეეცვალა ჯარიმით და საბოლოოდ განესაზღვრა 1075 ლარი ჯარიმა. ა--------------–-უკი პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2018 წლის 23 მარტს - კალენდარულად სასჯელის ვადის გასვლის გამო.

 

ამდენად, ა--------------–-უკი დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის - 2018 წლის 15 სექტემბრის მდგომარეობით, წარმოადგენდა განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლობის მქონე პირს და მისთვის სასჯელის სახით 14 (თოთხმეტი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის სანქციის ფარგლებში, გამომდინარეობს რეციდივის გათვალისწინებით, სასჯელის დანიშვნის საფუძვლებიდან. ვინაიდან, აღნიშნული მუხლი სანქციის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ცამეტიდან ჩვიდმეტ წლამდე ვადით, ასევე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. მოცემულ შემთხვევაში კი მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფომ ა--------------–-უკის მიმართ გამოიყენა საშეღავათო პირობები და 2015 წლის 10 აგვისტოს განაჩენით დანიშნული სასჯელი ჩაუთვალა პირობით, ის არასაპატიო მიზეზით არ ცხადდებოდა პრობაციის ბიუროში და ჯიუტად, სისტემატიურად არიდებდა თავს მასზე დაკისრებულ მოვალეობას, რის გამოც რუსთავის საქალაქო სასამართლომ მსჯავრდებულს დანიშნული სასჯელის მოხდა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით შეუცვალა. სწორედ ამის გათვალისწინებით სასჯელის განსაზღვრის დროს, პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ მსჯავრდებული ა--------------–-უკი არაერთხელ არის გასამართლებული განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის და შესაბამისად მის მიმართ მიზანშეუწონლად მიაჩნია საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობით ჩათვლა.

 

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაცო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ნოემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მსჯავრდებულ ა--------------–-უკის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

3. ა--------------–-უკი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 14 (თოთხმეტი) წლის ვადით;

 

4. ა--------------–-უკის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია;

 

5. ა--------------–-უკის თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2018 წლის 15 სექტემბრიდან.

 

5. სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები: ა--------------–-უკის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, ჭიქა, ელექტრო დამაგრძელებელი სადენით პერანგი, ტრუსი, პირსახოცი, ადიელა, ბალიშის პირი - დაუბრუნდეთ მესაკუთრეებს, ან მათ კანონიერ წარმომადგენლებს;

 

- სისხლის ანაწმენდები, ა--------------–-უკის და ლ------------ვის სხვადასხვა ნიმუშები, სისხლისფერი ლაქის ანაწმენდი - განადგურდეს; (ნივთმტკიცება ინახება ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში).

 

- სს საქმეზე დართული DVD დისკი შენახული იქნეს სს საქმის შენახვის ვადით;

 

6. განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოცხადებისთანავე.

 

7.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: გ. ჯეირანაშვილი

 

მოსამართლეები: მ. თეთრაული

 

მ. ისაევი