განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 06.11.2018
საქმის ნომერი
330210117002213413
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება, სამოქალქო
თარიღი
06.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210117002213413

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

06 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

საქმე №2ბ/3796-18

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე - ვანო წიკლაური

მოსამართლეები: ნათია გუჯაბიძე, გოდერძი გიორგიშვილი

 

სხდომის მდივანი - ელენე ომანიძე

 

აპელანტი - თ------ ვ------–---, გ------- ვ------–---, მ------ ჯ-----

წარმომადგენელი - კ--- მ--------

 

მოწინააღმდეგე მხარე - ი---------–---–-

წარმომადგენელი - ნ----–--- ბ----–---–-

 

დავის საგანი - ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, თანამესაკუთრედ აღრიცხვა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 01 მაისის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 01 მაისის გადაწყვეტილებით ი---------–---–-ს სასარჩელო მოთხოვნები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი 2017 წლის 28 ივნისს თ------ ვ------–---ს და მ------ ჯ-----ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, გ------- ვ------–---ს თანასაკუთრების, კერძოდ კი უძრავი ქონების ½ წილის გასხვისების ნაწილში. ქ-------–--–-------–-–---–-------ში მდებარე უძრავ ქონებაზე საკადასტრო კოდით 0---------------, ½ ნაწილის მესაკუთრედ ცნობილი იქნა გ------- ვ------–---. ი---------–---–-ს სასარჩელო მოთხოვნა 2017 წლის 28 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულების სრულად ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ------- ვ------–---ს ი---------–---–-ს სასარგებლოდ დაეკისრა არასრულწლოვანი შვილების რჩენა-აღზრდისთვის ყოველთვიური ალიმენტი

210 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- გადაწყვეტილება (ს.ფ 22-23)

 

2.2. დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 26 დეკემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებულია სააღსრულებო წარმოება.

 

თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2017 წლის 5 ოქტომბერს გაცემული ცნობიდან ირკვევა, რომ მოვალე გ------- ვ------–--- 2014 წლის მაისიდან არ იხდის ყოველთვიურად დაკისრებულ ალიმენტს 210 ლარს და მისი დავალიანება ცნობის გაცემის დროისათვის შეადგენს 10024.56 ლარს. მიუხედავად არაერთი სააღსრულებო მოქმედების განხორციელებისა , მოვალისგან დაკისრებული ალიმენტის გადახდევინება ვერ ხერხდება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ 24)

- თბილისის სააღსრულებო ბიუროს ცნობა (ს.ფ 25)

 

2.3. უდავოა, რომ მოპასუხეები გ------- ვ------–--- და თ------ ვ------–--- 2013 წლის 2 დეკემბრიდან იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქორწინების მოწმობა (ს.ფ 183)

 

2.4. მხარეები არ ხდიან სადავოდ იმ გარემოებას, რომ თ------ ვ------–--- და მ------ ჯ----- არიან დედა-შვილი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი)

 

2.5. 2017 წლის 10 აპრილს ლ---–- ვ------–---ს (გამყიდველი) და თ------ ვ------–---ს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე მდებარე: ქ-------–---------–-–---–------, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი 0---------------. ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 27 000 აშშ დოლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ 26-27)

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ განსახილველ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.6. 2017 წლის 28 ივნისს თ----- ვ------–---ს (გამყიდველი) და მ------ ჯ-----ს (მყიდველი) შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე მდებარე: ქ-------–---------–-–---–------, საკადასტრო კოდით 0---------------. ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 27 000 აშშ დოლარით. ზემოაღნიშნული ქონება საკუთრების უფლებით აღირიცხა მ------ ჯ----ის სახელზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ 28-29)

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ 30-31)

 

2.7. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თ------ ვ------–---ს და მ------ ჯ-----ს შორის დადებული სადავო გარიგება მოჩვენებითი ხასიათისაა აღნიშნული დასკვნა ემყარება სასარჩელო მოთხოვნების განხილვისას დადასტურებულ რამდენიმე გარემოებას:

 

2017 წლის 5 ოქტომბრის თბილისის სააღსრულებო ბიუროს ცნობის მიხედვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 26 დეკემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებულია სააღსრულებო წარმოება.

 

2014 წლის მაისიდან გ------- ვ------–--- აღარ იხდის ალიმენტს და მისი საალიმენტო ვალდებულება შეადგენს 10024.56 ლარს, საყურადღებოა რომ სადავო გარიგება შედგენილია მოპასუხის მიერ საალიმენტო ვალდებულების შეწყვეტის შემდეგ.

 

საქმის განხილვისას გამოირკვა, რომ თ------ ვ------–---მ 2017 წლის 10 აპრილს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით უძრავი ქონება შეიძინა მოპასუხე გ------- ვ------–---ს დედის, ლ---–- ვ------–---სგან.

 

გ------- ვ------–--- და თ------ ვ------–--- არიან მეუღლეები და ეწევიან ერთობლივ სამეურნეო საქმიანობას.

 

დადგენილია, რომ თ------ ვ------–---მ სადავო უძრავი ქონება შეძენიდან მოკლე დროში გაასხვისა მ------ ჯ----ის სახელზე.

 

მოპასუხეები თ------ ვ------–--- და მ------ ჯ----- არიან დედა-შვილი.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეებს არ წარმოუდგენიათ მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მათ მიერ ნასყიდობის საგნის ღირებულების არამარტო დოკუმენტურად არამედ რეალურად გადახდის ფაქტს, როგორიც შეიძლება იყოს თანხის საბანკო ანგარიშსწორების გზით გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

 

ასევე არ არსებობს მტკიცებულება მასზედ, რომ მოპასუხე მ------ ჯ-----ს გააჩნია დამოუკიდებელი შემოსავალი და შეუძლია შეიძინოს უძრავი ქონება.

 

ამდენად, საქმის განხილვის შედეგად დადასტურებული გარემოებები და სხვა მტკიცებულებანი სასამართლოს უყალიბებენ რწმენას, რომ სადავო გარიგება ატარებს მოჩვენებით ხასიათს, და მისი შედგენის მიზანს წარმოადგენდა თბილისის საქალაქო

 

სასამართლოს 2011 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ------- ვ------–---სთვის დაკისრებული საალიმენტო ვალდებულებისგან თავის არიდება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ 28-29)

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ 30-31)

- გადაწყვეტილება (ს.ფ 22-23)

- თბილისის სააღსრულებო ბიუროს ცნობა (ს.ფ 25)

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.8. სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

სამოქალაქო კოდექსის 1159-ე მუხლის მიხედვით, თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე მეუღლეებს აქვთ თანაბარი უფლებები. ამ ქონების ფლობა, სარგებლობა და განკარგვა ხორციელდება მეუღლეთა ურთიერთშეთანხმებით.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობა მხოლოდ რეგისტრირებული ქორწინების ფაქტს უკავშირებს მეუღლეთა უფლება-მოვალეობათა წარმოშობას და ამ უფლებებისა და მოვალეობების წარმოშობის მომენტთან მიმართებაში მითითებული ნორმის სხვაგვარი განმარტება ეწინააღმდეგება მის ნორმატიულ შინაარს. ამდენად, ქორწინების განმავლობაში ქონების შეძენის ფაქტი (კანონით დადგენილი გამონაკლისების გარდა) საკმარისი საფუძველია, რომ მივიჩნიოთ ეს ქონება მეუღლეთა თანასაკუთრებად.

 

განვითარებული მსჯელობის შესაბამისად, 2017 წლის 10 აპრილს თ------ ვ------–---ს მიერ ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეძენილი უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით #0--------------- წარმოადგენდა გ------- ვ------–---ს და თ------ ვ------–---ს საერთო ქონებას (თანასაკუთრებას).

 

2.9. სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

 

სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს. (მოჩვენებითი გარიგება).

 

სასამართლომ განმარტა, რომ მოჩვენებითი გარიგების არსებობის შემთხვევაში, არ არსებობს ნების გამოვლენის გარეგანი დათქმა. ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ ნების გამომვლენი და ნების მიმღები მოქმედებდნენ შეთანხმებით და ორივე აცნობიერებდეს ნების ნაკლს. მოჩვენებითი გარიგების დროს კანონი ადგენს კავშირს ფიქტიურ გარიგებასა და ნების მიმღები ადრესატის თანხმობას შორის.

 

დასახელებული ნორმის აღწერილობითი ნაწილი იძლევა მოჩვენებითი გარიგების იურიდიულ დეფინიციას და ნორმით გათვალისწინებული შედეგის მიმართ გადამწყვეტია მხოლოდ და მხოლოდ მხარეთა ნამდვილი ნება, ანუ მათ არ უნდა სურდეთ იმ სამართლებრივი შედეგის მიღწევა, რასაც გარიგება ითვალისწინებს, არამედ ამ გარიგების დადება ემსახურება სხვა, მათ შორის მესამე პირის მიმართ ვალდებულების შესრულებისათვის თავის არიდებას. თავის მხრივ, მოჩვენებითი გარიგება, როგორც წესი, ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, ყოველთვის შეესაბამება ამ ტიპის გარიგების დადებისათვის კანონით დადგენილ წესსა და პირობებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სახეზე გვექნებოდა ამავე კოდექსის ზოგადი თუ კერძო ნაწილით განსაზღვრული გარიგების ბათილად ცნობის საფუძვლები.

 

მოჩვენებითი გარიგების არსებობის შემთხვევაში, არ არსებობს გამოვლენის გარეგანი დათქმა. ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ ნების გამომვლენი და ნების მიმღები მოქმედებდნენ შეთანხმებით და ორივე აცნობიერებდეს ნების ნაკლს. მოჩვენებითი გარიგების დროს კანონი ადგენს კავშირს ფიქტიურ გარიგებასა და ნების მიმღები ადრესატის თანხმობას შორის.

 

მოჩვენებითი გარიგება მოკლებულია ნამდვილობას და მხარეთა მოჩვენებითი გარიგების დროს მოსაჩვენებლად იქცევა ამ გარიგების მონაწილე ნების გამოვლენის ყველა სუბიექტი და მათ არ სურთ გარიგების შესრულება. ასეთი გარიგების შედეგად კანონსაწინააღმდეგო მიზნის მიღწევა ან სხვა გარიგების დაფარვა ორივე მხარის ინტერესი და მიზანი უნდა იყოს.

 

იმისათვის, რომ სასამართლომ სადავო გარიგება, მიიჩნიოს მოჩვენებით გარიგებად, აუცილებელია, ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ ურთიერთშეთანხმებაზე, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას.

 

მითითებული გარემოებების დადასტურება ეკისრება პირს, რომელიც ითხოვს ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას, რადგან თუნდაც მოსარჩელე უთითებდეს გარიგების ერთი მხარის არაკეთილსინდისიერებაზე, ივარაუდება, რომ გარიგების მეორე მხარე მოქმედებდა კეთილსინდისიერად, რისი გაქარწყლებაც მოსარჩელეს ევალება.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ 2017 წლის 28 ივნისს ხელშეკრულების შედგენისას მხარეები მოქმედებდნენ არაკეთილსინდისიერად, ხელშეკრულება შედგენილია უახლოეს ოჯახის წევრებს შორის, რომლებისთვისაც ცნობილი იყო გ------- ვ------–---ს შეუსრულებელი საალიმენტო ვალდებულების შესახებ. ამდენად სასამართლოს ჩამოუყალიბდა შინაგანი რწმენა, რომ სადავო გარიგების შედგენის მიზანს წარმოადგენდა სამართლებრივი სიმულაციის შედეგად ერთობლივი კანონსაწინააღმდეგო მოქმედებით თავიდან აერიდებინათ მოპასუხე გ------- ვ------–---ს მიერ ალიმენტის გადახდა. აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ თ------ ვ------–---ს და მ------ ჯ-----ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება მოჩვენებითი ხასიათისაა და ნაწილობრივ, გ------- ვ------–---ს თანასაკუთრების წილის (1/2 ნაწილი) გასხვისების ნაწილში უნდა დაექვემდებაროს გაბათილებას.

 

2.10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.

 

სამოქალაქო კოდექსის 991-ე მუხლის დანაწესით პირი, რომელიც სხვა პირის ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრდა სხვა საშუალებითაც, გარდა იმისა, რაც გათვალისწინებულია ამ თავში, მოვალეა დაუბრუნოს მას მიღებული.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ უძრავი ქონების გასხვისების შესახებ მიღებული გარიგება მიიჩნია ბათილად და სამოქალაქო კოდექსის 991-ე მუხლის გათვალისწინებით მართლსაწინააღმდეგო გარიგების საფუძველზე განკარგული ქონების ნაწილი კვლავ უნდა აღირიცხოს გ------- ვ------–---ს სახელზე.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1.1. აპელანტების განმარტებით სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა მ------ ჯ----ის მტკიცება, რომ აღნიშნული სარჩელის გაცნობამდე მან საერთოდ არაფერი იცოდა დედის, თ------ ვ------–---ს, ამჟამინდელი მეუღლის გ------- ვ------–---ს შვილების მიმართ საალიმენტო ვალდებულებების შესახებ, მან მხოლოდ ახლა შეიტყო, რომ გ. ვ------–---ს ი---------–---–თან შვილები ჰყავდა. სასამართლომ რატომღაც არ გაიზიარა ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ მ. ჯ----- დამოუკიდებელი, სრულწლოვანი ადამიანია და აქვს თავისი დამოუკიდებელი შემოსავლები. მას ერთ-ერთ ასეთი დადასტურებულ შემოსავალი მიღებული აქვს 2015 წლის 27 მაისს 25 000 ლარად უძრავი ქონების, მდებარე ქ-------–--------------------------------, საკადასტრო კოდით 0---------------------- გასხვისებით.

 

3.1.2. აპელანტების მითითებით თ------ ვ------–---მ სადავო უძრავი ქონება შეიძინა 2017 წლის 10 აპრილს თავისი პირადი სახსრებით, იმ ქონებით, რომელიც მას ეკუთვნოდა დაქორწინებამდე და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1161-ე მუხლის შესაბამისად, ეს ქონება მისი ინდივიდუალური საკუთრება გახდა; მეორეც, სასამართლოს გადაწყვეტილებით ვერ დასტურდება, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა მოჩვენებითი გარიგება და ის ცნობილი უნდა იქნეს ბათილად, რადგან სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა მოპასუხე მ------ ჯ----ის მტკიცება, რომ აღნიშნული სარჩელის გაცნობამდე მან საერთოდ არაფერი იცოდა დედის, თ------ ვ------–---ს ამჟამინდელი მეუღლის გ------- ვ------–---ს შვილების მიმართ საალიმენტო ვალდებულებების შესახებ.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

4.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

4.1.1. თ------ ვ------–---ს და მ------ ჯ-----ს შორის 2017 წლის 28 ივნისს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე, მდებარე, ქ-------–---------–-–---–-------ში, საკადასტრო კოდით:0--------------- ½ ნაწილში ბათილია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მოსაჩვენებლად, მხოლოდ იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს.

 

მოჩვენებითი გარიგების არსებობის შემთხვევაში, არ არსებობს ნების გამოვლენის გარეგანი დათქმა. ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ ნების გამომვლენი და ნების მიმღები მოქმედებდნენ შეთანხმებით და ორივე აცნობიერებდეს ნების ნაკლს. მოჩვენებითი გარიგების დროს კანონი ადგენს კავშირს ფიქტიურ გარიგებასა და ნების მიმღები ადრესატის თანხმობას შორის. ამრიგად, განსახილველი ნორმით იგულისხმება ის შემთხვევა, რომლითაც, როგორც ნების გამომვლენი, ისე ნების მიმღები მოქმედებდნენ იმ განზრახვის გარეშე, რომ ამ გარიგებას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს. ყოველივე აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ მოჩვენებით გარიგებას ახასიათებს მხარეთა „ურთიერთშეთანხმება“, „გარიგება“ მოჩვენებით ნების გამოვლენის შესახებ. ამ შემთხვევაში ორივე მხარეს გაცნობიერებული აქვს, რომ ასეთი ნების გამოვლენას არ მოჰყვება იურიდიული შედეგი.

 

სასამართლო პრაქტიკამ აჩვენა, რომ ძირითადად მოჩვენებითი გარიგების დადება დაკავშირებულია მესამე პირებთან არსებულ ურთიერთობასთან, (მაგალითად, მოჩვენებითი გარიგების დადების ერთ-ერთ მოტივს შეიძლება წარმოადგენდეს მესამე პირის მოტყუება, პასუხისმგებლობისაგან თავის არიდება და ა.შ.). ამრიგად, იმისათვის, რომ სასამართლომ სადავო გარიგება მიიჩნიოს მოჩვენებით გარიგებად, აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ „ურთიერთშეთანხმებაზე”, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას.

 

ამ მხრივ მეტად დიდი მნიშვნელობა გააჩნია პრეზუმფციებისა და მტკიცების ტვირთის სწორად განსაზღვრას. მითითებული გარემოებების დადასტურება ეკისრება პირს, რომელიც ითხოვს ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას, რადგან თუნდაც მოსარჩელე უთითებდეს გარიგების ერთი მხარის არაკეთილსინდისიერებაზე, ივარაუდება, რომ გარიგების მეორე მხარე მოქმედებდა კეთილსინდისიერად, რისი გაქარწყლება ევალება მოსარჩელეს, მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც გარიგება იდება ნათესავებს (მაგალითად, დედა-შვილს შორის) ან სხვა ოჯახის წევრებს შორის, ივარაუდება, რომ ოჯახის წევრებისათვის ცნობილია არსებული ვალდებულებებისა და, ასევე მათი ოჯახის წევრის მიერ ქონებრივი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების თაობაზე.

 

სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპზეა დამყარებული, რაც თავისთავად მიანიშნებს მხარეთა შესაძლებლობაზე, მათი მოთხოვნები, თუ ამ მოთხოვნის წინააღმდეგ წარდგენილი შესაგებლები დამაჯერებლად დაადასტურონ. მტკიცების პროცესში მხარე არ არის შეზღუდული და ის თავად წყვეტს რომელი ფაქტით დაამტკიცოს მოთხოვნის მართებულობა, თუმცა, ვალდებულია მითითებული ფაქტები სარწმუნო მტკიცებულებებს დაამყაროს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით განსაზღვრულია მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების პროცესუალური წესი და დადგენილია, თუ რა საშუალებითაა შესაძლებელი სადავო გარემოებების დადასტურება, ამავე ნორმის მე-3 ნაწილით კანონმდებელმა დაადგინა მტკიცებულებათა სათანადოობის შემოწმების აუცილებლობა. ნორმის დისპოზიცია, უმთავრესად, მტკიცების ტვირთის მატერიალური კანონმდებლობით განსაზღვრას უკავშირდება, კერძოდ, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

ამდენად, მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების შედეგად, როგორც წესი, მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს გარიგების მოჩვენებითობა და შემძენის არაკეთილსინდისიერება, თუმცა, იმ შემთხვევაში, როდესაც გარიგება ახლო ნათესავებს შორის იდება, ასეთ ვითარებაში არსებობს პრეზუმფცია, რომ ახლო ნათესავმა (დედამ, შვილმა, დამ, ძმამ, მეუღლემ) იცოდა გარიგების ბათილობის წინაპირობების თაობაზე. შესაბამისად, ახლო ნათესავებს შორის გარიგების დადების პირობებში, შემძენის კეთილსინდისიერების პრეზუმფცია არ არსებობს, რაც იმთავითვე მტკიცების ტვირთის შებრუნების საფუძველია.

 

მოცემულ შემთხვევაში, ი---------–---–- უთითებს და პირველი ინსტანციის სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილებით, გ------- ვ------–---ს, ი---------–---–-ს სასარგებლოდ არასრულწლოვანი შვილების რჩენა-აღზრდისთვის დაეკისრა ყოველთვიური ალიმენტი 210 ლარი.

- თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2011 წლის 26 დეკემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებულია სააღსრულებო წარმოება. მიუხედავად არაერთი სააღსრულებო მოქმედების განხორციელებისა, მოვალისგან - გ------- ვ------–---სგან დაკისრებული ალიმენტის გადახდევინება ვერ ხერხდება.

- გ------- ვ------–--- და თ------ ვ------–--- 2013 წლის 2 დეკემბრიდან იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში.

- მ------ ჯ----- თ------ ვ------–---ს შვილია.

- 2017 წლის 10 აპრილს ე.ი. გ------- ვ------–---ს და თ----- ვ------–---ს ქორწინების განმავლობაში ლ---–- ვ------–---ს (გამყიდველი) და თ------ ვ------–---ს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე მდებარე: ქ-------–---------–-–---–------, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი 0---------------. ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 27 000 აშშ დოლარი.

- 2017 წლის 28 ივნისს თ----- ვ------–---ს (გამყიდველი) და მ------ ჯ-----ს (მყიდველი) შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება ნასყიდობის საგანს თ----- ვ------–---ს და გ------- ვ------–---ს შორის რეგისტრირებული ქორწინების განმავლობაში შეძენილი უძრავი ქონება მდებარე: ქ-------–---------–-–---–------, საკადასტრო კოდი 0--------------- წარმოადგენდა.

 

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების მიმართ დასაბუთებული შედავება სააპელაციო წესით წარმოდგენილი არ არის. შესაბამისად, პალატა ზემოჩამოთვლილი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ საფუძვლიანია ი---------–---–-ს მითითება იმის თაობაზე, რომ თ------ ვ------–---ს და მ------ ჯ-----ს შორის უძრავი ქონების თაობაზე დადებული ნასყიდობის შესახებ გარიგება მოჩვენებითია. აღნიშნული მტკიცების გაქარწყლების ვალდებულება აპელანტებს/მოპასუხეებს ჰქონდათ, კერძოდ, თ------ ვ------–---ს უნდა ემტკიცებინა, რომ მეუღლეთა ქორწინების განმავლობაში მეუღლის - გ------- ვ------–---ს დედისგან ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეძენილი უძრავი ქონება იმ სახსრებით შეიძინა, რომელიც მას დაქორწინებმადე გააჩნდა და შესაბამისად, სადავო უძრავი ნივთი მეუღლეთა თანასაკუთრებას არ წარმოადგენს. ნიშანდობლივია, რომ ამ მიმართებით სამართლებრივად ვარგის მტკიცებულებებზე თ----- ვ------–---ს მხრიდან მითითებული არ ყოფილა. რაც შეეხება, მ------ ჯ-----ს მას უნდა ემტკიცებინა, რომ მან მართალია, დედისგან შეიძინა ამ უკანასკნელს და გ------- ვ------–---ს ქორწინების განმავლობაში გ------- ვ------–---ს დედისგან მათ შორის გარიგების დადებამდე რამდენიმე თვით ადრე შეძენილი ქონება, თუმცა, არსებობდა უძრავი ქონების შეძენის ნამდვილი ნება და, რომ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა, სცოდნოდა იმ საფრთხის თაობაზე, რომ აღნიშნული ქონება, როგორც გ------- ვ------–---ს თანასაკუთრება ი---------–---–-ს სასარგებლოდ, როგორც არასრულწლოვანი შვილების რჩენა-აღზრდისთვის დაკისრებული ალიმენტის დავალიანების დაფარვას შეიძლებოდა მოხმარებოდა. შესაბამისად, ასეთ ვითარებაში სწორედ მოპასუხე მ------ ჯ-----ს უნდა ემტკიცებინა, რომ ის კეთილსინდისიერია. მასვე უნდა დაედასტურებინა, თუ რამ განაპირობა დედასთან ხელშეკრულების დადება დროის ისეთ მონაკვეთში, როდესაც ქონების თანამესაკუთრის გ------- ვ------–---ს ყოფილ მეუღლეს ი--------–---–ს სადავო უძრავ ქონებაზე გ------- ვ------–---ს თანასაკუთრების შენარჩუნების ინტერესი ჰქონდა. საბოლოოდ, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტებმა ვერ დაადასტურეს სადავო ხელშეკრულების დადების ნამდვილი ნება. დედა-შვილს შორის დედის და მისი მეუღლის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების განკარგვა იმ დროს, როდესაც ამ უძრავი ნივთის თანამესაკუთრეს (გ------- ვ------–---ს) მესამე პირის მიმართ ვალდებულების შესრულების პასუხისმგებლობა ეკისრებოდა, მიუთითებს პასუხისმგებლობისაგან თავის არიდებაზე, რაც ცნობილი უნდა ყოფილიყო მისი ოჯახის წევრისათვის (მეუღლის და მისი შვილისათვის), ხოლო საწინააღმდეგო, რაც უარყოფდა ამ პრეზუმფციას, დადასტურებული ვერ იქნა აპელანტების მიერ.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტებმა მტკიცების ტვირთის ჯეროვანი განაწილების ფარგლებში ვერ დაადასტურეს მათი მტკიცების საგანში შემავალი გარემოებები, კერძოდ, მიუხედავად გარიგების მხარეთა ახლო-ნათესაური კავშირისა ნების გამოვლენის ნამდვილობა იმ პირობებში, როდესაც მესამე პირს ჰქონდა ქონებრივი ხასიათის მოთხოვნები ქონების თანამესაკუთრის, მოცემულ შემთხვევაში, გ------- ვ------–---ს მიმართ. გათვალისწინებით იმისა, რომ მოსარჩელეს ვადამოსული მოთხოვნის უფლება მხოლოდ გ------- ვ------–---ს მიმართ გააჩნია, პალატა მიიჩნევს, რომ სადავოდ გამხდარი გარიგება ½ ნაწილში ბათილია, გამოვლენილი ნების მოჩვენებითი ხასიათის გამო.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში იგულისხმება ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა დარჩეს.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. თ----- ვ------–---ს, გ------- ვ------–---ს და მ------ ჯ----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 01 მაისის გადაწყვეტილება.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

სხდომის თავმჯდომარე: /ვანო წიკლაური/

 

მოსამართლეები: /ნათია გუჯაბიძე /

 

/გოდერძი გიორგიშვილი /