განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 01.11.2018
საქმის ნომერი
330210017001848270
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
01.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210017001848270

საქმე №2ბ/5605-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

1 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თავმჯდომარე - ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები - თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი

ოთარ სიჭინავა

სხდომის მდივანი - თამარ ბლიაძე

 

აპელანტი: შპს ,,ს--–-----–-------------------------–--------ი“

წარმომადგენელი - ს------- ყ-----–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე - ქ------- ს---–ა

წარმომადგენელი - მ--- ს---–---–ი

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილება

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილები გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილებით ქ------- ს---–ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხე შპს „ს--–-----–-------------------------–--------ის“ ქ------- ს---–ას სასარგებლოდ დაეკისროს მხარეთა შორის გაფორმებული 2016 წლის 4 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2.2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული 30 000,00 აშშ დოლარის გადახდა; მოპასუხე შპს „ს--–-----–-------------------------–--------ის“ ქ------- ს---–ას სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 31 იანვრიდან სარჩელის აღძვრის დღის (2017 წლის 15 მარტის) ჩათვლით, 44 დღის პირგასამტეხლოს 6 600,00 აშშ დოლარისა და სარჩელის აღძვრის დღიდან სასამართლო გადაწყვეტილების სრულად აღსრულების დღემდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე - გადაუხდელი ნასყიდობის საფასურის 0,5%-ის გადახდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. 2016 წლის 4 მარტს ქ------- ს---–ასა და შპს „ს--–-----–-------------------------–--------ს“ შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, გამყიდველმა მყიდველს მიყიდა მთლიანი მიწის ნაკვეთის შესაბამის წილთან ერთად უძრავი ქონება, რომლის მახასიათებლებია: ს------------–------------------–--------------------------–----------------------–----------------------------------------------–---------–-----–-------------------, საკადასტრო კოდი: 0----------------------, ფართი 36,49 კვ.მ.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 4-5).

უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 15-16).

 

2.2. უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით მხარეებმა ნასყიდობის საგნის ღირებულება განსაზღვრეს 65 000,00 აშშ დოლარით. ხელშეკრულების 2.2. პუნქტის თანახმად, მყიდველის მიერ თანხის გადახდა განხორციელდებოდა ეროვნულ ვალუტაში გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად, გამყიდველის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვით, ან ნაღდი ანგარიშსწორებით შემდეგი გრაფიკით: ა). 2016 წლის 15 მარტამდე - 10 000,00 აშშ დოლარი, ბ). 2016 წლის 15 აპრილამდე - 25 000,00 აშშ დოლარი, გ). 2017 წლის 31 იანვრამდე - 30 000,00 აშშ დოლარი.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 4-5).

უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 15-16).

 

2.3. უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების 4.2. პუნქტის თანახმად, თუ მყიდველი ვერ ახერხებს მასზე დაკისრებული ვალდებულებების სრულად შესრულებას ამ ხელშეკრულების 2.2. პუნქტით გათვალისწინებულ ვადებში, მას დაეკისრება პირგასამტეხლო, რომლის ოდენობა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენს ნასყიდობის საგნის ღირებულების 1%-ს.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 4-5).

უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 15-16).

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.4. სასამართლომ მიუთითა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის მიხედვით, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი.

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეებს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე, მდებარე თბილისი, ც----------ის ქ №---, საკადასტრო კოდი: 0----------------------, ფართი 36,49 კვ.მ. გამყიდველი ქ------- ს---–ას მითითებით, მყიდველმა შეასრულა ვალდებულება მხოლოდ 35 000,00 ლარის ნაწილში, და გადასახდელი აქვს 30 000,00 აშშ დოლარის ოდენობით ნასყიდობის დარჩენილი საფასური, რაც მყიდველს 2017 წლის 31 იანვრამდე უნდა გადაეხადა (ს.ფ. 4-5, იხ. 2017 წლის 21 ივლისის სასამართლო სხდომის ოქმი, 13:20:29). მოპასუხე მხარე აღიარებს მოსარჩელის წინაშე დავალიანების 30 000,00 აშშ დოლარის არსებობას და ასევე 2017 წლის პირველი თებერვლიდან ვალდებულების დარღვევას (ს.ფ. შესაგებელი, იხ, 2017 წლის 21 ივლისის სასამართლო სხდომის ოქმი, 13:19:29).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის მიხედვით, აღიარება ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. ამავე კოდექსის 132-ე მუხლის მიხედვით, მხარეთა აღიარების ფორმა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების არსებობის ან არარსებობის აღიარება მხარეს შეუძლია როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმით, საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების ან ამ საქმის სასამართლო სხდომაზე განხილვის დროს. თუ აღიარება წარმოდგენილია წერილობითი ფორმით, იგი დაერთვის საქმეს. ზეპირად გაკეთებული აღიარება შეიტანება სასამართლო სხდომის ოქმში. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე მხარე აღიარებს, რომ მას ნასყიდობის საფასური არ გადაუხდია. სასამართლო სსსკ-ის 131-ე მუხლის მიხედვით, უფლებამოსილია მოპასუხის ამგვარი აღაირება საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

სასამართლომ განმარტა, რომ დისპოზიციურობის პრინციპი სამართალწარმოებაში ესაა საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული და გარანტირებული შესაძლებლობა, მხარეებმა თავისუფლად ისარგებლონ ან განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. დისპოზიციურობის პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ ნაწილობრივ ცნო სარჩელი მის მიმართ დაყენებული მოთხოვნების შესაბამისად. მოპასუხემ ცნო სასარჩელო მოთხოვნები 30 000,00 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს 0,05%-ის დარიცხვის ნაწილში ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

ზემოაღნიშნული მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელის მოთხოვნა - 30 000,00 აშშ დოლარისა და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს 0,05%-ის დარიცხვის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის გამო.

 

2.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო _ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს მიყენებულ ზიანს.

 

აღნიშნული ნორმის მიხედვით, პირგასამტეხლო მოვალეს ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში უპირობოდ ეკისრება. განსახილველ შემთხვევაში, არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს. დადგენილია მყიდველის მიერ ნასყიდობის საფასურის თანხის გადახდის გრაფიკის დარღვევა, კერძოდ, 2017 წლის პირველი თებერვლიდან ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილება.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ შეუსაბამოდ მაღალია ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს განაკვეთი - ნასყიდობის საგნის ღირებულების 1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე და 2017 წლის 31 იანვრიდან 2017 წლის 15 მარტის ჩათვლით (სარჩელის აღძვრის დღე) 44 დღეზე პირგასატეხლოს ოდენობა 13 200,00 აშშ დოლარი.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული ოდენობა შეუსაბამოა ვალდებულების დარღვევის შედეგად მოსალოდნელ სავარაუდო ზიანთან მიმართებაში. დამრღვევის მხრიდან ბრალის ხარისხის, დარღვევის სიმძიმისა და დარღვევის შედეგებიდან გამომდინარე, სასამართლოს გონივრულად მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს განაკვეთი 1%-დან შემცირდეს 0,5% -მდე და ასევე, ნასყიდობის საფასურის გადახდის ვადის გადაცილების გამო დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა 2017 წლის 31 იანვრიდან 2017 წლის 15 მარტის ჩათვლით განისაზღვროს 6 600,00 აშშ დოლარით.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1. აპელანტი მიუთითებს გადაწყვეტილების 6.2. პუნქტზე და განმარტავს, რომ სასამართლოს მსჯელობა არ შეესაბამება ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნები საურავისდანიშნულებას, მისი ხასიათის, ოდენობის და მოვალის მხრიდან ვალდებულების დარღვევასთან მიმართებაში არ იქნა სათანადოდ ურთიერთშეფასებული. კერძოდ, სასამართლო თვისივე გადაწყვეტილებაში მიუთითებს პირგასამტეხლოს იურიდიულ ხასიათთან დაკავშირებით, რომ საურავი ატარებს პრევენციულ ხასიათს და არ უნდა გადააჭარბოს იმ ზიანს, რაც შეიძლება კრედიტორმა განიცადოს; ასევე საურავის მიზანია კრედიტორის უფლებების აღდგენა და არა მისი გამდიდრება. აღნიშნულის გათალისქინებით და საქმეშ არსებული ფაქტობრივი გარემოებების, აპელანტი აღნიშნავს, რომ კომპანიამ ნასყიდობის საგანი შეიძინა 2016 წლის 04 მარტს 65 000 აშშ დოლარად, საიდანაც ნახევარზე მეტი 35 000 აშშ დოლარი გამყიდველს გადაუხადა ერთი თვის ვადაში - 2017 წლის 15 აპრილამდე, ხოლო დარჩენილი თანხის გადახდაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ მყიდველი საფასურს დაფარავდა 2017 წლის 31 იანვრამდე. 2016 წლის ბოლოს კომპანიაში შექმნილი ფინანსური სიძნელეების გამო დროულად ვერ შესრულდა ნაკისრი ვალდებულება გამყიდველთან, რაც რა თქმა უნდა მათი მხრიდან ვალდებულების დარღვევაა, ამჟამად, ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება სრულად შესრულებულია.

 

აპელანტი განმარტავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საურავი შეამცირა 1%-დან 0.5%-მდე, რაც აპელანტის მსოაზრებით დაუსაბუთებელია, რადგან იმ პირობებში როცა გადაუხდელ თანხაზსე 30 000 აშშ დოლარზე დარიცხული ყოველდღიურად 150 აშშ დოლარი, რაც თვეში შეადგენს 4500 აშშ დოლარს, ხოლო 01.02.2017-09.10.2017-მდე პერიოდში 37 500 აშშ დოლარს, ამ ლოგიკით ძირითად თანხაზე დაერიცხათ ყოველთვიური 15% გადახდა, რაც წლიურ 80%-ს შეადგენს. შესაბამისად, აპელანტი მიუთითებს, რომ მათ აღიარეს სარჩლი გონოვრული საურავის 0.05%-ის ოდენობით, რაც სრულ შესაბამისობაშია როგორც ვალდებულების დარღვევის ხასიათთან, ასევე, საქართველოს საბაზრო ეკონომიკურ პირობებთან და რაც მთავარია საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში დამკვიდრებულ ერთგვაროვან პრაქტიკასთან.

 

აპელანტი განმარტავს, რომ მოსარჩელე მხარე დაინტერესებულია გამდიდრდეს კომპანიის ხარჯზე.

 

აპელანტი მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლებზე და განმარტავს, რომ სასამართლოს შეუძლია შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტელხლო.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. 394-ე მუხლის “ე” პუნქტი ადგენს, რომ გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. სააპელაციო პალატა იზიარებს აპელანტის მოსაზრებას, რომ მიუხედავად პირველი ინსტანციის სასამართლოს მხრიდან აღსასრულებელი პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებისა, შემცირებული პირგასამტეხლოს ოდენობა მაინც შეუსაბამოდ მაღალია და ექვემდებარება კიდევ უფრო შემცირებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. იმავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. სსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

მოხმობილ ნორმათა ანალიზიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს გადახდის მიზანს წარმოადგენს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა. შესაბამისად, პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველი კონკრეტული ვალდებულების დარღვევის თანაბარზომიერი უნდა იყოს, რაც სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მისი გადახდა ვალდებულების დარღვევით კრედიტორისათვის მიყენებული ზიანის მაკომპენსირებელ ფუნქციას უნდა ასრულებდეს და ამავდროულად, მხარეებს გარიგებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვან და დროულ შესრულებას აიძულებდეს.

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად.

 

მოქმედი სამოქალაქო კოდექსით სასამართლოს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება შეამციროს პირგასამტეხლო, თუმცა აღნიშნული დანაწესი არ უნდა იქნას გაგებული იმდაგვარად, რომ სასამართლოს სუბიექტური შეხედულებით ნებისმიერ დროს შეუძლია შეამციროს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა. პალატა განმარტავს, რომ შემცირებას ექვემდებარება მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. აქვე აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება და გარკვეულ ნიშნულამდე დაყვანა არ წარმოადგენს საერთო სტანდარტს, განზოგადებულ წესს. მისი განსაზღვრა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების გათვალისწინებით ხდება, რაღა თქმა უნდა, ამავე საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა საფუძველზე.

 

პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.

 

პალატა განმარტავს, რომ შემცირებას ექვემდებარება მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება და გარკვეულ ნიშნულამდე დაყვანა არ წარმოადგენს საერთო სტანდარტს, განზოგადებულ წესს. მისი განსაზღვრა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების გათვალისწინებით ხდება, რაღა თქმა უნდა, ამავე საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა საფუძველზე.

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული პირგასამტეხლოს ოდენობა ძირითად ვალდებულებასთან მიმართებით შეუსაბამოდ მაღალია, რის გამოც სააპელაციო პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია მისი გონივრულ და სამართლიან ოდენობამდე შემცირება.

 

სააპელაციო პალატას მოცემულ შემთხვევაში გონივრულად და სამართლიანად მიაჩნია, სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს შემცირება, კერძოდ, პალატის მოსაზრებით სარჩელით ფარგლებში მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს და მთლიანობაში მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს 20 000 აშშ დოლარის გადახდა.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ამდენად, სააპელაციო პალატა ასკვნის, რომ შპს ,,ს--–-----–-------------------------–--------ის“ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება ქ------- ს---–ას სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას.

 

გამომდინარე იქიდან, რომ შპს ,,ს--–-----–-------------------------–--------ის’’ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილა ნაწილობრივ, კერძოდ 58,85%–ით, შესაბამისად სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 4839,39 ლარის 58,85%–ი უნდა დაეკისროს ქ------- ს---–ას შპს ,,ს--–-----–-------------------------–--------ის’’ სასარგებლოდ, რაც შეადგენს 2847,98 ლარს. რაც შეეხება დარჩენილ 1991,41 ლარს, ვინაიდან შპს ,,ს--–-----–-------------------------–--------ის’’ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად სახელმწიფო ბაჟის ეს ნაწილი რჩება სახელმწიფო ბიუჯეტში.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. შპს ,,ს--–-----–-------------------------–--------ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილების 1.2 პუნქტი.

 

3. ქ------- ს---–ას სარჩელი მოპასუხე შპს ,,ს--–-----–-------------------------–--------ის“ მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და შპს ,,ს--–-----–-------------------------–--------ს“ ქ------- ს---–ას სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა 20 000 აშშ დოლარის ოდენობით.

 

4. დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.

5. ქ------- ს---–ას დაეკისროს შპს ,,ს--–-----–-------------------------–--------ის’’ სასარგებლოდ სააპელაციო ინსტანციაში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ნაწილის 2847,98 ლარის ანაზღაურება;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის გადაცემიდან 21 დღის ვადაში;

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, რომელიც ესწრება სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდნენ თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

 

მოსამართლეები: თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი

 

ოთარ სიჭინავა