განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210016001539950
საქმე №2ბ/4605-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
13 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე - ბესარიონ ტაბაღუა
მოსამართლეები: დიანა ბერეკაშვილი
ვანო წიკლაური
სხდომის მდივანი - ელენე ომანიძე
აპელანტი - სს „------–----–-------
წარმომადგენელი - ი-----–-------–---
მოწინააღმდეგე მხარე - ა-–------------------–----
წარმომადგენელი - ნ----------------–---
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით სს „------–----–-------- სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 24.01.2016 წელს, სს „------–- კ-–-----ს“ და ა-–---------- ა------–---ს შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება, რომლის თანახმად, დასაქმებული კისრულობდა ვალდებულებას, შეესრულებინა წინამდებარე შრომითი ხელშეკრულებით მისთვის დაკისრებული სამუშაო იმ მოცულობითა და გრაფიკით, რომელიც განსაზღვრული იყო ხელშეკრულებით, თანამდებობრივი ინსტრუქციით (მისი არსებობის შემთხვევაში) და სამსახურში მოქმედი შინაგანაწესით, რისთვისაც დამსაქმებელი უხდიდა მას შრომის ანაზღაურებას წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობით და წესით. დასაქმებულის სამსახურებრივ პოზიციას წარმოადგენდა დილერების მენეჯერი.
დასაქმებულის შრომის ანაზღაურება შეადგენდა 1000 ლარს, საშემოსავლო გადასახადის გათვალისწინებით, ხელზე ასაღები 800 ლარს.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- 04.01.2016 წლის შრომითი ხელშეკრულება (ტ. І, ს.ფ. 15-18);
- შეთანხმება შრომის ანაზღაურების შესახებ (ტ. І, ს.ფ. 19);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
2.2. 2016 წლის 29 მარტს, სს „------–- კ-–-----ს“ და შპს ,--------ს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება 8261 ევროს ღირებულების პროდუქციის შეძენაზე. შპს ,--------მა მითითებული ხელშეკრულების ფარგლებში გადაიხადა ღირებულების ნაწილი - 7794.77 (დარჩენილი სხვაობა 466.23 ევრო).
მხარეთა შორის სადავო არ არის, რომ შპს ,--------ს სს „------–----–-------- სახელით სრულად მიეწოდა 8261 ევროს ღირებულების პროდუქცია.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- ნასყიდობის ხელშეკრულება (ტ. І, ს.ფ. 97-101);
- ინვოისი №----------- (ტ. І, ს.ფ. 22);
- სასაქონლო ზედნადები №--–----------- (ტ. І, ს.ფ. 23);
- დეკლარაცია (ტ. І, ს.ფ. 24);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
2.3. მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს, რომ სს „------–- კ-–-----იდან“ მოხდა კ-----------------ზე 2016 წლის 24 მაისს 3780.26 ლარის, ხოლო 2016 წლის 04 ივლისს 23 123.02 ლარის პროდუქციის გაცემა; ასევე, ტ------ პ-----------ზე 2016 წლის 17 ივნისს 1924.53 ლარის და 2016 წლის 25 ივნისს 8541.04 ლარის პროდუქციის გაცემა; და ასევე, 2016 წლის 11 ივლისს კ------------------ზე 13 120.01 ლარის პროდუქციის გაცემა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სასაქონლო ზედნადებები (ტ. І, ს.ფ. 25-30);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
2.4. მოპასუხე ა-–---------- ა------–---მა, 12.09.2016 წელს, პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა სს „------–- კ-–-----ში“ დაკავებული პოზიცია, 2016 წლის 13 სექტემბრიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განცხადება (ტ. І, ს.ფ. 31)
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
2.5. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ პროდუქციის გაცემისას არ იყო წინასწარ დადგენილი ხელმძღვანელობასთან შეთანხმების ფორმა. აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლომ გაიზიარა მოპასუხე მხარის მითითება, მუშაობის პროცესში ხელმძღვანელობასთან ზეპირი სახით მისი ქმედებების შეთანხმებასთან დაკავშირებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლის დანაწესის შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოების კონკრეტული მტკიცებულებებით დადასტურების ვალდებულება აკისრია მხარეს, რომელიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებს აღნიშნულ გარემოებას და შესაბამისად, იგი ეთითება მის მიერ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას არ ააქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ზემოაღნიშნულის შესაბამისად, საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. სასამართლოს შინაგანი რწმენის ფორმირება ეფუძნება მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. სასამართლოს შინაგანი რწმენის ჩამოსაყალიბებლად, მხედველობაში მიიღება და ფასდება თითოეული მოვლენა, რომელიც არსებობს ამ გარემოების ირგვლივ. ამდენად, შინაგანი რწმენით მტკიცებულებათა შეფასება ხდება დამოუკიდებლად, ხდება თითოეული მტკიცებულების მნიშვნელობის განსაზღვრა და ასევე მათ ერთობლიობაში შეფასება.
წარმოდგენილ შემთხვევაში, სასამართლომ ყურადღება მიაქცია მხარეთა ახსნა- განმარტებებს და საქმეში წარმოდგენილ შრომით ხელშეკრულების შინაარს. აღნიშნული გარემოება - ხელმძღვანელობასთან კონკრეტული ქმედების შეთანხმების არ არსებობასთან დაკავშირებით მნიშვნელობის მატარებელია, კონკრეტული პასუხისმგებლობის საკითხის განსაზღვრისათვის. სასამართლო მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს კონკრეტული პროდუქციის რეალიზაცია და აღნიშნული მიზნის განხორციელებისათვის მას ჰყავს კონკრეტული უფლებამოსილების მქონე სუბიექტები აღჭურვილი კონკრეტული უფლება- მოვალეობებით. საგულისხმოა, რომ მოსარჩელე მხარის მითითება, რომ არ არსებობდა ხელმძღვანელობასთან შეთანხმება და ასეთის არსებობა მოპასუხე მხარის მტკიცების უპირობო ტვირთს წარმოადგენდა, აღნიშნულ შემთხვევაში სასამართლომ არ მიიჩნია მართებულად. სასამართლომ მიიჩნია, რომ სწორად უნდა მომხდარიყო მითითებული სადავო ფაქტობრივი გარემოების დადასტურებისათვის მტკიცების ტვირთის განაწილება. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არსებული უფლება-მოვალეობები გაწერილია შრომით ხელშეკრულებაში და მხედველობაში იყო მისაღები აღნიშნული შრომით-სახელშეკრულებო ურთიერთობის სპეციფიკა და შინაარსი. მოსარჩელე მხარემ ვერ მიუთითა თუ რა ფორმით უნდა მომხდარიყო შეთანხმება და აღნიშნული არ განხორციელდა, რაც თავისთავად ლოგიკურად იძლევა იმის ვარაუდის საშუალებას რომ შეთანხმება ჩვეული, დინამიური სამუშაო პროცესის გათვალისწინებით ზეპირი კომუნიკაციითაც შეიძლება მიეღო მოპასუხე მხარეს. მეტიც, საკითხის მნიშვნელოვნობის გათვალისწინებით, ხელშეკრულებაში გაიწერა (იხ. ხელშეკრულების 3.4.6 პუნქტი) დასაქმებულის აუცილებელი წერილობითი თანხმობის არსებობა კონკრეტული გარემოებებში. შესაბამისად, თუ რა ფორმით, ვისთან უნდა მომხდარიყო აღნიშნულის შეთანხმება სამუშაოს არსებითი სპეციფიკის გათვალისწინებით მნიშვნელოვანი საკითხი იყო და აღნიშნულის მითითება მოსარჩელე მხარეს ეკისრებოდა. საქმეში მოსარჩლე მხარის მიერ მარტივად იქნებოდა შესაძლებელი თუნდაც ერთი წერილობითი ან სხვაგვარი შეთანხების არსებობის პრეცენდენტის წარდგენა (წერილობითი, ელექტრონულად მიწერის/დადასტურების თუ სხვა), რაც მითითებული პროცედურის არსებობის დამადასტურებლად შეიძლებოდა მიეჩნია სასამართლოს. აღნიშნული პროცედურა არც მხარეთა შორის არსებულ ხელშეკრულებაში იყო მითითებული, რითაც ცალსახა ხდებოდა, რომ აღნიშნული ზეპირი ინფორმირების ფორმას ატარებდა.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს :
- 04.01.2016 წლის შრომითი ხელშეკრულება (ტ. І, ს.ფ. 15-18);
- შეთანხმება შრომის ანაზღაურების შესახებ (ტ. І, ს.ფ. 19);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
2.6. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ კონკრეტულ პირებსა (კ------------------, ტ-------------------- და კ------------------ი) და სს „------–- კ-–-----ს“ შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელდა კონკრეტული პროდუქციის მიწოდება; კერძოდ: კ----- ჰ----------ზე 2016 წლის 24 მაისს 3780.26 ლარის, ხოლო 2016 წლის 04 ივლისს 23 123.02 ლარის; ასევე, ტ------ პ-----------ზე 2016 წლის 17 ივნისს 1924.53 ლარის და 2016 წლის 25 ივნისს 8541.04 ლარის პროდუქციის და ასევე, 2016 წლის 11 ივლისს კ------------------ზე 13 120.01 ლარის პროდუქციის მიწოდება/გადაცემა.
სასამართლომ წარდგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოების დადგენისას იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე და 105-ე მუხლების დანაწესის თანახმად საქმეში არსებული მტკიცებულებებით. სასამართლომ მხედველობაში მიიღო საქმეში წარდგენილი სასაქონლო ზედნადებები, საიდანაც ცალსახად დასტურდებოდა გამყიდველის - სს „------–----–-------- მიერ კონკრეტულ სუბიექტებზე პროდუქციის გადაცემის ფაქტი. მოსარჩელე მხარის მითითება, რომ წარმოდგენილ შემთხვევაში ხელმძღვანელის ნების არ არსებობა ხელშეკრულების არ არსებობას მიუთითებს, არ იქნა მხედველობაში მიღებული დაუსაბუთებლობის გამო. ა-–------------------–---- მოქმედებდა კომპანიის სახელით, მისი წარმომადგენლობითი უფლებამოსილება სადავო არ გამხდარა და მესამე პირებთან ურთიერთობაში გამოხატავდა კომპანიის ნებას. ნასყიდობის ხელშეკრულების მხარეები ნათელია და აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეუსრულებელი ფულადი ვალდებულების მატარებელი სუბიექტიც ნათელია. მეტიც, მოსარჩელე მხარეს სადავო არ გაუხდია, რომ კომპანიას გააჩნდა სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობა მითითებულ პირებთან, თუმცა მოთხოვნა აღნიშნული მიწოდების ფარგლებში არ წაუყენებია მათთვის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს :
- სასაქონლო ზედნადებები (ტ. І, ს.ფ. 25-30);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
2.7. 2016 წლის 29 მარტს, სს „------–- კ-–-----ს“ და შპს ,--------ს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება 8261 ევროს ღირებულების პროდუქციის შეძენაზე, საიდანაც მყიდველს - შპს ,------- -ის მიერ შეუსრულებელი ფულადი ვალდებულება შეადგენს 466.23 ევროს.
სასამართლომ მიუთითა, რომ განსხვავებით ფიზიკურ პირებთან არსებული სადავო ნასყიდობის ხელშეკრულებებისა, მოსარჩელე მხარეს წერილობითი ხელშეკრულება აქვს გაფორმებული (მოსარჩელე მხარის წარმომადგენელი ხელშეკრულებაში არის ა-–------------------–----), რომლის მე-3 მუხლი გადახდისა და მიწოდების საკითხებს არეგულირებს. საგულისხმოა, რომ ხელშეკრულებით ნასყიდობის თანხის დიდი ნაწილი გადახდილი იქნა მყიდველის მიერ და წარმოდგენილ შემთხვევაში გადაუხდელი სხვაობის, როგორც ზიანის სახით ანაზღაურების მოთხოვნა არის წარდგენილი მოპასუხე მხარისათვის. სასამართლომ განმარტა, რომ წარმოდგენილი ხელშეკრულების ფარგლებში კონკრეტულ პირს მყიდველს - შპს ,--------ს აკისრია ფულადი ვალდებულების შესრულება და მისთვის აღნიშნული ფულადი ვალდებულების შესრულებაზე მოთხოვნის წარდგენის გარეშე (მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის მიერ დადასტურებული იქნა პროცესზე რომ იგი არ სთხოვს მყიდველს, ვინაიდან მოპასუხეს არ უნდა გაეცა და ამით ზიანი მიაყენა კომპანიას) პირდაპირ ზიანის სახით მოთხოვნის წინაპირობა, ფაქტობრივი საფუძვლები ბუნდოვანი და გაუგებარია. ნასყიდობის ხელშეკრულების შესაბამისად, თანხის 100%-ის გადახდა უნდა მომხდარიყო ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორების გზით საქონლის გადმოტვირთვამდე. საგულისხმოა, რომ თუ ვის მიერ, ვისი მითითებით, რა ვითარებაში უნდა გადმოტვირთულიყო ან/და ვის უნდა გაეკონტროლებინა სავარაუდოდ საწყობიდან გადმოტვირთვის დროს ფულადი ვალდებულების შესრულების საკითხი საქმეზე მოსარჩელე მხარის მითითებები ბუნდოვანია და მეტიც, ნათელია, რომ აღნიშნულზე კომპანიასა და მოპასუხე მხარეს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულება პასუხს არ სცემს. წარმოდგენილ შემთხვევაში ცალსახაა ნასყიდობის ხელშეკრულების კონკრეტული პირებს შორის არსებობის ფაქტი, მიწოდებული პროდუქციისა და მისი ნაწილის ღირებულების ანაზღაურების ფაქტობრივი გარემოება, ხოლო თუ რა ვალდებულების შეუსრულებლობას ჰქონდა ადგილი მოპასუხე მხარის მიერ კონკრეტულ შემთხვევაში საქმეზე არ დგინდება.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- ნასყიდობის ხელშეკრულება (ტ. І, ს.ფ. 97-101);
- ინვოისი №----------- (ტ. І, ს.ფ. 22);
- სასაქონლო ზედნადები №--–----------- (ტ. І, ს.ფ. 23);
- დეკლარაცია (ტ. І, ს.ფ. 24);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.8. სასამართლომ მიუთითა, სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილზე რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. აღნიშნული ნორმის ანალიზით ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა კერძო სამართლის სუბიექტებს - კრედიტორსა და მოვალეს შორის ურთიერთობაა, შესაბამისად, მოთხოვნაზე უფლებამოსილი და შესრულებაზე ვალდებული, სწორედ, ეს პირები არიან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის. მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს ზიანის მოთხოვნის უფლების წარმოშობისათვის; კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი დარღვევასა და დამდგარ შედეგს შორის.
სასამართლომ განმარტა, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას, ამასთან, ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც ვალდებულების დარღვევის შედეგად განიცადა კრედიტორმა. სსკ-ის 394-ე მუხლი ადგენს პრინციპს, რომლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს სრული მოცულობით. ძირითადი მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ზიანის მოცულობითი ნაწილი დაანგარიშებულია იმ უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებით, რომელიც კრედიტორს უნდა მიეღო ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში. აღნიშნული ნორმა განსაზღვრავს ზიანის ანაზღაურების სამართლებრივ წინაპირობებს, თუმცა, ზიანის იურიდიული შედეგი მოცემულია ამავე კოდექსის 408-ე მუხლის არსებულ ნაწილში, რომლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
2.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 409-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.
კონკრეტულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით, დასტურდება, რომ მოპასუხე ა-–------------------–---- სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებში ასრულებდა მოვალეობას, კერძოდ, სს „------–----–-------- სახელით სახელშეკრულებო ურთიერთობაში შედიოდა მესამე პირებთან, რომლებიც ყიდულობდნენ სს „------–----–-------- პროდუქციას. წარმოდგენილ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხემ იმოქმედა შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებამოსილების გადამეტებით და კომპანიის ხელმძღვანელის თანხმობის გარეშე განახორციელა პროდუქციის გაცემა მესამე პირებზე. მოსარჩელის აღნიშნულ განმარტებასთან დაკავშირებით, მოპასუხემ განახორციელა შედავება და მიუთითა, რომ მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ადგილი არ ჰქონია, იქიდან გამომდინარე, რომ არც შრომითი ხელშეკრულებით და არც სხვა რაიმე სამსახურებრივი დოკუმენტით არ ყოფილა კონკრეტიზებული მისი ვალდებულებები ხელშეკრულების დადებამდე კომპანიის ხელმძღვანელის წინასწარი თანხმობის ან მყიდველის მიერ ნასყიდობის საფასურის სრული ავანსირების თაობაზე. ა-–---------- ა------–---მა ასევე განმარტა, რომ ამ სადავო შემთხვევაშიც, იგი ისევე მოქმედებდა, როგორც სხვა ურთიერთობების დროს. შესაბამისად, მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ადგილი არ ჰქონია.
წარმოდგენილ შემთხვევაში, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში არსებული შრომითი ხელშეკრულებით, რომელიც წარმოადგენს მოპასუხის შრომითი მოვალეობების ამსახველ ძირითად მტკიცებულებას, განსაზღვრული არ არის ის კონკრეტული ვალდებულებები, რომელთა შეუსრულებლობაზეც დავობს მოსარჩელე მხარე. ამასთან, მოსარჩელე სს „------–- კ-–-----მა“ ვერ შეძლო მისი მტკიცების ფარგლებში შემავალი ისეთი გარემოების მითითება, რაც მოპასუხე მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობას/გადამეტებას ან/და უგულებელყოფას დაადასტურებდა და შესაბამისად, იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება შედავებულია მოპასუხე მხარის მიერ, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო მოპასუხის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით კომპანიისთვის ზიანის მიყენების ფაქტის დადასტურება, რაც ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძვლია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სს „------–----–-------- სარჩელი იყო უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი და მოსარჩელეს უარი ეთქვა მის დაკმაყოფილებაზე.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1. აპელანტი მოითხოვს, ნაწილობრივ გაუქმდეს საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ა-–---------- ა------–---ს დაეკისროს კ----- ჰ----------ზე, ტ------ პ-------------ზე და კ------------------ზე პროდუქციის თვითნებურად გაცემით, სს ქ-----–- კ-–-----ისათვის მიყენებული ზიანის 50488.86 ლარის გადახდა.
აპელანტის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილ ფაქტობრივი გარემოება რომ მოპასუხე სადავო ტრანზაქციების განხორციელებისას მოქმედებდა კომპანიის ხელმძღვანელობის მიერ გაცემული ზეპირი თანხმობით და გამოხატავდა სს „------–----–-------- ნებას. აღნიშნულ დასკვნამდე სასამართლო მივიდა მხოლოდ იმ გარემოების საფუძველზე რომ ჩათვალა ვინაიდან პროდუქციის გაცემისას არ იყო დადგენილი ხელმძღვანელობასთან შეთანხმების ფორმა, აღნიშნული ავტომატურად ნიშნავდა ზეპირი ფორმით თანხმობის არსებობას. გადაწყვეტილება არ შეიცავს მითითებას და დასაბუთებას, თავად ზეპირი ფორმით თანხმობა არსებობდა თუ არა საერთოდ და რა მტკიცებულებით დასტურდებოდა აღნიშნული. (გარდა მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტებისა, რაც სადავოდ იყო გამხდარი მოსარჩელის მიერ სარჩელის წარდგენისთანავე).
3.2. აპელანტის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე, არასწორად გადაანაწილა საქმეზე მტკიცების ტვირთი, რის შედეგადაც მოსარჩელე მხარეს დააკისრა იმ გარემოების მტკიცება, რომ მოპასუხე ა-–---------- ა------–---ს სადავო ტრანზაქციების განხორციელებისას არ ჰქონდა კომპანიის ხელმძღვანელობის თანხმობა.
შესაგებელში მოპასუხე მხარე აღნიშნავს, რომ მისი ქმედებები სადავო ტრანზაქციების განხორციელება შეთანხმებული იქნა სს „------–----–-------- დირექტორთან, მოადგილესთან კომერციულ დარგში, ბუღალტერიასთან და საწყობთან. ასევე, 25.10.2017 წლის სასამართლო პროცესზე მოსამართლის შეკითხვაზე შეათანხმა თუ არა ხელმძვანელობასთან სადავო ტრანზაქციების განხორციელება პასუხობს „რა თქმა უნდა, ბატონ მ-----–---- კაბინეტში“. 03.04.2018 წლის სასამართლო პროცესზე მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ა-–---------- ა------–---ს არანაირი დამოუკიდებელი უფლებამოსილება არ გააჩნდა და სადავო ტრაზნაქციების განხორიცელებისას მისი ქმედებები შეთანხმებული იყო დირექტორთან, მოადგილესთან კომერციულ დარგში, ბუღალტერიასთან და საწყობთან (11:21:40 - 11:22:10). ამავე სხდომაზე ა-–------------------–---- განმარტავს, რომ რაც ჰქონდა საბუთები შეჰქონდა ბუღალტერიაში და ბუღალტერია აძლევდა თანხმობას პროდუქციის გაცემაზე (11:48:34 - 11:48:51). შესაბამისად, მოპასუხე მხარეს უნდა წარმოედგინა თუ როგორ და რა ვითარებაში მიიღო თანხმობები (რაც რეალურად არ მიუღია), რა დოკუმენტაცია წარუდგინა თანხმობის გამცემ პირებს და სხვა გარემეობები რაც დაადასტურებდა მის მიერ მითითებულ გარემოებას და მოსარჩელე მხარეს არ უნდა დაკისრებოდა ფაქტების უარყოფის მტკიცება.
3.3. აპელანტის მტკიცებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად ფაქტობრივი გარემოება, რომ კონკრეტულ პირებსა (კ------------------, ტ-------------------- და კ------------------ი) და სს „------–- კ-–-----ს“ შორის გაფორმებული იქნა ნასყიდობის ხელშეკრულებები. სინამდვილეში ა-–------------------–----ს მიერ ერთპიროვნულად და საკუთარი ხელმოწერით განხორციელდა სასაქონლო ზედნადებების გამოწერა, რაც ადასტურებს პროდუქციის გაცემას ა-–------------------–----ს მიერ და არ ადასტურებს სს „------–----–-------- ნებას სახელშეკრულებო ურთიერთობაში შესულიყო ზემოაღნიშნულ პირებთან.
აპელანტის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილ ფაქტობრივი გარემოება, რომ ა-–------------------–---- სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებში სს „------–----–-------- სახელით სახელშეკრულებო ურთიერთობაში შედიოდა მესამე პირებთან, რომლებიც ყიდულობდნენ სს ,,ქ-----–- კ-–-----ის“ პროდუქციას. ერთადერთი შემთხვევა სადაც ა-–------------------–---- ნამდვილად გახლდათ კომპანიის წარმომადგენელი სახელშეკრულებო ურთიერთობაში არის შპს ,--------თან დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება.
აპელანტის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად მიუთითა რომ თითქოს ა-–---------- ა------–---მა განახორციელა შედავება მის მიერ უფლებამოსილების გადამეტების ფაქტის არარსებობასთან მიმართებაში, იმ არგუმენტაციით, რომ არც შრომითი ხელშეკრულებით და არც სხვა რაიმე სამსახურებრივი დოკუმენტით არ ყოფილა კონკრეტიზებული მისი ვალდებულებები, ხელშეკრულების დადებამდე კომპანიის ხელმძღვანელის წინასწარი თანხმობის, ან მყიდველის მიერ ნასყიდობის საფასურის სრული ავანსირების თაობაზე. გადაწყვეტილებაში მოყვანილი აღნიშნული მოსაზრება არ შეესაბამება სიმართლეს და წარმოადგენს სასამართლოს მიერ თვითნებურად განხორციელებულ შედავებას. მოპასუხე მხარე აპელირებდა იმ გარემოებაზე, რომ მას სადავო ტრანზაქციების განხორციელებისას ჰქონდა დირექტორის, მოადგილის კომერციულ დარგში, ბუღალტერიის და საწყობის თანხმობები და არსად არ აღუნიშნავს, რომ მას უფლებამოსილება არ გადაუჭარბებია, ვინაიდან მისი უფლებამოსილებები არ იყო გაწერილი შრომითი ხელშეკრულებით ან სხვა შიდა დოკუმენტაციით.
აპელანტის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად მიუთითა, რომ შრომითი ხელშეკრულებით არ არის განსაზღვრული ის კონკრეტული ვალდებულებები, რომლის შეუსრულებლობაზეც დავობს მოსარჩელე მხარე. შრომითი ხელშეკრულება შეიცავს მითითებას, რომ მოპასუხე ასრულებს დ--–------------------- თანამდებობრივ უფლებამოსილებას, რაც თავის თავში არ გულისხმობს იმ გარემოებას რომ მოპასუხეს ჰქონდა თანხმობის გარეშე პროდუქციის შემდგომში გადახდის პირობით (ე.წ კონსიგნაციით) გაცემის უფლება. აღნიშნულის უფლება თანხმობის გარეშე, რომ არ ჰქონდა ამას თავად მოპასუხეც ადასტურებს, შესაგებელშიც და სასამართლო პროცესების დროსაც.
3.4. აპელანტის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად ფაქტობრივი გარემოება, რომ ა-–------------------–---- სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებში სს „------–----–-------- სახელით სახელშეკრულებო ურთიერთობაში შედიოდა მესამე პირებთან, რომლებიც ყიდულობდნენ სს „------–----–-------- პროდუქციას. გადაწყვეტილება არ შეიცავს აღნიშნული გარემოების დასაბუთებას. სს „------–- კ-–-----ს“ არ მიუნიჭებია ა-–------------------–----სთვის უფლებამოსილება ამ პირებისათვის გაეტანებინა პროდუქცია. სასამართლო აღნიშნულის საპირისპირო განმარტებას აკეთებს მხოლოდ და მხოლოდ მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტებაზე დაფუძნებით, რაც იმ პირობებში რომ მოსარჩელე მხარის მიერ შედავებული გახლდათ საწინააღმდეგო ახსნა-განმარტებით არ უნდა ჩათვლილიყო ფაქტის დამადასტურებელ მტკიცებულებად.
3.5.აპელანტი მიუთითებს, რომ სასამართლოს ა-–------------------–----ს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების არსებობის სამართლებრივი საფუძვლის დასადგენად უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 103-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, „წარმომადგენლის უფლებამოსილება ან კანონიდან გამომდინარეობს ანდა წარმოიშობა დავალების (მინდობილობის) საფუძველზე.“ აღნიშნულის საპირისპიროდ სასამართლომ აბსოლუტურად დაუსაბუთებლად ჩათვალა სს „------–----–-------- ხელმძვანელი პირის მიერ ზეპირი თანხმობა გაცემულად და ზეპირი თანხმობის არ არსებობის მტკიცების ტვირთი კი დააკისრა მოსარჩელე მხარეს. სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლი და ისე დაადგინა სს „------–----–-------- ნება გამოვლენილად კ----- ჰ----------თან, ტ------ პ-----------თან და კ------------------თან ნასყიდობის ხელშეკრულებების დადების მიზნით.
აპელანტის განმარტებით, ა-–------------------–----ს მიერ სადავო ტრანზაქციების განხორციელებისას, სს „------–----–-------- ხელმძღვანელი პირების თანხმობის არ არსებობის მტკიცების ტვირთის სს ,,ქ-----–- კ-–-----ზე“ დაკისრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ დაარღვია როგორც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი, ისე უზენაესის სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა. სასამართლომ გაიზიარა ა-–------------------–----ს ახსნა-განმარტება, რომ მას ზეპირი თანხმობა ჰქონდა, მიუხედავად იმისა რომ აღნიშნული შედავებული იქნა მოსარჩელის მიერ. სწორედ ა-–------------------–----ს მტკიცების საგანს წარმოადგენდა ზეპირი თანხმობის არსებობა და არ შეიძლებოდა მოსარჩელეზე გადასულიყო ნეგატიური გარემობის მტკიცების ტვირთი. ა-–---------- ა------–---მა შესაგებელშიც და პროცესის მიმდინარეობისას არაერთხელ განაცხადა, რომ სადავო ტრანზაქციების განხორციელება შეთანხმებული ჰქონდა კომპანიის დირექტორთან, კომერციული დირექტორთან, ბუღალტერიასთან და საწყობთან. შესაბამისად, სწორედ მისი მტკიცების საგანს წარმოადგენდა აღნიშნული ახსნა-განმარტების გამყარება სხვა მტკიცებულებებით, მითუმეტეს როდესაც მოსარჩელის მიერ ასევე ახსნა-განმარტებით შედავებული იქნა აღნიშნული გარემოებების არსებობა. მოსარჩელე მხარე მოკლებული იყო შესაძლებლობას, რაიმე სხვა მტკიცებულებით გაემყარებინა საკუთარი ახსნა-განმარტება, ვინაიდან სამტკიცებელი იყო უარყოფითი გარემოება, რომლის დადასტურება სხვა მტკიცებულებით ობიექტურად შეუძლებელი იყო.
აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ დაარღვია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპი და მიუთითა გარემოებაზე, რომელიც მოპასუხის მიერ არ ყოფილა გაცხადებული. მოპასუხე მხარე აპელირებდა იმ გარემოებაზე, რომ მას სადავო ტრანზაქციების განხორციელებისას ჰქონდა დირექტორის, მოადგილის კომერციულ დარგში, ბუღალტერიის და საწყობის თანხმობები და არსად არ აღუნიშნავს რომ მას უფლებამოსილება არ გადაუჭარბებია, ვინაიდან მისი უფლებამოსილებები არ იყო გაწერილი შრომითი ხელშეკრულებით ან სხვა შიდა დოკუმენტაციით.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. სააპელაციო პალატას უდავოდ დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
4.1.1. ა-–---------- ა------–---ი 2016 წლის 04 იანვრიდან 13 სექტემბრამდე დასაქმებული იყო სს „------–- კ-–-----ში“ დ--–------------------- პოზიციაზე (ტ. І, ს.ფ. 15-19);
4.1.2. 2016 წლის მაისი-ივლისის თვეში ა-–---------- ა------–---მა სს „------–- კ-–-----იდან“ დილერებზე: კ-----------------ზე, ტ------ პ-----------ზე და კ------------------ზე გასცა მთლიანობაში 50488.86 ლარის ღირებულების პროდუქცია წინასწარი გადახდის გარეშე (ტ. І, ს.ფ. 25-30). მოსარჩელეს ხსენებული პირებისთვის წაღებული პროდუქციის ღირებულების გადახდა არ მოუთხოვია.
4.1.3. სადავო ტრანზაქციების შემდგომაც სს „------–- კ-–-----ს“ გააჩნია საქმიანი ურთიერთობა დილერ - ტ------ პ-----------თან (ტ. І, ს.ფ. 58, 63-66).
4.2. მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე სააპელაციო პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ სააქციო საზოგადოების დილერებზე პროდუქციის გაცემა დილერების მენეჯერს უნდა ეწარმოებინა ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით და თანხმობით (იხ. სარჩელი და შესაგებელი). სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ თანხმობის წერილობითი ფორმა მხარეებს შორის შეთანხმებული არ ყოფილა, შესაბამისად, ზეპირი თანხმობაც საკმარისი იყო მოპასუხის მხრიდან პროდუქციის დილერებზე გასაცემად.
4.3. სააპელაციო პალატა არ იზიარებს მოპასუხის განმარტებას, რომ მისი სადავო მოქმედება შეთანხმებული იყო კომპანიის დირექტორთან, დირექტორის მოადგილესთან კომერციულ დარგში, ბუღალტერთან და საწყობთან, გამომდინარე იქიდან, რომ მოპასუხეს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები სასამართლოსთვის არ წარუდგენია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
განსახილველ შემთხვევაში ა-–------------------–---- თავის შესაგებელს ამყარებს იმ გარემოებაზე, რომ მას პროდუქციის დილერებისთვის გადაცემაზე მიღებული ჰქონდა ხელმძღვანელების თანხმობა, შესაბამისად, აღნიშნული გარემოების მტკიცების ტვირთიც მას აწევს, რაც მან სათანადო მტკიცებულებებზე მითითითებით ვერ დასძლია.
4.4. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხის მიერ, კომპანიის დილერებზე ხელმძღვანელობის თანხმობის გარეშე გაცემული პროდუქციის ღირებულების მოპასუხეზე ზიანის სახით დაკისრების საფუძველი არ არსებობს.
უპირველეს ყოვლისა სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვინაიდან მხარეთა შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებით მხარეთა ვალდებულებები გაწერილია ძალიან ზოგადად და ბუნდოვნად, მიზანშეწონილია მოსარჩელის მოთხოვნის დელიქტური სამართლით რეგულირებული სამართლებრივი საფუძვლებით განხილვა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის შესაბამისად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძვლად სამოქალაქო უფლების დარღვევა მიიჩნევა. ქონებრივი პასუხისმგებლობის ვალდებულ პირზე დასაკისრებლად საჭიროა, რომ სახეზე იყოს სამართალდარღვევის შემადგენლობა. შემადგენლობის ორგანიზმს ჰქმნის სამართლებრივად ფასეულ სუბიექტურ და ობიექტურ გარემოებათა ერთობლიობა, რომელთა თანაარსებობა მოვალეზე პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია. ამ შემადგენლობის ელემენტებია: სამართალდარღვევის შედეგად მიყენებული ზიანი; დამრღვევის მართლსაწინააღმდეგო ქმედება; მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის; სამართალდარღვევის ბრალი.
სსკ-ის 992-ე მუხლის თანახმად, სამართლებრივი შედეგი (ზიანის ანაზღაურების ვალდებულება) ქმედების აბსტრაქტული შემადგენლობიდან (სხვა პირის მიმართ განხორციელებული ქმედება) გამომდინარეობს. იმისათვის, რომ მხარეს დაეკისროს ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, უტყუარად უნდა დასტურდებოდეს სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტის მართლსაწინააღმდეგო ქმედება - ბრალი (განზრახვა ან გაუფრთხილებლობა), შედეგი - ზიანი და მიზეზობრივი კავშირი პირის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ნორმის შემადგენელ აღნიშნულ ელემენტთაგან თუნდაც ერთ-ერთის არარსებობა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველია (შდრ: სუსგ №ას-507-481-2011, 30 იანვარი, 2012 წელი).
დასახელებული ნორმის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ქონებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტია ზიანის არსებობა. სამოქალაქო სამართალში ზიანში მოიაზრება ქონებაზე ან სამართლებრივად დაცულ სხვა სიკეთეზე გარკვეული ზემოქმედებით გამოწვეული უარყოფითი შედეგი. ზიანი წარმოადგენს სამართალდარღვევის შემადგენლობის აუცილებელ ელემენტს. თუ არაა ზიანი, არც ქონებრივი პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება დადგეს. ზიანი სწორედ რომ მართლსაწინააღმდეგო მოქმედების შედეგია. იგი წარმოადგენს სამართლებრივი სიკეთის ხელყოფის შედეგს.
ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ანაზღაურებაუნარიანი ზიანი. ასეთია სამართლებრივად მნიშვნელოვანი და დაცული ზიანი. ზიანი, რომლის ანაზღაურებაც შეუძლებელია, ვერ ჩაითვლება ასეთად. ქონებრივი ზიანის დადგენა ხდება ქონებრივი მდგომარეობის შეფასებით, კერძოდ, რა ქონებრივ მდგომარეობაში იმყოფებოდა პირი, სანამ მის მიმართ განხორციელდებოდა მართლსაწინააღმდეგო ქმედება და მას მიადგებოდა ქონებრივი ზიანი და რა მდგომარეობაში იმყოფებოდა პირი, ქონებრივი ზიანის გამომწვევი მართლსაწინააღმდეგო ქმედების შემდგომ. ზიანის მოცულობა განისაზღვრება ამ ორ მდგომარეობის შორის სხვაობით.
პალატა აღნიშნავს, რომ ზიანი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით უნდა იყოს მიყენებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც წესი, ზიანის ანაზღაურების საკითხი არ დადგება. მართლსაწინააღმდეგოდ მოქმედებს ის, ვინც არღვევს სამართლებრივ დანაწესებს, სამართლის ნორმათა მოთხოვნებს. მართლწინააღმდეგობა ობიექტური ნიშანია სამართალდარღვევისა და მისი არსებობა არაა დამოკიდებული მოვალის ცნობიერების ხასიათზე ანუ აცნობიერებდა თუ არა მოვალე თავისი ქმედების სამართლებრივ ხასიათს. მთავარია, რომ მოვალის ქმედება არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს. სამოქალაქო სამართალში მართლსაწინააღმდეგოდ მიიჩნევა სხვა პირთა დაცული ინტერესის ხელყოფა. მართლწინააღმდეგობა მოიცავს როგორც კანონით დადგენილი წესების, ისე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევას. მიზეზობრივი კავშირი სამართალდარღვევის ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტია. ანაზღაურდება მხოლოდ ისეთი ზიანი, რომელიც მართლსაწინააღმდეგო ქმედებით იყო გამოწვეული. იმისათვის, რომ მოვალეს დაეკისროს პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გაირკვეს, წარმოადგენს თუ არა ზიანი მოვალის მოქმედების უშუალო შედეგს. თუ მიზეზობრივი კავშირი სახეზეა, არსებული ზიანი ანაზღაურდება სრულად, მიუხედავად იმისა, თუ რა ოდენობისაა ეს ზიანი ან რამდენად მაღალია მოვალის ბრალეულობა დამდგარ შედეგში. პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება მხოლოდ მაშინაა ზიანის მიზეზი, როცა ის უშუალოდაა დაკავშირებული დამდგარ ზიანთან. ამგვარად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მისი გამომწვევი ქმედების უშუალო, აუცილებელი, პირდაპირი შედეგია (იხ. სუსგ №ას-155-145-2017, 26.10.2018 წ.).
პალატის მოსაზრებით, ზიანის არსებობის ფაქტისა და ამ ზიანის სწორედ მოპასუხის ბრალეული ქმედებით გამოწვევის მტკიცების ტვირთი პროცესუალურად ეკისრება მოსარჩელეს. სამოქალაქო კოდექსის 326-ე და 412-ე მუხლებით დადგენილია, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
ზიანის ფაქტის არსებობისა და ამ ზიანის მოპასუხის მიერ მიყენების ფაქტის მტკიცების თვალსაზრისით, სააპელაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველსა და მე-3 ნაწილებზე. მითითებული ნორმების თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად, მოსარჩელე ვალდებულია, სათანადოდ დასაბუთოს მისი მოთხოვნის მართებულობა, რაც მან ამ მოთხოვნის დამადასტურებელი, კანონშესაბამისი და უტყუარი მტკიცებულების სასამართლოში წარდგენის გზით უნდა განახორციელოს. ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარეებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს და შესაბამისად, ისინი მიუთითებენ მათზე (შდრ. სუსგ №ას-129-122-2014, 30.04.2014 წ.).
კონკრეტულ შემთხვევაში, პალატის მოსაზრებით, მოპასუხის მიერ დილერებზე მოსარჩელის სახელით გაცემული პროდუქციის ღირებულება არ წარმოადგენს ამ უკანასკნელისთვის მოპასუხის მიერ მიყენებულ ზიანს მოცემული მომენტისათვის.
უდავოა, რომ სს „------–- კ-–-----ს“ მოპასუხის მიერ წინასწარი გადახდის გარეშე გაცემული პროდუქციის ამოღება არ უცდია, იმ პირებისაგან ვისაც პროდუქცია უშუალოდ გადაეცა. მოსარჩელეს მათ მიმართ სასამართლოში პრეტენზია არ წარუდგენია. შესაბამისად, ამოწურული არ არის შესაძლებლობა გაცემული პროდუქციის ნასყიდობის თანხის მიღების უშუალოდ პროდუქციის შემძენთაგან.
განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი ზედნადებებით დასტურდება, რომ სს „------–- კ-–-----მა“ წინასწარი გადახდის გარეშე, კ-----------------ს 26903.28 ლარის, ტ------ პ-----------ს 10465.57 ლარის, ხოლო კ------------------ს 13120.01 ლარის პროდუქცია გადასცა. შესაბამისად, მანამდე სანამ არ ამოიწურება გადაცემული პროდუქციის ღირებულების შემძენთაგან ამოღების შესაძლებლობა, მანამდე აღნიშნული პროდუქციის ფასი ა-–---------- ა------–---ს ზიანად ვერ შეერაცხება.
ზიანის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება. შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი მასალებით პალატას მიაჩნია, რომ კონკრეტული ზიანის (პროდუქციის ღირებულება) მიყენების ფაქტი არ დასტურდება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლითაც მართებულად არ დაკმაყოფილდა სარჩელი.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი რჩება სახელმწიფო ბიუჯეტში.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „------–----–-------- სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე ბესარიონ ტაბაღუა
მოსამართლეები დიანა ბერეკაშვილი
ვანო წიკლაური